საქმის ნომერი: 3ბ/2169-16
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: შოთა გეწაძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №3ბ/2169-16 (2017-07-06), www.temida.ge
საქმის № 140310016001401519
საქმის № 3ბ/2169-16

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       06 ივლისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
შოთა გეწაძე

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - მ. მ.;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისი;
წარმომადგენელი - ქ. ჯ.;

მესამე პირი (ასკ-ის 16.2 მუხლი) – ლ. ა.;
წარმომადგენელი - ე. პ.;

მესამე პირი (ასკ-ის 16.2 მუხლი) – სს ,,თ. ბ.”;
წარმომადგენელი - თ. მ.;

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახლი აქტის გამოცემის დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება;

II
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

1.1. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

1.2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

1.3. მესამე პირის ლ. ა.-ს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

1.3. მესამე პირის სს ,,თ. ბ.-ს” წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

მ.ა მ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

1.1. მ. მ.-ს სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგინალური ოფისის მიმართ, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 4 მარტის № XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

1.2. მ. მ.-ს სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 მაისის № XXXXXX გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

1.3. მ. მ.-ს სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის (კასპში, დავით აღმაშენებელის ქ. №X-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების (თანასაკუთრების) უფლების რეგისტრაცია) გამოცემის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. მ. მ.-ს მიერ 2016 წლის 2 ივნისს სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარი და 2016 წლის 5 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

3. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოსა და 8 აგვისტოს განჩინებებით ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალათ კასპში, დავით აღმაშენებელის ქ. №X-ში მდებარე, №XX.XX.XX.XXX საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე რაიმე სახის რეგისტრაცია.

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ. მ.-მ 2000 წლის 26 დეკემბერს აუქციონზე შეიძინა კასპის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ქონება (სამსართულიანი შენობა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი), მდებარე ქ. კასპში, აღმაშენებელის ქ. №X-ში, რაც საჯარო რეესტრში აღირიცხა მის სახელზე შემდეგი მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა - კასპი (კოდი - XX), სექტორი - ქ. კასპი (კოდი - XX), კვარტლის № XX; შენობა-ნაგებობა: 1-ელ სართულზე - 259,2 კვ.მ, მე-2 სართულზე - 281,84 კვ.მ, მე-3 სართულზე - 274,87 კვ.მ, სულ - 815,91 კვ.მ.

მ. მ.-მ აღნიშნული ქონებიდან შენობის პირველ სართულზე მდებარე 52,64 კვ.მ. და 15 კვ.მ დამხმარე ფართი, ხოლო მეორე სართულზე 114,62 კვ.მ ფართი 2007 წლის 5 მარტს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა ფონდ ,,კ.-ს” (უფლებამონაცვლე სს ,,ბ. კ.”, შემდეგ სს ,,თ. ბ.”).

2007 წლის 7 ივნისს, მ. მ.-ს სახელით შესრულებული განცხადების საფუძველზე, კასპში, აღმაშენებლის ქ. №X-ში მდებარე ქონებიდან მ. მ.-ს სახელზე რიცხული ქონება - პირველ სართულზე - 206,56 კვ.მ, მეორე სართულზე - 167,22 კვ.მ, მესამე სართულზე - 274,87 კვ.მ ფართი საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,ჰ.-ს” სახელზე და შევიდა მის საწესდებო კაპიტალში.

დადგენილია, რომ შპს ,,ჰ.-ს” (დირექტორი პ. ც.) და ლ. ა.-ს შორის 2012 წლის 19 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საზოგადოების სახელზე რიცხული, კასპში, აღმაშენებლის ქ. №X-ში მდებარე ქონება - პირველ სართულზე - 206,56 კვ.მ, მეორე სართულზე - 167,22 კვ.მ, მესამე სართულზე - 274,87 კვ.მ. ფართი - (საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ა.-ს სახელზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის განაჩენით პ. ც. ცნობილი იქნა დამნაშავედ მასზედ, რომ 2007 წლის 7 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურში მან მ. მ.-ს სახელით შეადგინა ყალბი განცხადება უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოხდა უძრავი ნივთის რეგისტრაცია.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განჩინებით, მ. მ.-ს სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის შპს ,,ჰ.-ს” მიმართ კასპში, აღმაშენებელის ქ. №X-ში მდებარე მიწის მესაკუთრეზე ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო ამავე სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ. მ.-ს სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების: ლ. ა.-ს, პ. ც.-ს, შპს ,,ჰ.-ს”, სს ,,ბ. კ.-ს” მიმართ, ლ. ა.-ს სახელზე №XX.XX.XX.XXX საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

დადგენილია, რომ მ. მ.-მ, 2016 წლის 1 მარტს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სამსახურს, წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სს ,,ბ. კ.-ს” (უფლებამონაცვლე სს ,,თ. ბ.”) და ლ. ა.-ს სახელზე № XX.XX.XX.XXX საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე, რაზეც უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ამ ქონებაზე რეგისტრირებული იყო მითითებული ორი სუბიექტის საკუთრების უფლება. ამავე საფუძვლით მ. მ.-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. მ.-მ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 4 მარტის NXXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ შეძენილი უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის განჩინებით აღნიშნული სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

3.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

საქმის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში № XX.XX.XX.XXX საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემებით კასპში, აღმაშენებლის ქ. №X-ში მდებარე მთლიანი უძრავი ქონება აღრიცხულია ორ მესაკუთრეზე - სს ,,ბ. კ.-ს” (უფლებამონაცვლე სს ,,თ. ბ.”) და ლ. ა.-ს სახელზე; კერძოდ: სს ,,ბ. კ.-ზე” - პირველ სართულზე - 52,64 მ2, მეორე სართულზე - 114,62 მ2, ხოლო დამხმარე ფართი - 15 მ2; ლ. ა.-ზე - პირველ სართულზე - 206,56 მ2, მეორე სართულზე - 167,22 მ2, მესამე სართულზე - 274,87 მ2; აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია № XX.XX.XX.XXX საკადასტრო კოდით, რომლის მიწის ფართიც (დაუზუსტებელი) 506 მ2-ია, ხოლო შენობა - ნაგებობების საერთო ფართი - 815,91 მ2.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მ. მ.-მ სახელმწიფოსაგან 2000 წლის 26 დეკემბერს აუქციონზე შეიძინა ქ. კასპში, აღმაშენებლის ქ. № X-ში მდებარე შენობა-ნაგებობა: 1-ელ სართულზე - 259,2 მ2, მე-2 სართულზე - 281,84 მ2, მე-3 სართულზე - 274,87 მ2, სულ - 815,91 მ2; შენობა-ნაგებობის ეს მთლიანი ფართი კი სრულად ემთხვევა ამჟამად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მთლიან ფართს (815,91 მ2); ასევე აღნიშნა, რომ მ. მ.-მ აუქციონზე შეიძინა 3 სართულიანი 815,91 მ2 საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, დღეის მდგომარეობით სს ,,ბ. კ.-ს” (უფლებამონაცვლე სს ,,თ. ბ.”) და ლ. ა.-ს სახელზეც რეგისტრირებულია 3 სართულიანი შენობა - ნაგებობა 815,91 მ2 საერთო ფართით. შესაბამისად, განმარტა, რომ უტყუარი სახის მტკიცებულება, რომ კასპში, აღმაშენებელის ქ. № X-ში მდებარე შენობა - ნაგებობა 5 სართულიანია, რასაც უთითებს სარჩელში მ. მ., არ წარმოდგენილა.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ასეთი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაშიც, უნდა გაირკვეს, გააჩნია, თუ არა რაიმე უფლება მოსარჩელეს დანარჩენი 2 სართულისაგან შემდგარ ფართებზე, რამდენადაც, მ. მ.-მ 2000 წლის 26 დეკემბერს აუქციონზე შეიძინა ქ. კასპში, აღმაშენებელის ქ. № X-ში მდებარე შენობა-ნაგებობის სამ სართულზე განლაგებული ფართები, სულ - 815,91 მ2.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ კასპში, აღმაშენებლის ქ. №X-ში მდებარე შენობა - ნაგებობაში არის სხვა პირების საკუთრებაში დაურეგისტრირებელი ფართებიც, რაზეც აპელირებს მოსარჩელე.

საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას.

სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრში № XX.XX.XX.XXX საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემებით კასპში, აღმაშენებელის ქ. № X-ში მდებარე მთლიანი უძრავი ქონება აღრიცხულია ორ მესაკუთრეზე - სს ,,ბ. კ.-ს” (უფლებამონაცვლე სს ,,თ. ბ.”) და ლ. ა.-ს სახელზე, რაც გამორიცხავს ამავე ფართებზე სხვა პირების საკუთრების (თანასაკუთრების) უფლების რეგისტრაციას მესაკუთრეების თანხმობის ან შესაბამისი კანონიერი საფუძვლების გარეშე.

ასევე მიუთითა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდება, რომ ამ შენობა -ნაგებობაში არის სხვა პირების საკუთრებაში დაურეგისტრირებელი ფართებიც, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. მ.-მ რეესტრის სამსახურში წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზები მთლიან ფართებზე, მათ შორის მითითებული ორი მესაკუთრის საკუთრებაში არსებულ ფართებზეც, რეესტრის სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მაინც კანონიერი იქნება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული და დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად სწორი შეფასება მიეცა ამ გარემოებებს, და შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოებისას კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებას, მიაჩნია რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, იგი უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი სასარჩელო მოთხოვნა.

აპელანტის მითითებით, ქ.კასპში, დავით აღმაშენებლის ქ.NX-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილი აღრიცხულია სს „თ. ბ.-ს“ და ლ. ა.-ს სახელზე, თუმცა კიდევ არსებობს თავისუფალი ფართი, რაც მან ერთიან, მთლიან ფართად შეიძინა სახელმწიფოსგან. მან მიმართა შესაბამისი განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შენობის დარჩენილი ნაწილის ინდივიდუალურ, ხოლო მიწის ნაკვეთის თანასაკუთრებაში რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ უძრავი ქონება მთლიანად ირიცხება სს „ბ. კ.-ს“ და ლ. ა.-ს სახელზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, ასევე მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

III
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტ მ. მ.-ს მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული და სასამართლო სხდომაზე განმარტებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

5.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმის მასალების გაცნობის, საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების შეფასების, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

დადგენილია, რომ 2001 წლის 8 იანვრის, სახელმწიფო ქონების პრივატიზების NX-XX ხელშეკრულების, სახელმწიფო ქონების მიღება-ჩაბარების აქტისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კასპის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით, მ. მ.-ს საკუთრებაში გადაეცა კასპის რაიონში მდებარე „საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობა“ (ტომის III, ს.ფ 1-2).

დადგენილია, რომ 2002 წლის 22 აგვისტოს, სახელმწიფო ქონების პრივატიზების NX-XX ხელშეკრულების (გაფორმების თარიღი: XX.XX.XXXX), სახელმწიფო ქონების მიღება -ჩაბარების აქტის (შედგენის ტარიღი XX.XX.XXXX) და სახელმწიფო ქონების მართვის სამინიტროს კასპის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, მ. მ. აღირიცხა კასპის რაიონში, აღმაშენებლის ქუჩა NX-ში მდებარე უძრავი ნივთის (პირველ სართულზე მდებარე 259.2 კვ.მ ფართის, II სართულეზე მდებარე 281.81 კვ.მ ფართის და III სართულზე მდებარე 274.87 კვ.მ ფართის) მესაკუთრედ (ტომის I, ს.ფ 24).

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციოს სამსახურის 2007 წლის 7 მარტის NXXXXXXXXXXXX გადაწყვეტილებით, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მ. მ.-ს საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილი, კერძოდ, პირველ სართულზე მდებარე 52.64 კვ.მ ფართი, 15.00 კვ.მ ფართი და მეორე სართულზე მდებარე 114 კვ.მ ფართი საკუთრებაში გადაეცა ფონდ „კ.-ს“.

დადგენილია, რომ შპს „ჰ.-ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი XXXXXXXXX) წესდების და ინდივიდუალური აუდიტორის ნ. ბ.-ს NXX-X აუდიტორის დასკვნის საფუძველზე, მ. მ.-ს კუთვნილი უძრავი ნივთის დარჩენილი ნაწილი, (I სართულზე მდებარე 206.56 კვ. ფართი; II სართულზ მდებარე 167.22 კვ.მ ფართი; III სართულზე მდებარე 274.87 კვ.მ ფართი) კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით, დარეგისტრირდა შპს „ჰ.-ს“ საკუთრებაში (ტომის I, ს.ფ 28).

2007 წლის 25 დეკემბრის უძრავი და მოძრავი ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანის ხელშეკრულების საფუძველზე, კასპის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ფონდ „კ.-ს“ კუთვნილ ფართზე (პირველ სართულზე მდებარე 52.64 კვ.მ ფართი; 15.00 კვ.მ დამხმარე ფართი და მეორე სართულზე მდებარე 114 კვ.მ ფართი) საკუთრების უფლებით გადაეცა სააქციო საზოგადოება „კ.-ს“.

დადგენილია, რომ 2010 წელს წარდგენილი იქნა განცხადება რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით; დაინტერესებული პირი - პ. ც. კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთს მიენიჭა XX.XX.XX.XXX საკადასტრო კოდი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 მარტის NXXXXX გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი (ტომის III, ს.ფ 1-2).

დადგენილია, რომ კასპის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 20 ივნისის NXXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილებით, 2012 წლის 19 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ჰ.-ს“(დირექტორი პ. ც.) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (I სართულზე მდებარე 206.56 კვ.მ ფართი; II სართულზე მდებარე - 167.22 კვ.მ ფართი, III სართულზე მდებარე - 247.87 კვ.მ ფართი) საკუთრებაში გადაეცა ლ. ა.-ს (ტომის I, ს.ფ 33-34; 35-36).

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის განაჩენით, პ. ც. ცნობილი იქნა დამნაშავედ მასზედ, რომ 2007 წლის 7 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურში მან მ. მ.-ს სახელით შეადგინა ყალბი განცხადება უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოხდა უძრავი ნივთის რეგისტრაცია.

2016 წლის 1 მარტს, კასპის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა მ. მ.-ს NXXXXXXXXXXXX განცხადება, ქალაქი კასპი, ქუჩა აღმაშენებელი NX, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 მარტის NXXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებულია სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას (ტომის I, ს.ფ 52).

დადგენილია, რომ 2016 წლის 1 აპრილს, მ. მ.-მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტაციაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 4 მარტის NXXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილების გაუქმება (ტომის I, ს.ფ 14-18).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 მაისის NXXXXXX გადაწყვეტილებით, მ. მ.-ს უარი ეთქვა 2016 წლის 1 აპრილის NXXXXX/XX ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მითითებული იქნა, რომ უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, მოცემული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მომენტისათვის კასპის რაიონში, აღმაშენებლის ქუჩა NX-ში მდებარე უძრავი ნივთის თანამესაკუთრეები არიან: ლ. ა. და სააქციო საზოგადოება „კ.-ს“ სამართალმემკვიდრე სს“თ. ბ.“. ლ. ა.-ს საკუთრებაშია I სართულზე მდებარე 206.56 კვ.მ ფართი, II სართულზე მდებარე 167.22 კვ.მ ფართი, III სართულზე მდებარე 274.87 კვ.მ ფართი, ხოლო სს „თ. ბ.-ს“ საკუთრებაშია პირველ სართულზე მდებარე 52.64 კვ.მ ფართი, 15.00 კვ.მ დამხმარე ფართი და მეორე სართულზე მდებარე 114 კვ.მ ფართი (ტომის I, ს.ფ 14-18).

ვინაიდან, დავის ძირითად საგანს წარმოადგენს კასპში, აღმაშენებლის ქ. NX-ში მდებარე, უძრავ ნივთზე მ. მ.-ს თანამესაკუთრედ ცნობა, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უარი ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მთლიანი უძრავი ქონება იმყოფებოდა სხვა პირთა საკუთრებაში და მათ ხელთ არსებული მტკიცებულებებით, არ დასტურდებოდა სხვა თავისუფალი დაურეგისტრირებელი ფართების არსებობა, ზემოაღნიშნული გარემოების დადასტურების/უარყოფის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ექსპერტიზის დანიშვნა, რომელსაც დაევალებოდა ქ. კასპში, აღმაშენებლის NX-ში მდებარე უძრავი ნივთის აზომვითი ნახაზის შედგენა.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის საოქმო განჩინებით, N3/ბ-2169-16 საქმეზე დაინიშნა საინჟინრო - ტექნიკური ექსპერტიზა. ექპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტიზას დაევალა ქ. კასპში, აღმაშენებლის ქ.NX-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს.კXX.XX.XX.XXX) აზომვითი ნახაზის შედგენა. ექსპერტიზის ხარჯების გადახდა დაევალა აპელანტ მ. მ.-ს. ექსპერტიზის დამთავრებამდე შეჩერდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 აპრილის NXXXXXXXXX დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ქ. კასპში, აღმაშენებლის ქუჩა NX-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართი შეადგენს 1474.23 კვ.მ-ს.

მათ შორის:

სარდაფის ჯამური ფართი შეადგენს - 283.20 კვ.მ-ს;

პირველი სართულის ჯამური ფართი შეადგენს - 274.47 კვ.მ-ს. მათ შორის: პირველ სართულზე სს "თ. ბ.-ს" მიერ დაკავებული ფართი შეადგენს - 90.53. კვ.მ-ს. პირველ სართულზე ლ. ა.-ს მიერ დაკავებული ფართი შეადგენს - 183.94. კვ.მ-ს;

მეორე სართულის ჯამური ფართი შეადგენს - 264.66 კვ-ს. მათ შორის: მეორე სართულზე სს "თ. ბ.-ს" მიერ დაკავებული ფართი შეადგენს - 104.60 კვ.მ-ს. მეორე სართულზე ლ. ა.-ს მიერ დაკავებული ფართი შეადგენს - 160.06. კვ.მ-ს.

მესამე სართულის ჯამური ფართი შეადგენს - 280.20 კვ.მ-ს. მათ შორის მესამე სართულზე ლ. ა.-ს მიერ დაკავებული ფართი შეადგენს - 280.20 კვ.მ-ს.

სხვენის სართულის ჯამური ფართი შეადგენს - 302.39 კვ.მ-ს;

სახურავზე განთავსებული დამხმარე ფართი შეადგენს - 47.49 კვ.მ-ს.

სს "თ. ბ.-ს" მიერ დაკავებული დამხმარე ფართი შეადგენს - 13.57 კვ.მ-ს. ლ. ა.-ს მიერ დაკავებული დამხმარე ფართი შეადგენს - 8.25. კვ.მ.

ამდენად, საქმის მასალებში არსებული ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან (რომლითაც დგინდება სადავო უძრავ ქონებაში სს "თ. ბ.-ს" და ლ. ა.-ს საკუთრებაში არსებული კონკრეტული ფართები) და ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება, რომ მითითებულ შენობაში არსებობს თავისუფალი, დაურეგისტრირებელი ფართები; კერძოდ, 1) სარდაფი, რომლის ჯამური ფართი შეადგენს - 283.20 კვ.მ-ს; 2) სხვენი, რომლის ჯამური ფართი შეადგენს - 302.39 კვ.მ-ს; 3) სახურავზე განთავსებული დამხმარე ფართი - 47.49 კვ.მ.

ამდენად, სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აფასებს რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მართებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

წინამდებარე დავის ძირითადი საგანია კასპში, აღმაშენებლის ქ. NX-ში მდებარე უძრავ ნივთზე მ. მ.-ს თანამესაკუთრედ ცნობა, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მთლიანი უძრავი ქონება იმყოფება სხვა პირთა საკუთრებაში და მათ ხელთ არსებული მტკიცებულებებით, არ დასტურდება სხვა თავისუფალი დაურეგისტრირებელი ფართების არსებობა.

ვინაიდან, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება დაურეგისტრირებელი ფართების არსებობა, რომლის საკუთრებაში აღრიცხვასაც ითხოვდა მ. მ., ამდენად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 მარტის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ NXXXXXXXXXXXXXXX გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 მაისის NXXXXXX გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გამოცემულია საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის NX ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის პირველი მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, კერძოდ - ინსტრუქცია განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტოს) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად, რეგისტრაციისა და რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხზე მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს გადაწყვეტილებას. ამავე ინსტრუქციით განსაზღვრულია გადაწყვეტილების მიღების, ძალაში შესვლისა და გასაჩივრების წესი, რაც ნიშნავს იმას, რომ მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია დაიცვას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების სახე და გადაწყვეტილების მიღებისას სპეციალურ ნორმებთან ერთად იხელმძღვანელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებებით.

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი ადგენს ამ კანონის რეგულირების სფეროს, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ - სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს.

ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით.

ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ამავე კოდექსის 53-მე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ყოველივე ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას მ. მ.-ს განცხადებასთან დაკავშირებით გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ანუ, დაედგინა, არსებობდა თუ არა სადავო შენობაში დაურეგისტრირებელი ფართები და არ ეხელმძღვანელა მხოლოდ დარეგისტრირებული ფართების არსებობით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამგვარი გამოკვლევის განხორციელება უზრუნველყოფდა განმცხადებლის უფლებების დაცვას, სამართლიან და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, რაც დიდი ალბათობით, თავიდან აარიდებდა მხარეს უფლებათა დაცვის სასამართლო გზის გამოყენებას და მასთან დაკავშირებული რესურსების ხარჯვას. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტის მიღებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

აქვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის თავიდან შესწავლისას და გამოკვლევისას, ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგენილი ფართების მ. მ.-ს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტისას, კანონმდებლობის შესაბამისად, გულდასმით უნდა იქნეს დადგენილი საკუთრების უფლების საფუძვლების არსებობა, რა დროსაც, სასურველია წარმოებაში ჩაერთოს საკითხით დაინტერესებული ყველა პირი, უპირველესად კი სს „თ. ბ.“ და ლ. ა..

იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60[1] მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა; სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალოს.

რაც შეეხება მ. მ.-ს სასარჩელო მოთხოვნას - ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა კასპში, დავით აღმაშენებლის ქNX-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების (თანასაკუთრების) უფლების რეგისტრაციის თაობაზე, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლა და გამოკვლევა და საკითხის თავიდან გადაწყვეტა, ამდენად, მოცემულ ეტაპზე არ არსებობს აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთ აღნიშნული გარემოებები გასაჩივრებულ აქტებთან მიმართებაში ასაბუთებენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილობის წანამძღვრების არსებობას; კერძოდ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების მომზადების და გამოცემის წესის ისეთ არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე შესაძლოა მიღებულიყო სხვაგვარი გადაწყვეტილება. პალატის აზრით, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძველს.

სააპელაციო სასამართლო, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მ. მ.-ს სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 მარტის NXXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 მაისის NXXXXXX გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება, მ. მ.-ს მიერ 2016 წლის 1 მარტს წარდგენილ NXXXXXXXXXXXX განცხადებასთან დაკავშირებით.

7. საპროცესო ხარჯები:

პალატა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის შესაბამისად განმარტავს, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. შესაბამისად, მ. მ.-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება მ. მ.ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს.

ასევე, სარჩელი დაკმაყოფილდა რა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაეკისროს მ. მ.-ს მიერ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 აპრილის NXXXXXXXXX სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გადახდილი საფასურის 1474,23 (ათას ოთხას სამოცდათოთხმეტი ლარი და ოცდასამი თეთრი) ლარის ნახევრის ანაზღაურება მ. მ.-ს სასარგებლოდ.

IV

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32.4-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ. მ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. მ. მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 მარტის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ NXXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 მაისის NXXXXXX გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი გადაწყვეტილების მიღება მ. მ.-ს მიერ 2016 წლის 1 მარტს წარდგენილ NXXXXXXXXXXXX განცხადებასთან დაკავშირებით.

5. დანარჩენ ნაწილში მ. მ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

6. მ. მ.-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მ. მ.-ს სასარგებლოდ. ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მ. მ.-ს მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 აპრილის NXXXXXXXXX სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გადახდილი საფასურის 1474,23 (ათას ოთხას სამოცდათოთხმეტი ლარი და ოცდასამი თეთრი) ლარის ნახევრის ანაზღაურება მ. მ.-სათვის.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).