ნახვები: 326
საქმის ნომერი: 2ბ/4094-13
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: (თავმჯდომარე), ლილი ტყემალაძე, ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/4094-13 (2013-11-21), www.temida.ge
საქმის № 2ბ/4094-13

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       21 ნოემბერი, 2013 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:

მოსამართლეები:
ლილი ტყემალაძე, ქეთევან მესხიშვილი,

თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/4094-13 21 ნოემბერი, 2013 წელი
თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები – ლილი ტყემალაძე, ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – დარეჯან ბიძინაშვილი


აპელანტი _ თ. ბ.
წარმომადგენელი – გ. ფ.

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ.
წარმომადგენელი – დ. ქ.

დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

თ. ბ.-ს მიერ ნ. კ.-ს მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა - ქ. თ.-ში, დ.-ს მ., მე-X კვარტალი, X კორპუსი, ბინა X-ზე, 2008 წლის 21 აპრილს თ. ბ.-ს მიერ გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თ. ბ.-ს სარჩელი, მოპასუხე ნ. კ.-ს მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. 2008 წლის 21 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, თ. ბ.-მ - ბებიამ, ნ. კ.-ს - შვილიშვილს, აჩუქა კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თ.-ში, დ.-ის მ., მე-X კვარტალი, X კორპუსი, ბინა NX, ფართი 72.00. კვ.მ.

მტკიცებულება:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.;
- საცხოვრებელი ბინის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 11).

2.2. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ. კ. დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ.

სასამართლო დაემყარა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 23).

2.3. უძრავი ქონების გაჩუქების შემდეგ, თ. ბ. მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩენილა.

1. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათისა და პაციენტის გასინჯვის ფურცლების საფუძველზე, სადაც ასახულია მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2012 წლისათვის, არ დასტურდებოდა წინა წლებთან შედარებით მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რადგან არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება 2010 წლისათვის მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, მკურნალობაზე ხარჯის გაღებისა და სამომავლოდ ჯანმრთელობის აღსადგენად საჭირო ხარჯების გაწევის აუცილებლობის დასადასტურებლად მტკიცებულებები არ ყოფილა წარდგენილი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით მოსარჩელე ვერ ადასტურებდა 2010 წლიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხარჯების გაზრდის ფაქტს.

2. ბუნებივი აირის მიწოდების შეწყვეტის ფაქტი მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა. შესაბამისად, მძიმე მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის დასადასტურებლად, სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის ფაქტზე მითითება. საქმეში წარმოდგენილი ქვითრის საფუძველზე (ს.ფ.112), დადგინდა, რომ ბ.-ს დავალიანება ყაზტრანსგაზის მიმართ შეადგენდა 1725.59 ლარს, რომელიც 2012 წლის ივლისში გადახდილია. მოპასუხის განმარტებით, დადგენილია, რომ ნ. კ.-მ გადაიხადა აღნიშნული დავალიანება. გარდა აღნიშნულისა, თავად მოსარჩელის განმარტების საფუძველზე, დადგინდა, რომ თ. ბ. თხევადი აირით სარგებლობდა.

3. სასამართლომ, 2010 წელს თ. ბ.-ს სარჩელის განხილვისას დაკითხული მოწმეების ჩვენებითა და მისივე განმარტებით, დაადგინა, რომ დასაჩუქრებულის შეთავაზებაზე, ბებიისათვის აეყვანა მომვლელი, მოსარჩელემ უარი განაცხადა. მოცემულ საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებით დადგინდა, რომ მოსარჩელე მარტო ცხოვრობს, მას ასაკიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს გადაადგილება, თავის მოვლა. მათ აღნიშნეს, რომ მოსარჩელეს დახმარებას უწევენ მეზობლები, ნათესავები. თავადაც მოსარჩელის თხოვნით ყიდულობენ პროდუქტებს, ან გამზადებული საჭმელი მიაქვთ მისთვის, ეხმარებიან საოჯახო საქმეებში.


4. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების თაობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, თ. ბ. ყოველთვიურად რა სარგებელს იღებდა თანხის გასესხების შედეგად, შესაბამისად, არ დგინდებოდა რა თანხით შემცირდა მოსარჩელის შემოსავალი. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებითა და მოწმე ზ. კ.-ს განმარტებით დადგინდა, რომ თ. ბ. შვილიშვილისაგან მატერიალურ დახმარებას აღარ იღებდა. აღნიშნული განმარტება მოსარჩელეს არ გაუხდია სადავოდ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მჩუქებელი ბინას გაჩუქებამდე არ იყენებდა შემოსავლის წყაროდ. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შემოსავლის შემცირება არ უკავშირდებოდა ბინის გაჩუქებას.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონების გაჩუქების შემდეგ თ. ბ. სარგებლობდა გაჩუქებული ბინით, რასაც ხელს არ უშლიდა დასაჩუქრებული.


დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.4. სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნულ ნორმაში კანონმდებელი გაჩუქებული ნივთის გამოთხოვას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში - თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. გამჩუქებელსვე ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა ჩუქების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. ამავდროულად, კანონმდებელმა გაითვალისწინა დასაჩუქრებულის ინტერესებიც და განსაზღვრა, რომ გაჩუქებული ნივთის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ უნდა აყენებდეს მძიმე მდგომარეობაში. სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მჩუქებელი ჩუქების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩენილა.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შესაბამისად, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ უძრავი ქონების გაჩუქების შემდეგ თ. ბ. მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩენილა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა.

3.2. სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ ბუნებრივი აირის შეწყვეტის ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელეს მტკიცებულება არ წარუდგენია.

3.3. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოწმეთა ჩვენებებს. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ თ. ბ. ორ წელზე მეტია ცხოვრობს მარტო, გაუსაძლის პირობებში და მის დასახმარებლად და მოსავლელად მხოლოდ თვეში რამდენჯერმე ახერხებენ მისვლას.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება


უპირველეს ყოვლისა, პალატამ მოცემული საქმის უზენაესი სასამართლოდან არსებითად ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ, უზენაესი სასმართლოს მითითების შესაბამისად, გამოიკვლია, ხომ არ არსებობდა მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები იქედან გამომდინარე, რომ მხარეთა შორის ერთხელ უკვე დასრულდა სამართალწარმოება. ამ მიზნებისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოითხოვა საქმე N2/1789 (გადაწყვეტილება - 2010 წლის 02 ივლისი), აღნიშნული საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე არის თ. ბ., მოპასუხეები - ნ. კ., ნ. ი., დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, გაჩუქებული ნივთის დაბრუნება, უღირს მემკვიდრედ ცნობა, ხოლო სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელის - თ. ბ.-ს მოტყუების გამო მასსა და მოპასუხე ნ. კ.-ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სკ 81-ე, 82-ე, 86-ე მუხლების საფუძველზე, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება სკ 529-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მხრიდან გამოჩენილი დიდი უმადურობის გამო, ასევე, - მძიმე მტერიალურ მდგომარეობაში აღმოჩენის გამო. ამ უკანასკნელი საფუძვლით ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების ფაქტობრივ წინაპირობად მოსარჩელე მიუთითებდა იმ გარემოებებს, რომ მას შეეძლო, გაეფორმებინა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და სიკვდილამდე იქნებოდა დაცული, ახლა კი ბინა მოპასუხის საკუთრებაშია, რის გამოც მოსარჩელე აღმოჩნდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში და არ შეუძლია თავის შენახვა.

მოცემული საქმის (N4094-13) სარჩელის საგანს წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, ხოლო სარჩელის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მოსარჩელის სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, გაუსაძლისია, ფიზიკურად მარტო ვეღარ აგრძელებს ცხოვრებას და უკვე 2 წელზე მეტია, ცხოვრობს მარტო, 2011 წლის მარტიდან გათიშული აქვს გაზი, საფასურის გადაუხდელობის გამო, აქვს ძლიერი ტკივილები, უჭირს გადაადგილება, ხელების მოძრაობა მკვეთრად შეზღუდული აქვს, დაქვეითებული აქვს მხედველობა და საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას. ანუ, წინა სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებიდან პირველი ორი სრულიად განსხვავებული საფუძვლებია, ხოლო მესამე საფუძველთან დაკავშირებით (მატერიალური მდგომარეობის გაუარესება), მოსარჩელეს ამჟამინდელ დავაში მითითებული აქვს არა იდენტური და სრულიად კონკრეტული სხვა ფაქტები, რაც წინა სარჩელის საფუძველს და კვლევის საგანს არც ერთ ეტაპზე არ წარმოადგენდა. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ, მართალია, მოცემულ დავაში ხდება მოთხოვნათა დუბლირება რაღაც ნაწილში (ხელშეკრულების გაუქმება), მაგრამ არ ხდება მოთხოვნათა ფაქტობრივი საფუძვლების განმეორება, ხოლო მოთხოვნის, როგორც მატერიალური საფუძვლის იგივეობა არ ნიშნავს სარჩელის საფუძვლის იგივეობას. კონკრეტულ მატერიალური სამართლის ნორმაში ასახული აბსტრაქტული წანამძღვრები ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული ფაქტებით შეიძლება გადმოიცეს და დადასტურდეს. სწორედ ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს განსახილველ 2 დავასთან მიმართებით საქმე, როდესაც მოთხოვნა რაღაც ნაწილში ერთია, მაგრამ მისი დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელის მიერ დასახელებული და დაწვრილებით აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები - სხვადასხვა. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს სსსკ 272-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის პროცესუალური წინაპირობა და სასამართლო არაა უფლებამოსილი, უარი განუცხადოს მხარეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე.

ფაქტობრივი დასაბუთება:

პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. 2008 წლის 21 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, თ.ბ.-მ - ბებიამ, ნ. კ.-ს - შვილიშვილს, აჩუქა კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თ.-ში, დ.-ის მ., მე-X კვარტალი, X კორპუსი, ბინა NX, ფართი 72.00. კვ.მ.

მტკიცებულებები: საცხოვრებელი ბინის ჩუქების ხელშეკრულება (ს/ფ 11 ტომი I), მხარეთა ახსნა-განმარტება.

4.2. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ. კ. დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ.

მტკიცებულებები:
საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს/ფ 23 ტომი I).

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული მითითების შესაბამისად, პალატამ გამოიკვლია, გაუარესდა თუ არა თ. ბ.-ს მდგომარეობა წინა საქმეზე, 2010 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, კერძოდ:

4.3. უძრავი ქონების გაჩუქების და მხარეთა შორის წინამორბედი დავის (საქმე N /1789) დასრულების, კერძოდ, 2010 წლის 02 ივლისის პერიოდის შემდეგ თ. ბ. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და მას არ შეუძლია საკუთარი თავის რჩენა. აღნიშნულ დასკვნამდე სააპელაციო პალატა მივიდა შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით:

1. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გაიზარდა თ. ბ.-ს მკურნალობაზე გაწეული და გასაწევი ხარჯების ოდენობა.

საქმეში წარმოდგენილია ცნობა, 2012 წლის (ტ.X. ს/ფ XX-XX), ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ თ. ბ.-ს ესაჭიროება მუდმივი მედიკამენტოზური მკურნალობა და ასევე რევმატოლოგის კონსულტაცია ექვს თვეში ერთხელ. თ. ბ.-ს განმარტების საფუძველზე (იხ. 18.01.2013 წლის სხდომის ოქმი) ასევე დასტურდება, რომ 2008 წლის ზაფხულში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო გაცილებით უკეთესი, 2012 წელთან შედარებით, კერძოდ, თ. ბ.-მ განმარტა, რომ მისი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ სიძემ შესთავაზა მასთან საცხოვრებლად გადასვლა, ყოველდღიურ საოჯახო საკითხების მოგვარებაში მისახმარებლად. თ. ბ.-ს განმარტებით ასევე დასტურდება, რომ 2008 წელს, როდესაც მისმა შვილიშვილმა შესთავაზა ნოტარიუსთან გაყოლა, იგი თავისი ფეხით გაჰყვა მას ნოტარიუსის ოფისში. ამდენად, აღნიშნული განმარტებებით დასტურდება, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების და მოცემული სარჩელის აღძვრის დროისათვის, 2012 წელს, თ. ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით არის გაცილებით მძიმე. მოცემული ფაქტი მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, მოსარჩელემ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მას 2012 წლიდან წარმოექმნა ჯანმრთელობის იმგვარი პრობლემები, რაც მუდმივ მკურნალობას საჭიროებს, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია დამატებითი მკურნალობასა და ხარჯებთან.

ამდენად, დგინდება წინა წლებთან შედარებით თ. ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე უტყუარად დასტურდება თ. ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ.

მტკიცებულებები: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს/ფ XX ტომი X), პაციენტის სამედიცინო ბარათი (ს/ფ XX ტომი X) მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 18.01.2013 წლის სხდომის ოქმი).

2. პალატამ უზენაესი სასამართლოს მითითების შესაბამისად ასევე გამოიკვლია, გაუარესდა თუ არა მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა 2010 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

პალატა ადგენს, რომ მოსარჩელე თ. ბ.-ს დავალიანების გადაუხდელობის გამო, 2010 წლის 02 ივლისის შემდგომ პერიოდში შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება. კერძოდ:
საქმეში წარმოდგენილი, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობის საფუძველზე დგინდება, რომ 2010 წლის აგვისტოში, ანუ, 2010 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, და ასევე, 2011 წლის მარტიდან - 2012 წლის 03 აპრილამდე პერიოდში, შეწყვეტილი იყო თ. ბ.-ს საცხოვრებელი ბინის ბუნებრივი აირით მომარაგება. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან საქმეში წარმოდგენილი ცნობით (ს/ფ XX ტომი X), ცალსახად დასტურდება მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის ფაქტი.

ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწინააღმდეგე მხარის განმარტებაზე, რომ ნ. კ. უზრუნველყოფდა თ. ბ.-ს კომუნალური გადასახადების გადახდას. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი, შესაგებელზე თანდართული გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ ნ. კ.-მ თ. ბ.-ს კომუნალური გადასახადები გადაიხადა 2012 წლის 27 ივლისს, ანუ სასამართლოში შესაგებლის წარდგენამდე ორი დღით ადრე. პალატა განმარტავს, რომ 2012 წლის 27 ივლისამდე კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია. კომუნალური გადასახადები მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ სარჩელის ჩაბარების შემდგომ, ანუ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ. ბ.-მ წამოიწყო ახალი დავა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილია ასევე თანხის გადარიცხვის ქვითრები, რომლებიც მხოლოდ 2010 წლით თარიღდება, ანუ დროის იმ მონაკვეთით, როდესაც მიმდინარეობდა სასამართლოში საქმის განხილვა თ. ბ.-ს მიერ პირველად აღძრული სარჩელის საფუძველზე. თუმცა, მოწინააღმდეგე მხარემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ასევე ვერ დაადასტურა, რომ თ. ბ.-სათვის გამოგზავნილ თანხებს იღებდა უშუალოდ თ. ბ. და მოიხმარდა პირადი საჭიროებისთვის. უფრო მეტიც, მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ თანხის გამოგზავნა ხშირ შემთხვევაში ხდებოდა ნ. კ.-ს მამისა და ბიძისთვის, რათა შემდგომ მათ გადაეცათ თ. ბ.-სათვის, მაგრამ თანხის უშუალოდ თ. ბ.-სათვის გადაცემის ფაქტი არ დადასტურებულა.

მტკიცებულებები: ცნობა (ს/ფ XX ტომი X), გადახდის ქვითრები (ს/ფ XX-XX, XXX-XXX ტომი X), მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 18.01.2013 წლის სხდომის ოქმი).

3. თ. ბ. რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით XXXXX(ს/ფ XX ტომი X). ამონაწერი მომზადებულია 2011 წლის 05 ნოემბრის მდგომარეობით, ანუ 2010 წლის 02 ივლისის და შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ. აღნიშნულ ცნობაში ქრონოლოგიურად არის გადმოცემული მოსარჩელისათვის განსაზღვრული სარეიტინგო ქულები, რომელთაგან ერთ-ერთი ასევე არის 2010 წლის 07 აპრილის ქულა - XX XXX, რომელიც , როგორც ამავე ცნობიდან დგინდება, შეიცვალა 2011 წლის ნოემბერში უფრო მცირე ქულით - XX XXX ქულით. აღნიშნული ცნობა ადასტურებს, რომ თ. ბ.-ს სარეიტინგო ქულების რაოდენობა 2010 წლის 02 ივლისისათვის იყო იგივე, რაც 2010 წლის 07 აპრილის, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეცვლილი მონაცემი ასახული იქნებოდა მოცემულ ცნობაში, ისევე როგორც ასახულია სხვადასხვა პერიოდის ცვლილებები. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 „სოციალური დახმარების შესახებ“ დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი და მეორე მუხლების თანახმად, ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშ¬სწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს...ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში-საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომი¬კური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია. ამავე დადგენილების მე-7 მუხლის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი). ან ნორმატიული აქტიდან გამომდინარე დგინდება, რომ 2011 წლის ნოემბერში, XXXXX სარეიტინგო ქულით თ. ბ. სახელმწიფომ მიიჩნია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირად, რაც წარმოშობს სახელმწიფოს მხრიდნ ამგვარ პირზე სოციალურად შემწეობის გაცემის ვალდებულებას.

ეს ყოველივე კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სწორედ 2010 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების გამოტანის და ასევე, ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ მკვეთრად გაუარესდა თ. ბ.-ს ეკონომიკური მდგომარეობა.

მტკიცებულებები: ამონაწერი (ს/ფ XX ტომი X), მხარეთა ახსნა-განმარტება.

4. მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით დასტურდება, რომ თ. ბ. ორ წელზე მეტია ცხოვრობს მარტო, გაუსაძლის პირობებში. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად თავის მოვლა, გადაადგილება და საკვების მომზადება. მის დასახმარებლად და მოსავლელად მხოლოდ თვეში რამდენჯერმე ახერხებენ მისვლას ნათესავები და ახლობლები.

მოწმე თ. ჯ.-მა უჩვენა, რომ თ. ბ.-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და საჭმლის გაკეთება. მეზობლები ეხმარებიან მას, როგორც ფიზიკურად გადაადგილებაში, ასევე საკვებითა და მედიკამენტებით.

მოწმე ვ. ა.-მა უჩვენა, რომ თ. ბ.-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული, რადგან მხედველობა დაქვეითებული აქვს. იგი თვეში ერთხელ მიდის მოსარჩელესთნ, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელად და სხვა წვრილმანი პრობლემების მოსაგვარებლად.

მოწმე ნ. მ.-მ უჩვენა, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც სამაშველო სამსახურის გამოძახება გამხდარა საჭირო, რადგან წაქცეული თ. ბ. ვერ ახერხებდა გადაადგილებას და კარების გაღებას. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც თ. ბ.-ს მაცივარი სულ ცარიელი ჰქონდა და აპელანტის ერთადერთი საჭმელი იყო ერთი კვირის წყალში დამბალი პური.

ამდენად, მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით დადასტურდა, რომ თ. ბ.-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რის გამოც იგი მუდმივად საჭიროებს დამხმარეს.

მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები (იხ. 12.09.2012 წ. სხდომის ოქმი).


სამართლებრივი დასაბუთება:

4.4. სამოქალაქო კოდექსის 530.1 მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. მოცემული ნორმის შესაბამისად, კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს ჩუქების გაუქმებას შემდეგი ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობისას: ა) ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, მისი განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე; ბ) რეალურად არსებობს გაჩუქებული ნივთი; გ) გაჩუქებულის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

ამ ნორმის განმარტებისათვის პალატა ყურადღებას ამახვილებს თავად ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებასა და ხასიათზე. ჩუქების ხელშეკრულება, ქონების საკუთრებაში გადაცემის სხვა ხელშეკრულებებისგან განხვავებით, უსასყიდლო ხასიათიაა. მისი ამგვარი ბუნება განაპირობებს კანონმდებლის შერბილებულ ნებას, გადაცემული ნივთის უკან გამოთხოვის მიზნით, სხვისი საკუთრების სფეროში ჩარევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რასაც ვერ ვიტყვით ქონების გადაცემის სასყიდლიან ხელშეკრულებებზე, რა დროსაც კანონმდებლის მიერ საკუთრების უფლებაში ჩარევასთან დაკავშირებული სტანდარტი გაცილებით მკაცრი და მაღალია.

საკუთრების გარანტიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. საკუთრების გარანტია გულისხმობს მესაკუთრის ხელში საკუთრების კონკრეტული არსის გარანტიას, რომლის მთავარი ფუნქცია ის არის, რომ ცალკეულ პირს შეუნარჩუნოს უფლება - სუბიექტის თავისუფალი სივრცე ქონებრივ-სამართლებრივ სფეროში და ამით შესაძლებლობა მისცეს პიროვნული განვითარებისა და ცხოვრებისეული პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის, მაგრამ საკუთრების ამგვარი შინაარსი ერთგვარ ჩარჩოშია მოქცეული ჩუქების სამართლებრივ ურთიერთობებში. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების ნორმატიული ნების გამოვლენისას კანონმდებელი იხრება გამჩუქებლის, როგორც ქონების სარგებლის გარეშე გამცემი პირის ინტერესის სასარგებლოდ, იძლევა რა იმის შესაძლებლობას, გამჩუქებლისათვის საუარესოდ წარმოშობილი კონკრეტული გარემოების პირობებში, ქონება გამოთხოვილ იქნეს მესაკუთრისგან - დასაჩუქრებულისგან. ანუ, საკუთრების ის შინაარსი, რაზეც ზემოთ ჰქონდა პალატას საუბარი, სხვაგვარ სოციალურ მოდელში ექცევა და აჩენს კითხვას - ქმნის თუ არა საჩუქრად გადასული ქონება საკუთრების მუდმივად, შეუქცევადად დაგულვების განცდას, თუკი ამ ქონების მესაკუთრის (დასაჩუქრებულის) საკუთრებიდან გასვლა დამოკიდებულია გამჩუქებლის ირგვლივ შექმნილ კონკრეტულ მდგომარეობაზე; მაშასადამე, ამ ტიპის ურთიერთობაში დასაჩუქრებული მესაკუთრე იძენს მერყევად მდგრად უფლებას ქონებაზე, რომელიც შესაძლოა გამჩუქებლის მძიმე ეკონომიური მდგომარეობის კვალობაზე შეიცვალოს. თუმცა კანონმდებელი სოციალური სამართლიანობის დასაბალანსებლად, დასაჩუქრებულის მდგომარეობასაც ითვალისწინებს, კერძოდ, - ხომ არ აღმოჩნდება გაჩუქებული ნივთის გამოთხოვით მისი მდგომარეობა მძიმე. ვინაიდან ისტორიულად ჩუქების ინსტიტუტი ჩამოყალიბდა, როგორც ზნეობრივი კატეგორია, ივარაუდება, რომ დასაჩუქრებული პირი იმსახურებს საჩუქრის მიღებას, რისი შედეგიცაა ჩუქების აქტი, რომელიც, უმეტესწილად, სიყვარულის, მადლიერების, პიროვნული დამოკიდებულების ნიშნად იქმნება. სწორედ ამიტომ, კანონმდებელმა საჩუქრის მიმღების, როგორც ზნეობივად მაღალღირებული ურთიერთობის მონაწილის მდგომარეობაც გაითვალისწინა, როდესაც ჩუქების გაუქმების წინაღობად გაჩუქებული ნივთის გამოთხოვის შემდეგ ამ უკანასკნელის მძიმე მდგომარეობა დაასახელა. სამოქალაქო კოდექსის 530.1. მუხლით დადგენილი ეს დანაწესი დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთს დასაჩუქრებულს აკისრებს, კერძოდ, მან უნდა ამტკიცოს, რომ ჩუქების საგნის უკან გამოთხოვით დამძიმდება მისი მდგომარეობა, რაშიც, უპირველესად, ეკონომიკური ასპექტი მოიაზრება. აღნიშნული გარემოების შეფასებისას, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩუქების საგანს განსახილველ საქმეში წარმოადგენს მატერიალური სიკეთე - უძრავი ქონება და დასაჩუქრებულის საკუთრებიდან მისი გამოთხოვა, ყველა შემთხვევაში, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლით გათვალისწინებულ მძიმე მდგომარეობაში იგულისხმება არა ნებისმიერი, არამედ ისეთი მდგომარეობა, როდესაც სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მხარეთათვის ერთადერთ შემოსავლის წყაროს, ან როდესაც უძრავი ქონება დატვირთულია რაიმე სანივთო-სამართლებრივი უფლებით, რის გამოც მისი საკუთრებიდან გამოთხოვა არსებით ზიანს მიაყენებს დასაჩუქრებულ პირს. ამგვარი ფაქტობრივი წინაპირობები დასაჩუქრებულ პირს - მოწინააღმდეგე მხარეს - სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მაშასადამე, ამ მხრივ არ არსებობს ჩუქების გაუქმების გამომრიცხავი წინაპირობა. ასევე, საქმეზე ფაქტობრივ გარემოებად დადგინდა, რომ უძრავი ქონების გაჩუქების და 2010 წლის 02 ივლისის შემდეგ, თ. ბ. აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში.



5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. პალატა ასკვნის, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად არსებობს მოპასუხის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და უძრავი ნივთის საკუთრებიდან გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.


6. საპროცესო ხარჯები


6.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე თ. ბ. გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს - ნ. კ.-ს - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელისა და სააპელაციო საჩივრისათვის გადასახდელი ბაჟის ანაზღაურება – ჯამში 2100 ლარის ოდენობით (დავის საგნის ღირებულება 30 000 ლარი).

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :


1. თ. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. თ. ბ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

4. გაუქმდეს 2008 წლის 21 აპრილის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, გაფორმებული ნ. კ.-სა და თ. ბ.-ს შორის და უძრავი ქონება, მდებარე, თ., დ.-ს მ., მე-X კვარტალი, X კორპუსი, ბინა X აღირიცხოს თ. ბ.-ს სახელზე საკუთრების უფლებით (ზონა - თბილისი - XX, სექტორი - დ. - XX, კვარტალი XX, ნაკვეთი XX/XXX, კოდი XX/XX, დაზუსტებული ფართობი 2083.00 კვ.მ, ფართი 72.00 კვ.მ).

5. ნ. კ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2100 ლარის ოდენობით.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.


თავმჯდომარე: ნათია გუჯაბიძე


მოსამართლეები: ლილი ტყემალაძე


ქეთევან მესხიშვილი




I შეჯამება:
ჩუქების ხელშეკრულებით დასაჩუქრებული მესაკუთრე იძენს მერყევად მდგრად უფლებას ქონებაზე. მჩუქებელს შეუძლია უკან გამოითხოვოს გაჩუქებული ქონება, თუკი : ა) ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, მისი განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე; ბ) რეალურად არსებობს გაჩუქებული ნივთი; გ) გაჩუქებულის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
განმარტებული ნორმები:
საქართვლოს სამოქალაქო კოდექსი, 530.1
თეგები:
გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვა
განმარტების სრული ტექსტი:
ჩუქების ხელშეკრულებით ქონება საკუთრებაში გადაეცემა პირს უსასყიდლოდ. მჩუქებელს შეუძლია გაჩუქებული უკან გამოითხოვოს შემდეგი პირობების არსებობისას: ა) ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, მისი განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე; ბ) რეალურად არსებობს გაჩუქებული ნივთი; გ) გაჩუქებულის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.საკუთრების გარანტიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. საკუთრების გარანტია გულისხმობს მესაკუთრის ხელში საკუთრების კონკრეტული არსის გარანტიას, რომლის მთავარი ფუნქცია ის არის, რომ ცალკეულ პირს შეუნარჩუნოს უფლება - სუბიექტის თავისუფალი სივრცე ქონებრივ-სამართლებრივ სფეროში და ამით შესაძლებლობა მისცეს პიროვნული განვითარებისა და ცხოვრებისეული პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის, მაგრამ საკუთრების ამგვარი შინაარსი ერთგვარ ჩარჩოშია მოქცეული ჩუქების სამართლებრივ ურთიერთობებში, გარკვეულწილად ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. მაშასადამე, ამ ტიპის ურთიერთობაში დასაჩუქრებული მესაკუთრე იძენს მერყევად მდგრად უფლებას ქონებაზე, რომელიც შესაძლოა გამჩუქებლის მძიმე ეკონომიური მდგომარეობის კვალობაზე შეიცვალოს.