საქმის ნომერი: 1/ბ-773-16
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 1/279-15
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-773-16 (2016-11-07), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-773-16

განაჩენი
საქართველოს სახელით
       07 ნოემბერი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ავთანდილ ნასყიდაშვილი

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბაქარი შიოშვილი;

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - ი. რ.-ს ძე მ., დაბადებული 1973 წლის 17 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი NXXXXXXXXXXX, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ.თ., ტ.-ს NX.

ადვოკატი - ლ. ტ.;

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილი (სქესობრივი კავშირის იძულება, ჩადენილი სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით).

სასჯელი:

1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო. ს.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. მ.-ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგებიდან. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა გამოძიებით დადგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობითაც დადასტურებულია ი. მ.-ს მიერ გაუპატიურების ჩადენის ფაქტი, ხოლო სასამართლოს მიერ, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის სხვაგვარ დამოკიდებულებად მიჩნეულ გარემოებას ადგილი არ ჰქონია (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

დაცვის მხარის მოთხოვნა - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო საჩივარი არის უსაფუძვლო, ვინაიდან საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებს ბრალად შერაცხული ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს. ი. მ.-ს და მ. გ.-ს ჰქონდათ ძალიან ახლო ურთიერთობა, არანაირ ძალადობას და ძალადობის მუქარას მსჯავრდებულის მხრიდან არ ჰქონია ადგილი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).

სასამართლომ დაადგინა:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. მ.-ს ბრალი წარედგინა მასში, რომ მან ჩაიდინა გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 3 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ.თ.-ში, ტ.-ს ქუჩის NX-ში მცხოვრებმა ი. მ.-მ, ლ.-ს რაიონის სოფელ ზ.-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე, მისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედეს-ვიანოს“ მარკის ავტომანქანაში, ხ.-ს რაიონის სოფელ ვ.-ში მცხოვრებ მ. გ.-სთან ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რა დროსაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენით, ი. მ.-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ი. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 3 სექტემბერს, მ. გ. ხ.-ს რაიონიდან თბილისში გაჰყვა მისთვის კარგად ნაცნობ მიკროავტობუსის მძღოლს - ი. მ.-ს. ვინაიდან იყო გვიანი, ი. მ.-მ მ. გ.-ს შესთავაზა დახმარება, კონკრეტულად შეპირდა ქ. რ.-ში ჩაყვანას და დაპირდა, რომ იმავე ღამეს კვლავ აპირებდა ხ.-ში დაბრუნებას და თავადვე წაიყვანდა ხ.-ში. მას შემდეგ, რაც მივიდნენ რ.-ში, ი. მ.-მ სთხოვა მ. გ.-ს კ.-ში გაყოლა. ვინაიდან იყო გვიანი და მ. გ. სხვა ტრანსპორტს ვერ გამოჰყვებოდა რ.-დან თ.-ში და შემდგომ ხ.-ში, იძულებული გახდა დათანხმებოდა ი. მ.-ს კ.-ში გაყოლაზე. დაახლოებით ღამის 12 საათზე ქ.რ.-დან წავიდნენ კ.-ში. ი. მ.-მ დაახლოებით ღამის 3 საათზე მ. გ. მიიყვანა ლ.-ს რაიონის სოფელ ზ. მ.-ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დაუსახლებელ ადგილზე, ტყეში. მ. გ. კახეთში იმყოფებოდა პირველად, მისთვის უცხო გარემოში, დაუსახლებელ ადგილზე, ტყეში, რის გამოც სრულიად იყო დამოკიდებული ი. მ.-ს მოქმედებაზე. ი. მ.-მ ისარგებლა შექმნილი ვითარებით და მ. გ.-ს ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით მასთან ორჯერ დაამყარა სქესობრივი კავშირი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ი. მ.-სა და დაზარალებულ მ. გ.-ს შორის მომხდარი სქესობრივი კავშირი. აღნიშნული ასევე დადასტურდა სეროლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტთა ჩვენებებით.

ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 3 სექტემბერს, მ. გ. ხ.-ს რაიონიდან ავტომანქანით წამოიყვანა ი. მ.-მ.

დაზარალებულის ჩვენებით, ვინაიდან იყო გვიანი, ი. მ.-მ შესთავაზა დახმარება - ჩაყვანა ქ.რ.-ში და ასევე დაპირდა, რომ იმავე ღამეს ხ.-ში დააბრუნებდა. როდესაც რ.-ს გამოცდნენ, ი.-მ დაუწყო საუბარი, რომ ცოლად უნდა მოეყვანა, შემდეგ მოუყვა მისი მძიმე ბავშვობის შესახებ და თხოვა კ.-ში გაყოლა ბებიის მოსანახულებლად, რაზეც დათანხმდა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა. კ.-ში მივიდნენ ი. მ.-ს ნათესავებთან. ი.-მ მათ მისი თავი საცოლედ გააცნო. გააპროტესტა, ტიროდა და წაყვანას სთხოვდა, თუმცა ი.მ.-მ დაავლო ხელი, აათრია მანქანაში და მთის ძირში წაიყვანა. გააჩერა ავტომანქანა, ჩაკეტა კარი, გადავიდა მის მხარეს, ძალით გახადა შარვალი და საცვალი. შარვალი და საცვალი არ გახეულა. ფეხები გააშლევინა და დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. წინააღმდეგობას უწევდა, ურტყამდა სახეში. ი. მ.-მ მაისური გაუხია, მაგრამ არ გაუხდია. მარჯვენა ფეხზე და მარჯვენა ხელზე მიიღო დაზიანება, ხელ-ფეხის ქნევის დროს მიარტყა სიჩქარის გადამრთველს. რამდენიმე წუთის შემდეგ მეორედაც დაამყარა კავშირი, თუმცა ამის შესახებ პოლიციისთვის არ განუცხადებია. შემდეგ ი.მ.-მ დაიძინა. გაქცევა არ შეეძლო, რადგან არ იცოდა სად წასულიყო. ტელეფონი ი.მ.-მ ჩამოართვა იმისათვის, რომ მას არ განეცხადებინა. დილით ისევ ჩავიდნენ ნათესავების ოჯახში, სადაც ვერ გაამხილა მომხდარის შესახებ, ი.მ.-ს კი უთხრა, რომ აპატიებდა იმ შემთხვევაში, თუ დააბრუნებდა სახლში. შემდეგ მოატყუა, რომ დაბალი წნევა ჰქონდა და აფთიაქში გაეყვანა. აფთიაქში იყიდა წამლები. ი.მ. ერთი წუთით მარტო არ ტოვებდა და თან დაჰყვებოდა. მანქანაში რომ ჩაჯდა, ი.-მ ისევ ტყისკენ წაიყვანა. წამლები დალია და ცარიელი ფლაკონები დაანახა. ი.მ.-მ გადაიყვანა მანქანიდან, ხელს უჭერდა, რომ ეღებინებინა. ამ დროს მივიდა პოლიცია, რომლებსაც შეატყობინა მომხდარი ფაქტის შესახებ და თხოვა დახმარება.

მოწმეებმა ზ. ხ.-მ და მ. მ.-მ, დაკითხვისას განმარტეს, რომ 2015 წლის 3 სექტემბერს, ლ.-ს რაიონის სოფელ მ.-ში მოძრაობდნენ სამსახურებრივი ავტომანქანით. მათ წინ დიდი სიჩქარით მოძრაობდა ავტომანქანა, რაც საეჭვოდ მიიჩნიეს და გაჰყვნენ. მანქანამ გადაუხვია ტყისკენ. ფეხით შეყვნენ. დაინახეს ი. მ. და მ. გ.. ი. მ. მ. გ.-ს პირისპირ ედგა და ეჩხუბებოდა. კითხვის შემდეგ, მ. გ.-მ უთხრა მათ, რომ ი. მ.-მ გააუპატიურა და მისგან თავის დაღწევა უნდოდა. მ. გ.-ს მაისური ჰქონდა მუცელთან შემოხეული. ჯინსის შარვალზე კი სისხლის მსგავსი ლაქა ეტყობოდა.

სამედიცინო ექსპერტიზის N005747415 დასკვნით, მ. გ.-ს საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია, არ არის მთელი. საქალწულე აპკის არეში მექანიკური დაზიანების რაიმე ახალი კვალი არ აღენიშნება. მ. გ.-ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთი სხეულზე. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მ. გ.-ს აღენიშნებოდა შემდეგი სახის დაზიანებები: მარჯვენა წვივის ზედა მესამედის წინა ზედაპირზე მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით 3.0x1,5 სმ, მუქი წითელი ფერის, კანის დონეზე დაბლა განლაგებული ნაჭდევები მარცხენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე ზომებით 0,7x-0,3 სმ და 2,0x0,5 სმ.

დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ქ. ბ.-მ.

ტრასოლოგიური ექსპერტიზის N006260315 დასკვნის თანახმად, მ. გ.-ს წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (უსახელო მოსაცმელი, მოკლესახელოებიანი მაისური, შარვალი, ტრუსი) მაისურზე არსებული დაზიანება განვითარებულია ხევით, მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ძალის ზემოქმედების შედეგად. მოსაცმელზე, შარვალზე და ტრუსზე, რაიმე დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა. დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ე. კ.-მ.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N005259215 დასკვნით, რაც უდავო მტკიცებულებად იქნა მიღებული, პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად, ი. მ.-ს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

სამართლებრივი შეფასება

პალატა განმარტავს, რომ ყველა სქესობრივი კავშირი, თავისთავად სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა, ხოლო იმისათვის, რათა სქესობრივი კავშირი ჩაითვალოს ზემოაღნიშნული მუხლით დასჯად ქმედებად, საჭიროა ასეთი კავშირის დამყარება ‘’ძალადობით’’, ‘’ძალადობის მუქარით’’ ან ‘’დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით’’. ბრალდება ი. მ.-ს ედავებოდა სქესობრივ კავშირს ძალადობით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად ვერ მიიჩნია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით და რასაც ასევე ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაც.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლით, დასჯად ქმედებადაა მიჩნეული სქესობრივი კავშირის, მამათმავლობის, ლესბოსელობის ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის იძულება სახელგამტეხი ცნობის გახმაურების ან ქონებრივი დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სხვაგვარი დამოკიდებულების არსებობას, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ი. მ.-სა და მ. გ.-ს შორის არსებობდა გარკვეული სახის ურთიერთობა, რაც უფრო მეტი იყო, ვიდრე მძღოლს და მგზავრს შორის ურთიერთობა. დაზარალებულმა ი. მ.-ზე განმარტა, რომ ისეთი წყნარი პიროვნება იყო, ვერ წარმოიდგენდა თუ ასეთ რაღაცას გაუკეთებდა.

დადგენილია, რომ ი. მ. იყო ავტომანქანის მძღოლი და ახორციელებდა რეისს ბათუმიდან თბილისამდე და პირიქით. ამ პირობებში, ღამის საათებში, მ. გ. ენდო მას და ბათუმიდან მომავალს გამოჰყვა თბილისში. უფრო მეტიც, დათანხმდა შეთავაზებაზე თავად მას წაეყვანა ქ.რ.-ში. რ.-დან კი წასულიყო ჯერ თ.-ში, ხოლო შემდეგ უკან, ხ.-ს რაიონში. დაზარალებულმა თავადვე დაადასტურა ფაქტი, რომ რ.-დან წამოსვლის შემდეგ ი.მ.-მ მას უთხრა, რომ ცოლად უნდა მოეყვანა, რაზეც გამოთქვა პროტესტი, თუმცა, შემდეგ მაინც გაჰყვა ბებიის სანახავად. მართალია, დაზარალებულმა მიზეზად ის დაასახელა, რომ ღამის საათებში, უკან ხ.-ში სხვა ტრანსპორტით ვერ დაბრუნდებოდა, თუმცა, თავად აღნიშნული ნდობა მიუთითებს სწორედ მათ შორის არსებულ დამოკიდებულებაზე.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ, მართალია, მიიჩნია, რომ სქესობრივი კავშირი არ განხორციელებულა ნებაყოფლობით, თუმცა გამორიცხა ძალადობის და ძალადობის მუქარით კავშირის დამყარების ფაქტი და მიიჩნია, რომ სახეზე იყო სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით სქესობრივი კავშირის იძულება, რაც კანონმდებელმა მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის ერთ-ერთ შემადგენელ ნიშნად.

მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ სქესობრივი კავშირი ი. მ.-სა და მ. გ.-ს შორის დამყარდა ავტომანქანაში. ფაქტის თვითმხილველი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა ძალადობის ან ასეთის მუქარის არსებობას, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. პოლიციის თანამშრომლები ადასტურებენ მხოლოდ დილით განხორციელებულ მოვლენებს და მ.გ.-ს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს ძალადობის დასადასტურებლად.

ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. ამ მხრივ საგულისხმოა ექსპერტიზის დასკვნები: 1. მ. გ.-ს, სხეულზე აქვს დაზიანებები, თუმცა გასათვალისწინებელია მათი ლოკალიზაცია და ხარისხი - მარჯვენა წვივის ზედა მესამედის წინა ზედაპირზე მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი, კანის დონეზე დაბლა განლაგებული ორი ნაჭდევი მარცხენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე - იმ პირობებში, როდესაც ეს დაზიანებები მიაყენა არა ი. მ.-მ, არამედ, დაზარალებულის განმარტებით, დაზიანებები მიიღო სიჩქარის გადასართველზე თავის მიერ განხორციელებული მოქმედების შედეგად. 2. ი. მ.-ს სხეულზე მექანიკური დაზიანებები არ გააჩნია და 3. დაზარალებულის შარვალზე და საცვალზე დაზიანებები არ არის. ექსპერტიზის დასკვნებთან ერთად, პალატა ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მ. გ. მეორე დილით კვლავ გაჰყვა ი.მ.-ს ნათესავებთან, სადაც არაფერი არ უთქვამს, შემდეგ ასევე იმყოფებოდა აფთიაქში.
წარმოდგენილი გარემოებების ერთობლიობით, პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურებს ძალადობით სქესობრივი კავშირის დამყარებას მ. გ.-სთან.

თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მ. გ.-სთვის, მითითებული ადგილი იყო უცხო და დამოკიდებული იყო ი. მ.-ზე, ამ უკანასკნელმა ისარგებლა სწორედ აღნიშნული დამოკიდებულებით და მ. გ.-ს ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სხვაგვარი დამოკიდებულება, რაც წარმოშვა ი. მ.-მ, მოცემულ შემთხვევაში იყო სახეზე. შექმნილი პირობებიდან გამომდინარე კი განახორციელა მ. გ.-ს იძულება. ი. მ.-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, მ. გ.-მ განიცადა სექსუალური ხასიათის ძალდატანებითი ზემოქმედება. დადგენილი გარემოებები სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის შემადგენლობას - სქესობრივი კავშირის იძულებას სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით.

პალატა მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენი ი. მ.-ს მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის ნაწილში ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მის ბრალეულობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენი ი. მ.-ს მიმართ.

ი. მ.-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ი. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ი. მ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.

ი. მ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2015 წლის 03 სექტემბრიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები:
• ი. მ.-ს ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ლ.-ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

• მ. გ.-ს ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ლ.-ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.