ნახვები: 252
საქმის ნომერი: 2ბ/2398-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/2398-17 (2017-07-18), www.temida.ge
საქმის № 2ბ/2398-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       18 ივლისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - ი. შ.

წარმომადგენელი - ნ. წ.

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ლ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

1. ზ. ლ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხე, ი. შ.-სთვის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გასესხებული 4 000 აშშ დოლარის და მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.

2. მოპასუხე ი. შ.-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.


3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ზ. ლ.-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე ი. შ.-ს ზ. ლ.-ს სასარგებლოდ 4000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. ი. შ.-ს ზ. ლ.-ს სასარგებლოდ ასევე მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების ნაწილის, 1026,05 ლარის ანაზღაურება დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ი. შ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე განხორციელებული სამართალშეფარდების პროცესის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ - ი. შ.-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ი. შ. სადავოდ არ ხდის მოთხოვნის წარმოშობის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მხოლოდ საპროცესო-სამართლებრივ დარღვევებს აფუძნებს. ამ მიმართებით, აპელანტი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს, ვინაიდან დარღვეულ იქნა მოპასუხის საპროცესო-სამართლებრივი უფლებები, კერძოდ, მინდობილობის პროცესის წინა დღეს გაფორმების გამო, მათ თავიანთი მარწმუნებლის ჯეროვნად დაცვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რაც პროცესის გადადების წინაპირობა იყო, სასამართლომ კი პროცესი არ გადადო და გადაწყვეტილებაც იმავე სხდომაზე მიიღო.

სასამართლო განმარტავს, რომ კერძო-სამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედი და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. 2015 წლის 12 თებერვალს შედგენილი ხელწერილის მიხედვით, ი. შ.-მ ზ. ლ.-სგან სესხის სახით მიღებული 4 000 აშშ დოლარის არსებობა აღიარა. ამავე ხელწერილის თანახმად, ი. შ. ადასტურებს, რომ თანხა 2013 წლის 01 აგვისტომდე უნდა გაესტუმრებინა. თუმცა, ხელწერილში მითითებული თანხა ი. შ.-ს მიერ მოსარჩელის მიმართ გადახდილი არ არის (ს.ფ.35). პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით, დადენილად მიიჩნია ი. შ.-ს ვალდებულება ზ. ლ.-ს წინაშე და, შესაბამისად, ი. შ.-ს ზ. ლ.-ს სასარგებლოდ 4000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ი. შ.-ს ვალდებულება ზ. ლ.-ს წინაშე სააპელაციო წესით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, შეცილებული არ არის (იხ. ი. შ.-
სააპელაციო საჩივარი, ტ.1, ს.ფ. 290 - 300).

7. საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესი 2017 წლის 28 თებერვალს ჩაინიშნა, რომლის თაობაზეც, აპელანტის (მოპასუხის) წარმომადგენელს, ნ. ფ.-ს სატელეფონო საშუალებით 2017 წლის 4 თებერვალს ეცნობა (ს.ფ. 274). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნ. ფ.-ის, როგორც ი. შ.-ს წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადაზე და ფარგლებზე (ს.ფ. 131). ამასთან, აღნიშნავს, რომ ინფორმაცია მოპასუხისთვის სასამართლო პროცესის დანიშვნის თაობაზე გონივრული დროით ადრე იყო მიწოდებული. შესაბამისად არგუმენტი მასზედ, რომ მინდობილობები ნ. წ.-ისა და გ. დ.-ს სახელზე 2017 წლის 27 თებერვალს გაიცა, მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან პროცესის დღემდე, ერთი დღით ადრე, მინდობილობის გაცემა მხარის საპროცესო-სამართლებრივი რისკია და აღნიშნული გარემოება, უპირობოდ, საქმის გადადების წინაპირობა ვერ იქნება. უფრო მეტიც, სასამართლო განმარტავს, რომ არათუ წინა დღეს მინდობილობის გაცემა, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის კონტექსტში მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტაც კი არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. ამგვარი პროცესუალური დანაწესის სამართლებრივი საფუძველია მხარის მოვალეობა, სასამართლო სხდომის დღის თარიღის მისთვის გონივრული ვადით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, სამართალწარმოების ხელოვნურად გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ყველა გონივრული და ობიექტურად მის ხელთ არსებული ზომა მიიღოს. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება მხარისათვის გონივრული ვადით ადრე შეტყობინება მასზედ, რომ სასამართლო პროცესი 2017 წლის 28 თებერვალს გაიმართებოდა. საქმის მასალებით არ დასტურდება და არც აპელანტი უთითებს რაიმე ისეთ ობიექტურ გარემოებაზე, რომელიც სხდომის დღის 14 დღით ადრე შეტყობინების პირობებში, მინდობილობის გასაცემად მხარის საპროცესო-სამართლებრივ მზაობას გამორიცხავდა.

8. აპელანტი სადავოდ ხდის ასევე მისთვის საპროცესო ხარჯების დაკისრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია მხარის მიერ საქმის განხილვის მიზნებისათვის გაწეული სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე და 53-ე მუხლების კონტექსტში, ერთიანობაში პროცესის ხარჯებს შეადგენს და მოგებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად ანაზღაურებას ექვემდებარება, შესაბამისად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საპროცესო ხარჯის სახით 626,05 ლარისა და ადვოკატის ხარჯის სახით 400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულია და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს ეფუძნება (იხ. ტ.1, ს.ფ. 32, 39, 40,41, 42, 46,47, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. შ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 390 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. შ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტი.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.




I შეჯამება:
სასამართლო სხდომის თარიღის გონივრული ვადით ადრე შეტყობინების პირობებში მხარემ მის ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და არ სცადოს სამართალწარმოების ხელოვნურად გაჭიანურება. წარმომაგენლისთვის მინდობილობის სხდომამდე 1 დღით ადრე გაფორმება ვერ ჩაითვლება სხდომის გადადებისთვის საკმარის საფუძვლად.
განმარტებული ნორმები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 70.2; 99.
თეგები:
სხდომის თარიღის შესახებ შეტყობინება, გონივრული ვადა, სამართალწარმოების ხელოვნურად გაჭიანურება, სხდომის გადადება.
განმარტების სრული ტექსტი:
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნ. ფ.-ის, როგორც ი. შ.-ს წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადაზე და ფარგლებზე (ს.ფ. 131). ამასთან, აღნიშნავს, რომ ინფორმაცია მოპასუხისთვის სასამართლო პროცესის დანიშვნის თაობაზე გონივრული დროით ადრე იყო მიწოდებული. შესაბამისად არგუმენტი მასზედ, რომ მინდობილობები ნ. წ.-ისა და გ. დ.-ს სახელზე 2017 წლის 27 თებერვალს გაიცა, მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან პროცესის დღემდე, ერთი დღით ადრე, მინდობილობის გაცემა მხარის საპროცესო-სამართლებრივი რისკია და აღნიშნული გარემოება, უპირობოდ, საქმის გადადების წინაპირობა ვერ იქნება. უფრო მეტიც, სასამართლო განმარტავს, რომ არათუ წინა დღეს მინდობილობის გაცემა, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის კონტექსტში მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტაც კი არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. ამგვარი პროცესუალური დანაწესის სამართლებრივი საფუძველია მხარის მოვალეობა, სასამართლო სხდომის დღის თარიღის მისთვის გონივრული ვადით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, სამართალწარმოების ხელოვნურად გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ყველა გონივრული და ობიექტურად მის ხელთ არსებული ზომა მიიღოს. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება მხარისათვის გონივრული ვადით ადრე შეტყობინება მასზედ, რომ სასამართლო პროცესი 2017 წლის 28 თებერვალს გაიმართებოდა. საქმის მასალებით არ დასტურდება და არც აპელანტი უთითებს რაიმე ისეთ ობიექტურ გარემოებაზე, რომელიც სხდომის დღის 14 დღით ადრე შეტყობინების პირობებში, მინდობილობის გასაცემად მხარის საპროცესო-სამართლებრივ მზაობას გამორიცხავდა.