ნახვები: 147
საქმის ნომერი: 1/ბ-1034-17
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-1034-17 (2017-12-15), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-1034-17

განაჩენი
საქართველოს სახელით
       15 დეკემბერი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი მარიამ ნანეიშვილი

სხდომის სახე - ღია

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ხ. მ.

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - ლ. ე.-ს ძე ბ., დაბადებული XXXX წლის XX იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი NXXXXXXXXXXX, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თ., ლ.-ს ქუჩა, კორპუსი NXX, ბინა NX;

ადვოკატი - ლ. მ.

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

სასჯელი:

ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ლ. ბ.-ს უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ემყარება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ექსპერტი დასკვნის გაცემისას დაეყრდნო ვიდეოჩანაწერს და დაზარალებულის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, მაშინ, როდესაც ვიდეოჩანაწერი დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა მიჩნეული წინასასამართლო სხდომაზე, ხოლო არსებითი განხილვის დროს, დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგებოდა გამოძიებაში მის მიერ მიცემულ ჩვენებას. სასამართლომ არ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლით და მტკიცებულებები არ შეაფასა უტყუარობის თვალსაზრისით (იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ გამოიყენა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება ჩადენილი დანაშულის ხასიათს, საზოგადოებრივ საშიშროებას და დაზარალებულის პოზიციას. სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, იმის გათვალისწინებით, რომ ჩადენილი დანაშაული არის საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს უფრო მკაცრი სასჯელი (იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით, ლ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, კერძოდ:

2016 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლ. ბ. მართავდა „მერსედესის“ მარკის ავტომობილს და მოძრაობდა ქ. თ.-ში, ს.-ს ქუჩაზე, მეტროსადგურ „ს.-ს“ მხრიდან გ.-ს დასახლების მიმართულებით. ს.-ს ქუჩაზე №XXX-ე ელექტრო განათების ბოძის მიმდებარედ გადაადგილებისას, მძღოლმა ლ. ბ.-მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე კ. ყ.-ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით, ლ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს განაჩენი ლ. ბ.-ს მიმართ.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომლითაც სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

აღნიშნული გარემოება, რაც სადავო გახადა დაცვის მხარემ, პალატას მიაჩნია დადასტურებულად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ცნობის თანახმად, 2016 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.თ.-ში, ს.-ს ქუჩაზე, ს.-ს მეტროს მიმდებარედ №XXX-ე ელექტრო განათების ბოძთან, ავტომანქანა ,,მერსედესი“ სახელმწიფო ნომრით XX-XXX-XX, რომელსაც მართავდა ლ. ბ., დაეჯახა ქვეითად მოსიარულე კ. ყ.-ს, რომელიც გადაყვანილ იქნა ა.-ს სახელობის №X კლინიკურ საავადმყოფოში.

2016 წლის 30 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თ.-ში, ს.-ს გამზირზე №XXX-ე ელექტრო განათების ბოძის მიმდებარედ, სადაც გზის სავალი ნაწილი ასფალტირებულია, მშრალი, უდეფექტო, მცირედ დახრილი. აღნიშნულ ადგილას გზის სავალი ნაწილის მთლიანი სიგანეა 18,0 მეტრი. მოძრაობა ცალმხრივია და ნებადართულია გ.-ს გამზირის მხრიდან გ.-ს ხიდების მიმართულებით. გზის მარცხენა მხარეს მდებარეობს გამწვანების ზოლი, სადაც განლაგებულია №XXX-ე ელექტრო განათების ბოძი, გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს ,,მეტროსადგური ს.“, ასევე ქვეითთა ტროტუარი სიგანით 4,4მ. ტროტუართან განლაგებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ნიშანი. №XXX-ე ელექტრო განათების ბოძიდან 7,0 მეტრში, ტროტუარის კუთხიდან 0,9-1,6 მეტრში, გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულია ავტომანქანა ,,მერსედესი“ სახელმწიფო ნომრით XX-XXX-XX, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა საქარე მინა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ავტომანქანა გადაყვანილი იქნა სპეციალურ საჯარიმო ავტოსადგომზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს თან ერთვის სქემატური ნახაზი (გამომძიებელი ნ. პ.).

სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 30 ივნისის №003772616 დასკვნის მიხედვით, სსიპ თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №4089.16-ის ჩანაწერების თანახმად, მოქალაქე კ. ყ., მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 30.04.2016 წელს, 16:18 სთ-ზე (გაეწერა-04.05.2016 წელს, 17:00 საათზე). დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა დიდი წვივის ძვლის პროქსიმალური ნაწილის მრავალფრაგმენტოვანი სახსარშიდა მოტეხილობა ფრაგმენტების სრული ცდომით. ჩანაწერებში ასევე აღნიშნულია - მარცხენა მცირე წვივის ძვლის პროქსიმალური ეპიფიზის ფრაგმენტული მოტეხილობა და ექსკორიაციები ბეჭზე და ქვედა ყბის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული.

დაზარალებულ კ. ყ.-ს განმარტებით, 2016 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე იმყოფებოდა მეტროსადგურ ,,ს.-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, გ.-ს გამზირის მხრიდან გ.-ს ხიდების მიმართულებით სავალი გზის მარჯვენა მხარეს და აპირებდა საპირისპირო მხარეს გადასვლას. გზაზე არ იყო გადატვირთული მოძრაობა, თუმცა საავტომობილო გზის გადაკვეთისას მოულოდნელად დაინახა მისი მიმართულებით სწრაფად მოძრავი „მერსედესის“ მარკის ა/მანქანა. თავიდან იფიქრა, რომ გადაასწრებდა, მაგრამ როდესაც ა/მანქანის მძღოლმა გაზის მოუმატა, ავტომატურად 1-2 ან 3-4 წამი შესაძლოა შეხედა მანქანას, გაიაზრა, რომ ვეღარ გადაასწრებდა და გადაწყვიტა „ზედ შეხტომოდა“ ავტომობილს, იმ ვარაუდით, რომ ნაკლებს ზიანს მიიღებდა. ლ. ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა მას შეეჯახა, ამ უკანასკნელმა ავტომობილი გააჩერა და შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაც მივიდა. გადაიყვანეს კლინიკაში, დამტვრეული ჰქონდა მარჯვენა ფეხზე ძვალი და ჩაუტარდა რთული ოპერაცია, მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესი კი დღემდე მიმდინარეობს. კ.ყ.-მ აღნიშნა, რომ იგი ითხოვდა სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას, მაგრამ ლ. ბ.-მ მხოლოდ ერთხელ გადასცა თანხა 400 ლარის ოდენობით და მას შემდეგ აღარ დაინტერესებულა დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №978/სტ დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ ავტომობილზე (,,მერსედესი“ სახელმწიფო ნომრით XX-XXX-XX) არსებული დაზიანებები დამახასიათებელი არიან მათი რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. წარმოდგენილი ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა გ. კ.-მ.

ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2016 წლის 11 მაისის №609/ა დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ლ. ბ.-ს მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32 მუხლის პუნქტი 1-ის მოთხოვნას (მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით), რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი. ს.-მ და განმარტა, რომ საექსპერტო კვლევა ჩაატარა გამომძიებელ ი.ი.-ს 2016 წლის 8 მაისის დადგენილების საფუძველზე, გამოსაკვლევად დადგენილებასთან ერთად წარედგინა სისხლის სამართლის საქმე 1 ტომად და 1 ცალი CD დისკი. მოწმემ დაადასტურა, რომ მის წინაშე წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, ერთობლიობაში ვიდეოჩანაწერის გარეშეც იძლეოდა ხსენებული დასკვნის გაცემის საფუძველს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ი. ი.-მ, ნ. პ.-მ და პატრულ-ინსპექტორმა მ. თ.-მ დაადასტურეს სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

მსჯავრდებულმა ლ. ბ.-მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მიუხედავად შეჯახების ფაქტის არსებობისა, აღნიშნული არ მომხდარა ქვეითთა გადასასვლელზე, მას არ დაურღვევია ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის წესები და შესაბამისად ითხოვა გამართლება.

პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დასაბუთებული და კანონიერი. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ გამხდარა შეჯახების და შეჯახების შედეგად კ. ყ.-ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ფაქტი. დაცვის მხარემ სადავო გახადა ექსპერტიზის დასკვნით გადაწყვეტილი საკითხი და მიუთითა, რომ ექსპერტი დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას და ვიდეოჩანაწერს, რაც მოგვიანებით დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა მიჩნეული. აღნიშნულ არგუმენტს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია (რაც ასევე დაადასტურა ექსპერტმაც), რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო საქმის მასალები ერთ ტომად და დისკი. სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ი.ს.-მ განმარტა, რომ ჩანაწერის გარეშეც იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდა. რაც შეეხება დაზარალებულის სასამართლოში და გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს, რასაც დაცვის მხარე მიიჩნევს არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგოდ, პალატა ასევე ვერ გაიზიარებს. დაზარალებულმა სხდომაზე დაკითხვის დროსაც არ უარყო, რომ შესაძლოა რამდენიმე წამით შეჩერდა და მას არსებითად განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები არ მიუწოდებია სასამართლოსთვის. ამასთან, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ დადებია საფუძვლად ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტს გადაცემული ჰქონდა საქმის მასალები სრულად, მათ შორის ლ.ბ.-ს ჩვენებაც, რომლითაც დაადგინა, რომ მძღოლი მანევრის შესრულებამდე უნდა დარწმუნებულიყო, ხომ არ უქმნიდა ვინმეს საფრთხეს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით. შესაბამისად, ექსპერტმა დარღევად დააფიქსირა საგზაო მოძრაობის წესების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის გაუთვალისწინებლობა, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც, ლ.ბ. შეძლებდა მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას. რაც შეეხება მსჯავრდებულის არგუმენტს, რომ კ.ყ. არ გადადიოდა ქვეითთა გადასასვლელზე, უპირობოდ არ გულისხმობს მძღოლის პასუხისმგებლობის გამორიცხვას.

პალატის განმარტებით, ლ. ბ.-ს გაცნობიერებული ჰქონდა მის მიერ წინდახედულობის ნორმის დარღვევიდან გამომდინარე ზოგადი საშიშროება, თუმცა მან უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დადგებოდა მართლსაწინააღმდეგო შედეგი. პალატა ეთანხმება მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის სისწორეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რამდენადაც მის ქმედებას შედეგად მოჰყვა დაზარალებულის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც ცალსახად დაადასტურა ჩატარებულმა ექსპერტიზის დასკვნამ.

სამართლებრივი შეფასება:

პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს .

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი ლ. ბ.-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა საფუძველი გახდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ. ბ.-ს დამნაშავედ ცნობისათვის.

სასჯელის დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორის ხ. მ.-ს სააპელაციო საჩივარი და განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს სასჯელის ნაწილშიც, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი, წარმოადგენს გაუფრთხილებლობით ჩადენილ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამი წლის ვადით ან უამისოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიური პირობების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ სასჯელის დანიშვნის დროს არ მოხდა დანაშაულის ხასიათის, საზოგადოებრივი საშიშროების და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინება, პალატა ვერ მიიჩნევს სასჯელის დამძიმების საფუძვლად. წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია ლ. ბ.-ს მიმართ სასჯელის დამძიმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის N611აპ-10 განჩინება). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნეს მოაზრებული როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ლ. ბ.-ს მიმართ დაზარალებულს აქვს პრეტენზია, ვერ გახდება დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მსჯავრდებულის პიროვნების და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი ლ. ბ.-ს მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ხ. მ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ ლ. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

ლ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დაუშვებლად ცნობილი ნივთიერი მტკიცებულება - 1 (ერთი) ცალი CD დისკი (ერთვის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.


მოსამართლე
ნათია ბარბაქაძე