ნახვები: 100
საქმის ნომერი: 2ბ/1954-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/1954-17 (2017-06-06), www.temida.ge
საქმის № 2ბ/1954-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       06 ივნისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - მ. ბ.

წარმომადგენელი - მ. ე.

მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ბ., ა. ჭ.

წარმომადგენელი - ნ. ნ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანა, ძირითადი თანხის შემცირება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ბ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ნოტარიუს ი. ნ.-ს მიერ 2015 წლის 29 ივნისს კრედიტორ ა. ჭ. სასარგებლოდ გაცემულ N XXXXXXXX სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირითადი თანხის ოდენობის შემცირება 3000 ლარის ოდენობით, ასევე ნოტარიუს ი. ნ.-ს მიერ 2016 წლის 16 აპრილს კრედიტორ ბ. ბ.-ს სასარგებლოდ გაცემულ N XXXXXXXX სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირითადი თანხის ოდენობის შემცირება 2000 ლარის ოდენობით.

2. ბ. ბ.-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსარჩელეს მისთვის 2000 ლარი არ გადაუცია. ამასთან, მოსარჩელეს მისი კეთილი ნებით პირგასამტეხლო დაეკისრა 2015 წლის 13 სექტემბრიდან; მოპასუხე ა. ჭ. ასევე არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეს სარგებლის გარდა სხვა თანხა არ გადაუცია. მას სესხის ძირითადი თანხის ნაწილის დასაფარად 3000 ლარი არ გადაუხდია. აღნიშნული არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ბ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. 2014 წლის 13 აგვისტოს, ერთი მხრივ, მ. ბ.-ს და, მეორე მხრივ, ბ. ბ.-ს და ა. ჭ.-ს შორის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, მ. ბ.-მ 3 თვის ვადით, სესხის ძირითად თანხაზე თვეში 3%-ის დარიცხვით ბ. ბ.-საგან, სესხის სახით, 9 000 აშშ დოლარი მიიღო, ხოლო ა. ჭ.-საგან - 10 000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილ იქნა მ. ბ.-ს კუთვნილი ქონებით (ს/კ.NXX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX) (ს.ფ. 14-17; 112-122).

6. მ. ბ.-მ დაარღვია 2014 წლის 13 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ბ. ბ.-სა და ა. ჭ.-ს მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე (ს. ფ. 18-23; 25-31; 112-122).



7. 2015 წლის 29 ივნისს, ნოტარიუს ი. ნ.-ს მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია ა. ჭ., ხოლო მოვალე - მ. ბ.. სააღსრულებო ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 10 000 აშშ დოლარის ოდენობით და პირგასამტეხლო 0,1%, ანუ 10 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის 14 ნოემბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 106 ლარი. აღსრულება მიექცა, მ. ბ.-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე (ს. ფ. 18-20).

8. 2016 წლის 16 აპრილს, ნოტარიუს ი. ნ.-ს მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია ბ. ბ., ხოლო მოვალე - მ. ბ.. სააღსრულებო ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 9 000 აშშ დოლარის ოდენობით და პირგასამტეხლო 0,1%, ანუ 9 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 13 სექტემბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 106 ლარი. აღსრულება მიექცა, მ. ბ.-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე (ს. ფ. 21-23).

9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მ. ბ.-მ 2014 წლის 13 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, სესხის ძირითადი თანხის ნაწილის დაფარვის მიზნით ბ. ბ.-ს 2000 ლარი, ხოლო ა. ჭ.-ს 3000 ლარი გადასცა.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ „თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს“ .

მითითებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ქვეპუნქტის მიხედვით, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

11. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2014 წლის 13 აგვისტოს, ერთი მხრივ, მ. ბ.-სა და, მეორე მხრივ, ბ. ბ.-ს და ა. ჭ.-ს შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის პირობების დარღვევა მხარეთა პასუხისმგებლობას იწვევს. მოცემული ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კრედიტორს შეუძლია აღსრულება დაიწყოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

მ. ბ.-მ 2014 წლის 13 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ბ. ბ.-ს და ა. ჭ.-ს მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე დაარღვია.

2016 წლის 16 აპრილს, ნოტარიუს ი. ნ.-ს მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია ბ. ბ., ხოლო მოვალე - მ. ბ.. სააღსრულებო ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 9 000 აშშ დოლარის ოდენობით და პირგასამტეხლო 0,1% ანუ 9 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 13 სექტემბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 106 ლარი. აღსრულება მიექცა, მ. ბ.-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, ასევე, 2015 წლის 29 ივნისს, ნოტარიუს ი. ნ.-ს მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია ა. ჭ., ხოლო მოვალე - მ. ბ.. სააღსრულებო ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 10 000 აშშ დოლარის ოდენობით და პირგასამტეხლო 0,1%, ანუ 10 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის 14 ნოემბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 106 ლარი. აღსრულება მიექცა, მ. ბ.-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

მოსარჩელე (აპელანტი) განმარტავს, რომ 2014 წლის 13 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მ. ბ.-მ სესხის ძირითადი თანხის დაფარვის მიზნით ბ. ბ.-ს 2000 ლარი გადასცა, ხოლო ა. ჭ.-ს - 3 000 ლარი, რაც კრედიტორების მოთხოვნით იძულებითი აღსრულების მიზნით ნოტარიუსის მიერ მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში გათვალისწინებული არ იქნა.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, თუ რა თანხა გადაიხადა მ. ბ.-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება არგუმენტს მასზედ, რომ მან ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კრედიტორებს თანხა გადაუხადა, რომელიც, მისი მოსაზრებით, სესხად აღებულ ძირ თანხაში უნდა ჩათვლილიყო. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. ერთადერთი, რაზეც მოსარჩელე (აპელანტი) აპელირებს, არის მის მიერ წარმოდგენილი მოწმის მ. ჩ.-ს ჩვენება. მოწმე მ. ჩ.-მ კი განმარტა, რომ მოსარჩელისაგან 2000 აშშ დოლარი მიიღო, რომელიც სამ იპოთეკარს გაუნაწილა. აღნიშნული თანხა კი სესხზე დარიცხულ სარგებელს წარმოადგენდა და არა სესხის ძირითად თანხას. შესაბამისად, აღნიშნული თანხიდან მოპასუხეებს სესხზე დარიცხული სარგებელი გადაეცათ. აპელანტი მიიჩნევს, რომ, სასამართლომ მოწმის ჩვენებას არასწორი ინტერპრეტაცია მისცა. მისი მოსაზრებით, მოწმის ჩვენების შესაბამისად, მტკიცების ტვირთი უნდა გადასულიყო მოპასუხეებზე, კერძოდ, მათ უნდა დაემტკიცებინათ, რომ მათზე გადაცემული 2000 აშშ დოლარი სარგებელი იყო და არა სესხის ძირი თანხის დასაფარად გადაცემული თანხა. სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის აღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხის ძირ თანხაში ჩათვლაა, მასვე, დასაშვები მტკიცებულების წარმოდგენის გზით, მოპასუხეთათვის ძირი თანხის ანგარიშში თანხის გადაცემის ფაქტი უნდა ემტკიცებინა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენების შედეგად კი აღნიშნული გარემოება არ დადასტურდა. უფრო მეტიც, მოწმის ჩვენების მიხედვით, გადახდილი 2000 დოლარი არა ძირ თანხას, არამედ სარგებელს წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ არც აღნიშნული 2000 დოლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებაა საქმეში წარმოდგენილი. თუმცა, კიდეც რომ მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით აღნიშნული თანხის გადაცემა დადასტურებულად მივიჩნიოთ, მოწმის ჩვენებითვე მითითებული თანხა, მხარეთა შეთანხმებულ სარგებელს წარმოადგენდა. აღნიშნულ მტკიცებას სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, სესხის თანხას მსესხებელი არამართლზომიერად ფლობს, შესაბამისად, მსესხებელი, თანხის დაბრუნებას დაუყოვნებლივ ითხოვს ან გამსესხებელთან შეთანხმებით, თანხას, ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული სარგებლის გადახდის სანაცვლოდ აყოვნებს. ამგვარი შეთანხმება, როგორც წესი, ან ახალი სესხის ხელშეკრულების პირობაა, ან მხარეთა შეთანხმება სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე. სხვაგვარ დაშვებას სასამართლო ვერ გააკეთებს, ვინაიდან არსებობს ვალდებულების ერთიანად შესრულების მოვალეობა, რომლის მიხედვითაც, ვალდებულების შესრულება ნაწილ-ნაწილ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლზე დაყრდნობით, მხოლოდ კრედიტორის თანხმობით ხდება. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა კრედიტორის თანხმობისა და თანმდევი ნების დადასტურება, მასზედ, რომ იგი სესხად მიცემულ თანხას ნაწილ-ნაწილ დაიბრუნებდა. ამგვარი მტკიცება საქმეში განხორციელებული არ არის. აქვე ნიშანდობლივია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ბ. ბ.-მ და ა. ჭ.-მ მ. ბ.-საგან მხოლოდ სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდა მოითხოვეს, შესაბამისი სარგებლის გარეშე. ამდენად, ფაქტი მასზედ, რომ მოსარჩელემ თანხა გადაიხადა და ამ თანხის გადახდის მიზნობრიობა სწორედ სესხის ძირი თანხის დაფარვა იყო, მხოლოდ მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო. მოსარჩელემ კი თავისი ახსნა-განმარტების გარდა, სხვა მტკიცებულება სადავო თანხის გადახდასთან და მის მიზნობრიობასთან დაკავშირებით ვერ წარმოადგინა.

შესაბამისად, სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას მასზედ, რომ მ. ბ.-მ ვერ შეძლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ბ.-ს სარჩელი ნოტარიუს ი. ნ.-ს მიერ გაცემული NXXXXXXXX და NXXXXXXXX სააღსრულებო ფურცლებში სესხის ძირითადი თანხის შემცირების თაობაზე საფუძველს მოკლებულია.

12. სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 200 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.




.

1. Bombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993
v. Finland, 27.06.2008
Peric v. Croatia, 27.06.2008


I შეჯამება:

სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის რეალიზებისათვის აუცილებელია, თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს

განმარტებული ნორმები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი.

თეგები:

შეჯიბრებითობის პირნციპის რეალიზება

განმარტების სრული ტექსტი:

მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ „თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს“ .

მითითებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.