ნახვები: 290
საქმის ნომერი: 3ბ/1115-16
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №3ბ/1115-16 (2017-05-07), www.temida.ge
საქმის № 330310015001073039
საქმის № 3ბ/1115-16

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       07 მაისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გიორგი ტყავაძე

სხდომის მდივანი: ნათია ზანდუკელი


აპელანტი - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
წარმომადგენელი: ს. ბ.

მოწინააღმდეგე მხარე - ი. მ.

მესამე პირები - ვ. ა., კ. ბ., ნ. ხ.

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება

1.1 აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 თბერვლის გადაწყვეტილების გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ი. მ.-ს სარჩელი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №12 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ი. მ.-ს ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 28 ივლისის №17 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის ნაწილში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. მ.-თან მიმართებაში კანონით დადგენილ ვადაში.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1. სახელმწიფო სამედიცინო უნივრსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 27 აპრილის 23/6 დადგენილებით დამტკიცდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტი.

2.2. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობის - ქირურგიულ დაავადებათა პროპედევტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორის 3 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განცხადებები წარადგინეს ი. მ.-მ, ვ. ა.-მ, კ.ბ.-მ და ნ.ხ.-მ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 220 ივლისისი №XX სხდომის ოქმით კანდიდატად შერჩევაზე რეკომენდაცია არ მიეცა ი. მ.-ს.

2.3. ი. მ.-მ საკითხის შესწავლის მიზნით განცხადებით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკონკურსო კომისიას.

2015 წლის 28 ივლისის საკონკურსო კომისიის NXX სხდომის ოქმით ძალაში დარჩა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 20 ივლისის სხდომის დადგენილება (ოქმი XX) დიაგნოსტიკის საფუძვლებისა და კლინიკური უნარ ჩვევების დეპარტამენტის ქირურგიულ დაავადებათა პროპედევტიკის მიმართულების ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია.

2.5. "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, ხოლო მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით.

ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N124/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების 26-ე მუხლის მე-51 პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისიის მიზანი და ფუნქციებია: ა) კონკურსანტთა კონკურსის წესით შერჩევა ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე; ბ) პირის პროფესიული კომპეტენციის და კვალიფიკაციის შეფასება; გ) რეკომენდაციის წარდგენა აკადემიური საბჭოსთვის კონკურსანტების შეფასების შედეგების შესახებ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 27 აპრილის 23/6 დადგენილებით დამტკიცებული "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტის" პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (თსსუ) აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსანტთა მონაცემების შეფასებას ახორციელებს უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობას, კონკურსის წინ, რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისიის ფუნქციებია: ბ) პირის პროფესიული კომპეტენციის, სამეცნიერო და პედაგოგიური კვალიფიკაციის, კლინიკურ სპეციალობებში - კლინიკური საქმიანობის, სამეცნიერო და პედაგოგიური კვალიფიკაციის შეფასება; გ) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად პირისათვის რეკომენდაციის გაწევა აკადემიური საბჭოს წინაშე.

მე-12 პუნქტის თანახმად, კომისია კონკურსანტის დაუსწრებლად დამოუკიდებლად აფასებს კონკურსანტის მონაცემთა შესაბამისობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. მე-15 პუნქტის თანახმად, კონკრეტულ საკონკურსო ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. მე-16 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად კომისია სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

მე-19-20 პუნქტების თანახმად, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ დეპარტამენტში/მიმართულებაში უპირატესობა ენიჭება შესაბამისი სპეციალობით უფრო მაღალი კლინიკური აქტივობის მქონე პირს. თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის თავისუფალ მფლობელ პირს. 22-23-ე პუნქტის თანახმად, კომისია კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი მონაცემების შეფასების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს რეკომენდაციებს კონკურსანტების აკადემიურ/სამეცნიერო თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ. რეკომენდაციები ფორმდება საოქმო გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელს აწერს კენჭისყრაში მონაწილე კომისიის ყველა წევრი. საკონკურსო კომისიის რეკომენდაციები წარედგინება აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ კონკურსი ჩატარდა არაობიექტურად, კომისიას არ გაუთვალისწინებია აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად 2015 წლის 27 აპრილის N23/6 დადგენილებით მითითებული კრიტერიუმები, კერძოდ, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ დეპარტამენტში უპირატესობა ენიჭება შესაბამისს სპეციალობით უფრო მაღალი კლინიკური აქტივობის მქონე პირს, ხოლო თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში კონკურსში უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის თავისუფალ მფლობელ კანდიდატს, ამასთან კომისიას მხედველობაში არ მიუღია მოსარჩელის პედაგოგიური გამოცდილება, სამეცნიერო მიღწევები, კლინიკური აქტივობა და ინგლიურენოვან ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება.

2.6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-3 მუხლის მიხედვით, უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებს, უნდა შეძლოს მოტივირებული და დასაბუთებული პოზიციით გააქარწყლოს დაინტერესებული მხარის პრეტენზიები, რაც, მოცემულ შემთხვევაში ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს.

2.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი-მე-5 ნაწილების თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ლ” ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალიწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას. სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-1655-1627(კ-11).

საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ და რა კრიტერიუმების საფუძველზე მიანიჭა ამა თუ იმ კანდიდატს უპირატესობა, რა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი თითოეული იმ კანდიდატისთვის, რომელსაც მიეცა რეკომენდაცია და რომელმაც ვერ დააკმაყოფილა კონკურსის მოთხოვნები.

კონკურსის პირობებში საკონკურსო კომისია ვალდებულია, კონკურსანტთა შორის არჩევანის გაკეთების გზით გამოავლინოს გამარჯვებული კონკურსანტები.

დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება გულისხმობს, პირველ რიგში თითოეული კონკურსანტის შეფასების დასაბუთებას უშუალოდ ამ კონკურსანტთან დაკავშირებით არსებულ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე მითითებით. კონკურსანტი უფლებამოსილია, მოითხოვოს არამარტო თავისი უარის, არამედ სხვა კანდიდატთა გამარჯვებულად გამოცხადების მოტივაცია, კონკურსანტი უფლებამოსილია, იცოდეს, რა მიზეზით არ აირჩია იგი საკონკურსო კომისიამ. დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ კონკურენტთა საკონკურსო მონაცემებისა და მათთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილებების ერთმანეთთან შედარების შესაძლებლობა. გასაჩივრებული აქტები აღნიშნული თვალსაზრისით რაიმე სახის დასაბუთებას არ შეიცავს.

2.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის სადავო გადაწყვეტილებები და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელესთან მიმართებაში.


3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

ფაქტობრივი უსწორობები:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლების განმარტებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არის უკანონო და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისას მოქმედებდა „უმღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N124/ნ ბრძანებით დამტკიცებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 27 აპრილის 23/6 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის სახელმწიფო სამედიცონო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო კომისიის რეგლამენტის“ საფუძველზე. კონკურსის ჩატარებისას სამედიცინო უნივერსიტეტში არცერთი ამ ჩამოთვლილი აქტის მოთხოვნების დარღვევას არ ჰქონია ადგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსის ჩატარებისას არ ყოფილა პროცედურული დარღვევა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საკონკურსო კომისიის 2015 წლის 20 ივლისის NXX საოქმო გადაწყვეტილება არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მართალია იგი შეიძლება განხილულ იქნეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, მაგრამ აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ, იგი შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, ვინაიდან ცალკე აღებული ეს აქტი არ იწვევს სამართლებრივ შედეგებს, რასაც იწვევს საზოგადოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (დაწესება, შეცვლა, შეწყვეტა, დადასტურება). შემდგომ მის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოცემულ შემთხვევაში ასეთ აქტს წარმოადგესნ თსსუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა საკონკურსო კომისიის რეკომენდაციები და იგი აკმაყოფილებს ამ დოკუმენტისათვის წაყენებულ ყველა მოთხოვნას.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიამ დაარღვია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები, რაც ასევე არ შეესაბამება რეალობას. მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. საკონკურსო კომისიამ ქირურგიულ დაავადებათა პროპედევტიკის მიმართულებით რეკომენდაცია გაუწია იმ კონკურსანტებს, რომლებმაც კოანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მიიღეს მონაწილეობა კონკურსში. მოცემულ შემთხვევაში საკონკურსო კომისიამ უნდა შეარჩიოს ყველაზე მისაღები კანდიდატურა.

აპელატის განმარტებით აღნიშნულ საქმეში არ იკვეთება ისეთი შემთხვევა, როდესაც პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს ან მიზანს, რომლის შესასრულებლადაც აღნიშნული აქტები გამოიცა. საკონკურსო კომისიამ სრულიად კანონიერად გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და ადგილი არ ჰქონია პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ საკონკურსო კომისიის არცერთმა წევრმა არ მისცა ხმა მოსარჩელე ი. მ.-სათვის რეკომენდაციის გაწევას საკონკურსო თანამდებობაზე.

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს კომპეტენციას არ წარმოადგენს კონკურსანტის პროფესიული მონაცემების შეფასება, აღნიშნული უფლებამოსილება გააჩნდა საკონკურსო კომისიას, რომელმაც ისარგებლა დისკრეციული უფლებამოსილებით და რამდენიმე შესაძლებელი გადაწყვეტილებიდან შეარჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

სამართლებრივი უსწორობები:

აპელანტი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ არის საკმარისად დასაბუთებული. მათი განმარტებით, არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა საკონკურსო კომისიის საოქმო გადაწყვეტილების დასაბუთება კონკურსანტებისათვის რეკომენდაციის გაწევის თაობაზე, ვინაიდნა ეს აქტი ცალსახად არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტი, რადგან იგი დამოუკიდებლად არ იწვევს პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესებას, შეცვლას, შეწყვეტას ან დადასტურებას.

აპელანტის წარმომადგენელების განმარტებით, ასევ არასწორადაა მიჩნეული, რომ საკონკურსო კომისიამ დაარღვია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები, რადგან არ დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება. ასევე არ იქნა გათვალიწინებული, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ინდივიდუალური აქტი გამოიცა კანონმდებლობის სრული დაცვით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალიწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევში მოცემულ საკითხზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

აპელანტი მიიჩევს, რომ არანაირი სამათლებრივი საფუძველი არ არსებობდა იმისა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილებულიყო და განმარტავს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია ისეთ პროცედურულ დარღვევას, რომლის არარსებობა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოწვევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას.

4. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

4.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3. ,,გ” მუხლით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს: მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

ფაქტობრივი დასაბუთება:

4.4. სახელმწიფო სამედიცინო უნივრსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 27 აპრილის 23/6 დადგენილებით დამტკიცდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტი.

4.5. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობის - ქირურგიულ დაავადებათა პროპედევტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორის 3 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განცხადებები წარადგინეს ი. მ.-მ, ვ. ა.-მ, კ. ბ.-მ და ნ. ხ.-მ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 220 ივლისისი №XX სხდომის ოქმით კანდიდატად შერჩევაზე რეკომენდაცია არ მიეცა ი. მ.-ს.

4.6. ი. მ.-მ საკითხის შესწავლის მიზნით განცხადებით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკონკურსო კომისიას.

2015 წლის 28 ივლისის საკონკურსო კომისიის NXX სხდომის ოქმით ძალაში დარჩა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 20 ივლისის სხდომის დადგენილება (ოქმი XX) დიაგნოსტიკის საფუძვლებისა და კლინიკური უნარ ჩვევების დეპარტამენტის ქირურგიულ დაავადებათა პროპედევტიკის მიმართულების ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.


სამართლებრივი დასაბუთება

4.7. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

4.8. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N124/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების 26-ე მუხლის მე-51 პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისიის მიზანი და ფუნქციებია: ა) კონკურსანტთა კონკურსის წესით შერჩევა ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე; ბ) პირის პროფესიული კომპეტენციის და კვალიფიკაციის შეფასება; გ) რეკომენდაციის წარდგენა აკადემიური საბჭოსთვის კონკურსანტების შეფასების შედეგების შესახებ.

4.9. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 27 აპრილის 23/6 დადგენილებით დამტკიცებული "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტის" პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (თსსუ) აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. ამავე წესის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსანტთა მონაცემების შეფასებას ახორციელებს უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობას, კონკურსის წინ, რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისიის ფუნქციებია: ბ) პირის პროფესიული კომპეტენციის, სამეცნიერო და პედაგოგიური კვალიფიკაციის, კლინიკურ სპეციალობებში - კლინიკური საქმიანობის, სამეცნიერო და პედაგოგიური კვალიფიკაციის შეფასება; გ) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად პირისათვის რეკომენდაციის გაწევა აკადემიური საბჭოს წინაშე.

ამავე წესის მე-12 პუნქტის თანახმად, კომისია კონკურსანტის დაუსწრებლად დამოუკიდებლად აფასებს კონკურსანტის მონაცემთა შესაბამისობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. ხოლო, მე-15 პუნქტის თანახმად, კონკრეტულ საკონკურსო ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. მე-16 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად კომისია სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4.10. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №XX სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 28 ივლისის №XX სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ი. მ.-ს ნაწილში, ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რადგან გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე კერძოდ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 27 აპრილის 23/6 დადგენილებით დამტკიცებული "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტისა" და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N124/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების საფუძველზე.

4.11. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

4.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.

4.13. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანომ არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები სადავო გადაწყვეტილების მიღებისას, რაც მისი ბათილობის აბსოლუტური საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №XX სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 28 ივლისის №XX სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ი. მ.-ს ნაწილში არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, კერძოდ კონკრეტულად არ არის მითეთებული იმის შესახებ თუ რატომ არ იქნა კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებული მოსარჩელე და რა კიტერიუმებზე დაყრდნობით იქნენ მიჩნეული მისი კონკურენტები გამარჯვებულად გამოცხადებული.

4.14. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 27 აპრილის 23/6 დადგენილებით დამტკიცებული "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტის" მე-19 პუნქტის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ დეპარტამენტში/მიმართულებაში უპირატესობა ენიჭება შესაბამისი სპეციალობით უფრო მაღალი კლინიკური აქტივობის მქონე პირს. ხოლო მე–20 პუნქტის თანახმად თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის თავისუფალ მფლობელ პირს. ამავე წესის 22-ე პუნქტის თანახმად, კომისია კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი მონაცემების შეფასების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს რეკომენდაციებს კონკურსანტების აკადემიურ/სამეცნიერო თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ. ამავე წესის 23–ე პუნქტის თანახმად რეკომენდაციები ფორმდება საოქმო გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელს აწერს კენჭისყრაში მონაწილე კომისიის ყველა წევრი. საკონკურსო კომისიის რეკომენდაციები წარედგინება აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად.

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნორმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები (რეკომენდაციები) უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებს, უნდა შეძლოს მოტივირებული და დასაბუთებული პოზიციით გააქარწყლოს დაინტერესებული მხარის პრეტენზიები, რაც, მოცემულ შემთხვევაში ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს.

4.15. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი“. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად სცნო ბათილად – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №XX სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 28 ივლისის №XX სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ი. მ.-ს ნაწილში ვინაიდან, არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, მიღებული და გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამასთან არსებობს მოსარჩელის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეტა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები:

აპელანტის - მიერ გადახდილი სახემწიფო ბაჟი სამოქალაქო საპროცესი კოდექისის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით


თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.




I შეჯამება:
ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.
განმარტებული ნორმა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 5.1.
თეგები:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.
II შეჯამება:
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების გამოუკვლევობა, გადაწყვეტილების ბათილობის აბსოლუტური საფუძველია.
განმარტებული ნორმა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 96.
თეგები:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანომ არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები სადავო გადაწყვეტილების მიღებისას, რაც მისი ბათილობის აბსოლუტური საფუძველია.