ნახვები: 275
საქმის ნომერი: №3ბ/805-16
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მანანა ჩოხელი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №№3ბ/805-16 (2017-06-27), www.temida.ge
საქმის № №3ბ/805-16

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       27 ივნისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მანანა ჩოხელი

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

აპელანტი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - გ. მ.

მოწინააღმდეგე მხარე- ე. ლ.
წარმომადგენლები - მ.ა.

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 06 აპრილის ბრძანება №xxxxxxx; სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე. ლ.-ის Nxxxxxxx განცხადებასთან დაკავშირებით;

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით ირკვევა, რომ 2012 წლის 13 ივნისს, ქ. თბილისში, ნინოშვილის ქუჩა N26–ში მდებარე N7 შენობა – სათავსი, ფართით - 8.79 კვ.მ., (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი xx.xx.xx.xxx.xxx.xx.xxx) რეგისტრირებულია ე.ლ.-ის საკუთრებად.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ასევე დასტურდება, რომ 2010 წლის 15 მარტს, ქ. თბილისში, ნინოშვილის ქუჩა N26–ში მდებარე N2 შენობა – ბინა, ფართით - 44.00 კვ.მ., (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი xx.xx.xx.xxx.xxx.xx.xxx ) რეგისტრირებულია ე.ლ.-ის საკუთრებად.

ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 სექტემბრის Nxxxxxxx ბრძანებით დადგენილია, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა მოქალაქე ე. ლ.-ის Nxxxxxxxxx განცხადება ქ. თბილისში, ნინოშვილის ქუჩა N26–ში პირველ კლასის 60 კვ.მ.–მდე ფართობის 5 მეტრამდე სიმაღლისა და 2 მეტრამდე ჩაღმავების მქონე შენობის მშენებლობის დადასტურების შესახებ და განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: ეკატერინე ლიკლიკაძის მოთხოვნა – ქ. თბილისი, ნინოშვილის ქუჩა N26–ში, ავარიული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის აშენების საკითხი გადაგზავნილ იქნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში და განხილულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ,,კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სექციის“ მიერ, რომლის გადაწყვეტილების შესაბამისად, დემონტაჟი უკვე განხორციელებული იყო, ამდენად, საკითხზე მსჯელობა სცილდებოდა საბჭოს კომპეტენციას. ამასთან, რაც შეეხებოდა ახალი ნაგებობის აშენების საკითხს, შენობა, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა შეუსაბამო იყო გარემოსათვის და მის ნაცვლად რაიმე ნაგებობის ამ ადგილზე აშენება არამიზანშეწონილი იყო. ესკიზით წარმოდგენილი ვარიანტი იყო მიუღებელი, არ ჩანდა ნაგებობის ფუნქცია, გაბარიტები, რატომ იყო დაშორებული არსებული შენობიდან 15 სმ–ით. წარმოდგენილი მასალა არ იძლეოდა ახალი ნაგებობის თაობაზე მსჯელობის შესაძლებლობას (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 04.09.2014 წლის Nx/xx/xx/xx წერილი). არქიტექტურის სამსახურმა საკითხის განხილვისას გაითვალისწინა საბჭოს გადაწყვეტილება და განმცხადებელს, ე.ლ.-ეს ქ. თბილისში, ნინოშვილის ქუჩა N26–ში, მშენებლობის წარმოების თანხმობის გაცემაზე ეთქვა უარი.

ქალაქ თბილისის მერიის თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ განხილულ იქნა ქ. თბილისში, ნინოშვილის ქუჩა N26–ში პირველ კლასის 60 კვ.მ.–მდე ფართობის 5 მეტრამდე სიმაღლისა და 2 მეტრამდე ჩაღმავების მქონე შენობის მშენებლობის დადასტურების შესახებ ეკატერინე ლიკლიკაძის Nxxxxxxxxxxx განცხადება და განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 აპრილის ბრძანებით.


დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

მოპასუხე მხარის მიერ არ არის დასაბუთებული მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 აპრილის ბრძანება №xxxxxxx წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე - ქ. თბილისში, ნინოშვილის ქუჩა N26-ში მშენებლობის განხორციელების დადასტურების შესახებ, წარდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით.


სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს კანონით მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება ქალაქის იერსახის, მისი ქუჩების კონკრეტული მიზნით განვითარებასთან დაკავშირებით.


სასამართლომ მიუთითა, რომ სხვა ნორმატიულ აქტებთან ერთად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ქალაქმშენებლობით პროცესებს არეგულირებს ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №x-xx გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, სამსახურმა გაითვალისწინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ეკატერინე ლიკლიკაძეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.


,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლი მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შეთანხმებისა და სამშენებლო საქმიანობის განხორციელების წესებს, კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტი არ არის დასაბუთებული. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მართალია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროსთან შეთანხმებით, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებას წინასწარ დადგენილი სავალდებულო ხასიათი აქვს სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენცია არ შეიძლება შეიზღუდოს სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც თავისი ბუნებით შუალედურ აქტს წარმოადგენს და რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ იგი არ უნდა იქცეს გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ, უპირობო და სავალდებულო საფუძვლად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი დასკვნა, რომელსაც დაეყრდნო არქიტექტურის სამსახური სადავო ბრძანების მიღებისას, არ არის დასაბუთებული. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს სწორედ სამინისტროს მიერ გაცემული დაუსაბუთებელი უარყოფითი დასკვნა წარმოადგენს, სადაც ასევე არ არის მითითებული და შესაბამისად დასაბუთებული კონკრეტულად რა გახდა უარყოფითი დასკვნის გაცემის საფუძველი, რისი გამოსწორების შესაძლებლობაც შეიძლება მისცემოდა მოსარჩელეს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, რომ საბჭოს დაუსაბუთებელი უარყოფითი დასკვნა განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასების საგანი შეიძლება ყოფილიყო და არა გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი საფუძველი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება აადვილებს აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმებას.


მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა საქმის გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მართალია ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური არის ქ. თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო და იგი ვალდებულია იზრუნოს ქალაქის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში ასეთ ფარგლებს წარმოადგენს ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, ამავე დროს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. სასამართლოს მოსაზრებით დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამდენად, სასამართლო მსჯელობას იმ გარემოებებზე, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა - ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ბრძანება და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეკატერინე ლიკლიკაძის განცხადებასთან დაკავშირებით.


სასამართლომ აქვე დამატებით ყურადღება მიაპყრო ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საჯარო და კერძო ინტერესები სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში და აღნიშნულის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.


4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი აღნიშნავს, რომ არქიტექტურის სამსახურის 06.04.2015 წლის Nxxxxxxx გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოქალაქე ე. ლ.-ის განცხადება, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით საპროექტო ტერიტორია მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, შესაბამისად საკითხი გადაგზავნილი იქნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში და განხილული იქნა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სექციის“ მიერ, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც საკითხი განმეორებით უნდა იქნეს წარდგენილი: „არ არის გათვალისწინებული N1471532 ბრძანებით გაცემული დასკვნა-რეკომენდაციები“. სამსახურმა გაითვალისწინა საბჭოს გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ განმცხადებელს, მოქ. ე.ლ.-ეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ არსებობდა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილება არქიტექტურის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას არსებითად ემსჯელა საკითხზე და მიეღო გადაწყვეტილება განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგანაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად არქიტექტურის სამსახური არ იყო უფლებამოსილი დაემტკიცებინა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. კულტურის სამინისტროსთან შეთანხმება კი ხდება საკითხის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე გატანით, რომელზედაც საბჭო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილების დასაბუთებით ნაწილში არქიტექტურის სამსახურის Nxxxxxxx გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტი არ არის დასაბუთებული, კერძოდ: სასამართლომ განმარტა, რომ მართალია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროსთან შეთანხმებით, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებას წინასწარ დადგენილი სავალდებულო ხასიათი აქვს სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენცია არ შეიძლება შეიზღუდოს სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც თავისი ბუნებით შუალედურ აქტს წარმოადგენს და რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ იგი არ უნდა იქცეს გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ, უპირობო და სავალდებულო საფუძვლად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი დასკვნა, რომელსაც დაეყრდნო არქიტექტურის სამსახური სადავო ბრძანების მიღებისას, არ არის დასაბუთებული.
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს ზემოაღნიშნული მოსაზრება ნაწილობრივ მისაღებია კერძოდ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომ „საბჭოს დასკვნა გადაწყვეტილების მიღებისას არ შეიძლება იქცეს ერთადერთ საფუძვლად და რომ აღნიშნული ერთგვარ შუალედურ აქტს წარმაოდგენს.
აპელანტი ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული მოქმედი კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნებიდან გამომდინარე ასეც არის და აღნიშნულის გათვალისწინებით საბჭოს დასკვნა გადაწყვეტილების მისაღებად არ არის ერთადერთი საფუძველი და ის არც არქიტექტურის სამსახურს უქცევია ერთადერთ საფუძვლად. მხედველობაშია მისაღები, რომ საბჭო მისი კომპეტენციიდან გამომდინარე წარმოადგენს არა ნებართვის გამცემ არამედ მისი კომპეტენციის შესაბამისად მსჯელობს კონკრეტულ საკითხზე და გაცემს დადებით ან უარყოფით დასკვნას. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს საბჭოს და არქიტექტურის სამსახურის როლი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში. პირველ შემთხვევაში თავდაპირველად საკითხს განიხილავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, რომლის სხდომაზეც ხდება გადაწყვეტილების მიღება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის შესახებ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილება წარმოადგენს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობას კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე და სწორედ საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ არის უფლებამოსილი არქიტექტურის სამსახური არსებითად იმსჯელოს საკითხზე და წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. არქიტექტურის სამსახური არ ეთანხმება სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოს გადაწყვეტილება თავისი შინაარსით შუალედურ აქტს წარმოადგენს და არ შეიძლება სავალდებულოდ გასათვალისწინებელი იყოს არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში. სასამართლოს აღნიშნული პოზიცია არასწორია ვინაიდან, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა საბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულო ხასიათს ატარებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, რადგანაც საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების გარეშე მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მოკლებულია უფლებამოსილებას არსებითად განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. მართალია საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია არქიტექტურის სამსახურმა მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, რადგანაც საბჭოს კომპეტენციას არ განეკუთვნება არქიტექტურული ნაწილის შესწავლა, საბჭო განიხილავს მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხს, ხოლო არქიტექტურის სასმახური უშუალოდ სწავლობს და იკვლევს საპროექტო დოკუმენტაციას არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილს და თუ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია არ შეესაბამება სამშენებლო კანონმდებლობის ნორმებს იღებს უარყოფით გადაწყვეტილებას მშენებლობის ნებართვის გაცემაზე იმისდა მიუხედავად, რომ არსებობს საბჭოს დადებითი დასკვნა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში დამკვეთის მიერ მითითებულ საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელებაზე, მაგრამ თუ არსებობს საბჭოს უარყოფითი დასკვნა, მაშინ მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უკვე აღარაა უფლებამოსილი არსებითად იმსჯელოს საკითხზე და მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. საბჭო მხოლოდ სწავლობს მშენებლობის განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხს და არა არქიტექტურულ ნაწილს, აქედან გამომდინარე თუ იარსებებს საბჭოს დადებითი გადაწყვეტილება, მაშინ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უკვე იმსჯელებს წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციაზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, ხოლო თუ იქნება საბჭოს უარყოფითი გადაწყვეტილება მაშინ მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო არსებითად აღარ განიხილავს საკითხს და საკითხის განუხილველად მიიღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იქნება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობა, რომელსაც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 41-ე მუხლი, რომლის შესაბამისად აღნიშნულის გარეშე მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით არ ექნება იურიდიული ძალა. როგორც სასამართლო აღნიშნავს, კულტურული მემკვიდროების დაცვის საბჭოს გადაწყვეტილება არის შუალედური და სარეკომენდაციო სახის, ამიტომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ უნდა გახდეს არქიტექტურის სამსახურისათვის ერთადერთი საფუძველი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმაზე. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს აღნიშნული პოზიცია არასწორია ვინაიდან, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სამშენებლო დოკუმენტაციის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის და ზონალური საბჭოს გადაწყვეტილების კუმულაციური ერთობლიობისას, იმდენად, რამდენადაც საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების პროცედურულ-ტექნიკურ მხარეს ახორციელებს არქიტექტურის სამსახური, ხოლო მხატვრულ-ვიზუალური, ესთეტიური და ისტორიული კუთხით გადაწყვეტილების მიღების სავალდებულოობა გააჩნია ზემოაღნიშნულ საბჭოს. აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ აუცილებელია ორივე უწყების მიერ მიღებული იქნას დადებითი გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ნებართვის გასაცემად.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 სექტემბრის Nxxxxxxx ბრძანებით დადგენილია, განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ქალაქ თბილისის მერიის თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ განხილულ იქნა მოსარჩელის განცხადება და განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 აპრილის ბრძანებით. სამსახურის განმარტებით, განმცხადებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული არქიტექტურის სამსახურის Nxxxxxxx ბრძანებით გაცემული რეკომენდაციები .

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, არასწორად განმარტა კანონი, რამაც საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა პირველი ინსტანციის სასამართლო, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

მოცემულ შემთხვევაში სადავოა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 აპრილის №xxxxxxx ბრძანება.
პალატა განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალი განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის განსაკუთრებულ (კერძო) ნაწილს, შესაბამისად, სამშენებლო სამართალურთიერთობებთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ სრულად ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღებისა და გამოცემისათვის დადგენილი სამართლებრივი პროცედურები. ამდენად, სამშენებლო სამართლის (ისევე, როგორც ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილის ყველა სხვა სფეროს) ნორმატიული აქტები ამომწურავად არ განსაზღვრავს აქტების მომზადების, მიღებისა და გამოცემის წესებს, რადგან ეს საერთო წესი, დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სავალდებულოა ყველა ადმინისტრაციული ორგანოსათვის მმართველობითი ღონისძიებების ყველა სამართლებრივი ფორმის განხორციელების მომენტში.

პალატა ასევე განმარტავს, რომ სამშენებლო სამართლის ფუნქციონალური დატვირთვა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები განაპირობებს სამშენებლო ურთიერთობის წარმოშობის, როგორც კრიტერიუმების, ისე თავად წარმოშობის შემდეგ მათ მოწესრიგების ჩარჩოების დადგენას. სამშენებლო სამართლის სფეროში განსაკუთრებული საჯარო ინტერესი განპირობებულია საზოგადოების უსაფრთხოებით. სახელმწიფოს ზოგადი ინტერესი და პრიორიტეტი უნდა იქნეს გათვალისწინებული.

პალატა მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ქალაქმშენებლობით პროცესებს არეგულირებს ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები.


დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა მოქალაქე ე.ლ.-ის განცხადება ქ. თბილისში, ნინოშვილის ქუჩა N26–ში პირველ კლასის 60 კვ.მ.–მდე ფართობის 5 მეტრამდე სიმაღლისა და 2 მეტრამდე ჩაღმავების მქონე შენობის მშენებლობის დადასტურების შესახებ და განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე,.არქიტექტურის სამსახურმა საკითხის განხილვისას გაითვალისწინა საბჭოს გადაწყვეტილება და განმცხადებელს, ე. ლ.-ეს ქ. თბილისში, ნინოშვილის ქუჩა N26–ში, მშენებლობის წარმოების თანხმობის გაცემაზე უთხრა უარი.

ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ განხილულ იქნა მშენებლობის დადასტურების შესახებ ეკატერინე ლიკლიკაძის Nxxxxxxxxxx განცხადება და განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 აპრილის ბრძანებით. სამსახურის განმარტებით, განმცხადებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული არქიტექტურის სამსახურის Nxxxxxxxxx ბრძანებით გაცემული რეკომენდაციები

პალატა განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განცხადების კანონმდებლობასთან შესაბამისობას და კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების საფუძველზე ამტკიცებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს. არქიტექტურის სამსახურის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა, ასევე დადგენილი წესით სამშენებლო მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში ცვლილებების შეტანა.

იმ პირობებში, როდესაც მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მიმართ ნებართვის მაძიებლის მხრიდან არ იქნა დაცული მშენებლობის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს, როგორც შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას, შენობა ნაგებობის გაბარიტებს და სხვა მოთხოვნებს, პალატა მიიჩნევს, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება თბილისში ნინოშვილის ქ. N26-ში ავარიული შენობის დემონტაჟის შემდეგ, მის ნაცვლად ახლის აშენებაზე უარი, ვინაიდან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

პალატა განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვებს გასცემს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახური თუმცა, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მართალია, ქ. თბილისში ნინოშვილის ქუჩა N26-ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე(მის ნაწილზე) ე.ლ.-ეს გააჩნია საკუთრების უფლება, თუმცა განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია აღნიშნული შენობის მდებარეობა - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა, რაც კიდევ უფრო ართულებს ნაგებობაზე სხვა ახალი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტზე მშენებლობის ნებართვის გაცემას. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში რაიმე სახის მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის საჭიროა, როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე არქიტექტურის სამსახურის თანხმობა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილება წარმოადგენს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობას კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე და სწორედ საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ არის უფლებამოსილი არქიტექტურის სამსახური არსებითად იმსჯელოს საკითხზე და წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

პალატა იზიარებს აპელანტის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულო ხასიათს ატარებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, რადგანაც საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების გარეშე მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მოკლებულია უფლებამოსილებას არსებითად განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. ვინაიდან, საბჭო განიხილავს მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხს, არქიტექტურის სამსახური კი უშუალოდ სწავლობს და იკვლევს საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის ნებართვის გასაცემად აუცილებელია ორივე უწყების მიერ მიღებული იქნას დადებითი გადაწყვეტილება.

პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნებართვის მაძიებლის მიერ ესკიზით წარმოდგენილი ვარიანტი მიუღებელი აღმოჩნდა მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რაც შეეხება ახალი ნაგებობის აშენებას - დანგრეული ნაგებობა შეუსაბამო იყო გარემოსთვის და მის ნაცვლად რაიმე ნაგებობის ამ ადგილზე კვლავ გაჩენა არამიზანშეწონილად იქნა მიჩნეული. ამასთან ესკიზით წარმოდგენილი ვარიანტიდან არ ჩანს, თუ რატომაა დაშორებული არსებული შენობიდან 15 სმ-ით; ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი ინსტანცის სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების პირობებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს თავად ჰქონდა პროცესუალური შესაძლებლობა გადაეწყვიტა დავა, ვინაიდან გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც უპირობოდ შექმნიდა საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების წინაპირობებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I.1 მუხლი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებით დარღვევას, ხოლო ამავე ნორმის 2-ე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტური შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, საქმეში არსებული გარემოებები არ არის სრულყოფილად გამოკვლეული, შესაბამისად, მითითებულ საკითხებზე არ არის გადმოცემული სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები. სასამართლოს დასკვნა - ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საჭიროების შესახებ სრულიად დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საპროცესო კანონით განსაზღვრული დანაწესის ნამდვილი შინაარსიდან, ვინაიდან ე.ლ.-ის მიერ წარდგენილი განცხადება მშენებლობის ნებართვის თაობაზე არ აკმაყოფილებდა მშენებლობის სტანდარტს და ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სააპელაციო პალატა, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რომლის თანახმადაც, აპელანტ სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე ე. ლ.-ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს;

7. საპროცესო ხარჯები:

აპელანტ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ანაზღაურება დაევალოს ე.ლ.-ეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:

1. აპელანტ სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მოსარჩელე ე.ლ.-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
4. აპელანტ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ანაზღაურება დაევალოს ე.ლ.-ეს.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7