საქმის ნომერი: ას-908-2019
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
მოსამართლე: პაატა ქათამაძე(თავმჯდომარე), ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-664-635-2016, ას-937-887-2015, ას-17-14-2015, ას-1069-1008-2015, ას-869-819-2015, ას-181-174-2016, ას-1025-967-2015, ას-407-390-2016, ას-375-359-2016, 2ბ/4905-16,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს აღიარებითი სარჩელით და მოითხოვა უძრავ ქონებაზე მეორე და მესამე პირს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. პირველი და მეორე ინსტანციიის სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, ხელშეკრულება ცნო ბათილად, უზენაესმა სასამართლომ კი წინა ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და მიუთითა, რომ სარჩელი თავიდანვე იყო დაუშვებელი, ვინაიდან შესაძლებელი იყო მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა.
ციტირებისთვის: საქართველოს უზენაესი სასამართლო, განჩინება, საქმე №ას-908-2019 (2020-09-18), www.temida.ge
საქმის № ას-908-2019

განჩინება
საქართველოს სახელით
       18 სექტემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
პაატა ქათამაძე
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – თ.ჩ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. კასპის რაიონის, სოფ. ........ 1734 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ……) 2010 წლის 29 ნოემბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა გ.მ–ის, გ.მ–ის და ბ.მ-მ–ის საკუთრებად (შედეგში - გამყიდველები, ქონების თავდაპირველი მესაკუთრეები, პირველი მოპასუხეები).

2. კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გამყიდველთა საკუთრებაში რიცხული 1734 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ....) გაიმიჯნა და ქონების თავდაპირველ მესაკუთრეთა სახელზე დარეგისტრირდა ორი - 301 კვ.მ (ს/კ№.....) და 1433 კვ.მ (ს/კ №.....) მიწის ნაკვეთები.

3. 2010 წლის 8 დეკემბერს ქონების თავდაპირველ მესაკუთრეებსა და თ.ჩ–ძეს (შემდეგში მყიდველი, მეორე მოპასუხე, კასატორი) შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 1433 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღირიცხა მყიდველის სახელზე. ხოლო 2011 წლის 14 დეკემბერს ქონების თავდაპირველ მესაკუთრეთა და ე.ა–ს (შემდეგში დასაჩუქრებული, მესამე მოპასუხე) შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 301 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა დასაჩუქრებულის სახელზე.

4. 2010 წლის 8 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას მყიდველს წარმოადგენდა მინდობილი პირი - ა.თ–ი (შემდეგში მყიდველის წარმომადგენელი).

5. მეორე მოპასუხის სახელზე №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება გაერთიანდა №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან და ახალი საკადასტრო კოდით №..... აღირიცხა მეორე მოპასუხის სახელზე.

6. კასპის რაიონის, სოფ. ....... მიწის განაწილების სიებით თ.კ–ის (შემდეგში მოსარჩელე) სახელზე პირად საკუთრებაში ირიცხება: ფაქტობრივი ფლობით 0.27ჰა მიწის ფართობი, ახლად გასაცემი ფართობიდან ეძლევა 0.48 ჰა, სულ - 0.75 ჰა.

7. 2014 წლის 24 იანვარს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა კასპის რაიონის სოფ, ........ მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის 2014 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, სარეგიტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს ((ს/კ №..... და ს/კ № ......) შორის ზედდების გამო, მოსარჩელის განცხადებაზე შეწყდა წარმოება, კერძოდ, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

8. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ........ მდებარე 1734 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირველ მოპასუხეთა საკუთრებაში №.... საკადასტო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის 2010 წლის 29 ნოემბრის №882010876522-03 გადაწყვეტილება, ასევე სადავაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 6 დეკემბრის №882010901717-03 გადაწყვეტილება, რომლითაც პირველ მოპასუხეთა სახელზე №..... საკადასტრო კოდით აღირიცხა 301 კვ.მ, ხოლო №..... საკადასტო კოდით -1433 კვ.მ მიწის ფართი. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ როგორც მოსარჩელეს, ისე პირველ მოპასუხეებს უფლების დამდგენი დოკუმენტის - საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით ჰქონდათ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, თუმცა უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და კოორდინატები არ იყო დადგენილი, ამასთან საჯარო რეესტრში პირველ მოპასუხეთა სახელზე საკუთრების რეგისტრაციისას მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა მოხდა მხოლოდ ამ პირთა მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების მეშვეობით, ანუ მხოლოდ მათ მითითებაზე დაყრდნობით.

9. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილად ცნო ს/კ ..... და ს/კ ...... -ზე პირველ მოპასუხეთა თანასაკუთრების ამსახველი სარეგისტრაციო ჩანაწერი, თუმცა შესაბამის უძრავ ქონებაზე უცვლელი დარჩა მეორე და მესამე მოპასუხეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

10. 2017 წლის 31 იანვარს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მეორე და მესამე მოპასუხეებთან გაფორმებული ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებათა ბათილად ცნობა მოითხოვა.

11. პირველი და მესამე მოპასუხეები სასარჩელო მოთხოვნას დაეთანხმნენ, ხოლო მეორე მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით უარყო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა. მეორე მოპასუხის მტკიცებით, ის ქონების კეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენდა.

12. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ ბათილად ცნო პირველ მოპასუხეთა და მესამე მოპასუხეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება იმ ნაწილში, რომლითაც ის იჭრებოდა მოსარჩელის მიწის ნაკვეთში (300 კვ.მ-ზე) და პირველ მოპასუხეთა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მეორე მოპასუხის მიწის ნაკვეთი იჭრებოდა მესამე მოპასუხის მიწის ნაკვეთში.

12.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

12.2. სასამართლოს მოსაზრებით, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სიზუსტის პრეზუმფცია ვერ მიიჩნეოდა სარჩელის დაკამაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დადასტურდა სადავო მიწის ნაკვეთის არაუფლებამოსილი პირების მიერ გასხვისებისა და იმავდროულად ამ ქონების მეორე მოპასუხის მიერ არაკეთილსინდისიერად შეძენის ფაქტი, რაც სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, რომელმაც მისი ნაწილობრივ (მეორე მოპასუხის ნაწილში) გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14. სააპელაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებს დაეფუძნა:

14.1. აპელანტის მტკიცებით, ის ქონების კეთილსინდისიერი შემძენი იყო, რაც სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გაითვალისწინა;

14.2. აპელანტის განმარტებით, სარჩელი ხანდაზმული იყო. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება მასსა და პირველ მოპასუხეთა შორის 2010 წელს დაიდო, ხოლო სარჩელი სასამართლოს 2017 წელს, უძრავი ნივთების მიმართ მოქმედი 6 წლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით წარედგინა.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

15.2. სააპელაციო პალატის შეფასებით, მეორე და მესამე მოპასუხეთა მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ იყო თანხვედრაში ფაქტობრივ მონაცემებთან, რის შედეგადაც ნასყიდობის ხელშეკრულებით განიკარგა მოსარჩელის კუთვნილი 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

15.3. პალატამ პირველ მოპასუხეთა ახსნა განმარტების, მოწმეთა ჩვენებისა და გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით გამოარკვია, რომ მეორე მოპასუხისათვის ცნობილი იყო საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე. კერძოდ, მან ქონების გამსხვისებლებისგან იცოდა, რომ შესასყიდი ნაკვეთი მოსარჩელის ნაკვეთისგან გამოყოფილი იყო ქვის ყორით, შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება მისი კეთილსინდისიერების თაობაზე და საფუძვლიანად მიიჩნია სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაბათილება.

16. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

17. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

17.1. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელეს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი არ გააჩნია, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილება არ გააუმჯობესებს მის სამართლებრივ მდგომარეობას, შესაბამისად სსსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, სასამართლოს უარი უნდა ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

17.2. კასატორის განმარტებით, მის მიერ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილ მიწის ნაკვეთს ზედდება არ აქვს მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან, ხოლო მის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის შეჭრა მესამე მოპასუხის მიწის ნაკვეთის საზღვრებში, სცილდება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის ფარგლებს.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე განხილულია დაუშვებელი სარჩელი. შესაბამისად, როგორც გასაჩივრებული განჩინება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

20. მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე (ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, საკასაციო სასამართლო მხოლოდ 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში იმსჯელებს სარჩელის დასაშვებობაზე). აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები მოცემულია სსსკ-ის 180-ე მუხლში. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება, სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: № ას-437-409-17 29.09.17, №-ას 916—857-17 12.09.17, №ას-302-285-17, 16.06.17, №ას-244-232-17 19.05,17 №ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; №ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; № ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; № ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; № ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; № ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; № ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; № ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; №ას-407-390-2016, 10.6.2016წ; № ას-375-359-2016, 17.06.2016წ.) ამდენად, თუ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე სასამართლო გამოარკვევს, რომ მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა შესაძლებელია, სასამართლომ აღიარებითი სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიიღოს და არ უნდა განიხილოს.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (შდრ სუსგ. საქმე N ას-98-98-2018, 11 სექტემბერი, 2018 წელი).

22. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ იყო დასაშვები, რადგანაც ის არ პასუხობდა სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ნორმის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა ყოფილიყო აღინიშნული სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი („სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... (შდრ.სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.). განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის შინაარსიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო გარიგებით განკარგული ქონების დაბრუნებაა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ ზემოხსენებული გარიგების ბათილად ცნობით, მოსარჩელე ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებით სადავო ქონება მოსარჩელეს საკუთრებაში არ დაუბრუნდება და, შესაბამისად, ვერც აღსრულება ვერ მიექცევა მასზე.

23. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება რომ აღსრულებადი იყოს, აუცილებელია მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, სადავო ქონების დაბრუნების მოთხოვნით. სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო, კერძოდ, მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა სადავო ქონების მისი განკარგვის სფეროში დაბრუნება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. ასეთი სარჩელი მოსარჩელეს არ აღუძრავს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის 7.2 მუხლი) მაშინ, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. მოცემულ საქმეში ასეთი შემთხვევა ისაა, რომ მოსარჩელეს არ აღუძრავს მიკუთვნებითი სარჩელი, მაშინ, როდესაც ასეთი სარჩელის აღძვრა შესაძელებლი იყო. ეს კი, მოსარჩელის აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.

24. ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს, რომ, სსსკ-ის 248-ე მუხლის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას და ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმას, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით კი, წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია.

25. აქვე, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017).

26. საბოლოოდ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

27. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს და ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, სსსკ-ის 1991 მუხლის (სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან) საფუძველზე, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც და თ.ჩ–ძე გათავისუფლდეს კასპის რაიონში, სოფელ ......., მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (დაზუსტებული ფართობი: 3413 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: ......7 (ნაკვეთის წინა საკადასტო ნომერი: .......; ......)) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257.1-ე, 187.2-ე, 1991-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2-ე და მე-2 პუნქტები, ასევე ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, თ.ჩ–ძისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულის ხარჯის - 100 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ.კ–ის სარჩელი - 2010 წლის 8 დეკემბერს გ.მ–ს, გ.მ–ს, ბ.მ-მ–სა და თ.ჩ–ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ, 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასხვისების ნაწილში (კერძოდ, რომლითაც თ.ჩ–ძე ფაქტობრივად იჭრება ე.ა–ის საკუთრებაში) ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩეს განუხილველად;

4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც თ.ჩ–ძეს აეკრძალა კასპის რაიონში, სოფელ ......., მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (დაზუსტებული ფართობი: 3413 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: ...... (ნაკვეთის წინა საკადასტო ნომერი: ......; ......)) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.