საქმის ნომერი: 2ბ/4895-15
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები: 2ბ/3628-11, 2ბ/1473-12, 2ბ/879-12,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/4895-15 (2016-05-10), www.temida.ge
საქმის № 2ბ/4895-15

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       10 მაისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გიორგი მარანელი
აპელანტი – ქ.რ.-ს მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი – ს. დ.
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ო.
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა


ყადაღისგან განთავისუფლდეს 2015 წლის 20 მაისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში ჩამოთვლილი ქონება: ტელევიზორი „ლჯ“ ფირმის, შავი ფერის; მაცივარი კრემისფერი, ორკამერიანი; სამეული - ორი სავარძელი, ერთი დივანი, ნაჭრის, ყავისფერი; სარეცხის მანქანა „ბეკოს“ ფირმის, თეთრი ფერის.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

მ. ო.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ყადაღისაგან განთავისუფლდა 2015 წლის 20 მაისს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში ჩამოთვლილი ქონება: ტელევიზორი „LG“-ის ფირმის შავი ფერის, მაცივარი კრემისფერი ორკამერიანი, სამეული ორი სავარძელი, ყავისფერი ნაჭრის ერთი დივანი, ბეკოს ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა;

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები


2.1. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის განაჩენით, პ. ტ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3 500 ლარის ოდენობით. ამავე განაჩენით სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხე პ. ტ.-ს დაეკისრა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 370 500 ლარის ოდენობით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-8);
- შესაგებელი (ს.ფ. 41-49; 51-58);
- გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის განაჩენი (ს.ფ. 11-17)

2.2. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 20 მაისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით ყადაღა დაედო ქ. რ.-ში, მე-XX მ/რ №X-XX- ში არსებულ ქონებას: ტელევიზორი „ლჯ“ ფირმის შავი ფერის; სამეული ორი სავარძელი, ერთი დივანი, ნაჭრის ყავისფერი; მაცივარი კრემისფერი ორკამერიანი; სარეცხის მანქანა ბეკოს ფირმის თეთრი ფერის, 5 კილოგრამიანი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-8);
- შესაგებელი (ს.ფ. 41-49; 51-58);
- ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 20 მაისის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (ს.ფ. 18)

2.3. მ. ო. და პ. ტ. 2007 წლის 06 მაისიდან 2015 წლის 20 ივლისამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-8);
- ქორწინებისა და განქორწინების მოწმობის ასლები.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.4. დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები არ წარმოადგენს პ. ტ.-ს საკუთრებას. პ. ტ. არის მოსარჩელე მ. ო.-ს ყოფილი მეუღლე. მოსარჩელე მ. ო. ცხოვრობს ქ. რ., მე-XX მ/რ №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ დღევანდელი მდგომარეობით ბინაში, სადაც დაყადაღდა ნივთები, ცხოვრობს მოსარჩელე მ. ო.. შესაბამისად, ბინაში განთავსებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.

იმ გარემოებას, რომ მ. ო.-ს ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ტელევიზორი „ლჯ“ ფირმის შავი ფერის; სამეული ორი სავარძელი, ერთი დივანი, ნაჭრის ყავისფერი; მაცივარი კრემისფერი ორკამერიანი; სარეცხის მანქანა ბეკოს ფირმის თეთრი ფერის, 5 კილოგრამიანი, სასამართლომ დაადგინა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების, 2012 წლის 25 მაისის №XXXXXXXXXXXXX და 2012 წლის 14 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი პირს იმავდროულად განუმარტავს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ტელევიზორი „ლჯ“ ფირმის შავი ფერის და სარეცხის მანქანა „ბეკოს“ ფირმის თეთრი ფერის, 5 კილოგრამიანი შეძენილია მ. ო.-ს მიერ სესხის ხელშეკრულებით პ. ტ.-ს პატიმრობაში ყოფნისას და შესაბამისად იგი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ასეთი ვარაუდი, ბუნებრივია, იმ შემთხვევებს ასახავს, როცა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება. ასეთ ვითარებაში სამართლებრივი წესრიგი სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთაგან მოითხოვს დაეყრდნონ მფლობელის კეთილსინდისიერებას და ის მიჩნეული იქნას ნივთის მესაკუთრედ. ბრუნვის მონაწილეთა ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ხელს უწყობს ამ ბრუნვის როგორც სიმყარეს, ისე სიმარტივეს.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა, მოწმეთა ახსნა-განმარტებით, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მ. ო. ცხოვრობს ქ. რ., მე-XX მ/რ №X-XX-ში მდებარე ბინაში, სადაც განთავსებულია სამეული: ორი სავარძელი, ერთი დივანი, ნაჭრის ყავისფერი და მაცივარი კრემისფერი ორკამერიანი, ამასთან მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ აღნიშნული ნივთები მარიამ ომარაშვილს აჩუქეს მშობლებმა. შესაბამისად ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი ეს უკანასკნელია.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 20 მაისს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული იქნა ქ. რ., მე-XX მ/რ №X-XX-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელშიც ცხოვრობს მოსარჩელე მარიამ ომარაშვილი. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ სამეული: ორი სავარძელი, ერთი დივანი, ნაჭრის ყავისფერი და მაცივარი კრემისფერი ორკამერიანი, მარიამ ომარაშვილს მოუტანეს საჩუქრად მშობლებმა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, აღნიშნული ნივთები წარმოადგენს ამ უკანასკნელის ინდივიდუალურ საკუთრებას.

სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება პ. ტ.-ს მიერ სადავო ნივთების საკუთრების უფლება და შესაბამისად ვერ გაკეთდება დასკვნა, რომ თუნდაც ფლობის ფაქტზე დაყრდნობით ნივთები წარმოადგენს მოვალის საკუთრებას. ტელევიზორი „ლჯ“ ფირმის შავი ფერის და სარეცხის მანქანა „ბეკოს“ ფირმის თეთრი ფერის, 5 კილოგრამიანი მოსარჩელის მიერ შეძენილია სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მისი მშობლის დახმარებით, იმ დროს როდესაც მოპასუხე პ. ტ. იმყოფებოდა პატიმრობაში, ხოლო სამეული: ორი სავარძელი, ერთი დივანი, ნაჭრის ყავისფერი და მაცივარი კრემისფერი ორკამერიანი, მ. ო.-ს მოუტანეს საჩუქრად მშობლებმა. შესაბამისად, დაყადაღებული ქონება წარმოადგენს მის საკუთრებას. მოპასუხემ გარდა ახსნა-განმარტებისა სხვა მტკიცებულება დაყადაღებული ნივთების მოვალისადმი კუთვნილების შესახებ შესაგებლის დასადასტურებლად ვერ წარმოადგინა.

რაც შეეხება, მოპასუხის წარმომადგენლის მითითებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ დაყადაღებული ნივთები მხარეთა ქორწინების განმავლობაშია შეძენილი და მათ თანასაკუთრებას წარმოადგენს სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან დაყადაღებული ნივთები მიიჩნია მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებად.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები

3.1. სასამართლომ სადავო ნივთებზე მოსარჩელის ინდივიდუალური საკუთრების უფლება დადასტურებულად მიიჩნია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მაშინ, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ჩუქების დამადასტურებელი ხელშეკრულება და არც მ. ო.-ს დედის მიერ სადავო მოძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.2. სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი და არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 6 მაისის ქორწინებისა და 2015 წლის 20 ივლისის განქორწინების მოწმობებით დასტურდება, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების დროს მ. ო. და თ. ტ. რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, დაყადაღებული ქონება სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მათ საერთო საკუთრებას წარმოადგენს.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:


4.1. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის განაჩენით, პ. ტ.ცნობილი იქნა დამნაშავედ და მას ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 3 500 ლარის ოდენობით. ამავე განაჩენით სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხე პ. ტ.-ს დაეკისრა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 370 500 ლარის ოდენობით (ს.ფ. 11-17);

4.2. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 20 მაისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით ყადაღა დაედო პ. ტ.-ს საცხოვრებელ ბინაში (ქ. რ.-ში, მე-XX მ/რ №X-XX-ში) არსებულ შემდეგ ქონებას: ტელევიზორი „ლჯ“ ფირმის შავი ფერის; სამეული ორი სავარძელი, ერთი დივანი, ნაჭრის ყავისფერი; მაცივარი კრემისფერი ორკამერიანი; სარეცხის მანქანა „ბეკოს“ ფირმის, თეთრი ფერის, 5 კილოგრამიანი (ს.ფ. 18);

4.3. მ. ო. და პ. ტ. რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2007 წლის 06 მაისიდან 2015 წლის 20 ივლისამდე;

4.4. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ პ. ტ. 2010 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის 13 დეკემბრამდე სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა. მოსარჩელის განმარტებით, ყველა დაყადაღებული ნივთი პ. ტ.-ს სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდშია შეძენილი;

4.5. საქმეში წარმოდგენილი „საქონლის განვადებით შეძენის შესახებ“ ხელშეკრულებათა საფუძველზე დგინდება, რომ მ. ო.-ს მიერ სადავო სარეცხის მანქანა შეძენილია 2012 წლის 25 მაისს, ხოლო მაცივარი - 2012 წლის 14 დეკემბერს;

4.6. ამდენად, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო სარეცხის მანქანა და მაცივარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის კონტექსტში, როგორც რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება, საერთო თანასაკუთრებას წარმოადგენს;

საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 1161-ე-1162-ე მუხლებით. თანაზიარი საკუთრება მეუღლეებს ეკუთვნით თანაბრად, წილთა განუსაზღვრელად და გამოიყენება საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. მართალია, კანონი კონკრეტულად არ განსაზღვრავს ქონების იმ სახეებს, რომლებიც განცალკევებულ ან თანაზიარ საკუთრებას მიეკუთვნება, მაგრამ იმდენად გამოკვეთილია მათი დაყოფის ზოგადი კრიტერიუმები, რომ სავსებით შესაძლებელია მეუღლეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრა. ასეთი კრიტერიუმებიდან გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ მეუღლეებმა შეიძლება საქორწინო ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ქონების ამა თუ იმ სახისათვის მისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სამართლებრივი რეჟიმის შეცვლა. ასეთ შემთხვევაში, მეუღლეთა ნებას ენიჭება უპირატესობა და საქორწინო კონტრაქტის არსებობა ედება საფუძვლად მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების თანაზიარ საკუთრებად აღიარებას, ხოლო, როდესაც ეს ურთიერთობა საქორწინო კონტრაქტით არ რეგულირდება, თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, თუნდაც, პატიმრობაში ყოფნის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანის, თუ ორივე მეუღლის მიერ.

ამდენად, საოჯახო კანონმდებლობით სპეციალურად არის განსაზღვრული მეუღლეთა საერთო ქონების ობიექტის შემადგენლობა. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება: როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, რომლებიც შეადგენდნენ ანაზღაურებას, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა.

სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ სადავო ნივთები მისი ინდივიდუალური საკუთრებაა, ვინაიდან, მაცივარი და სარეცხის მანქანა მეუღლის პატიმრობის პერიოდში პირადად შეიძინა, ხოლო სამეული და ტელევიზორი დედის საქორწინო საჩუქარია (მზითვებია), რის გამოც უკანონოდ მოხდა მათი დაყადაღება.

პალატის მოსაზრებით, ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ სამეული და ტელევიზორი დედისგან მზითვის სახით საჩუქრად მიიღო, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, კერძოდ, აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებაში, მოსარჩელემ მტკიცებულებებად მოწმეების - ც. მ.-სა და ც. ო.-ს (დედა) ჩვენებები მიუთითა. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოწმე ც. მ.-ს ჩვენების თანახმად, ის ფაქტი, რომ სამეული და ტელევიზორი დედამ შეუძინა მ.-ს, მან თავად მ.-სგან იცის გადმოცემით. ხოლო მოსარჩელის დედის - ც. ო.-ს განმარტებით, სამეული და ტელევიზორი პირადად მას არ შეუძენია. ფულს აგზავნიდა და მ.-მ თვითონ იყიდა ისინი.

პალატა აღნიშნავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მ. ო.-ს მიერ ნივთების ქორწინების პერიოდში შეძენის ფაქტი სადავო არ არის, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა ის, რომ ეს ნივთები თანასაკუთრებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ ნივთებზე, რომლებიც შეძენილია ქორწინების პერიოდში, თანასაკუთრება არ წარმოიშობა.

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, იმ გარემოების დადასტურება, რომ სადავო მოძრავი ნივთებიდან სამეული და ტელევიზორი სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დედისგან საჩუქრად მიღებული ნივთებია, თუმცა მოსარჩელემ ამ კუთხით დასაბუთებული მტკიცება სასამართლოს ვერ წარუდგინა. პალატა აღნიშნავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელის დედის განმარტებით დგინდება, რომ დედას მ. ო.-სათვის ზემოაღნიშნული ნივთები პირადად არ შეუძენია, არამედ მხოლოდ ფულს უგზავნიდა, საქმეზე უნდა წარმოდგენილიყო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ ც. ო. მ. ო.-ს ფულს ნამდვილად უგზავნიდა, ამასთან, მიზნობრივად - სადავო სამეულისა და ტელევიზორის შესაძენად. ასეთი მტკიცებულებები კი მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, სადავო სამეულსა და ტელევიზორზე სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმი ვერ გავრცელდება.

სააპელაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სადავო ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა, შესაბამისად, ამ ქონების ნახევარი წარმოადგენს მ. ო.-ს საკუთრებას, მაგრამ თავად დაყადაღებული ქონების არსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს მოძრავი ნივთების წილზე ყადაღის მოხსნას და ამდენად, სარჩელი მთლიანად არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა, მ. ო.-ს რჩება მისი კუთვნილი წილის შესაბამისი კომპენსაციის (ქონების ღირებულების) მიღების უფლება (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე #ას-290-276-2013)

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად. ზემოაღნიშნული ნორმისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მარიამ ომარაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 75 ლარის გადახდა;

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა


1. რ.-ს მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. მ. ო.-ს სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. მ. ო.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 75 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.