ნახვები: 285
საქმის ნომერი: 2ბ/1980-13
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე,
გადაწყვეტილების სახე:
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, , საქმე №2ბ/1980-13 (2013-09-25), www.temida.ge
საქმის № 2ბ/1980-13


საქართველოს სახელით
       25 სექტემბერი, 2013 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნატალია ნაზღაიძე

სხდომის მდივანი – დარეჯან ბიძინაშვილი

აპელანტი – მ. ე.
წარმომადგენელი – მ. ჯ.
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ.
წარმომადგენელი – მ. ჯ.
დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

მ. ე.-ის მიერ გ. ჩ.-ის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა: ნოტარიუს ი. ხ.-ის მიერ, 2012 წლის 19 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N XXXXXXXXX) გაუქმება მოვალე მ. ე.-თვის პირგასამტეხლოს სახით 2011 წლის 28 მაისიდან 2012 წლის 19 აპრილამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 10 000 აშშ დოლარის 0,3%-ს დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით მ. ე.-ის ვალდებულება კრედიტორ გ. ჩ.-ის წინაშე განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 10 000 აშშ დოლარის 0,05%-ით, 2011 წლის 28 მაისიდან 2012 წლის 19 აპრილამდე; ნოტარიუს ი. ხ.-ის მიერ, 2012 წლის 19 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N XXXXXXXXX) გაუქმება მოვალე მ. ე.-სთვის საპროცენტო სარგებლის 500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით მ. ე.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს ი. ხ.-ის მიერ 2012 წლის 19 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N XXXXXXXXX) მოვალე მ. ე.-სთვის პირგასამტეხლოს სახით 2011 წლის 28 მაისიდან 2012 წლის 19 აპრილამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 10 000 აშშ დოლარის 0.3%-ს დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით მ. ე.-ის ვალდებულება კრედიტორ გ. ჩ.-ის წინაშე განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 10 000 აშშ დოლარის 0.1%-ით, 10 აშშ დოლარით, 2011 წლის 28 მაისიდან 2012 წლის 19 აპრილამდე, რაც შეადგენს 3 270 აშშ დოლარს. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხე გ. ჩ.-ის სასარგებლოდ ერთი თვის საპროცენტო სარგებლის 500 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, 2012 წლის 19 აპრილის სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები


2.1. 2011 წლის 28 თებერვალს, გ. ჩ.-სა და მ. ე.-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ. ჩ.-მ მ. ე.-ს ასესხა 10 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, სარგებლის - ყოველთვიურად სესხის თანხის 5%-ის დარიცხვით.

ამავე ხელშეკრულებით, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ. ე.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე, ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-X კვ. კორპ. XX, ბინა XX.
ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლოს - ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის სესხის დარჩენილი თანხის 0,3%-ს გადახდა. 2011 წლის 28 თებერვალს ხელშეკრულება სანოტარო წესით დადასტურებული იქნა ნოტარიუს ი. ხ.-ის მიერ.
მტკიცებულებები:
- 2011 წლის 28 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 20-24)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 25)

2.2. 2011 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იქნებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სააღსრულებო ფურცლის მისაღებად მიემართა ნოტარიუსისთვის.
მტკიცებულება:
- 2011 წლის 28 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 20-24)

2.3. 2012 წლის 19 აპრილს, ნოტარიუს ი. ხ.-ის მიერ კრედიტორ გ. ჩ.-ის სასარგებლოდ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს: სესხის თანხის დავალიანება - 10 000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს სახით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის - სესხის თანხის 0,3%, რაც 2011 წლის 28 მაისიდან 2012 წლის 19 აპრილამდე შეადგენს 9 810 აშშ დოლარს, სააღსრულებო ფურცლის ამოწერისათვის გადახდილი საზღაური - 127,90 ლარი. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგენილი იქნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
მტკიცებულება:
- სააღსრულებო ფურცელი (ტომი 1, ს.ფ. 17-19)

2.4. მ. ე.-ს 2011 წლის 28 თებერვლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სესხის თანხა 10 000 აშშ დოლარი გ. ჩ.-სთვის არ დაუბრუნებია. მ. ე.-ის მიერ 2011 წლის 28 თებერვლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი იქნა ორი თვის საპროცენტო სარგებელი, კერძოდ 2011 წლის 28 თებერვალს, ხელშეკრულების გაფორმებისას, წინასწარ გადახდილი იქნა ერთი თვის საპროცენტო სარგებელი, ხოლო 2011 წლის 04 მაისს გადახდილი იქნა მეორე თვის საპროცენტო სარგებელი.
მტკიცებულებები:
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2013 წლის 26 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი)
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 126-129)
- გ. ჩ.-ის ხელწერილი (ტომი 1, ს.ფ. 26)

2.5. 2011 წლის 19 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ვალდებულება მ. ე.-ის მიერ არ არის შესრულებული.
მტკიცებულებები:
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2013 წლის 26 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი)
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2013 წლის 26 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.6. მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მან ფულადი ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ. კერძოდ, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხეს სრულად გადაუხადა სამი თვის საპროცენტო სარგებელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების მოსარჩელის მიერ ნაწილობრივ შესრულების ფაქტის მტკიცება უნდა განეხორციელებინა მოსარჩელე მხარეს გამომდინარე იქედან, რომ სწორედ ამ გარემოებას ეფუძნება მისი სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი სრულად გადაუხადა კრედიტორს - გ. ჩ.-ს. აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით მოსარჩელე მხარე ემყარება ზეპირ ახსნა-განმარტებას და მოწმეთა ჩვენებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მატერიალური სამართლებრივი ნორმით მოცემული გარემოებების დამტკიცებისათვის ამა თუ იმ მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას ზოგ შემთხვევაში კარნახობს ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა. ასე მაგალითად, სასესხო ვალდებულების დროს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების შემთხვევაში მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა, სადავოობისას ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად როგორიცაა თანხის მიმღების ხელწერილი, თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი და სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლის მიხედვით, მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტილია. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების ან კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთმითითებული გარემოების დადასტურებას.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კანონმდებელი ვალდებულების (მოვალის მიერ ვალის გადახდა) მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტად განიხილავს კრედიტორის მიერ შედგენილ დოკუმენტს.

მოცემულ შემთხვევაში, თავად მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ საპროცენტო სარგებლის სრულად გადახდის თაობაზე წერილობითი სახის მტკიცებულება არ შედგენილა. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ე. წ.-ს ჩვენების მიხედვით, ის ესწრებოდა 2011 წლის ივნისის თვეში ივნისის და ივლისის თვის საპროცენტო სარგებლის, 2011 წლის ივლისის თვეში აგვისტოს თვის საპროცენტო სარგებლის გადაცემას, ხოლო 2011 წლის სექტემბრის თვის ბოლოს ან ოქტომბრის თვის დასაწყისში, მ. ე.-მ ნ. ჯ.-ს გადასცა სექტემბრის და ოქტომბრის თვის სარგებელი, თუმცა აღნიშნული თანხის გადაცემას მოწმე თავად არ დასწრებია (იხ. 2013 წლის 26 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი, 12:44:17-13:01:46 სთ). მოწმე ქ. შ.-ს ჩვენების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებისას მ. ე.-ის მიერ გადახდილი იქნა ორი თვის საპროცენტო სარგებელი, ხოლო 2011 წლის 04 მაისს გადახდილი იქნა მესამე თვის საპროცენტო სარგებელი. ამასთან, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმდა შუამავლის მეშვეობით, რომელსაც სესხის თანხიდან - 15 500 აშშ დოლარიდან გადაეცა 300 აშშ დოლარი, 200 აშშ დოლარი წარმოადგენდა სანოტარო მოქმედებების საზღაურს, ხოლო მ. ე.-ის მიერ მიღებული იქნა 14 000 აშშ დოლარი. (იხ. 2013 წლის 26 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი, 12:31:50-12:41:45 სთ). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2011 წლის 28 თებერვლის სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხის თანხა ჯამში შეადგენდა 15 500 აშშ დოლარს. ამდენად, მოწმის ჩვენების გაზიარების შემთხვევაში, გაურკვეველია როგორ გადაეცათ გამსესხებლებს (გ. ჩ.-ს და ნ. ჯ.-ს) ორი თვის საპროცენტო სარგებელი, სულ 1550 აშშ დოლარი, იმ დროს როდესაც 500 აშშ დოლარი წარმოადგენდა შუამავლის გასამრჯელოს და სანოტარო მოქმედების საზღაურს, ხოლო მ. ე.-ს აღნიშნული ხარჯის და ორივე მსესხებლის სასარგებლოდ ორი თვის საპროცენტო სარგებლის გადახდის შემდეგ დარჩა 14 000 აშშ დოლარი.

რამდენადაც საქმის მასალებში არ მოიპოვება 2011 წლის 28 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამი თვის საპროცენტო სარგებლის სრულად გადახდის თაობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას იმის შესახებ, რომ მ. ე.-ის მიერ საპროცენტო სარგებელი სრულად გადახდილი არ არის. სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2011 წლის 28 თებერვლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე საპროცენტო სარგებელი სრულად გადახდილია და ამ ფაქტის დადგენის მიზნით მოცემულ საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები წარმოადგენდნენ სათანადო მტკიცებულებას. სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენება არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად.

ამდენად, სასამართლომ მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ გ. ჩ.-სთვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამი თვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ფაქტის დადასტურება მოწმეთა ჩვენების საფუძველზე შეუძლებელია.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის ზეპირი განმარტება ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უარყოფილი იქნა მოპასუხის მიერ. მოსარჩელე მხარეს კი არ წარმოდგენია ისეთი სახის წერილობითი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მის მიერ 2011 წლის 28 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის გადახდის ნაწილში ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტს.
ამდენად, მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა, რომ მის მიერ ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება შესრულებული იქნა საპროცენტო სარგებლის გადახდის ნაწილში.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
დადგენილია, რომ 2011 წლის 28 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუს ი. ხ.-ის მიერ, 2012 წლის 19 აპრილს გ. ჩ.-ის სასარგებლოდ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც მოვალე მ. ე.-ს გადასახდელად დაეკისრა: სესხის ძირითადი თანხის დავალიანება - 10 000 აშშ დოლარი, ერთი თვის საპროცენტო სარგებელი - 500 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს სახით - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის თანხის დავალიანების 10 000 აშშ დოლარის 0,3%-ს გადახდა, რაც 2011 წლის 28 მაისიდან 2012 წლის 19 აპრილამდე შეადგენს 9 810 აშშ დოლარს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2011 წლის 28 თებერვალს სანოტარო წესით დადასტურებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 23 თებერვლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს სესხის სახით გადასცა 10 000 აშშ დოლარი, მსესხებელს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა 2011 წლის 28 მაისისთვის. მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ იქნა დაბრუნებული. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის არ იქნა გადახდილი ამავე ხელშეკრულებით შეთანხმებული ერთი თვის საპროცენტო სარგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია მოპასუხეს დაუბრუნოს სესხის თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით და გადაუხადოს ერთი თვის საპროცენტო სარგებელი 500 აშშ დოლარის ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მ. ე.-ის მოთხოვნა მოპასუხე გ. ჩ.-ის სასარგებლოდ ერთი თვის საპროცენტო სარგებლის 500 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, 2012 წლის 19 აპრილის სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე სასამართლომ მიიჩნია დაუსაბუთებლად და არ დააკმაყოფილა.
2.8. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოსარჩელეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა შესრულებული. მოსარჩელე მხარე სადავოდ მიიჩნევდა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას. კერძოდ, თვლიდა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირებულიყო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%, თვეში 9%, წელიწადში 108%) იყო შეუსაბამოდ მაღალი მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს. საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპი, როგორიცაა საკუთრების, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლების პრინციპი.

სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო წესრიგის დარღვევისას არა მარტო ილახება მხარის უფლება, არამედ ზიანი ადგება სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს, ვინაიდან აღნიშნული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე იყო დასაბუთებელი და უნდა დაკმაყოფილებულიყო. კერძოდ, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო - სესხის თანხის 0,3% შემცირდა 0,1%-მდე. შესაბამისად, ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს ი. ხ.-ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი და მოვალე მ. ე.-ის ვალდებულება პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში განისაზღვრა სესხის თანხის 10 000 აშშ დოლარის 0,1%-თ, 10 აშშ დოლარით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2011 წლის 28 მაისიდან 2012 წლის 19 აპრილამდე.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ე.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცლით ახალი გადაწყვეტილების მიღება და პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0.05%-ის ოდენობით. სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. აპელანტის შეფასებით, სასამართლომ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით არასწორად არ შეამცირა დაკისრებული პირგასამტეხლოს 0.3%-ის ოდენობა 0.05%-მდე.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის ფაქტობრივი თვალსაზრისით, ამდენად, პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამართლებრივი დასაბუთება

4.2. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა გადაწყვეტილებას გადასინჯავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასების ნაწილში.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობს 2011 წლის 28 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, 2011 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების მე-5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (იხ. ფაქტობრივი გარემოება 2.1).

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა დაკისრებული პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.3%, შემცირების თაობაზე მართებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 0.05%-მდე, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.(იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012)

სააპელაციო პალატა ასევე დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, 2011 წლის 28 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

მართალია, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა)პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ)ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ)პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

განსახილველ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის დარჩენილი თანხის 0.3%-ის ოდენობით.

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით და იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ დავაში ფაქტობრივი თვალსაზრისით მსჯელობა არ ყოფილა კრედიტორისათვის წარმოქნილ საფრთხის ხარისხზე - კერძოდ, მისთვის დამდგარ ნეგატიურ ეკონომიკურ ეფექტზე, ასევე, არ ყოფილა მსჯელობა ისეთ ფაქტობივ წანამძღვრებზე, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო თავის თავში მოიცავდა ზიანის ანაზღაურებასაც, პალატას სრულიად მართებულად მიაჩნია მოპასუხე მხარის ბრალეულობისა და პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის მქონე ინსტრუმენტის არსებობის პირობებში, მისი დამატებით შემცირება 0.05%-მდე (წლიური 18%).

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების საერთო თანხის სიდიდიდან და ვალდებულების დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს სესხის დარჩენილი თანხის 0.05%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს ნოტარიუს ი. ხ.-ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი და მოვალე მ. ე.-ის ვალდებულება პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში განისაზღვროს სესხის თანხის 10 000 აშშ დოლარის 0,05%-თ, 5 აშშ დოლარით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2011 წლის 28 მაისიდან 2012 წლის 19 აპრილამდე.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, გ. ჩ.-ს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 150 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :


1. მ. ე.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (1.1. პუნქტი) და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. მ. ე.-ის სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ი. ხ.-ის მიერ 2012 წლის 19 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N XXXXXXXXX) მოვალე მ. ე.-სთვის პირგასამტეხლოს სახით 2011 წლის 28 მაისიდან 2012 წლის 19 აპრილამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 10 000 აშშ დოლარის 0,3%-ს დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით მ. ე.-ის ვალდებულება კრედიტორ გ. ჩ.-ის წინაშე განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 10 000 აშშ დოლარის 0,05%-ით, 5 აშშ დოლარით, 2011 წლის 28 მაისიდან 2012 წლის 19 აპრილამდე, რაც შეადგენს 1 635 აშშ დოლარს.
5. გ. ჩ.-ს მ. ე.-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.




შეჯამება I:

პირგასამტეხლო არის სახელშეკრულებო მოთხოვნის შერულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის ინსტრუმენტი. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ითვალისწინებს პირის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, განსაზღვრავს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

განმარტებული ნორმები:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები

თეგები:

პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, დანიშნულება და მისი შემცირების კრიტერიუმები

განმარტების სრული ტექსტი:

„სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“

“პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა)პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ)ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ)პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.“