ნახვები: 303
საქმის ნომერი: №3ბ/1270-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: თეა ძიმისტარაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №№3ბ/1270-15 (2016-03-11), www.temida.ge
საქმის № №3ბ/1270-15

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       11 მარტი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
თეა ძიმისტარაშვილი

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია


აპელანტი (მოსარჩელე) - რ. ლ.
წარმომადგენელი - ი. ხ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ.ქ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - თ. ქ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარება, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით რუსუდან ლადარიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორის 2008 წლის 2 თებერვლის №xx x/x ბრძანებით, რ. ლ. დაინიშნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს წამყვან სპეციალისტად (საქმისმწარმოებელი) და გათავისუფლდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზების ქვეგანყოფილების (კანცელარია) წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან.

2.2. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლითაც ითხოვა საშტატო- საორგანიზაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტოს 510 თანამშრომლის, მათ შორის საქმისწარმოების ორგანიზების ქვეგანყოფილების (კანცელარია) წამყვანი სპეციალისტის რ.ლ.-ს დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება და კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში აყვანა 2014 წლის 17 სექტემბრიდან.

2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №xxxxxxx ბრძანებით, მოსარჩელე რ. ლ. გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

2.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №xxxxxxxx სადავო ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია.

2.5. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით.

ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.

2.6. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების’’ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ამავე დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი - აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, ”ე” ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

ამავე დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

2.7. უდავოა, რომ მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც დღეის მდგომარეობით მოწესრიგებულია მისივე ნორმატიული აქტით - 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესით”.
აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.


სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამსართლის იურიდიულ პირში სამსახურის გავლის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო სამსახურის გავლა თავისთავად გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას.

ამავე წესის მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე.

დადგენილ იქნა რომ რ. ლ. დანიშნული იყო როგორც სამოქალაქო პირი და წარმოადგენდა სსიპ-ის მოსამსახურეს, შესაბამისად სამინისტროს მოსამსახურეს.

ამავე წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.

ამავე წესის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

ამავე წესის 71-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, თანამდებობაზე დანიშვნა, თანამდებობიდან გათავისუფლება, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭება ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, თუ არ განხორციელდა ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, რეორგანიზაციისას თანამდებობიდან გაათავისუფლოს სსიპ მომსახურების სააგენტოს მოსამსახურე - სამოქალაქო პირი, აგრეთვე უფლებამოსილია სამინისტროს მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილება გადასცეს კონკრეტულ თანამდებობის პირებს.

2.8. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს. მოსარჩელე აღნიშნულ ნორმაზე მითითებით განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი არ იყო უფლებამოსილი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა სსიპ-ს სამოქალაქო პირი, ვინაიდან მასზე არ ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი და შრომითი ურთიერთობის რეგულირებისას საქართველოს შრომის კოდექსი უნდა გამოვიყენოთ.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და განმარტა, რომ სააგენტოს დირექტორს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან ნორმატიული აქტით აქვს დელეგირებული მოსამსახურეების თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება, რაც არ გულისხმობს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის იგივე უფლების ჩამორთმევას.


სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოწესრიგებისას გამოყენებული უნდა იქნეს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი”, შესაბამისად, შრომის კოდექსზე მითითება მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოა.

2.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის თანხამად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დარღვევას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტი აღნიშნავს, რომ მათ არსად უთქვამთ თითქოს რ.ლ. წარმოადგენდა სამინისტროს მოსამსახურეს, უფრო მეტიც მისი მთავარი არგუმენტი სწორედ ის გახლდათ რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა სამინისტროს მოსამსახურეს და სწორედ ამიტომ იყო არაუფლებამოსილი შსს-ს მინისტრი რ. ლ.-ს გათავისუფლებაზე.


აპელანტისთვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე ადგენს სასამართლო რომ მოსარჩელე წარმოადგენს სამინისტროს მოსამსახურეს, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N995 ბრძანება - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ (მუხლი 2) ახდენს ამ ორი ცნების ( სსიპ-ის მოსამსახურე და სამინისტროს მოსამსახურე) გამიჯვნას, და ამ გამიჯვნის მიხედვით მოსარჩელე ცალსახად განეკუთვნება სსიპ-ის მოსამსახურეს.

3.2. აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ვინაიდან, დოკუმენტი რომლითაც მოხდა რუსუდან ლადარიას თანამდებობიდან გათავისუფლება გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. აღნიშნული თანამდებობიდან აპელანტის გათავისუფლება არ შედიოდა შინაგან საქმეთა მინისტრის კომპეტენციაში.

აპელანტი დამატებით აღნიშნავს, რომ მოსამართლის მიერ მითითებული N995 ბრძანების 71-ე მუხლის მე-7 პუნქტი საერთოდ არ ვრცელდება სსიპ-ის თანამშრომლებზე და ეხება მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებს. ხოლო სსიპ-ის თანამშრომლებზე ამ ნორმატიულ აქტშიც არსებობს საგამონაკლისო ნორმები, კერძოდ წესის 74-ე მუხლი.

ზემოაღნიშნული მუხლი მყარად და ცალსახად ადგენს სსიპ-ის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილ პირს და ამბობს რომ ეს პირი არის სსიპ-ის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

3.3. აპელანტისთვის გაუგებარია ასევე სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ-ის ხელმძღვანელის უფლება თანამშრომლების დანიშვნა-გათავისუფლებაზე არ გულისხმობს მინისტრისათვის იგივე უფლების ჩამორთმევას. დელეგირება ხდება არა ნორმატიული აქტით არამედ ინდივიდუალური აქტით, ხოლო სასამართლოს მსჯელობა რომ მაკონტროლებელ მინისტრს აქვს სსიპ-ის თანამშრომლების გათავისუფლების უფლება წარმოადგენს ძალიან სახიფათო პრეცედენტს სსიპ-ის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ასეთი გაგება ეწინააღმდეგება სსიპ-ის როგორც ინსტიტუციის სამართლებრივ შინაარს და აძლევს მას უბრალოდ სტრუქტურული ქვედანაყოფის ან განყოფილების შინაარს.

სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ავითარებს მსჯელობას, რომ სამსახურის გავლის წესს ადგენს მინისტრი, რაც გულისხმობს თავისთავად სამსახურში დანიშვნასა და გათავისუფლებას, რაც აპელანტის აზრით, არ არის მართალი ვინაიდან წესის დადგენა (ნორმატიული აქტის მიღება) არ უდრის და არ მოიცავს ამ წესის აღსრულებას, ანუ თანამშრომელთა დანიშვნასა და გათავისუფლებას (ინდივიდუალური აქტების გამოცემა), მაშინ როდესაც ნორმატიული აქტი განსაზღვრავს, იმ პირთა ვინაობას, ვინც არის უფლებამოსილი თანამშრომელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე. ზემოთთქმულიდან გამომდინარე გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რეგულაციებსა და მათი საქმიანობის, მართვის პრინციპებს.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

ფაქტობრივი დასაბუთება
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.1რ.ლ. დაინიშნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს წამყვან სპეციალისტად (საქმისმწარმოებელი) და გათავისუფლდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზების ქვეგანყოფილების (კანცელარია) წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან.


4.2. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ითხოვა რ. ლ. დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება და კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში აყვანა 2014 წლის 17 სექტემბრიდან.

4.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №xxxxxxx ბრძანებით, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების მთავარი სამმართველოს

სამართლებრივი დასაბუთება

4.4. დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 19 სექტემბრის №xxxxxxx ბრძანების არარა აქტად ცნობა და
მოპასუხისთვის დავალება რ. ლ.-ს თანამდებობაზე აღდგენა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შრომის ანაზღაურების გადახდა.

4.5. წინამდებარე დავის ობიექტურად და კანონიერად გადაჭრის მიზნით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მიმოიხილოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები. კერძოდ, პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოცემულ სამართალურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს, მისი მომწესრიგებელი სპეციალური კანონის -,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ ნორმები, ასევე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ ხდის სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს წამყვანი სპეციალისტის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებისა და კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას იმ საფუძვლით, რომ იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, აპელანტი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ-ს თანამშრომლის გათავისუფლება არ შედის უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის კომპეტენციაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს, უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

4.6. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების’’ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია.

პალატა ასევე მიუთითებს 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.

ამგვარად, ცალსახაა, რომ ზემოთ მითითებული წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამსახურის გავლის წესს და სამსახურის გავლა თავისთავად გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2013 წლის 31 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №995 ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” მე-2 მუხლი ახდენს დიფერენცირებას და განასხვავებს ერთმანეთისაგან „სამინისტროს მოსამსახურეს“ და „სსიპ-ის მოსამსახურეს“.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სამინისტროს მოსამსახურის ჩამონათვალ პირებში მითითებულია ტერმინი „სამოქალაქო პირი“ , სწორედ მე-2 მუხლში მოცემული ტერმინთა განმარტებები არ იძლევა ნორმის ინტერპრეტაციის საშუალებას იმდაგვარად, რომ სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირში დასაქმებული წოდების არმქონე პირი(სამოქალაქო პირი) მიჩნეული იქნეს ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამინისტროს მოსამსახურედ, ცალსახაა, რომ ასეთი პირი შედის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ „სსიპ-ის მოსამსახურის“ ჩამონათვალში და როდესაც, საკითხი დგება ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე ბუნებრივია, იგი უნდა გადაწყდეს იმ ნორმების შესაბამისად, რომელიც ეხება „ სსიპ-ის მოსამსახურის“ დანიშვნა-გათავისუფლებას.

აქვე, პალატა პარალელს გაავლებს ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” მე-2 მუხლში მოცემულ სხვა ტერმინებზე.თითოეულ კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრულია სამინისტროს მოსამსახურეთა და „სსიპ-ის მოსამსახურის“ კატეგორიები და უშუალოდ სამინისტროში დასაქმებული წოდების არმქონე პირი განმარტებულია როგორც საჯარო მოხელე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. ლ.ა დანიშნული იყო სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ, როგორც სამოქალაქო პირი და წარმოადგენდა სსიპ-ის მოსამსახურეს, შესაბამისად სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ იგი ამავდროულად წარმოადგენდა „სამინისტროს მოსამსახურეს“. შესაბამისად, ასეთი პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდეს ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 74-ე მუხლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად (სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს).

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან აპელანტი (მოსარჩელე), ვინაიდან იგი წარმოადგენდა სამინისტროს მმართველობაში შემავალ სსიპ-ის მოსამსახურეს. პალატა ყურადღებას გაამახვილებს ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 74-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, თავისი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. სსიპ „112“-ის დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ამავე სსიპ-ის დირექტორი.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებას ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” წესის დასკვნას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, რეორგანიზაციისას თანამდებობიდან გაათავისუფლოს სსიპ მომსახურების სააგენტოს მოსამსახურე - სამოქალაქო პირი. იგი აგრეთვე უფლებამოსილია სამინისტროს მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილება გადასცეს კონკრეტულ თანამდებობის პირებს. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” წესის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 71-ე მუხლის მე-7 პუნქტით დარეგულირებულია სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და პირობები, ასევე განსაზღვრულია გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი, ხოლო სადავო შემთხვევაში განხორციელდა სსიპ-ის მოსამსახურე რ. ლ.-ს თანამდებობიდან გათავისუფლება, რის გამოც პალატა უსაფუძვლოდ მიაჩნია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირებისათვის ზემოთ მითითებული ნორმების მოხმობა.

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებას ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტზე, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია, თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სააგენტოს დირექტორს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან ნორმატიული აქტით აქვს დელეგირებული მოსამსახურეების თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება, რაც არ გულისხმობს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის იგივე უფლების ჩამორთმევას.

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოწესრიგებისას გამოყენებული უნდა იქნეს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი”, ხოლო აპელანტის მითითება შრომის კოდექსის შესაბამის რეგულაციაზე, მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოა, ვინაიდან სახეზეა სპეციალური კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობა.

აქვე პალატა დამატებით მიუთითებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რითიც პალატა განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებების გაუქმების უფლებამოსილება ცალსახად გააჩნია შინაგან საქმეთა მინისტრს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის-მომსახურების სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებულ ორგანოს, თუმცა სახეზე უნდა იყოს სსიპ-ს მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევა. რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს, ხოლო სპეციალური მარეგულირებელი კანონმდებლობა, პალატის მოსაზრებით, ასეთ უფლებამოსილებას არ ანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მაკონტროლებელ ორგანოს-შინაგან საქმეთა მინისტრს.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №xxxxxxx ბრძანება, რომელიც გამოცემულია არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ და ამგვარ აქტს არ შეიძლება გააჩნდეს იურიდიული ძალა მმართველობითი ორგანოების სამართლებრივ წესრიგს დაქვემდებარებულ ფუნქციონირების საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1. მუხლის მიხედვით პალატის მოსაზრებით არარად იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის № xxxxxxx ბრძანება, რ. ლ.-ს თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების სამმართველოს განკარგულებაში აყვანის ნაწილში.

4.19. "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე;

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

პალატის მოსაზრებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №xxxxxxx ბრძანების არარად აღიარების პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს რ. ლ.-ს თანამდებობაზე აღდგენა. ამასთან, რ. ლ.-ს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, კერძოდ, თანამდებობრივი სარგო, რომელიც ხელფასის შემადგენელი პრემირებისა და დანამატებისაგან განსხვავებით გაიცემა მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად, უნდა აუნაზღაურდეს სრული მოცულობით, კერძოდ სამსახურიდან განთავისუფლების პერიოდიდან სამსახურში აღდგენამდე.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არარად უნდა იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №xxxxxxx ბრძანება რ. ლ.-ს თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების სამმართველოს განკარგულებაში აყვანის ნაწილში და უნდა დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს რ.ლ.-ს თანამდებობაზე აღდგენა. ასევე უნდა დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მისთვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები

6.1. აპელანტ - რუსუდან ლადარიას მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 150 ლარი, ხოლო სარჩელზე 100 ლარი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება, რუსუდან ლადარიას თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების სამმართველოს განკარგულებაში აყვანის ნაწილში, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებული დავა. შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან და უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი


იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით


სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. რ.ლ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. რ. ლ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. არარად იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №xxxxxxxx ბრძანება რ. ლ.-ს თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების სამმართველოს განკარგულებაში აყვანის ნაწილში. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს რ. ლ.-ს თანამდებობაზე აღდგენა. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს რ.ლ.-სთვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცადერთი) დღის ვადაში.