ნახვები: 308
საქმის ნომერი: 1/ბ-259-13
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: შორენა ყაველაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-259-13 (2013-10-09), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-259-13

განაჩენი
საქართველოს სახელით
       09 ოქტომბერი, 2013 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
შორენა ყაველაშვილი

თამთა სირაძის მდივნობით,

სახელმწიფო ბრალმდებლის: მორის ჩუბინიძის
მსჯავრდებულის: გ. ბ.-ს
ადვოკატის: ვ. გ.-ს
მონაწილეობით,

ღია სასამართლო სხდომაზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის მორის ჩუბინიძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ.-ს სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №XXXXXXXXXXXX) (დაბადებული XX/XX 1976 წელს, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები კასპის რაიონის სოფელი ხ.) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით.



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

წინასწარ გამოძიების მიერ გ. ბ.-ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 1:30 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ხ.-ში, გ. ბ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით ჩაიდინა კ. ი.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის დროს სახელმწიფო ბრალმდებლმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლის საფუძველზე, ზემდომი პროკურორის თანხმობით იშუალდგომლა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვისას დადასტურდა, რომ გ. ბ.-ს მიერ ჩადენილია არა საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით, არამედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 01:30 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ხ.-ში, გ. ბ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით ჩაიდინა კ. ი.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 ივნისის განაჩენით:
გ. ბ. გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გ. ბა. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7 650 (შვიდი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
გ. ბ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2013 წლის 9 იანვრის 21:10 საათიდან.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვინაიდან ბერალდებული სასამართლო განხილვამდე იმყოფებოდა პატიმრობაში, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით იგი მთლიანად გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისაგან და დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა მორის ჩუბინიძემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ცვლილების შეტანას გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განაჩენში და გ. ბ.-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში.
გ. ბ.-მ შესაგებლით ითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას სახელმწიფო ბარლმდებელმა მორის ჩუბინიძემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ მორის ჩუბინიძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის არსებითი განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოში მსჯავრდებულმა გ. ბ.-მ განმარტა, რომ 2013 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში კასპის რაიონის სოფელ ხ.-ში არსებულ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალთან მასსა და კ. ი.-ს შორის მოხდა შელაპარაკება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ზ. ჯ. და გ. ბი.. გ. ბ.-ს აღწერით, აღნიშნულ მემორიალს ერთი შესასვლელი აქვს და სწორედ ამ შესასვლელში იდგა ა/მანქანა, დანარჩენი მხრიდან კი კედლები აქვს შემოსაზღვრული, რომელიც სიმაღლით მიწვდება დაახლოებით მკერდამდე. სწორედ მითითებული ა/მანქანის ფარებთან მოხდა მასსა და კ. ი.-ს შორის პირველი შელაპარაკება და ფიზიკური შეხება, რომელთანაც ვერ მორიგდა მისთვის გადასაცემი თანხის ოდენობაზე, რაც კ. ი.-ს განმარტებით, მასთან მუშაობისას გამოიმუშავა. გ. ბ.-ს განმარტებით, მან ხელის კვრამდე დაზარალებულს ფული შესთავაზა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა თანხის აღებაზე - ”ფულის ღორი არ ვარო” და კვლავ გააგრძელა შეკამათება. აღნიშნული შეკამათების შემდეგ კ. ი. მოტრიალდა და წავიდა, 10 მეტრის გავლის შემდეგ კი პირველი ჩხუბის საპასუხოდ მოტრიალდა და დანით ხელში მისკენ წამოვიდა. დანის ქნევით წამოსული კ. ი.-ს ჯერ ზ. ჯ. და გ. ბი. შეხვდნენ, თუმცა ისინი ჩამოეცალნენ და შემდეგ მისი მიმართულებით წამოვიდა. იგი გაქცევას აპირებდა, თუმცა კედელი დახვდა. შემოტრიალდა და პირისპირ აღმოჩნდა კ. ი.-სთან, რა დროსაც ხელები მაჯებში წაავლო და წააქცია. კ. ი. გვერდულად დაეცა, რა დროსაც ამ უკანასკნელს ორჯერ ამოარტყა ფეხი, ერთხელ კი ხელი დაარტყა. იგი დაზარალებულს ხელის მიმართულებით არტყავდა, რათა მას დანა დაეგდო, რა დროს გაიგონა ”დავიჭერიო”. ამის გაგონებაზე თავი დაანება, თუმცა ხუმრობა ეგონა, მეტი რომ აღარ დაერტყა მისთვის. ინციდენტის შემდეგ კ. ი. წავიდა, ხოლო გ. ბ., ზ. ჯ. და გ. ბი. ა/მანქანით უკან დაბრუნდნენ. სახლში მისულს კ. ი.-ს მეუღლემ დაურეკა და ჰკითხრა, თუ რა მოხდა მათ შორის, რადგან მისი მეუღლე სახლში მისვლისას სისხლიანი იყო. აღნიშნულის შემდეგ კი კ. ი. გ. ბ.-ს მეგობრის ა/მანქანით კასპის რაიონულ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ამავე ჩვენებაში გ. ბ.-მ განმარტა, რომ მას ჩხუბის დროს დანა ხელში არ ჰქონია, პირიქით, როდესაც მან დაინახა მისკენ გინებით მომავალი კ. ი., რომელსაც ხელში დანა ეჭირა და იქნევდა, ხელები დაუჭირა, გადაუჯვარედინა და წააქცია, მისივე თქმით, დაზარალებულს სხეულზე არსებული დაზიანებები შესაძლოა მიეღო როგორც წაქცევის დროს, ასევე ფეხის ამორტყმისას. გ. ბ.-ს განმარტებით, იგი მხოლოდ თავს იცავდა კ. ი.-სგან და მას მისი ხსეულის დაზიანების განზრახვა არ ჰქონდა.
საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულ კ. ი.-ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი გ. ბ.-სთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა შეშის დამზადებაზე, ამასთან ბრალდებული მისი შვილის ნათლიაა. ვინაიდან 2012 წელს მას ნამუშევარი ჰქონდა ათი რეისი, გ. ბ.-ს მისთვის 300 ლარი უნდა გადაეხადა, რომელიც კონფლიქტამდე რამდენიმე ხნით ადრე მოსთხოვა. გ. ბ. მას შეპირდა, რომ არსებულ დავალიანებას ახალი წლისთვის გადაუხდიდა. 2013 წლის 01 იანვარს, როდესაც იგი სიგარეტის საყიდლად მიდიოდა, ქუჩაში გ. ბ.-ს კუთვნილი ა/მანქანა დაინახა, რომელიც გ. ბი.-ს სახლთან იყო გაჩერებული და თავადაც შევიდა. გაშლილ სუფრაზე გ. ბ. და გ. ბი. ისხდნენ, სადაც შეიპატიჟეს. მან გ. ბ.-ს დავალიანების გადახდა სთხოვა, რაზეც ამ უკანასკნელმა 10 ლარი შესთავაზა, ხოლო მან უარი განაცხადა და თანხის სრულად დაბრუნება სთხოვა. აღნიშნულზე გ. ბ.-მ უთხრა, რომ რვეულს ჩამოიტანდა, სადაც თანხასთან დაკავშირებით ეწერა და წყაროსთან შეხვდებოდა. დაახლოებით ნახევარ საათში წყაროსთან ზ. ჯ., გ. ბი. და გ. ბ. ჩავიდნენ ამ უკანასკნელის კუთვნილი ა/მანქანით, სადაც თავადაც ჩაჯდა და სოფლის მიმართულებით წავიდნენ. ვინაიდან ა/მანქანაში სინათლე არ იყო, ა/მანქანა გააჩერეს და გარეთ, ფარების შუქზე გადმოვიდნენ, სადაც გ. ბ.-ს დედის მისამართით შეაგინა და თან ფული სთხოვა. ამ უკანასკნელმა აუხსნა, რომ მას მხოლოდ 250 ლარი ეკუთვნოდა და არა 300 ლარი. აღნიშნულზე იგი გაბრაზდა და ხელი მოუქნია, რაზეც გ. ბ.-მ შეუბრუნა ხელი. დაზარალებულის განმარტებით, ვინაიდან მას ჯიბეში დანა ჰქონდა, ამოიღო და უთხრა, „დაგჭრიო“, ხოლო გ. ბი.-ს და ზ. ჯ.-ს უთხრა – „გამეცალეთო“, ვინაიდან ისინი მის შესაბოჭად წამოვიდნენ. დაახლოებით 3-5 მეტრის მანძილზე, როცა მან გ. ბ.-სკენ გაიწია, ამ უკანასკნელმა მას დანიანი ხელი დაუჭირა და დაიქნია, რა დროსაც გვერდულად წაიქცა, ხოლო გ. ბ. კი მის ზემოდან აღმოჩნდა. იგი გ. ბ.-ს დაბლიდან ეწინააღმდეგებოდა და ერთმანეთს ურტყავდნენ, თუმცა მას გ. ბ.-ს ხელში დანა არ დაუნახავს. სწორედ ამ დროს მარცხენა ბეჭში სისხლი იგრძნო და შეიგინა – „დამჭერი შენი დედა...“. დაზარალებულის განმარტებით, დანა გ. ბ.-მ წაართვა, ვინაიდან ამ უკანასკნელს დანა თან არ ჰქონია, გ. ბ.-ს ხელს კი უშლიდნენ ზ. ჯ. და გ. ბი., მაგრამ აღარ დაარტყა, ზ. ჯ.-მ და გ. ბ.-მ გააშველეს, რის შემდეგაც თავად ადგა და სახლმუზეუმის მხრიდან სახლში დაბრუნდა.
მოწმე გ. ბ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 2013 წლის 01 იანვარს, იმყოფებოდა თავის სახლში - კასპის რაიონის სოფელ ხ.-ში და დაახლოებით 23 საათზე მასთან ახალი წლის მისალოცად მივიდა გ. ბ.. 2-3 ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ კი მოვიდა კ. ი.-ც, რომელიც სუფრაზე მიიპატიჟეს და გააგრძელეს ღვინის დალევა. 2-3 ჭიქის დალევის შემდეგ, დაახლოებით 10 წუთში ამ უკანასკნელმა გ. ბ.-ს ფულზე ჩამოუგდო საუბარი, რა დროსაც უმტკიცებდა, რომ მისთვის გადასახადი ჰქონდა არა 250 ლარი, არამედ კიდევ დამატებით ნამუშევარი ორი რეისის თანხა, სულ 300 ლარის ოდენობით. გ. ბ. კ. ი.-ს თანხას ადგილზევე აძლევდა, თუმცა ამ უკანასკნელმა არ გამოართვა. ბოლოს, გ. ბ.-მ უთხრა, რომ როცა ოჯახიდან გავიდოდნენ, მაშინ ესაუბრათ აღნიშნულ საკითხზე, რის შემდეგაც კ. ი. გარეთ გავიდა და უთხრა, გელოდებიო. მოწმის განმარტებით, დაახლოებით 2-3 ჭიქის დალევის შემდეგ გ. ბ.-მ მისგან წამოსვლა დააპირა, მაგრამ ვინაიდან ჩხუბის შეეშინდა, თან გამოჰყვა. კ. ი. გარეთ ელოდებოდათ. გზაში მათ ზ. ჯ. შეხვდათ, რომელიც ასევე მათთან ერთად შეშაზე მუშაობდა და რომელსაც გ. ბ.- სთხოვა, რომ კ. ი.-სთვის ეთქვა, თუ რამდენი ჰქონდა გამომუშავებული, რადგან ეს უკანასკნელი ნასვამი იყო და ვერ აგებინებდა. ყველა მათგანი გ. ბ.-ს ა/მანქანით ”ფორდ-ტრანზიტში” ისხდნენ, სადაც გ. ბ. კ. ი.-ს თანხის დავალიანებასთან დაკავშირებით უხსნიდა და თან რვეულს აჩვენებდა. ა/მანქანით სოფლის ცენტრში მივიდნენ და ვინაიდან მანქანაში სინათლე არ იყო, მანქანიდან გარეთ გადმოვდნენ და ფარების შუქზე გააგრძელეს საუბარი. გ. ბ. კ. ი.-ს რვეულში უჩვენებდა, თუ რამდენი ჰქონდა ნამუშევარი და ფულსაც სთავაზობდა, თუმცა კ. ი.-მ არ გამოართვა ”ფულის ღორი კია რა ვარო” და დედა შეაგინა. აღნიშნულზე გ. ბ.-მ კ. ი.-ს ხელი ჰკრა, ამ უკანასკნელმა კი ხელი დაარტყა, შემდეგ კი გ. ბ.-მაც დაარტყა. მოწმის ჩვენებით, მან და ზ. ჯ.-მ ისინი გააშველეს და ცალკ-ცალკე გაიყვანეს, რა დროსაც კ. ი.-მ მარჯვენა ჯიბიდან დანა ამოიღო და მათკენ წამოვიდა, ”თქვენც დაგჭრითო” და მასსა და ზ. ჯ.-ს ხელი მოუქნია. აღნიშნულზე ორივე მათგანი ჩამოშორდა, რის შემდეგაც კ. ი. გ. ბ.-სკენ გაექანა. ეს უკანასკნელი გაიქცა და კ. ი. მას უკან გაეკიდა, თუმცა გ. ბ. მოტრიალდა, ხელი დაუკავა და მეორე ხელი კი ქურთუკში ჩაავლო და გვერდულად წააქცია. მოწმის ჩვენებით, მან დაინახა თუ როგორ წაართვა დანა გ. ბ.-მ კ. ი.-ს და ორჯერ მოუქნია, რა დროსაც გ. ბ. მან და ზ. ჯ.-მ გვერდით გაიყვანეს, ხოლო კ. ი. კი ადგა და გინებით გზა გააგრძელა. ჩხუბისას გ. ბ. ფეხზე იდგა, თუმცა მოხრილ მდგომარეობაში იყო, ხოლო კ. ი. კი დაბლა იწვა, რის გამოც გ. ბ.-ს შეეძლო ამ უკანასკნელის მოკვლა, მაგრამ არ მოკლა. მისივე განმარტებით, არც დაჭრამდე და არც დაჭრის შემდეგ დანა არავის ხელში შეუნიშნავს და გ. ბ.-მ სწორედ კ. ი.-სთვის წართმული დანით მიაყენა ჭრილობა. დანა კი, რომელიც გ. ბ.-მ დაზარალებულს წაართვა, იყო საშუალო ზომის და გასახსნელი. სწორედ გ. ბ.-მ უთხრა დაჭრის თაობაზე პირველმა, როცა ჩხუბის შემდეგ განაცხადა, „მგონი დავჭერიო“, რის შემდეგაც კ. ი.-ს უკან გაყვნენ, თუმცა ვერ იპოვეს და სახლებში დაბრუნდნენ. დაახლოებით 2–3 წუთის შემდეგ კ. ი.-ს მეუღლესათნ სატელეფონო საუბრის შემდეგ ის და გ. ბ. კ. ი.-ს სახლში მივიდნენ, სადაც ეს უკანასკნელი გ. ბ.-ს კუთვნილ ა/მანქანაში ჩასვეს და კასპის საავადმყოფოში წაიყვანეს. მოწმე გ. ბი.-ს განმარტებით მას დანა გ. ბ.-ს ხელში არ დაუნახავს და არც დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. გ. ბ.-მ უთხრა მას, რომ მგონი დავჭერიო.
მოწმე ზ. ჯ.-ს ჩვენებით დგინდება, რომ 2013 წლის 02 იანვარი იწყებოდა, როდესაც საუბნო გზაზე გ. ბ.-მ თავისი კუთვნილი ა/მანქანით ”ფორდ–ტრანზიტით“ ჩამოიარა გ. ბი.-სთან ერთად და სთხოვა, რომ ვინაიდან ისიც მასთან ერთად მუშაობდა, დახმარებოდა, რათა კ. ი.-სთვის აეხსნათ, თუ რამდენი თანხა ეკუთვნოდა მას. იგი ა/მანქანაში ჩაჯდა და წავიდნენ სოფლის ცენტრისკენ, სადაც საბავშვო ბაღთან კ. ი. იდგა, რომელიც ასევე ა/მანქანაში ჩაჯდა. გ. ბ. ა/მანქანაში უხსნიდა, თუ რა თანხა უნდა გადაეხადა მისთვის, თან ჩანაწერებიან რვეულს ანახებდა. ვინაიდან მანქანაში სინათლე არ იყო, გადმოვიდნენ და ახლა უკვე ფარების შუქზე გააგრძელეს საუბარი, სადაც გ. ბ. ეუბნეოდა, რომ კ. ი.-ს მისგან 250 ლარი ეკუთვნოდა, თუმცა ეს უკანასკნელი უმტკიცებდა, რომ 300 ლარი ჰქონდა გადასახდელი. გ. ბ.-მ ადგილზევე შესთავაზა 250 ლარის გადახდა, რადგან თანხა თან ჰქონდა, რაზეც კ. ი.-მ განუცხადა – „ფულის ღორი არ ვარო“, შეაგინა და ხელი სახეში დაარტყა. ამის შემდეგ გ. ბ.-მაც დაარტყა და დაიწყეს ჩხუბი. მან და გ. ბი.-მ ისინი გააშველეს, მაგრამ კ. ი. იწევდა ისევ გ. ბ.-ზე. ამ დროს გ. ბი.-მ კ. ი.-ს თავი დაანება, რა დროსაც კ. ი.-მ ჯიბიდან ამოიღო დანა და დანის ქნევით წამოვიდა გ. ბ.-ს მიმართულებით და მათაც ემუქრებოდა „თქვენც დაგჭრითო“. მოწმის განმარტებით, ვინაიდან მან ორი ნაბიჯით გვერდით გაიწია, კ. ი.-მ ამით ისარგებლა და გ. ბ.-სკენ გაექანა. ეს უკანასკნელი მოტრიალდა და გაიქცა, დაახლოებით 15 მეტრის მანძილზე გაქცევის შემდეგ მოტრიალდა, რადგან იქეთ კედელი იყო და ვეღარ გაიქცა. მოწმემ აქვე დააზუსტა, რომ კედელი სამივე მხრიდან იყო შემოსაზღვრული და ისეთი სიმაღლისაა, რომ ადამიანი მას ვერ გადაახტება. სწორედ ამ დროსაც კ. ი. გ. ბ.-ს მიუახლოვდა და დანა მოუქნია. გ. ბ.-მ მას დანიანი ხელი დაუჭირა და დაბლა დაქნია, კ. ი. მიწაზე დააგდო და დანა წაართვა. ამ დროს გ. ბ. ზურგით იდგა მოხრილ მდგომარეობაში და ხელებს იქნევდა, რამდენჯერმე დაარტყა დაქნეული ხელი მაღლიდან. მისვლისას მას და გ. ბი.-ს შემოესმათ, რომ კ. ი.-მ დაიძახა „დამჭერი, შენი დედა...“ მართალია გ. ბ. და კ. ი. ერთმანეთს ჩაბღაუჭებულები იყვნენ, მაგრამ გ. ბ. ისე გაიყვანეს, არც კი შეწინააღმდეგებია. დაახლოებით 5-10 მეტრის გავლის შემდეგ, კ. ი. თავად წამოდგა ფეხზე და სახლისკენ წავიდა, ხოლო დარჩენილები კი ა/მანქანაში ჩასხდნენ და წამოვიდნენ. სწორედ გზაში, რადენიმე მეტრის გავლის შემდეგ გ. ბ.-მ თქვა „მგონი დავჭერიო“ და ა/მანქანა შემოაბრუნა, რათა კ. ი. ენახა თუ რა მდგომარეობაში იყო, თუმცა ვერ ნახეს. მხოლოდ დილით, დაახლოებით 06 საათზე, როცა პოლიციის თანამშრომლებმა კასპის პოლიციის განმყოფილებაში მიიყვანეს, მაშინ შეიტყო ის ამბავი, რომ გ. ბ.-ს კ. ი. დაუჭრია.
მოწმის სახით დაკითხული ზ. კ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2013 წლის 01 იანვარს, ღამის 02 საათზე გ. ბ.-მ დაურეკა და გარეთ გამოსვლა და შეხვედრა სთხოვა. გარეთ გამოსულს გ. ბ.-მ უთხრა, რომ მას კ. ი.-სთან მოსვლია ჩხუბი და მისი კასპში ჩაყვანა სთხოვა. კ. ი.-ს სახლთან გ. ბ.-ს კუთვნილი ა/მანქანით „ფორდ–ტრანზიტით“ მივიდნენ, სახლში შესულებს კი ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. საწოლთან კ. ი. იჯდა, რომელიც მოგვიანებით თავად ჩაჯდა ა/მანქანაში და წაიყვანეს კასპის საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, მან მხოლოდ საავადმყოფოში შეიტყო, რომ კ. ი. დაჭრილი იყო, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელს ტანსაცმელი გახადეს. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით არაფერი იცის და არც არაფერი დაუნახავს, რაც შეეხება დაზარალებულსა და ბრალდებულს, იცის, რომ ისინი ერთად მუშაობდნენ შეშაზე.
ექსპერტ რ. ტ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შსს საექსპერტო–კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში ექსპერტად და მის მიერ 2013 წლის 14 იანვარს გამომძიებელ ი.-ს მომართვის საფუძველზე ჩატარებული იქნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რა დროსაც დადგინდა, რომ გამოკვლევაზე წარმოდეგნილი კ. ი.-ს ტანსაცმლის ზედაპირზე არსებული გამწოლი დაზიანებები წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი–მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედების შედეგად. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ტრასოლოგიური დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მის წინაშე წარმოდგენილი იყო სამი ნივთმტკიცება – ტანსაცმელი, კერძოდ, ორი ცალი ჯემპრი და ერთი ცალი მაისური. წარმოდგენილ ორივე ჯემპრს აღენიშნებოდა ორ–ორი დაზიანება უკანა მარცხენა მხარეს, ხოლო მაისურზე კი ერთი დაზიანება იყო – უკანა მხარეს. ექსპერტის განმარტებით, შესაძლოა აღნიშნული დაზიანებები ერთმანეთს არ დამთხვეოდა, ვინაიდან მოძრაობაში ზოგი ცოტა მაღლაა, ზოგი – დაბლა. რაც შეეხება იმ საკითხს, აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია თუ არა ერთი და იმავე საგნით, მისთვის უცნობია, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ დანით ყოფილიყო მიყენებული.
ექსპერტ ნ. გ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შსს მთავარ სამმართველოში ბიულოგიურ განყოფილებაში ექსპერტის თანამდებობაზე. 2013 წლის 14 იანვარს გამომძიებელ ი.-ს მიერ მომართვის საფუძველზე წარმოდგენილი იქნა სამი ფუთა და სისხლის ნიმუში, რაზეც ჩატარდა ბიოლოგიური ექსპერტიზა და დადგინდა, რომ კ. ი.-ს სისხლი მიუკუთვნება 0აბ/I/ ჯგუფს და MN ტიპს. კ. ი.-ს ორ ჯემპრზე და მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0აბ/I/ ჯგუფს და MN ტიპს. კ. ი.-ს სისხლი და კ. ი.-ს ორ ჯემპრზე, მაისურზე და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე არსებული სისხლი მიეკუთვნება 0აბ/I/ ჯგუფს და MN ტიპს.
ექსპერტ მ. მ.-ს ჩვენებით დგინდება, რომ მას, როგორც სასამართლო–სამედიცინო ექსპერტს, ჩატარებული აქვს კ. ი.-ს ექსპერტიზა, რა დროსაც მან დაადასტურა თავის მიერ გაცმეული ექსპერტიზის შედეგები და განაცხადა, რომ დაზიანება მარცხენა მხარის უკანა ზედაპირზე არსებული ნაკვეთ–ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით – განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ–მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო დაზიანება გულმკერდის მარცხენა უკანა ზედაპირის პლევრის ღრუში შემავალი ნაჩხვლეტ–ნაკვეთი ჭრილობის სახით – განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ–მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. მოწმის განმარტებით, პირველი ჭრილობა იყო პირღია, ჯანმრთელობის მოუშლელად და შვიდ დღემდე არ გაქრებოდა, მეორე ჭრილობა კი მიყენებული იყო გულმკერდის უკანა ზედაპირზე მე–6 და მე–7 ნეკნთაშუა არეში, რაც იძენდა სიცოცხლისათვის სახიფათო ხასიათს, ვინაიდან სწორედ ფილტვების შეკუმშვა–გაფართოებით ხდება წნევის ცვალებადობა და ჰაერის ნაკადის მოძრაობა. დაჭრის შემთხვევაში კი შესაძლოა აღნიშნული ფუნქციის ან თავად ფილტვის დაკარგვა გამოიწვიოს, თუმცა ექსპერტიზის ჩატარებისას, სხეულის დაზიანების ხარისხის დადგენისას სამედიცინო გამოსავლის გათვალისწინება არ ხდება. მოწმის განმარტებით, ყოველი ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია, კ. ი.-ს შემთხვევაში კი სახეზეა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.
ექსპერტ რ. ჩ.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის 02 იანვარს, მის სამსახურში კასპის პოლიციიდან შევიდა გამოძახება, რის საფუძველზეც გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა კასპის რაიონის სოფელ ხ.-ში, საიდანაც ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქა, რომელიც ადგილზევე დაილუქა. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილზევე შედგა შესაბამისი ოქმი, რომლის სისწორეც ხელმოწერით დაადასტურეს. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შემდეგ ერთ–ერთი ბინიდან ამოღებული იქნა დასვრილი მაისური, რომელსაც დაზიანებები და სისხლისმაგვარი ლაქები ემჩნეოდა. ექსპერტის განმარტებით, დღეის მდგომარეობით მას არ ახსოვს იმ პირთა გვარები, სადაც განხორციელდა მაისურის ამოღება, თუმცა ახსოვს, რომ აღნიშნულზე შედგა ოქმი, რაზეც ხელი მოაწერა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2013 წლის 02 იანვარს 15:00 საათიდან 15:50 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი. საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა კასპის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გ. ხ.-მ. დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტი რ. ჩ. და ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ტ. ბ.. დათვლიერების შედეგად დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს კასპის რაიონის სოფელ ხ.-ში, სოფლის ცენტრში და წარმოადგენს სოფლის საავტომობილო გზას, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულ პირთა მემორიალი, სამხრეთით - 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი და მგზავრთა მოსაცდელი, ჩრდილო-დასავლეთით - სოფლის საბავშვო ბაღი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით - ი. ჯ.-ს სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა. შემთხვევის ადგლზე - საავტომობილო გზის სამხრეთით, მგზავრთა მოსაცდელის წინ მდებარე ტერიტორია დაფარულია თოვლით. თოვლზე შეინიშნება ადამიანის ფეხის მრავლობითი კვალი, 9 აპრილის მემორიალის წინ მდებარე სკვერთან კი შეინიშნება ა/მანქანის საბურავის გაურკვეველი კვალი. აღნიშნულ სკვერში შესასვლელთან შეინიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც ამოღებული იქნა, მოთავსდა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ბეჭდით №XX/X. ასევე მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება ”ნიკონის” ფირმის ფოტოაპარატით, ხოლო ფოტოსურათები დაერთო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს.
ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2013 წლის 02 იანვარს 16:00 საათიდან 16:20 საათამდე დროს შუალედში კასპის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის გ. ხ.-ს მიერ კასპის რაიონის სოფელ ხ.-ში მცხოვრები კ. ი.-ს მეუღლისაგან - ნ. კ.-სგან ამოღებული იქნა რუხი ფერის უმკლავო მაისური, რომელსაც აღნიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები. მასვე აღენიშნებოდა დაზიანება (გაჭრილი) 1,0X0,1 სმ სიგრძის. ამოღებული მაისური ადგილზევე დაილუქა №XX/X ლუქით. ამავე საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდნენ ექსპერტი - რ. ჩ. და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ტ. ბ..
დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2013 წლის 03 იანვარს 17:35 საათიდან 17:45 საათამდე პერიოდში კასპის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივი-გამომძიებლის გ. ხ.-ს მიერ შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს შიდა ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტ ქ. ჭ.-ს დახმარებით დაზარალებულ კ. ი.-ს მეუღლესთან ნ. კ.-სთან ჩატარდა ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი კ. ი.-ს ორი ცალი ჯემპრის დათვალიერება, რომელთაც აღენიშნებოდათ სისხლისმაგვარი ლაქები და ასევე დაზიანებები. ამავე ოქმს ერთვის ”ნიკონის” ფირმის ფოტოაპარატით გადაღებული ფოტოსურათები.
სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დგინდება, რომ 2013 წლის 12 იანვარს 14:35 საათიდან 14:45 საათამდე დროის მონაკვეთში შპს ”გ.-ს” მედდის ც. გ.-ს მონაწილეობით დაზარალებულ კ. ი.-საგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რომელიც ადგილზევე შეიფუთა და დაილუქა ლუქით №XX/X, რაზეც გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ 2013 წლის 18 იანვარს გაცემული №XX/XX დასკვნით (ექსპერტი რ. ტ.) დასტურდება, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილი კ. ი.-ს ტანსაცმლის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანებები, წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედების შედეგად. აღნიშნული დაზიანებების ადგილმდებარეობაა - პირველ ჯემპრზე, შავი ფერის ჯემპრის უკანა მარცხენა მხარეს, ქვედა კიდედან 35 სმ-ის და მარცხენა გვერდითი ნაკერიდან 14 სმ-ის მოშორებით აღინიშნება ირიბად განლაგებული გამჭოლი დაზიანება, სიგრძით დაახლოებით 13 მმ; ჯემპრის უკანა მარცხენა მხარეს, ქვედა კიდედან 54 სმ-ის და მარცხენა სახელოს შემაერთებელი ნაკერიდან 2 სმ-ის მოშორებით აღინიშნება ირიბად განლაგებული გამჭოლი დაზიანება, სიგრძით დაახლოებით 15 მმ, სხვა რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.
მეორე გრძელსახელოებიან ჯემპრზე, ნაცრისფერი ჯემპრის უკანა მარცხენა მხარეს, ქვედა კიდედან 34 სმ-ის და მარცხენა გვერდითი ნაკერიდან 13 სმ-ის მოშორებით აღინიშნება ირიბად განლაგებული გამჭოლი დაზიანება სიგრძით დაახლოებით13 მმ. ჯემპრის უკანა მარცხენა მხარეს, ქვედა კიდედან 49 სმ -ის და მარცხენა სახელოს შემაერთებელი ნაკერიდან 6სმ-ის მოშორებით აღინიშნება ირიბად განლაგებული გამჭოლი დაზიანება, სიგრძით დაახლოებით 13 მმ. სხვა რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.
ბრეტელებიან ნაცრისფერი მაისურის უკანა მარცხენა მხარეს ქვედა კიდედან 39 სმ-ის მოშორებით აღინიშნება ირიბად განლაგებული გამჭოლი დაზიანება, სიგრძით დაახლოებით 12 მმ. სხვა რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 22 იანვრის №XX/XX/X-X დასკვნით (ექსპერტი მ. მ.) დასტურდება, რომ -ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციების საფუძველზე მოქალაქე კ. ი.-ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებისათვის მიუმართავს 02.01.13 წელს და დატოვა 08.01.13 წელს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა მხრის უკანა ზედაპირის და გულმკერდის მარცხენა უკანა ზედაპირის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები. გულმკერდის მარცხენა უკანა ზედაპირის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა შემავალი პლევრის ღრუში, მარცხენა მხრის უკანა ზედაპირის მიდამოს ნაკვეთი ჭრილობა. დაზიანება მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით - განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე ნიშნით. დაზიანება გულმკერდის მარცხენა უკანა ზედაპირის პლევრის ღრუში შემავალი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობის სახით - განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
საქართველოს შსს საექპსრტო-კრმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ 2013 წლის 20 თებერვალს გაცემული №XXX/XX დასკვნით (ექსპერტი ნ. გ.) დგინდება, რომ კ. ი.-ს სისხლი მიუკუთვნება 0აბ/I/ ჯგუფს და MN ტიპს. კ. ი.-ს ორ ჯემპრზე და მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0აბ/I/ ჯგუფს და MN ტიპს. კ. ი.-ს სისხლი და კ. ი.-ს ორ ჯემპრზე, მაისურზე და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე არსებული სისხლი მიეკუთვნება 0აბ/I/ ჯგუფს და MN ტიპს.
პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი /პროკურორი/ რეალურად სადავოდ მიიჩნევს არა გასაჩივრებული განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ ამ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ აპელანტის აზრით გ. ბ. მოქმედებდა არა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით, არამედ დაზარალებულისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არარსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემობეას, რომ გ. ბ.-ს ჯჰქონდა კ. ბ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვა.
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად სისხლის სამართლის წესით აკრძალულ და დასჯად ქმედებას წარმოადგენს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ესე იგი პირის ქმედება მიმართული უნდა იყოს იმისკენ და მის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ მსხვერპლს მიაყენოს ჯანმრთელობის დაზიანება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება. ვინაიდან თვით დაზარალებულის, მსჯავრდებულის და ფაქტის შემსწრე მოწმეების ჩვენებით უტყუარად დადგინდა, რომ დაზარალებულმა კ. ი.-მ განახორციელა თავდასხმა გ. ბ.-ზე და დანით შეიარაღებული გაემართა მისკენ, რა დროსაც გ. ბ. გაიქცა, მაგრამ შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ შეძლო, ვინაიდან სამივე მხრიდან კედელი იყო აღმართული, ხოლო მეოთხე მხარეს მანქანა იდგა. ამიტომ იძულებული იყო ფიზიკური ძალის გამოყენებით დაეცვა თავისი თავი, ხელები გადაუგრიხა კ. ი.-ს და დაიქნია, რა დროსაც კ. ი. წაიქცა და გ. ბ. მას ზემოდან მოექცა. სწორედ ასეთ ვითარებაში გ. ბ.-მ კ. ი.-ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
პალატას ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, როდესაც გ. ბ.-ს ქმედება მიიჩნია აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილების შემთხვევაში მიყენებულ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებად, ვინაიდან გ. ბ. ფაქტიურად იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, თუმცა მან თავისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად (სიცოცხლისა და ჯანმრთელობის) გამოიყენა ისეთი საშუალება, რაც აშკარად შეუსაბამო იყო მასზე განხორციელებული თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან, სწორედ ამიტომ არ არის გ. ბ.-ს ქმედება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება.
სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლმა თავდამცველს მიანიჭა უფლება დაიცვას თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთე მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა, ან საშველად მოუხმოს სხვას. აღნიშნული ჩანაწერი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ თუ კი დადგინდება ფაქტი იმისა, რომ განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა პირის მიმართ, იგი ყველა შემთხვევაში აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმოქმედებს ხელმყოფის დაზიანებისას, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის მეორე ნაწილი აძლევს თავდამცველს ამის უფელბას. კანონმდებელი ამავდროულად მკაცრად განსაზღვრავს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.
სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან. თუ კი დადგინდება, რომ მომგერიებელმა გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, მის ქმედებას მიეცემა შესაბამისი კავლიფიკაცია.
განსახილველ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ გ. ბ. იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, თუმცა მან გადააცილა კანონით მკაცრად განსაზღვრულ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, რის გამოც მისი ქმედება ვერ ჩაითვლება მართლზომიერ ქმედებად.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, როდესაც მიიჩნია, რომ გ. ბ.-ს მიერ გამოყენებული თავდაცვის საშუალება შეუსაბამო იყო თავდამხმელის მიერ გამოყენებული საშუალების საშიშროებასთან, ვინაიდან დადგენილია, რომ გ. ბ.-მ კ. ი.-ს წაქცევის დროს დაარტყა დანა. თავდაცვის ასეთი საშუალება, როდესაც წაქცეულია თავდამსხმელი, აშკარად შეუსაბამოა თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველმა ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ. ბ.-ს ქმედებას. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დგინდება, რომ გ. ბ.-ს ამოძრავებდა კ. ი.-ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვა. აღნიშნულის საფუძველს პალატას აძლევს ფაქტის შემსწრე მოწმეების, თვით დაზარალებულის და მსჯავრდებულის ჩვენებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ქცევა, როგორც უშუალოდ ჯანმრთელობის დაზიანებამდე, ისე მის შემდეგ. საყურადღებოა, რომ მსჯავრდებული ცდილობდა მათ შორის წამოჭრილი უთანხმოების ცივილური გზით გარკვევას, ასევე გ. ბ.-მ სცადა გაქცევით აეცილებინა მასსა და კ. ი.-ს შორის დაპირისპირება, როდესაც ის დანით შეიარაღებული გაემართა მისკენ, მაგრამ ადგილმდებარეობის გამო, (ოთხივე მხრივ გზა ჩაკეტილი იყო) ვერ შეძლო. ასევე მნიშვნელოვანია დანაშაულის ჩადენის შემდეგ მსჯავრდებულის ქცევა, როდესაც მან განუცხადა გ. ბი.-ს და ზ. ჯ.-ს ,,მგონი დავჭერიო“ და ეცადა მის მოძებნას დახმარების გაწევის მიზნით. ყველა ეს გარემობა მიუთითებს იმაზე, რომ გ. ბ.-ს არ ჰქონდა კ. ი.-ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვა, იგი მხოლოდ თავს იცავდა თავდასხმისაგან, რა დროსაც გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის მე–9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“,ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე პალატას მიაჩნია, რომ გ. ბ.-ს ქმედება შეიცავს არა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს, არამედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედების ნიშნებს, რის გამოც პროკურორის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შიდა ქართლის და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორ მორის ჩუბინიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისი განაჩენი;
3. გ. ბ. გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. გ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 650 (შვიდიათას ექვსას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. გ. ბ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2013 წლის 9 იანვრის 21:10 საათიდან.
6. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვინაიდან ბერალდებული სასამართლო განხილვამდე იმყოფებოდა პატიმრობაში, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით იგი მთლიანად გათავისუფლდესა ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
7. გ. ბ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიენა პატიმრობა გაუქმებულია.
8. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, ასევე დაზარალებული კ. ი.-სგან აღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში- განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნ. კ.-სგან ამოღებული კ. ი.-ს ტანსაცმელი- მაისური და ორი ცალი ჯემპრი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში- დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.




1 შეჯამება:
სსკ-ის 117-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად პირის ქმედება მიმართული უნდა იყოს იმისკენ და მის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ მსხვერპლს მიაყენოს ჯანმრთელობის დაზიანება.

განმარტებული ნორმა:
სისხლის სამართლის კოდექსი, მ. 117

თეგები:
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.



განმარტების სრული ტექსტი:
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად სისხლის სამართლის წესით აკრძალულ და დასჯად ქმედებას წარმოადგენს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ესე იგი პირის ქმედება მიმართული უნდა იყოს იმისკენ და მის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ მსხვერპლს მიაყენოს ჯანმრთელობის დაზიანება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება.



2 შეჯამება:
კანონის ჩანაწერი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ თუ კი დადგინდება ფაქტი იმისა, რომ განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა პირის მიმართ, იგი ყველა შემთხვევაში აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმოქმედებს ხელმყოფის დაზიანებისას, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის მეორე ნაწილი აძლევს თავდამცველს ამის უფლებას. კანონმდებელი ამავდროულად მკაცრად განსაზღვრავს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.

განმარტებული ნორმა:
სისხლის სამართლის კოდექსი, მ. 28

თეგები:
აუცილებელი მოგერიების ფარგლები

განმარტების სრული ტექსტი:
სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლმა თავდამცველს მიანიჭა უფლება დაიცვას თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთე მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა, ან საშველად მოუხმოს სხვას. აღნიშნული ჩანაწერი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ თუ კი დადგინდება ფაქტი იმისა, რომ განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა პირის მიმართ, იგი ყველა შემთხვევაში აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმოქმედებს ხელმყოფის დაზიანებისას, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის მეორე ნაწილი აძლევს თავდამცველს ამის უფლებას. კანონმდებელი ამავდროულად მკაცრად განსაზღვრავს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.