ნახვები: 413
საქმის ნომერი: 3ბ/1402-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მანანა ჩოხელი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №3ბ/1402-15 (2016-06-21), www.temida.ge
საქმის № 3ბ/1402-15

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       21 ივნისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მანანა ჩოხელი

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

აპელანტი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - შ. ბ.

მოწინააღდმეგე მხარე - დ.ბ.

წარმომადგენელი - რ. ჭ.

მესამე პირი - ლ. ი.-ხ., ა. ლ.

წარმომადგენელი - ლ.ხ.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით;


აპელანტის მოთხოვნა:

აპელანტის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა.

მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია

მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით დ.ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 01 ნოემბრის N xxxxxxxxxxxx-xx გადაწყვეტილება, რითაც დარეგისტრირდა ა. ლ.-ის თანასაკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, საკადასტო კოდი xx.xx.xx.xxx.xx.xxx და დაევალა მოპასუხე - საჯარო რეესტრის გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 02.08.2013 წლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან 171 კვ. მეტრზე რეგისტრირებულია დ.ბ., ლ.ი.-ის და ც.ბ.-ის საკუთრების უფლება, მათ შორის 111,6 კვ. მეტრზე რეგისტრირებულია დ. ბ.ის და ლ. ი.-ის თანასაკუთრების უფლება, ხოლო 59.4 კვ. მეტრი ც. ბ.-ის საკუთრების უფლება.


29.10.2013 წელს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლ. ი.- ხ.-მა გაყიდა, ხოლო ა.ლ.-მა იყიდა ლ.ი.- ხ.-ის და დ.ბ-ის თანასაკუთრებაში არსებული 111.6 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო ფართი, საკადასტრო კოდი- xx.xx.xx.xxx.xx.xxx. მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებულია 29.10.2013 წელს საჯარო რეესტრის გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ.

29.10.2013 წელს ა. ლ.-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურს გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით რომელიც დაკმაყოფილდა და საჯარო ა.ლ. დ.ბ.- თან ერთად დარეგისტრირდა 111.6 კვ.მ ფართის თანამესაკუთრედ.
2014 წლის 04 აპრილის Nxxxxx გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურმა განუხილველად დატოვა დ.ბ.-ის განცხადება, რითაც იგი ითხოვდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დ. ბ.- ის ა. ლ.-თან 111.6 კვ.მ ფართის თანამესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ 2013 წლის 01 ნოემბრის Nxxxxxxxxxxxx გადაწყვეტილების არარა აქტად აღიარებას.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება- მოვალეობებს.

მითითებული საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.


ამასთან, მე-9 პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილების გამოცემის წესი, ფორმა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება ინსტრუქციით, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინტრუქციის’’ მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
ამდენად, ცალსახაა, რომ რეგისტრაციის განხორციელებისას მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია დაიცვას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების სახე და გადაწყვეტილების მიღებისას სპეციალურ ნორმებთან ერთად იხელმძღვანელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქმის მასალები ცხადყოფენ, რომ სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო დ. ბ.-ის და ლ. ი.-ის თანამესაკუთრების უფლება. ასევე დადგენილია, რომ 29.10.2013 წელს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლ.ი.- ხ.-მა გაყიდა, ხოლო ა. ლ.-მა იყიდა ლ. ი.- ხ.-ის და დ. ბ.-ის თანასაკუთრებაში არსებული 111.6 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო ფართი, საკადასტრო კოდი- xx.xx.xx.xxx.xx.xxx. დადგენილია ისიც, რომ 29.10.2013 წელს ა. ლ.-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურს გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურმა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ისე დააკმაყოფილა ა.ლ.-ის მოთხოვნა, გამოსცა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და ა. ლ. დ. ბ.-თან ერთად დარეგისტრირდა ფართის თანამესაკუთრედ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ არ უცნობებია დ. ბ.-თვის, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, ასევე არ მოუთხოვია თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მისი , როგორც თანამესაკუთრის, თანხმობა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინტრუქციის’’ მე-14 მუხლის 23 პუნქტით დადგენილია, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარი განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა თანამესაკუთრის /მართლზომიერი მოსარგებლის მფლობელის/ თანხმობით. ასეთ შემთხვევაში რეგისტრაციის მიზნებისთვის მესაკუთრედ /მართზომიერ მოსარგებლედ მფლობელად/ მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივში და საჯარო რეესტრში აღრიცხული /რეგისტირებული პირები.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1 ნაწილის ა) ქვეპუნტით მარეგისტირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეაგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური.
ამდენად, მარეგისტრირებელმა ორგანომ, ისე, რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები მოთხოვილი რეგისტრაცია განახორციელა ა. ლ.-ის განცხადების საფუძველზე, ისე, რომ არ მოუთხოვია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თანამესაკუთრის თანხმობა.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურმა, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელსაც აქტის გამოცემის პროცესში მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების ვალდებულება, უფლების რეგისტრაციამდე უნდა ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და მოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თანამესაკუთრის თანხმობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განახორციელოს სადაო რეგისტრაცია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რითაც დარეგისტრირდა ა.ლ.-ის თანასაკუთრების 111,6 კვ.მეტრი ფართის უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი- xx.xx.xx.xxx.xx.xxx და დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მოსაზრებით გარიგების საფუძველზე ა.ლ.-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მარეგისტრირებელ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ არ უცნობებია დ.ბ.-სთვის, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე არ მოუთხოვია თანასაკუთრებაში ასებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით, მისი როგორც თანამესაკუთრის თანხმობა.
სასამართლო გადაწყვეტილებას აფუძნებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის “ მე-14 მუხლის 23-ე პუნქტზე, აღნიშნულ ნორმას არანაირი შემხებლობა არ აქვს მოცემულ დავასთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ა.ლ.-მა გარიგების საფუძველზე შეიძინა ლ. ი.-ხ.-ისა და დ.ბ.-ის თანასაკუთრებაში არსებული 111.6 კვ.მ-დან მხოლოდ ლ. ი.-ხ.-ის წილი. შესაბამისად, ა. ლ.-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არ აყენებს არანაირ პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლება და ინტერესს. აღნიშნული რეგისტრაციით დ. ბ.-ს არ დაუკარგავს და საკუთრება გააჩნია იმავე მდგომარეობით, როგორც გააჩნდა ა. ლ.-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე.
სასამართლო ასევე უთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესახებ. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები და მოთხოვნილი რეგისტრაცია განახორციელა ა.ლ.-ის განცხადების საფუძველზე. ისე, რომ არ მოუთხოვია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თანამესაკუთრის თანხმობა, სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების არც ერთი საფუძელი. მიგვაჩნია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო სარეგისტრაციო სამსახურში დაცული და წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. შესაბამისად სარეგისტრაციო სამსახურისათვის დაკისრებული ვალდებულება გარემოებების გამოკვლევის შესახებ, სრულად იქნა შესრულებული.
ყოველივე ზემოაღნისნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ, სასამართლო გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და არსებობს მისი გაუქმების აბსოლიტური საფუძვლები.
მიგვაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ამავე დროს არ გამიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებიდა, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოყვა.
მიგვაჩნია, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები, რომელსაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოყვა, ასევე გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და არსებობს სადავო გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; იმავე 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა;


სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს შემდეგი:

,,საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების. ხოლო მე-4.2 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

ამავე კანონის მე-8 მულხის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ამავე კანონის 23-ე მუხლის ა) პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას;

პალატა აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმატიული დანაწესები, რომელიც განსაზღვრავს საკუთრების თუ სხვა უფლების რეგისტრაციის დანიშნულებას შესაძლებლობას და წესებს მარეგისტრირებული ორგანოსთვის არის თავისი კომპეტენციის ჯეროვანი შესრულების საკანონდმდებლო საფუძველი, შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი უფლებამომოსილების შესრულებისას ზედმიწევნით თანმიმდევრული და მართლზომიერი უნდა იყოს.

მოცემულ საქმეში წარმოდგენილი სარჩელით და სხვა მასალებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების სადავობა ეფუძნება მარეგისტრირებლი ორგანოს მიერ კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებით საერთო საკუთრებაში წილის გასხვისების უფლების რეგისტრაციას. ამიტომ, იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის კანონიერების პირობების შესაბამისობაზე, მნიშვნელოვანია შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოს - მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ნორმატიული დანაწესის სწორი და ადეკვატური გამოყენების საკითხი.

მოსარჩელე მხარის არგუმენტს სარეგისტრციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილების უკანონობაზე წარმოადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სპეციალური საკანონმდებლო აქტის არასწორად გამოყენება.

დადასტურებულია ის ფაქტი, რომ 2013 წლის 29 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლ.ი.-მა გაყიდა, ხოლო ა.ლ.-მა იყიდა 111.6 კვ.მ. თანასაკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო ნასყიდობის საგანზე გამყიდველის ლ.ი.- ხ.-ის საკუთრების უფლება. ა. ლ. გადავიდა მხოლოდ ის უფლება, რაც იყო რეგისტრირებული ლ. ი.-ზე - 111,6 კვ.მ თანასაკუთრების უფლება დ.ბ.-თან ერთად.
დავას მოცემულ შემთხვევაში იწვევს ის გარემოება, ვალდებული იყო თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო ა. ლ.-ის განცხადების დაკმაყოფილების გამო წარდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად მოეთხოვა თანამესაკუთრეთა თანხმობა.
აპელანტი უთითებს საჯარო რეესტრის მხრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინტრუქციის’’ 14 მუხლის 23-ე პუნქტის დარღვევაზე სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას, რაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
ამავე ინსტრუქციის 23-ე პუნქტის მიხედვით საუბარია უძრავი ნივთის ფართობის დაყოფაზე ან სხვაგვარად განკარგვაზე. დადგენილია, რომ განიკარგა არა მთლიანი უძრავი ნივთი (საერთო საკუთრება), არამედ უძრავი ნივთის - საერთო საკუთრების წილი. უდავოა, რომ საერთო საკუთრების საგნის მთლიანად განკარგვისათვის, ყველა თანამესაკუთრის თანხმობაა საჭირო, რაც არ არის საჭირო საერთო საკუთრებაში წილის განკარგვისას.
აღნიშნული ქვენორმატიული აქტის დანაწესის განმარტება წარმოუდგენელი იქნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმათა იგნორირებით, რომლებიც განსაზღვრავენ საერთო საკუთრების ცნებას და მასთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლი საერთო საკუთრებას ძირითადად ყოფს თანაზიარ და წილად საკუთრებად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის თანახმად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. რაც იმას ნიშნავს, რომ დ.ბ.-ის და ლ.ი.-ის თანასაკუთრებაში არსებული 111.6 კვ.მ ფართი მათ ეკუთვნოდათ თაბარწილად მანამ, სანამ თვითონ არ დაარეგულირებდნენ განსხვავებულ პირობას, ხოლო ც.ბ.-ს 59.4 კვ. მეტრი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 959-ე მუხლის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს, რომ წილის გაყიდვის შემთხვევაში დანარჩენ მოწილეებს აქვთ უპირატესი შესყიდვის უფლება.
საქმის მასალების თანახმად პალატა მიიჩნევს, რომ ლ.ი.-ს არ გაუსხვისებია მთლიანი საზიარო საგანი, მან გაასხვისა საზიარო საგანზე (ნასყიდობის საგანზე) მხოლოდ საკუთარი უფლება, რაც გააჩნდა თანასაკუთრებაში არსებულ 111.6 კვ.მ ფართზე, შესაბამისად, ლ. ი.-ის აღნიშნული ქმედებით, საზიარო საგნის სამართლებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა - ც. ბ.ისევ დარჩა 59.4 კვ. მეტრის მესაკუთრედ, ხოლო დ.ბ. - 111.6 კვ.მ ფართზე ა.ლ. ერთად. ანუ, მოხდა მხოლოდ საერთო საკუთრების საგნის მოწილის უფლებაზე, მეორე პირით ჩანაცვლება, რაც არ ნიშნავს საერთო საკუთრების საგნის მთლიან განკარგვას. ეს გარემოება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იქნა არასწორად დადგენილი. რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაზე (სუს საქმე -ას -148 -138 -2015; 27.11.15 განჩინება), სადაც ის განმარტავს: ,, შესაძლებელია როგორც საზიარო საგნის წილის, ისე მთლიანად საზიარო საგნის განკარგვა. საზიარო საგნის მთლიანად განკარგვისათვის საჭიროა ყველა მოწილის თანხმობა, ხოლო წილის განკარგვისას სხვა მოწილეთა თანხობა საჭირო არაა. საზიარო საგნის მთლიანად განკარგვისას, ყველა მოწილის თანხმობის დაწესება მიზნად ისახავს საზიარო საგნის თანამესაკუთრეთა ინტერესების დაცვას, ვინაიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე მოწილის მიერ საზიარო საგნის მთლიანად განკარგვა იწვევს იმ მოწილეთა წილების განკარგვასაც, რომელთაც ამის თანხმობა არ მიუციათ.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ლ.ი.-ს შეეძლო განეკარგა საერთო საკუთრებაში მისი წილის უფლება სხვათა თანხმობის გარეშე, ხოლო საჯარო რეესტრი უფლებამოსილი იყო იგი დაერეგისტრირებინა ასეთი თანხმობების არ არსებობის პირობებში. შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოს წილის გასხვისების უფლების რეგისტრაციისას არ დაურღვევია საკუთრების რეგისტრაციის კანონმდებლობა, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს და სახეზე არ არის სადავო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - საჯარო რეესტრის გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 01 ნოემბრის N xxxxxxxxxxxx-xx გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები.

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა თვლის, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რამდენადაც სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოება, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას, რამაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დალი ბეზარაშვილის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. . . აღნიშნულის გათვალისწინებით, დ.ბ.-ს უნდა დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. აპელანტის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. დ.ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4 დ.ბ.-ს დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით მის სასარგებლოდ.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ.თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.7ა).