ნახვები: 458
საქმის ნომერი: 1/ბ-204-15
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მზია ლომთათიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2კ-344აპ.-15
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-204-15 (2015-04-28), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-204-15

განაჩენი
საქართველოს სახელით
       28 აპრილი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მზია ლომთათიძე

ეკატერინე ობოლაძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების - თ. ქ.-ს, ხ. ყ.-ს
ადვოკატ - მ. ხ.-ს
მსჯავდებულების - გ. პ.-ს, გ. ა.-ს
მონაწილეობით,

მსჯავრდებულების გ. ა.-ს და გ. პ.-ს და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ხ.-ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გ. ა.-ს მიმართ - დაბადებულის 19-- წლის -- მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ზ. ვ.-ს N-, ბინა N-, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

გ. პ.-ს მიმართ - დაბადებულის 19-- წლის -- ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ა.-ს ქ. N--, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენით გ. ა.- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით.

გ. პ.- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
გ. ა.-ს და გ. პ.-ს მსჯავრი დაედოთ მასზედ, რომ ჩაიდინეს ქურდობის ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2014 წლის 20 მაისს, დაახლოებით 04:00 საათზე, გ. ა.-მ და გ. პ.-მ, ძალაყინის გამოყენებით გატეხეს ქალაქ თბილისში, მ.-ს მე-- მ/რ, ---ე კორპუსის მე-- სადარბაზოს მიმდებარედ მდგარი სს „ლ.-ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და ცდილობდნენ ფარულად დაუფლებოდნენ ფულად თანხას 238 ლარის ოდენობით, რაც ვერ მოახერხეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვინაიდან შემჩნეული და დაკავებული იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა გ. ა.-მ, გ. პ.-მ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ხ.-მ.

აპელანტებმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მსჯავრდებულების გ. ა.-ს და გ. პ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტის განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ემყარება მხოლოდ ოთხი მოწმის ჩვენებას და საქმეზე არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ. ა.-ს და გ. პ.-ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.

აპელანტი უთითებს, რომ მსჯავრდებულების გ. ა.-ს და გ. პ.-ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია სს „ლ.-სთვის“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულადი თანხის მითვისების მცდელობას, გ. პ.-ს დაკავება მოხდა პოლიციელი ი. ფ.-ს მიერ, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრში და შემდეგ იქნა მიყვანილი, იქ სადაც დგას სწრაფი ჩარიცხვის აპარატი.

აპელანტის აზრით, პოლიციელების უ. მ.-ს, კ. კ.-ს, ა. ც.-ს და რ. გ.-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები არასარწმუნოა და არსებობს აშკარა წინააღმდეგობა მათ შორის, რადგან შეუძლებელია სამართალდამცავმა მოცემულ პირობებში დააკავოს დამნაშავე, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 20 მეტრში.
აპელანტი ასევე უთითებს მოწმე ლ.ლ.-ს მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, სადაც იგი განმარტავს, რომ „ძალაყინის ბოლო ჩარჭობილი იყო მიწაში“, ხოლო „ძალაყინის გრძელი მხარის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია ბალახით“. შესაბამისად აპელანტს აინტერესებს, თუ გ. პ.-ს ხელში ეკავა ძალაყინი და გაიქცა გ.-ს ქუჩის მიმართულებით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 10 მეტრში, როგორ მოახერხა გაზონზე, მიწაში ძალაყინის ჩარჭობა, როდესაც პოლიციელების ჩვენების თანახმად იგი გარბოდა და რაც ხელში ეკავა ყველაფერი დაყარა.
აპელანტი ასევე, უთითებს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა ამოღებული კუპიურების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტომასალის არსებობა, ვერ დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე დათვალიერებულ ტომარაში ნამდვილად იყო მოთავსებული ფულის კუპიურები. აპელანტის განმარტებით, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ფულის კუპიურები ინტენსიური წვიმის გამო იყო დაზიანებული და ამის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა მათი გარჩევა, ვინაიდან ფულადი კუპიურები დამზადებულია ისეთი ქაღალდისგან, რომლის დაზიანება, გარდა დაწვის, დახევის ან სხვა ამგვარი ზემოქმედებისა, შეუძლებელია.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიეცა არასწორი შეფასება, რის გამოც მიღებულ იქნა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი, რომლიც უნდა შეიცვალოს და გ. ა.-ს და გ. პ.-ს მიმართ გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულები და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატი დაეთანხმა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს.

სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულების გ. პ.-ს და გ.ა.-ს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების ლ. ც.-ს, უ. მ.-ს, კ. კ.-ს, ა. ც.-ს, რ. გ.-ს, ი. ს.-ს, ი. ფ.-ს, ე. ბ.-ს, ლ. ხ.-ს, ლ.ლ.-ს ჩვენებები; დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; „ნ.-ს“ ფინანსური დირექტორის გ. პ.-ს 2014 წლის -- ივნისის წერილი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განჩინება.

აპელანტები სადავოდ ხდიან გ. პ.-ს დაკავების ადგილსა და ვითარებას და აღნიშნავენ, რომ გ. პ.-ს დაკავება მოხდა პოლიციელ ი. ფ.-ს მიერ შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრში და შემდეგ იქნა მიყვანილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან.
აპელანტთა მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ საქმეში არსებული 2014 წლის -- მაისის გ. პ.-ს დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით დასტურდება, რომ იგი დაკავებულ იქნა დეტექტივ-გამომძიებელ რ. გ.-ს მიერ და ინსპექტორ გამომძიებელ ა. ც.-ს მიერ, მოწმის სახით დაკითხული ა. ც.-ს, ჩვენებით კი დადასტურებულია, რომ მსჯავრდებული გ. პ.- დააკავა მან და რ. გ.-მ, ხოლო გ. ა.-ს დაკავება მოხდა უ. მ.-ს და კ. კ.-ს მიერ. შემდეგ გამოიძახეს დახმარება და მსჯავრდებულები ორი მანქანით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. თავად დარჩა შემთხვევის ადგილის დასაცავად, სადაც ცოტა ხანში მივიდნენ ი. ფ.- და სხვა პირები; იგივე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას კ .კ.-მა და უ. მ.-მა, რომლებმაც ასევე განმარტეს, რომ ი. ფ.- მსჯავრდებულების დაკავებისას იქ არ ყოფილა, ხოლო მოწმის სახით დაკითხულ ი. ფ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ბრალი წარუდგინა და დაკითხა მსჯავრდებულები, მაგრამ პ.-ს დაკავების დროს შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა. მან მსჯავრდებულები გ. პ.- და გ.ა.- პირველად ნახა მე-3 განყოფილებაში, შემდეგ წავიდა შემთხვევის ადგილზე. მას არავინ დაუკავებია და არც შემთხვევის ადგილზე არ მიუყვანია. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მას არც სამსახურის და არც პირადი მანქანა არ ჰყავს და საერთოდ მართვის მოწმობა არ აქვს და ავტომანქანით არ დადის. შესაბამისად პალატას მიჩნია, რომ აპელანტთა პოზიცია, რომ დაკავება მოხდა ი. ფ.-ს მიერ შემთხვევის ადგილიდან შორს, ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტთა მოსაზრებას, რომ პოლიციელების უ. მ.-ს, კ. კ.-ს, ა. ც.-ს და რ. გ.-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები არასარწმუნოა და არსებობს აშკარა წინააღმდეგობა მათ შორის. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობა არ არსებობს, გასათვალისწინებელია, რომ არც აპელანტი უთითებს კონკრეტულად თუ რა ურთიერთგამომრიცხავი გარემოებებია მოწმეთა ჩვენებებში. მოწმეთა ჩვენებებს დაცვის მხარე არასარწმუნოდ მიჩნევს, ვინაიდან თვლის, რომ შეუძლებელია სამართალდამცავებმა მოცემულ პირობებში /მხედველობაში აქვს ძლიერი წვიმა და საწვიმარი, რაც პოლიციის თანამშრომლებს ეცვათ/, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 20 მეტრში, დააკავონ დამნაშავე. პალატა თვლის, რომ ეს არის მხოლოდ დაცვის მხარის ვარაუდი, რაც შეეხება თავად მოწმეთა ჩვენებებს, ისინი ადასტურებენ, მათ მიერ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში გ.ა.-სა და გ. პ.-ს დაკავების ფაქტს. ამასთანავე, დაცვის მხარის შეკითხვაზე მოწმის სახით დაკითხვისას უ. მ.-მა განმარტა, რომ როგორც სხვა პოლიციის თანამშრომლები ისიც აბარებს ნორმატივებს და 100 მეტრს 13 წამში გარბის, ხოლო ის საწვიმარი, რაც მას და რ.გ.-ს ეცვათ, არის მოკლე და სირბილის დროს ხელს არ უშლით.

აპელანტები ასევე მიუთითებენ მოწმე ლ.ლ.-ს მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე და აღნიშნავენ, რომ წარმოუდგენელია გაქცევის დროს გ. პ.-ს მოეხერხებინა გაზონზე, მიწაში ძალაყინის ჩარჭობა. მითუმეტეს, რომ როგორც სურათზე ჩანს, ძალაყინი ბალახითაა დაფარული.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მხედველობაში იღებს შემდეგს: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ზოგადადაა მითითებული, რომ აღმოჩენილი იქნა ერთი ერთეული მოშავო ფერის ძალაყინი. სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ლ. ლ.-ს წარედგინა ოქმზე დართული ფოტოსურათები, რაზეც მან განაცხადა, რომ ძალაყინი მიწაშია ჩარჭობილი და დაფარულია ბალახით, თუმცა მოწმეს არ განუცხადებია, რომ აღნიშნული ძალაყინი ვინმემ ძალით ჩაარჭო მიწაში და არ შეიძლებოდა ის უბრალოდ გადაგდებული ყოფილიყო, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ შემთხვევამდე იყო ძლიერი წვიმა. არც დაცვის მხარეს დაუსვამს მოწმისთვის ეს შეკითხვა და აღნიშნული პოზიცია მხოლოდ მათ ვარაუდს ემყარება.

აპელანტები ასევე თვლიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ეცნო ფულადი თანხა, ვინაიდან ვერ იქნა დადგენილი ტომარაში მოთავსებული თანხის ოდენობა.
აპელანტთა მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად დასაბუთებულად არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა, ვინაიდან როგორც ნივთმტკიცების დათვალიერების დროს დადასტურდა, ლუქის მთლიანობა, რითაც ფულადი თანხა 238 ლარის ოდენობით შემთხვევის ადგილზევე დაილუქა, დარღვეული არ ყოფილა და ეჭვი ნივთმტკიცების გამოცვლის შესახებ გამოირიცხა. ასევე სახეზე არ იყო ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლა და მხოლოდ ის გარემოება, რომ ნივთმტკიცების შენახვა არ მოხდა სათანადო პირობებში, არ შეიძლება ჩაითვალოს ნივთმტკიცების დაუშვებლად ცნობის საფუძვლად. რაც შეეხება აპელანტთა განმარტებას, რომ ფულის კუპიურები ისეთი მასალისაა, დასველების შემდეგ არ დაზიანდებოდა, არის მხოლოდ მათი ვარაუდი და აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მათ არ წარმოუდგენიათ.

დაცვის მხარე ასევე ეჭვქვეშ აყენებს სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე დაზიანებების არსებობის ფაქტს, რაც პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აპარატის რკინის კარი იყო ნახევრად ღია მდგომარეობაში და იყო დაზიანებული.

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულების გ. ა.-ს და გ. პ.-ს და მათი დამცველის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასჯელების განსაზღვრის დროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გათვალისწინებულ იქნა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეთა პიროვნება, ოჯახური მდგომარეობა, რასაც პალატაც იზიარებს და თვლის, რომ დანიშნული სასჯელების შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების გ. ა.-ს და გ. პ.-ს და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ხ.-ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

გ. ა.- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით.
გ. ა.-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 20 მაისიდან.

გ. პ.- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადი, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით.
გ. პ.-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2014 წლის -- მაისიდან.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ფულადი თანხა და ტომრები, რაც ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
სუნის კვალის ნიმუშები და ძალაყინი, რაც ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.




შეჯამება
მხოლოდ ის გარემოება, რომ ნივთმტკიცების შენახვა არ მოხდა სათანადო პირობებში, არ შეიძლება ჩაითვალოს ნივთმტკიცების დაუშვებლად ცნობის საფუძვლად.

თეგები
ნივთმტკიცება; დაუშვებლად ცნობა;

განმარტების სრული ტექსტი
"როგორც ნივთმტკიცების დათვალიერების დროს დადასტურდა, ლუქის მთლიანობა, რითაც ფულადი თანხა 238 ლარის ოდენობით შემთხვევის ადგილზევე დაილუქა, დარღვეული არ ყოფილა და ეჭვი ნივთმტკიცების გამოცვლის შესახებ გამოირიცხა. ასევე სახეზე არ იყო ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლა და მხოლოდ ის გარემოება, რომ ნივთმტკიცების შენახვა არ მოხდა სათანადო პირობებში, არ შეიძლება ჩაითვალოს ნივთმტკიცების დაუშვებლად ცნობის საფუძვლად."