ნახვები: 251
საქმის ნომერი: 2ბ/6751-13
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: (თავმჯდომარე), ნატალია ნაზღაიძე, ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/6751-13 (2017-04-10), www.temida.ge
საქმის № 2ბ/6751-13

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       10 აპრილი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:

მოსამართლეები:
ნატალია ნაზღაიძე, ქეთევან მესხიშვილი,

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/6751-13 10 აპრილი 2017 წელი
ქ. თბილისი


სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი – ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი, ნატალია ნაზღაიძე

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი


აპელანტი - სს „ს. ბ.“
წარმომადგენელი – ი. ზ.

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს., გ. ვ.
წარმომადგენელი - ლ. მ.

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა:

გ. ვ.-სა და გ. ს-სთვის სს „ს. ბ.-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხის - 14 900.10 აშშ დოლარის, სარგებელის - 11053.13 აშშ დოლარის და ჯარიმის - 9407.03 აშშ დოლარის დაკისრება


გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

სს „ს. ბ.-ის“ სარჩელი გ. ს.-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა; სს „ს. ბ.-ის“ სარჩელი გ. ვ.-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. ვ.-ს სს „ს. ბ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის 07 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 26 053.23 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა 14900.10 აშშ დოლარია, პროცენტი - 11053.13 აშშ დოლარი, ჯარიმა - 100 აშშ დოლარი.


დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით


უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. 2011 წლის 7 სექტემბერს, სს „ს. ბ.-სა“ და გ. ვ.-ს შორის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, ბანკმა კლიენტზე გასცა სამომხმარებლო კრედიტი 36000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით წლიური 18%-ის სარგებლის დარიცხვით. სამომხმარებლო კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა 45000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილის (მარკა, მოდელი - XXX XX, სახელმწიფო ნომერი - XXXXXXX, საიდენტიფიკაციო კოდი - XXXXXXXXXXXXXXXXX) შეძენა. სამომხმარებლო კრედიტზე პროცენტის დარიცხვა მოხდება კრედიტის გაცემის თარიღიდან ყოველდღიურად მის საბოლოო დაფარვამდე. წელიწადში 365 დღის გათვალისწინებით შესაბამის საპროცენტო პერიოდში რეალურად არსებული დღეებისათვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო მომსახურების შესახებ NXXXXXX ხელშეკრულება (ს.ფ. 16-25).

2.2. NXXXXXX საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დაიტვირთა შესაძენი ავტომობილი: მარკა, მოდელი - XXX XX, სახელმწიფო ნომერი - XXXXXXX, საიდენტიფიკაციო კოდი - XXXXXXXXXXXXXXXXX.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო მომსახურების შესახებ NXXXXXX ხელშეკრულება (ს.ფ. XX-XX).

2.3. 2011 წლის 7 სექტემბერს გ. ს.-მა თავდების წერილობითი განცხადება წარადგინა და გ. ვ.-ის 2011 წლის 7 სექტემბრის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სოლიდარულად შესრულების ვალდებულება იკისრა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდების განცხადება (იხ. ს.ფ. XX-XX).

2.4. გ. ვ.-ის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უკანასკნელად, ნებაყოფლობით შესრულდა 2012 წლის 11 სექტემბერს. 2015 წლის 26 მარტს კრედიტორმა მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხა - 12032,61 აშშ დოლარი მიქცეულ იქნა ძირითადი თანხის დასაფარად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, ს.ფ. 1-7)
- სესხის დაფარვის დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 119)

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.5. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.


დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.6. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო, ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.

სასამართლომ არ გაიზიარა გ. ს.-ის მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. დასახელებული ნორმით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლებია: ავანსის ან პროცენტის გადახდა, გარანტიის მიცემა ან სხვაგვარად აღიარება. ჩამოთვლილთაგან რომელიმე ქმედება განხორციელებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის წინაშე. ამასთან, ნორმაში მითითებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გულისხმობს ვალდებული პირის მიერ მოქმედების განხორციელებას მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში და არა ამ ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ვ.-ის მიერ 2012 წლის 11 სექტემბრის შემდეგ არ განხორციელებულა ვალდებულების შესრულება - თანხის გადახდა. ზემოდასახელებული დასაბუთების გათვალისწინებით კი შესაძლებელია დავასკვნათ, რომ, ვინაიდან, მოსარჩელეს მოთხოვნის განხორციელების შესაძლებლობა 2015 წლის 12 ოქტომბრამდე გააჩნდა, 2016 წლის 15 იანვარს წარმოდგენილი მოთხოვნა ხანდაზმულია, თუმცა, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას.

ხელშეკრულება შესრულებაზე ორიენტირებული აქტია. მართალია, თითოეულ მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ეკისრება, თუმცა, სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის რისკს ამცირებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები, გირავნობა, იპოთეკა და ა.შ. გირავნობა სანივთო- სამართლებრივი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა და ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციას ახდენს. იგი კრედიტორისათვის მინიჭებული უფლებაა, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით ან მისი სხვაგვარად გამოყენების გზით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას გირავნობა იკავებს შესრულების ადგილს და კრედიტორს უზრუნველყოფის საშუალების მეშვეობით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს. NXXXXXX საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დაიტვირთა შესაძენი ავტომობილი: მარკა, მოდელი - XXX XX, სახელმწიფო ნომერი - XXXXXXX, საიდენტიფიკაციო კოდი - XXXXXXXXXXXXXXXXX. საბანკო მომსახურების შესახებ NXXXXXX ხელშეკრულების 4.1.11. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია, გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე. სესხების დაფარვის დოკუმენტით ირკვევა, რომ მოსარჩელის ანგარიშზე თანხა გ. ვ.-ის ვალდებულების ფარგლებში 2015 წლის 26 მარტს არის დარიცხული. თანხის ოდენობიდან გამომდინარე, ასევე, სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მითითებულ დღეს სს „ს. ბ.-მა“ განახორციელა გირავნობის საგნის 12032.61 აშშ დოლარად რეალიზაცია და ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილება. დასახელებული კი ცხადყოფს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს აღნიშნული პერიოდიდან (2015 წელი), რაც მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

2.7. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ გ. ს.-სათვის, როგორც სოლიდარული თავდებისათვის თანხის დაკისრება უსაფუძლოდ მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის საფუძველზე, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

თავდებობის ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. იგი ფორმასავალდებულო გარიგებას წარმოადგენს, რა დროსაც ფორმის დაუცველობა გარიგების ბათილობის საფუძველია. წერილობითი ფორმის მიმართ დასახელებული ნორმა ადგენს დამატებით მოთხოვნას, კერძოდ, თავდების წერილობით განცხადებას თავდებობის კისრების შესახებ. ეს უკანასკნელი შეიძლება გაფორმდეს როგორც ცალკე დოკუმენტის სახით, ისე შევიდეს თავდებობის ხელშეკრულებაში შესაბამისი დებულების სახით. თვით თავდებობის ხელშეკრულება კი უნდა არსებობდეს წერილობითი ფორმით. კანონის აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიულია და მისი დაუცველობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ თავდებობის ხელშეკრულება ბათილია და თავად თავდებობა არ წარმოიშობა (სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლი).

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია გ. ს.-ის წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ, ხოლო თავდებობის ხელშეკრულება მხარეებს შორის არ გაფორმებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მხარეებს შორის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა, სს „ს. ბ.-ის“მოთხოვნა გ. ს.-სათვის თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.8. რაც შეეხება, სარჩელს მოპასუხე - გ. ვ.-სთან მიმართებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ კრედიტის ამღებ - გ. ვ.-ს, შესაგებელი არ წარმოუდგენია, შესაბამისად არ არსებობს მოპასუხის პოზიცია სარჩელის ხანდაზმულობასთან ან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნებისმიერ საფუძველთან დაკავშირებით. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

2011 წლის 7 სექტემბერს, სს „ს. ბ.-სა“ და გ. ვ.-ს შორის დაიდო საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკმა კლიენტზე გასცა სამომხმარებლო კრედიტი 36000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით წლიური 18%-ის სარგებლის დარიცხვით. სამომხმარებლო კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა 45000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილის (მარკა, მოდელი - XXX XX, სახელმწიფო ნომერი - XXXXXXX, საიდენტიფიკაციო კოდი - XXXXXXXXXXXXXXXXX) შეძენა. სამომხმარებლო კრედიტზე პროცენტის დარიცხვა მოხდება კრედიტის გაცემის თარიღიდან ყოველდღიურად მის საბოლოო დაფარვამდე. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სესხით სარგებლობისათვის პროცენტსა და მის ოდენობაზე შეთანხმება მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში ხდება. მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მსესხებელს გადაეცა სასყიდლიანი სესხი. შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, კრედიტის გამცემი და კრედიტის მიმღებია და ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს გააჩნიათ. სასამართლომ მიუთითა, რომ ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა. კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი). დადგენილია, რომ კრედიტის ამღებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც, სს „ს. ბ.-ის“ მოთხოვნა გ. ვ.-სათის 2011 წლის 7 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა - 14900,10 აშშ დოლარისა და სარგებლის - 11053,13 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

2.9. რაც შეეხება, პირგასამტეხლოს სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა 2011 წლის 7 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს სს „ს. ბ.-ს“ გამოიყენოს მის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. პირგასამტეხლოს თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც მისი ოდენობის ზრდით ხასიათდება, სამოქალაქო კოდექსი უტოვებს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რათა არ მოხდეს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება, რაც თავის მხრივ დაარღვევს მხარეთა შორის არსებულ დაბალანსებულ ურთიერთობას.

მოცემულ საქმესთან მიმართებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს მოცულობა 9407,03 აშშ დოლარი არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირდეს 100 აშშ დოლარამდე.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადებას, რომლითაც გ. ს.-მა ძირითადი მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სოლიდარულად შესრულების ვალდებულება იკისრა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ განცხადება შეიცავს ყველა არსებით პირობაზე მითითებას და მას ხელს აწერს როგორც სოლიდარული თავდები გ. ს., ისე კრედიტორი/ბანკის წარმომადგენელი, რაც სოლიდარული პასუხისმგებლობის წარმოშობის საკმარისი წინაპირობაა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.


ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

4.1. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 3.1.1.- 3.1.4. და 6.1. პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1.- 2.5. პუნქტები). შესაბამისად, მათ, როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.

4.2. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ, მოპასუხე გ. ს.-სათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სასამართლოს მიერ სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადების სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.

4.3. სააპელაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია რომ საქმეში წარმოდგენილი სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადება გ. ს.-სათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საკმარისი წინაპირობაა, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის შესაფასებელია, საქმეში წარმოდგენილი სოლიდარული თავდებობის შესახებ #XXXXXX-X წერილობითი განცხადება აკმაყოფილებს თუ არა თავდებობის ხელშეკრულებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. აღნიშნული ნორმა ადგენს ხელშეკრულების ნამდვილობის მხოლოდ ორ პირობას - მხარეთა შეთანხმებას არსებით პირობებზე და მოთხოვნილი ფორმის დაცვას. პრაქტიკაში სწორედ ამ ორი, ორმხრივი გარიგების იურიდიული თავისებურების გამომხატველი პირობის ნაკლს მიჰყავს ხელშეკრულება ბათილობასთან. არსებით პირობათა წრე მხარეთა მიერ ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრება. აუცილებლად, ანუ არსებითად მიიჩნევა პირობები, რომლებიც შესაბამისი ხელშეკრულების ბუნებას გამოხატავენ და რომელზედაც მხარეებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ (ხელშეკრულების საგანი, ფასი, ვადა და ა.შ.). შეთანხმება გულისხმობს მხარეთ თანმხვედრი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე სამართლებრივი მიზნის მიღწევისკენ; ხელშეკრულების დახასიათებისას ნიშვნელოვანია ის, რომ სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც მხარეები ცდილობენ, შესაძლოა მხოლოდ კონსესუსის შედეგად დადგეს. ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, ხორციელდება ორი თანმხვედრი ნების გამოვლენის - ოფერტის და აქცეპტის მეშვეობით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადების გამოკვლევის საფუძველზე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო განცხადება თავდებობის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე მითითებას მოიცავს, კერძოდ, მასში მითითებულია ძირითადი საკრედიტო ხელშეკრულება (რომლის უზრუნველყოფაც მოხდა თავდებობით), ძირითადი მოვალე, კრედიტის თანხა, კრედიტის მოქმედების ვადა, წლიური საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო პერიოდული დაფარვის ვადაგადაცილებისათვის, თავდებობის მაქსიმალური ზღვრული თანხა და სხვ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის შედავება არსებითად ემყარება იმ გარემოებას, რომ, მართალია, სადავო განცხადება რეალურად ყველა არსებით პირობას მოიცავს, მაგრამ ბანკსა და გ. ს.-ს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ წარმოშობილა, რადგან ამ უკანასკნელისთვის უცნობი იყო ბანკის პოზიცია მის მიერ გამოხატულ საპასუხო ნებასთან დაკავშირებით (ოფერტი).

სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს.

პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლი აწესრიგებს მხოლოდ იმ ნების გამოვლინებებს, რომელთა ნამდვილობისათვის აუცილებელია ნების გამოვლენის მიღება მეორე მხარის მიერ (მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა). სათაურის მიუხედავად, ეს მუხლი გამოიყენება როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლინებების მიმართ, სადაც ფიგურირებს მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა (ხელშეკრულების დასადებად მიმართული ნების გამოვლინებები — ოფერტი და აქცეპტი). გადამწყვეტი არის გამოვლენილი ნების მიღების სავალდებულობა ადრესატის მიერ, რომ ამან გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგის დადგომა, ე.ი. ნების გამოვლენის ნამდვილობა.

სამოქალაქო კოდექსის 891-ე და 892-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ თავდებობა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლის ფარგლებშიც თავდები შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, გამოხატავს ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულების ნებას. სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილი მისი ნამდვილობისათვის ადგენს წერილობით ფორმას „წერილობით განცხადებას“, ხოლო 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს ნება ნამდვილია მას შემდეგ, რაც ის ადრესატს მიუვა. მართალია, 51-ე მუხლის შინაარსი ნებისმიერი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის მიმართ გამოიყენება, მაგრამ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალმხრივი გარიგებებისათვის. ჩვეულებრივ, ცალმხრივ გარიგებათა ნამდვილობისათვის საკმარისია ერთი პირის ნების გამოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ ცალმხრივ გარიგებებში ერთი პირის მიერ ნების გამოვლენას უკვე შეუძლია სამართლებრივი შედეგის გამოწვევა, კანონით დადგენილ შემთხვევებში ამ შედეგის დადგომისათვის სავალდებულოა გარიგების მეორე მონაწილის მიერ ნების გამოვლენის მიღება (მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა). კანონი არ განსაზღვრავს „ნების მიღების“ ცნებას და იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს. პალატის მოსაზრებით, ნება მიღებულად ჩაითვლება, თუ იგი (დოკუმენტი, რომელშიც გამოხატულია ნება) „მიმღების ძალაუფლების სფეროში“ - ადრესატის ხელში აღმოჩნდება და მას ამ ნების ნორმალურ ვითარებაში გაცნობის შესაძლებლობა ექნება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადება, რომელშიც გ. ს.-ის ნება ცალსახად არის გამოხატული და რომელიც თავდებობის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობას მოიცავს, დადასტურებულია, როგორც თავად განმცხადებლის, ისე - ბანკის წარმომადგენელის ხელმოწერით, რაც, პალატის მოსაზრებით, ნიშნავს იმას, რომ გ. ს.-ის მიერ გამოხატული ნება (სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ) მისულია ადრესატამდე (ბანკის წარმომადგენელამდე) და ამ უკანასკნელის მიერ იგი მიღებულია. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო ხელშეკრულება და სოლიდარული თავდებობა ერთ დღეს - 2011 წლის 07 სექტემბერს არის გაფორმებული და ის გარემოება, რომ განმცხადებლის ნება ადრესატის მიერ ნამდვილად იქნა მიღებული, დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ საკრედიტო ხელშეკრულების 4.1.9. პუნქტის თანახმად, გ. ს.-თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება გ. ვ.-სთან სამომხმარებლო კრედიტის დამტკიცების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა (ს.ფ. 18).

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ სრულად შეესაბამება სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებისათვის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნული განცხადება თავისი სამართლებრივი შინაარსით და შემადგენლობით სოლიდარული თავდებობის შესახებ გარიგებას წარმოადგენს. შესაბამისად, სახეზეა გ. ს.-სათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისი წინაპირობა, თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლისა.

რაც შეეხება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, პალატა არ იზიარებს და მიუთითებს საქმეში წარმოდეგნილ სესხების დაფარვის ამონაწერზე (ტ.1. ს/ფ 119), საიდანაც ნათლად დგინდება, რომ გ. ვ.-ის ვალდებულების ბოლო დაფარვა განხორციელდა 2015 წლის 26 მარტს, რაც, მხარეთა განმარტებით, შესრულდა დაგირავებული ა/მანქანის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით. სამართლებრივად აღნიშნული წარმოადგენს სკ 138-ე მუხლით გათვალისწინებულ აღმასრულებელ მოქმედებას, რომელიც იწვევს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას. სარჩელი აღძრულია 2016 წლის 15 იანვარს, მაშასადამე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნის წაყენება მოხდა სკ 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სამწლიან ვადაში.

ამდენად, სარჩელი ხანდაზმული არ არის.


5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად.

6. საპროცესო ხარჯები


საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ს.-ს, სს „ს. ბ.-ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით; ამასთან, სს „ს. ბ.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი ბაჟი - 2653 ლარი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა

1. სს „ს. ბ.-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:

3. სს „ს. ბ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

4. გ. ს.-ს, სს „ს. ბ.-ის“ სასარგებლოდ, გ. ვ.-სთან ერთად სოლიდარულად დაეკისროს 2011 წლის 07 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 26 053.23 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა - 14900.10 აშშ დოლარია, პროცენტი - 11053.13 აშშ დოლარი, ჯარიმა - 100 აშშ დოლარი.

5. გ. ს.-ს, სს „ს. ბ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო ხარჯის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით;

6. სს „ს. ბ.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი ბაჟი 2653 ლარის ოდენობით.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;




I შეჯამება:
ნორმა ადგენს ხელშეკრულების ნამდვილობის მხოლოდ ორ პირობას - მხარეთა შეთანხმებას არსებით პირობებზე და მოთხოვნილი ფორმის დაცვას. არსებითად მიიჩნევა პირობები, რომლებიც შესაბამისი ხელშეკრულების ბუნებას გამოხატავენ და რომელზედაც მხარეებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ (ხელშეკრულების საგანი, ფასი, ვადა და ა.შ.).სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც მხარეები ცდილობენ, შესაძლოა მხოლოდ კონსესუსის შედეგად დადგეს. ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, ხორციელდება ორი თანმხვედრი ნების გამოვლენის - ოფერტის და აქცეპტის მეშვეობით. გადამწყვეტი არის გამოვლენილი ნების მიღების სავალდებულობა ადრესატის მიერ, რომ ამან გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგის დადგომა, ე.ი. ნების გამოვლენის ნამდვილობა. ნება მიღებულად ჩაითვლება, თუ იგი (დოკუმენტი, რომელშიც გამოხატულია ნება) „მიმღების ძალაუფლების სფეროში“ - ადრესატის ხელში აღმოჩნდება და მას ამ ნების ნორმალურ ვითარებაში გაცნობის შესაძლებლობა ექნება.

განმარტებული ნორმები:
საქართვლოს სამოქალაქო კოდექსი, 327.1, 51.1
თეგები:
ხელშეკრულების ნამდვილობა
განმარტების სრული ტექსტი:
აღნიშნული ნორმა ადგენს ხელშეკრულების ნამდვილობის მხოლოდ ორ პირობას - მხარეთა შეთანხმებას არსებით პირობებზე და მოთხოვნილი ფორმის დაცვას. არსებით პირობათა წრე მხარეთა მიერ ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრება. აუცილებლად, ანუ არსებითად მიიჩნევა პირობები, რომლებიც შესაბამისი ხელშეკრულების ბუნებას გამოხატავენ და რომელზედაც მხარეებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ (ხელშეკრულების საგანი, ფასი, ვადა და ა.შ.). შეთანხმება გულისხმობს მხარეთ თანმხვედრი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე სამართლებრივი მიზნის მიღწევისკენ; ხელშეკრულების დახასიათებისას ნიშვნელოვანია ის, რომ სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც მხარეები ცდილობენ, შესაძლოა მხოლოდ კონსესუსის შედეგად დადგეს. ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, ხორციელდება ორი თანმხვედრი ნების გამოვლენის - ოფერტის და აქცეპტის მეშვეობით.
პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლი აწესრიგებს მხოლოდ იმ ნების გამოვლინებებს, რომელთა ნამდვილობისათვის აუცილებელია ნების გამოვლენის მიღება მეორე მხარის მიერ (მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა). სათაურის მიუხედავად, ეს მუხლი გამოიყენება როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლინებების მიმართ, სადაც ფიგურირებს მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა (ხელშეკრულების დასადებად მიმართული ნების გამოვლინებები — ოფერტი და აქცეპტი). გადამწყვეტი არის გამოვლენილი ნების მიღების სავალდებულობა ადრესატის მიერ, რომ ამან გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგის დადგომა, ე.ი. ნების გამოვლენის ნამდვილობა.
ჩვეულებრივ, ცალმხრივ გარიგებათა ნამდვილობისათვის საკმარისია ერთი პირის ნების გამოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ ცალმხრივ გარიგებებში ერთი პირის მიერ ნების გამოვლენას უკვე შეუძლია სამართლებრივი შედეგის გამოწვევა, კანონით დადგენილ შემთხვევებში ამ შედეგის დადგომისათვის სავალდებულოა გარიგების მეორე მონაწილის მიერ ნების გამოვლენის მიღება (მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა). კანონი არ განსაზღვრავს „ნების მიღების“ ცნებას და იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს. პალატის მოსაზრებით, ნება მიღებულად ჩაითვლება, თუ იგი (დოკუმენტი, რომელშიც გამოხატულია ნება) „მიმღების ძალაუფლების სფეროში“ - ადრესატის ხელში აღმოჩნდება და მას ამ ნების ნორმალურ ვითარებაში გაცნობის შესაძლებლობა ექნება.