ნახვები: 305
საქმის ნომერი: საქმე №2ბ/3627-13
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №საქმე №2ბ/3627-13 (2012-10-23), www.temida.ge
საქმის № საქმე №2ბ/3627-13

განჩინება
საქართველოს სახელით
       23 ოქტომბერი, 2012 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნატალია ნაზღაიძე

აპელანტი – ზ. ტ.

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ.

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

ნათია ბურდული ტერმაკოზაშვილის მიერ ზვიად ტერმაკოზაშვილის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნები: მცირეწლოვანი ანასტასია ბურდულის მიმართ ზვიად ტერმაკოზაშვილის მამობის დადგენა; მცირეწლოვანი შვილების - ანასტასია ბურდულის და ნატალი ბურდული-ტერმაკოზაშვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 100-100 ლარის ოდენობით.სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მცირეწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან ერთად.

მტკიცებულებები: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2), მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 24).

2.2. მოპასუხე ზ.ტ. პერიოდულად შრომობს ფიზიკურად. სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია.

მტკიცებულება: მოპასუხის ახსნა-განმარტება, რომელიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია (იხ. 04.06.2013წ. სხდომის ოქმი).

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.3. ნ.ბ. და ზ.ტ. რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2010 წლის 23 მაისიდან.

მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 13).

2.4. მხარეებს თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი - 2009 წლის 11 ნოემბერს დაბადებული ა. ბ. და 2011 წლის 04 თებერვალს დაბადებული ნ. ბ.

მტკიცებულებები: დაბადების მოწმობები (ს.ფ. 14-15), მხარეთა ახსნა-განმარტებანი (ს.ფ. 3, 24-25; იხ. 04.06.2013წ. სხდომის ოქმი).

2.5. ნ.ბ. ექვს სულიანი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ოჯახი ყოველთვიურად იღებს დახმარებას 174 ლარის ოდენობით.

მტკიცებულებები: ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 16).

2.6. ზ.ტ. სამ სულიანი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ოჯახის სარეიტინგო ქულაა 69670, რის გამოც ოჯახის წევრები დახმარებას არ იღებენ და სარგებლობენ მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევით.

მტკიცებულება: ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 30).

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხე ზ.ტ. სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის შესახებ ცნო, რაც მის მიერ მამობის აღიარებაზე მიუთითებდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა.

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

სასამართლომ განმარტა, რომ ზემოთ მითითებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია ყოველთვიურად თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 80 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ბ. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2009 წლის 11 ნოემბერს დაბადებული ა. ბ. (პ/№XXXXXXXXX) მამად აღიარებულ იქნა ზ. ტ. (პ/№XXXXXXXXXXX), რის შესახებაც შევიდა ცვლილება ა. ბ. დაბადების სააქტო ჩანაწერში №XXXXXXXXXX (რეგისტრირებული 2009 წლის 13 ნოემბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახურის მიერ). მოპასუხე ზ. ტ-ს ნ. ბ-ს სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების – 2011 წლის 4 თებერვალს დაბადებული ნ. ბ-ს და 2009 წლის 11 ნოემბერს დაბადებული ა. ბ-ს რჩენა – აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 80-80 (სულ 160) ლარის ოდენობით, 2013 წლის 2 მაისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებად კი დაადგინა, რომ აპელანტი პერიოდულად შრომობს და არ აქვს სტაბილური შემოსავალი, თუმცა ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ეს გარემოება.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

განსახილველ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივი დასაბუთება

დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.1. 2009 წლის 11 ნოემბერს დაბადებული ა. ბ.-სა და 2011 წლის 4 თებერვალს დაბადებული ნ. ბ-ს მშობლები არიან ზ. ტ. და ნ. ბ.

4.2. ბავშვები - ა. ბ. და ნ. ბ. ცხოვრობენ დედასთან

4.3. ნ. ბ. და მისი ოჯახის წევრები, მათ შორის შვილები ა. ბ. და ნ. ბ. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, რის საფუძველზეც სარგებლობენ საარსებო შემწეობითა და ჯანმრთელობის დაზღვევით. ოჯახი ყოველთვიურად იღებს დახმარებას 174 ლარის ოდენობით. (ტომი 2, ს.ფ. - ამონაწერი რეესტრიდან).

4.4. ზ. ტ-ს სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია და იგი პერიოდული ფიზიკური შრომით ირჩენს თავს.

სამართლებრივი დასაბუთება

4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.

დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტი მცირეწლოვანი შვილების სარჩენად, რომლებიც ცხოვრობენ დედასთან ერთად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა – 80-80 ლარი თითოეული ბავშვისათვის წარმოადგენს იმ გონივრულ ოდენობას, რაც აუცილებელია მცირეწლოვანი ბავშვებისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. პალატა მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, ინტენსიურად უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

სარეზოლუციო ნაწილი

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

6. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53–ე მუხლის შესაბამისად, ზ. ტ.-ს მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ. ტ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება;

3. ზ.ტს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.



მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე