ნახვები: 447
საქმის ნომერი: 4/ა-997-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: თეა ძიმისტარაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: დადგენილება
კანონიერი ძალა:
ინსტანციური ისტორია: N4/890, 891-15
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, დადგენილება, საქმე №4/ა-997-15 (2016-01-20), www.temida.ge
საქმის № 4/ა-997-15

დადგენილება
საქართველოს სახელით
       20 იანვარი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
თეა ძიმისტარაშვილი

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

საჩივრის ავტორები - გ. ზ. , ვ. კ.
ვ. კ.-ს წარმომადგენლები - გ. გ., მ.ბ.
გ. ზ.-ს ადვოკატი - გ. გ.
მოწინააღმდეგე მხარე (სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი) - საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილება
წარმომადგენლები - თ. ე. , ჯ. ა.
სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი - გ. დ. , გ. ბ.
გასაჩივრებული დადგენილება - გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილების გაუქმება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2015 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის N1 განყოფილების ინსპექტორ გამომძიებლის გ. დ.-ს მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი NXXXXXXXXX და ადმინისტრაციული დაკავების ოქმი NXXXXXXX ვ. კ.-ს მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე.
2015 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის N1 განყოფილების უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის გ. ბ.-ს მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული დაკავების ოქმი ოქმი NXXXXXXXXX გ. ზ.-ს მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის N4/890,891-15 დადგენილებით, გ. ზ. ცნობილი იქნა დამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით და დაედო ადმინისრტაციული სახდელი 173-ე მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში ჯარიმის სახით 250 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვ. კ. ცნობილი იქნა დამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით და დაედო ადმინისრტაციული სახდელი 173-ე მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში ჯარიმის სახით 400 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის N4/890,891-15 დადგენილება გაასაჩივრეს ვ. კ.-მ და გ. ზ.-მ და მოითხოვეს გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება.
საჩივრის ავტორებიი მიუთითებენ, რომ 2015 წლის 27 ნოემბრის ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც განხილულ იქნა გორის რაიონული სასამართლოს მიერ, გამოტანილი დადგენილებით საჩივრის ავტორები ცნობილნი იქნენ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაზედაც მათ დაეკისრათ ადმინისტრაციული სახდელი 173-ე მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში ჯარიმის სახით, 250 ლარის ოდენობით გ. ზ.-ს, ხოლო ვ. კ.-ს 400 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მართალია, სასამართლო სხდომაზე საჩივრის ავტორები დაეთანხმნენ იმას, რომ იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ არ დაეთანხმნენ პოლიციისადმი წინააღმდეგობის ფაქტს.
მათ მიერ ამ დადგენილების სააპელაციო წესით გასაჩივრება გამომდინარეობს ერთი ძირითადი ფაქტობრივი მდგომარეობიდან, რომელიც მათ სასამართლოს არ განუცხადეს, ვინაიდან შეეშინდათ ზ/ხსენებული პოლიციელებისა, რომლებიც ესწრებოდნენ პროცესს, რადგან მათი მხრიდან როგორც საჩივრის ავტორთა დაკავების მომენტში, ასევე სასამართლო სხდომის წინ განხორციელდა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა. საჩივრის ავტორთა განმარტებით, მართალია მოსამართლემ მათ მისცა საშუალება თავიანთი აზრი დაეფიქსირებინათ, მაგრამ ისინი იყვნენ ზეწოლის ქვეშ და ვერ შეძლეს გაემხილათ სიმართლე. საჩივრის ავტორები დამატებით განმარტავენ, რომ გ. ზ. არის ბავშვობიდან მე-2 ჯგუფის ინვალიდი, დიაგნოზით ,,ოლიგოფრენია’’ და აღრიცხვაზე დგას გორის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში. პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოქცევა გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 27 ნოემბერს გორის რაიონის სოფელი ხელთუბნიდან, როდესაც საჩივრის ავტორები ბრუნდებოდნენ ნათესავის ოჯახიდან მათი კუთვნილი ავტომანქანით, იყვნენ ოდნავ ნასვამ მდგომარეობაში, სოფელ კარალეთის ცენტრში 00 საათსა და 45 წუთზე გააჩერეს პოლიციელებმა. საჩივრის ავტორები დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა მათი განმარტებით ისინი იქცეოდნენ აგრესიულად და გამუდმებით აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცყოფებს ზ/აღნიშნულ პირებს. ვ. კ. განმარტავს, რომ მას არ მისცეს საშუალება ესარგებლა ტუალეტით, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და იგი პირდაპირი მნიშვნელობით ,,შარვალში ჩასვრილი“ მიიყვანეს გორის დროებით მოთავსების იზოლატორში. სადაც მას მისცეს ახალი შარვალი და ამის შემდეგ მას და გ. ზ.-ს ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმება სასწრაფო დახმარების მიერ. თუმცა ცემის ფაქტთან დაკავშირებით საჩივრის ავტორებს აქაც არაფერი უთქვამთ, მხოლოდ გ. ზ.-ს ძლიერი თავის ტკივილი დაფიქსირდა.
საჩივრის ავტორები განმარტავენ, რომ პოლიციელები ახორციელებდნენ მათზე ფიზიკურ ზეწოლას, რასაც შეესწრნენ წინ გაჩერებულ მანქანაში მყოფი მგზავრები, რომლებიც აღმოჩნდნენ მათ გვერდზე მცხოვრები სოფლის მკვიდრნი და ამ პირებს საჩივრის ავტორები კარგად იცნობენ.
საჩივრის ავტორები ასევე განმარტავენ, რომ სააპელაციო სასამართლოში აპირებენ ყველა ფაქტობრივ გარემოებაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას, ასევე პოლიციელთა ქმედებებზე აპირებენ საჩივრის შეტანას გენერალურ ინსპექციაშიც.
საჩივრის ავტორები ითხოვენ, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე.
საჩივრის ავტორი ვ. კ. განმარტავს, რომ იგი არის მსახიობი, სამაჩაბლოდან დევნილი, ომის მონაწილე და რომ მას კმაყოფაზე ჰყავს ონკოლოგიურად დაავადებული დედა. იგი არ არის შემჩნეული წესრიგის დარღვევასა და ხულიგნობაში ასევე არ არის ნასამართლევი. ხოლო, მე-2 ჯგუფის ინდვალიდის გ. ზ.-ს ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, შესაბამისად სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე თუ როგორ უნდა დაეკისროს მას ეს სახდელი. არც პოლიცია და არც სასამართლო არ შეეცადა დაედგინა პიროვნების სტატუსი, უფრო მეტიც საჩივრის ავტორთათვის გაურკვეველია თუ რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა მათთვის განსხვავებული ფულადი თანხების დაკისრება, როდესაც არც კი გარკვეულა თითოეულის ქმედების სინამდვილე. საჩივრის ავტორები იმედოვნებენ რომ სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს ყველა ფაქტობრივ მდგომარეობას და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი NXXXXXXXXX, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, გ. ზ.-ს მიმართ, მასზედ რომ 2015 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 00სთ და 55 წუთზე, გ. ზ. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის თანამშრომლებს, გორის რაიონის სოფელ კარალეთის ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსთან. პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, გახდა აგრესიული და შეეცადა პოლიციელებისათვის მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით იძულების წესის გამოყენებით შემოწმდა ,,გრემზე’’.

2015 წლის 27 ნოემბერს, შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი NXXXXXXXXX, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, ვ. კ.-ს მიმართ, მასზედ რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ. კ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს, დარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, იგინებოდა და ილანძღებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით, დაკავებისას პოლიციელებს გაუწია წინააღმდეგობა.

სააპელაციო სასამართლო, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში ბრალეული პირების ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, ასევე საქმეზე არსებული მასალების შეჯერების საფუძვლზე მიდის დასკვნამდე, რომ დასტურდება ვ. კ.-სა და გ.ზ-ს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორთა მითითებებს იმ გარემოებაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მათზე განახორციელეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდნენ თავისა და კისრის არეში, ასევე ვ. კ.-ს მიმართ განახორციელეს ღირსებისა და ადამიანური მოპყრობის შემლახველი ქმედებები, რაც გამოიხატა მისი ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აკრძალვაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენაში ბრალეულ პირებზე ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლის ფაქტი. რაც შეეხება საჩივარზე დართულ სამედიცინო დოკუმენტაციას, პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ზ.-მ და ვ. კ.-მ ერთდროულად, ერთ დღეს მიმართეს სამედიცინო დაწესებულებებს, კონკრეტულად 2015 წლის 1 დეკემბერს. გ. ზ.-ს შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ პაციენტმა თავის ტკივილების ჩივილით მიმართა სასწრაფო დახმარებას და განმარტა, რომ თავის ტკივილს უკავშირებს ცემის ფაქტს პოლიციის მხრიდან. პალატა მიუთითებს სამედიცინო ბარათზე ( ტ-1, ს.ფ 50 ) და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის დაკავების ოქმზე, რომლითაც არ დასტურდება გ. ზ.-ს ჯანმრთელობის იმგვარი მდგომარეობა, რომელიც შექმნიდა პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ზემოქმედებაზე ეჭვის საფუძველს. სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს ს.ფ. 47-ზე წარმოდგენილ, 2015 წლის 1 დეკემბრით დათარიღებულ, ვ. კ.-სათვის გაცემულ სამედიცინო დანიშნულებაზე, რომლითაც ასევე არ დასტურდება (მიზეზ-შედეგობრივი კავშირი) პოლიციის თანამშრომლების მხრიდან 2015 წლის 27 ნოემბერს, რაიმე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალეული პირის საჩივარში მითითებული არგუმენტაცია არ არის სარწმუნო და იგი შეუსაბამოა საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან. პალატა ასევე მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმში დაფიქსირებულ ვ. კ.-ს ახსნა-განმარტებაზე(ს.ფ. 19-20), რომლის თანახმად, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენაში ბრალეული პირის ვ. კ.-ს განმარტებები, რომელიც განაცხადა სააპელაციო წესით საქმის განხილვის ეტაპზე, მიმართულია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის აცილებისაკენ.
,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის თანახმად, პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა. პოლიციელისათვის სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას ხელის შეშლა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებს, კანონის საფუძველზე აქვთ მინიჭებული საზოგადოებრივი წესრიგის, საჯარო ინტერესების დაცვის, საზოგადოებრივი ურთიერთობების მონაწილეთა ქცევის მართლზომიერების შეფასების უფლებამოსილება. ამ უკანასკნელის შინაარსი საჯარო მოხელეებს ავალდებულებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იყვნენ მიუკერძოებლები, იმოქმედონ კეთილსინდისიერად, მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი განახორციელონ კანონის ფარგლებში; ამ უფლებამოსილებათა განხორციელების პირობებში ივარაუდება, რომ სამართალდარღვევის გამომვლენი პოლიციის მოხელე მოქმედებს კეთილსინდისიერად და რომ მას გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები, ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასოს კონკრეტული ფაქტი, ქმედება.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება სამართალდარღვევის გამომვლენის მიერ უზუსტობის, მიკერძოების ან არაობიექტური შეფასების კონკრეტული შემთხვევის გამოვლენის ფაქტი.
პალატა ვერ გაიზიარებს ვ. კ.-ს პრეტენზიას მასზე, რომ საჩივრის ავტორთა მხრიდან ადგილი არ ქონია წინააღმდეგობის გაწევას. სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს ასევე, სააპელაციო პალატის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პ. კ.-ს ჩვენებაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას, ვერ გამოვლინდა ის გარემოებები, რაც გამოკვეთდა ადმინიტრაციული სამართალდარღვევის არ არსებობას.
სააპელაციო პალატის დასკვნით, ვ. კ.-ს მიერ საჩივარში გამოთქმული მოსაზრებები გასაჩივრებული დადგენილების ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული დადგენილება კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს დადგენილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს არსებული სიტუაციის თავისებურება, გადაცდომის ხასიათი და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებისას იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში. პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გ. ზ.-ს ქმედება უნდა შეფასდეს მცირემნიშვნელოვნად, ვინაიდან მისი ქმედება პროვოცირებული იყო ვ. კ.-ს ქცევიდან გამომდინარე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ადრე გ. ზ. ადმინისტრაციული წესით ყოფილიყო სახდელდადებული. შესაბამისად, გ. ზ-ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი და ადმინისტრაციული სახდელის დადების ნაწილში გ. ზ. უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე, 273-ე, 278-ე და 279-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის 11 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ზ.-სა და ვ. კ.-ს საჩივარი, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილებაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილება გ. ზ.-სათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების ნაწილში და გ. ზ. გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე.
3. დანარჩენ ნაწილში, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილება დარჩეს უცვლელი.
4. დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.




I შეჯამება:
ყველა ვალდებულია დაემორჩილოს პოლიციელის მოთხოვნას,რადგან იგი წარმოადგენს სახელმწიფოს და მოქმედებს მისი სახელით.პოლიციელი მოვალეობის შესრულებისას შეზღუდულია კანონითა და სამართლის ძირითადი პრინციპებით და ივარაუდება,რომ იგი მოქმედებს მათ ფარგლებში.
განმარტებული ნორმები:
საქართველოს კანონი პოლციის შესახებ, 48.1, 48.2, 48.3.
თეგები:
პოლიციელის უფლებამოსილება.
განმარტების სრული ტექსტი:
"პოლიციის თანამშრომლებს, კანონის საფუძველზე აქვთ მინიჭებული საზოგადოებრივი წესრიგის, საჯარო ინტერესების დაცვის, საზოგადოებრივი ურთიერთობების მონაწილეთა ქცევის მართლზომიერების შეფასების უფლებამოსილება. ამ უკანასკნელის შინაარსი საჯარო მოხელეებს ავალდებულებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იყვნენ მიუკერძოებლები, იმოქმედონ კეთილსინდისიერად, მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი განახორციელონ კანონის ფარგლებში; ამ უფლებამოსილებათა განხორციელების პირობებში ივარაუდება, რომ სამართალდარღვევის გამომვლენი პოლიციის მოხელე მოქმედებს კეთილსინდისიერად და რომ მას გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები, ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასოს კონკრეტული ფაქტი, ქმედება."

II შეჯამება:
სასამართლომ ყოველი საქმე უნდა განიხილოს ინდივიდუალურად, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით,რათა თითოეულ შემთხვევაში შეფასდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება.მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება,ან ქმედების მიჩნევა მცირემნიშვნელოვნად.
განმარტებული ნორმები:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 22. 33.
თეგები:
ადმინისტრაციული სახდელი,მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული დარღვევა.
განმარტების სრული ტექსტი:
"ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს არსებული სიტუაციის თავისებურება, გადაცდომის ხასიათი და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებისას იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში."