საქმის ნომერი: 2ბ/5457-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, საბანკო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/5457-17 (2018-02-26), www.temida.ge
საქმის № 2ბ/5457-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       26 თებერვალი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია გუჯაბიძე

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - ზ. ზ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ. ბ.’’ (მოსარჩელე)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

1. ზ. ზ.-ს და სს ,,თ. ბ.”-ს შორის 2014 წლის 03 დეკემბერს გაფორმებული №XXXXXXX-XXXXXXX საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე - ზ. ზ.-სათვის მოსარჩელე სს ,,თ. ბ.”-ს სასარგებლოდ 19 772.33 (ცხრამეტი ათას შვიდას სამოცდათორმეტი ლარი და 33 თეთრი) ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 15 922 ლარი, პროცენტი -1521 ლარი და პირგასამტეხლო - 2 252.78 ლარი; ზ. ზ.-ს და სს ,,თ. ბ.“-ს შორის 2014 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე - ზ. ზ.-სათვის მოსარჩელე სს ,,თ. ბ.“-ს სასარგებლოდ - 3 338.62 (სამი ათას სამას ოცდათვრამეტი ლარი და 62 თეთრი) ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2 492.71 ლარი, პროცენტი - 499.06 ლარი და პირგასამტეხლო - 359 ლარი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

2. სს ,,თ. ბ.”-ს სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა; მოპასუხე - ზ. ზ.-ს მოსარჩელე სს ,,თ. ბ.“-ს სასარგებლოდ დაეკისრა:
2014 წლის 03 დეკემბერს გაფორმებული №XXXXXXX-XXXXXXX საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 19 772.33 (ცხრამეტი ათას შვიდას სამოცდათორმეტი ლარი და 33 თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 15 922 ლარი, პროცენტი - 1521 ლარი და პირგასამტეხლო - 2252.78 ლარი;
2014 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3 338.62 (სამი ათას სამას ოცდათვრამეტი ლარი და 62 თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2 492.71 ლარი, პროცენტი - 499.06 ლარი და პირგასამტეხლო - 359 ლარი.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 403-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე, 873-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლების საფუძველზე.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები


4. იურიდიულად დაუსაბუთებელი, არაარგუმენტირებული და უსამართლოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ნაწილში სადავო საკითხის გადაწყვეტა დასაბუთების გარეშე და მარტოოდენ იმ ფრაზებით, რომ ,,პირგასამტეხლო დარღვევის თანაზომიერი იყო და არ წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ სანქციას, რის გამოც, არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი’’. განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი პირგასამტეხლო აშკარად შეუსაბამოა და მძიმე დღეში აგდებს მხარეს. ამის მიუხედავად, ისედაც მაღალ პირგასამტეხლოზე დაწესდა მისი ვადაში გადაუხდელობისთვის პირგასამტეხლოს მეორე სახე - საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც მძიმე სახელშეკრულებო დათქმაა და შეუსაბამოდ მაღალია მოსალოდნელი ზიანის მიმართ. სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

6. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

გადაწყვეტილება გასაჩივრებულია პირგასამტეხლოს ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო სასასამართლო მსჯელობას იქონიებს მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერების საკითხზე.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი სააპელაციო სასამართლოც იზიარებს, როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებებს (გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.-3.3 პუნქტები:
3.1. 2014 წლის 03 დეკემბერს ზ. ზ.-ს და სს ,,თ. ბ.“-ს შორის გაფორმდა №XXXXXXX-XXXXXXX საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა ფულადი თანხა - 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, სესხი გაიცა - 1463 დღით, წლიურ 13.95%. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვრა - 20 ლარი ყოველი გრაფიკის დარღვევისათვის და არსებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, სესხის ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის მიხედვით.
ხელშეკრულების პირობები მოპასუხის მიერ პირველად დაირღვა 2015 წლის 05 მაისს, რის შემდეგაც ირღვეოდა პერიოდულად, რა დროსაც მოპასუხეს ერიცხებოდა პირგასამტეხლო.
(სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; მხარეთა განმარტებები)
3.2. 2014 წლის 23 დეკემბერს ზ. ზ.-ს და სს ,,თ. ბ.“-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით (პრაიმ ქარდი) სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თავდაპირველად გაიცა კრედიტი - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომ გაიზარდა - 2 491.71 ლარამდე. ხელშეკრულების მიხედვით, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 6472 დღით, წლიური 36%. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და არსებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, გრაფიკის მიხედვით.
ხელშეკრულების პირობები მოპასუხის მიერ პირველად დაირღვა 2015 წლის 15 ოქტომბერს, რის შემდეგაც ირღვეოდა პერიოდულად, რა დროსაც ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეს ერიცხებოდა პირგასამტეხლო.
(სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: საკრედიტო ბარათით (პრაიმ კარდი) სარგებლობის ხელშეკრულება; მხარეთა განმარტებები)
3.3. საკრედიტო ხელშეკრულებები ბანკმა შეწყვიტა და 2015 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება 2014 წლის 03 დეკემბერს გაფორმებული №XXXXXXX-XXXXXXX საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა - 19 772.33 (ცხრამეტი ათას შვიდას სამოცდათორმეტი ლარი და 33 თეთრი) ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იყო - 15 922 ლარი, პროცენტი - 1521 ლარი, პირგასამტეხლო - 2 252.78 ლარი, დაზღვევა - 75.30 ლარი.
2015 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება 2014 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა - 3 338.62 (სამი ათას სამას ოცდათვრამეტი ლარი და 62 თეთრი) ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იყო - 2 492.71 ლარი, პროცენტი - 499.06 ლარი და პირგასამტეხლო - 359 ლარი.
(სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: მხარეთა განმარტებები; ბანკის ცნობა დავალიანების შესახებ, ანგარიშიდან ამონაწერები, განაცხადებები)

8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდის შემცირების გარეშე დაკისრება. შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

10. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, 2014 წლის 03 დეკემბრის №XXXXXXX-XXXXXXX საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მიხედვით, პირგასამტეხლოდ განისაზღვრა - 20 ლარი ყოველი გრაფიკის დარღვევისათვის და არსებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო, 2014 წლის 23 დეკემბრის საკრედიტო ბარათით (პრაიმ ქარდი) სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და არსებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

11. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

12. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).

13. ამასთან, ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

14. სააპელაციო პალატა ასევე დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, 2014 წლის 03 დეკემბერს გაფორმებული №XXXXXXX-XXXXXXX საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი“ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

15. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

16. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა)პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ)ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ)პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

17. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

18. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 03 დეკემბრის გრაფიკის თანახმად (იხ. ს/ფ 23; ტ.1), მოპასუხე - ზ. ზ.-ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გასადახდელი ჰქონდა - 473,97 ლარი (ოდნავ მეტ-ნაკლებობით). 2014 წლის 03 დეკემბრის ხელშეკრულება დაირღვა 2015 წლის 05 მაისს (უდავო გარემოება, გადაწყვეტილების 3.1. პუნქტი), ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობა მოსარჩელეს ნაანგარიშევი აქვს ამ პერიოდიდან - 2015 წლის 14 დეკემბრამდე (იხ. დავალიანების ცნობა; ს.ფ 38; ტ.1) და იგი შეადგენს 2252,78 ლარს. მაშასადამე, აღნიშნული ცნობის შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა თვეში შეადგენს დაახლოებით - 281 ლარს ( 2252,78:8 თვეზე, მაისიდან დეკემბრამდე) მაშინ, როდესაც მოპასუხის მიერ თვეში შესატანი თანხა იყო დაახლოებით 473 ლარი. აქედან გამომდინარე, პალატა 473 ლარიან ყოველთვიურ დავალიანების ულუფასთან მიმართებით, 281 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას არაგონივრულად მიიჩნევს. აღნიშნული ოდენობა დავალიანების თითქმის 60%-ს წარმოადგენს. ამდენად, სააპელაციო პალატა საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 03 დეკემბრის №XXXXXXX-XXXXXXX საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს - 2252.78 ლარის შემცირება 752,78 ლარამდე (დაახლოებით სამჯერ) საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

19. რაც შეეხება 2014 წლის 23 დეკემბრის საკრედიტო ბარათით (პრაიმ ქარდი) სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებას, პალატა აღნიშნავს, რომ 2015 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა - 3 338.62 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იყო - 2492.71 ლარი, პროცენტი - 499.06 ლარი და პირგასამტეხლო -359 ლარი. კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილია მოპასუხე - ზ. ზ.-ს მხრიდან ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, უდავო გარემოებაა, რომ ხელშეკრულების პირობები მოპასუხის მიერ პირველად დარღვეული იქნა 2015 წლის 15 ოქტომბერს (გადაწყვეტილების 3.2. პუნქტი), პალატა დაკისრებულ პირგასამტეხლოს 2015 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში, გონივრულად მიიჩნევს, ვინაიდან იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

საპროცესო ხარჯები

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

22. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, ზ. ზ.-ს სს ,,თ. ბ.“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 32,85 ლარი (პირველ ინსტანციაში ბანკს სარჩელზე გადახდილი ჰქონდა სულ 693 ლარი, ხოლო დავის საგანი მთლიანობაში იყო 23 110.85 ლარი. აქედან პირგასამტეხლოს მოთხოვნა შეადგენდა ჯამში 2610.53 ლარს ორივე ხელშეკრულებაზე. მაშასადამე, პირგასამტეხლოს ნაწილში დავის საგანი შეადგენდა საერთო დავის საგნის 11.29%. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟის ოდენობა არის 693 ლარის 11.29%, ანუ 78,23 ლარი. ამ თანხიდან კი მოპასუხეს სარჩელის პირგასამტეხლოს ნაწილში მოგებული თანხის - 42%-ის - პროპორციულობით უნდა დაეკისროს, რაც შეადგენს 32.85 თეთრს საქალაქო სასამართლოს ბაჟის ანგარიშში), ხოლო სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - სს ,,თ. ბ.“-ს დაეკისროს - 44,76 ლარის გადახდა, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის - 85.27% პროპორციულად (სააპელაციო დავის საგანი იყო 1759 ლარი).

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა


1. ზ. ზ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს ,,თ. ბ.“-ს სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ზ. ზ.-ს მოსარჩელე სს ,,თ. ბ.“-ს სასარგებლოდ, 2014 წლის 03 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს პირგასამტეხლო - 752,78 ლარის ოდენობით;
5. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
6. ზ. ზ.-ს სს ,,თ. ბ.“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 32,85 ლარი;
7. სს ,,თ. ბ.“-ს ზ. ზ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 44,76 ლარი;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.