ნახვები: 600
საქმის ნომერი: 1ბ/123-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/123-18 (2017-03-26), www.temida.ge
საქმის № 1ბ/123-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       26 მარტი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მანუჩარ კაპანაძე

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,
პროკურორ - ლევან მარშავას,
მსჯავრდებულ - გ. კ.-ს მონაწილეობით,

მსჯავრდებულ გ. კ.-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ. კ.-ს ძე კ.-ს მიმართ - დაბადებული XX/XX/1963 წელს , საქართველოს მოქალაქე, პირადი N XXXXXXXXXXX, ნასამართლეობის არმქონის, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ა. წ.-ს ქუჩა NXX; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით.



აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:
გ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 7000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
გ. კ.-მ ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისაგან მალულად.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 27 აგვისტოს შპს ,,ს. ფ.-ს“ მეშვეობით ესპანეთიდან გ. კ.-ს სახელზე გადმოიგზავნა ამანათი, სადაც მოთავსებული იყო ელექტროხელსაწყოები - მიქსერი და ტოსტერი, რომლებიც გამოყენებული იყო სამალავად და მათი დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა დამალული სხვადასხვა სინჯის ოქროს ნაკეთობები - 750 სინჯის 7 ცალი ოქროს სამაჯური, 750 სინჯის 6 ცალი ოქროს კულონი, 750 სინჯის 5 ცალი ოქროს ყელსაბამი, 750 სინჯის 3 ცალი ოქროს ჯვარი, 750 სინჯის 3 წვილი ოქროს საყურე, 750 სინჯის 8 ცალი ოქროს ბეჭედი, 750 სინჯის ოქროს ჯართი, 585 სინჯის 4 ცალი ოქროს ბეჭედი, 585 სინჯის 1 ცალი ოქროს ყელსაბამი, 375 სინჯის 2 ცალი ოქროს კულონი და 585 სინჯის ოქროს ჯართი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დამალული ოქროს ნაკეთობების საერთო წონამ შეადგინა 208,51 გრამი, ხოლო საბაჟო ღირებულებამ - 14910,48 ლარი. 2016 წლის 1 სექტემბერს გ. კ.-მ საფოსტო გზავნილის მიღებისას უარყო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობა საფოსტო გზავნილში და მიიღო მის სახელზე გამოგზავნილი ამანათი, რითაც სამალავით საქართველოს საბაჟო საზღვარზე უკანონოდ გადმოიტანა დიდი ოდენობით - 14 910,48 ლარის ღირებულების 208,51 გრამის ოდენობით ოქროს ნაკეთობები.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. კ.-მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, მოსამართლემ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია მის (გ. კ.-ს) მიერ განზრახ დანაშაულის ჩადენა, მაშინ როდესაც საქმის მასალებში არათუ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი მტკიცებულებაც კი არ მოიპოვება იმის დასამტკიცებლად, რომ მისთვის ცნობილი იყო გზავნილში არსებული გასაბაჟებელი ნივთების შესახებ. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ, რომ ფინანსური პოლიციის თანამშრომლების, და არა მარტო მათი მხრიდან, ადგილი ჰქონდა მის მიმართ პროვოცირებას, ვინაიდან მას შემდეგ, რაც სკანერის მეშვეობით დადგინდა, რომ გზავნილი შეიცავდა დასადეკლარირებელ და განსაბაჟებელ ნივთებს, საქმეში ჩაერთო ფინანსური პოლიცია, რომელმაც კანონდარღვევით ამოიღო ამანათი, უკანონოდ არ მისცა საშუალება საქართველოს ფოსტას შეეტყობინებინა მისთვის განსაბაჟებელი ამანათის არსებობის შესახებ. აღნიშნული ამანათი ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე თავად სამართალდამცველებმა ჩაიტანეს ქ. ქუთაისში შპს „ჯ. ე.-ს“ საამანათე ოფისში და ამ ორგანიზაციის თანამშრომელთან თ. ბ.-თან ერთად, გაითამაშეს მისთვის გზავნილის გადაცემის სცენა. მსჯავრდებულმა საამანათე ოფისში მყოფი მისთვის უცნობი პირების, როგორც შემდგომ ამოიცნო - გამომძიებლების, დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, გააკეთა მინაწერი პირადობის მოწმობის ასლზე, რომ გზავნილში არაფერი იყო განსაბაჟებელი. მისთვის ცნობილი იყო, რომ საამანათე ოფისში არ ხდებოდა დასადეკლარირებელი და განსაბაჟებელი ამანათების მიღება და გაცემა, ამიტომ მათ მიერ მოთხოვნილი ,,მინაწერის“ გაკეთება ამ გარემოებამაც განაპირობა.
დაცვის მხარე ასევე აპელირებს, რომ საქმეში არ მოიპოვება პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ შედგენილი ოქმი - გ. კ.-ს სახელზე გაკეთებული გზავნილის ,,საქართველოს ფოსტიდან“ ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღების თაობაზე, რაც ამოღებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველია; საქმეში არ არსებობს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ. კ.-ს სახელზე გაკეთებული გზავნილი კერძო კომპანიის საამანათე ოფისში მიიტანა/გადააგზავნა საქართველოს ფსოტამ; ასევე, არ არსებობს სათანადო წესით პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე, 146-ე მუხლებით. სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლო სხოდმაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის არაერთი მოწმის ჩვენებით უტყუარად დასტურდება, რომ მას (გ. კ.-ს) დანაშაული არ ჩაუდენია, მისთვის უცნობი იყო ამანათში დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთების არსებობის შესახებ და იგი წარმოადგენს სამართალდემცავების მხრიდან განხორიცელებული უკანონო ქმედების მსხვერპლს.
აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებული გ. კ. ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა გ. კ.-მ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს.
პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, სასამართლო სხდომაზე სრული მოცულობით გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც ცალსახად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ. კ.-ს მიერ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედების ჩადენას, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ. ფ.-მ განმარტა, რომ მუშაობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გ.ე.ზ. აეროპორტში. მისი მოვალეობაა საზღვარზე შემოსული ამანათების/გზავნილების, მათ შორის შპს ,,ს. ფ.-ს“ მიერ შემოტანილი ამანათების/გზავნილების სკანირება და მათი კონტროლი. მოცემული შემთხვევის დროს ამანათების სკანირებისათვის გამოყოფილ კონკრეტულ ადგილას ახორციელებდა ე.წ. ,,ტრაილერით“ შემოსული შპს ,,ს. ფ.-ს“ ამანათების დასკანერებას, რა დროსაც შპს ,,ს. ფ.-ს“ მიერ მას წარედგინა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი ამანათი, რომელიც გამომგზავნის მიერ განცხადებული იყო 300 ლარამდე. აღნიშნული ამანათის სკანერზე გატარებისას შეამჩნია, რომ ამანათში იდო შავი ფერის ოქროს მსგავსი მეტალი, რის გამოც ეჭვის საფუძველზე შპს ,,ს. ფ.-ს“ თანამშრომელებთან ერთად გახსნა ამანათი. მასში აღმოჩნდა ტექნიკა - ტოსტერი, რომელშიც მალულად მოთავსებული იყო ოქროს ნაკეთობები. ამის შემდეგ, ფოსტის თანამშრომლის მიერ ამანათი ისევ შეიფუთა ე.წ. ,,სკოჩის“ გამოყენებით, სადაც მოთავსებული იქნა საყოფაცხოვრებო ტექნიკა - ტოსტერი და ოქროს სამკაულები ისე, რომ ტოსტერი არ ყოფილა აწყობილი. ამის შემდეგ ამანათი პროგრამულად აიყვანა კონტროლზე და მოცემული ფაქტის შესახებ შეატყობინა უშუალო ხელმძღვანელს. როგორც მისთვის ცნობილია, ზემოაღნიშნულ ამანათს მ. ა.-მ ჩაუტარა ექსპერტიზა და დაადგინა, რომ ამანათში მოთავსებული საქონლის საერთო ღირებულება სცდებოდა 5000 ლარს. მოწმემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ მსგავსი შემთხვევების დროს ამანათში არსებული ნივთების შესახებ ინფორმაციას მასზე უთითებს შესაბამისი ამანათის გამომგზავნი პირი, დეკლარანტი კი არის ამანათის მიმღები. შპს ,,ს. ფ.“ არის ამანათის გამომზავნსა და მიმღებს შორის შუამავალი და როდესაც ისინი ამანათის/გზავნილის შემოწმებას ახდენენ, ზოგად ინფორმაციას მის შესახებ იგებენ ფოსტის მეშვეობით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა მ. ა.-მ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ აგვისტოს თვეში, მას შემდეგ, რაც მებაჟე-ოფიცრის მიერ მოხდა არსებული ამანათის სკანერზე გატარება, ამანათის შემოწმება და ტვირთის შეჩერება, შპს ,,ს. ფ.-ს“ წარმომადგენელებთან ერთად გახსნა დალუქული, გ. კ.-ს სახელზე ესპანეთიდან ჩამოსული ამანათი და მოახდინა მისი დათვალიერება. ამანათს არ ჰქონდა თანმხლები დოკუმენტაცია, სადაც აღწერილი იქნებოდა ამანათში არსებული ნივთები და საგნები. მან აღწერა ამანათში არსებული ნივთები, მათ შორის ტექნიკაში, კერძოდ, ტოსტერში და მიქსერში დამალული ოქროს ნაკეთობები, ხოლო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ოქროს ნივთები ისევ მოათავსა მითითებულ ამანათში, რომელიც შეიფუთა ფოსტის თანამშრომლის მიერ. ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე ამანათი იყო საბაჟო ტერმინალის შესაბამის ოთახში, ხოლო შემდეგ სად წავიდა იგი - მისთვის უცნობია. მოწმემ დაადასტურა, რომ მაშინ, როდესაც საფოსტო გზავნილებს არ ახლავს თანმხლები დოკუმენტაცია, ტვირთის დეკლარირება ხდება მის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ. ბ.-მ განმარტა, რომ 2016 წელს მუშაობდა შპს ,,ჯ. ე.-ში“ ოპერატორის პოზიციაზე. იგი პირადობის მოწმობის საშუალებით ახდენდა ამანათის ადრესატის იდენტიფიცირებას და გადასცემდა მას შესაბამის, კუთვნილ ამანათს. მოცემულ შემთხვევაში მან ამანათის გადაცემის მიზნით დაურეკა გ. კ.-ს. როდესაც ეს უკანასკნელი მათ ოფისში მივიდა, გამოართვა პირადობის მოწმობა და ჰკითხა - ხომ არ იყო ამანათში დასადეკლარირებელი ნივთი, რაზეც გ. კ.-მ განუცხადა, რომ ამანათში დასადეკლარირებელი ნივთი არ იდო. მან გ. კ.-ს პირადობას გადაუღო ასლი, სადაც გ. კ.-მ გააკეთა მინაწერი, რომ ამანათში დასადეკლარირებელი არაფერი არ იყო, აღნიშნული მინაწერი დაადასტურა ხელმოწერით და გადაეცა მისი კუთვნილი ამანათი. ამ დროს კომპანიის ოფისში იმყოფებოდა გამომძიებელი, რომელმაც იკითხა გარკვეული ამანათები იყო თუ არა მათთან, რომელებიც ნამდვილად იყო ოფისში მიტანილი. რაც შეეხება ამანათის მიტანას, მოწმის განმარტებით, მათ კომპანიას ემსახურება შპს ,,ს. ფ.“ და ამ შემთხვევაშიც მათი მიწოდებული იქნებოდა გ. კ.-ს ამანათი. როგორც თ. ბ.-მ აღნიშნა, როდესაც გზავნილის მიმღები პირი - ადრესატი ამბობს, რომ ამანათში მოთავსებულია დასადეკლარირებელი საქონელი, ის მიმართავს ხელმძღვანელობას, რადგან აღნიშნული არ შედის მის კომპეტენციაში; არ იცის მათ საამანათე კომპანიაში ამ დრომდე მიტანილი იყო თუ არა განსაბაჟებელი გზავნილი, მაგრამ თუ ამანათის მიმღები პირი მიდის მასთან გზავნილის მისაღებად და ამანათი გაჩერებულია საბაჟო პუნქტში, მაშინ მის პროგრამაში აღნიშნული ჩანს წითლად, რაც გულისხმობს იმას, რომ ამანათს უტარდება საბაჟო ექსპერტიზა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამასახურში ინსპექტორ-გამომძიებლმა გ. ტ.-მ განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ჯგუფის წევრებთან ერთად, მათ შორის გ. გ.-თან და ი. რ.-თან ერთად ჩავიდა ქ.ქუთაისში ამანათების გამცემ ერთ-ერთ ოფისში, რა დროსაც მისთვის ცნობილი იყო, რომ მიმღები პირისათვის - გ. კ.-თვის გადასაცემ გზავნილში მოთავსებული იყო ოქროს სამკაულები. როდესაც გ. კ. მივიდა ამანათის ასაღებად, ოფისის თანამშრომელმა - ,,თ.-მ“ კითხა - კონკრეტულ ამანათში დასადეკლარირებელი იყო თუ არა რამე, რაზეც გ. კ.-მ სიტყვიერად განუცხადა და ასევე, ხელწერილით დაუდასტურა, რომ ამანათში დასადეკლარირებელი არაფერი არ იყო. ამის შემდეგ გ. კ.-ს გადაეცა ამანათი და გავიდა ოფისიდან. მოწმემ აღნიშნა, რომ გ. კ. მას არ დაუკავებია და შესაბამისად, არ უთქვამს, რომ დაკავებული იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამასახურის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველის თანამშრომელმა გ. გ.-მ განმარტა, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიიღეს შემოსავლების სამსახურის წერილი და ექსპერტიზის დასკვნა თანდართულ სურათებთან ერთად, რის თაობაზეც დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით. აღნიშნულის შედეგად საგამოძიებო ჯგუფის წევრები ჩავიდნენ ქ.ქუთაისში მდებარე იმ საამანათე კომპანიაში, სადაც იმყოფებოდა კონკრეტული გზავნილი. თანამშრომლები შენობის გარეთ დაელოდნენ ამანათის მიმღები პირის მისვლას შემთხვევის ადგილზე, ხოლო როდესაც გ. კ. მივიდა შესაბამის ოფისში, მათთვის ცნობილი გახდა, რომ მან არ განაცხადა ამანათში არსებული ნივთების დეკლარირების საჭიროების თაობაზე. მას შემდეგ, რაც გ. კ.-მ დატოვა ზემოაღნიშნული ოფისი, მასთან მივიდა გ. ტ. და მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს ქ.ქუთაისის საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გ. კ.-ს გზავნილთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შპს ,,ს. ფ.-დან“ მიიღეს წერილი, რომელსაც გასცა პასუხი, რომ ვინაიდან შპს ,,ს. ფ.“ არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმეზე მხარეს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ გადაეცემოდა მოთხოვნილი დოკუმენტაცია
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამასახურის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა გამომძიებლმა ი. რ.-მ განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა ამანათების გამცემ შპს-ში, სადაც გადაამოწმა კონკრეტული ამანათები, მათ შორის იმყოფებოდა თუ არა ოფისში გ. კ.-ს ამანათი, რაზედაც მიიღო დადებითი პასუხი. იგი სავარაუდოდ მიტანილი იყო შპს ,,ს. ფ.-ს“ მიერ. აღნიშნულის შემდეგ მისმა თანამშრომელმა - გ. ტ.-მ გამოკითხვის მიზნით განყოფილებაში მიიყვანა გ. კ., რომელსაც ხელში ეჭირა ამანათი. გ. კ.-ს მონაწილეობით საგამოძიებო ორგანოში გაიხსნა ამანათი, სადაც აღმოჩნდა ოქროს ნაკეთობები, ელექტრონული მოწყობილობები - ტოსტერი და მიქსერი. ოქროს ნაკეთობები ამოღებული იქნა და დაილუქა გ. კ.-ს თანდასწრებით სათანადო წესით, ხოლო სხვა ნივთები ამანათთან ერთად დაუბრუნდა მესაკუთრეს. მან გ. კ. მოწმის სახით გამოკითხა ნებაყოფლობით, რა დროსაც განუმარტა მისი უფლება-მოვალეობები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ იქნა მოწმე ი. ყ.-ს გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ 2015 წლიდან მუშაობს შპს ,,ს. ფ.-ში“ (ს/ნ XXXXXXXXX) იურისტის პოზიციაზე. აღნიშნულ ფოსტას სხვადასხვა უცხოურ თუ ქართულ კომპანიებთან დადებული აქვს სხვადასხვა ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე ახორციელებს საერთაშორისო საფოსტო გადაზიდვებს. ფოსტას სერვის ცენტრები აქვს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. როდესაც შპს ,,ს. ფ.“ საფოსტო გზავნილების შემოტანას ახორციელებს ხელშემკვრელი კომპანიის დაკვეთით, საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილი გაიცემა არა მათი სერვისცენტრიდან, არამედ დამკვეთი კომპანიის სერვისცენტრებიდან. ამასთან, როდესაც საზღვარგარეთიდან ხდება საფოსტო გზავნილის გადმოგზავნა საქართველოში, გამოგზავნის ადგილზე ხდება გამომგზავნის გამოკითხვა, რა დროსაც აღინიშნება გზავნილის გამომგზავნი პირის ვინაობა, სად და რომელ ქალაქში აგზავნის ამანათს, ვინ არის მიმღები, მისი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. ასევე, გზავნილის გამომგზავნს ეკითხებიან - არის თუ არა ამანათში რაიმე ძვირადღირებული, კერძოდ თუ რა ღირებულების არის გზავნილში არსებული ნივთი, რასაც განბაჟება სჭირდება და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ არის ძვირადღირებული ნივთები, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა და მათ ელექტრონულ პროგრამაში ჩნდება ჩანაწერი ,,განსაბაჟებელი“. ამის შემდეგ გამომგზავნს განემარტება, რომ მას აქვს ვალდებულება განაბაჟოს ეს ამანათი, საფოსტო გზავნილს მიენიჭება თავისი ინდივიდუალური ნომერი და იგზავნება საქართველოში, კერძოდ, ხდება სახმელეთო გადაზიდვები და საფოსტო გზავნილების ე.წ. ,,ტრაილერში“ ჩატვირთვა, რის შემდეგაც შპს ,,ს. ფ.“ ახორციელებს გადაზიდვებს. საფოსტო გზავნილის მიმღებ პირს შეუძლია დაადეკლარიროს და განაბაჟოს ამანათში არსებული ძვირადღირებული ნივთები, როდესაც ის მიდის სერვის ცენტრში ამანათის მისაღებად. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გზავნილის მიმღები ვალდებულია მიაწოდოს მათ ინფორმაცია საქონლის ღირებულების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაცვის მოწმე გ. ლ.-მ განმარტა, რომ მის მიერ არის შედგენილი 2016 წლის 31 აგვისტოთი დათარიღებული NXX-XX-XX/XXXXX მიმართვა, რომლის მიხედვითაც, ესპანეთიდან ტვირთის გადამზიდავი კომპანია არის შპს ,,ს. ფ.“, ხოლო ტვირთი საქართველოში შემოსვლის შემდეგ მოხვდა ტერმინალში. ამის შემდეგ მოხდა ამანათის დოკუმენტალური შემოწმება, ხოლო სკანერის მეშვეობით - ფიზიკური დათვალიერება. აღნიშნული ამანათის ზოგადი დეკლარირება ელექტრონულად მოახდინა შპს ,,ს. ფ.-მ“ იმ დოკუმენტაციის მიხედვით, რაც მიაწოდა სავარაუდოდ გზავნილის გამგზავნმა ან მიმღებმა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მან საგამოძიებო ორგანოში ოფიციალურ წერილთან ერთად გადააგზავნა ექსპერტიზის დასკვნა და 8 ცალი ფოტოსურათი, ხოლო თვითონ გზავნილს რა ბედი ეწია, მისთვის უცნობია. თუმცა როგორც წესი, მსგავსი გზავნილები განთავსებულია კონტროლის ზონაში, მაგალითად ფოსტაში ან შენახვის სხვადასხვა ადგილებში და სანამ შესაბამისი პროცედურები არ დასრულდება, ვერსად ვერ გაიგზავნება. ამანათი არის დაცული და მისი საგამოძიებო ორგანოში გადაგზავნის საჭიროება არ არის. ფაქტის აღმოჩენის შემდეგ მისი სამსახური ამანათების შესახებ ინფორმაციას აღარ ფლობს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმე ზ. ბ.-მ განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,ს. ფ.-ს“ ხარისხის მართვის დეპარტამენტის/მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, სადაც მის მოვალეობაში შედის საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი. მოწმემ ისაუბრა საზღვარგარეთიდან საქართევლოში შემოსული ამანათების მიღების პროცედურებზე და აღნიშნა, რომ საქართველოში, როდესაც ტრანსპორტით შემოდის სახმელეთო ამანათი, საბაჟო გამშვებ პუნქტში ხდება ტვირთის გადმოტვირთვა, რის შემდეგაც კომპიუტერულ პროგრამაში ხდება ჩამოტვირთვის ასახვა. შემდეგ საბაჟოს თანამშრომელი შპს ,,ს. ფ.-ს“ თანამშრომელთან ერთად ახორციელებს ამანათების სკანირებას და თუ საბაჟოს თანამშრომელი ჩათვლის, რომ გზავნილი ექვემდებარება განბაჟებას, აღნიშნულ გზავნილს ის უბრუნებს შპს ,,ს. ფ.-ს“ თანამშრომელს ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად. აღნიშნულის შემდეგ, მიწოდებული დოკუმენტაცია გადაეცემა დეკლარანტს - მათ თანამშრომელს, რომელსაც ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ინფორმაცია შეჰყავს საიტ ,,rs.ge“-ზე, ხოლო აღნიშნული გზავნილი მიდის საფოსტო სერვის ცენტრში, საიდანაც ხდება მოქალაქის/ადრესატის - ამანათის მიმღები პირის ინფორმირება შეტყობინების სახით იმის შესახებ, რომ გზავნილი არის განსაბაჟებელი. აღნიშნულ სერვის ცენტრში ამანათის მიმღები პირის მისვლის შემდეგ, ის ეცნობა საიტ ,,rs.ge“-ზე დეკლარანტის მიერ ატვირთულ ინფორმაციას მის გზავნილთან დაკავშირებით. ამასთან, ეუბნებიან, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გზავნილში მოთავსებულია კონკრეტული ნივთები, რომლებიც ექვემდებარება განბაჟებას და უნდა შეავსოს დეკლარაცია, ხოლო თუ ადრესატი არ ეთანხმება დელკარანტის მიერ ატვირთული ნივთების ჩამონათვალს, მას აქვს უფლება, რომ აღნიშნული გაასაჩივროს, მაგარამ იმ შემთხვევაში თუ ამანათის მიმღები პირი ეთანხმება მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ახდენს ამანათის დეკლარირებას. დეკლარაციის შევსებაში ადრესატს ეხმარება მათი სერვის ცენტრის - ფოსტის თანამშრომელი, რა დროსაც ამანათის ადრესატი პირი იხდის შესაბამის მოსაკრებელს, რომელიც შეადგენს 20 ლარს. აღნიშნულის შემდეგ, ამანათის მიმღებ პირს აქვს სავარაუდოდ ერთ თვიანი ვადა, რომ გადაიხადოს განბაჟების საფასური, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის ადრესატი არ გადაიხდის განბაჟების საფასურს, გზავნილი არ გაიცემა ადრესატზე. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მათთან არსებული ამანათი შეიძლება გაიცეს ამანათზე ადრესატად მითითებულ პირზე, ადრესატად მითითებული პირის რწმუნებულ/წარმომადგენელ პირზე. ასევე, ამანათი ამოღების წესით შესაძლოა გადაეცს საგამოძიებო ორგანოს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმე ა. მ.-მ განმარტა, რომ შპს ,,ს. ფ.-ში“ მისი უფლებამოსილება არის კლიენტებიდან შესული პრეტენზიების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით მოკვლევის ჩატარება. მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მიერ მიღებული წერილების საფუძველზე, მათ მიერ მოხდა კონკრეტული ამანათის შესახებ ინფორმაციის მოძიება, რა დროსაც მათთვის შესაბამისი პროგრამის გამოყენებით ცნობილი გახდა, რომ გ. კ.-ს სახელზე შემოტანილი ამანათი არ იყო ადგილზე, მოკვლევის შედეგად დადგენილი იქნა, რომ ეს ამანათი იყო ამოღებული. ამის გამო მათ მიმართეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს კონკრეტული კითხვით, იყო თუ არა აღნიშნული ამანათი ამოღებული მათ მიერ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული პასუხის შემდეგ მის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი პასუხი განცხადების ადრესატისთვის, რომელსაც ასევე დაურთო ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან მიღებული მიმართვა. ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული პასუხი მათ მიერ არ იქნა გაპროტესტებული იმის გამო, რომ საქართველო არის ,,მსოფლიო საფოსტო კონვენციის“ წევრი, რომლის მიხედვითაც ფოსტები არ აგებენ პასუხს საბაჟო ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაჟო სამსახურს და სახელმწიფო ორგანოებს ყოველთვის აქვთ უფლება ამოიღონ კონკრეტული ამანათი/გზავნილი. შპს „ს. ფ.-ს“ ამ შემთხვევაში პროგრამულად აქვთ დაფიქსირებული, რომ გზავნილი შემოვიდა, მოხდა ტრანსპორტირება და გაჩერებულია საბაჟოში, თუმცა დაბეჯითებით ვერ იტყვის, რომ ეს გზავნილი ამოღებულია, ვინაიდან იგი უშუალოდ მონაწილე არ ყოფილა იმ პროცესის. მოწმის განმარტებით შპს ,,ს. ფ.-ს“ აქვს სხვადასხვაგვარი მომსახურეობა - ერთი არის როდესაც შპს ,,ს. ფ.-ს“ თავადაც ჩამოაქვს ამანათები და თავად უზრუნველყოფს ამანათების გადაცემას ადრესატებისათვის, ხოლო მეორე მომსახურება არის, როდესაც ამანათების ტრანსპორტირებას შპს ,,ს. ფ.“ უწევს სხვა პატარა კომპანიებს, რა დროსაც შპს ,,ს. ფ.“ პატარა კერძო კომპანიებს გადასცემს ჩამოტანილ ამანათებს, რომლებიც შემდეგ შესაბამისი ოფისების საშუალებით უზრუნველყოფენ ამანათების ადრესატებისათვის გადაცემას. მოცემული შემთხვევის დროს გ. კ.-ს სახელზე გამოგზავნილი გზავნილი იყო პატარა კერძო კომპანიის ამანათი, რომლის ტრანსპორტირებაც უზრუნველყო შპს ,,ს. ფ.-მ“, შესაბამისად, აღნიშნული გზავნილი არ უნდა ყოფილიყო შპს ,,ს. ფ.-ში“, რადგან ადრესატისათვის მოცემული გზავნილი უნდა გადაეცა იმ კომპანიას, რომლის დაკვეთითაც საქართველოში ტრანსპორტირება უზრუნველყო შპს ,,ს. ფ.-მ“. ამასთან, როდესაც საქართველოში შპს ,,ს. ფ.-ს“ შემოაქვს გზავნილი, პირველი, რასაც აღნიშნული გზავნილი გადის, არის საბაჟო შემოწმება, ხოლო თუ საბაჟო ორგანოს რაიმე სახის კითხვა გაუჩნდება მის მიერ შემოწმებული გზავნილის შიგთავსის შესახებ, აღნიშნული გზავნილი რჩება საბაჟო სამსახურში. ამის შემდეგ, შესაძლოა საბაჟო სამსახურის გადაწყვეტილებით მსგავსი სახის გზავნილი გადაეცეს შპს ,,ს. ფ.-ს“ და თუ არ გადაეცემა, მან არ იცის რა ბედი ეწევა ამ გზავნილს. მოწმის განმარტებით, მისთვის არ არის ცნობილი ხდება თუ არა ნივთების განბაჟება კერძო კომპანიებში. მისთვის ასევე უცნობია, გადასცემს თუ არა „ს. ფ.“ დამკვეთ კერძო კომპანიას ამანათს იმ შემთხვევაში, როდესაც აღმოჩნდება, რომ ნივთი არის განსაბაჟებელი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ,,ს. ფ.-ს“ არ აქვს ვალდებულება, დაურეკოს მიმღებს და უთხრას, რომ წაიღოს ამანათი. მიმღებმა გამომგზავნისგან თავად უნდა გაიგოს, რომ მის სახელზე შემოვიდა გზავნილი; იმ შემთხვევაში, როდესაც შპს ,,ს. ფ.“ თავად არის ამანათების შემომტანიც და გამცემიც, დეკლარაციის შევსების დღიდან ამანათის მიმღებ პირს ეძლევა 30 დღიანი ვადა, რათა გადაიხადოს დეკლარირებას დაქვემდებარებული ამანათის საბაჟო გადასახადი. თუ აღნიშნული პირი 30 დღის ვადაში არ გადაიხდის საბაჟო გადასახადს, ამანათი ბრუნდება უკან, თუმცა, კერძო კომპანიის შემთხვევაში ეს პროცედურები როგორ ხორციელდება, არ იცის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაცვის მოწმე ტ. გ.-მ განმარტა, რომ მუშაობდა შპს ,,ჯ. ე.-ს“ თბილისის ოფისში, დირექტორის თანამდებობაზე. მათ ფილიალი ჰქონდათ ქ.რუსთავშიც, ხოლო ქ.ქუთაისში იყო ცალკე, დამოუკიდებელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელსაც ჰყავდა თავისი დირექტორი. ქ.თბილისში გადასაცემი ამანათები შპს ,,ს. ფ.-ს“ მიჰქონდა უშუალოდ თბილისში, ხოლო ქუთაისში გადასაცემ ამანათებს გასცემდა ქუთაისის ოფისი. მოწმემ ისაუბრა მისი ოფისის დირექტორად მუშაობის პერიოდში ამანათის ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში გამოგზავნის და ადრესატისათვის გადაცემის პროცედურაზე და მიუთითა, რომ გამომგზავნ ქვეყანაში ხდებოდა საქართველოში გამოსაგზავნი ამანათების შეგროვება და მოთავსება ე.წ. ,,ტრაილერში“, რომელიც შემდეგ შპს ,,ს. ფ.-ს“ დალუქული მანქანით შემოდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე. შემდეგ იგი იცლებოდა ტერმინალში - აეროპორტში, საბაჟო სამსახურის მიერ ხდებოდა ამანათების შემოწმება იმ მიზნით, რომ მათში რაიმე აკრძალული ნივთი არ ყოფილიყო და შემდეგ აღნიშნული ამანათები ნაწილდებოდა რეგიონების მიხედვით, სადაც მიდიოდა ამანათის მფლობელი პირი, წარუდგენდა პირადობის მოწმობას იდენტიფიკაციის მიზნით და მიჰქონდა მისი კუთვნილი ამანათი. მათი ოფისისასთვის უცნობი იყო ამანათებში მოთავსებული ნივთების შესახებ, რადგან ამანათების გახსნა არ ხდებოდა მათ ოფისში. შპს ,,ჯ. ე.-ს“ მათ ოფისში განსაბაჟებელი ტვირთი არ შედიოდა, რადგანაც განსაბაჟებელი ტვირთი გადიოდა შპს ,,ს. ფ.-ს“ ოფისიდან, ან ფილიალიდან. მათი ოფისიდან ხდებოდა მხოლოდ ამანათის გაცემა მეპატრონეზე, რა დროსაც იწერდნენ მფლობელის პირად ნომერს და მას ამობეჭდილ სიაში აწერინებდნენ ხელს. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მისთვის უცნობია როგორ ხდებოდა აღნიშნული პროცედურების განხორციელება ქ.ქუთაისში არსებულ შპს ,,ჯ. ე.-ს“ ოფისში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ. დ.-მ განმარტა, რომ იგი ხშირად იღებს საზღვარგარეთიდან მისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე გამოგზავნილ ამანათებს, კერძოდ, ამანათები საზღვარგარეთიდან ჩამოდის კერძო გადამზიდი კომპანიის მეშვეობით ქ.ქუთაისი, ჭ.-ს NXX-ში მდებარე ოფისში. 2016 წლის სექტემბრის თვეში, მის და მისი ოჯახის სახელზე საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა ოთხი ამანათი. მას დაუკავშირდნენ ზემოაღნიშნული ოფისიდან და უთხრეს, რომ მის სახელზე ჩამოსული იყო ამანათები. იგი მივიდა აღნიშნულ ოფისში და ჩაიბარა ამანათები, რომლებიც განბაჟებას არ საჭიროებდნენ. ამასთან, უთხრეს, რომ მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის ნაწილი იმყოფებოდა საბაჟოზე, ვინაიდან, განსაბაჟებელი იყო და აღნიშნული ამანათი მივიდოდა ფოსტაში. დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ, 2016 წლის 1 სექტემბერს მას ზემოაღნიშნული ოფისიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მის სახელზე გამოგზავნილი ამანათი მივიდა მათ ოფისში, თუმცა აღნიშნული ამანათი იმ ოფისში არ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან, საბაჟოზე გაჩერებული ამანათები, მათ შორის ის ამანათები, რომლებიც საჭიროებდნენ განბაჟებას, მიდიოდა საქართველოს ფოსტაში და არა დასახელებულ სერვის ცენტრში. შესაბამისად, ოფისიდან დარეკვისას მან იკითხა, თუ რატომ მივიდა ზემოაღნიშნულ ოფისში მისი ამანათი. ამის შემდეგ მას რამდენჯერმე დაურეკეს იმავე დღეს, თუმცა ამანათების წამოსაღებად მისვლა ვერ მოახრეხა და მეორე დღეს მივიდა ზემოაღნიშნულ ოფისში, რა დროსაც ზემოაღნიშნული ოფისის თანამშრომელს ჰკითხა, თუ რატომ იყო აღნიშნული ამანათი მისული მათ ოფისში და რატომ არ იყო გადაგზავნილი ფოსტაში. ადგილზე იყვნენ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები, რომლებმაც უთხრეს, რომ მის სახელზე გამოგზავნილი ამანათი განსაბაჟებელი იყო და გაჰყოლოდა მათ. იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაიკითხა მოწმის სახით, რის შემდეგაც გაუშვეს ფოსტაში, რათა მოეხდინა ამანათის განბაჟება. მან (ბ. დ.-მ) თანამშრომლებს უთხრა, რომ პრობლემა არ იყო განბაჟება, წავიდა ფოსტაში, მოახდინა მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის დეკლარირება და განბაჟება. განბაჟების შემდეგ ისევ მივიდა პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც მას გადასცეს მის სახელზე გამოგზავნილი ამანათი, კერძოდ ეს იყო ე.წ. „ბარგალკა“, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს ნივთები. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მას რამდენჯერმე აუღია სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ამანათები, რომლებსაც 3-4 წლის განმავლობაში უგზავნიდნენ საზღვარგარეთიდან მისი ნათესავები, ხოლო კერძო კომპანიის ოფისში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იღებდა მხოლოდ იმ ამანათებს, რომლებიც იყო გაუხსნელი და გამომგზავნის მიერ გადახდილი იყო განბაჟების საფასური. ,,ს. ფ.-ში“ მას აუღია ამანათები, რომლებიც განსაბაჟებელი იყო და ადგილზევე განუბაჟებია, გადაუხდია მომსახურების 20 ლარი და წამოუღია. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ შპს ,,ს. ფ.-ში“ იღებდა იმ ამანათებსაც, რომლებიც გადამოწმების მიზნით, გაჩერებული იყო საბაჟო სამსახურის მიერ გარკვეული პერიოდი, შემდეგ არ დაექვემდებარა განბაჟებას და დაუბრუნდა ფოსტას.
2016 წლის 29 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის NXXXXXX დასკვნის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, წარდგენილი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სარეზერვო (მეექვსე) მეთოდით. გათვალისწინებული იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 30-ე მუხლის და ამავე ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, შესაბამისად, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზის, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად, წარდგენილი საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 6 555,66 აშშ დოლარი, ხოლო ლარებში (სებ-ის 27.08.2016 წ. ამანათის საქართველოში შემოსვლის თარიღის მონაცემებით) 14983,62 ლარი. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. ა.-მ.
2016 წლის 01 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ გ. კ.-ს ნებითა და თანხმობით დათვალიერებული იქნა მის სახელზე ესპანეთიდან გამოგზავნილი ამანათი. ამანათის ვიზუალური დათვალიერებით დგინდება, რომ გამომგზავნია ა. კ., ხოლო მიმღები არის გ. კ., ხოლო ამანათის გახსნისას მასში სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებთან - ტოსტერთან და მიქსერთან ერთად აღმოჩენილი იქნა ოქროს ნაკეთობები, კერძოდ, 7 ცალი სამაჯური, 8 ცალი კულონი, 6 ცალი ყელსაბამი, 12 ცალი ბეჭედი, 3 ცალი ჯვარი, 3 წყვილი საყურე და 2 ოქროს ჯვარი. ზემოაღნიშნული ოქროს ნივთები გ. კ.-ს ნებითა და თანხმობით ამოღებული იქნა და დაილუქა საგამოძიებო სამსახურის ლუქით, ხოლო საყოფაცხოვრებო ნივთები - ტოსტერი და მიქსერი დათვალიერების შემდეგ გადაეცა გ. კ.-ს. ოქმზე, დათვალიერებაში მონაწილე პირების მიერ რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოთქმულა.
2016 წლის 30 სექტემბრის CD დისკის დათვალიერების ოქმით და აღნიშნული დისკიდან ამობეჭდილი დოკუმენტებით დგინდება, რომ მოცემული მტკიცებულებები შეიცავს ინფორმაციას გ. კ.-ს სახელზე საქართველოში უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საფოსტო ამანათის შესახებ, კერძოდ, ამობეჭდილი დოკუმენტი დაყოფილია რამდენიმე სვეტად/გრაფებად, რომლებშიც დაფიქსირებულია გზავნილის ნომერი, გზავნილის თარიღი - XX.XX.2016, დასახელება - გ. კ., საიდენტიფიკაციო ნომერი - პირადი ნომერი (აღნიშნული გრაფა ცარიელია), გადამზიდავის ს/ნ XXXXXXXXX, გადამზიდავის დასახელება - შპს ,,ს. ფ.“, გამშვები ქვეყანა - ესპანეთის სამეფო, ხოლო სხვა გრაფები, მათ შორის გზავნილის ტიპი და გზავნილის მდგომარეობა შევსებული არ არის.
2016 წლის 01 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით და გ. კ.-ს პირადობის მოწმობის ასლით დგინდება, რომ დათვალიერებული იქნა თ. ბ.-ს მიერ გამომძიებლისათვის წარდგენილი გ. კ.-ს პირადობის მოწმობის ასლი, რომელზეც გ. კ.-ს სახელით შესრულებულია ხელმოწერა და ასევე აღბეჭდილია შემდეგი სიტყვები - ,,ამანათში არაფერი არ არის დასადეკლარირებელი 01.08.2016“.
გ. კ.-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს, ამანათების მიმღები ოფისიდან დაუკავშირდნენ ტელეფონზე და უთხრეს, რომ 2016 წლის 1 სექტემბერს, 15:00 საათზე უნდა მისულიყო ქ.ქუთაისი, ჭ.-ს ქუჩა NXX-ში მდებარე ამანათების მიმღებ ოფისში, რადგან მის სახელზე ჩამოსული იყო ამანათი. იგი მეორე დღეს მივიდა ოფისში კუთვნილი ამანათის წამოსაღებად, ადგილზე დახვდა ოფისის თანამშორმელი გოგონა და ასევე ორი ქალბატონი. თანამშრომელს მიაწოდა თავისი პირადობის მოწმობა, რომელმაც მის პირადობას გადაუღო ასლი, ოფისში მყოფმა ქალბატონმა კი მას უთხრა პირადობაზე დაეწერა, რომ ამანათში არსებული ნივთები განბაჟებას არ ექვემდებარებოდა. აღნიშნულ ქალბატონს ჰკითხა, თუ რა შუაში იყო პირადობაზე მსგავსი სახის მინაწერის გაკეთება, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ეს იყო ახალი წესი. მან პირადობის მოწმობაზე ზემოაღნიშნული ქალბატონის კარნახით გააკეთა მინაწერი, რომ ამანათი განბაჟებას არ ექვემდებარებოდა და აიღო მისი კუთვნილი გზავნილი. ამ დროს მას ოფისში მყოფმა მეორე ქალბატონმა დაუძახა, რომ გაჩერებულიყო, პარალელურად აღნიშნული ქალბატონი გავიდა გარეთ და დაუძახა თავის თანამშრომლებს, რის შემდეგაც მასთან მივიდა ორი პიროვნება, რომლებმაც უთხრეს, რომ დაკავებული იყო ამანათის განუბაჟებლობის გამო, რადგან ამანათში ოქროს ნივთები იყო, რაზეც უპასუხა, რომ ამანათში რა იყო, არ იცოდა და თუ იქ იდო განსაბაჟებელი ნივთები, განაბაჟებდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მას გამოართვეს ამანათი, გამოიყვანეს ოფისიდან და მიიყვანეს ქ.ქუთაისში მდებარე ფინანსურ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ი. რ.-მ უთხრა, რომ დაკავებული იყო. ამაზე მან (გ. კ.-მ) უპასუხა, რომ იყო იურისტი და მისი დაკავების უფლება არ ჰქონდათ, რადგან თუ რამე იყო განსაბაჟებელი ამანათში, განაბაჟებდა, ხოლო თუ რამე უკანონო ნივთი იდო, გაეხსნათ და პასუხს აგებდა. მათ აღნიშნულზე უთხრეს, რომ იცოდნენ ამანათში რაც იდო და უნდა ეღიარებინა, რომ იცოდა ამ ნივთების შესახებ. ვინაიდან მეუღლე იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იფიქრა, რომ აუცილებლად უნდა მისულიყო სახლში, რის გამოც პოლიციელებს უპასუხა, რომ ხელს მოაწერდა მათ მიერ მიწოდებულ დოკუმენტებს. ამის შემდეგ მოახდინეს ამანათის გახსნა, სადაც ცალკე პოლიეთილენის პარკში აღმოჩნდა ოქროს ნივთები, ხოლო ამანათში ასევე მოთავსებული იყო ტოსტერი და მიქსერი, რომლებიც არ გაუხსნიათ. შემდეგ მოხდა ოქროს ნივთების დალუქვა, რომელსაც მოაწერა ხელი, ხოლო ტოსტერისა და მიქსერის შესახებ უთხრეს, რომ შეეძლო წაეღო, რადგან თავისუფალი იყო. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი კუთვნილი ტელეფონი შემთხვევის ადგილზე დარჩენილ ფინანსთან სამინისტროს თანამშრომლებს ჰქონდათ, რის გამოც დაახლოებით ერთი საათი მოუწია ფინანსური პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დარჩენა, ხოლო როდესაც შემთხვევის ადგილზე მყოფი ჯგუფიც მივიდა მათთან, ნახა, რომ ამანათების მიმღებ ოფისში მყოფი ორი ქალბატონი, რომლებიც მას კითხვებს უსვამდნენ ამანათის მიღებისას, იყვნენ ფინანსური პოლიციის გამომძიებლები - ,,გ.“ და მ. თ.. ამის შემდეგ გადასცეს კუთვნილი ტელეფონი და წავიდა სახლში. გ. კ.-ს მითითებით, მისთვის ცნობილია, რომ როდესაც საქართველოში შემოდის ამანათი და მასში სკანერი აფიქსირებს განსაბაჟებელი ნივთის არსებობას, საბაჟოს თანამშრომლები ხსნიან ამანათს, აფასებენ ამანათებში არსებულ ნივთებს და ამანათი მიდის შპს ,,ს. ფ.-ში“. შემდეგ შპს ,,ს. ფ.-დან“, ან ამანათების მიმღები ოფისიდან; შემდეგ უკავშირდებიან ამანათის მიმღებს და ეუბნებიან, რომ მის სახელზე გამოგზავნილი ამანათი არის განსაბაჟებელი. როდესაც მიმღები მიდის ,,ს. ფ.-ს“ ოფისში დგინდება, რომ ოფისის თანამშრომლებს სახეზე აქვთ ამანათში არსებული განსაბაჟებელი ნივთების ჩამონათვალი. ოფისის თანამშრომლები ავსებენ დეკლარაციას, რაშიც მიმღები იხდის მომსახურების საფასურს - 20 ლარს და მას ეძლევა 30 დღის ვადა განბაჟების თანხის გადასახდელად. გ. კ.-ს განმარტებით, კომპანიის თანამშრომლის დარეკვამდე არ იცოდა, რომ მისმა შვილმა ესპანეთიდან გამოუგზავნა აღნიშნული ამანათი. ასევე არ იცოდა და ოდნავადაც არ შეპარვია ეჭვი, რომ აღნიშნულ ამანათში იყო განსაბაჟებელი ოქროს ნივთები. მანამდე მის შვილს ამანათით მისთვის ოქროს ნივთები არ გამოუგზავნია. ზემოაღნიშნული შემთხვევის შემდეგ ესაუბრა შვილს, რომელმაც უთხრა, რომ ოქროს ნაკეთობები იმიტომ მოათავსა მის სახელზე გამოგზავნილ ამანათაში არსებულ ელექტრო ნივთებში, რომ ეშინოდა გზაში არ გაბნეულიყო. გ. კ.-ს განმარტებით, იცოდა, რომ ზემოაღნიშნულ ამანათების გამცემ ოფისში განსაბაჟებელი ამანათი არ მიდიოდა, რადგან 2-3-ჯერ იყო შემთხვევა, როდესაც მითითებულ ოფისში მივიდა და პირადობის წარდგენის შემდეგ გადასცეს მისი კუთვნილი ამანათი. სახლში მისვლის შემდეგ ამანათში არსებული ოქროს ნივთები რომ აღმოეჩინა, ვერაფერს ვერ იზამდა და შესაბამისად, ვერ დააბრუნებდა, რადგან დასადეკლარირებლად სამართლებრივი საფუძველი არ იქნებოდა.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს, ქონდა თუ არა გ. კ.-ს ქმედებაში ადგილი დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, ჩაიდინა თუ არა მან საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისაგან მალულად.
პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებით გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ წესების დარღვევით გადაადგილებს დიდი ოდენობით დეკლარირებას დაქვემდებარებულ ნივთს ეკონომიკურ საზღვარზე და სურს ეს შედეგი, ქმედების ობიექტური მხარე კი მოიცავს მოქმედებას - ნივთების გადატანა და გადმოტანა სახელწიფო კონტროლისაგან გვერდის ავლით შეიძლება მოხდეს საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული ადგილების მიღმა, ხოლო ნივთების გადაადგილება სახელმწიფო კონტროლისაგან მალულად გულისხმობს სამალავებისა და სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას, რაც აძნელებს მათ აღმოჩენას და სხვა.
საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციისა და ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის მსჯავრდების საფუძველია იმ ნივთის ღირებულების დიდი ოდენობა, რომელიც დამნაშავემ გადმოიტანა საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით. ამავე შენიშვნის მეორე ნაწილში მითითებულია, რომ ,,სამალავით ან საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გზით საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი ნივთისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ხუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს“.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ 2017 წლის 27 აგვისტოს ესპანეთიდან გ. კ.-ს სახელზე ა. კ.-გან გამოიგზავნა ამანათი, რომელსაც არ ჰოქნდა დართული საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტი; ამანათმა საბაჟო გამშვებ პუნქტში გაიარა შესაბამის კონტროლი, მოხდა სკანირება, რა დროსაც გამოჩნდა, რომ მასში შესაძლოა მოთავსებული ყოფილიყო დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთი; ამანათის დათვალიერების და აღნიშნული ნივთების აღმოჩენის შემდეგ მას ჩაურატდა ექსპერტიზა; ამანათი კვლავ დაილუქა და დაუბრუნდა ფოსტას აღრიცხვაზე, რის შემდეგაც იგი მიტანილი იქნა ქ.ქუთაისში მდებარე შპს ,,ჯ. ე.-ს“ საამანათე ოფისში. მას შემდეგ რაც მიმღებმა - გ. კ.-მ განაცხადა და შესაბამისი მინაწერი გააკეთა პირადობის მოწმობის ასლზე, რომ ამანათში დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები არ იმყოფებოდა, მას გადაეცა კუთვნილი გზავნილი.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ ამანათთან დაკავშირებით საბაჟოს თანამშრომელთა ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ ამანათში არსებულ ელექტროსაქონელში - მიქსერში და ტოსტერში მოთავსებული იქო ოქროს ნაკეთობები, რაც თავისთავად ბადებდა ეჭვს, რომ ადგილი ქონდა სამალავის საშუალებით დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთების საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოში შემოტანის მცდელობას. უდავოს დადგენილი გარემოებაა ის, რომ ამანათი გ. კ.-ს ესპანეთიდან გამოუგზავნა შვილმა - ა. კ.-მ.
მსჯავრდებული გ. კ. სადავოდ ხდის იმ გარემოებას, თუ როგორ მოხვდა განბაჟებას დაქვემდებარებული ნივთი შპს „ს. ფ.-დან“ შპს ,,ჯ. ე.-ს“ საამანათე ოფისში. კერძოდ, მისი მოსაზრებით, ქუთაისში, ჭ.-ს ქ. #XX-ში არსებულ კომპანიაში ამანათი ჩაიტანეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა. აპელანტის აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს შპს „ჯ. ე.-ს“ თანამშრომლის თ. ბ.-ს ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები მასთან მივიდნენ და მოიკითხეს - ჩამოსული იყო თუ არა კონკრეტული ამანათი, მათ ამანათი უკვე ადგილზე დახვდათ. ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ გ. კ.-ს კუთვნილი ამანათი ამოღებული იქნა საქართველოს ფოსტიდან. მოწმე გ. ფ.-ს განმარტებით, მას შემდეგ რაც ამანათში აღმოჩნდა განბაჟებას დაქვემდებარებული ნივთები, მან ამანათი პროგრამულად აიყვანა კონტროლზე და მოცემული ფაქტის შესახებ შეატყობინა უშუალო ხელმძღვანელს. ექსმერტმა მ. ა.-მ კი მიუთითა, რომ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ოქროს ნივთები ისევ მოათავსა მითითებულ ამანათში, რომელიც შეიფუთა ფოსტის თანამშრომლის მიერ. მოწე ზ. ბ.-ს განმარტებით, თუ საბაჟოს თანამშრომელი ჩათვლის, რომ გზავნილი ექვემდებარება განბაჟებას, აღნიშნულ გზავნილს ის უბრუნებს შპს ,,ს. ფ.-ს“ თანამშრომელს ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად. აგრეთვე, მოწმე ა. მ.-მ მიუთითა, რომ გ. კ.-ს გზავნილთან დაკავშირებით შპს „ს. ფ.-ს“ პროგრამულად აქვს დაფიქსირებული გზავნილის ტრანსპორტირება და საბაჟოში გაჩერება, თუმცა მოწმე დაბეჯითებით ვერ იტყვის, რომ ეს გზავნილი ამოღებული იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ. ამ უკანასკნელის განმარტებით, ვინაიდან ამანათი არ იყო ადგილზე და პროგრამულად ჩანდა, რომ ამანათი გაჩერებული იყო საბაჟოზე, მათ კითხვით მიმართეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს - ხომ არ ამოიღეს ამანათი. ა. მ.-ს და ასევე ი. ყ.-ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ როდესაც შპს ,,ს. ფ.“ საფოსტო გზავნილების შემოტანას ახორციელებს ხელშემკვრელი კერძო კომპანიის დაკვეთით, საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილი გაიცემა არა „ს. ფ.-ს“ სერვის ცენტრიდან, არამედ ამ კომპანიის ოფისიდან. რაც შეეხება მოწმე გ. ლ.-ს ჩვენებას, დეკლარირებას დაქვემდებარებული გზავნილები განთავსებულია კონტროლის ზონაში, მაგალითად ფოსტაში ან შენახვის სხვადასხვა ადგილებში და სანამ შესაბამისი პროცედურები არ დასრულდება, არსად არ იგზავნება. ვინაიდან გზავნილი არის დაცული, მისი საგამოძიებო ორგანოში გადაგზავნის საჭიროება არ არსებობს. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება, თითქოს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ამანათის ამოღება, არ იქნა შედგენილი შესაბამისი ოქმი, ფინასურმა სამსახურმა უკანონოდ ამოიღო მისი კუთვნილი ნივთი ,,ს. ფ.-დან“ და ჩაიტანა შპს „ჯ. ე.-ში“.
რაც შეეხება აპელანტის მიერ ასევე სადავოდ მიჩნეულ #XXXXXX ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული ექსპერტიზა განხორციელდა საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად და მისი სრული დაცვით. სასამართლო სხდომაზე დაკითხა შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე ექსპერტი - მ. ა., რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, მიუთითა მის კატეგორიულობაზე და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. ასევე, სასამართლოს წინაშე არაერთმა მოწმემ აღნიშნა, რომ სკანირებისას გამოვლენილ სავარაუდო დეკლარირებას დაქვემდებარებულ ნივთებს უტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც აღნიშნული ნივთები ექსპერტიზის დასკვანასთან ერთად კონტროლზე ასაყვანად უბრუნდება შპს „ს. ფ.-ს“ თანამშრომელს.
დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ თავდაპირველად ამანათი გაიხსნა ადრესატის დასწრების გარეშე, თუმცა რაიმე დოკუმენტი არ შედგენილა. შემდგომი დათვალიერების ოქმის მიხედვით კი ოქროს ნივთები არ არის დამალული, არამედ ისინი მოთავსებულია ცალკე პოლიეთილენის პარკში, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოწმეთა ჩვენებებთან, რომ თითქოს ოქრო დამალული იყო ელექტროსაქონელში. შესაბამისად, აპელანტის მტკიცებით, დაუშვებელ და არაავთენტურ მტკიცებულებას წარმოადგენს როგორც საქმეზე დართული ოქროს ნივთები, ისე მისი დათვალიერების ოქმი. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება და არც მოწმეებს აღუნიშნავთ, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ოქროს ნივთები კვლავ იმგვარად მოთავსდა ელექტროტექნიკაში, როგორც ეს თავდაპირველად იყო. მოწმე გ. ფ.-მ მიუთითა, რომ მას შემდეგ, რაც ამანათი გახსნეს და მასში აღმოჩნდა ოქროს ნივთები, ფოსტის თანამშრომლის მიერ ამანათი ისევ შეიფუთა ე.წ. ,,სკოჩის“ გამოყენებით, სადაც მოთავსებული იქნა საყოფაცხოვრებო ტექნიკა - ტოსტერი და ოქროს სამკაულები ისე, რომ ტოსტერი არ ყოფილა აწყობილი. ბუნებრივია, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას ოქროს სამკაულები იქნებოდა ტექნიკისგან განცალკევებული. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ ამანათი გაისხნა ორჯერ (დათვალიერებისას და ექსპერტიზის ჩატერებისას), სავსებით რეალურია, რომ მასში არსებული ნივთები აღარ იქნებოდა გამომგზავნის მიერ ამანათში მოთავსებულ მგდომარეობაში. ამათან, მსჯავრდებული გ. კ. გაეცნო დათვალირების ოქმს, მოაწერა მასზე ხელი და რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებების რეალობაში, რომ ოქროს ნივთები მოთავსებული იყო სამალავში, კერძოდ კი ელექტროსაქონელში, პალატას ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.
პალატა ასევე ვერ დაეთანხმება აპელანტის განმარტებას, რომ შპს ,,ს. ფ.-მ“, როგორც გადამზიდავმა კომპანიამ, დაარღვია კანონი და ამანათის ადრესატს - გ. კ.-ს არ აცნობა განსაბაჟებელი ნივთების შესახებ; და, რომ ამანათი გაიხსნა ადრესატის გარეშე, მაშინ როცა კანონით ის უნდა გახსნილიყო ადრესატთან ერთად. დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტაცია უსაფუძვლოა და წინააღმდეგობაშია საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოწმე ა. მ.-მ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც შპს ,,ს. ფ.“ არის ამანათების შემომტანი და შესაბამის ადრესატებიზე გამცემი, სერვისცენტრში ხდება დეკლარაციის შევსება, რის შემდეგაც ამანათის მიმღებ პირს ეძლევა 30 დღიანი ვადა, რათა გადაიხადოს დეკლარირებას დაქვემდებარებული ამანათის საბაჟო გადასახადი. თუმცა, როდესაც ამანათი ეკუთვნის კერძო კომპანიას, ეს პროცედურები როგორ ხორციელდება, მან არ იცის. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ შესაბამის ტერმინალზე/სკანერზე შემოწმების შემდეგ ნივთის გახსნისა და დათვალირების პროცედურები არის საბაჟო წესებს დაქვემდებარებული რეგულაციები, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში განცხორციელდა საბაჟო კანონმდებლობის სრული დაცვით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. კ.-ს განმარტებას იმის თაობაზე, რომ ანალოგიურ გარემოებებს ქონდა ადგილი ბ. დ.-თან მიმართებაში, რომლის სახელზე გამოგზავნილ ამანათშიც ოქროს ნივთები ასევე მოთავსებული იყო ე.წ. ,,ბარგალკაში“, თუმცა სამართალდამცავმა ორგანოებმა, მისგან (გ. კ.-გან) განსხვავებით, ბ. დ. არ მისცეს პასუხისგებაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სამართალდამცავთა მხრიდან მის მიმართ დაინტერესებაზე. აპელანტის აღნიშნული აგუმენტაცია აშკარად უსაფუძვლოა და ვერ იქნება მიჩნეული მისი უდანაშაულობის დასტურად, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველ რიგში პალატა აღნიშნავს, რომ გამოძიების დაწყებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უფლებამოსილება გააჩნიათ გამოძიებისა და პროკურატურის ორგანოებს, რომელიც შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს. ბ. დ.-თან დაკავშირებით მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება და იგი არ მიეცა სს პასუხისგებაში; თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს მოცემული საქმის ფარგლებში განსახილველ საკითხს და სასამართლო არც არის უფლებამოსილი, გამოძიების წარმოებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მითითება მისცეს გამოძიების მწარმოებელ ორგანოს. გარდა ამისა, თუკი პირობითად დავუშვებთ, რომ ბ. დ.-ს ქმედებაში შეიძლება ყოფილიყო დანაშაულის ნიშნები და იგი არ იქნა მიცემული პასუხისგებაში, აღნიშნული იმთავითვე არ ნიშნავს, რომ გოჩა კუჭუხიძეს დანაშაული არ ჩაუდენია. უფრო მეტიც, ბ. დ.-ს ჩვენებიდან გამომდინარე დასტურდება ის გარემოება, რომ ქ. ქუთაისში არსებულ კერძო კომპანიას შესაძლოა გადაცემოდა განბაჟებას დაქვემდებარებული ამანათებიც. მართალია ბ. დ. აცხადებს, რომ ეს მისთვისაც პირველი ფაქტი იყო და აქამდე განუბაჟებელ ამანათებს ფოსტიდან იღებდა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში კერძო კომპანიაში მოხვდა მისი კუთვნილი დეკლარირებას დაქვემდებარებული ამანათი, რაც მოწმობს იმას, რომ გ. კ.-ს შემთხვევა არ ყოფილა ერთადერთი. ბ. დ.-მ დაადასტურა, რომ იცოდა ამანათში განსაბაჟებელი ნივთის არსებობის შესახებ და ამის თაობაზე ოფისში მისვლითანავე განაცხადა. რაც შეეხება გ. კ.-ს, მან დაუმალა კომპანიის თანამშრომელს ამანათში განბაჟებას დაქვემდებარებული ნივთების არსებობა და შესაბამისი მინაწერიც გააკეთა პირადობის მოწმობის ასლზე. აქვე პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ტ. გ.-ს ჩვენებაზეც, რომლის მიხედვითაც, ამ უკანასკნელისათვის უცნობია, თუ როგორ ხდებოდა გზავნილის მიღება და ადრესატზე გადაცემა ქ.ქუთაისში არსებულ შპს ,,ჯ. ე.-ს“ ოფისში. შესაბამისად, მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას პალატა ვერ გაიზიარებს, როგორც გ. კ.-ს უდანაშაულობის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებას.
მსჯავრდებული ასევე აპელირებს, რომ მან ოფისში მყოფი ორი პირის დაჟინებული მოთხოვნით გააკეთა წარწერა პირადობის მოწმობის ასლზე ამანათში დასადეკლარირებელი ნივთების არარსებობის თაობაზე. ასეთი წარწერა გამოწვეული იყო იმითაც, რომ ამ საამანათე ოფისში არ ხდებოდა დასადეკლარირებელი და განსაბაჟებელი ამანათების მიღება და გაცემა, ხოლო ვინაიდან ამანათი ამ ოფისში იყო მიტანილი, ჩათვალა, რომ იგი განბაჟებას არ ექვემდებარებოდა. პალატის განმარტებით, შესაძლოა გ. კ.-ს ცნობილი იყო, რომ შპს „ჯ. ე.-ში“ არ ხდება დასადეკლარირებელი ნივთების მიღება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მის წინაშე დაისვა კითხვა - იყო თუ არა ამანათში დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები, რაზეც მსჯავრდებულმა გასცა კონკრეტული პასუხი - „არ იყო“. როგორც თვითონ აღნიშნა, საერთოდ არ იცოდა რა ნივთები იყო ამანათში, ასეთ შემთხვევაში კი მისი მხრიდან ლოგიკური და დამაჯერებელი პასუხი იქნებოდა ეთქვა, რომ არ იცოდა რა ნივთები იყო მასში მოთავსებული და შესაბამისად, არც ის ეცოდინებოდა, იყო თუ არა ისინი დაქვემდებარებული განბაჟებას. მსჯავრდებული არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს თ. ბ.-ს ჩვენებას, თითქოს მოწმემ დაადასტურა, რომ შპს „ჯ. ე.-ში“ მიდის მხოლოდ ის ამანათები, რომლებიც არ საჭიროებენ დეკლარირებას. თ. ბ.-მ განმარტა, რომ მისი იქ ყოფნის პერიოდში ოფისში განსაბაჟებელი ამანათი არ მიუტანიათ, რაც თავისთავად არ მოიაზრებს, რომ მათ ოფისში არასოდეს ხდება განსაბაჟებელი ამანათების მიტანა. ასევე მისი მითითებით, ოფისში არ ხდებოდა განბაჟება, თუმცა მას აქვს ინფორმაცია, რომ თუ გასანბაჟებელი ნივთი მოხვდა მათთან, ამის შეხახებ უნდა აცნობოს ხელმძღვანელობას. შესაბამისად, მოწმე კატეგორიულად არ გამორიცხავს, რომ „ჯ. ე.-ს“ ოფისში არასოდეს მოხვედრილა და არც მოხვდება დეკლარირებას დაქვემდებარებული გზავნილი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2012 წლის 26 ივლისის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე N290 ბრძანების მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, „საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს“. ამავე, ბრძანების 21-ე მუხლში მითითებულია, რომ ,,საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით“, საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით“, ხოლო საბაჟო დეკლარაციის სახეებია: ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია; გ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია; დ) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია; ე) ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია და ვ) საფოსტო გზავნილების დეკლარაცია. ასევე, ბრძანების 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი და შეაქვს იგი საბაჟო დეკლარაციაში, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საგადასახადო ორგანო, წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას“. ამასთან, მითითებული ბრძანების 46-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნულია, რომ ,,იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გზავნილის მიმღები ვალდებულია, ელექტრონული ფორმით მიაწოდოს გადამზიდველს საქონლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია“. სასამართლო სხდომაზე მოწმე გ. ფ.-მ დაადასტურა, რომ დეკლარანტი არის ამანათის მიმღები; ხოლო მოწმე ი. ყ.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გზავნილის მიმღები ვალდებულია მიაწოდოს მათ ინფორმაცია საქონლის ღირებულების შესახებ. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს გზავნილის მიმღების, განსახილველ შემთხვევაში - გ. კ.-ს ვალდებულებაზე, რომ მას სრულყოფილი და რეალური ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა შესაბამის თანამდებობის პირებისათვის ამანათში არსებული ნივთებისა და მათი ღირებულების შესახებ.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებებს, რომ მან არ იცოდა ელ-ტექნიკაში მოთავსებული ოქროს ნივთების თაობაზე, ასევე განმარტებას, რომ თითქოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხირდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა პროვოცირებას. ამ ნაწილში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს საკმაოდ არგუმენტირებულ მსჯელობას და თვლის, რომ აღნიშნული სახის განმარტებები ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას, ვინაიდან ისინი აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ გ. კ.-ს მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის არსებით დარღვევას; არ გამოვლენილა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. განხორცილებული პროცედურების სისწორე სასამართლო სხდომაზეც იქნა დადასტურებული მასში მონაწილე პირების მიერ და პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ ობიექტურობაში. საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა.
ამდენად, სასამართლომ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. კ.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.
პალატა უთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95). მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მსჯავრდებულ გ. კ.-ს მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანას, საბაჟო კონტროლისაგან მალულად.
რაც შეეხება სასჯელის სახეს და ზომას, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა აღნიშნულ გარემოებებს და დანიშნა სამართლიანი სასჯელი. პალატა თვლის, რომ გ. კ.-ს მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენი გ. კ.-ს მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. კ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენი.
გ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით.
გ. კ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია და შესაბამისად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის 2016 წლის 01 ნოემბრის საოქმო განჩინებით, გ. კ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 1000 (ათი) ლარის ნაცვლად შეტანილ, ზ. კ.-ს (დაბადებული XX.XX.1977 წელს, პ/ნ XXXXXXXXXXX) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, (გირაოს შესატანი თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებაზე) მდებარე - წყალტუბოს რაიონი, სოფელ ფ.-ში (დაზუსტებული ფართობი 1308 კვ.მ ნაკვეთი; დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) დადებული ყადაღა.
მსჯავრდებულ გ. კ.-ს მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს.

ნივთიერი მტკიცებულებები:

- საქმეზე ამოღებული ოქროს სამკაულები, რომლებიც ინახება ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით გადაეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
- დათვალიერებული 1 ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.




1 შეჯამება
ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ წესების დარღვევით გადაადგილებს დიდი ოდენობით დეკლარირებას დაქვემდებარებულ ნივთს ეკონომიკურ საზღვარზე და სურს ეს შედეგი, ქმედების ობიექტური მხარე კი მოიცავს მოქმედებას - ნივთების გადატანა და გადმოტანა სახელწიფო კონტროლისაგან გვერდის ავლით შეიძლება მოხდეს საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული ადგილების მიღმა, ხოლო ნივთების გადაადგილება სახელმწიფო კონტროლისაგან მალულად გულისხმობს სამალავებისა და სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას, რაც აძნელებს მათ აღმოჩენას და სხვა.

განმარტებული ნორმები:
სისხლის სამართლის კოდექსი, 214.1

თეგები
214.1 მუხლის სუბიექტური და ობიექტური შემადგენლობა

განმარტების სრული ტექსტი:
პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებით გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ წესების დარღვევით გადაადგილებს დიდი ოდენობით დეკლარირებას დაქვემდებარებულ ნივთს ეკონომიკურ საზღვარზე და სურს ეს შედეგი, ქმედების ობიექტური მხარე კი მოიცავს მოქმედებას - ნივთების გადატანა და გადმოტანა სახელწიფო კონტროლისაგან გვერდის ავლით შეიძლება მოხდეს საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული ადგილების მიღმა, ხოლო ნივთების გადაადგილება სახელმწიფო კონტროლისაგან მალულად გულისხმობს სამალავებისა და სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას, რაც აძნელებს მათ აღმოჩენას და სხვა.



2 შეჯამება
გამოძიების დაწყებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უფლებამოსილება გააჩნიათ გამოძიებისა და პროკურატურის ორგანოებს, რომელიც შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს. სასამართლო არც არის უფლებამოსილი, გამოძიების წარმოებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მითითება მისცეს გამოძიების მწარმოებელ ორგანოს.

განმარტებული ნორმები:
166

თეგები
სასამართლოს უფლებამოსილება გამოძიების წარმოებასთან მიმართებით

განმარტების სრული ტექსტი:
პირველ რიგში პალატა აღნიშნავს, რომ გამოძიების დაწყებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უფლებამოსილება გააჩნიათ გამოძიებისა და პროკურატურის ორგანოებს, რომელიც შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს. სასამართლო არც არის უფლებამოსილი, გამოძიების წარმოებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მითითება მისცეს გამოძიების მწარმოებელ ორგანოს.


3 შეჯამება
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

განმარტებული ნორმები:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 82, 3.13

თეგები
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი

განმარტების სრული ტექსტი
პალატა უთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.