ნახვები: 202
საქმის ნომერი: 1/ბ-801-16
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-801-16 (2016-12-12), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-801-16

განაჩენი
საქართველოს სახელით
       12 დეკემბერი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ავთანდილ ნასყიდაშვილი
სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნანო გუჯაბიძე;

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - უ. შ.-ს ძე კ., დაბადებული 1979 წლის XX აპრილს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №XXXXXXXXXXX, ნასამართლობის მქონე, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: თ., ვ.-ს ქუჩა №XX;

კვალიფიკაცია:


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა);

სასჯელი:

დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:


მსჯავრდებულ უ. კ.-ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და დანიშნული სასჯელის შემსუბუქება შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის ზედმეტად მკაცრი, რადგან აღიარებს დანაშაულს, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და სამი შვილი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

ბრალდების მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განაჩენით, უ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა:
• ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
• ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. კერძოდ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის განაჩენით, უ. კ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და 273-ე მუხლით და დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით ამავე გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 29 დეკემბრის წერილის თანახმად, არის გადახდილი. უ. კ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 30 მარტიდან.

2015 წლის 26 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს N001/XX-XXXX გადაწყვეტილების საფუძველზე, უ. კ. პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელისგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 1 (ერთი) თვითა და 4 (ოთხი) დღით ადრე.

აღნიშნულის შემდეგ, იმყოფებოდა რა პირობითი მსჯავრის პირობებში, 2015 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 06:25 საათზე, თ.-ში, მ.-ს №X-ის მიმდებარე ტერიტორიიდან, უ. კ. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შპს „ს. ე.-ს“ კუთვნილი „მერსედეს ბენც“ სპრინტერის მოდელის სადისტრიბუციო ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა 7756 (შვიდი ათას შვიდას ორმოცდათექვსმეტი) ლარად და 25 (ოცდახუთი) თეთრად ღირებულ „eqspert 1“-ის, „eqspert 2“-ის, „eqspert 3“-ის, „karapuzi“-ს, „nutritioni”-ს, „gelia”-ს ფირმის ჩვილ ბავშვთა საკვებ პროდუქტებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს.

გარდა ამისა, 2016 წლის 10 თებერვალს, თ.-ში, ბ.-ს ქუჩა №XX, ბინა №X-ში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა მიმალვაში მყოფი ბრალდებული უ. კ.. პირადი ჩხრეკისას უ. კ.-ს აღმოაჩნდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი „Ф-1“ ტიპის (ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი სასკდომი მუხტით) და „УЗРГМ“ ტიპის (ამფეთქი ფალია) ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განაჩენით, უ. კ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

უ. კ.-ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ფორმულირებიდან ამოერიცხა სიტყვები: „ჩადენილი არაერთგზის“. უ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელიდან 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით, უ. კ.-ს მოსახდელად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, უ. კ.-ს მოსახდელად განესაზღვრა 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

უ. კ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 10 თებერვლიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე, სააპელაციო საჩივარი დაზუსტდა და მსჯავრდებული ითხოვს განაჩენის შეცვლას მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უ. კ.-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით (უ. კ.-ს აღიარებითი ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, უ. კ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთებით, შპს „ს. ე.-ს“ წერილით, უ. კ.-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთებით, პიროტექნიკური ექსპერტიზის №68/ამ დასკვნით, მოწმეების დაკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ უ. კ.-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

სასჯელის დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილი, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, აგრეთვე ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია ამ კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უ. კ.-ს მიმართ, თითოეული მუხლისათვის დანიშნული სასჯელი გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით რეციდივის დანიშვნის საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში, უ. კ. ასევე ნასამართლობის მქონეა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამო (გარდა 2010 წლის 11 ივნისის განაჩენით არსებული ნასამართლობისა). აღნიშნული განაჩენით, მან პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადა სასჯელის ნაწილი, თუმცა, დანაშაულთა ჩადენის დროს იმყოფებოდა გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, უ. კ.-ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა და ნასამართლობის პირობებში მან ჩაიდინა ორი ახალი განზრახი დანაშაული.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სა¬ბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკა¬ც¬რი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზ¬ღვ¬რუ¬ლი სასჯელები ნაწილობრივ ან მთლია¬ნად შეიკრიბება.

შესაბამისად, უ. კ.-ს მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის დანიშვნა ნაწილობრივი შეკრებით, შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და მსჯავრდებულის პიროვნებიდან და ქმედებათა ხასიათიდან და ხერხიდან გამომდინარე, პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს შთანთქმის გამოყენებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბო¬ლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა გა¬ნა¬ჩენ¬ით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშ¬ნუ¬ლი სას¬ჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნა¬წილს.

ამ მხრივ, პალატა მხედველობაში იღებს წინა განაჩენით დადგენილად მიჩნეულ ქმედების ხასიათს და დანიშნულ სასჯელს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის განაჩენით, უ. კ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 273-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ) და დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციის ფარგლებში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით ამავე გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. 2015 წლის 26 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს N001/XX-XXXX გადაწყვეტილების საფუძველზე, უ. კ. პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელისგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 1 (ერთი) თვითა და 4 (ოთხი) დღით ადრე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით გაუქმდა 2014 წლის 14 მაისის განაჩენით, უ. კ.-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მიუხედავად გამოყენებული შეღავათებისა (საპროცესო შეთანხმება, პირობით ვადამდე გათავისუფლება), უ. კ.-ს მხრიდან სახელმწიფომ ვერ აიცილა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებათა ჩადენა. მხედველობაშია მისაღები ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედებათა განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ უ. კ.-მ ჩაიდინა ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა მაშინ, როდესაც იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისთვის და ტარებისთვის და თავისთავად, მის მიერ ჩადენილი დანაშაული მომეტებული საფრთხის შემცველია. ზემოაღნიშნულ და ასევე გამოსაცდელ ვადაში ორი ახალი დანაშაულის ჩადენის პირობებში, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია უ. კ.-ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის გამოყენება, ხოლო უ. კ.-ს მიერ სხდომაზე დაფიქსირებული არგუმენტები დანაშაულის ჩადენის მოტივის თაობაზე, ვერ გახდება სასჯელთა შთანთქმის და უფრო მეტი შეღავათის გამოყენების საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან მოხდა არა სასჯელთა სრული, არამედ ნაწილობრივი შეკრება. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელის შემცირება ხელს ვერ შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ უ. კ.-ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განაჩენი.

უ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

უ. კ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ფორმულირებიდან ამოერიცხოს სიტყვები - „ჩადენილი არაერთგზის“.

უ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით უ. კ.-ს მოსახდელად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, უ. კ.-ს მოსახდელად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

უ. კ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 10 თებერვლიდან.

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი, ასევე, ზ. კ.-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული პოლიეთილენის შპრიცები და ერთი ცალი პოლიეთილენის მცირე ზომის ქილა, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.