საქმის ნომერი: 2ბ/6288-16
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/6288-16 (2017-02-27), www.temida.ge
საქმის № 2ბ/6288-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       27 თებერვალი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია გუჯაბიძე

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი – გ. კ.

წარმომადგენელი – ქ. ჩ.

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ.

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხე გ. კ.-სთვის არასრულწლოვანი შვილის, თ. კ.-ის (დაბადებული 2011 წლის 21 ნოემბერს), სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან (2016 წლის 30 მაისიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ნ. კ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე გ. კ.-ს (პ.ნ XXXXXXXXXXX) არასრულწლოვანი შვილის - 2011 წლის 21 ნოემბერს დაბადებული თ. კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 260 (ორასსამოცი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყო სარჩელის აღძვრის დღიდან - 2016 წლის 30 მაისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. მოსარჩელე ნ. კ. და მოპასუხე გ. კ. იმყოფებიან ფაქტობრივ ქორწინებაში 2011 წლის დასაწყისიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

2.2. მხარეებს 2011 წლის 21 ნოემბერს შეეძინათ შვილი - თ. კ..
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ. 13)

2.3. მოსარჩელე ნ. კ. არის სოციალურად დაუცველი, მისი მოქმედი სარეიტინგო ქულაა 1000 (ათასი) და იღებს ყოველთვიურ შემწეობას 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ.ს.ფ.14)

2.4. მოპასუხე გ. კ. მუშაობდა შპს „პ. ე.-ში“ და მისი სახელფასო განაკვეთი შეადგენდა 150 (ასორმოცდაათი) ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზიდან (იხ. შ.ფ.34)

2.5. მოპასუხე გ. კ. დღეის მდგომარეობით მუშაობს შპს „ბ.-ში“ და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 600 (ექვსასი) ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

2.6. გ. კ.-ისა და ნ. კ.-ს ერთ ოჯახად ყოფნის ფქატობრივი ცხოვრება შეწყდა 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში, მას შემდგომ მამა-შვილის ურთიერთობას ადგილი არ ჰქონია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.7. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე ნ. კ.-ს მოსაზრება მოსარჩელე გ. კ.-ის მიერ დედის სამკვიდრო ქონების 30 000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარად გაყიდვის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, ბინის გაყიდვის თაობაზე ინფორმაცია მოპასუხეს გამოქვეყნებული აქვს პრესაში. მოსარჩელეს ზემოთ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეზე არ აქვს წარმოდგენილი.

2.8. გ. კ. მის დასთან ერთად დედის გარდაცვალების შემდგომ არის სამკვიდრო უძრავი ქონების მიმღები. გ. კ. დედის გარდაცვალებადე ამ უკანასკნელთან ერთად ცხოვრობდა სამკვიდრო უძრავ ქონებაში.

2.9. მოსარჩელის განმარტებით, გ. კ. ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში („ვაშლიჯვარში“), რომლის ქირავნობის თანხა შეადგენს 300 (სამასი) ლარს.

2.10. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის, გ. კ.-ის, განმარტება, რომ იგი მოსარჩელეს სთავაზობდა ბინის დაქირავებას 250 (ორასორმოცდაათი) ლარის თანხის ფარგლებში, რაზეც მოსარჩელემ უარი განუცხადა.

2.11. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის, გ. კ.-ის, პოზიცია ალიმენტის 100 (ასი) ლარის ოდენობით დაკისრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება, როგორც მოსარჩელის მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესს.

2.12. მოსარჩელე ნ. კ. არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მრევლი და ხშირად ამ ეკლესიის დახმარებას თავისი შვილის კვების უზრუნველსაყოფად ღებულობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.13. მოსარჩელე ნ. კ.-მ მოპასუხე გ. კ.-სთვის ალიმენტის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - თ. კ..

დადგენილია, რომ ნ. კ.-სა და გ. კ.-ს თანაცხოვრების პერიოდში, 2011 წლის 21 ნოემბერს, შეეძინათ შვილი - თ. კ..

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება- მოვალეობები აქვთ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო - სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე.

განსახილველ შეთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ბავშვი - თ. კ. - ცხოვრობს დედასთან - ნ. კ.-სთან - ერთად დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილ ბინაში, რომელსაც წყალი იშვიათად, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია კი საერთოდ არ მიეწოდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული პირობების გამო არასრულწლოვან ბავშვს, თ. კ.-ს, ჯანმრთელობის ხშირი პრობლემები აქვს და ქრონიკულად ავადმყოფობს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ხშირად იმყოფება სამედიცინო დაწესებულებების კარზე. მოსარჩელე ნ. კ. არის სოციალურად დაუცველი და იღებს სახელმწიფოსგან ყოველთვიურ შემწეობას 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით. ბავშვის მცირე ასაკის, დედისადმი მიჯაჭვულობისა და ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემების გამო იგი არ არის დასაქმებული.

სასამართლომ გაითვალისწინა იმ გარემოება, რომ ბინა, სადაც დღეის მდგომარეობით ცხოვრობს მოსარჩელე, არ წარმოადგენს მის კერძო საკუთრებას და საცხოვრებლის მესაკუთრე ითხოვს ბინის გამოთავისუფლებას. გაითვალისწინა აგრეთვე ის გარემოება, რომ მოპასუხემ მემკვიდრეობით უნდა მიიღოს დედის სამკვიდრო უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში.

სხვა მხრივ მნიშვნელოვანი მატერიალური ხარჯის გაწევა, რაც ყურადსაღები გარემოება იქნებოდა საალიმენტო ვალდებულების შესრულებისას, მოპასუხის მიერ საქმეზე არ ყოფილა წარმოდგენილი.

სასამართლომ მიუთითა იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი უზრუნველყოს სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით და არასრულწლოვანის აღზრდა- განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე გ. კ. დასაქმებულია შპს „ბ.-ში“ და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 600 (ექვსას) ლარს. ასევე, დადგინდა, რომ მას არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე სახის სერიოზული პრობლემა და არ არსებობს ისეთი გარემოება, რაც მას გაათავისუფლებს საალიმენტო ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისაგან. გარდა აღნიშნულისა, დადგინდა, რომ მოპასუხე გ. კ.-ს 2016 წლის დასაწყისიდან თითქმის არ ჰქონია ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, თ. კ.-სთან, რაც შეიძლებოდა დაკავშირებული ყოფილიყო მის მიერ ხარჯების გაწევასთან.

მოპასუხე გ. კ. თანახმაა, გადაიხადოს ყოველთვიური ალიმენტის სახით 100 (ასი) ლარი.

სასამართლომ გაიზიარა მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი, მაგრამ მიიჩნია, რომ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 260 (ორას სამოცი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. კ.-ს მოთხოვნა - გ. კ.-სთვის არასრულწლოვანი შვილის თ. კ.-ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ.-მ და მისი შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის შემდეგი ოდენობით დაკისრება მოითხოვა:

1. 2016 წლის 30 მაისიდან 15 სექტემბრამდე - თვეში 100 ლარის ოდენობით, ვინაიდან ამ პერიოდში მისი ხელფასი 150 ლარს შეადგენდა;
2. 2016 წლის 15 სექტემბრიდან 01 ნოემბრამდე - თვეში 260 ლარის ოდენობით, ვინაიდან ამ პერიოდში მისი ხელფასი 600 ლარს შეადგენდა;
3. 2016 წლის 01 ნოემბრიდან - თვეში 120 ლარის ოდენობით, ვინაიდან ამ მომენტიდან მისი ხელფასი 400 ლარს შეადგენს;

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარის მატერიალური მდგომარეობა და უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილ გარემოებად, რომ მოპასუხეს თვეში 260 ლარის ოდენობით ალიმენტის დაფარვის მატერიალური შესაძლებლობა გააჩნია. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აპელანტი კომპანია „ბ.-ში“ მხოლოდ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, დროებით მუშაობს და შესაბამისად, არასტაბილური სამსახურებრივი მდგომარეობა აქვს.

3.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი და ალიმენტის ოდენობა განსაზღვრა არაგონივრული, არასამართლიანი შეფასების საფუძველზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის დანაწესი, რომელიც აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობა გადამხდელს მძიმე მდგომარეობაში არ უნდა აყენებდეს .

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 3.1.1.-3.1.4., ასევე, 3.1.6. პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1.-2.4., 2.6. პუნქტები). შესაბამისად, მათ, როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.

4.2. შპს „ბ. კ.-ის“ მიერ გაცემული 14.02.2017 წლის ცნობის საფუძველზე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე გ. კ. დღეის მდგომარეობით შპს „ბ. კ.“-ში მუშაობს და მისი ყოველთვიური ხელფასი 400 (ოთხას) ლარს შეადგენს.

4.3. პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტმა, როგორც სააპელაციო საჩივარში, ისე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობს. ამჟამად კი, არ მიეწოდება ელექტროენერგია და არ გააჩნია გათბობის წყარო.

4.4. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის მოთხოვნებზე, რომლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

ამავე კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.

დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

პალატა ზემოჩამოთვლილი ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, ასევე, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი თ. კ. ცხოვრობს დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში, სადაც არ გააჩნიათ ელექტროენერგია და გათბობის წყარო; მოსარჩელე არის უმუშევარი და მის შემოსავალს მხოლოდ შემწეობის თანხები წარმოადგენს (სარეიტინგო ქულა 1000 - ს.ფ. 14); ამასთან, მცირეწლოვანი ბავშვი მთლიანად დედის სრულ რჩენა-კმაყოფაზე იმყოფება, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ. კ.-სათვის გადასახდელად განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა - 260 ლარი, არის ის გონივრული ოდენობა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. პალატა განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობს ქირით, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში და დედა დგას საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა და მუდმივი საცხოვრებელი ფართის შეძენის პრობლემის წინაშე. პალატა ასევე, აღნიშნავს, რომ ალიმენტის გადამხდელი იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

6. საპროცესო ხარჯები

აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2 მუხლის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.