ნახვები: 306
საქმის ნომერი: 2ბ/1775-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/1775-17 (2017-07-06), www.temida.ge
საქმის № 2ბ/1775-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       06 ივლისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - ს. დ.

წარმომადგენელი - ნ. გ.

მოწინააღმდეგე მხარე - ა. ა.

წარმომადგენელი - ე. ა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონოდ ჩაკეტილი გზის გახსნა

1. ა. ა.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხე ს. დ.-ისათვის მოსარჩელის სახლთან მისასვლელი, ქ. ახალქალაქში, ნ.-ს შესახვევში მდებარე სამანქანო გზის გახსნის დავალება, კერძოდ, უკანონოდ აშენებული კედლის დანგრევა და 1,4 მეტრით შესახვევის მხრიდან და 1,1 მეტრით შუა ნაწილში მისი უკან დაწევა.

2. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა დაწყებული ავტოფარეხის მშენებლობა, რომლის ნაწილი გამოდიოდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებიდან და ნაწილობრივ ამცირებდა გასასვლელი გზის სიგანეს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მითითების საფუძველზე მან აშენებული კედლის ნაწილი დაანგრია, ხოლო აშენებული კედლის დარჩენილი ნაწილი მოსარჩელეს ხელს არ უშლის.

3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ა.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ს. დ.-ს დაევალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ XX.XX.XX.XXX) მიმდებარედ ა. ა.-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან (ს/კXX.XX.XX.XXX) მისასვლელ საერთო სარგებლობის გზაზე განხორციელებული მშენებლობის დროს მოწყობილი კედლების მოშლა, რომლებიც საქართველოს საჯარო რეესტრში დაფიქსირებული წითელი ხაზების მონაცემებს ნ.-ს შესახვევის მხრიდან 1,4 მეტრით სცილდება, ხოლო მის მოპირდაპირე მხრიდან - 1,1 მეტრით (ლ. ს.-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის №XXXXXXXXX დასკვნის №1 და №2 დანართის მიხედვით).

ამავე სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით ს. დ.-ს ა. ა.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ ექსპერტის მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის 200 (ორასი) ლარის გადახდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილებები ს. დ.-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. მოსარჩელე ა. ა.-ს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, 236.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზედ არსებული შენობა-ნაგებობანი, მდებარე ქ. ახალქალაქში ძ.-ს ქუჩა №X-ში (საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX). ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 26 თებერვლის N75 განკარგულებით ძ.-ს ქუჩას სახელწოდება შეეცვალა და იგი, ამჟამად, გ. ჰ.-ს ქუჩად იწოდება (ტ.1. ს.ფ. 22-23; 47; 56-70).

6. მოსარჩელის მეზობლად მოპასუხე ს. დ.-ს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, 192.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ახალქალაქში, ნ.-ს ქუჩა №XX-ში (საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX ) (ტ.1. ს.ფ. 24; 56-70).

7. ა. ა.-ის საკუთრებაში არსებულ სახლთან მისასვლელი გზა გადის ნ.-ს შესახვევის მხრიდან (ტ.1. ს.ფ. 219-230; 244-256).

8. ს. დ.-ის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კXX.XX.XX.XXX) მიმდებარედ, ნ.-ს შესახვევის მხრიდან საერთო სარგებლობის გზაზე განხორციელებული მშენებლობის დროს მოწყობილია კედლები, რომლებიც საქართველოს საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ წითელი ხაზების მონაცემებს 1,4 მ-ით და 1,1 მ-ით სცილდება (ტ.1. ს.ფ. 219-230; 89-90).

9. ს. დ.-ის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კXX.XX.XX.XXX) მიმდებარედ, ნ.-ს შესახვევის მხრიდან განხორციელებული მშენებლობის ნაწილი, რომელიც მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრებიდან გამოდის, არის უკანონო, რაზედაც ს. დ.-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან შეთავაზება მიეცა, დაანგრიოს უკანონოდ დაწყებული მშენებლობა და ტერიტორიას მისცეს პირველადი სახე (ტ.1. ს.ფ. 14; 56-70).

10. ს. დ.-ის მიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კXX.XX.XX.XXX) მიმდებარედ საერთო სარგებლობის გზაზე განხორციელებული მშენებლობის დროს მოწყობილი კედლები ა. ა.-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან (ს/კ XX.XX.XX.XXX ) საერთო სარგებლობის გზას 1,40 მეტრით და 1,10 მეტრით ავიწროებს (ტ.1. ს.ფ. 219-230).

11. ს. დ.-ის მიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კXX.XX.XX.XXX) მიმდებარედ საერთო სარგებლობის გზაზე განხორციელებული მშენებლობის დროს მოწყობილი კედლები ხელს უშლის ა. ა.-ს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან (ს/კXX.XX.XX.XXX) მისასვლელი საერთო გზის სარგებლობაში.

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად კი ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

13. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ახალქალაქში, ძ.-ს (ამჟამად გ. ჰ.-ის) ქუჩა №X-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) მოსარჩელე ა. ა.-ის საკუთრებაა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის, ს. დ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) მიმდებარედ საერთო სარგებლობის გზაზე განხორციელებული მშენებლობის დროს მოწყობილი კედლები ს. დ.-ის საკუთრების ფარგლებს სცილდება და მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან მისასვლელ საერთო სარგებლობის გზას ავიწროებს. ამასთან, ს. დ.-ის მიერ განხორციელებული მშენებლობა საქართველოს საჯარო რეესტრში დაფიქსირებული წითელი ხაზების მონაცემებს ნ.-ს შესახვევის მხრიდან 1,4 მეტრით სცილდება, ხოლო მოპირდაპირე მხრიდან -1,1 მეტრით. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 14 აპრილის ადგილზე დათვალიერების ოქმიდან (ტ.1. ს.ფ. 89-90) და ლ. ს.-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 18 ივლისის #XXXXXXXX დასკვნიდან (ტ.1. ს.ფ. 219-230).

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ (ტ.1. ს.ფ. 14) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 13 ნოემბრის #XXXX/XX ქ. ახალქალაქში მ.-ის შესახვევის, დ.-სა და ნ.-ს ქუჩაზე მცხოვრებ ა. ა.-ის და სხვების კოლექტიური წერილის პასუხზე, რომლის თანახმადაც, „ადგილზე შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ს. დ.-ს ნამდვილად დაუწყია ავტოფარეხის მშენებლობა მისი საცხოვრებელი სახლისა და ორსართულიანი მაღაზიის ქვეშ. აღნიშნული მშენებლობა არის უკანონო. მისი ნაწილი გამოდის მესაკუთრის საკადასტრო გეგმით აღნიშნულ მიწის ნაკვეთიდან და ნაწილობრივ ამცირებს გასასვლელი გზის სიგანეს, რის საფუძველზეც მშენებელს, ვთავაზობთ, რათა მან მიღების დღიდან ერთი კვირის განმავლობაში დაანგრიოს უკანონოდ დაწყებული მშენებლობა და აღნიშნულ ტერიტორიას მისცეს პირველადი სახე“.

საგულისხმოა ასევე საქმეში წარმოდგენილი (ტ.1. ს.ფ. 15) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს 2016 წლის 19 იანვრის #XX/X-XX/XXX ქ. ახალქალაქში, გ. ჰ.-ს ქ. #X-ში მცხოვრები ა. ა.-ის განცხადების პასუხი, რომლის მიხედვითაც „ქ. ახალქალაქში მცხოვრებ ს. დ.-თან მოხდა გასაუბრება და დადგინდა, რომ მის მიერ უკანონო მშენებლობა, რომელიც მდებარეობს ქ. ახალქალაქში ნ.-ს ქ. #XX-ში ამ დროისათვის არის დემონტირებული. შენობა დაუბრუნდა მის პირვანდელ ზომებს. ს. დ.-ის სიტყვებით ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი მიითვისა ლეგალიზების მიზნით. ზემოაღნიშნული უკანონო მფლობელობა დემონტირებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნის საფუძველზე. ასევე მოგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის #XXXX/XX 13/11/2016, თანახმად მშენებლობა არღვევს საზღვარს 4,30 მ-ით რომელიც იჭრება საერთო სარგებლობის გზაზე“.

აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს. დ.-ის მიერ საერთო სარგებლობის გზაზე განხორციელებულ იქნა უკანონო მშენებლობა. უკანონო მშენებლობის მიზანი კი შემდგომში უკანონოდ დაუფლებული მიწის მისაკუთრება იყო. შესაბამისად, აღნიშნული მიზანი იმთავითვე წინააღმდეგობაში მოდის ა. ა.-ისა და სხვა იმ მესაკუთრეთა კანონიერ ინტერესებთან, რომლებიც აღნიშნული სადავო საერთო სარგებლობის გზით სარგებლობდნენ. ს. დ.-ის მიზნის მიღწევის შემთხვევაში, საერთო სარგებლობის გზის ნაწილი მის კერძო საკუთრებად შეიძლება იქცეს. აღნიშნული ცალსახად შელახავს ა. ა.-ის და სხვა მეზობლების უფლებას, ისარგებლონ ფართო საერთო სარგებლობის გზით და გამოიყენონ ფართო საერთო სარგებლობის გზის ყველა ის სიკეთე, რაც ჩვეულებრივ პირობებში იქნებოდა შესაძლებელი, იმ მოცულობითა და კონფიგურაციით, რაც ს. დ.-ის მიერ უკანონო მშენებლობის განხორციელებამდე იყო შესაძლებელი. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით. ა. ა.-ის იურიდიული ინტერესი დადასტურებულია და მდგომარეობს, იმაში, რომ შეინარჩუნოს საერთო სარგებლობის გზა იმ მოცულობით და იმ კონფიგურაციით, რაც თავიდანვე არსებობდა და არ დაუშვას საერთო სარგებლობის თვითნებური დავიწროება მისი და სხვა მეზობლების თანხმობის გარეშე.

საქმეში წარმოდგენილი ლ. ს.-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 18 ივლისის #XXXXXXXXX დასკვნის (ტ.1. ს.ფ. 219-230) თანახმად, ს. დ.-ის მიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კXX.XX.XX.XXX) მიმდებარედ საერთო სარგებლობის გზაზე განხორციელებული მშენებლობის დროს მოწყობილია კედლები, რომლებიც საქართველოს საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ წითელი ხაზების მონაცემებს 1,4 მ-ით და 1,1 მ-ით სცილდება. (იხ. დანართი #1 და დანართი #2). სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით, მეორეხარისხოვანი გზებისთვის დასაშვებია მოძრაობის ზოლის სიგანე 3,50 მ. იყოს და მოძრაობის ზოლების რაოდენობა ერთ ერთეულს შეადგენდეს. სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით, ქუჩების სავალი ნაწილების დამრგვალებები შემჭიდროვებულ პირობებში დასაშვებია 5 მ.-ს და 8 მ.-ს შეადგენდეს. ს. დ.ის მიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ)XX.XX.XX.XXX მიმდებარედ საერთო სარგებლობის გზაზე კედლების დღეის მდგომარეობით მოწყობის შემთხვევაში სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით განსაზღვრული მეორეხარისხოვანი გზის მოწყობის პირობები დაკმაყოფილდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტის მიერ გაცემულ იქნა დასკვნა მასზედ, რომ ა) ს. დ.-ის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კXX.XX.XX.XXX) მიმდებარედ საერთო სარგებლობის გზაზე განხორციელებული მშენებლობის დროს მოწყობილი კედლები ა. ა.-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან (ს/კXX.XX.XX.XXX) საერთო სარგებლობის გზას 1,40 მეტრით და 1,10 მეტრით ავიწროებს; ბ) ს. დ.-ის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კXX.XX.XX.XXX) მიმდებარედ საერთო სარგებლობის გზაზე განხორციელებული მშენებლობით მსუბუქი და სატვირთო ავტოტრანსპორტის მისვლის შესაძლებლობა მოსარჩელის ა. ა.-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან (ს/კXX.XX.XX.XXX) არ იზღუდება; გ) ს. დ.-ის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კXX.XX.XX.XXX) მიმდებარედ საერთო სარგებლობის გზაზე განხორციელებული მშენებლობით მოსარჩელეს ა. ა.-ს თავისი საკუთრებით (ს/კXX.XX.XX.XXX) სარგებლობაში ხელი არ ეშლება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტი, მართალია, ადგენს, რომ საერთო სარგებლობის გზით სარგებლობა კვლავ შესაძლებელია, მაგრამ ცალსახად დგინდება ასევე საერთო სარგებლობის გზის დავიწროების ფაქტიც. ამდენად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საკითხი მასზედ, თუ რამდენად გამორიცხავს მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს ფაქტი მასზედ, რომ საერთო სარგებლობის გზით სარგებლობა კვლავ შესაძლებელია მისი დავიწროების პირობებშიც. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული არგუმენტი არ გამოდგება მოსარჩელის კანონიერი იურიდიული ინტერესის გაუმართლებლად მიჩნევისათვის, ვინაიდან მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს სწორედ რომ საერთო სარგებლობის ფართო გზის დაუბრკოლებლად გამოყენება წარმოადგენს, მისი თვითნებური შევიწროების გარეშე. მისი ინტერესია ისარგებლოს საერთო სარგებლობის ფართო გზის ყველა სიკეთით (მანქანის გაჩერება, თავისუფალი მანევრირება და ა ა. შ.), თავისუფალი გამოყენების ფარგლებში. მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ სერთო სარგებლობის გზის დავიწროებით მაინც შეიძლება სარგებლობა, მოსარჩელის იურიდიული ინტერესის გამაქარწყლებელ ვარგის არგუმენტად ვერ გამოდგება. საერთო სარგებლობის გზით, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, თავისუფლად სარგებლობის უფლება მესაკუთრის უფლებაა, რომელიც მისი საკუთრების თანმხლებ აქცესორულ უფლებად განიხილება. შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვის აღკვეთა მესაკუთრის დასაბუთებულ იურიდიულ ინტერესში შედის.

ამდენად, სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, მასზედ, რომ ს. დ.-ის მიერ საერთო სარგებლობის გზაზე განხორციელებული მშენებლობით მოსარჩელე ა. ა.-ს თავისი საკუთრებით სარგებლობაში ხელი ეშლება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტის დასკვნა, ძირითადად, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მშენებლობისაგან დარჩენილი გზის თავისუფალი ნაწილის სიგანე სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით დადგენილ მეორეხარისხოვანი გზებისათვის დასაშვებ მინიმალურ სიგანეს შეესაბამება. სასამართლოს მოსაზრებით კი, აღნიშნული არგუმენტი არასაკმარისია ხელშეშლის გამორიცხვისათვის. ა. ა.-ის საცხოვრებელი სახლის სადავო მშენებლობასთან მეზობლად მდებარეობა თავისთავად განაპირობებს მის იურიდიულ ინტერესს, არ დაუშვას საერთო სარგებლობის გზაზე უკანონო ნაგებობის მშენებლობა. ასეთ ვითარებაში ვერ ვიტყვით, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფას ადგილი არ აქვს. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამშენებლო ნორმებითა და წესებით მეორეხარისხოვანი გზებისათვის დასაშვები მინიმალური სიგანის განსაზღვრა არ გამორიცხავს იმას, რომ ასეთი კატეგორიის გზა იყოს უფრო ფართო, საამისო შესაძლებლობის არსებობის პირობებში, იქ სადაც საერთო სარგებლობის გზა იმთავითვე ამგვარად იქნა მოწყობილი. განსახილველ შემთხვევაში, სადავო მშენებლობამდე ა. ა.-ს ჰქონდა საშუალება, თავის სახლთან მისასვლელად უფრო ფართო გზით ესარგებლა. ამდენად, აღნიშნული შესაძლებლობის შეზღუდვა თავისთავად იწვევს მესაკუთრის უფლების შელახვას. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ტერიტორია არ წარმოადგენს არც ერთი მხარის საკუთრებას, შესაბამისად, არის თვითმმართველი ერთეულის კუთვნილება, ანუ მითითებული ტერიტორია არის საერთო სარგებლობის და წარმოადგენს საჯარო ნივთს. აღნიშნული ნივთით სარგებლობის უფლება ორივე მხარეს თანაბრად აქვს და მისი თვითნებურად შეზღუდვა დაუშვებელია. ასეთ პირობებში კი არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, აქვს თუ არა ს. დ.-ს მიღებული სადავო ნაგებობის მშენებლობის ნებართვა. დადგენილია, რომ ს. დ.-ის მიერ განხორციელებული მშენებლობა არის უკანონო და მას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მის წარმოებაზე ნებართვა არ გააჩნია. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები“ უშვებს შესაძლებლობას გარკვეული კატეგორიის მშენებლობის განხორციელებას მშენებლობის ნებართვის გარეშე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს წესი ეხება არასაზოგადოებრივ, კერძო მიწის ნაკვეთებს.

სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო ხელყოფის აკრძალვის მართლზომიერებისათვის სახეზე უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის კანონით დაცული უფლების უკანონო ხელყოფა. ამის განსაზღვრისთვის აუცილებელია დადგინდეს მოსარჩელე არის თუ არა ნივთის მესაკუთრე ან მართლზომიერი მფლობელი; მოპასუხე ხელყოფს თუ არა მოსარჩელის საკუთრებას ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნივთს და მოპასუხეს აქვს თუ არა ნივთის ხელშეუხებლობის დარღვევის უფლება.

დადგენილია, რომ მოსარჩელეს ეზღუდება მის სახლთან მისასვლელი ფართო გზით სარგებლობის შესაძლებლობა. მოპასუხეს აღნიშნული მშენებლობის განხორციელებაზე ნებართვა არ აქვს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და სწორად იქნა დაკმაყოფილებული.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

ამავე ნორმის 31 ნაწილით განსაზღვრულია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის პროცესუალური წესი და დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მოთხოვნის განხილვის კიდევ ერთ სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261- ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლითაც იმპერატიულ წინაპირობად მიჩნეულია შემდეგი: დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

15. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ 7 დღიან ვადაში მომართა (ტ.1. ს.ფ. 316-318). ამასთან, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, ექსპერტიზის მომსახურებისათვის მხარის მიერ გაწეული ხარჯების საკითხი არ გადაწყდა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის მომსახურებისათვის გადახდილი იქნა 200 (ორასი) ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება მოპასუხეს მართებულად დაეკისრა. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არც დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა არსებობს.

16. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 160 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის განხილვის დროისათვის, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე, მოსარჩელეს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა და შესაბამისი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, სასამართლოს შეკითხვაზე, ითხოვენ, თუ არა საადვოკატო მომსახურების ანაზღაურებას, პასუხი უარყოფითია, რაც სასამართლო სხდომის ოქმში ასახულია (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის სხდომის ომი).

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს. დ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.




შეჯამება 1
მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდება საქმეში მითითებული გარემოებები და მოთხოვნები.

განმარტებული ნორმა:
სსსკ-ის 102.1 მუხლი
თეგები:
მტკიცების ტვირთი, მტკიცების ტვირთის გადანაწილება
განმარტები სრული ტექსტი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.


შეჯამება 2
ნორმა ხშირ შემთხვევაში გაგებული უნდა იქნეს არა ცალკეული სიტყვებით, არამედ მთლიანად ერთობლიობაში.
განმარტებული ნორმა:
სსსკ-ის 55-ე მუხლი
თეგები:
სახელმწიფო ბაჟი, სარჩელზე უარის თქმა, სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები
განმარტების სრული ტექსტი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.