ნახვები: 1203
საქმის ნომერი: 1ბ/190-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/190-18 (2018-03-23), www.temida.ge
საქმის № 1ბ/190-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       23 მარტი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მანუჩარ კაპანაძე

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,

პროკურორ - თ. ჭ.-ს,
გამართლებულ - ზ. უ.-ს,
ადვოკატების - დ. ძ.-ს, რ. ჩ.-ს მონაწილეობით,

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ზ. ა.-ს ძე უ.-ს მიმართ - დაბადებული 1979 წლის XX აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი NXXXXXXXXXXX, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ., ბ.-ს ქუჩა #X, ბინა #XX, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:


ზ. უ.-ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი). მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ.-ში, ჩ.-ს ქუჩა #XX, ბინა #X-ში, ზ. უ.-მ სამი წლის შვილის - ლ. უ.-ს თანდასწრებით, რამდენჯერმე მუშტი დაარტყა მარცხენა თვალისა და თავის არეში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. ჩ.-ს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 01 სექტემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, თ.-ში, შ.-ს ქუჩა #X-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. უ.-მ სამი წლის შვილის - ლ. უ.-ს თანდასწრებით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. ჩ.-ს მუშტი დაარტყა ტუჩზე ერთხელ, ხოლო თავის მიდამოში - რამდენჯერმე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 01 სექტემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, თ.-ში, შ.-ს ქუჩა #X-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. უ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. ჩ.-ს, რაც რეალურად აღიქვა ამ უკანასკნელმა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით:
ზ. უ. ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირევლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშვედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ზ. უ.-ს მიერ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ჭურღულიამ.

პროკურორმა საააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზ. უ.-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ზ. უ.-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ მოწმეები ნ. ფ. და ნ. ჭ. ადასტურებენ, რომ 2016 წლის დეკემბერში ზ. უ.-მ თ. ჩ.-ს მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რის შემდეგაც თ. ჩ. გარკვეული პერიოდი მკურნალობდა დედის სახლში; ნ. ჭ.-მ უშუალოდ დაზარალებულისაგან შეიტყო ცემის თაობაზე და თვითონ ნახა ჩ.-ს სახეზე დაზიანებები. მოწმე ნ. თ.-ს განმატებით კი, 2017 წლის 2 სექტემბერს თ. ჩ. მის სახლში მივიდა გამთენიისას, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და იყო შეშინებული. თ. ჩ.-მ უთხრა, რომ ზ. უ.-მ სცემა და დაემუქრა სახლში უარეს დღეში ჩაგაგდებო. მოცემულ შემთხვევაში მოწმეებმა მიუთითეს ინფორმაციის წყარო, შესაბამისად, ჩვენებები ამ ნაწილში უნდა იქნას გაზიარებული. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს ასევე სასამართლო ხსდომაზე გამოკველულ წერილობით მტკიცებულებებზე, რომელთა თანახმადაც, ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის მე-7 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის ფაქტზე თ. ჩ.-ს განცხადების საფუძველზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი თ. ჩ.-ს ტუჩის მიდამოში მარცხნივ აღენიშნება ნახეთქი, ორივე ტუჩის მიდანოში აღენიშნება სისხლნაჟღენთები და სისხლჩაქცევა. ამავე დასკვნის მიხედვით, ექსპერტთან საუბრისას თ. ჩ.-მ მიუთითა, რომ დაზიანებები მიაყენა მეღლემ ზ. უ.-მ.

გამართლებულმა და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად;

პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ ზ. უ.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა თ. ჩ.-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად კი, ,,მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ’’.

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები: მოწმეების ი. რ.-ს, გ. ე.-ს, ნ. ჭ.-ს დაკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0051XXXXX დასკვნა, მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ. ფ.-ს ჩვენებით, დაზარალებული თ. ჩ. არის მისი შვილი, რომელიც ქორწინებაში იმყოფებოდა ზ. უ.-სთან. 2016 წლის დეკემბრის თვეში, ზ. უ.-მ მის შვილს სახის არეში მიაყენა სხვადსახვა სახის ფიზიკური დაზიანებები, რამაც გამოიწვია ტვინის შერყევა. რაც შეეხება 2017 წლის 1 სექტემბრის ფაქტს, მას დაუკავშირდა მეგობარი ნ. თ. და უთხრა, რომ თ. ჩ. იმყოფებოდა მასთან სახლში, რადგან ზ. უ.-ს მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა და ამასთან, დამუქრებია, რომ სახლში აიყვანდა და კიდევ სცემდა. როდესაც მოწმე მივიდა ნ. თ.-თან, თ. ჩ.-ს ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და იყო შეშინებული. მომხდარიდან მეორე დღეს განცხადებით მიმართა პოლიციას, რა დროსაც ზ. უ. დახვდა გარეთ, არ აძლევდა პოლიციაში წასვლის საშუალებას, იჭერდა ხელით და ასევე ცდილობდა მისი სამი წლის შვილიშვილისთვის არ მიეცა მასთან სახლში დარჩენის უფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ. თ.-მ განმარტა, რომ დაზარალებული თ. ჩ. არის მისი მეგობრის, ნ. ფ.-ს შვილი. 2017 წლის 2 სექტემბერს, გამთენიისას, მასთან სახლში მივიდა თ. ჩ., რომელსაც ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და იყო შეშინებული. თ. ჩ.-მ უამბო, რომ ზ. უ.-მ მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება სახის არეში, ასევე ემუქრებოდა სახლში აყვანით და ცემით, რის გამოც შეშინებული მთელი ღამის განმავლობაში იმალებოდა ქუჩაში, არ ჰქონდა ტელეფონი და ვერ ახერხებდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებას. აღნიშნულის შემდეგ მოწმე დაუკავშირდა ნ. ფ.-ს, რომელიც მალევე მივიდა მათთან. როგორც თ. ჩ.-მ ნ. ფ.-ს უთხრა, ზ. უ.-მ მანქანაში ბავშვის თანდასწრებით სახის არეში გაარტყა მუშტი და ასევე ემუქრებოდა, რომ სახლში მისვლის შემდეგაც მიაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოწმის განმარტებით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, 2016 წლის დეკემბრის თვეში, თ. ჩ.-ს ჰქონდა ტვინის შერყევა, რაც გამოწვეული იყო ზ. უ.-ს მხრიდან მიყენებული დაზიანებებით.
მოწმე დ. ა.-მ სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის 03 სექტემბერს სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას, თანამშრომელმა, ი. რ.-მ მიიღო ინფორმაცია, ქ.თბილისში, ა.-ს ხეივნის მე-XX კმ. „თ.“-ს სერვისცენტრთან მოძალადე ზ. უ.-ს ყოფნის თაობაზე. მოწმე თანამშრომელ გ. ე.-თან ერთად გაემართა მითითებულ მისამართზე, სადაც მოხდა ზ. უ.-ს ბრალდებულის სახით დაკავება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხრომაზე მოწმე ლ. ფ.-ს განმარტებით, ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს როგორც დაზარალებულ თ. ჩ.-თან, ისე ბრალდებულ ზ. უ.-სთან. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა მხოლოდ ის, რომ 2017 წლის 1 სექტემბერს, ღამის საათებში, დაუკავშირდა ზ. უ. და ჰკითხა - ხომ არ იცოდა თ. ჩ.-ს ადგილსამყოფელი. იგი არ ყოფილა ზ. უ.-ს მხრიდან თ. ჩ.-ზე ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის შემსწრე და თ. ჩ.-ს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არ შეუნიშნავს. მსგავს ფაქტს რომ ჰქონოდა ადგილი, თ. ჩ. არ დაუმალავდა და ეტყოდა.
მოწმე ნ. გ.-ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, არის დაზარალებულ თ. ჩ.-ს მეგობარი, ასევე კარგად იცნობს ბრალდებულ ზ. უ.-ს. ორივე მათგანი მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდნენ მის მეზობლად, ჩარგლის ქუჩაზე. მოწმის განმარტებით, თ. ჩ.-სთვის მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობის ფაქტი არ შეუნიშნავს და მათ შორის კონფლიქტური სიტუაციის შემსწრე არასდროს ყოფილა; არც დაზარალებულს უთქვამს როდისმე მისთვის მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ასევე მოწმე ე. ა., რომლის განმარტებითაც დაზარალებულ თ. ჩ.-თან აკავშირებს ნათესაური ურთიერთობა. შემთხვევის დღეს თ. ჩ. იმყოფებოდა მასთან სახლში და იყო კარგ ხასიათზე, შემდეგ მოაკითხა მეუღლემ და წავიდნენ ერთად. მეორე დღეს ზ. უ. მივიდა მასთან, უთხრა, რომ თაკოსთან მოუვიდა უთანხომობა და სთხოვა დახმარებოდა მის მოძებნაში. მათ არ იცოდნენ თუ სად იმყოფებოდა თაკო, რის გამოც ჯერ მოვიდნენ თ. ჩ.-ს დედასთან სამსახურში და ელოდებოდნენ, შემდეგ მასთან ერთად მივიდნენ ბინასთან. ზ. უ. სთხოვდა ნ. ფ.-ს, რომ თ. ჩ. თუ მასთან იმყოფებოდა, გამოეშვა იგი. იგი (ე. ა.) სახლში ავიდა ლ. ფ.-თან ერთად, თუმცა თ. ჩ. იქ არ დახვდათ. დაზარალებულის დედა აცხადებდა, რომ აპირებდა ზ.-სთვის პოლიციაში ჩივილს. მოგვიანებით მას თ. ჩ.-მ უთხრა, რომ იმ ღამეს მეუღლესთან მოუვიდა უთანხმოება, რომელმაც სახეში გაარტყა. მას ახლო ურთიერთობა აქვს დაზარალებულთან, ხშირი მიმოსვლა ჰქონდა მის ოჯახში და მასა და ზ. უ.-ს შორის კონფლიქტურ და დაძაბულ ურთიერთობას არ შესწრებია.
მოწმე შ. დ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ ზ. უ.-სთან აკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა და არის მისი ბავშვის ნათლია. ზ. უ.-სთან სტუმრად ყოფნისას, თარიღს ზუსტად ვერ იხსენებს, თავად შეესწრო მეუღლეებს შორის იყო გარკევული სიტყვიერ უთანხმოებას, თუმცა უჩვეულო სიტუაცია ნამდვილად არ დახვედრია, ისინი უბრალოდ კამოათობდნენ. შემდეგ ზ.-სთან ერთად გამოვიდა გარეთ, ხოლო თ. ჩ. ბავშვთან ერთად წასულა დედამისთან, რის გამოც მათ გადაწყვიტეს თ. ჩ.-ს დედის საცხოვრებელ სახლში მისვლა. კარებზე დაკაკუნებისას ნ. ფ.-მ დაიწყო ყვირილი, არ უშვებდათ შიგნით და ითხოვდა პატრულის გამოძახებას. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და მათთან ერთად შევიდა სახლში. თ. ჩ.-სათვის რაიმე სახის სილურჯე და დაზიანება არ შეუნიშნავს. ვინაიდან არანაირ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონდა, პატრულმა მალევე დატოვა ტერიტორია, ხოლო ზ. უ. და თ. ჩ. ერთად წავიდნენ სახლში.
2017 წლის 03 სექტემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს თ. ჩ.-ს მიერ წარდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი, სადაც აღნიშნულია პაციენტის სახელი და გვარი - თ. ჩ., მისი დაბადების თარიღი და პირადი ნომერი, ასევე აღნიშნულია, რომ პაციენტი თ. ჩ. უჩივის პირის სიმშრალეს, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, კიდურების დაბუჟებას, ტუჩების მიდამოში - მარცხნივ აღენიშება ნახეთქი, პაცინეტის გადმოცემით გუშინ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (თავში ჩაარტყა მუშტები).
2017 წლის 03 სექტემბრის ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს თ. ჩ.-ს მიერ წარდგენილი ერთ თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი სამი ცალი ფერადი ფოტოსურათი. დათვალიერებისას მოწმემ განმარტა, რომ ფოტოსურათზე ასახული პიროვნება არის თვითონ, ფოტოსურათის დათვალიერებისას მას მარცხენა თვალის ქვედა მხარეს აღენიშნება სილურჯე, რაც მიაყენა მისმა მეუღლემ, ზ. უ.-მ, 2016 წლის დეკემბრის თვეში.
2017 წლის 05 სექტემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს თ. ჩ.-ს მიერ წარდგენილი მისი შვილის, ლ. უ.-ს დაბადების მოწმობის ქსეროასლი, რომლის დათვალიერებისას იკითხება თუ ვის სახელზეა გაცემული მოწმობა, კერძოდ, იკითხება შემდეგი შინაარსის ტექსტი: სახელი - ლ., გვარი უ., დაბადების თარიღი - 2014 წლის 21 იანვარი, მამის სახელი ზ., გვარი - უ., დედა - თ. ჩ..
აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებისას პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის არგუმენტაციას, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, ზ. უ.-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქმეზე გამოკვლეული და გამოკველვის გარეში უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგინდა მხოლოდ ერთი უტყუარი გარემოება, რომ 2017 წლის 04 სექტემბერს პირადი შემოწმების შედეგად თ. ჩ.-ს ორივე ტუჩის მიდამოში აღენიშებოდა სისხლნაჟღენთები და სიხლჩაქცევა, ასევე ზედა ტუჩის ლორწოვანზე - ნასკდომი. თუმცა არც წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე და არც მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით არ დგინდება, რომ აღნიშნული დაზიანებები თ. ჩ.-ს მიაყენა ზ. უ.-მ. სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეები ძალადობის განხორციელების ფაქტს პირადად არ შესწრებიან და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით, ანუ იძლევიან ირიბ ჩვენებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოწმის ჩვენება, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ძირითად საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. ამ მხრივ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის განმარტება იმათან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოწმეები მიუთითებენ ინფორმაციის წყაროს, უნდა მოხდეს მათი ჩვენებების გაზიარება. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც პასუხს გასცემდნენ კითხვას - განახორციელა თუ არა ზ. უ.-მ მეუღლის - თ. ჩ.-ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა და განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი; ასევე, ზ. უ.-ს მხრიდან ადგილი ქონდა თუ არა თ. ჩ.-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერცერთ ეპიზოდთან დაკავშირებით ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ არცერთი პირდაპირი მტკიცებულებაც, რაც დაადასტურებდა ზ. უ.-ს მიერ თ. ჩ.-ს მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტს. მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი კი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დაადასტურა, რომ ზ. უ.-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რის გამოც იგი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.

შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლოს სხომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.



სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ზ. უ. ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირევლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
გამართლებულ ზ. უ.-ს განემარტოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
ზ. უ.-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოილუსტრაცია დატანილი ერთ ცალ CD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.