ნახვები: 178
საქმის ნომერი: 1/ბ-406-17
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-406-17 (2017-06-23), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-406-17

განაჩენი
საქართველოს სახელით
       23 ივნისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი: ვახტანგ ლობჟანიძე

სხდომის სახე - ღია

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თეონა გოდერძიშვილი;

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - ი. გ.-ს ძე ტ., დაბადებული XXXX წლის X აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №XXXXXXXXXXX, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ფ., ნ.-ს ქუჩა №XX;

ადვოკატი - თ. კ.;

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილები - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თეონა გოდერძიშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ ი. ტ.-ს მიმართ სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა მართლსაწინააღმდეგო ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათი და გამოიყენა მსუბუქი სასჯელი, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს. გარდა ამისა, სასჯელის დანიშვნის დროს, მხედველობაში არ ყოფილა მიღებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია (იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

დაცვის მხარის პოზიცია - გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არის უსაფუძვლო (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

სასამართლომ დაადგინა:

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენით, ი. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, კერძოდ:

2016 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, თ.-ს.-ლ.-ს საავტომობილო გზის XX-ე კილომეტრზე, თ.-ს მიმართულებით ,,ჰონდა-ელისიონის“ მარკის ავტომობილით მოძრავმა ი. ტ.-მ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ჩაეძინა საჭესთან, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვენა მხარეს და შეეჯახა გვერდულზე გაჩერებულ ,,ფორდ-ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსს. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი გაცურდა და შეეჯახა ჯერ მის წინ მდგომ ქვეითებს: გ. მ.-ს, მ. მ.-ს და ბ. ქ.-ს, შემდეგ კი მის წინ გაჩერებულ ,,ფორდ-ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსს. შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ბ. ქ.-მ, ხოლო გ. მ. და მ. მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენით, ი. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი. მასვე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, გორის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი. ტ.-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ი. ტ.-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებების (მოწმეთა ჩვენებების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, კომპლექსური ავტოტექნიკურ-ავტოტრასოლოგიური, ქიმიური, კომპლექსური ქიმიურ-მიკრონაწილაკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების და საქმის სხვა მასალების) ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ი. ტ.-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

სასჯელის დასაბუთება

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილები, რომლის სანქციის ფარგლებშიც აქვს დანიშნული სასჯელი ი. ტ.-ს, სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

პალატა ი. ტ.-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულის აღიარებას და მის სინანულს ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, მის მისწრაფებას შერიგებოდა დაზარალებულს და დაზარალებულთა უფლებამონაცვლეებს. ასევე გასათვალისწინებელია მისი ოჯახური მდგომარეობა და წარსული ცხოვრება.

აღსანიშნავია, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერი და შეუსაბამოა, პალატა ვერ დაეთანხმება და განმარტავს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის დადგენილი სანქციის ფარგლებში, სასჯელის მინიმუმის დანიშვნა ცალსახად არ გულისხმობს მის არაეფექტურობას, ისევე, როგორც მკაცრი სასჯელის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ არ მომხდარა სასჯელის სრულად პირობით ჩათვლა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის გამოყენება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. რაც შეეხება წარსულში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმებს, ასევე დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციას, აღნიშნული ვერ გახდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უფრო მეტად დამძიმების საფუძველი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილია სასამართლოს უფლებამოსილება მითითებული საფუძვლების არსებობისას დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლის თაობაზე, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის ერთი მესამედით პირობით ჩათვლის პრინციპით.

ი. ტ.-ს განსაზღვრული აქვს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის 2/3 განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ჩადენილი იყო გაუფრთხილებლობითი დანაშაული და არ არსებობდა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. იმ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლის საფუძველი.

სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულია მსჯავრდებულის ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა, მოტივი, ქმედების განხორციელების ხერხი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა გარემოებების საფუძველზე დანიშნული სასჯელი - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა (04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით და 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩათვლილი პირობით) და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 03 (სამი) წლის ვადით, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორ თეონა გოდერძიშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენი ი. ტ.-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თეონა გოდერძიშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენი.

ი. ტ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ი. ტ.-ს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

ი. ტ.-ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

ი. ტ.-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს აღნიშნული განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 13 მარტიდან.

ი. ტ.-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 31 ოქტომბრიდან, 2016 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია ი. ტ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას მ. ტ.-ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.ფ., ნ.-ს ქუჩა NXX-ში, საკადასტრო კოდით XX.XX.XX.XXX., დაზუსტებული ფართობი 603.00 კვ.მ. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, საკუთრების ტიპი: საკუთრება, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 განაშენიანების ფართი 150.3 კვ.მ., მესაკუთრე მ. ტ., პირადი NXXXXXXXXXXX.

პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდის შემდეგ, მსჯავრდებულ ი. ტ.-ს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ი. ტ.-ს დაევალოს პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

ნივთიერი მტკიცებულებები:

,,ფორდ-ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსები და ი. ტ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ,,ჰონდას“ მარკის ავტომანქანა, გ. მ.-ს, ბ. ქ.-ს და მ. მ.-ს ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს და დაზარალებულთა უფლებამონაცვლეებს.

ამოღებული დაქტილოფირები, ავტომანქანის საღებავების ნიმუშები, ტანსაცმლიდან ამოღებული საღებავების მიკრონაწილაკები - განადგურდეს, ხოლო ლაზერული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.


მოსამართლე
ნათია ბარბაქაძე