ნახვები: 249
საქმის ნომერი: 1/ბ-301-17
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-301-17 (2017-05-25), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-301-17

განაჩენი
საქართველოს სახელით
       25 მაისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ავთანდილ ნასყიდაშვილი

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ.ლ.;

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - ბ. ა.-ს ძე გ., დაბადებული XXXX წლის XX ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №XXXXXXXXXXX, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.თ., დ.ჭ.-ს ქ.NXX; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თ., გ.-ს გამზირი NXX;

ადვოკატი - თ. ს.;

კვალიფიკაცია:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი სხეულის დაზიანება, რომელმაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია);

სასჯელი:

ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის მ. ლ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ბ. გ.-ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული იქნა, რომ ბ. გ.-მ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედებები, თუმცა მოსამართლემ გაიზიარა დაცვის მხარის ექსპერტის და მოწმის მიერ მიცემული განმარტებები, ხოლო დაზარალებულ ლ. ხ.-ს ნაწილში, ქმედებას მიანიჭა არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

დაცვის მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. დაზარალებული ლ.ხ. მიყენებული დაზიანებების შედეგად არ დამახინჯებულა, არ არის მოშლილი მიმიკა, სახე არ არის შემზარავი, შემაშინებელი. სასამართლომ იხელმძღვანელა იურიდიული კრიტერიუმით და ბ. გ. დამნაშავედ ცნო შედეგის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რასაც დაცვის მხარე ეთანხმება. რაც შეეხება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, სახელმწიფო ბრალდებას არ გააჩნდა მოცემული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).

სასამართლომ დაადგინა

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ. გ.-ს ბრალი წარედგინა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება, კერძოდ: 2015 წლის 28 იანვარს, თ.-ში, მ.-ს ქუჩა №XX-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილ იქნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, შსს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ბ. გ., რომელმაც განზრახ დააზიანა შსს ბალანსზე რიცხული ,,შკოდა ოქტავიას” მარკის ავტომანქანის, სარეგისტრაციო ნომრით XX-XXX-XX, ძრავის სახურავი. აღნიშნულით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი -1050 ლარის ოდენობით. სასაქონლო ექსპერტიზის №292/ს დასკვნით: ავტომანქანა ,,შკოდას” სარეგისტრაციო ნომრით XX-XXX-XX, დაზიანებებით მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 1050 (ათასორმოცდაათი) ლარს.

2015 წლის 01 მაისს, 0310 საათზე, თ.-ში, შ.-ს ქუჩაზე განთავსებულ კარაოკე ბარ ,,ი.-ს” მიმდებარედ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბ. გ.-მ, აღნიშნული ბარის დაცვის თანამშრომელ ლ. ხ.-ს გატეხილი ჭიქის ნამსხვრევებით სახის არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რითაც ლ. ხ.-ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N002851415 და N005156215 დასკვნებით: ლ. ხ.-ს დაუდგინდა დიაგნოზი - ნაკვეთი ჭრილობები სახის არეში და ხაზოვანი ნაჭდევი კისრის გვერდით ზედაპირზე. ჭრილობები განვითარებულია მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით და დაზიანებები ერთიანობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ქვედა ყბის ძვლის შუა მესამედში აღნიშნული ნაწიბურები წარუხოცელია და დროთა განმავლობაში თავისით არ გამოსწორდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია ბ. გ.-ს ბრალეულობა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 28 იანვარს, თ.-ში, მ.-ს ქუჩა №XX-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილ იქნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, შსს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ბ. გ., რომელმაც ხელის დარტყმით, განზრახ დააზიანა შსს ბალანსზე რიცხული ,,შკოდა ოქტავიას” მარკის ავტომანქანის, სარეგისტრაციო ნომრით XX-XXX-XX, ძრავის სახურავი.

2015 წლის 01 მაისს, 0310 საათზე, თ.-ში, შ.-ს ქუჩაზე განთავსებულ კარაოკე ბარ ,,ი.-ს” მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბ. გ.-მ, ბარის დაცვის თანამშრომელ ლ. ხ.-ს მინის საგნით სახის არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რითაც ლ. ხ.-ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით, ბ. გ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე, ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.

ბ. გ.-ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბ. გ.-ს მიერ, 2015 წლის 28 იანვარს, თ.-ში, მ.-ს ქუჩა №XX-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელის დარტყმით, განზრახ შსს ბალანსზე რიცხული ,,შკოდა ოქტავიას” მარკის ავტომანქანის, სარეგისტრაციო ნომრით XX-XXX-XX, ძრავის სახურავის დაზიანების ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარმოდგენილი იქნა მხარეთა მიერ, არ ქმნიდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს, რასაც სრულიად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატაც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 8 მაისის წერილით დადგენილია, რომ ავტომანქანა ,,შკოდა ოქტავია”, სახ. №XX-XXX-XX ირიცხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე, შესაბამისად წარმოადგენდა არა ბ. გ.-ს, არამედ „სხვის ნივთს“. აღნიშნული გარემოებები, ისევე როგორც ავტომანქანის ძრავის სახურავზე ხელის დარტყმის ფაქტი დადასტურებულია მტკიცებულებებით და ამასთან, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დ. ჩ.-მ განმარტა, რომ 2015 წლის იანვარს დ. მ.-სთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. XXX ა.-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, №X კლინიკური საავადმყოფოს მხრიდან დიდი სისწრაფით ჩავიდა თეთრი ფერის ,,შკოდის” მარკის ავტომანქანა. მეწყვილესთან ერთად დაედევნა ავტომანქანას და დამატებით გადასცეს ინფორმაცია დამხმარე ეკიპაჟებს. ,,შკოდის” მარკის ავტომანქანა შევიდა მ.-ს ქუჩაზე და შეუხვია მარჯვნივ, სადაც მოხდა მისი შეჩერება და სადაც ასევე მოვიდა ბ. შ.-ს ეკიპაჟიც. მძღოლმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა საბუთები და იყო გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, ის იყო ნასვამი, აგრესიული. საუბრისას მძღოლი შეეცადა ტერიტორიის დატოვებას, თუმცა ქუჩას მხოლოდ ერთი გასასვლელი ჰქონდა და ისიც საპატრულო პოლიციის ავტომანქანით იქნა ჩაკეტილი. მძღოლი ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგაც განაგრძობდა აგრესიულ ქმედებას, მოულოდნელად ძრავის სარქველზე ე.წ. ხუფზე, მცირე ინტერვალებით 2-3-ჯერ დაარტყა მუშტი, რის შემდეგაც ის დაკავებული და გადაყვანილი იქნა ნარკოტიკული კვლევისათვის. დაკავებისას ბ. გ.-მ აგრესიულად უთხრა, რომ მის კუთვნილი ავტომანქანას რასაც უნდოდა იმას დაუზიანებდა და რამდენიმე ხნით ადრე ზემოდან გადაურბინა კიდეც ავტომანქანას. გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ აღნიშნული ავტომანქანა იყო შსს-ს ბალანსზე. მოწმემ განმარტა, რომ ბ. გ.-ს ხელის დარტყმამდე ავტომანქანას დაზიანებები არ ჰქონდა.

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე დ. მ.-მ და ასევე დაადასტურა ბ. გ.-ს მიერ ავტომანქანის ძრავის სახურავზე 2-3-ჯერ მუშტის დარტყმის ფაქტი. მოწმემ განმარტა, რომ ბ. გ.-ს მიერ მუშტების დარტყმამდე ავტომანქანა დათვალიერებული არ ჰყავდა, თუმცა შემდეგ ნახეს, რომ დარტყმის ადგილებში ავტომანქანას ჰქონდა დაზიანებები.

სასამართლო სხდომაზე მოწმე თ. გ.-მ განმარტა, რომ 2015 წლის 28 იანვარს, მორიგეობისას სხვა ეკიპაჟმა გადმოსცა, რომ ქ. წ.-ს ქუჩაზე დიდი სიჩქარით მოძრაობდა ავტომანქანა ,,შკოდა” და ითხოვა მის გაჩერებაში დახმარება, თუმცა შემდეგ მათ თავად მოახერხეს გაჩერება მ.-ს ქუჩის კუთხეში. მისვლისას ბ. გ. მეგობრებთან ერთად გადმოსული იყო მანქანიდან. ის ამბობდა, რომ იყო პოლიციელი და თუ მისცემდნენ საშუალებას, მიიტანდა საბუთებსა და სამსახურებრივ იარაღს. საუბრისას მოულოდნელად ჩაჯდა მანქანაში და დიდი სისწრაფით დატოვა ადგილი ჩიხის მიმართულებით, თუმცა პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ ჩიხის გამოსასვლელში და კვლავ გააჩერეს. ბრალდებული იგინებოდა და ავტომანქანას ორჯერ მუშტის ჩარტყმით დაუზიანა ძრავის სახურავი. ამბობდა, რომ ავტომანქანა იყო მისი, რასაც უნდოდა იმას უზამდა და მასზე ურბენია კიდეც. მოწმემ განმარტა, რომ ვიზუალურად ავტომანქანას არ დაკვირვებია დარტყმამდე და არ იცის დაზიანება ჰქონდა თუ არა, თუმცა შემდგომ ნახა, რომ დარტყმის ადგილი იყო დაზიანებული.

ანალოგიური დადასტურებულია მოწმე ე. შ.-ს ჩვენებით.

საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე დაადასტურეს სხდომაზე დაკითხვისას მოწმეებმა: ჯ. ბ.-მ, რ. ს.-მ, გ. ჯ.-მ, დ. გ.-მ, უ. ტ.-მ, მ. მ.-მ, ა. ს.-მ, ი. ხ.-მ, გ. ე.-მ, ვ. მ.-მ.

ავტომანქანის დაზიანების ფაქტი არ უარყო ბ. გ.-მ და პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ 2015 წლის 28 იანვარს, თ.-ში მ.-ს ქუჩა №XX-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციამ გააჩერა, რა დროსაც გამოვლინდა მისი ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა, აღნიშნულით გაღიზიანებულმა კი დააზიანა შსს-ს ბალანსზე რიცხული ,,შკოდა ოქტავიას” მარკის ავტომანქანის, სარეგისტრაციო ნომრით XX-XXX-XX, ძრავის სახურავი. მისივე განმარტებით, ავტომანქანა შეაკეთა 130 ლარად, ქვითარი კი შეინახა, რადგან დაზიანებული ავტომანქანა იყო სამსახურის ბალანსზე. ავტომანქანის სამსახურში მიყვანისას არავის ჰქონია პრობლემა, შეამოწმეს „შკოდას“ ცენტრში და პრეტენზია არ გამოუთქვამთ.

2015 წლის 28 იანვრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ავტომანქანა ”შკოდას”, სარეგისტრაციო ნომრით XX-XXX-XX, ვიზუალური დათვალიერებით ძრავის სახურავზე აღენიშნება ჩაღუნულობა, ასევე ძრავის სახურავზე და საბარგულზე აღენიშნება ფეხსაცმლის ნაკვალევი.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანიის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ სახეზეა მატერიალური შემადგენლობის დელიქტი, შესაბამისად ქმედების მოცემული მუხლით კვალიფიკაციისათვის საკმარისი არ არის ნივთის დაზიანების ფაქტის დადგენა, არამედ უტყუარად უნდა დგინდებოდეს შედეგი - დაზიანებით გამოწვეული მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი (150 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი).

მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს სწორედ მნიშვნელოვანი ზიანის არსებობა-არარსებობის ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც მხარეთა მიერ ჩატარდა ექსპერტიზები და დაიკითხნენ ექსპერტიზის გამცემი ექსპერტები.

შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილების მთავარმა ექსპერტმა მ. ჯ.-მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,შკოდა” სახელმწიფო ნომრით XX-XXX-XX, დაზიანებებით მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენდა 1050 ლარს.

მოწმის განმარტებით, იმ პერიოდისათვის მისთვის ცნობილი იყო თბილისში არსებული ფასები და გამოთვლები განახორციელა საშუალო საბაზრო ფასებით, თუმცა ვერ მიუთითა კონკრეტული სერვისცენტრი, სადაც მის მიერ გამოკითხული და შესწავლილი იქნა საორიენტაციო ფასები. ამასთან, ექსპერტს არ განუცხადებია ის ობიექტური მიზეზი, თუ რატომ საჭიროებდა ავტომანქანა აუცილებლად ახალი ძრავის სახურავს. განმარტება, რომ ავტომანქანა იყო ახალი (2013 წელს გამოშვებული), და აუცილებლად და უალტერნატივოდ საჭიროებდა ახალი ქარხნული ნაწილით შეკეთება-გამოცვლას (რაც ფასს მნიშვნელოვნად ზრდის), ვერ იქნება გაზიარებული. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასამართლიანად მიიჩნია მეორადი სახურავის იმ დროისთვის თბილისში არ არსებობის გამო, ახალი სახურავის ფასით ზიანის დათვლა, რასაც ეთანხმება პალატაც. მ. ჯ.-მ აღნიშნა, რომ თუ მოიძიებდა მსგავს მეორად ნაწილს, შესაბამისად, ფასის განსაზღვრაც მოხდებოდა მეორედი ნაწილის ფასის შესაბამისად, რაც გაცილებით ნაკლები იქნებოდა მითითებულ ფასზე.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტს, რომელმაც სადავოდ გახადა წარმოდგენილი ქვითრის მიხედვით, 130 ლარის ოდენობის თანხით ავტომანქანის შეკეთება.

ამ მხრივ საყურადღებოა დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა, რომელმაც დასმულ კითხვას გასცა საპირისპირო პასუხი და მოწმე ზ. ა.-ს ჩვენება.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხულ იქნა დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტი, რომლის ჩვენებაც წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნასთან, კერძოდ, ექსპერტმა რ. ვ.-მ განმარტა, რომ მის მიერ ნანახი იქნა შეკეთებული ავტომანქანა, შესრულებული სამუშაო შესაბამისობაში იყო სერვის ცენტრებში არსებულ ხარისხთან და ავტომობილის საერთო პარამეტრის მდგომარეობასთან და არ იკვეთებოდა განსხვავება. მოწმემ განაცხადა, რომ ის თანამშრომლობს არაერთ სერვის ცენტრთან, ასევე მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მიმართა ,,ე.-ს” ბაზრობაზე და ტელევიზიასთან არსებულ მეთუნუქეებს. სერვის ცენტრებისა და საბაზრო ფასების გათვალისწინებით დადგინდა, რომ ძრავის სახურავის დაზიანებული ზედაპირის აღდგენის ღირებულება წარმოადგენდა 105 ლარს, 10%. მოცემული ექსპერტის დასკვნა შესაბამისობაშია რეალურად გადახდილ თანხასთან, ისევე როგორც მოწმე ზ. ა.-ს ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ არის მანქანების ხელოსანი და ავტომანქანის შეკეთება დაჯდა 130 ლარი. მოწმის ჩვენებით, ავტომანქანა „შკოდას“ ე.წ. კაპოტი ჰქონდა ოდნავ დაზიანებული, ცოტა დაწეული, რაც გასწორდა, კერძოდ, „დაიშპაკლა“, „დაიგრუნტა“ და შეიღება, რაც საკმარისი იყო თავდაპირველ მდგომარეობაში დასაბრუნებლად. ამავე მოწმის ჩვენებით, შეღება ნახევარი ხუფი, ხოლო მთლიანად შეღებვის შემთხვევაში დასჭირდებოდა 20 ლარის დამატება.

აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც უტყუარად არ მიიჩნია ექსპერტ მ. ჯ.-ს დასკვნა. დასკვნის თანახმად - ავტომობილს დაზიანებული და გამოსაცვლელი აქვს: ძრავის სახურავი, სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს: საბარგულის სახურავი, ძარის სახურავი. საცალო-სარეალიზაციო ფასების შეჯერებით დადგინდა: ძრავის სახურავი - 650 ლარი. სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების (რაც ითვალისწინებს გამოსაცვლელი ნაწილის მოხსნა-დაყენებას, სათუნუქე და საფითხ-სამღებრო სამუშაოებს) ღირებულება განსაზღვრა ავტოსარემონტო სახელოსნოებში ანალოგიური სახის და მოცულობის სამუშაოებზე არსებული ფასების გათვალისწინებით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეესაბამება - 400 ლარს.

მოცემულ დასკვნაში ექსპერტის მიერ არ იქნა შეფასებული კონკრეტული ძრავის ხუფის დაზიანებით გამოწვეული ზარალი (რაც მოთხოვნილი იყო გამოძიების მიერ). ექსპერტი მსჯელობს ახალი ნაწილის ფასზე, რაც შეადგენს 650 ლარს, ხოლო მისი მოხსნა-მონტაჟის კონკრეტული ფასი არ დგინდება, რადგან აღნიშნული შეფასებულია სათუნუქე და საფითხ-სამღებრო სამუშაოებთან ერთობლიობაში და ცხადია მისი დადგენის გარეშე შეუძლებელია გაირკვეს ძრავის ხუფის დაზიანებით გამოწვეული ზარალის ოდენობა.

პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების დაშვების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებასაც გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ ზემოაღნიშნული ჩვენებიდან გამომდინარე ექსპერტ მ. ჯ.-ს მიერ უტყუარად ვერ დადგინდა მნიშველოვანი ზიანის არსებობა. ასევე, სწორად არის მითითებული, რომ ექსპერტის მიერ არ არის გამოთვლილი დაზიანებული ძრავის სახურავის მოხსნისა და ახალი ძრავის სახურავის მონტაჟის საფასური, რათა ახალი ნაწილის ღირებულებასთან ერთობლიობაში დადგენილიყო ექსპერტის წინაშე დასმული კითხვის - ძრავის სახურავის დაზიანებით გამოწვეული მატერიალური ზარალის ოდენობა. ასევე, მნიშვნელოვანია ექსპერტის ის განმარტებაც, რომ მეორადი ნაწილის მოძიების შემთხვევაში (რაც მის მიერ რეალურად არც განხორცილებულა) ფასის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. მოცემული ექსპერტის დასკვნაზე დაყრდნობით ცალსახაა, რომ ბ. გ.-ს მიერ ძრავის სახურავის დაზიანებით მიყენებული ზიანი არ შეადგენს 1050 ლარს, რაც მითითებულია პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში და ვერც ის ფაქტი დგინდება უტყუარად, რომ ზიანი აღემატება 150 ლარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ადგილი ჰქონდა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას. მოცემულ შემთხვევაში, იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, სავალდებულოა ადგილი ჰქონდეს - 1. სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას, 2. დაზიანება იწვევდეს მნიშვნელოვან ზიანს (150 ლარის ზემოთ მატერიალური ზიანი) 3. არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის. მიუხედავად მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ვიდეო მასალისა, რომელიც ასახავს შემთხვევის ადგილს და ვითარებას, სადაც გარკვევით ჩანს, რომ ბ. გ. აზიანებს ავტომანქანას, წარმოდგენილი მტკიცებულებებით პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის არსებობას, როგორც აუცილებელ შედეგს ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის. სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მითითება, რომ დაცვის მხარის მიერ მოწმის სახით დაკითხული ექსპერტი არის არაკომპეტენტური და მის მიერ გაცემული დასკვნა არ არის სანდო, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. გარდა ამისა, ბრალდების მხარის მიერ მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ჩვენება უტყუარად ვერ ადასტურებს მნიშვნელოვან ზიანს. პალატა განმარტავს, რომ დანაშაულის შემადგენლობის თითოეული ელემეტის არსებობა უნდა დასტურდებოდეს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით და გამორიცხავდეს ყოველგვარ გონივრულ ეჭვს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი .
პალატა მიიჩნევს, რომ ფაქტის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენს მნიშვნელოვანი ზიანის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებებს და არ არის საკმარისი ბ. გ.-ს ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ნიშნების დასადგენად.

ბრალდების მხარის განმარტება, რომ ზ. ა.-ს ჩვენებით, მან გაასწორა მხოლოდ ერთი დაზიანება, მაშინ, როდესაც მიყენებული იყო არაერთი, ვერ გახდება ბ.გ.-ს ქმედებაში დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება. გამოკვლეული მტკიცებულებით, მართალია, 2-3-ჯერ დაარტყა ბ.გ.-მ ავტომანქანის ძრავის სახურავს, თუმცა ეს უპირობოდ არ გულისხმობს მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემას. მაშინ, როდესაც ბრალდების მხარე მსჯელობს დაცვის მხარის ექსპერტის არაკომპეტენტურობაზე, მოწმე ზ.ა.-ს ჩვენების სიცრუეზე, თავის მხრივ, არ აქვს წარმოდგენილი ზიანის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მ. ჯ.-ს განმარტებაზე აპელირება, რომ 120-150 ლარად მოწმემ გამორიცხა ძრავის სახურავის პირვანდელ მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოებით შეკეთების შესაძლებლობა, არ წარმოადგენს ფაქტის მყარ დადასტურებას. ფაქტია, რომ ბრალდების მხარემ, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ვერ შეძლო მიყენებული ზიანის დადასტურება, ხოლო ამ პირობებში შეუძლებელია დაცვის მხარის მტკიცებულებების გაბათილება, რადგან ამ შემთხვევაშიც კი უტყუარად ვერ დგინდება 150 ლარზე მეტი ზიანის მიყენების ფაქტი.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).
პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბ. გ.-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რასაც სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. ვინაიდან ბ. გ.-ს მხრიდან სხვისი ნივთისათვის განზრახ მიყენებული დაზიანების შედეგად უტყუარად არ დასტურდება მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა, აღნიშნული გარემოება გამორიცხავს ბრალდებას წარდგენილი მუხლით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სწორია სასამართლოს შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილში გამართლების თაობაზე.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება

მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რის გარეშეც წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული შედეგის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან.

სახის წარუშლელი დამახინჯება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების სპეციფიკური სახეა, რადგან ამ დროს დაზიანება არ არის სახიფათო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის და არ იწვევს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე მძიმე შედეგს. სახის წარუშლელი დამახინჯება იწვევს დაზარალებულის მძიმე სულიერ და მორალურ ტანჯვას.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ბ. გ.-ს მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანება სახის არეში, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით შეფასებულია, როგორც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. სადავო გარემოებას წარმოადგენს იწვევს თუ არა ეს დაზიანება სახის წარუშლელ დამახინჯებას, რომლის არარსებობა გამორიცხავს აღნიშნული მუხლით პირის მსჯავრდებას.

სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2015 წლის 18 მაისის გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N002851415 დასკვნით დადგენილია, რომ ლ. ხ.-ს მიღებული ტრავმის გამო 2015 წლის 2 მაისს შპს ,,ნ. ჰ.-ში’’ აღმოუჩინეს დახმარება და დაუსვეს დიაგნოზი: მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები სახის არეში, ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში. ანტიტეტანური იმუნიზაცია. 2015 წლის 4 მაისს 15:51 საათზე ლ. ხ. პირადად იქნა შემოწმებული, რა დროსაც მას აღენიშნებოდა გაკერილი ჭრილობები სახის არეში და ხაზოვანი ნაჭდევი (ნაკაწრი) - კისრის გვერდით ზედაპირზე მარჯვნივ. აღნიშნული დაზიანებებიდან ნაკვეთი ჭრილობები განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებების შედეგად, ხოლო კისრის გვერდით ზედაპირზე მარჯვნივ განვითარებული ხაზოვანი ნაჭდევი (ნაკაწრი) - განვითარებული უნდა იყოს რაიმე მსხვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. საკითხის გადასაწყვეტად: დაზიანებამ გამოიწვია თუ არა სახის წარუშლელი დამახინჯება, მიმიკის მოშლა და ასიმეტრია, საჭიროა ლ. ხ.-ს განმეორებით შემოწმება დაზიანების მიღებიდან 1,5-2 თვის გასვლის შემდეგ.

სასამართლო სხდომაზე მოწმე ე. კ.-მ დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ტრავმის მიღებიდან დაახლოებით 1-2 თვე უნდა გავიდეს, რათა ჩამოყალიბდეს ნაწიბური, ამის შემდეგ უნდა მოხდეს ხელახალი შემოწმება, რათა დადგინდეს ნაწიბური შეცვლის თუ არა მიმიკას, სიმეტრიას და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ დასკვნაში აღინიშნა, რომ საკითხის გადასაწყვეტად, არის თუ არა დამახინჯება წარუშლელი, საჭიროა დამატებით 1,5-2 თვეში ექსპერტიზის ჩატარება, აღნიშნული გულისხმობს დაზიანება არის თუ არა წარუშლელი, გამოსწორებადი, რადგან სიმახინჯის განსაზღვრა არ შედის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენციაში.

სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2015 წლის 1 სექტემბრის N005156215 დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმებისას ლ. ხ.-ს სახეზე, კერძოდ მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში და მარჯვენა ლოყის მიდამოში ქვედა ყბის ძვლის სხეულის შუა მესამედის საპროექციოდ აღენიშნება სწორნაპირებიანი ნაწიბურები, რომლებიც წარმოადგენენ ამავე მიდამოებში არსებული ნაკვეთი ჭრილობების შეხორცების შემდგომ კვლებს. აღნიშნული ნაწიბურები არ იწვევენ სახის ასიმეტრიას და მიმიკის მოშლას, წარუხოცელია და დროთა განმავლობაში თავისით არ გამოსწორდება.

დასკვნის სისწორე დადასტურდა ექსპერტის მიერ. მოწმე ნ. ჯ.-მ განმარტა, რომ ს. ბ.-სთან და გ. მ.-სთან ერთად ჩაატარა ექსპერტიზა. ექსპერტის განმარტებით, ნაწიბური არის წარუხოცელი, თუმცა დამახინჯების საკითხის გადაწყვეტა არ შედის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენციაში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მიყენებული დაზიანება იწვევს თუ არა სახის წარუშლელ დამახინჯებას, შეფასებული უნდა ყოფილიყო ორი კრიტერიუმით - სამედიცინო და იურიდიული. სამედიცინო ასპექტის გადაწყვეტა დაუკავშირა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას, რომელმაც უნდა გასცეს დასკვნა იმის შესახებ, თუ სახის რა ნაწილში მდებარეობს დაზიანება, რითაა იგი გამოწვეული (მექანიკური, ქიმიური თუ სხვა საშუალებით), რა სიღრმისაა და სიგრძისაა ნაწიბური, ხომ არ იწვევს იგი მიმიკის დარღვევას, რამდენადაა შესაძლებელი ამ დაზიანების გამოსწორება ქირურგიული ჩარევის გარეშე. ხოლო საკითხი ამახინჯებს თუ არა ეს დაზიანება სახეს, უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, რომელმაც უნდა იხელმძღვანელოს ესთეტიკური კრიტერიუმით. ვიზუალური დათვალიერების შედეგად თუ სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ ეს წარუშლელი დაზიანება ამავე დროს ამახინჯებს სახეს (შესაზარია, იწვევს ზიზღს ან სიბრალულს) არსებობს საფუძველი, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად. ორივე ეს კრიტერიუმი (სამედიცინო და იურიდიული) უნდა იყოს სახეზე და ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ქმედების შეფასებას სახის წარუშლელ დამახინჯებად.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად სასამართლომ დაასკვნა, რომ ლ. ხ.-ს სახეზე არსებული წარუშლელი დაზიანება არ ამახინჯებს მის სახეს. იგი არ არის შესაზარი, არ იწვევს ზიზღს ან სიბრალულს. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნაწიბურები არ იწვევენ სახის ასიმეტრიას და მიმიკის მოშლას.

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულმა ლ. ხ.-მ განმარტა, რომ ბ. გ.-მ მას სახეში ჭიქა შეამტვრია, რის გამოც მას სახეზე ჰქონდა ღია ჭრილობა და დაადეს 25 ნაკერი. ერთი დაზიანება ჰქონდა ლოყასთან, მეორე ქვედა მხარეს, მესამე ყურთან და მეოთხე კისერზე. სასწრაფომ გადაიყვანა ,,ნ. ჰ.-ში”, სადაც გაუკეთეს ოპერაცია. შემთხვევის შემდეგ თავს თვლიდა დამახინჯებულად, ჰქონდა არასასიამოვნო შეგრძნება, თუმცა დღევანდელი დღისათვის არანაირი პრობლემა და კომპლექსი არ აქვს, თავს დამახინჯებულად არ მიიჩნევს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი. ხ.-მ განმარტა, რომ არის სამართლის დოქტორი და მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დისპოზიციას, აუცილებელია სამი კომპონენტის არსებობა: დაზიანება უნდა იყო აუცილებლად სახეზე, დაზიანება უნდა იყოს წარუშლელი, რაც გულისხმობს, რომ თერაპიული მკურნალობით მისი ელიმინაცია უნდა იყოს შეუძლებელი, უნდა საჭიროებდეს ქირურგიული ჩარევას და დაზიანება უნდა იწვევდეს - ზიზღს, სიბრალულს.

პირველი ინსტანციის სამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ბრალდებულ ბ. გ.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ე.ი. სხეულის დაზიანებას, რომელმაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია, რასაც სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები, არ ადასტურებს, რომ ლ. ხ.-ს სახეზე არსებული დაზიანება იწვევს სახის წარუშლელ დამახინჯებას. თავად დაზარალებულის ჩვენება მიუთითებს, რომ იგი არ განიცდის არანაირ მორალურ და სულიერ ტანჯვას და არ იწვევს ზიზღსა და სიბრალულს სხვების თვალში. რაც შეეხება მოწმე ე. კ.-ს ჩვენებას, რომ ლ. ხ.-ს დარჩა შრამი, რის გამოც მას შეეცოდა და ნახვისას აარიდა თვალი და რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე, ვერ გახდება წარუშლელი დამახინჯების დამადასტურებელი, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა მხედველობაში მიღებით.

პალატა განმარტავს, რომ დაზიანების თავდაპირველი ხასიათით შეუძლებელია სახის წარუშლელი დამახინჯების შეფასება. წარუხოცელი ნაწიბური სახის მიდამოში იწვევს წარუშლელ კვალს, თუმცა უპირობოდ არ იწვევს დამახინჯებას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის შემადგენლობის დასადასტურებლად აუცილებელია სწორედ წარუშლელი დამახინჯების დადასტურება.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ლ. ხ.-ს სახეზე არსებული ნაწიბურები არ იწვევენ სახის ასიმეტრიას და მიმიკის მოშლას, ამასთან ესთეტიურად სახეზე არსებული ნაწიბური არ იწვევს ზიზღს, შეცოდებას ან რაიმე მსგავს განწყობას, ან ემოციებს, როგორც დაზარალებულის, ასევე სხვა ობიექტური მესამე პირისათვის, პალატის მოსაზრებით, ვერ ჩაითვლება სახის წარუშლელ დამახინჯებად.

კონკრეტული მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის დანაშაულის შემადგენლობის თითოეული ელემენტი უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, ამასთან სასამართლო ვალდებულია გამორიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი წარდგენილ ბრალდებაში პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით.

პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბ. გ.-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რასაც სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებათა კატეგორიას, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, სწორია სასამართლოს სამართლებრივი შეფასება და ქმედების კვლიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომი ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები .

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ ბ. გ.-ს მიერ განზრახი ქმედების ჩადენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით ბ. გ.-ს ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და სასამართლოს არგუმენტები კვალიფიკაციის შეცვლის და შედეგის მიხედვით ბ. გ.-ს ქმედების 120-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე არის კანონიერი და დასაბუთებული.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მ. ლ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენი ბ. გ.-ს მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მ. ლ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენი ბ. გ.-ს მიმართ.

ბ. გ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ბ. გ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე.

ბ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბ. გ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო - გაუქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულებები:

1 ცალი CD დისკი შემთხვევის ადგილის ფოტოსურათებით, 1 ცალი DVD დისკი ვიდეო ჩანაწერით, დალუქული ქაღალდის 1 პაკეტში, 1 ცალი CD დისკი ,,ი.-ს” ვიდეო ჩანაწერით, დალუქული ქაღალდის 1 პაკეტში, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

ფეხსაცმლის ნაკვალევი 2 დაქტილოფირზე, მოთავსებული შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ მთავარი სამმართველოს 1 პაკეტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

კ. ბ.-საგან ამოღებული ნაცრისფერი ,,ნაიკის” ფირმის ბოტასი, ი. კ.-საგან ამოღებული თეთრი ფერის ,,ნაიკის” ფირმის ბოტასი, ბ. გ.-საგან ამოღებული შავი ფერის ფეხსაცმელი, წარწერით ,,GROUP”, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.

ბ. გ.-ს შავი ფერის ბოტასი ლითონის ფირფიტით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.

შუშის ნამსხვრევები, მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

ბ. გ.-ს მაისური, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.

ბ. გ.-ს სისხლის ნიმუში, ლ. ხ.-ს სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.


თავმჯდომარე
ნათია ბარბაქაძე