საქმის ნომერი: 2ბ/532-17
საქმეთა კატეგორიები:
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, არსებითად იქნა განხილული, არ დაკმაყოფილდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/532-17 (2018-06-30), www.temida.ge
საქმის № 2ბ/532-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       30 ივნისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

აპელანტი - შპს „ჩ. რ.-ს მუდმივმოქმედი ფილიალი“

წარმომადგენელი - ო. გ.

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ.

წარმომადგენელი - დემური ალხაზიშვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

1. ნ. მ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩ. რ.-ს მუდმივმოქმედი ფილიალისთვის“ ნ. მ.-ს სასარგებლოდ 14 064,61 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩ. რ.-ს მუდმივმოქმედმა ფილიალმა“ სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ცალსახად ვერ დგინდება მხოლოდ მოპასუხის ბრალეულობა დამდგარ ზიანში, ამასთან, შესაგებელში აღნიშნულია, რომ ეთანხმება სარჩელში აღნიშნულ გარემოებას, რომლის თანახმად, მოსარჩელის სახლის და ჭის დაზიანება გამოწვეულია გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებებით.

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩ. რ.-ს მუდმივმოქმედ ფილიალს“ (საიდენტიფიკაციო კოდი XXXXXXXXX) მოსარჩელე ნ. მ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 9 000 (ცხრა ათასი) ლარის გადახდა; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩ. რ.-ს მუდმივმოქმედ ფილიალს“ (საიდენტიფიკაციო კოდი XXXXXXXXX) მოსარჩელე ნ. მ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 270 (ორას სამოცდაათი) ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის სანაცვლოდ; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩ. რ.-ს მუდმივმოქმედ ფილიალს“ (საიდენტიფიკაციო კოდი XXXXXXXXX) მოსარჩელე ნ. მ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯის - 501 (ხუთას ერთი) ლარის, ხარჯთაღრიცხვის მომზადების ხარჯის - 400 (ოთხასი) ლარის, აუდიტორული დასკვნის მომზადების ხარჯის - 50 (ორმოცდაათი) ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 200 (ორასი) ლარის გადახდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ჩ. რ.-ს მუდმივმოქმედი ფილიალის“ წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. მოსარჩელე ნ. მ.-ს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში გააჩნია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი. ნ. მ.-ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი და სასმელი წყლის ჭა დაზიანებულია.

6. მოსარჩელე ნ. მ.-ს საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა 14 064,91 ლარი შეადგინა.

7. მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩ. რ.-ს მუდმივმოქმედი ფილიალი“ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში დასავლეთ საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას აწარმოებს; სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში მოპასუხე აფეთქებებს ახორციელებს.

8. მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩ. რ.-ს მუდმივმოქმედი ფილიალის“ მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისას განხორციელებული აფეთქებებითაა გამოწვეული.

9. მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში არის ნაწილობრივი.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის მიხედვით კი, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

11. განსახილველ შემთხვევაში, ნ. მ.-ს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩ. რ.-ს მუდმივმოქმედი ფილიალისათვის“ ნ. მ.-ს სასარგებლოდ 14 064,61 ლარის გადახდის დაკისრება საცხოვრებელი სახლისა და სასმელი წყლის ჭისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის, შესაბამისად, ნ. მ.-ს მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა ფაქტების მტკიცება მასზედ, რომ საცხოვრებელი სახლი და სასმელი წყლის ჭა, რომელიც დაზიანდა, ნ. მ.-ს ეკუთვნოდა; მოქმედებები, რის შედეგადაც ნ. მ.-ს საცხოვრებელი სახლი და სასმელი წყლის ჭა დაზიანდა, სრულად მოპასუხემ განახორციელა; ზიანი, რომელიც დადგა, მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩ. რ.-ს მუდმივმოქმედი ფილიალის“ მიერ აფეთქებების წარმოებასთან.

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 სექტემბრის # XXXXXXXXXX დასკვნაში ექსპერტი უთითებს: ,, ნ. მ.-ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება ნაწილობრივ გამოწვეულია ფუძე გრუნტების გაწყლიანების შედეგად, საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებით და ნაწილობრივ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით. ასევე სახლის უკან მდებარე საყრდენი კედლის დაზიანება გამოწვეულია მისი უხარისხო მოწყობითა და სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ როგორც საცხოვრებელი სახლის, ისე საყრდენი კედლის აშენების წესი არ შეესაბამება მოქმედ სამშენებლო ნორმებს. ეზოში არსებული სასმელი წყლის ჭის ფერდების ჩამოქცევა გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები I –II ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობები შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროებენ დაკვირვებას. ამ მიზნით, ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში უნდა გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ - ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანისნები). შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. საყრდენი კედლის დაზიანება III ხარისხისაა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია, გაძლიერების გარეშე, საფრთხის შემცველია. სასმელი წყლის ჭა ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარია.’’

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. მ.-ს საცხოვრებელი სახლი და სასმელი წყლის ჭა დაზიანებულია; აუდიტორული დასკვნის მიხედვით, მიყენებული ზიანის ოდენობამ 14 064,91 ლარი შეადგინა, თუმცა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 სექტემბრის # XXXXXXXXXX დასკვნის მიხედვით, სასმელი წყლის ჭის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხე მხარის მიერ განხორციელებული სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების პროცესში მრავალჯერადი აფეთქებებით; რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის დაზიანებას, ის გამოწვეულია ნაწილობრივ, მოპასუხე მხარის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებით, ნაწილობრივ კი ფუძე გრუნტების გაწყლიანების შედეგად, საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებით, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ როგორც საცხოვრებელი სახლის, ისე საყრდენი კედლის აშენების წესი არ შეესაბამება მოქმედ სამშენებლო ნორმებს.

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცების საგანში შემავალი ყველა ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოება დაადგინა, შესაბამისად, სააპელაციო წესით განსჯის საგანია, ის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც აპელანტმა სააპელაციო წესით სადავოდ გახადა. სააპელაციო საჩივრის შესაბამისად, აპელანტს სადავოდ აქვს გამხდარი მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა. იგი უთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნით არ არის დადგენილი, თუ რა ნაწილი არის დაზიანებული მოპასუხის მიზეზით.

სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. მ.-სათვის ზიანის მიყენება ნაწილობრივ განპირობებულია მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებებით. ხოლო აღნიშნული აფეთქებების შედეგად დამდგარი ზიანი 9000 ლარს შეადგენს.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზიანის ოდენობის სარწმუნოდ დადასტურების მიზნებისათვის მოსარჩელემ აუდიტის დასკვნა წარმოადგინა. მითითებული დასკვნის მიხედვით, ნ. მ.-ს საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა 14 064,91 ლარი შეადგინა. თავის მხრივ, მოპასუხე მხარეს (აპელანტს) არ წარმოუდგენია რაიმე სახის საპირისპირო მტკიცებულება ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით მხარეზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი აპელანტმა ვერ განახორციელა – მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს საწინააღმდეგო მტკიცებულებები ვერ დაუპირისპირა.

რაც შეეხება ნ. მ.-სათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრას 9000 ლარით, აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თავად მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ზარალის ოდენობის შემცირება 9000 ლარამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმდენად, რამდენადაც აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივარი ნ. მ.-მ არ წარმოადგინა, იგულისხმება, რომ კრედიტორი მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილებას დაეთანხმა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში კრედიტორის სასარგებლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება, პირველ რიგში, კრედიტორის სააპელაციო საჩივრის არარსებობის გამო, ხოლო, მეორე რიგში, აპელანტის საპროცესო-სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესების დაუშვებლობის გამო (ერთი აპელაციის ფარგლებში აპელანტის მდგომარეობის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობა).

სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ითხოვს მხარე ზიანის ოდენობის შემცირებას და აღნიშნული ოდენობის სხვა წესით დაანგარიშებას. ამდენად, ერთი მხრივ, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნით დაანგარიშებული ზიანის ოდენობა საქმეში არსებული სხვა სახის მტკიცებულებით გაქარწყლებული არ არის, თუმცა, ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მითითებული აუდიტის დასკვნის გაზიარებით აპელანტის მდგომარეობა საუარესოდ არ უნდა შებრუნდეს. რაც შეეხება დამატებით მტკიცებულებას, რომლითაც 9000 ლარის დაკისრების უსაფუძვლობაში დარწმუნდებოდა სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით ექსპერტიზის დანიშვნა დაარღვევდა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილია აუდიტის დასკვნა, რომლის სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სააპელაციო სასამართლოს არ აქვს, ვინაიდან აღნიშნული დასკვნის გამაქარწყლებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის ახსნა-განმარტების და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოახდინა აუდიტის დასკვნით დათვლილი ზიანის ოდენობის კორექტირება (შემცირება). სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქმეში წარმოდგენილი იქნებოდა სხვა სარწმუნო მტკიცებულება, რომლითაც გაქარწყლდებოდა აუდიტის დასკვნა, საკითხის სწორად შეფასების მიზნებისათვის სპეციალური ცოდნის აუცილებლობის გათვალისწინებით, სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლზე დაყრდნობით, თავად დანიშნავდა ექსპერტიზას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნა მეორე მხარემ სარწმუნოდ ვერ გააქარწყლა და არც სააპელაციო სასამართლოს გაუჩნდა დასაბუთებული ვარაუდი აუდიტის დასკვნის არასარწმუნოობასთან დაკავშირებით, სასამართლო შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში ექსპერტიზა არ უნდა დაინიშნოს, მით უფრო, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ აუდიტის დასკვნით გათვალისწინებული ზიანის ოდენობა მოპასუხის ახსნა-განმარტების საფუძველზე პირველი ისნტანციის სასამართლომ მნიშვნელოვანწილად შეამცირა, ხოლო აღნიშნული ოდენობის კიდევ უფრო შემცირების პერსპექტივა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, არ არსებობს. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს თვით მოპასუხის ახსნა-განმარტება და საქმეში არსებული მტკიცებულებები.

ამდენად, ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ზიანის ოდენობაზე ნაკლები ოდენობა მაინც არ დასტურდება, შესაბამისად, იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის პირობებში, რაც საქმეშია წარმოდგენილი, სასამართლო ზიანის ოდენობას გონივრულად მიიჩნევს და საკუთარი ინიციატივით, დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას მიზანშეუწონლად თვლის, მით უფრო, რომ დავის სპეციფიკის გათვალისწინებით, ზიანის ზედმიწევნით ზუსტი ოდენობით დადგენა შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში კი საკითხი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შეჯიბრებითობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

შესაბამისად, სასამართლოს სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩ. რ.-ს მუდმივმოქმედ ფილიალს’’ მოსარჩელე ნ. მ.-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 9 000 (ცხრა ათასი) ლარის გადახდა.

ნიშანდობლივია, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცება მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა, რომლებიც მხარემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიყენებული ზიანის დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ მის მტკიცების საგანში შემავალი ყველა ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა, ხოლო მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ვერც მისი ბრალის გამომრიცხველი გარემოებების დადასტურება და ვერც ზიანის ოდენობის გამაქარწყლებელი მტკიცებულების წარმოდგენა. მიუხედავად აღნიშნულისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის ჩვენებაზე დაყრდნობით და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე აუდიტის დასკვნით დაანგარიშებული ზიანის ოდენობა შეამცირა. აპელანტმა კი სააპელაციო სასამართლოს სარწმუნოდ ვერ დაუდასტურა სასამართლოს მიერ დადგენილი ზიანის ოდენობის უსწორობა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მისი კიდევ უფრო შემცირების შესაძლებლობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს, მინიმუმ, იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება მაინც უნდა წარმოედგინა საქმეში, რითაც სასამართლოს მიერ დადგენილ ზიანის ოდენობას შეეცილებოდა.

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ კმაყოფილდება იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მან ვერ გასწია.

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელის სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, მოსარჩელის სახლის და ჭის დაზიანება გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებებით არის გამოწვეული (იხ. სარჩელი, ფაქტობრივი გარემოება N1). აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას მოპასუხე შესაგებლით ეთანხმება (იხ. შესაგებელი, ფაქტობრივი გარემოება N1). მოსამზადებელ სხდომაზე აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოება (დაზუსტება, შეცვლა და ა. შ.) მოპასუხის წარმომადგენელს არ გაუჟღერებია (იხ. ტ. 1, ს.ფ. 4, 55, 2016 წლის 18 ნოემბრის, 7 დეკემბრის, 28 დეკემბრის სხდომის ოქმები). ამიტომ, მიუხედავად ექსპერტიზის დასკვნაში არაიმპერატიული დანაწესისა მიზეზშედეგობრივი კავშირის თაობაზე, სასამართლო მოპასუხე კომპანიის მიერ განხორციელებულ აფეთქებებსა და ნ. მ.-ს ქონებისათვის ზიანის მიყენებას შორის მიზეზშედეგობრიობას დადასტურებულად მიიჩნევს.

12. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 360 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჩ. რ.-ს მუდმივმოქმედი ფილიალის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.