ნახვები: 137
საქმის ნომერი: 2ბ/6473-16
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/6473-16 (2017-11-30), www.temida.ge
საქმის № 2ბ/6473-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       30 ნოემბერი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

აპელანტი - ი. ბ.

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ნ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

1. ი. ბ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოპასუხე მ. ნ.-ს მოსარჩელე ი. ბ.-ს სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 5 377,5 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ბ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ბ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი NXXXXXXXXX ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში თ.-ს NXX, NXX ბინაში დაზიანებული ჭერების, კედლების და პარკეტის აღდგენაზე საჭირო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება, სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნათა და ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით, 5377,75 ლარს შეადგენს. ამავე დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, თ.-ს NXX, NXX ბინაში წყლის ჩამოდინების კვალი ზედა სართულის საცხოვრებელი ბინიდან შეინიშნება (ტომი 1, ს.ფ. 14-32).

6. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტს მასზედ, რომ მოპასუხე მ. ნ.-ს საცხოვრებელი ფართიდან მოსარჩელის ფართში წყალმა დაზიანებული სახურავიდან გაჟონა. საგულისხმოა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიზეზით მის ბინაში წყლის გაჟონვის დასადასტურებლად ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რომლიდანაც მხოლოდ ის ფაქტი დგინდება, რომ წყალმა მოსარჩელის ბინაში მ. ნ.-ს ბინიდან გაჟონა, თუმცა, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ ფაქტი მასზედ, რომ წყალმა მოსარჩელე ი. ბ.-ს ბინაში მოპასუხე მ. ნ.-ს ბინიდან გაჟონა, საკმარისი არ არის დასკვნისათვის, რომ მ. ნ. აღნიშნული გაჟონვით ი. ბ.-ს წინაშე მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის არის პასუხისმგებელი.

7. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი NXXXXXXXXX ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში თ.-ს NXX-ში მესამე სართულზე მდებარე მ. ნ.-ს ბინასა და მის ქვემოთ არსებულ ბინაში დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დადგენა შეუძლებელია აღნიშნულ ფართებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გამო. დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში თ.-ს NXX-ში მესამე სართულზე მდებარე მ. ნ.-ს ბინაში ფოტომასალაზე ნაჩვენები დაზიანების გამომწვევ მიზეზს, შესაძლოა, ქვედა სართულზე ანალოგიური დაზიანებები გამოეწვია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 80-82).

8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი კუთვნილი ფართი 2015 წლის 10 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდში დაზიანდა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ქალაქ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე იმავე პერიოდში განხორციელებული შეტყობინებებიდან და მთაწმინდის რაიონის გამგეობის სახელზე გაგზავნილი წერილიდან დგინდება, რომ ივნისის შუა რიცხვებში მოპასუხის ბინაშიც გაჟონა წყალმა, რისი მიზეზიც საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავიდან წვიმის წყლის ჩასვლა იყო. (იხ. შეტყობინება და წერილი, ს.ფ. 64-71). მოსარჩელეს წვიმის წყლით მისი ბინის დაზიანების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის სახურავის დაზიანების ფაქტს, აღნიშნული დგინდება, როგორც მერიის ცხელ ხაზზე გაგზავნილი შეტყობინების შინაარსიდან, ისე მთაწმინდის რაიონის გამგებლის სახელზე გაგზავნილი წერილიდან, რომლითაც მოპასუხის ოჯახის წევრი დაზიანებული სახურავის შეკეთებას ითხოვს.

9. მოსარჩელე ი. ბ.-თვის ზიანის მიყენება მის საკუთრებაში არსებული ფართის დაზიანებაში გამოიხატება, რაც, როგორც თავად მიუთითებს, ზედა სართულიდან ჩამოჟონილი წყლის ზემოქმედებით არის გამოწვეული. სააპელაციო წესით საქმის განმხილველი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მ. ნ.-ს ფართიდან მოსარჩელე ი. ბ.-ს ფართში წყალმა დაზიანებული სახურავიდან გაჟონა. თუმცა, ი. ბ.-მ ვერ დაადასტურა, რომ მ. ნ.-მ მის მფლობელობაში არსებული ფართის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნების ვალდებულება დაარღვია, შესაბამისად, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი მისი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების შედეგად დაზიანდა. ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მტკიცებულებაზე, რომლის მიხედვითაც, დასტურდება, რომ რ. თ.-ს ქუჩა NXX-ში არსებული შენობა სამსართულიანია, რომლის ბოლო სართულზე მდებარე ბინა მ. ნ.-ს ეკუთვნის. აღნიშნული სახლის სახურავი დაზიანებულია, რის თაობაზეც თბილისის მერიას მ. ნ.-მ 2014 წლის სექტემბრის თვეში მიმართა. თბილისში 2015 წლის 13 ივნისის სტიქიური უბედურების შემდეგ კი მან სახურავის შეკეთების შესახებ მოთხოვნა მთაწმინდის რაიონის გამგებლის სახელზე წარადგინა, რის საპასუხოდაც გამგეობამ განმცხადებელს განუმარტა, რომ მას საჭირო დოკუმენტაციის მისაღებად ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილებისათვის უნდა მიემართა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 64, 67, 68, 69, 70, 71, 72). უფრო მეტიც, თავად მოსარჩელე ი. ბ.-ს მიერ წარმოდგენილი პატრულის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმიდან დასტურდება, რომ ი. ბ.-ს კუთვნილი ბინა და ნივთები 2015 წლის 13 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა (ტომი 1, ს.ფ.12-13). ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, მ. ნ.-ს სახლში არსებულ დაზიანების გამომწვევ მიზეზს შესაძლოა, ქვედა სართულზე ანალოგიური დაზიანებები გამოეწვია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 80-82).

10. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამხანაგობის თითოეული წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობაში. შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ერთი წევრის მიერ აღნიშნული ვალდებულების მხოლოდ საკუთარი ხარჯებით, დამოუკიდებლად შეუსრულებლობა არ შეიძლება გახდეს მისთვის ბინათმესაკუთრეთა საერთო საკუთრებაში არსებული ქონების დაზიანებით გამოწვეული ზიანის დაკისრების წინაპირობა. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი სამართლებრივი საფუძვლიდან, კერძოდ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლოატაციისათვის საჭირო ხარჯების გაწევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 956-ე მუხლის შესაბამისად კი, საზიარო საგანს მონაწილენი ერთობლივად მართავენ. თითოეულ მოწილეს უფლება აქვს საგნის შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები განახორციელოს სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშეც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 960-ე მუხლის მიხედვით, თითოეული მოწილე სხვა მოწილეთა მიმართ ვალდებულია თავისი წილის თანაზომიერად იკისროს საზიარო საგანთან დაკავშირებული ხარჯები.

11. ამდენად, სააპელაციო პალატა ადგენს, რომ ი. ბ.-თვის მიყენებული ზიანი მ. ნ.-ს განზრახ, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით კი არ არის გამოწვეული, არამედ ბინათმესაკუთრეთა საერთო თანასაკუთრებაში არსებული სახურავის დაზიანებით, რომლის შეკეთება არამხოლოდ მ. ნ.-ს, არამედ სხვა თანამესაკუთრეების, მათ შორის, ი. ბ.-ს მოვალეობასაც შეადგენს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 960-ე მუხლის მიხედვით, თითოეული მოწილე სხვა მოწილეთა მიმართ ვალდებულია თავისი წილის თანაზომიერად იკისროს საზიარო საგანთან დაკავშირებული ხარჯები. უფრო მეტიც, საზიარო საგნის დაზიანებით ერთ-ერთი თანამონაწილისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში აღნიშნული თანამონაწილე უფლებამოსილია, სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშე გაიღოს ხარჯები, რისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც მას თავისი წილის გამოკლებით სხვა მონაწილეებისაგან უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად აქვს. შესაბამისად, ი. ბ.-მ არ გამოიყენა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 956-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლება, რამაც მისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია, არ აძლევს მას უფლებას, აღნიშნული ზიანის ანაზღაურება საზიარო საგნის მხოლოდ ერთ-ერთ მოწილეს, მ. ნ.-ს მოსთხოვოს.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 215.10 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

14. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 600 ლარის ოდენობით, ანაზღაურების თაობაზე იშუამდგომლა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, აღნიშნული შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ი. ბ.-ს მ. ნ.-ს სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. დაეკისროს ი. ბ.-ს მ. ნ.-ს სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით;

4. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.




I შეჯამება:
ერთი წევრის მიერ აღნიშნული ვალდებულების მხოლოდ საკუთარი ხარჯებით, დამოუკიდებლად შეუსრულებლობა არ შეიძლება გახდეს მისთვის ბინათმესაკუთრეთა საერთო საკუთრებაში არსებული ქონების დაზიანებით გამოწვეული ზიანის დაკისრების წინაპირობა.
განმარტებული ნორმები:
საქართველოს კანონი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ მუხლი 21, პუნქტი 1, ქვეპუნქტი (ა).
თეგები:
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ვალდებულება, საერთო საკუთრება.
განმარტების სრული ტექსტი:
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია:
ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება, რომ ამით სხვა მესაკუთრეს არ მიადგეს ზიანი, და იმოქმედოს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლებში.

II შეჯამება:
ბინათმესაკუთრეთა თანასაკუთრებაში არსებული დაზიანებული საერთო ქონების შეკეთებაში ვალდებულია არამხოლოდ ერთი პიროვნება, არამედ სხვა თანამესაკუთრეებიც.
განმარტებული ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 960
თეგები:
წილის თანაზომიერად, საზიარო საგანი.
განმარტების სრული ტექსტი:
თითოეული მოწილე სხვა მოწილეთა მიმართ ვალდებულია თავისი წილის თანაზომიერად იკისროს საზიარო საგანთან დაკავშირებული ხარჯები.