ნახვები: 360
საქმის ნომერი: N 3ბ/2014-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე(თავმჯდომარე), გიორგი ტყავაძე, ნათია ქუთათელაძე, ქეთევან დუგლაძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №N 3ბ/2014-15 (2017-03-28), www.temida.ge
საქმის № N 3ბ/2014-15

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       28 მარტი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
გიორგი ტყავაძე
მოსამართლეები:
გიორგი ტყავაძე, ნათია ქუთათელაძე, ქეთევან დუგლაძე,

აპელანტი - სს „თ.ბ.“
წარმომადგენელი - დ.ჭ.

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - თ.ხ.

მესამე პირი - შპს “პ.ზ.”

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

1.1 აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება



გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

სს,,თ.ბ.“-ს სარჩელი, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირი - შპს ,,პზ.“-ს, ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1. 2007 წლის 13 დეკემბერს სს,,თ.ბ.“-სა და შპს „პზ.“-ს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო 2008 წლის 3 ივნისს მათ შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სს,,თ.ბ“ -მა შპს ,,პზ”-ს მისცა საბანკო კრედიტი 300000 ლარის ოდენობით.

2.2. 2008 წლის 9 იანვარს, ზემოაღნიშნული საკრედიტო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, სს,,თ.ბ“-სა და შპს ,,პზ”-ს შორის სანოტარო წესით დაიდო გირავნობის ხელშეკრულება. გირავნობის უფლებით დაიტვირთა შპს ,,პზ”-ს კუთვნილი მოძრავი ნივთი - კოშკურა ამწე პოტეინის ფირმის მოდელი XXX/XXX, ნომერი XXXXX. სს,,თ.ბ“ დაეყრდნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 26.12.2007 წელს, ი.კ.-ის განცხადების საპასუხოდ, გაცემულ №XX/XX-XXXXX წერილს, რომლის თანახმად გირავნობის საგანზე არ იყო რეგისტრირებული გირავნობა და ყადაღა.

2.3. 2012 წლის 12 სექტემბერს სს სს ,,თ.ბ“-ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე შპს ,,პზ”-ს მიმართ დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს ,,პზ”-ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 32896 ლარის ოდენობით. დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა გირავნობით დატვირთული კოშკურა ამწე პოტეინის ფირმის. 2012 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2.4. 2012 წლის 12 დეკემბერს ბანკმა მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს იძულებითი აღსრულების პროცედურების დაწყების შესახებ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხის გადახდევინების მიზნით. სააღსრულებო წარმოების პროცესში აღმოჩნდა, რომ მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2007 წლის 21 ნოემბრის, 2008 წლის 16 ივლისისა და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 11 აგვისტოს მიმართვების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს ,,პზ”-ს ქონებაზე განხორციელებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია 2007 წლის 28 ნოემბერს, 2008 წლის 21 ივლისსა და 2009 წლის 12 აგვისტოს.

2.5. 2013 წლის 12 აპრილს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელდა შპს ,,პზ”-ს კუთვნილი ქონების (კოშკურა ამწე, პოტეინის ფირმის) რეალიზაცია 45500 ლარად. ამოღებული თანხა, სააღსრულებო საფასურის, ხარჯისა და დღგ-ს გადარიცხვის შემდეგ, გადაეცა პირველი რიგის მოგირავნეს სსიპ შემოსავლების სამსახურს.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.6. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, 207-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 1005-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კი ადგენს, რომ თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს.

2.8. სს,,თ.ბ“ მიუთითებს, რომ იგი დაეყრდნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 26.12.2007 წელს გაცემულ №XX/XX-XXXXX წერილს, რომლის შესაბამისადაც, ყადაღა და გირავნობა არ იყო რეგისტრირებული შპს ,,პზ”-ს კუთვნილ მოძრავ ნივთზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მიერ ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდების შემთხვევაში, მისთვის ცნობილი გახდებოდა გირავნობის საგანზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების არსებობა, რის გამოც ბანკი არ დატვირთავდა გირავნობით საგადასახადოს პირველი რიგის გირავნობით დატვირთულ ქონებას და არ მიადგებოდა ზიანი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითებული წერილი გაიცა ი.კ.-ის განცხადების საპასუხოდ, რომელშიც იგი ითხოვდა ინფორმაციას შპს ,,პზ” კუთვნილ მოძრავ ნივთზე (კოშკურა ამწე პოტეინის ფირმის მოდელი XXX/XXX ) გირავნობისა და ყადაღის არსებობის თაობაზე. დაინტერესებულმა პირმა მოითხოვა ინფორმაცია ქონებაზე მხოლოდ გირავნობისა და ყადაღის არსებობის შესახებ და მის მიერ არ გამოთხოვილა ინფორმაცია ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის თაობაზე. კანონმდებლობა მიჯნავს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებას გირავნობის უფლებისაგან. შესაბამისად, მოპასუხემ 26.12.2007 წლის წერილით გასცა კონკრეტულად ის ინფორმაცია, რასაც დაინტერესებული პირი ითხოვდა. მან მიუთითა, რომ ქონებაზე არ არსებობდა ყადაღა და გირავნობის უფლება, რაც არ გამორიცხავდა ამ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის არსებობას.

2.9. სს,,თ.ბ“ დაეყრდნო ვინმე ი.კ. განცხადების საფუძველზე მომზადებულ და წარმოდგენილ ინფორმაციას. მხარეთა ახსნა-განმარტების შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელისთვის არ იყო ცნობილი ამ პირის სამართლებრივი მიმართება მხარეებთან და მათ შორის დადებულ ხელშეკრულებასთან. მიუხედავად ამისა, სს,,თ.ბ“ თავად არ მიუმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით და დაეყრდო მისთვის უცნობი პირის მიერ წარმოდგენილ წერილს. ბანკს შეეძლო, შეემცირებინა სამართლებრივი რისკები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი ინფორმაციის მისაღებად მიმართვის შემთხვევაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. ხოლო 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა,თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იკვეთება ზიანის ანაზღაურების დაკისრების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობების არსებობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც გახდებოდა ზიანის დადგომის პირდაპირი და უშუალო მიზეზი. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.

3.1. სს,,თ.ბ“-ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2014 წლის 1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება სს თბილის ბანკის სარჩელის არ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. სასამართლო გადაწყვეტილებაში აპელირებს, რომ თითქოსდა კანონმდებელი მიჯნავს ერთმანეთისაგან გირავნობა/ყადაღა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას, მაგრამ აღნიშნული პოზიციის იურიდიულად გასამყარებლად არ იშველიებს კანონმდებლობის არცერთ ნორმას. გამომდინარე აქედან აღნიშნული პოზიცია არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ასევე აღსანიშნავია, რომ სს,,თ.ბ“ დაეყრდნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 26.12.2007 წელს გაცემულ NXX/XX-XXXXX წერილს, რომლის შესაბამისად ყადაღა და გირავნობა არ იყო რეგისტრირებული შპს ,,პზ“-ს კუთვნილ მოძრავ ნივთზე. ასევე დაუშვებელია სასამართლოს აპელირება და იმავე გარემოებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის არ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რომ უშუალოდ სს,,თ.ბ“ არ მიუმართავს განცხადებით საჯარო რეესტრისათვის და მიმართა ვინმე ი..კ-მ იგივე განცხადებით სს,,თ.ბ.“ რომ მიემართა საჯარო რეესტრისთვის უტყუარი ფაქტია, რომ იმავე შინაარსის წერილს გამოსცემდა რეესტრი, რაც დაფიქსირებულია სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 26.12.2007 წელს გამოცემულ NXX/XX-XXXXX წერილში. აქედან გამომდინარე დაუშვებელია სასამართლოს მსჯელობა და აპელირება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლზე და 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რადგან რეესტრი სხვა შინაარსის წერილს არ გამოსცემდა, რადგან წერილის გაცემის მომენტისათვის ფაქტია, რომ არ ჰქონდა შესრულებული მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბანკი დაეყრდნო გირავნობის რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით საჯარო დაწესებულება ვალდებულია შეიტანოს ამ დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაცია საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს საჯარო ინფორმაციაზე მითითება მისი მიღებიდან, შექმნიდან, დამუშავებიდან ან გამოცემიდან 2 დღის ვადაში საჯარო ინფორმაციის დასახელების, მიღების, შექმნის, დამუშავების, გამოცემის თარიღის იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის, საჯარო სამსახურის, საჯარო დაწესებულების დასახელების მითითებით, რომლისგანაც შემოვიდა ან/და რომელსაც გაეგზავნა ეს ინფორმაცია. მიუხედავად კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, რეესტრმა არ განახორციელა მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება, არ დაარეგისტრირა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა და გასცა არასწორი ინფორმაცია, რამაც გამოიწვია სს,,თ.ბ“-სთვის ზიანის მიყენება, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო სამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

4.6. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აფასებს, რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას არ იზიარებს.



ფაქტობრივი დასაბუთება:
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.7. 2007 წლის 13 დეკემბერს სს სს,,თ.ბ“-სა და შპს ,,პზ”-ს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო 2008 წლის 3 ივნისს მათ შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სს,,თ.ბ“-მა შპს ,,პზ” მისცა საბანკო კრედიტი 300000 ლარის ოდენობით.

4.8. 2008 წლის 9 იანვარს, ზემოაღნიშნული საკრედიტო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, სს,,თ.ბ“-სა და შპს ,,პზ”-ს შორის სანოტარო წესით დაიდო გირავნობის ხელშეკრულება. გირავნობის უფლებით დაიტვირთა შპს ,,პზ”-ს კუთვნილი მოძრავი ნივთი - კოშკურა ამწე პოტეინის ფირმის მოდელი XXX/XXX, ნომერი XXXXX. სს,,თ.ბ“ დაეყრდნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 26.12.2007 წელს, ი. კ.-ის განცხადების საპასუხოდ, გაცემულ №XX/XX-XXXXX წერილს, რომლის თანახმად გირავნობის საგანზე არ იყო რეგისტრირებული გირავნობა და ყადაღა.

4.9. 2012 წლის 12 სექტემბერს სს,,თ.ბ“-ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე შპს ,,პზ” მიმართ დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს ,,პზ”-ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 32896 ლარის ოდენობით. დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა გირავნობით დატვირთული კოშკურა ამწე პოტეინის ფირმის. 2012 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

4.10. 2012 წლის 12 დეკემბერს ბანკმა მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს იძულებითი აღსრულების პროცედურების დაწყების შესახებ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხის გადახდევინების მიზნით. სააღსრულებო წარმოების პროცესში აღმოჩნდა, რომ მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2007 წლის 21 ნოემბრის, 2008 წლის 16 ივლისისა და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 11 აგვისტოს მიმართვების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს ,,პზ”-ს ქონებაზე განხორციელებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია 2007 წლის 28 ნოემბერს, 2008 წლის 21 ივლისსა და 2009 წლის 12 აგვისტოს.

4.11. 2013 წლის 12 აპრილს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელდა შპს ,,პზ”-ს კუთვნილი ქონების (კოშკურა ამწე, პოტეინის ფირმის) რეალიზაცია 45500 ლარად. ამოღებული თანხა, სააღსრულებო საფასურის, ხარჯისა და დღგ-ს გადარიცხვის შემდეგ, გადაეცა პირველი რიგის მოგირავნეს სსიპ შემოსავლების სამსახურს.

სამართლებრივი დასაბუთება

4.12. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს,,თ.ბ“-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს,,თ.ბ“-ს სარჩელი დაკმაყოფილდება.

4.13. სააპელაციო პალატა პირველი რიგში აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს ამ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებაში მითითებულ განმარტებებს.

4.14. დადგენილია, რომ 20.12.2007 წელს ი.კ.-მ განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს შპს „პზ“-ს კუთვნილ მოძრავ ნივთზე (კოშკურა ამწე, პოტეინის ფირმის მოდელი XXX/XXX, ნომერი 63026) გირავნობისა და ყადაღის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. ამ წერილის პასუხად სარეგისტრაციო სამსახურმა 26.12.2007 წერილით ი.კ.-ს აცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობის და ყადაღის შესახებ დაცული მონაცემებით, მოთხოვნის მომენტისათვის მოძრავ ქონებაზე გირავნობა და ყადაღა რეგისტრირებული არ იყო.

4.15. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, როდესაც განმცხადებელი დაინტერესებულია ნივთზე ზოგადად გირავნობის უფლების არსებობა-არარსებობით, მით უფრო უნდა მიეწოდოს მას ინფორმაცია საგადასახადო გირავნობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ვინაიდან, ნივთზე ამ უკანასკნელის გავრცელება არსებით ზეგავლენას ახდენს მის სამართლებრივ მდგომარეობაზე. თავად საჯარო რეესტრი კი მისი არსებობის მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც ინფორმაციის სიზუსტისა და უტყუარობის გარანტს უნდა ქმნიდეს, დაუშვებელია ფორმალურად მიუდგეს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და არასრული ინფორმაცია გასცეს მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ სიტყვასიტყვით რაც იყო განცხადებით მოთხოვნილი მანაც ის ინფორმაცია გასცა, ინფორმაციის მოთხოვნის მიზნის გაუთვალისწინებლად. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მითითებული გირავნობა არ გამორიცხავს ნივთზე გავრცელებულ საგადასახადო გირავნობაზე ინფორმაციის გაცემას.

4.16. სამართლებრივად ტერმინი „გირავნობა“ ინფორმაციის ბევრად უფრო ფართო არეალს მოიცავს, ვიდრე საგადასახადო გირავნობა. მოთხოვნილ მოძრავ ქონებაზე არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას გაურკვეველია სარეგისტრაციო სამსახურმა რატომ არ გასცა ინფორმაცია საგადასახადო გირავნობის არსებობის შესახებ, იმ პირობებში, როდესაც შპს „პზ“-ს მთელ ქონებაზე გავრცელებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. დაუშვებელია კანონშესაბამისად შეფასდეს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია გირავნობის არარსებობასთან დაკავშირებით, როდესაც შპს „პზ“-ს მთელ ქონებაზე გავრცელებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (სადავო პერიოში მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 69-ე მუხლით დადგენილი იყო რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობა ნებისმიერი პირისათვის).

4.17. საჯარო რეესტრის მიერ გაცემული დოკუმენტი ნდობის მაღალ გარანტს უნდა ქმნიდეს. მოპასუხის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ უშუალოდ სს,,თ.ბ“-ს არ მიუმართავს მარეგისტრირებელი ორგანოსთვის და იგი ი.კ.-ის განცხადებას დაეყრდნო, ვერ შეცვლის ფაქტს იმის შესახებ, რომ სადავო ქონებასთან მიმართებაში სარეგისტრაციო სამსახურმა არასრული ინფორმაცია გასცა. განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თავად მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედების შეფასება, მოქმედებდა თუ არა იგი კანონის შესაბამისად. სს,,თ.ბ“ დაეყრდნო საჯარო ინფორმაციას, რომლის უტყუარობასა და სისწორეზეც პასუხისმგებელია ინფორმაციის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო.

4.18. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

4.19. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლით, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

4.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.

4.21. დადგენილია, რომ 2008 წლის 9 იანვარს, ზემოაღნიშნული საკრედიტო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, სს,,თ.ბ“-სა და შპს ,,პზ”-ს შორის სანოტარო წესით დაიდო გირავნობის ხელშეკრულება. გირავნობის უფლებით დაიტვირთა შპს ,,პზ”-ს კუთვნილი მოძრავი ნივთი - კოშკურა ამწე პოტეინის ფირმის მოდელი XXX/XXX, ნომერი XXXXX. სს,,თ.ბ“ დაეყრდნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 26.12.2007 წელს, ი.კ.-ის განცხადების საპასუხოდ, გაცემულ №XX/XX-XXXXX წერილს, რომლის თანახმად გირავნობის საგანზე არ იყო რეგისტრირებული გირავნობა და ყადაღა.

4.22. ასევე დადგენილია, რომ 2012 წლის 12 დეკემბერს ბანკმა მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს იძულებითი აღსრულების პროცედურების დაწყების შესახებ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხის გადახდევინების მიზნით. სააღსრულებო წარმოების პროცესში აღმოჩნდა, რომ მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2007 წლის 21 ნოემბრის, 2008 წლის 16 ივლისისა და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 11 აგვისტოს მიმართვების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს ,,პზ”-ს ქონებაზე განხორციელებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია 2007 წლის 28 ნოემბერს, 2008 წლის 21 ივლისსა და 2009 წლის 12 აგვისტოს. 2013 წლის 12 აპრილს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელდა შპს ,,პზ”-ს კუთვნილი ქონების (კოშკურა ამწე, პოტეინის ფირმის) რეალიზაცია 45500 ლარად. ამოღებული თანხა, სააღსრულებო საფასურის, ხარჯისა და დღგ-ს გადარიცხვის შემდეგ, გადაეცა პირველი რიგის მოგირავნეს სსიპ შემოსავლების სამსახურს.

4.23. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 26.12.2007 წელს, ი.კ.-ის განცხადების საპასუხოდ, გაცემულ №XX/XX-XXXXX წერილში მითითებული რომ ყოფილიყო მოძრავი ნივთის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ, მაშინ გირავნობის ხელშეკრულება აღარ დაიდებოდა ამ ნივთზე და შესაბამისად მოსარჩელეს აღარ მიადგებოდა 32 896 ლარის ზიანი. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს,,თ.ბ“-სთვის მიყენებული მატერიალური ზიანი გამოწვეულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ქმედებით, კერძოდ მის მიერ 26.12.2007 წელს გაცემულ №XX/XX-XXXXX წერილში საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ არასწორი მონაცემების დაფიქსირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე სს,,თ.ბ“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაეკისროს 32 896 ლარის გადახდა სს,,თ.ბ“-ს სასარგებლოდ.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და არასწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო საჩივრით გაბათილებული იქნა სასამართლოს დასკვნები სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

6. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების თანახმად, სს,,თ.ბ“-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3 948 ლარი (პირველი ინსტანციის სასამართლოში 987.00 ლარი, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში 1.316.00 ლარი, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში 1.645.00ლარი) უნდა დაეკისროს მოპასუხეს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ.

1. სს,,თ.ბ“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს,,თ.ბ“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს 32 896 (ოცდათორმეტი ათას რვაასოთხმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა სს,,თ.ბ“-ს სასარგებლოდ;

4. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3948 (სამიათას ცხრაას ორმოცდარვა) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან ოცდაერთი 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს (მდებარე, თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მეშვეობით.




4.15. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, როდესაც განმცხადებელი დაინტერესებულია ნივთზე ზოგადად გირავნობის უფლების არსებობა-არარსებობით, მით უფრო უნდა მიეწოდოს მას ინფორმაცია საგადასახადო გირავნობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ვინაიდან, ნივთზე ამ უკანასკნელის გავრცელება არსებით ზეგავლენას ახდენს მის სამართლებრივ მდგომარეობაზე. თავად საჯარო რეესტრი კი მისი არსებობის მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც ინფორმაციის სიზუსტისა და უტყუარობის გარანტს უნდა ქმნიდეს, დაუშვებელია ფორმალურად მიუდგეს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და არასრული ინფორმაცია გასცეს მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ სიტყვასიტყვით რაც იყო განცხადებით მოთხოვნილი მანაც ის ინფორმაცია გასცა, ინფორმაციის მოთხოვნის მიზნის გაუთვალისწინებლად. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მითითებული გირავნობა არ გამორიცხავს ნივთზე გავრცელებულ საგადასახადო გირავნობაზე ინფორმაციის გაცემას.

4.16. სამართლებრივად ტერმინი „გირავნობა“ ინფორმაციის ბევრად უფრო ფართო არეალს მოიცავს, ვიდრე საგადასახადო გირავნობა. მოთხოვნილ მოძრავ ქონებაზე არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას გაურკვეველია სარეგისტრაციო სამსახურმა რატომ არ გასცა ინფორმაცია საგადასახადო გირავნობის არსებობის შესახებ, იმ პირობებში, როდესაც შპს „პზ“-ს მთელ ქონებაზე გავრცელებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. დაუშვებელია კანონშესაბამისად შეფასდეს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია გირავნობის არარსებობასთან დაკავშირებით, როდესაც შპს „პზ“-ს მთელ ქონებაზე გავრცელებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (სადავო პერიოში მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 69-ე მუხლით დადგენილი იყო რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობა ნებისმიერი პირისათვის).

4.17. საჯარო რეესტრის მიერ გაცემული დოკუმენტი ნდობის მაღალ გარანტს უნდა ქმნიდეს. მოპასუხის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ უშუალოდ სს,,თ.ბ“-ს არ მიუმართავს მარეგისტრირებელი ორგანოსთვის და იგი ი.კ.-ის განცხადებას დაეყრდნო, ვერ შეცვლის ფაქტს იმის შესახებ, რომ სადავო ქონებასთან მიმართებაში სარეგისტრაციო სამსახურმა არასრული ინფორმაცია გასცა. განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თავად მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედების შეფასება, მოქმედებდა თუ არა იგი კანონის შესაბამისად. სს,,თ.ბ“ დაეყრდნო საჯარო ინფორმაციას, რომლის უტყუარობასა და სისწორეზეც პასუხისმგებელია ინფორმაციის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო.