ნახვები: 375
საქმის ნომერი: 1ბ/51-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/51-18 (2018-03-12), www.temida.ge
საქმის № 1ბ/51-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       12 მარტი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მანუჩარ კაპანაძე

პროკურორ - ქეთევან ვაშაკიძის,
ადვოკატ - გ. ფ.-ს მონაწილეობით,
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გამართლებულ ვ. ი.-ს ძე ძ.-ს მიმართ - დაბადებული 1956 წლის XX მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №XXXXXXXXXXX, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ. თ., ნ.-ს ქ. NXX, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ., ა.-ს ქ. NXX. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით.

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

ვ. ძ.-მ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 აგვისტოს განაჩენით ვ. ძ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. 2016 წლის 06 მარტს, ვ. ძ. ქ.თ.-ში ა.-ს ქუჩაზე ატარებდა ცივ იარაღს დანას, რაც ამოუღეს პირადი ჩხრეკისას.
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენით:
ვ. ძ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების საფუძველზე არ დადგინდა ვ. ძ.-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ.

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ვ. ძ.-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ გამომდინარეობს მხარეთა და საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღების ინტერესიდან, არღვევს სისხლის სამართლის კანონმდებლობის პრინციპებს, იგი დამყარებულია მოსამართლის სუბიექტურ მოსაზრებაზე და კანონის არასწორ ინტერპრეტაციაზე. პროკურორი მიიჩნევს, რომ 2016 წლის 06 მარტს ვ. ძ. დანას საკვების მისაღებად არ ატარებდა, იგი გადაადგილდებოდა ქუჩაში და არ იკვებებოდა, თან რაიმე სახის საკვები პროდუქტი არ ჰქონია. გასათვალისწინებელია ასევე თავად ამოღებული დანის მახასიათებლებიც, რომელიც იყო ცალპირიანი, ორმხრივი ალესვით, საკეცი, სახელურში ჩამაგრებული სპეციალური ჩამკეტი მექანიზმით. ამგვარი დანა კი საკვების მისაღებად არ გამოიყენება. აპელანტის განმარტებით, დაუშვებელია, რომ ცივი იარაღის ტარების მოცემული ფაქტი გამართლდეს კვების საჭიროებით, ვიანიდან კვება დანის ქუჩაში სისტემატური ტარების გარეშეც შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი და ასევე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს საკვების მიღების მიზანი. შესაბამისად, წარმოდეგნილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვ. ძ.-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივარს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ვ. ძ.-მ წარდეგნილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ თელავში, ბაზრის ტერიტორიაზე იყიდა დანა, რომელსაც იყენებდა საკვების მიღებისას საჭმლის დანაწევრებისათვის, ვინაიდან არ აქვს კბილები. იგი მუშაობდა ეკლესიის მშენებლობაზე და საკვების მიღება სახლის გარეთ, მუშაობის დროსაც უხდებოდა. დაკავების დღეს სამსახურიდან ფეხით მიდიოდა სახლში და აღნიშნული დანა ჯიბეში ედო. ვ. ძ.-მ დაადასტურა, რომ მას დანა მხოლოდ საკვების მისაღებად ესჭირდებოდა და კონკრეტულად დაკავების დღესაც ორჯერ მიიღო საკვები ეკლესიაში. ასევე, დამატებით განმარტა, რომ დანას ტყეში სოკოს შეგროვების დროსაც იყენებდახოლმე; არ იცოდა, რომ დანის ტარების უფლება არ ქონდა.
მოწმე ს. ჟ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ 2016 წლის XX აპრილს გაცემული ცნობის სისწორე და განმარტა, რომ მუშაობს ქალაქ თ.-ში, სტომატოლოგიური კაბინეტის დირექტორად, არის სტომატოლოგი და აქვს დაახლოებით 41 წლის მუშაობის გამოცდილება. ვ. ძ. გასინჯა, თუმცა არ უმკურნალია. გასინჯვისას ვიზუალურად დაუთვალიერა პირის ღრუ და გასცა ცნობა, რომლის მიხედვითაც ვ. ძ.-ს არ შეუძლია საკვების მიღება დანით დამუშავების გარეშე, საღეჭი აპარატის არქონის გამო. მოწმის განმარტებით ვ. ძ. ფაქტობრივად უკბილოა და საკვების მისაღებად, მსგავს ვითარებაში, პაციენტმა უნდა გამოიყენოს ნებისმიერი საჭრელი დანა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციულად იქნა ცნობილი მოწმეების: ნ. ტ.-ს, შ. ჩ.-ს, ლ. ო.-ს, ზ. კ.-ს, ი. ბ.-ს, თ. ძ.-ს და ა. ს.-ს გამოკითხვის ოქმები; პირადი ჩხრეკის ოქმი; ბრალდებულის დაკავების ოქმი; საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი; ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერიზის დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნა; ნივთიერი მტკიცებულება და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

ამდენად, ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, პალატამ უნდა დაადგინოს - ჩაიდინა თუ არა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევმა ვ. ძ.-მ ცივი იარაღის ტარება და მიიღო თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. მტკიცებულებათა შეფასების დროს პალატა ხელმძღვანელობს იმ მაღალი სტანდარტებით, რომლებიც დადგენილია ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო კონვენციებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამდენად, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლებების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, საკმარისი და რელევანტური მტკიცებულებების საფუძველზე.
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დამყარებულია მოსამართლის სუბიექტურ მოსაზრებასა და კანონის არასწორ ინტერპრეტაციაზე. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სადავო ფაქტს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ვ. ძ.-ს პირადი ჩხრეკისას მართლაც იქნა ამოღებული საგანი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩნდა ცივი იარაღი - დანა. თუმცა სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს საკითხი - სახეზეა თუ არა სსკ-ის 2381-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი რომელიმე გამონაკლისი, რა შემთხვევაშიც პირის მიმართ არ დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811-ე მუხლზე, რომლის შენიშვნაშიც მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არ იწვევს ცივი იარაღის ტარება, თუ უკავშირდება საკვების მომზადებას ან მიღებას. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, ვ. ძ. ნასამართლევი რომ არ ყოფილიყო, მის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხიც კი არ დადგებოდა, ვინაიდან მას არ აქვს კბილები და დანის დახმარების გარეშე არ შეუძლია საკვების მიღება.
მართალია სისხლის სამართის კოდექსის 2381-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ არ არის მითითება საკვების მომზადების ან მიღების მიზნით ცივი იარაღის ტარებისათვის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, იმ ფონზე, რომ პირს დანის გამოყენების გარეშე, კბილების არქონის გამო, არ შეუძლია საკვების მიღება, აღნიშნული უნდა მოვიაზროთ პირადი ჰიგიენის მოწესრიგების კონტექსტში. პალატა თვლის, რომ საღეჭი აპარატის არმქონე პირის მიერ სასიცოცხლოდ აუცილებელი ქმედების - საკვების მომზადებისა და მიღებისათვის დანის გამოყენება გადაწონის იმ სადავო საკითხს, - მოიაზრება თუ არა საკვების მიღება პირადი ჰიგიენის მოწესრიგებაში. ასეთ ვითარებაში საკითხი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
პალატისათვის ასევე დაუსაბუთებელია ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ ვინაიდან ვ. ძ. ქუჩაში გადაადგილდებოდა დანით და თან საკვები პროდუქტები არ ჰონდა, ე.ი. მის მიერ დანის ტარების მიზანი არ იყო საკვების დანაწევრება. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რაც ბრალდებულის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის და მისი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა. ამ უკანასკნელის მითითებით, მუშაობს მშენებლობაზე და სავსებით ლოგიკურია, რომ სახლის გარეთაც ხშირად უწევს საკვების მიღება; მანვე დაადასტურა, რომ დაკავების დღესაც ორჯერ ისადილა გარეთ. ხოლო, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ქუჩაშიც უწევს დანით გადაადგილება, არ არის საფუძველსმოკლებული, რომ შეარჩია სატარებლად უფრო მოსახერხებელი საკეცი ტიპის დანა.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართის საქმეზე ვერ იქნა შეკრებილი იმ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ვ. ძ.-ს ბრალეულობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებით დასტურდება ფაქტი, რომ ვ. ძ. ატარებდა ცივ იარაღს - დანას, თუმცა, მხოლოდ აღნიშნული გარემოება საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულის განმარტებით, დანას ატარებდა საკვების მიღების დროს მისი დანაწევრების მიზნით, ხოლო მოწმე ს. ჟ.-მ სასამართლოს მოახსენა, რომ ვ. ძ. არის ფაქტობრივად უკბილო, არ აქვს საღეჭი აპარატი და მისთვის შეუძლებელია საკვების მიღება დანით დამუშავების გარეშე, საპირისპიროს მტკიცებისათვის ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდეგნილი შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა აღნიშნულის უარსაყოფად და ბრალდებულის მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. ძ. ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.



სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენი;
ვ. ძ.
გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულებები:
დანა, დალუქული პაკეტში FCI 619XXX და თეთრი ფერი ფხვნილი, დალუქული პაკეტში FCI 369XXX, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.