ნახვები: 318
საქმის ნომერი: 2ბ/6777-16
საქმეთა კატეგორიები: შრომის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/6777-16 (), www.temida.ge
საქმის № 2ბ/6777-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       , წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია გუჯაბიძე

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი – დ. ე.
წარმოადგენელი - გ. ბ., ა. მ.
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალური გაერთიანება“
წარმომადგენელი - ნინო მეზვრიშვილი, ინგა ეკალაძე
დავის საგანი – დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანების (ბრძანებების) ბათილად ცნობა, შესაბამისი შემოწმების აქტების ბათილად ცნობა, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა:


- ა(ა)იპ „სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალირი გაერთიანების“ მმართველის იმ ბრძანებების ბათილად ცნობა, რომლებითაც დ.ე-ს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა.

- ა(ა)იპ „სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალირი გაერთიანების“ მიერ დ. ე-ის მიმართ 2016 წლის 02 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით შედგენილი ყველა აქტის ბათილად ცნობა.

- ა(ა)იპ „სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალირი გაერთიანების“ მმართველის 2016 წლის 03 ივნისის #319 და 14 ივლისის #337 ბრძანების ბათილად ცნობა;

- დ.ე-ის სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები


2.1. 2016 წლის 04 იანვრის №1 შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა მოსარჩელე დ.ე-სა და ა(ა)იპ „სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალირ გაერთიანებას“ შორის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შრომითი ხელშეკრულება (ს/ფ 20-21

დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

2.2. დ. ე-ის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული მოპყრობა, სურდათ რა მისი ბაღიდან გათავისუფლება, 2016 წლის 02 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით ჩაატარეს შემოწმებები, რაც მის გათავისუფლებას დაედო საფუძვლად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ასხნა განმარტება, სარჩელი, შესაგებელი
- შემოწმების აქტები.

2.3. დ. ე-ს არ ჩაბარებია არანაირი ბრძანება, რომლითაც მას ეკისრებოდა რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუმცა მოპასუხის განმარტებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ 2016 წლის 03 ივნისის № 319 ბრძანების თაობაზე დ. ე-ს ეცნობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ასხნა განმარტება, სარჩელი, შესაგებელი
- ბრძანება № 319

2.4. 2016 წლის 14 ივლისს ა(ა)იპ „სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალური გაერთიანების“ მმართველოს №337 ბრძანებულებით დ. ე. სამსახურიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ასხნა განმარტება, სარჩელი, შესაგებელი
- მმართველოს № 337 ბრძანება.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომლის მიხედვით დ. ე. დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი იყო ა(ა)იპ „სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალირი გაერთიანების“ მმართველის დისკრიმინაციული ქმედების შედეგი და, რომ გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი იყო დ. ე-ის დაპირისპირება დარაჯ ა. ი-
თან, ვინაიდან აღნიშნული არ დადასტურდა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

ამასთან სასამართლომ აღნიშნა, რომ სხდომაზე დაკითხულ იქნენ მოწმის სახით თვით მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები ბაგა - ბაღის მასწავლებლები ე. მ. და ე.ბ., რომლებმაც განმარტეს, რომ 2016 წლის 02 ივნისს ბაღის დირექტომა დ. ე-მ ისინი სხვა თანამშრომლებთან ერთად წაიყვანა მის საკუთარ ბაღში სამუშაოდ ნივრის ნათესებში.

მ-მა ასევე განმარტა, რომ ბავშვების დასწრების ჟურნალში ნაცვლად მითითებული ფაქტობრივი ოდენობისა, დირექტორის დ. ე-ს მოთხოვნით შეჰქონდა სხვა არასწორი ოდენობა, შესწორება შეჰქონდა რიგ შემთხვევაში ფანქრით.

ჟურნალში დ. ე-ის დავალებით შესწორების ფაქტი დაადასტურა აგრეთვე მასწავლებელმა ე. ბ-მ, რომელმაც ასევე განმარტა, რომ სასამართლოში დაბარების შემდეგ ე-მ მისი მშობლების მეშვეობით შეეცადა გავლენა მოეხდინა ბ-ზე, რათა მას მიეცა მისთვის სასურველი ჩვენება, ასევე იმუქრებოდა, რომ გაათავისუფლებდა სამსახურიდან.

მათვე განმარტეს, რომ გამგებლის სახელზე დაწერილ კოლექტიურ განცხადებაზე, რომელშიც ითხოვდნენ დ. ე-ის სამსახურში აღდგენას ხელი მოაწერეს ე-ს გავლენით. (იხ.ოქმი)

სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ დ. ე-ის მიერ დათხოვილი იქნა სამსახურიდან 5 თანმამშრომელი, (მათ შორის, ორმა აღმზრდელმა-მასწავლებელმა მ-მა და ბ-მა დაადასტურა, რომ 2016 წლის 02 ივნისს ისინი დ. ე-მ თავის ნივრის ბაღში სამუშაოდ წაიყვანა) ბავშვები უყურადღებოდ იყვნენ მიტოვებულები და ჩაშლილი იყო აღმზრდელობითი პროცესი. ამასთან, ბაღის თანამშრომლებმა მ. ქ-მა და ე. მ-მა დაადასტურეს რომ ბაღის დირექტორს დ. ე-ს წინა დღით პირად მეურნეობაში სამუშაოდ დაეთხოვნენ.

შინაგანაწესის მე-9-ე მუხლის თანახმად, გაერთიანების ყველა თანამშრომელი ანგარიშვალდებულია მმართველის წინაშე, შესაბამისად მმართველი უნდა ყოფილიყო ინფორმირებული აღნიშნულ საკითხზე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რაც ჩათვლილ იქნა შრომის შინაგანაწესის დარღვევად 2016 წლის 03 ივნისს № 319 ბრძანებით დ. ე-ს მიეცა გაფრთხილება. აღნიშნული ფაქტი მხარეს თავის დროზე სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაციის ფაქტს, ასევე, გამორიცხავს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, შემოწმების 2016 წლის 08 ივლისის აქტებით დასტურდება, რომ ბავშვთა აღრიცხვის ჟურნალი შეუვსებელი იყო და ჩანაწერი შესრულებული იყო ფანქრით, რაც დასტურდება აგრეთვე ბავშვთა ყოველდღიური დასწრების ჟურნალით.

ასევე, საბავშვო ბაღის დირექტორსა და თანამშრომელს - დარაჯს შორის იყო დაძაბული ურთიერთობა, დირექტორი მას არ აძლევდა გასაღებს, ხოლო დარაჯს არ ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა მასზედ დაკისრებული მოვალეობა, რაზედაც მან რამოდენიმე განცხადებით აცნობა გაერთიანების მმართველს, თუმცა მოსარჩელე -დ. ე. არ აძლევდა დარაჯს მასზედ დაკისრებული მოვალეობის შერულების საშუალებას. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დარაჯმა ა. ი-მ დაადასტურა, რომ, დ. ე უსაფუძვლოდ აგრესიულად იყო განწყობილი მის მიმართ და დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასათანადოდ მოპყრობის ფაქტს (იხ. სხდომის ოქმი)

ასევე, მონიტორინგის პროცესში გამოირკვა, რომ ბავშვთა დასწრებისა და მენიუს განსაზღვრის რაოდენობის შესახებ დ. ე. საბავშვო ბაღების გაერთიანებას აძლევდა არასწორ ინფორმაციას, კერძოდ 08 ივლისს ნაცვლად გადაცემული ინფორმაციისა, რომ მენიუ შედგა 71 ბავშვზე, შემოწმების დროს მენიუში დაფიქსირებული იყო 51 ბავშვი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.5. ა(ა)იპ „სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალური გაერთიანების“ მიერ დამტკიცებული შრომის შინაგანაწესის მე 5-ე მუხლის თანახმად (რომელიც ხელმოწერით გაცნობილი არიან თანამშრომლები) გაერთიანების თანამშრომელი ვალდებულია ა) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა. ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამართლებრივ საქმიანობას უკავშირდება. დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება რომელიც აფერებს სამსახურის მუშაობას და ლახავს მის ავტორიტეტს.

სასამართლოს საქმის განხილვისას ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით და გამოკვლევით დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის დ. ე-ის მიერ 2016 წლის 02 ივნისს დაირღვა შრომის შინაგანაწესის აღნიშნული მოთხოვნები, კერძოდ 03 ივნისის აქტით დასტურდება, რომ დ. ე-მ 02 ივნისს ყოველგვარი საბუთის გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა 5 თანამშრომელი, (მათ შორის 2 პირადი ინტერესით საკუთარ ნაკვეთში სამუშაოდ), რითაც ბაგა-ბაღში ჩაიშალა აღმზრდელობითი პროცესი, და მის მიმართ დისციპლიმური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, 2016 წლის 03 ივნისის ბრძანებით სათანადო საფუძვლით და სწორად იქნა გამოყენებული.

2.6. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1 ნაწილის „თ“ პუნქტის თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია-დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იქნა შრომითი შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევის რომელიმე ფორმა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მონიტორინგის სამსახურის 2016 წლის 08 ივლისს დირბის საბავშვო ბაღში გამოვლენილი დარღვევები, დირექტორის მიერ ბავშვთა რაოდენობაზე გაერთიანებაში არასწორი ინფორმაციის მიწოდება აღრიცხვის ჟურნალის არასწორი წარმოება და მასში არასწორი ინფორმაციის შეტანის დავალება (რაც დადასტურდა სასამართლო სხდომაზე) ასევე მონიტორინგის შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები, კოლექტივში კომფლიქტური სიტუაციის შექმნა, რაც დასტურდება 12 ივლისის განხილვის ოქმით, წარმოადგენდა შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევას და გათვალისწინებით იმისა, რომ 2016 წლის 03 ივნისს დ. ე-ს მიმართ უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება - გაფრთხილება, 2016 წლის 14 ივლისის ბრძანება დ. ე-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შრომის შინაგანაწესის მე-15-ე და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ პუნქტით სასამართლოს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასაბუთებულად და კანონიერად მიაჩნია.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა წარმომადგენლების მოთხოვნა, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც სასამართლოზე დაადასტურეს სამუშაო საათებში დ. ე-ის ნაკვეთში მუშაობის ფაქტი, რადგან მათ ასეთი არ განუცხადებიათ მმართველთან მიცემული ახსნა-განმარტების დროს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მათზე გავლენას ახდენდა დ. ე - ბაღის დირექტორი, რომლის ინციატივითაც, როგორც დადგინდა, ასევე, დაიწერა თანამშრომელთა კოლექტიური განცხადება.

სასამართლოს განმარტებით, შრომის შინაგანაწესის მე-15-ე მუხლი ადგენს პასუხისმდებლობის ზომებს შრომის დისციპლინის დარღვევისათვის და 14 ივლისის #XXX ბრძანება დ. ე-ის მიმართ გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. (იხ. შრომის შინაგანაწესი).

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები


3.1. სასამართლომ არამართებულად დაადგინა დ. ე-ის მიწის ნაკვეთში ბაღის მასწავლებლების მუშაობისა და სასწავლო პროცესის ჩაშლის ფაქტი. ამასთან აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენდა 2014 წლის 3 ივნისის აქტის გამოცემის საფუძველს.

3.2. მოსამართლემ არ შეაფასა ის გარემოება, რომ 2014 წლის 13 ივლისის აქტი წარმოადგენს განმეორებით მჯელობას ისეთ გარემოებებზე, რაზეც გაერთიანებამ უკვე იმსჯელა და მიიღო კიდეც გადაწყვეტილება. აღნიშნული, ე.წ. გადაცდომა არ წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს.

3.3. სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაადგინა, რომ დ, ერ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა არ ყოფილა. დისკრიმინაციულ მოპყრობას ადასტურებს ის გარემოება, რომ 27 წლის მანძილზე დ. ე-ის მიმართ მსგავსი ინტენსივობის შემოწმება არ განხორციელებულა, რაც დასტურდება საქმეში არსებული შემოწმების აქტებით, აგრეთვე თავად გაერთიანების მმართველის, ნ.მ-ის, განმარტებით; 2016 წლის 13 ივლისის აქტის ბოლო აბზაცში პირდაპირ არის მითითებული, რომ სხვა დირექტორებს ანალოგიურ დარღვევებზე სიტყვიერი გაფრთხილება მიეცათ, ხოლო დ. ე-ის მიმართ გამოყენებული იქნა უმკაცრესი დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება.

3.4. 2016 წლის 13 ივლისის აქტი, ამავე წლის 8 ივლისის აქტში მოყვანილ ე.წ. გადაცდომებზე განმეორებით მსჯელობას წარმოადგენს. 8 ივლისს გაერთიანებამ იმსჯელა და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებებით შემოიფარგლა. თუმცა, 2016 წლის 13 ივლისს, გაერთიანებამ აღნიშნულ დარღვევებზე ხელახლა იმსჯელა და დაადგინა, რომ მხოლოდ დ. ე-ს უნდა დაეკისროს უმკაცრესი დისციპლინური პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ 13 ივლისის აქტი გამოიცა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზ. გ-ის 12 ივლისის გაერთიანებისადმი მიწერილი წერილის შემდეგ, რაც ადასტურებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ სწორედ გამგებლის პირად ინტერესებს შეეწირა დ. ე-ის სამსახური.

3.5. 2016 წლის 8 ივლისის შემოწმებისას დადგენილი დარღვევების გამო, დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათ იმ მასწავლებლებს, რომლებიც ჟურნალს ავსებდნენ. ჟურნალების შევსების ვალდებულება მასწავლებლებს აქვთ და არა დირექტორს და დაშვებულ შეცდომებზეც მათ უნდა აგონ პასუხი. გარდა ამისა, მექანიკური შეცდომებისაგან არავინ არ არის დაზღვეული.

მოსამართლემ დაუსაბუთებლად გაიზიარა იმ მოწმეთა ჩვენებები (ე. ბ და ე.მ), რომლებმაც თავად განაცხადეს, რომ გარკვეულ ზეგავლენას ექვემდებარებიან. კერძოდ, მათი განცხადებით, 3 ივნისს გაერთიანების მმართველისადმი მიცემულ ახსნა-განმარტებაში დ. ე-ის მიწის ნაკვეთში მუშაობის ფაქტი დირექტორის მიმართ შიშის გამო არ განაცხადეს. მათვე განმარტეს, რომ იცოდნენ იმ ფაქტის შესახებ, რომ დ. ე. არ იყო უფლებამოსილი, გაეთავისუფლებინა ისინი სამსახურიდან, შესაბამისად, შიშზე საუბარი გაუგებარია. გარდა ამისა, ისინი ხელს აწერენ უკვე გათავისუფლებული დირექტორის დაბრუნების თაობაზე განცხადებას და ალოგიკურია აქ რაიმე ზეგავლენაზე საუბარი. სასამართლოს საერთოდ არ დაუშვია და არც უმსჯელია იმ მიმართებით, რომ ეს მოწმეები შესაძლოა მოქმედი გაერთიანების მმართველის, ნ. მ-ის ზეგავლენის ქვეშ ყოფილიყვენენ. მით უმეტეს, რომ სწორედ გაერთიანების მმართველი ნიშნავს და ათავისუფლებს ბაღის თანამშრომლებს.

მოსამართლის კითხვაზე, თუ ვინ ითვლიდა ბავშვებს, ე. ბ-მა უპასუხა, რომ თავად ითვლიდა, კითხვაზე თუ ვის შეჰქონდა მონაცემები ჟურნალში, უპასუხა, რომ თავად შეჰქონდა, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ დაადგინა პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომ შესაბამისი მონაცემები ჟურნალში დ. ე-ის დავალებით შეჰქონდა.

სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილებაში არ ასახა იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც სასამართლოს წინაშე ისაუბრეს იმაზე, რაც სინამდვილეში მოხდა. სასამართლომ არ გაიზიარა, ეკა მაზმიშვილის, მარინე ქვრივიშვილისა და ცირა ბიბილურის ჩვენებები, რომლებმაც განაცხადეს, რომ დ. ე. გამოირჩეოდა როგორც უკონფლიქტო ქალი. რომ არასოდეს არ ქონია ადგილი მისი მხრიდან მასწავლებლების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის, რომ 2 ივნისს ადგილი არ ქონია სასწავლო პროცესის ჩაშლას.

მოსამართლემ არ გაიზიარა მოწმეების ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მათზე გაერთიანება ახდენდა ზეწოლას, კერძოდ, მათ სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდნენ, თუ სასამართლოში სასურველ ჩვენებას არ მისცემდნენ. მათ განაცხადეს, რომ სავარაუდოდ ამ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. სამაგიეროდ, მოსამართლემ გაითვალისწინა იმ ორი მოწმის ჩვენება, რომლებმაც თავად დაადასტურეს, რომ ექვემდებარებიან გარკვეულ ზეგავლენას და დარწმუნებით განაცხადეს, რომ მათ არავინ გაათავისუფლებდა სამსახურიდან, რაც აპელანტის მოსაზრით გამოწვეულია, სასამართლოზე სასურველი ჩვენების მიცემის გამო გაერთიანების მიერ მიცემული გარანტიებით.

3.6. სასამართლომ 3 ივნისის აქტის გამოცემის საფუძვლად დაადგინა ის ფაქტი, რომ მასწავლებელთა გათავისუფლებით ჩაიშალა სასწავლო პროცესი და ბავშვები უყურადღებოდ იყვენენ მიტოვებული. 3 ივნისის აქტში არსად არ წერია, რომ დ. ე-ს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა ამ გარემოებების გამო, მასში მითითებულია, რომ დ. ე-ს მასწავლებელთა გათავისუფლების შესახებ გაერთიანების მმართველისათვის უნდა შეეტყობინებინა, და სწორედ, ეს იყო გაფრთხილების გამოცხადების მიზეზი. სწორედ, ამ კუთხით უნდა წარმართულიყო მსჯელობა სასამართლოში და არა იმ გარემოებებზე მითითებით, რომელსაც ბუნებაში ადგილი არ ქონია, და რომც ქონოდა, არ წარმოადგენდა გასაჩივრებული აქტის საფუძველს. შეტყობინების ვალდებულება კი დ. ე-ის მხრიდან არ დარღვეულა, ვინაიდან, ვიდრე გაკეთდებოდა შეტყობინება მმართველის სახელზე, იგი დირბის სავაბშვო ბაღში თავად მივიდა დილის 11-12 საათზე შემოწმების მიზნით, შესაბამისად, ვერ დაფიქსირდებოდა მისთვის შეუტყობინებლობის ფაქტი.

3.7. მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა 2016 წლის 3 ივნისის №XXX ბრძანების დ. ე-სათვის ჩაბარების ფაქტი. მისი არსებობის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გაერთინებიდან ინფორმაცია გამოითხოვა.

3.8. დარაჯის უფლებამოსილებაში შედიოდა ბაღის ეზოსა და მიმდებარე პერიმეტრის კონტროლი. მას შესაბამისი ჭიშკრის გასაღები ჰქონდა და საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი არ ეშლებოდა. თავად შენობის გასაღები დარაჯს არ ჭირდებოდა, ვინაიდან შენობაში, შიდა პერიმეტრზე დირექტორი და მ. პასუხისმგებელი. ხელშეკრულების მიხედვით, დარაჯის სამუშაო საათები ბაღის შენობის დაკეტვიდან მის გახსნამდე პერიოდს მოიცავდა. ანუ დარაჯს ბარდებოდა დაკეტილი შენობა და იგი აბარებდა დაკეტილ შენობას. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ მიიჩნია მოსამართლემ, რომ დარაჯს ხელი ეშლებოდა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში.

3.9. სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე გაიზიარა 2016 წლის 8 ივლისის შემოწმების აქტში დაფიქსირებული გარემოება, რომ თითქოს დ. ე-მ გაერთიანებას ბავშვების რაოდენობად გადასცა 71 ბავშვი, სინამდვილეში კი 51 ბავშვი იყო. მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა დადასტურებული ეს გარემოება რაიმე მტკიცებულებით. მით უფრო, რომ მენიუ გაწერილი იყო 51 ბავშვზე.

3.10. მოსამართლემ საერთოდ გვერდი აუარა მოსარჩელის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის 13 ივლისის აქტი 8 ივლისის აქტით შეფასებული ქმედებებზე განმეორებით მსჯელობას წარმოადგენდა, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და სამართლიანობის პრინციპს. არავის არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს პასუხისმგებლობა ერთი და იმავე გადაცდომისათვის, მით უფრო, რომ ასეთ გადაცდომებს ადგილი არ ქონია. თუმცა, რომც ყოფილიყო ასეთი დარღვევები, მათი მცირემნიშვნელობის გამო, არ წარმოადგენდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. მოსარჩელე დ. ე., მოპასუხე ა(ა)იპ „სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალურ გაერთიანებასთან“ (შემდეგში: „გაერთიანება“) არსებული შრომითი ურთიერთობების საფუძველზე, სოფელი დირბის საბავშვო ბაღის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

4.2. „გაერთიანების“ 2016 წლის 3 ივნისის ბრძანებით დ. ე-ს, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით, გაფრთხილება მიეცა.

4.3. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 3 ივნისის აქტის თანახმად, 2016 წლის 2 ივნისს დ. ე-მ საბავშვო ბაღის ხუთი თანამშრომელი: მ. - მ. ქ, აღმზრდელ მასწავლებლები - ე. ბ და ე. მ, ძიძა დამლაგებელი - ე. მ. და მზარეულის თანაშემწე - ც. ბ., შესაბამისი განცხადების გარეშე გაათავისუფლა. (აღნიშნული გარემოება სადავო არ არის).

მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული თანამშრომლები დ. ე-მ საკუთარ მიწის ნაკვეთში მუშაობის მიზნით გაათავისუფლა, თუმცა, ვინაიდან მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით თანამშრომლებისაგან დირექტორის საწინააღმდეგო მტკიცებულება (ახსნა-განმარტებები) ვერ მოიპოვა, დამსაქმებელი 2016 წლის 3 ივნისის ბრძანებით, დ. ე-თვის მხოლოდ გაფრთხილების მიცემით შემოიფარგლა.

4.4. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 8 ივლისის აქტის თანახმად, სოფელი დირსის საბავშვო ბაღში, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტორის სამსახურის გეგმიური მონიტორინგის საფუძველზე შემდეგი სახის დარღვევები აღმოჩნდა: 5-6 წლის ასაკის აღსაზრდელების აღრიცხვის ჟურნალი შეუვსებელი იყო, ბოლოში ჩანაწერი ფანქრით იყო შესრულებული. ასევე, საშუალო ჯგუფში ჟურნალი შეუვსებელი იყო; ამასთან, საბავშვო ბაღის დირექტორის დ. ე-ის მიერ გადაცემული შეტყობინების თანახმად, აღნიშნულ დღეს, ბაღში გამოცხადებული იყო 71 ბავშვი, ხოლო მენიუ შედგენილი იყო 51 ბავშვზე. აღნიშნული საკითხის გარკვევისას, დ. ე-სა და გაერთიანების სპეციალისტს შორის დაპირისპირება მოხდა. აქტში აღნიშნულია, რომ მსგავს შემთხვევას, რომ თითქოს, ვერ მოხერხდა გადმოცემულ ბავშვთა რაოდენობის სწორად დაფიქსირება, დირბის საბავშვო ბაღთან მიმართებაში სხვა დროსაც ჰქონდა ადგილი.

4.5. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაერთიანების მმართველის მიმართ 2016 წლის 12 ივლისს გაგაზავნილი წერილის თანახმად, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი, 2016 წლის 8 ივლისის გაქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე ის გარემოება, რომ ბაღის დირექტორსა და დარაჯს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, კერძოდ, დირექტორი დარაჯს შენობის გასაღებს არ აძლევდა და ამის გამო ეს უკანასკნელი სამსახურებრივ მოვალეობას ჯეროვნად ვერ ახორცილებდა - საჭიროებდა განხილვას და რეაგირებას;

4.6. 2016 წლის 13 ივლისის აქტის თანახმად, ა(ა)იპ „სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალურ გაერთიანებამ“ განიხილა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 12 ივლისის მომართვა და დაადგინა, რომ დირბის საბავშვო ბაღის დირექტორს დ.ე-ს ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროს.

4.7. „გაერთიანების“ მმართველის 2016 წლის 14 ივლისს №XXX ბრძანებით დ. ე დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა.

4.8. პალატა განმარტავს, რომ შრომის დისციპლინა წარმოადგენს იმ წესების ერთობლიობას, რომელიც შრომის ხელშეკრულებით, შინაგანაწესით ან სხვა შიდასამსახურებრივი აქტებით არის განსაზღვრული. შრომის დისციპლინის დაცვის ვალდებულება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში დასაქმებულის ვალდებულებაა, რომლის დარღვევასაც შესაძლოა, მოჰყვეს სათანადო რეაგირება დამსაქმებლისგან.

პალატა ყურადღებას ამახვილებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის დანაწესზე იმ მიმართებით, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ვალდებულების „უხეში“ დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერების მიზნით, შეფასებულ უნდა იქნეს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტი, დარღვევის ხარისხი, დარღვევის სიხშირე, დასაქმებულის ბრალეულობა, დარღვევის გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები, ასევე ის სამართლებრივი შედეგები, რაც დარღვევას მოჰყვა და ა. შ. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდეს, აუცილებელია, რომ დარღვევა ’უხეშ~ ხასიათს ატარებდეს. სწორედ კანონის მითითებული რეგულირების რეჟიმში მოწმდება სასამართლოს მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება.

4.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონისმიერი წინაპირობის არსებობა საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება.

პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის მოშლა, რასაც შედეგად უკავშირდება დასაქმებულის შრომითი უფლების შეწყვეტა, მოითხოვს შეწყვეტის საფუძვლის დეტალურ შესწავლასა და შეფასებას. ამგვარი შეფასება უკიდურესად მნიშვნელოვანია მხარეთა შორის (დამსაქმებელი-დასაქმებული) სამართლიანი ბალანსის დასაცავად. ერთი მხრივ, დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ მოესპოს საარსებო საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, დამსაქმებელს არ უნდა შეეზღუდოს შრომითი მოვალეობების დამრღვევი მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება და მისთვის მიუღებელი მუშაკის სამუშაოზე დატოვებით არ უნდა შეექმნას გარკვეული რისკები.

შრომის ხელშეკრულების დარღვევის კონტექსტში, დასაქმებულის ქმედების განსჯა, მისი შეფასება და სანქცირება დამსაქმებლის გადასახედიდან, მის ინტერესებში და, რა თქმა უნდა, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით მოწმდება. ამ მიმართებით დგინდება, თუ რა თავისებურებით ხასიათდება ყოველი კონკრეტული სამუშაო, რა პრიორიტეტები აქვს დამსაქმებელს, რა დონის დისციპლინას მოითხოვს შესასრულებელი სამუშაო, რა სახის უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებული ესა თუ ის დარღვევა და ა. შ.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს უკავშირდება: ბავშვთა აღრიცხვის ჟურნალებში არასწორი მონაცემების შეტანა; ბაღის თანამშრომლების პირადი მიზნებისთვის (საკუთარ ნაკვეთში სამუშაოდ) გამოყენება და კონფლიქტი ბაღის დარაჯთან, რაც მისთვის ბაღის შენობის გასაღების მიუცემლობაში გამოიხატებოდა და რითაც, მოპასუხის მოსაზრებით, დარაჯს თავისი მოვალეობების ჯეროვნად განხორციელებაში ხელი ეშლებოდა.

სააპელაციო პალატა მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის ფაქტის არარსებობა/არასებობის დადგენის მიზნებისათვის ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 3 ივნისის აქტით დგინდება, რომ 2016 წლის 2 ივნისს დირბის საბავშვო ბაღის დირექტორმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ერთდროულად ხუთი თანამშრომელი გაათავისუფლა. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნულ დღეს გათავისუფლებული პირები დ. ე-ის მიწის ნაკვეთში მუშაობდნენ. თუმცა, იმის გამო, რომ თანამშრომლებმა მათი დირექტორი არ ამხილეს და საკუთარ ახსნა-განმარტებებში გათავისუფლების სულ სხვა მიზეზები მიუთითეს, „გაერთიანებამ“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 3 ივნისის ბრძანების საფუძველზე, დ. ე-ს მხოლოდ გაფრთხილება მისცა. 2016 წლის 8 ივლისის გეგმიური მონიტორინგის საფუძველზე კი, გამოვლინდა ბავშვთა აღრიცხვის ჟურნალების არასწორი წარმოებისა და ბავშვთა რაოდენობის არასწორად გადაცემის ფაქტები.

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დ. ე-ის მიწის ნაკვეთში მუშაობისა და ასევე, ბავშვთა აღრიცხვის ჟურნალებში არასწორი მონაცემების შეტანის ფაქტებს, თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები, ბაგა - ბაღის მასწავლებლები - ე. მ-სა და ე. ბ ადასტურებენ. კერძოდ:

მოწმე ე. მ-ის ჩვენების თანახმად, „2 ივნისს იგი დილიდან წავიდა დ. ე-ის ნაკვეთში სამუშაოდ, ლობიოს თოხნიდა. თვითონ დალი სამსახურში იყო... ჯგუფში ბავშვების რაოდენობას დ-სთან შეთანხმებით წერდა. რასაც დ. ეტყოდა, იმას წერდა. დ. ზედმეტ ბავშვებს აწერინებდა ხოლმე. ფანქრით წერდა, რომ შემდეგ შეესწორებინა“.

მოწმე ე. ბ-ს ჩვენების თანახმად, „იგი 12 წელია, რაც ბაღში მუშაობს. 2 ივნისს დ.ე-ის ნაკვეთში ლობიოს სათოხნად წაიყვანეს; ადრეც ყოფილა შემთხვევები, რომ დ. სამუშაო საათებში თანამშრომლებს მასთან ამუშავებდა და მერე თავიანთ ბაღებში სამუშაოდაც ათავისუფლებდა. 2 ივნისს საბავშვო ბაღში არ მისულა, ისე წავიდა პირდაპირ დ-სთან სამუშაოდ. 6 საათამდე იყო ნაკვეთში. ბავშვების ჯგუფში მის მოვალეობას ექთანი ნ. მ ასრულებდა... ბავშვების რაოდენობის ჩასწორება დ-ს კაბინეტში ხდებოდა... 2 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით მმართველთან ახსნა-განმარტებაში იმიტომ არ მიუთითა სიმართლე, რომ ეშინოდა, დ-სგან საყვედურს მიიღებდა“.

პალატა ითვალისწინებს რა უდავოდ დადგენილ გარემოებას იმის შესახებ, რომ დ. ე-მ 2014 წლის 2 ივნისს, 14 საშტატო ერთეულის მქონე საბავშვო ბაღიდან ერთდროულად 5 თანამშრომელი გაათავისუფლა, ასევე, ერთობლიობაში აანალიზებს მოპასუხის ახსნა-განმარტებას, 2014 წლის 3 ივნისის აქტს, 2014 წლის 3 ივნისის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანებას და მოსარჩელის მიერვე წარმოდგენილი მოწმეების - ე. მ-სა და ე. ბ-ს ჩვენებებს, მიიჩნევს, რომ სახეზეა 2014 წლის 2 ივნისს დ. ე-ის მიერ ბაღის თანამშრომლების პირადი მიზნებისთვის (საკუთარ ნაკვეთში სამუშაოდ) გამოყენების ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის საკმარისი წინაპირობა. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, საქმეზე მოწმედ დაკითხული სხვა პირები - მ. ქ, ე. მ და ც. ბ არ ადასტურებენ დ. ე-ის მიწის ნაკვეთში მუშაობის ფაქტს, თუმცა მათი ჩვენებები არ ეწინააღმდეგება და არ აქარწყლებს იმ გარემოებას, რომ 2014 წლის 2 ივნისს გათავისუფლებული ხუთი თანამშრომლიდან ორი თანამშრომელი (ელენე მღებრიშვილი და ეკა ბუთურიშვილი) დირექტორის მიწის ნაკვეთში მუშაობდა.

2014 წლის 8 ივლისის აქტის საფუძველზე დადგენილია, რომ საბავშვო ბაღში 5-6 წლის ასაკის აღსაზრდელების აღრიცხვის ჟურნალი შეუვსებელი იყო, ბოლოში ჩანაწერი ფანქრით იყო შესრულებული. ასევე, საშუალო ჯგუფში ჟურნალი შეუვსებელი იყო; ამასთან, საბავშვო ბაღის დირექტორის დ. ე-ის მიერ გადაცემული შეტყობინების თანახმად, აღნიშნულ დღეს, ბაღში გამოცხადებული იყო 71 ბავშვი, ხოლო მენიუ შედგენილი იყო 51 ბავშვზე. პალატა აღნიშნავს, მოწმეების -ე. მ და ე ბ-ს ჩვენებებით დგინდება, რომ ისინი ჟურნალში ბავშვების რაოდენობას დ-სთან შეთანხმებით წერდნენ. იყო შემთხვევები, რომ დ. ზედმეტ ბავშვებს აწერინებდა. ფანქრით წერდნენ, რომ შემდეგ შეესწორებინათ. პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების არსებობის პირობებში საპირისპირო გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეზეა, თუმცა მან სასამართლოს ვერ წარუდგინა კვალიფიციური შედავება და ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რაც სადავო გარემოებებს გააქარწყლებდა. შესაბამისად, პალატას, დირექტორის მიერ სააღრიცხვო ჟურნალის თვითნებურად წარმოების და არასწორად აღრიცხვის ფაქტი დადასტურებულად მიაჩნია.

4.4. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ზომა - გათავისუფლება იყო დარღვევის ადეკვატური. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.

საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულ იქნა, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს.

სწორედ აღნიშნულ მიზნის განხორციელებას ემსახურება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებები, რომელთა შესაბამისად, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით დამსაქმებელს მიენიჭა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულებათა მხოლოდ „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში.

ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ Nას-812-779-2016, 19 ოქტომბერი, 2016 წ.).

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა არის თუ არა „უხეში“ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია და უნდა შეფასდეს საქმის ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით.

ერთი და იგივე ქმედება, რომელიც ერთ შემთხვევაში არაარსებით დარღვევას წარმოადგენს, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია უთანაბრდებოდეს უხეშ დარვევას.

იმისათვის, რომ დამრღვევის მოქმედების (ან უმოქმედობის) სიმძიმე შეფასდეს, პირველ რიგში უნდა გამოკვლეულ იქნას იმ სამსახურის დანიშნულება, სადაც დასაქმებული მუშაობს, და ამ სამსახურში დასაქმებულის ფუნქცია და მოვალეობები.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მუშაობდა ა(ა)იპ „სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალურ გაერთიანების“ სოფელი დირბის საბავშვო ბაღის დირექტორად. შესაბამისად, იგი მოქმედებდა ბაღის სახელით და პასუხს აგებდა საბავშვო ბაგა-ბაღის გამართულ ფუნქციონირებაზე, მის უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა აღსაზრდელთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, ასევე თანამშრომლების ღირსების პატივისცემა;

პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის თვალსაზრისით დირექტორის გადაწყვეტილებებს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან მისი გადაწყვეტილებების შედეგები საბოლოოდ ბავშვის უფლებებზე აისახება. ამიტომ დირექტორის გადაწყვეტილების შეფასებისას ყველა გარემოების გამოკვლევა უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, ბავშვის უპირატესი ინტერესის ჭრილში, რაც პროცესში ჩართული ყველა მოქმედი პირის მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას, გულისხმიერებასა და კეთილსინდისიერებას მოითხოვს.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია დირექტორის მიერ სააღრიცხვო ჟურნალში ბავშვთა რაოდენობის არასწორად აღრიცხვის ფაქტი (რასაც მენიუს რაოდენობა უკავშირდებოდა) და ის გარემოება, რომ დ. ე-მ სამსახურიდან ერთდროულად გათავისუფლებული ხუთი თანამშრომლიდან ორი თანამშრომელი პირადი მიზნებისათვის გამოიყენა - საკუთარ მიწის ნაკვეთში ამუშავა, რაც გარდა იმისა, რომ თანამშრომლების ღირსების პატივისცემას გამორიცხავს, ასევე ლახავს ბაღის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ნდობას. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების თანამდევი შედეგი იყო ის, რომ ბაღის აღსაზრდელთა ოთხი ჯგუფი ერთ ჯგუფად გაერთიანდა და ყველა ბავშვი ერთ ოთახში განთავსდა, რომლებსაც ორი რიგითი თანამშრომელი (და არა აღმზრდელი მასწავლებელი) სათანადოდ ვერ მეთვალყურეობდა. პალატა აღნიშნავს, რომ ბაღის დირექტორის მხრიდან ჩადენილი დარღვევის ხარისხის შეფასებისას საკმარისი არ არის მხოლოდ ის ფაქტი, რომ დარღვევის შედეგად რომელიმე ბავშვი არ დაზარალებულა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის მაღალი პოტენციური საფრთხე, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს ასეთი სახის გულგრილობას და ზერელე დამოკიდებულებას იმის მხრიდან, ვინც პასუხისმგებელია ბავშვის უსაფრთხო და შესაფერის გარემოში განთავსებაზე და ასეთი მუშაკის მიერ საკუთარი მაღალი პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობას.

სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების თითოეული თანამშრომელი უნდა აცნობიერებდეს, რომ ის იმყოფება მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამსახურში და ამ პასუხისმგებლობისათვის შესაფერისი გულისხმიერებით აანალიზებდეს იმ რისკებს, რაც უკავშირდება ბავშვის შეუფერებელ გარემოში (ოთხი ჯგუფის ერთ ოთახში) განთავსებას. ასეთი რისკებისა და საკუთარი პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობა ან მათ მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, წარმოადგენს ისეთი შინაარსის დარღვევას, რომელიც მიუღებელია სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებაში შემდგომი საქმიანობის გაგრძელების მიზნებისათვის. შესაფასებელი ქმედება არ წარმოადგენს ისეთ ხასიათის დარღვევას, რომელიც დამსაქმებლის მიერ გამაფრთხილებელი ზომის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გამოსწორდეს იმგვარად, რომ დამსაქმებელმა არ დაკარგოს მუშაკთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი. აღნიშნული წარმოადგენს დარღვევის იმ სახეს, რომელიც დამსაქმებელს ნდობას უკარგავს მუშაკის მიმართ. პალატა განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას იმის გარემოებაზე, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება წარმოადგენს სამართლებრივ გარანტს მცირელწლოვანი აღსაზრდელებისათვის. ამგვარი სამართლებრივი გარანტის ფუნქცია გააჩნდა განსაკუთრებით ბაღის დირექტორს. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დირექტორის მიერ ჩადენილი დარღვევები უნდა დაკვალიფიცირდეს მისი მოვალეობების უხეშ დარღვევად და მიიჩნევს, რომ „გაერთიანების“ მიერ გამოყენებული ზომა სამსახურიდან გათავისუფლების სახით იყო დარღვევის სრულად ადეკვატური. ასეთ ვითარებაში, როდესაც პალატამ სამართლებრივად შეაფასა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი (მიიჩნია, რომ სახეზეა შკ 37.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევა), მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, რომ გათავისუფლების ბრძანების საფუძვლად მითითეულია შრომის კოდექსის 37.1. მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, რადგანაც გათავისუფლების ბრაძნების საფუძვლად არსებულ წინმსწრებ აქტებში აღწერილი გარემოებები მიესადაგება დასაქმებულის მიერ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა


1. დ. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.




I შეჯამება
დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტისათვის, აუცილებელია, რომ დასაქმებულის მხრიდარღვევა ’უხეშ~ ხასიათს ატარებდეს.


განმარტებული ნორმა

შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი

თეგები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა

განმარტების სრული ტექსტი

შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ვალდებულების „უხეში“ დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერების მიზნით, შეფასებულ უნდა იქნეს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტი, დარღვევის ხარისხი, დარღვევის სიხშირე, დასაქმებულის ბრალეულობა, დარღვევის გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები, ასევე ის სამართლებრივი შედეგები, რაც დარღვევას მოჰყვა და ა. შ. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდეს, აუცილებელია, რომ დარღვევა ’უხეშ~ ხასიათს ატარებდეს. სწორედ კანონის მითითებული რეგულირების რეჟიმში მოწმდება სასამართლოს მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება.