საქმის ნომერი: # 190310014612021 N3ბ/210-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: (თავმჯდომარე), თეა თადაშვილი, ირაკლი შენგელია, თეა ძიმისტარაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №# 190310014612021 N3ბ/210-15 (2015-10-29), www.temida.ge
საქმის № # 190310014612021 N3ბ/210-15

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       29 ოქტომბერი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:

მოსამართლეები:
თეა თადაშვილი, ირაკლი შენგელია, თეა ძიმისტარაშვილი,

სხდომის მდივანი - ბეატრიჩე პაპანდოპულოვი

აპელანტი (მოსარჩელე) - ი. ჩ.,

წარმომადგენელი - ლ. ჩ.,

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია,

წარმომადგენლები - ე. მ., ს. დ., ნ. ჯ.,

დავის საგანი - მატერიალური ზიანის ანაზღაურება,

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით;

აპელანტის მოთხოვნა:

1. აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ჩ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე ი. ჩ. თავისი სარჩელით ითხოვდა, რომ მოპასუხეს - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაკისრებოდა მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 24 000 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტი თანხის - 42 160 ლარის ანაზღაურება;

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერის 2011 წლის 11 ივლისის #XXX ბრძანებით, ქ. რუსთავი, თოდრიას მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე ბინა, საკუთრებაში გადაეცა მ. გ.-ს და შესაბამისად 2011 წლის 13 ივლისს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №XXX

2.2. თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერის 2012 წლის 08 თებერვლის #XX ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერის 2011 წლის 11 ივლისის #XXX ბრძანება და 2011 წლის 13 ივლისის №167 საკუთრების უფლების მოწმობა მათი ძალაში შესვლის დღიდან.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის #1-327-11 განაჩენით მ. გ. და ზ. ი. ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ’ბ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 5-5 წლის ვადით. აღნიშნული კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მ. გ.-მ და ზ. ი.-მ წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ ქ. რ., თ.-ს მე-2 ჩიხი, №X-XX-ში მდებარე, ი. ჩ.-ს საცხოვრებელ ბინას. აღნიშნული მიზნით, მათ წინასწარი შეთანხმებით, ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ძიებით დაუდგენელი პირისაგან შეიძინეს მითითებული ბინის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი ყალბი ოქმი #23-28 1996 წლის 08 ნოემბრის თარიღით, აღნიშნული დოკუმენტი რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის ყალბ ამონაწერთან ერთად, რომლის თანახმადაც ზემოაღნიშნულ ბინაზე რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ინფორმაცია მითითებულ ბინაზე საკუთრების უფლების შესახებ არ მოიპოვება, წარადგინეს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიაში. მითითებული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე 2011 წლის 16 ივლისს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის №XXX ბრძანებით, მ. გ.-ს საკუთრებაში გადაეცა ბინა მდებარე: ქ. რ., თ.-ს მე-2 ჩიხი, №X-XX, რითაც დაზარალებულ ი. ჩ.-ს მიაყენა 33 000 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.

2.4. 2011 წლის 23 აგვისტოს მ. გ.-მ ქ. რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე ბინა გაასხვისა ე. მ.-ზე.

2.5. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და ახსნა- განმარტების საფუძველზე ვერ დადასტურდა გარემოება, რომ თვითმმართველი ქალაქ რ.-ს მერი - ქ.რ., თ.-ს მე-X ჩიხი, #X-XX პრივატიზაციის განხორციელებისას ბრალეულად მოქმედებდა კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმების საწინააღმდეგოდ. ამ მხრივ საყურადღებოა თავად მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება 2015 წლის 06 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე სადაც საპაექრო სიტყვაში თავადვე მიუთითა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არა აქვს, ვერ ასახელებს ადმინისტრაციულ ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომას თუ სამსახურებრივ სიყალბეს, მისთვის ცნობილია მხოლოდ ის გარემოება, რომ საკუთრება (ქონება) ჩამოერთვათ უკანონოდ.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან, ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209 მუხლები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, თუკი 1. პირი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, 2. პირის მოქმედება იყო განზრახი ან გაუფრთხილებელი, 3. უშუალოდ ამ მართლსაწინააღმდეგო, განზრახმა ან გაუფრთხილებელმა მოქმედებამ ზიანი მიაყენა სხვა პირს, კერძოდ შელახა პირის ქონებრივი ან/და არაქონებრივი უფლებები ან/და კანონით დაცული ინტერესები; დელიქტით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად აუცილებელია სამივე პირობის თანადროულობა, თანაარსებობა; სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სადაო შემთხვევაში არ არსებობს ზემოთ დასახელებული სამი პირობიდან არცერთი; კერძოდ, მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ ფაქტის დადასტურება, რომ მოპასუხემ განახორციელა მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება (უმოქმედობა), რომლითაც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი უმოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს. ამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს სხვა პირისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზიანსა და პირის ქმედებას შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც სავარაუდო კავშირი საკმარის ობიექტურ საფუძვლად ვერ გამოდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ თვითმმართველი ქალაქ რ.-ს მერმა ბრალეულად, კერძოდ უხეში გაუფრთხილებლობით დაარღვია მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება, რის შედეგადაც დადგა ზიანი, - ამიტომ, სასამართლომ, პირველ რიგში, სწორედ მოპასუხის ბრალეულობის საკითხს განიხილა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისთვის მიყენებული ზიანი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მოპასუხემ პრივატიზაცია განახორციელა მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი საბუთების საფუძველზე, მერიას მათი კანონიერება არ შეუმოწმებია და არც დამატებითი დოკუმენტები გამოუთხოვია რაც მოპასუხის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. თუმცა, როგორც უკვე განიმარტა, თავისთავად ქმედების, შედეგისა და მათ შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად განხილული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომის გარდაუვალობას, რადგან აუცილებელია დადგინდეს ის, გარემოება, რომ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერი ქმედების განხორციელებისას მოქმედებდა ბრალეულად: განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არ შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდეს მოსარჩელის წარმომადგენლის მითითება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გამოეკვლია მასალები, ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და გამოეთხოვა მასალები ტექაღრიცხვის ბიუროდან, არ მოხდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლების უგულებელყოფა ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თვითმმართველი ქალაქ რ.-ს მერის 2012 წლის 08 თებერვლის #XX ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქ. რუსთავის მერის 2011 წლის 11 ივლისის #XXX ბრძანება და 2011 წლის 13 ივლისის #67 საკუთრების უფლების მოწმობა. ამასთან სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულების მე-4 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო ვალდებული თავად შეეგროვებინა დოკუმენტები ბინის პრივატიზაციისას ვინაიდან, ამავე ნორმის მე-6 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ განმცხადებელმა არ წარადგინა ამ პუნქტებით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი ან ინფორმაცია, იგი დაუყოვნებლივ განუსაზღვრავს მას 15 სამუშაო დღის ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ბინის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების 1996 წლის 08 ნოემბრის #XX-XX ოქმის და რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის ამონაწერის სიყალბე დადგენილი იქნა, გამოძიების ჩატარების შედეგად, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელთა მიერ თავისი სამსახურეობრივ მოვალეობის დარღვევა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

სასამართლომ დამატებით განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხრის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის, ანუ მისი პასუხისმგებლობა უნდა შემოიფარგლოს მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. მოცემულ შემთხვევაში კი მისი საკუთრების ხელყოფას ხელი შეუწყო თავად მოსარჩელის უმოქმედობამ, კერძოდ, მოსარჩელე თავად იყო დაინტერესებული პირი ნასყიდობის ხელშეკრულება წარედგინდა და საკუთრება დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრში.

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ’’საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციის მე-18 მუხლით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

განსახილველ შემთხვევაში მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. გ.-ს მიერ თვითმმართველი ქალაქ რ.-ს მერის 2011 წლის 11 ივლისის #274 ბრძანების და 2011 წლის 13 ივლისის №167 საკუთრების უფლების მოწმობის წარდგენა საჯარო რეესტრში, ერთმნიშვნელოვნად არ წარმოშობდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს ვინაიდან, საჯარო რეესტრის შესაბამის სამსახურს ეკისრებოდა ვალდებულება შეემოწმებინა მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობა და ისე მიეღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ. მით უფრო, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურიდან წარმოდგენილ მასალებში ნათლად ჩანს სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყოველი რეგისტრაციის ფაქტი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ბრალი არ მიუძღვის ზიანის დადგომაში, საქმის განხილვამ, დავასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევამ ცხადყო, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მისი შედეგი, რომლითაც ზიანი მიადგა მას, მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ხოლო ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სხვადასხვა დაწესებულებებიდან მტკიცებულებები არ გამოუთხოვია ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა აღნიშნულის ვალდებულება მას არ ეკისრებოდა. უფრო მეტიც დადგენილია, რომ სადავო ბინაზე საკუთრება მ. გ.-ს მიერ მოპოვებული იქნა დანაშაულებრივი გზით, დოკუმენტების გაყალბებით, ხოლო 2011 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით #XXXXXXXXXXXX სისხლის სამართლის საქმიდან, ძიებით დაუდგენელი პირის მიმართ ყალბი ოფიციალური დამზადების ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოყოფილია ახალი სისხლის სამართლის საქმე.

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. აპელანტი აღნიშნავს, რომ სადაო ფაქტობრივ გარემოებებში (გვ.4; პუნქტი 4.2.1 ) სასამართლო უთითებს, რომ საპაექრო სიტყვაში მოსარჩელე ვერ ასახელებს ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომას თუ სამსახურებრივ სიყალბეს და შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ აქვს. ამასთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს ი. ჩ. არავის მიუწვევია, როგორც დაინტერესებული მხარე, მისთვის ცნობილი არ იყო არც ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და არც მისი შედეგები გარკვეულ დრომდე. შესაბამისად, მხარეს ამ შემთხვევაში არ ეკისრება არანაირი ვალდებულება, იცოდეს იმ თანამშრომელთა ვინაობა და მათი ქმედების ბრალეულობა- ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე თუ გადაცდომა. მით უმეტეს რომ ქმედების გამოკვლევა-გამოძიება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების პრეროგატივაა და არა მხარის. რაც შეეხება საქმეს, როგორც კი ცნობილი გახდა ი. ჩ.-ს კუთვნილი ბინის უკანონოდ გასხვისების შესახებ, მხარემ მიმართა შესაბამის ორგანოებს. ამასთან იმ დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დაზარალებული მოკლებული იყო ყოველგვარ უფლებებს საქმის მასალების გაცნობისა და ა. შ. და შესაბამისად დღემდე აპელანტისათვის, როგორც დაზარალებული მხარისათვის ხელმიუწვდომელია სისხლის სამართლის საქმის მასალები. შესაბამისად, აპელანტი ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ წარადგენდა სასამართლოში, ვერ გამოიძებდა და გამოიკვლევდა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირების ქმედებების ბრალეულობას და ამის არანაირი ვალდებულება არ ეკისრება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანი სახეზეა და შესაბამისად ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი ეს იქნება ბრალეულად, დაუდევრობით, სიყალბით თუ სხვა.

3.2. აპელანტი უთითებს კონსტიტუციის 21-ე მუხლსა და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე. იგი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს, რუსთავის მერიის მიერ ი. ჩ.-თვის მიყენებული ზიანი, რაც გამოიხატა იმაში, რომ რუსთავის მერიის 2011 წლის 11 ივლისის #XXX ბრძანებითა და 2011 წლის 13 ივლისს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობით #XXX უკანონოდ იქნა გასხვისებული ი. ჩ.-ს საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე ქ. რ., თ.-ს მე-X ჩიხი X-XX-ში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208 მუხლი აგრძელებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ რეგულაციას და უთითებს, რომ 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. მოცემულ შემთხვევაში კანონით ზუსტად განსაზღვრულია ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ. რუსთავის სასამართლო გადაწყვეტილებაში ზაკ-ის 208-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითება საერთოდ არ არის. შესაბამისად, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

3.3. მოსამართლე უთითებს ზაკ-ის 207-ე მუხლზე და განმარტავს, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. აქედან გამომდინარე კი უთითებს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, იმდენად რამდენადაც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტითა და ზაკ-ის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით პირდაპირ დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა. ზიანის მიყენების ფაქტი სახეზეა, ზიანი ანაზღაურებული არ არის და ვალდებულება შესაბამისად ეკისრება ზიანის მიმყენებელ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლები მოქმედებენ ადმინისტრაციული ორგანოს სახელით და შესაბამისად ამ შემთხვევაში სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს დელიქტიდან, სამართალდარღვევიდან გამომდინარე ზიანი ანაზღაურების ვალდებულებას ფიზიკური პირებისათვის და არა ადმინისტრაციული ორგანოსათვის.

3.4. სასამართლომ სარჩელის არდაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე რ.-ს მერია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73-ე ბრძანებულების მე-4 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე არ იყო ვალდებული თავად შეეგროვებინა დოკუმენტები. აპელანტი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები სხვა კანონებთან ერთად თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, შესაბამისად რუსთავის მერია ვალდებული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97 მუხლების შესაბამისად ემოქმედა, გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, ვინაიდან საქმე ეხებოდა უძრავ ნივთს, გამოეთხოვა საჯარო რეესტრში, მათ შორის ტექბიუროს არქივში დაცული ყველა დოკუმენტაცია უძრავ ნივთთან მიმართებაში, მიემართა კანონით გათვალისწინებული სხვა ზომებისათვის და მხოლოდ ამის შემდგომ არსებული მტკიცებულებების და გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება. სასამართლო პროცესზე მოპასუხემ განაცხადა, (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი) რომ წარმოდგენილი იყო ელექტრონული ვერსია, რომელიც არავის არ გადაუმოწმებია. არადა მარტივი გადამოწმებითაც კი დადგინდებოდა წარდგენილი დოკუმენტის სიყალბე. დოკუმენტი რომელსაც არ აქვს საერთოდ ხელმოწერა, არ არის დადასტურებული ე.წ. სველი ბეჭდით, მაშ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, თუ არ მოხდება მისი კანონიერების შემოწმება?! სწორედ ელექტრონული ვერსია იძლევა შესაძლებლობას გადამოწმებულ იქნეს დოკუმენტის ნამდვილობა შესაბამის ელექტრონულ ველში, რაც მოცემულ შემთხვევაში არავის გაუკეთებია. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციული ორგანო ,,ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა კანონების შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და შესაბამისად შესაბამისი დოკუმენტების გამოთხოვა საჯარო რეესტრიდან და ტექბიუროს არქივიდან არანაირ სირთულეს არც ფინანსურად და არც ფიზიკურად არ წარმოადგენდა. მით უმეტეს, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული,ზაკ-ის 96-97 მუხლები პირდაპირ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის ყოველმხრივ გამოკვლევას. პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულების მე-4 მუხლით დამტკიცებულია საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნები, მაგრამ ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და გადაწყვეტილების მიღება გაწერილია სხვა შესაბამის კანონებთან ერთად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. რუსთავის მერიის მიერ უხეშად იქნა დარღვეული ზაკ-ის 96-97 მუხლების მოთხოვნები. მათ გაყალბებული საბუთების საფუძველზე გადასცეს საკუთრების უფლება სხვა პირს, რითაც უხეშად იქნა დარღვეული ი. ჩ.-ს საკუთრების უფლება. სასამართლომ ამ შემთხვევაში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არ მისცა სამართლებრივი შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებას და დაკმაყოფილდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ვიწრო განმარტებითა და გაგებით და შესაბამისად მიღებულ იქნა უკანონო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

3.5. სასამართლო გადაწყვეტილებაში სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლზე დაყრდნობით უთითებს, რომ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის ბრალეულმა მოქმედებამ, რომ მან ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარადგინა და არ დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. აპელანტი აღნიშნულთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან ეს არის უბრალოდ ცინიზმი და დაცინვა დაზარალებულ მოქალაქეზე. მოსამართლე ყოველმხრივ ცდილობს გაამართლოს რუსთავის მერიის უკანონო გადაწყვეტილება და ვლინდება უკანონობის დამკანონებლად! სარჩელში მითითებულია და აპელანტი აქაც განმარტავს, რომ 1994 წლის 28 დეკემბერს ნოტარიალურად დამტკიცებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ი. ჩ.-მ შეიძინა ქ. რ., თ. მე-X ჩიხი, X-XXში არსებული ბინა და შესაბამისი წესით მოახდინა ბინის რეგისტრაცია ტექბიუროში, შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულება რეგისტრირებულია მარეგისტრირებელ ორგანოში. ვალდებულება ხელახალი რეგისტრაციისა თუ არ იქნებოდა მესაკუთრის საჭიროება კანონის შესაბამისად, მესაკუთრეს არ ენიჭება. რადგანაც საკუთრება ამ შემთხვევაშიც ითვლება რეგისტრირებულად. შესაბამისად მოსამართლემ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან არასწორად განმარტა კანონი.

3.6. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურზე, თუ სასამართლო თვლიდა, რომ მის მიერ დარღვეული იქნა კანონი, რომელიც წარმოშობდა შესაბამის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად შეეძლო საქმეში მეორე მოპასუხედ ჩაება რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურიც. შესაბამისად სასამართლოს მიერ უხეშად იქნა დარღვეული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნაც.

3.7. აპელანტის მოსაზრებით, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საქმეში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, უკანონო, იგი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ამასთან, უხეშად არის დარღვეული მთელი რიგი კანონებისა, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც საფუძველია გადაწყვეტილების გაუქმებისა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის - ი. ჩ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სრულად უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ი. ჩ.-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ;

კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს;

იმავე 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი.

ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე’’ პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული;

ფაქტობრივი დასაბუთება

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. დადგენილია, რომ 1994 წლის 28 დეკემბერს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე ი. ჩ.-მ ლ. კ,-გან შეიძინა ქ. რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა; დადგენილია, რომ რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა მანამდე ორდერის საფუძველზე სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა მ. ო.-ს, რომელმაც დასახელებული უძრავი ნივთი უსასყიდლოდ საკუთრებაში მიიღო 18.09.1992 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე; მოგვიანებით, 03.11.1992 წლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მარია ოგოროდნიკამ დასახელებული საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა ლ. კ.-ს;

დადგენილია, რომ 28.12.1994 წლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილ უძრავ ნივთზე - ქ. რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე მოსარჩელის - ი. ჩ.-ს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა რუსთავის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში;

იხილეთ მტკიცებულებები:
· 28.12.1994 წლის ხელშეკრულება (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 14);
· 18.09.1992 წლის ხელშეკრულება (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 194);
· 03.11.1992 წლის ხელშეკრულება (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 195-196);
· საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.12.2014 წლის NXXXXXX წერილი (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 156);
· რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის ცნობა (საქმის 1-ლი ტომი, ს./.ფ. 15);

4.2. დადგენილია, რომ თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერიის 2011 წლის 11 ივლისის #XXX ბრძანებით, ქ. რუსთავი, თოდრიას მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე ბინა, საკუთრებაში გადაეცა მ. გ.-ს და შესაბამისად 2011 წლის 13 ივლისს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №XXX;

დადგენილია, რომ 14.07.2011 წელს მ. გ.-მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია; რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 14.07.2011 წლის გადაწყვეტილება N XXXXXXXXXXXX-XX -ით დაკმაყოფილდა მ. გ.-ს მოთხოვნა, ეს უკანასკნელი დარეგისტრირდა უძრავი ნივთის მესაკუთრედ;

იხილეთ მტკიცებულებები:
· რუსთავის მერიის 2011 წლის 11 ივლისის #XXX ბრძანება (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 175);
· რუსთავის მერიის 13.07.2011 წლის NXXX საკუთრების უფლების მოწმობა (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 174);
· მ. გ.-ს 14.07.2011 წლის განცხადება (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 171);
· რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 14.07.2011 წლის გადაწყვეტილება N XXXXXXXXXXXX-XX (იხილეთ საჯარო რეესტრის ვებ. გვერდი, https://naprweb.reestri.gov.ge/engine/papers/document.php?app=3661379&dec=7151142&cCode=);
· 14.07.2011 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხილეთ საჯარო რეესტრის ვებ. გვერდი (https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEUlMzzWxFtI5DkKQFgJnNjnOPOfdvAzJI2N0erorHMy);

4.3. დადგენილია, რომ 23.08.2011 წლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მ. გ.-მ ე. მ.-ს მიჰყიდა ქ. რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა; დადგენილია, რომ რ.-ს სარეგისტრაციო სამსახურის 23.08.2011 წლის გადაწყვეტილება N XXXXXXXXXXXX-XX -ით დაკმაყოფილდა ე. მ.-ს მოთხოვნა და ეს უკანასკნელი დარეგისტრირდა უძრავი ნივთის - ქ. რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ;

იხილეთ მტკიცებულებები:
· 23.08.2011 წლის ხელშეკრულება (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 166-168);
· რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 23.08.2011 წლის გადაწყვეტილება N XXXXXXXXXXX-XX (იხილეთ საჯარო რეესტრის ვებ. გვერდი, https://naprweb.reestri.gov.ge/engine/papers/document.php?app=3759741&dec=7392068&cCode=);
· 02.12.2011 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 69-70);

4.4. დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის #1-327-11 განაჩენით მ. გ. და ზ. ი. ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 5-5 წლის ვადით. აღნიშნული კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მ. გ.-მ და ზ. ი.-მ წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ ქ. რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე, ი. ჩ.-ს საცხოვრებელ ბინას. აღნიშნული მიზნით, მათ წინასწარი შეთანხმებით, ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ძიებით დაუდგენელი პირისაგან შეიძინეს მითითებული ბინის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი ყალბი ოქმი #XX-XX 1996 წლის 08 ნოემბრის თარიღით, აღნიშნული დოკუმენტი რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის ყალბ ამონაწერთან ერთად, რომლის თანახმადაც ზემოაღნიშნულ ბინაზე რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ინფორმაცია მითითებულ ბინაზე საკუთრების უფლების შესახებ არ მოიპოვება, წარადგინეს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიაში. მითითებული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე 2011 წლის 16 ივლისს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის №XXX ბრძანებით, მ. გ.-ს საკუთრებაში გადაეცა ბინა მდებარე: ქ. რუსთავი, თოდრიას მე-X ჩიხი, №X-XX, რითაც დაზარალებულ ი. ჩ.-ს მიაყენა 33 000 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.

იხილეთ მტკიცებულება:
· რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის #1-327-11 განაჩენი (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 91-96);

4.5. დადგენილია, რომ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერის 2012 წლის 08 თებერვლის #XX ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერის 2011 წლის 11 ივლისის #XXX ბრძანება და 2011 წლის 13 ივლისის №XXX საკუთრების უფლების მოწმობა მათი ძალაში შესვლის დღიდან. 08.02.2012 წლის NXX ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის #1-327-11 განაჩენი;

იხილეთ მტკიცებულება:
· რუსთავის მერის 2012 წლის 08 თებერვლის #XX ბრძანება (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 19-21);

4.6. დადგენილია, რომ მოსარჩელემ - ი. ჩ.-მ სამოქალაქო სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ე. მ.-ს და მ. გ.-ს მიმართ, ამ უკანასკნელთა შორის 23.08.2011 წელს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ი. ჩ.-ს ქ. რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ ცნობის, მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებით; დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 31.05.2012 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი. ჩ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

დადგენილია, რომ მოსარჩელე ი. ჩ.-მ მისი სამოქალაქო სარჩელისა გამო, მოპასუხეების - ე. მ.-ს და მ. გ.-ს მიმართ, ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ აღიარების, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებით აღძრულ სამოქალაქო საქმეზე გამოიყენა სასამართლოს გადაწყვეტილებების როგორც სააპელაციო, ისე - საკასაციო წესით გასაჩივრების უფლება; კერძოდ, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.10.2012 წლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. ჩ.-ს სააპელაციო საჩივარი, ძალაში დარაჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 31.05.2012 წლის გადაწყვეტილება; ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2013 განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. ჩ.-ს საკასაციო საჩივარი, ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს 23.10.2012 წლის განჩინება;

იხილეთ მტკიცებულებები:
· რუსთავის საქალაქო სასამართლოს 31.05.2012 წლის გადაწყვეტილება (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 43-53);
· თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.10.2012 წლის განჩინება (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 54-65);
· საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2013 წლის განჩინება (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 66-68);

4.7. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერიის 2011 წლის 11 ივლისის #XXX ბრძანების და 2011 წლის 13 ივლისის NXXX საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის წინმსწრები ადმინისტრაციული წარმოების, წარმოების დროს გამოყენებული დოკუმენტების შინაარსზე;

4.7.1. კერძოდ, დადგენილია, რომ მ. გ.-მ მიზნად დაისახა რა დაუფლებოდა (საკუთრებაში მიეღო) სხვა პირის - ი. ჩ.-ს კუთვნილი უძრავი ნივთი - ქ. რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, მან განცხადებით მიმართა რუსთავის მერიას და წარუდგინა ი. ჩ.-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინასთან დაკავშირებული სამი სხვადასხვა დასახელებისა და შინაარსის დოკუმენტი: 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისსტრაციო სამსახურის 27.05.2011 წლის TT XXXXXXXXXX ინფორმაცია უძრავ ნივთზე (ქ. რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა) უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების მიხედვით, 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს 22.06.2011 წლის NXXXXX წერილი იმავე საცხოვრებელი ბინის შესახებ, 3. გამგეობასთან არსებული საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის 1996 წლის 08 ნოემბრის NXX-XX ოქმი;

4.7.2. დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 27.05.2011 წლის TT XXXXXXXXXX ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ყალბია, ასეთი შინაარსის დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოს არ მოუმზადებია, არ გაუცია; კერძოდ, რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 27.05.2011 წლის TT XXXXXXXXXX ინფორმაციაში მითითებულია, რომ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების მიხედვით, ქ. რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე ინფორმაცია საკუთრების უფლების შესახებ არ მოიპოვება; 27.05.2011 წლის TT XXXXXXXXXXწერილი არ ასახავდა ნამდვილ ფაქტს, სინამდვილეში, ქ. რუსთავში, თოდრიას მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების მიხედვით, 1994 წლიდან დღემდე ირიცხებოდა და ირიცხება ი. ჩ.-ს საკუთრების უფლებით;

4.7.3. დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.06.2011 წლის NXXXXX წერილი ნამდვილია, ასეთი შინაარსის დოკუმენტი მარეგისტრირებელმა ორგანომ ნამდვილად გასცა, წერილი ასახავდა ნამდვილ ფაქტს; კერძოდ, სააგენტოს 22.06.2011 წლის NXXXXX წერილში, რომლის ადრესატიც არის მ. გ., მითითებულია, რომ ქ. რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებული არ არის; დასახელებული უძრავი ნივთი თუმცა ეკუთვნოდა ი. ჩ.-ს, ეს უკანასკნელი მართლაც არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში 22.06.2011 წლის მდგომარეობით;

4.7.4. დადგენილია, რომ გამგეობასთან არსებული საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის 1996 წლის 08 ნოემბრის NXX-XX ოქმი ყალბია, ასეთი შინაარსის დოკუმენტი კომისიას არ მოუმზადებია, არ გაუცია; კერძოდ, 1996 წლის 08 ნოემბრის NXX-XX ოქმში მითითებულია, რომ გ. გ.-მ თავის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა (რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა) გადაუფორმა მ. გ.-ს; სადავო არ არის ის ფაქტი, რომ სინამდვილეში რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა ორდერის საფუძველზე სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა არა გ. გ.-ს, არამედ სხვა პირს - მ. ო.-ს, რომელმაც დასახელებული უძრავი ნივთი უსასყიდლოდ საკუთრებაში მიიღო 18.09.1992 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე; მოგვიანებით, 03.11.1992 წლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მ. ო.-მ დასახელებული საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა ლ. კ.-ს, ხოლო ლ. კ.-მ 28.12.1994 წლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ბინა მიჰყიდა ი. ჩ.-ს; შესაბამისად, 1996 წლის 08 ნოემბრის მდგომარეობით (და შემდეგაც) რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა ირიცხებოდა არა გ. გ.-ს, არამედ ი. ჩ.-ს სახელზე;

იხილეთ მტკიცებულებები:
· სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისსტრაციო სამსახურის 27.05.2011 წლის TT 2041031611 ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 86);
· სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.06.2011 წლის N94709 წერილი (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 88);
· გამგეობასთან არსებული საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის 1996 წლის 08 ნოემბრის N23-28 ოქმი (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 90);
· რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის #1-327-11 განაჩენი (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 91-96);
· 28.12.1994 წლის ხელშეკრულება (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 14);
· 18.09.1992 წლის ხელშეკრულება (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 194);
· 03.11.1992 წლის ხელშეკრულება (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 195-196);
· საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.12.2014 წლის N270790 წერილი (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 156);

4.8. დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 27.05.2011 წლის TT XXXXXXXXXX ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ წარმოადგენს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით დამზადებული დოკუმენტების ყალბ ვერსიას; კერძოდ, სადავო არ არის ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.0210 წლის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის’’ ნორმებზე დაყრდნობით თავის საქმიანობაში ამკვიდრებს და გამოიყენებს რა მართვის ავტომატურ საშუალებებს, ამ უკანასკნელის გამოყენებით ამზადებს და გასცემს მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ ინფორმაციას უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისე, რომ ამ მეთოდით მომზადებული და გაცემული/გასაჯაროებული დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი თანამდებობის პირის მიერ და არ არის დამოწმებული შესაბამისი უწყების სათანადო ბეჭდით; თუმცა, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით დამზადებული დოკუმენტის ნამდვილობა, მისი გაყალბებისგან დაცვა უზრუნველყოფილი არის შემდეგნაირად: დოკუმენტზე დატანილი არის განცხადების რეგისტრაციის ნომერი, რომელიც შედგება 12 სიმბოლოსგან, მათგან 2 სიმბოლო წარმოადგენს ლათინურ ასოებს, ხოლო დანარჩენი 10 - ციფრებს (მაგალითად TT XXXXXXXXXX), განცხადების რეგისტრაციის ნომერი უნიკალურია, იგი არ მეორდება; დოკუმენტის (დოკუმენტში ასახული ინფორმაციის) ნამდვილობის გადასამოწმებლად აუცილებელია, რომ განცხადების რეგისტრაციის ნომერი (10 ციფრი) შეტანილ იქნეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდის, რომლის მისამართია https://www.napr.gov.ge/udzravi, სპეციალური განყოფილების, სახელწოდებით - ინფორმაცია ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან, რომლის მისამართია https://bti.reestri.gov.ge/hoj_bti.php, ასევე სპეციალურ ველში, სახელწოდებით - რეგისტრირებული განცხადება, რის შედეგადაც ასევე სპეციალურ ველში გამოისახება კონკრეტული, უნიკალური ნომრით რეგისტრირებული განცხადების საფუძველზე, კონკრეტული უძრავი ნივთის შესახებ უკვე მომზადებული და გაცემული ინფორმაცია ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ისე, რომ ინფორმაციის ელექტრონული ვერსია სრულად იმეორებს იმ ინფორმაციის ყველა დეტალს, რომელიც თავის დროზე გადატანილ იქნა ქაღალდზე და გადაეცა დაინტერესებულ პირს;

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის მიმდინარეობისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ყალბი დოკუმენტის - 27.05.2011 წლის TT XXXXXXXXXX ინფორმაციის ნამდვილი ანალოგები ნიმუშების სახით, რათა გამოერკვია, რამდენად შეესაბამებოდა ყალბი დოკუმენტის (27.05.2011 წლის TT XXXXXXXXXX ინფორმაცია) ფორმა და ვიზუალური მხარე ჩვეულებრივ, რეალურად გაცემული ნამდვილი დოკუმენტების ფორმასა და ვიზუალურ მხარეს; საქმეზე წარმოდგენილ იქნა 12 ნიმუში - სხვადასხვა დროს, სხვადასხვა უძრავი ნივთების გამო, სხვადასხვა პირთა მოთხოვნის საფუძველზე გაცემული 12 დოკუმენტი (ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ); ყალბი და ნამდვილი ნიმუშების შედარებითი ანალიზით დგინდება, რომ ყალბი დოკუმენტი თავისი ფორმით და იერსახით არაფრით განსხვავდება ნამდვილისგან, თუმცა, შესაბამისი მანიპულაციების ჩატარების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ყალბი დოკუმენტზე - 27.05.2011 წლის TT XXXXXXXXXX ინფორმაციაზე დატანილი სარეგისტრაციო ნომერი - TT XXXXXXXXXX საჯარო რეესტრის ვებ. გვერდის შესაბამისი განყოფილების შესაბამის ველში არ იკრიბება, არ იდენტიფიცირდება, შესაბამისად, ამ ნომრით საერთოდ არ იძებნება არა თუ რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის, არამედ სხვა უძრავი ნივთის შესახებ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული და გასაჯაროებული ესა თუ ის ინფორმაცია;

სააპელაციო პალატის კითხვაზე, ევალებოდა თუ არა მოპასუხეს 27.05.2011 წლის TT XXXXXXXXXX ინფორმაციის საჯარო რეესტრის ვებ.გვერდზე გადამოწმება, ზმოწინააღმდეგე მხარის - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლება მიუთითეს, რომ მათმა მარწმუნებელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მ. გ.-ს საქმეში იხელმძღვანელა საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის პრეზუმფციით, მოპასუხეს არ გააჩნდა დოკუმენტის გადამოწმების საფუძველი;

შესაბამისად, სააპელაციო პალატა ეყრდნობა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობას, დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ განმცხადებლის - მ. გ.-ს განცხადების გამო დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რუსთავის მერიის უფლებამოსილ თანამდებობის პირს (მოხელეს) გადაწყვეტილების მიღებამდე (ანუ, 2011 წლის 11 ივლისის #XXX ბრძანების, 13.07.2011 წლის NXXX საკუთრების უფლების მოწმობის გამოცემამდე) არ გადაუმოწმებია მასთან წარდგენილი ერთ-ერთი დოკუმენტის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 27.05.2011 წლის TT XXXXXXXXXX ინფორმაციის ნამდვილობა საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე ინფორმაციის მოპოვების გზით; დადგენილია, რომ რუსთავის მერიის უფლებამოსილ თანამდებობის პირს (მოხელეს) გადაწყვეტილების მიღებამდე რომ გადაემოწმებია მასთან წარდგენილი დოკუმენტის - რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 27.05.2011 წლის TT XXXXXXXXXX ინფორმაციის ნამდვილობა საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე შესაბამისი მანიპულაციებით ინფორმაციის მოპოვების გზით, აუცილებლად გამოვლინდებოდა დოკუმენტის სიყალბე, დოკუმენტში მითითებული ინფორმაციის არარეალურობა, კერძოდ, გამოვლინდებოდა ფაქტი მასზედ, რომ რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა არ ირიცხება არც გ.-ს და არც მ. გ.-ს სახელზე და რომ ასეთი დოკუმენტი საჯარო რეესტრს საერთოდაც არ გაუცია;

იხილეთ მტკიცებულებები:
· ინფორმაციები უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, 12 ნიმუში (საქმის მე-2 ტომი, ს./ფ. 72-83);
· სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისსტრაციო სამსახურის 27.05.2011 წლის TT XXXXXXXX ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 86);
· თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ივნისის, 2015 წლის 01 ოქტომბრის სხდომის ოქმები (საქმის მე-ტომი);

4.9. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოდან - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოითხოვა ყალბი დოკუმენტის - გამგეობასთან არსებული საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის 1996 წლის 08 ნოემბრის NXX-XX ოქმის ნამდვილი ანალოგები ნიმუშების სახით, რათა გამოერკვია, რამდენად შეესაბამებოდა ყალბი დოკუმენტის (NXX-XX ოქმის) ფორმა და ვიზუალური მხარე ჩვეულებრივ, რეალურად გაცემული ნამდვილი დოკუმენტების (ოქმების) ფორმასა და ვიზუალურ მხარეს; საქმეზე წარმოდგენილ იქნა 2 ნიმუში; ყალბი და ნამდვილი ნიმუშების შედარებითი ანალიზით დგინდება, რომ ყალბი დოკუმენტი თავისი ფორმით და იერსახით არაფრით განსხვავდება ნამდვილისგან;

თუმცა, საყურადღებოა, რომ თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალით დადგინდა, რომ ორ სხვადასხვა შემთხვევაში (ანუ, რ., თ.-ს ქ. NXX კორპუსი, ბინა NXX-ის და რ., მ.-ს ქ. NX კორპუსი, ბინა NX-ის შემთხვევაში) რუსთავის მერიამ კონკრეტული საცხოვრებელი ბინების პრივატიზების შესახებ საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე გადაამოწმა გამგეობასთან არსებული საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის მიერ გაცემული ოქმები იმ გზით, რომ ორივე შემთხვევაში სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის რუსთავის არქივიდან გამოითხოვა ინფორმაცია ოქმებში მითითებული საცხოვრებელი ბინების თაობაზე წინა პერიოდში გაცემული საბინაო ორდერების შესახებ; დადგენილია, რომ ორივე შემთხვევაში (ანუ, რ., თ.-ს ქ. NXX კორპუსი, ბინა NXX-ის და რუსთავი, მცხეთის ქ. NX კორპუსი, ბინა NX-ის შემთხვევაში) რუსთავის არქივმა რუსთავის მერიას გადასცა ბინების ორდერები, რითაც დადასტურდა გამგეობასთან არსებული საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის ოქმებში მითითებული დამქირავებლების ვინაობა და უფლებამოსილება;

სააპელაციო პალატის კითხვაზე, ევალებოდა თუ არა მოპასუხეს NXX-XX ოქმის ნამდვილობის გადამოწმება მ. გ. ს საქმეში, მოწინააღმდეგე მხარის - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლება მიუთითეს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა დოკუმენტის გადამოწმების საფუძველი, მხოლოდ ეჭვის არსებობის შემთხვევაში ითხოვდა მერია დამატებით დოკუმენტს - ორდერს, სადავო შემთხვევაში ეჭვის საფუძველი არ არსებობდა;

უდავოა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ მ. გ.-ს განცხადების გამო დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ისე მიიღო სინამდვილეში ი. ჩ.-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის პრივატიზების გადაწყვეტილება, რომ მას გამგეობასთან არსებული საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის 1996 წლის 08 ნოემბრის NXX-XX ოქმის გადამოწმების მიზნით არ მიუმართავს რუსთავის არქივისთვის, არ გამოურკვევია, იყო თუ არა გაცემული და ვის სახელზე იყო გაცემული წინარე პერიოდში რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე საბინაო ორდერი;

უდავოა, რომ რუსთავის მერიას შესაბამისი (სტანდარტული) შეკითხვით რომ მიემართა რუსთავის არქივისთვის, გაირკვეოდა, რომ რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა საბინაო ორდერის საფუძველზე არასდროს ჰქონია სარგებლობაში გადაცემული გ. გ.-ს.

იხილეთ მტკიცებულებები:
· რ., თ.-ს ქ. NXX კორპუსი, ბინა NXX-ის პრივატიზების გამო ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალა (საქმის მე-2 ტომი, ს./ფ. 85-97);
· რუსთავი, მცხეთის ქ. NX კორპუსი, ბინა NX-ის პრივატიზების გამო ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალა (საქმის მე-2 ტომი, ს./ფ. 98-109);
· თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ივნისის, 2015 წლის 01 ოქტომბრის სხდომის ოქმები (საქმის მე-ტომი);

4.10. შპს ,,ა.’’-ის 16.12.2011 წლის აუდიტორული დასკვნით დგინდება, რომ რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის (ბინა არის ოროთახიანი, ჩეხური პროექტის, 64.47 კვ.მ. ფართით, მდებარეობს მე-8 სართულზე) საბაზრო ღირებულება, საშუალოდ, შეადგენს 24 000 აშშ დოლარს, რომლის ექვივალენტი თანხა ლარებში 16.12.2011 წლის მდგომარეობით, შეადგენდა 39 780 ლარს;

მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია შპს ,,ა.’’-ის 16.12.2011 წლის აუდიტორული დასკვნის გამაბათილებელი, სხვა ფაქტობრივი გარემოების (ბინის სხვა ღირებულების) დამდგენი რაიმე მტკიცებულება;

იხილეთ მტკიცებულება: შპს ,,ა.’’-ის 16.12.2011 წლის აუდიტორული დასკვნა (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 29-30);

სამართლებრივი დასაბუთება

4.11. სააპელაციო პალატა იზიარებს რა მოსარჩელის პოზიციას, მიიჩნევს, რომ მოპასუხის - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით, კერძოდ, უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - რუსთავის მერიის 2011 წლის 11 ივლისის #XXX ბრძანების, 13.07.2011 წლის N167 საკუთრების უფლების მოწმობის გამოცემით მოსარჩელეს - ი. ჩ.-ს მიადგა მატერიალური ზიანი, რომლის ანაზღაურება უნდა დაევალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს შემდეგ გარემოებათა გამო:

4.12. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილია, რომ ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილია, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით დადგენილია, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

4.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, თუკი 1. პირი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, 2. პირის მოქმედება იყო განზრახი ან გაუფრთხილებელი, 3. უშუალოდ ამ მართლსაწინააღმდეგო, განზრახმა ან გაუფრთხილებელმა მოქმედებამ ზიანი მიაყენა სხვა პირს, კერძოდ შელახა პირის ქონებრივი ან/და არაქონებრივი უფლებები ან/და კანონით დაცული ინტერესები (მიზეზობრივი კავშირი); დელიქტით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად აუცილებელია სამივე პირობის თანადროულობა, თანაარსებობა;

4.14. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე ი. ჩ.-ს შემთხვევაში სახეზეა დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების სამივე წინაპირობა; კერძოდ:

დავას არ იწვევს მხარეებ შორის ის ფაქტი, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - რუსთავის მერიის 2011 წლის 11 ივლისის #XXX ბრძანება, 13.07.2011 წლის NXXX საკუთრების უფლების მოწმობა არის არასწორი, კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; დასახელებული ბრძანება და საკუთრების უფლების მოწმობა პირდაპირ ეწინააღმდეგება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძველს - საქართველოს რეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის NXX ბრძანებულებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ ყველა დებულებას; 2011 წლის 11 ივლისის #XXX ბრძანების და 13.07.2011 წლის NXXX საკუთრების უფლების მოწმობის უკანონობა დადასტურებულია იმავე ადმინისტრაციული ორგანოს - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის გვიანდელი ინდ. აქტით - 08.02.2012 წლის NXX ბრძანებით, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 11 ივლისის #XXX ბრძანება და 13.07.2011 წლის NXXX საკუთრების უფლების მოწმობა;

კითხვას იმის შესახებ, მიუძღვის თუ არა ბრალი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას ი. ჩ.-თბვის მატერიალური ზიანის მიყენებაში, პასუხი გაეცემა იმ შემთხვევაში, თუკი პასუხი მოეძებნება მეორე კითხვას იმის შესახებ, ევალებოდა თუ არა და შეეძლო თუ არა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მიეღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება მოქ. მ. გ.-ს განცხადების გამო დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განსახილველი და გადასაწყვეტი საკითხის თაობაზე, ანუ, შეეძლო თუ არა ადმინისტარციულ ორგანოს საერთოდ არ გამოეცა 2011 წლის 11 ივლისის #XXX ბრძანება და 13.07.2011 წლის NXXX საკუთრების უფლების მოწმობა, საერთოდ არ გადაეცა მ. გ.-თვის საკუთრებაში სხვისი (ი. ჩ.-ს) კუთვნილი საცხოვრებელი ბინა;

სააპელაციო პალატამ შეისწავლა და გაანალიზა რა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებული ფაქტები, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას ევალებოდა და შეეძლო კიდეც, რომ მიეღო (მაგრამ არ მიიღო) კანონშესაბამისი გადაწყვეტილება მოქ. მ. გ.-ს განცხადების გამო დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განსახილველი და გადასაწყვეტი საკითხის თაობაზე; აღნიშნული მოსაზრება ეფუძნება შემდეგ მსჯელობას:

4.15. როგორც ზემოთ არის მითითებული, 2011 წლის 11 ივლისის #XXX ბრძანებისა და 13.07.2011 წლის NXXX საკუთრების უფლების მოწმობის გამოცემისას რუსთავის მერიამ იხელმძღვანელა იმ დროისთვის (2011 წელს) მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის NXX ბრძანებულებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ ნორმებით - სწორედ ეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ადგენდა საკვანძო საკითხის - სახელმწიფოს კუთვნილი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების პრივატიზაციის შესახებ საკითხის გადაწყვეტისთვის აუცილებელ პროცედურლ ნორმებსა და მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებს;

4.16. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის NXX ბრძანებულებით დამტკიცებული ,,წესის’’ თანახმად, პრივატიზაციას ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ ის უძრავი ნივთი (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი), რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაში არის (ანუ, ირიცხება სახელმწიფო საბინაო ფონდში ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში) და არავის გადასცემია უსასყიდლოდ საკუთრებაში; ამავე ,,წესის’’ თანახმად, სახელმწიფოს კუთვნილი არაპრივატიზებული ფართი შესაძლებელია უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მხოლოდ და მხოლოდ კანონიერ მოსარგებლეს, კერძოდ, ფიზიკურ პირს, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე; ,,წესის’’ თანახმად, არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილებას იღებდა (დღემდე იღებს) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ინდ. აქტის გამოცემის გზით; შესაბამისად, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს - ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს ევალებოდა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ერთი კონკრეტული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოერკვია საკითხი იმის შესახებ, ექვემდებარებოდა თუ არა განცხადებაში მითითებული უძრავი ნივთი პრივატიზებას ,,წესის’’ მიხედვით, იყო თუ არა განმცხადებელი ფართის კანონიერი მოსარგებლე და ა.შ.

4.17. მოცემულ სადავო შემთხვევაში რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ 2011 წლის 11 ივლისის #XXX ბრძანების სახით მიიღო ისეთი საცხოვრებელი ბინის (რ., თ.-ს მე-Xჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა) პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც უკვე პრივატიზებული იყო სხვა პირის სახელზე, თანაც მრავალი წლის წინ (1992 წელს), და წარმოადგენდა არა სახელმწიფოს, არამედ სხვა პირის (ფიზიკური პირის) საკუთრების უფლების ობიექტს; რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას ევალებოდა, გაერკვია უძრავი ნივთის - რუსთავში, თოდრიას მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მერიას უნდა დაედგინა, ექვემდებარებოდა თუ არა დასახელებული უძრავი ნივთი პრივატიზებას, ხომ არ იყო ბინა უკვე პრივატიზებული, იყო თუ არა მ. გ. საცხოვრებელი ბინის კანონიერი მოსარგებლე; რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია;

4.18. როგორც ზემოთ არის მითითებული, უკანონო გადაწყვეტილების - რუსთავის მერიის 2011 წლის 11 ივლისის #XXX ბრძანებისა და 13.07.2011 წლის NXXX საკუთრების უფლების მოწმობის გამოცემას საფუძვლად დაედო ყალბი დოკუმენტები - გამგეობასთან არსებული საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის 1996 წლის 08 ნოემბრის NXX-XX ოქმი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 27.05.2011 წლის TT XXXXXXXXXX ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომ არა აღნიშნული დოკუმენტები, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, თანახმად მისივე მტკიცებისა, არ მიიღებდა საცხოვრებელი ბინის პრივატიზების გადაწყვეტილებას; მოპასუხის მტკიცებით, მას ი. ჩ.-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არ გააჩნდა ინფორმაცია მასზედ, რომ რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული იყო ი. ჩ.-ს სახელზე (იხილეთ სააპელაციო შესაგებელი, გვ. 3, საქმის მე-2 ტომი, ს./ფ. 35-42); ასევე, მოპასუხის მტკიცებით, მას არ ევალებოდა მტკიცებულებათა შეგროვება, მასთან წარდგენილი დოკუმენტების ავთენტურობის დადგენა, რუსთავის მერიის თანამშრომლებს არც განზრახ და არც უხეში გაუფრთხილებლობით არ დაურღვევიათ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობები (იხილეთ სააპელაციო შესაგებელი, გვ. 5, საქმის მე-2 ტომი, ს./ფ. 35-42);

4.19. სააპელაციო პალატა არ იზიარებს რა მოპასუხის მტკიცებას, მიუთითებს, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო, სცოდნოდა მარეგისტრირებელი ორგანოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ნამდვილი მონაცემები საპრივატიზაციოდ წარდგენილი საცხოვრებელი ბინის შესახებ; რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მასზედ დაკისრებული უფლებამოსილებების კანონშესაბამისად და კეთილსინდისიერად შესრულების პრინციპიდან გამომდინარე, უნდა გადაემოწმებია მასთან წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა, მით უმეტეს, რომ მას (მერიას) ხელთ ჰქონდა დოკუმენტების გადამოწმების ეფექტური საშუალებები და ხერხები;

4.20. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. იმავე მე-5 მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

ასევე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 732-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. საჯარო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად.

4.21. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ (მერიის თანამშრომლებმა) არ გადაამოწმა რა მასთან წარდგენილი ორი დოკუმენტის - გამგეობასთან არსებული საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის 1996 წლის 08 ნოემბრის NXX-XX ოქმისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 27.05.2011 წლის TT XXXXXXXXXX ინფორმაციის ნამდვილობა, ამით მან (მერიამ) უგულვებელყო უფლებამოსილების ჯეროვნად, მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება, რითაც მატერიალური ზიანი მიადგა ი. ჩ.-ს;

4.22. კერძოდ, როგორც ზემოთ არის მითითებული, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 27.05.2011 წლის TT XXXXXXXXXX ინფორმაცია წარმოადგენს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით დამზადებული დოკუმენტს (ყალბ ვერსიას), რომელიც არ არის (არც უნდა იყოს) ხელმოწერილი თანამდებობის პირის მიერ და არ არის (არც უნდა იყოს) დამოწმებული შესაბამისი უწყების სათანადო ბეჭდით; დოკუმენტის ნამდვილობას უზრუნველყოფს მასზედ დატანილი განცხადების რეგისტრაციის უნიკალური ნომერი; დადასტურებულია, რომ ამ ნომრის პირველი ოთხი ციფრი აღნიშნავს წელს (ანუ, იმ წელს, როდესაც მზადდება და გაიცემა ეს დოკუმენტი), ხოლო ნომრის დანარჩენი ექვსი ციფრი - განცხადებისთვის რეგისტარციის მომენტში მინჭებულ რიგით ნომერს; აღსანიშნავია, რომ თავად რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოუდგინა სააპელაციო სასამართლოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტების - უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის 12 ნამდვილი ნიმუში, მათგან ორი დამზადებულია 2011 წლის 24 მაისს, ერთი 2011 წლის 17 მაისს, ერთი - 2011 წლის 20 აპრილს, ერთიც - 2011 წლის 11 აპრილს, დანაჩენები - 2011 წლის ივნისის თვეში; დოკუმენტის თორმეტივე ნიმუში იმიტომ ინახება რუსთავის მერიაში, რომ ისინი, თავის დროზე, წარდგენილი იყო დაინტერესებული პირების მიერ უშუალოდ მერიაში მათში მითითებული საცხოვრებელი ბინების პრივატიზაციის მიზნებისთვის; შესაბამისად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს/თანამდებობის პირს/საჯარო მოხელეს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონოდა ამ სახის დოკუმენტების სწორად წაკითხვისა და გამოყენების ჩვევა - ყალბი დოკუმენტის - 27.05.2011 წლის TT XXXXXXXXXX ინფორმაციისა და 12 ნამდვილი ნიმუშის შედარებითი ანალიზით დგინდება, რომ ყალბ დოკუმენტზე დატანილი მაიდენტიფიცირებელი ნომერი გაყალბებულია - ნომრის პირველ ოთხ ციფრად მითითებული არის 2041, მაშინ, როცა ნომრის პირველი ოთხი ციფრი აღნიშნავს წელს, ხოლო თავად დოკუმენტის დამზადების თარიღად მითითებული არის 2011 წლის 27 მაისი, ანუ, თუ დოკუმენტი დამზადდა და გაიცა 2011 წლის 27 მაისს, მაიდენტიფიცირებელი ნომრის პირველი ოთხი ციფრიც უნდა ყოფილიყო 2011 და არა 2041; უფლებამოსილ თანამდებობის პირს/საჯარო მოხელეს საჯარო რეესტრის ვებ. გვერდზე სათანადო მანიპულაციების ჩატარების გარეშეც, თავიდანვე, სტანდარტული წინდახედულებისა და ჩვეული გულმოდგინების გავლენით, უნდა გასჩენოდა ეჭვი მასზედ, რომ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 27.05.2011 წლის TT XXXXXXXXXX ინფორმაცია შესაძლოა, ყოფილიყო ყალბი;

თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ დოკუმენტის მაიდენტიფიცირებელ ნომერს რომც არ წარმოეშვა დასაბუთებული ეჭვი დოკუმენტის სიყალბის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანო, უფლებამოსილების ჯეროვნად, მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად შესრულების სახელმძღვანელო პრინციპის თანახმად, მაინც იქნებოდა ვალდებული, გადაემოწმებია დოკუმენტის ნამდვილობა ინტერნეტში საჯარო რეესტრის ვებ.გვერდზე შესაბამისი მანიპულაციების ჩატარების გზით, რადგან მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით დამზადებული დოკუმენტის ნამდვლობა უზრუნველყოფილი არის ასეთი დოკუმენტის ვებ. გვერდზე ონლაინ - რეჟიმში გადამოწმების გზით, რაც ბევრად უფრო ეფექტურია და სანდო, ვიდრე დოკუმენტზე დატანილ რეკვიზიტებზე - თანამდებობის პირის ხელმოწერასა და ორგანიზაციის ბეჭედზე დაყრდნობა;

4.23. რაც შეეხება მეორე ყალბ დოკუმენტს - გამგეობასთან არსებული საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის 1996 წლის 08 ნოემბრის NXX-XX ოქმს, მასთან მიმართებაშიც გამოიკვეთა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული უმოქმედობა, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების (ბრძანების) მიღებას; კერძოდ, როგორც ზემოთ არის მითითებული, მოცემული საქმის განხილვისას საქმეზე წარმოდგენილ იქნა ორი უძრავი ნივთის - რუსთავი, თბილისის ქ. NXX კორპუსი, ბინა NXX-ის და რ., მ.-ს ქ. NX კორპუსი, ბინა NX-ის პრივატიზების გამო ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ამსახველი დოკუმენტების სანიმუშო კრებულები; ორივე კრებულში საცხოვრებელი ბინების კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტებად წარდგენილი არის სწორედ გამგეობასთან არსებული საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის მიერ გაცემული ოქმები; თუმცა, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია არ დაჯერდა რა ამ ოქმებს, მან თავისი ინიციატივით გადაამოწმა ხსენებულ საცხოვრებელ ბინებზე წინარე პერიოდებში საბინაო ორდერების გაცემის ფაქტები, საბინაო ორდერებში მითითებული პირების ვინაობა რუსთავის არქივიდან ინფორმაციის გამოთხოვის გზით; რ., თ.-ს ქ. NXX კორპუსი, ბინა NXX-ის და რ., მ.-ს ქ. NX კორპუსი, ბინა NX-ის პრივატიზების გამო ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ამსახველი დოკუმენტების სანიმუშო კრებულებისა და მ. გ.-ს განცხადების გამო, რ., თ.-ს მე-X ჩიხი, №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პრივატიზების მიზნით ჩატარებული ადმინისტარციული წარმოების ამსახველი დოკუმენტების ერთობლიობის შედარებითმა ანალიზმა ცხადყო, რომ განხილული სამი შემთხვევიდან რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ორ შემთხვევაში გამოიჩინა სიფრთხილე და წინდახედულება - არქივიდან მოითხოვა და მიიღო კიდეც დამატებითი ინფორმაცია, ანუ, მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერებით მოეკიდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რისი თქმაც მესამე შემთხვევასთან (ანუ, მ. გ.-ს საქმესთან) მიმართებაში შეუძლებელი არის - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, სხვა (სანიმუშო) საქმეებისგან განსხვავებით, მოცემულ საქმეზე არ გამოუჩენია დამატებით ინფორმაციის მოძიების ინიციატივა;

მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარემ (მერიამ) ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რომლებიც არსებობდა სანიმუშო საქმეებში და რომლებიც არ არსებობდა მ. გ.-ს საქმეში და რომელთა გამოც სანიმუშო საქმეებში მოხდა დამატებითი ინფორმაციების/დოკუმენტების გამოთხოვა/მოძიება, ხოლო მ. გ.-ს საქმეში - არა; ამდენად, სანიმუშო საქმეებისა და მ. გ.-ს საქმის დოკუმენტებით დგინდება, რომ ყველა საქმეში განცხადებული მიზნები ერთმანეთის მსგავსია, ყველა საქმეში (სანუმუშო საქმეებში - წარმოების სწყის ეტაპზე) წარდგენილი დოკუმენტების წრე, ასევე, ერთმანეთის იდენტურია, თუმცაღა, თავად რუსთავის მერიის დამოკიდებულება სანიმუშო საქმეებისა და მ. გ.-ს საქმის მიმართ სრულიად განსხვავებულია - თუკი სანიმუშო საქმეებში მერია აქტიურია და კვალიფიციურად მოქმედებს, მ. გ.-ს საქმეში დაუსაბუთებლად უმოქმედოა და უინიციატივო, რამაც სააპელაციო პალატას ჩამოუყალიბა აზრი მასზედ, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შეეძლო და აქედან გამომდინარე, ევალებოდა, რომ მ. გ.-ს საქმეში წარდგენილ დოკუმენტს - გამგეობასთან არსებული საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის 1996 წლის 08 ნოემბრის NXX-XX ოქმს მოპყრობოდა კრიტიკული ეჭვით, გამოეჩინა სიფრთხილე და წინდახედულება იმ მიზნით, რომ შეემოწმებია ოქმის ნამდვილობა;

4.24. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს გამგეობასთან არსებული საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტის - ოქმის რაობაზე, რათა ნათელი იყოს, თუ რუსთავის მერია, როგორც წესი, რატომ იჩენდა მომეტებულ სიფრთხილეს ასეთ ოქმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისას; კერძოდ, რუსთავი, თბილისის ქ. NXX კორპუსი, ბინა NXX-ის და რ., მ.-ს ქ. NX კორპუსი, ბინა NX-ის პრივატიზების გამო ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ამსახველი დოკუმენტების სანიმუშო კრებულებში წარმოდგენილი დოკუმენტებით - ოქმებითა და საბინაო ორდერებით დადგინდა, რომ გამგეობასთან არსებულ საბინაო საკითხთა საზოგადოებრივ კომისიას მიმართავდნენ საცხოვრებელი ბინების ის დამქირავებლები, რომლებსაც ბინებით სარგებლობის უფლება მოპოვებული ჰქონდათ საბინაო ორდერების საბუძველზე და რომლებიც არაპრივატიზებული საცხოვრებელი ბინების სარგებლობის უფლებას გადასცემდნენ (ასხისებდნენ) სხვა პირებს; სწორედ ასეთი გადაცემის დაფიქსირების და იურიდიულად გაფორმების მიზანს ემსახურებოდა გამგეობასთან არსებული საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის ოქმი;

4.25. სააპელაციო პალატა, ეყრდნობა რა ზემოთ მოხმობილ მსჯელობას, მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, თავის დროზე (მ. გ.-ს საქმის წარმოებისას), შეეძლო სწორად გადაეწყვიტა საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის საკითი; ადმინისტრაციული სამართლის კონკრეტული ნორმები ადმინისტრაციულ ორგანოებს აკისრებს კონკრეტული საკითხების (ამ შემთხვევაში - ბინის პრივატიზაციის საკითხის) ადმინისტრირების, ანუ მოგვარების, გადაწყვეტის უფლებამოსილებას, რაც თავისთავად გულისხმობს ამ უფლებამოსილების კეთილსინდისიერად, კანონის მიზნების შესაბამისად გამოყენების ვალდებულებას და როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს ამ ვალდებულებას, იგულისხმება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი მოქმედებს ბრალეულად - განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ამტკიცოს, რომ იგი (მისი მოხელე) არაბრალეულია, რომ მისი მხრიდან ადგილი არ აქვს არც განზრახვას და არც უხეშ გაუფრთხილებლობას; მოცემულ სადავო შემთხვევაში მოპასუხე მხარე თუმცა განმარტავდა, რომ ყალბი დოკუმენტების პირობებში მას არ შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება და რომ მას არ ეკისრებოდა დოკუმენტების სიყალბის დადგენის ვალდებულება, საქმესთან დაკავშირებული ფაქტების კვლევამ ცხადყო, რომ მოპასუხეს შეეძლო და ევალებოდა მასთან წარდგენილი დოკუმენტების გადამოწმება და ამ გზით მათი სიყალბის დადგენა; მოპასუხე მხარე ვერ მიუთითებს ისეთ მტკიცებულებაზე, ფაქტზე ან/და არგუმენტზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას მოცემულ სადავო შემთხვევაში არ შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება; მოპასუხე ასევე ვერ მსჯელობს მასზედ, რომ სწორედ მოსარჩელე ი. ჩ.-მ, თავის ქმედებით (მოქმედებით/უმოქმედობით) ხელი შეუწყო უკანონო გადაწყვეტილების გამოტანას; ამდენად, პალატა მიიჩნევს, საქმესთან დაკავშირებული ფაქტები და მტკიცებულებები იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხე მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად; ბრალეულობა განზრახია თუ უხეშად გაუფრთხილებელი, ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის არსებითი მნიშვნელობის მატარებელი არ არის, რადგან როგორც განზრახვის, ისე - უხეში გაუფრთხილებლობის დროს ზიანი უნდა ანაზღაურდეს და თანაც - სრულად.

4.26. ამდენად, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ, თავის დროზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას რომ არ გამოეცა უკანონო ინდ. აქტი - , მ. გ. ვერ შეძლებდა ი. ჩ.-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის საჯარო რეესტრში თავის სახელზე დარეგისტრირებას და შემდეგ - სხვა პირზე გასხვისებას, უკანონო ინდ. აქტის გავლენით ი. ჩ.-მ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, დაკარგა ნივთზე საკუთრების უფლება; სწორედ მოვლენების და ფაქტების ამგვარი ქონოლოგია ამჟღავნებს პირდაპირ მიზეზობრივ კავშირს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებასა (ანუ, უკანონო ბრძანების გამოცემასა) და ი. ჩ.-თვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს შორის, რის გამოც მოპასუხეს - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 24 000 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტი თანხის - 42 160 ლარის ანაზღაურება;

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რის გამოც ი. ჩ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის - ი. ჩ.-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხეს - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 24 000 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტი თანხის - 42 160 ლარის ანაზღაურება;

6. საპროცესო ხარჯები

6.1. დადგენილია, რომ მოსარჩელემ - ი. ჩ.-მ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 1 265 ლარი;

6.2. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.205 წლის განჩინებით აპელანტს - ი. ჩ.-ს გადაუვადდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილების თაობაზე მისი სააპელაციო საჩივრის გამო აღძრულ ადმინისტრაციულ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სამართალწარმოების დასრულებამდე;

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

6.4. სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა აპელანტის - ი. ჩ.-ს სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, მართებულია, რომ მოსარჩელის (აპელნატის) - ი. ჩ.-ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 1 265 ლარი დაეკისროს მოპასუხეს - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის - ი. ჩ.-ს სასარგებლოდ.

6.5. რაც შეეხება სააპელაციო სამართალწარმოების ხარჯს, თუმცა მოწინააღმდეგე მხარემ - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ წააგო აღნიშნული დავა და მის წინააღმდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მასზე ვერ გავრცელდება სსს კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დებულებები, რადგან იგი (მოპასუხე), თანახმად ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტისა, განთავისუფლებული არის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

6.7. ამდენად, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სამართალწარმოების ხარჯს გაიღებს სახელმწიფო;

სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, მე-4, მე-10, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით

გადაწყვიტა:

1. აპელანტის - ი. ჩ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება; საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მოსარჩელის - ი. ჩ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. მოპასუხეს - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელის - ი. ჩ.-ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 42 160 ლარის ანაზღაურება;

5. მოსარჩელის (აპელნატის) - ი. ჩ.-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 1 265 ლარი დაეკისროს მოპასუხეს - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის - ი. ჩ.-ს სასარგებლოდ.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.