ნახვები: 140
საქმის ნომერი: 1ბ/324-16
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/324-16 (2016-04-19), www.temida.ge
საქმის № 1ბ/324-16

განაჩენი
საქართველოს სახელით
       19 აპრილი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
მსჯავრდებული - მ. შ.-ს ძე გ. - დაბადებული 19XX წლის XX ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი NXXXXXXXXXX, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.თ., მ.-ს ქუჩა NXX, მცხოვრები: ქ.თ., ბ.-ს ქუჩა NXX;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლი - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:

სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და მ. გ.-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა იმ საფუძვლით, რომ მ. გ.-სთვის დანიშნული სასჯელი არ არის თანაზომიერი მის მიერ ჩადენილი ქმედებით გამოწვეული მართლსაწინააღმდეგო შედეგისა. მ. გ.-ს დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია და არ ჰქონია მისწრაფება შერიგებოდა მას. მ. გ. წარსულში არის ნასამართლევი სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით და 2381 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და მსჯავრდებულს სასჯელის მსუბუქი სახე და ზომა დაუნიშნა.
სასამართლომ დაადგინა:
შემაკავებელი ორდერის დამტკიცების თაობაზე თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ.-ს ერთი თვის განმავლობაში აეკრძალა ნ. ა.-ს სამსახურთან და ადგილსამყოფელთან მიახლოვება, ნ. ა.-ს მიმართ ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა.
2015 წლის 05 ნოემბრის თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილებით მ. გ. ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 04 (ოთხი) დღის ვადით.
2015 წლის 10 ნოემბერს მ. გ.-მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, მივიდა ქ.თ.-ში, ლ.-ს ქუჩა NX-ში მცხოვრებ ნ. ა.-თან, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და ახორციელებდა მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას.
2015 წლის 10 ნოემბერს მ. გ. მივიდა ნ. ა.-ს საცხოვრებელ სახლში, ქ.თ.-ში, ლ.-ს ქუჩა NX-ში, სადაც დააზიანა და გაანადგურა ერთი ხელი საწოლის ლოგინი და თეთრეული, ღირებული 100 ლარად, წითელი ფერის პლედი, ღირებული 30 ლარად, ორი ცალი ტანისამოსის გასარეცხი ვარცლი, ჯამში ღირებული 12 ლარად, ექვსი ცალი ყავის ჭიქა, ჯამში ღირებული 6 ლარად, ოთხი ცალი წვენის ჭიქა, ჯამში ღირებული 4 ლარად, ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ღირებული 17 ლარად, ღუმელი თავისი ოთხი საკვამლე მილით, ღირებული 32 ლარად, ერთი ცალი შავი ფერის ჟილეტი, ღირებული 50 ლარად, სამი ცალი პიჯაკი, ჯამში ღირებული 30 ლარად, სამზარეულოს 12 ცალი თეფში, ჯამში ღირებული 15 ლარად. აღნიშნული ქმედების შედეგად, ნ. ა.-ს მიადგა ქონებრივი ზიანი 296 (ორას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მ. გ.-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქ. ვ.-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს საბოლოო სასჯელი მ. გ.-ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
სახელმწიფო ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი (აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან) და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა არ შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, არ არის დადასტურებული, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მ.გოლეთიანი იყო ნასამართლობის მქონე, რასაც სააპელაციო საჩივარში დამამძიმებელ გარემოებად უთითებს პროკურორი. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრის დროს გათვალისწინებული იქნა მ. გ.-ს ეკონომიკური პირობები - რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ მ. გ.-სთვის დანიშნული სასჯელი - დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებელ ქეთევან ვაშაკიძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენი მ. გ.-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა :

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან ვაშაკიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

მ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.

მ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ.-ს განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით, რომლის სახის განსაზღვრა დაევალოს პრობაციის ბიუროს.
მ. გ.-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.