ნახვები: 386
საქმის ნომერი: №3ბ/1634-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მანანა ჩოხელი,
გადაწყვეტილების სახე:
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, , საქმე №№3ბ/1634-15 (2016-02-09), www.temida.ge
საქმის № №3ბ/1634-15


საქართველოს სახელით
       09 თებერვალი, 2016 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მანანა ჩოხელი

სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე


აპელანტი (მოსარჩელე) - მ. ზ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - შ. პ.

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აპელანტის მოთხოვნა - აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

2. მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა - მოწინააღმდეგე მხარე ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

მ. ზ.-ს სარჩელი დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №1367557 ბრძანების ბათილად ცნობის, მ. ზ.-ს სამსახურში აღდგენის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის დავალებისა და მოპასუხისათვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

მ. ზ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. (ს.ფ. 20-21)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს, ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს II სამსახურის გმს ინსპექტორმა 2014 წლის 26 მაისს MIA 0 14 00986656 პატაკით მიმართა გენერალური ინსპექციის უფროსს. პატაკის თანახმად, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა მ. ზ.-მ 2014 წლის მაისში, მასზე განპიროვნებული პაროლის გენერირების მოწყობილობის ,,დიჯიპასის’’ გამოყენებით, შსს შიდა საინფორმაციო პორტალიდან არასამსახურებრივად მოიძია ინფორმაცია: მოქალაქე ე. მ.-ს დემოგრაფიული მონაცემებისა და ფოტოსურათის შესახებ, ამ უკანასკნელის მეუღლის საცხოვრებელი მისამართისა და ტელეფონის ნომრის შესახებ, მონაცემები BMW X5 მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით XXX-XXX მფლობელის მ. ჩ. -ს შესახებ და აღნიშნული მონაცემები გადასცა თ. კ.-ს . (ს.ფ. 163)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 06 ივნისს გაცემული წერილობითი ინფორმაციით დასტურდება, რომ INFO.MIA.GE 01/04/2014-02/05/2014 პერიოდში ე. მ.-ს, მ. ჩ. -ს და ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით XXX-XXX მფლობელის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმა მ. ზ.-მ. (ს.ფ. 73-93)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებისას, თ. კ.-მ წერილობით ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ მ. ზ. მეგობრისგან გაიცნო და სთხოვა გადაემოწმებინა ინფორმაცია, მის მეუღლეს მ. ა.-ს ურეკავდა თუ არა ე. მ., რადგან თ. კ-ს ეჭვი ჰქონდა, რომ მეუღლე ღალატობდა. მ. ზ.-მ აცნობა, რომ ნამდვილად ურეკავდა მ. ა. ე. მ.-ს და მათ ჰქონდათ ხანგრძლივი საუბრები.

თ. კ.-ს განმარტებით მ. ზ.-ს სთხოვა ასევე დაედგინა ე. მ.-ს მეუღლის ტელეფონის ნომერი და ინფორმაცია მისი სამუშაო ადგილის შესახებ. მ. ზ.-მ უთხრა, რომ ე. მ.-ს მეუღლე ეწეოდა კომერციულ და სამეწარმეო საქმიანობას, ჰქონდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, აგრეთვე უთხა მისამართი.

თ. კ.-ს განმარტებით, მის მეგობარ მ. მ.-ს მოსწონდა ერთი პიროვნება, რომელიც მოძრაობდა ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით XXX -XXX. მან ავტომანქანის ნომერი ფეისბუქის საშუალებით მ. ზ.-ს გადაუგზავნა და სთხოვა დახმარება. რამოდენიმე წუთში მ. ზ.-მ მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომანქანა რეგისტრირებული იყო კერძო ფირმაზე, ასევე გაუგზავნა მას იმ პირის ფოტოსურათი, რომელიც ამ ფირმის წარმომადგენელი იყო. აღნიშნულის შემდგომ ჰკითხა შეეძლო თუ არა ხსენებული პიროვნების სახელისა და გვარის გაგება. მ. ზ.-მ დაუდგინა, რომ ეს პიროვნება იყო მ. ჩ.. (ს.ფ. 100-103)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2014 წლის 09 ივლისის MIA 5 14 01536444 დასკვნის თანახმად, 2014 წლის 01-02 მაისს, შს მოსამსახურე მ. ზ.-მ სამსახურში ყოფნისას, მასზე განპიროვნებული შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობის მეშვეობით, შს სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში, თვითნებურად, არასამსახურებრივად, მოიძია ინფორმაცია მოქალაქეებზე ე. მ.-სა და ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით XXX-XXX მფლობელის შესახებ, რაც შემდეგ სოციალური ქსელი ,,ფეისბუქის’’ საშუალებით შეატყობინა თ. კ.-ს.

,,შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების’’ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ (სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) და ,,ვ’’ ქვეპუნქტით (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისთვის, რაც მოსარჩელის მხრიდან გამოიხატა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობის ,,DIGIPASS’’-ის არასამსახურებრივად გამოყენებაში, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პოლიციის მაიორ მ. ზ.-სათვის ,,შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების’’ მე-2 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან დათხოვნის შეფარდება. (ს.ფ. 33-35)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №1367557 ბრძანებით შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი, პოლიციის მაიორი მ. ზ. გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. (ს.ფ. 36-37)

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

მოსარჩელე - მ. ზ.-ს მიერ მოთხოვნილი თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მიხედვით, მოხელე სამსახურში მიიღება დანიშვნით, ხოლო იმავე კანონის 26-ე მუხლის თანახმად, დანიშვნა ფორმდება ბრძანებით.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო იმავე კოდექსის 331-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის რაიმე ქმედების განხორციელების დავალების შესახებ, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი რაიმე ქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის, პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო იმავე კანონის მე-4 მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის, პირველი პუნქტის, ”ზ” ქვეპუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 35-ე მუხლის მეორე პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს - დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების” პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში–სამინისტრო) მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.

ამავე წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის სახეა: მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.

ამავე წესდების მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.

ამავე წესდების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვთ შინაგან საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს, სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს №709 ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ეკრძალებათ შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არასამსახურებრივი მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება წარმოადგენს მოხელისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.

დადგენილია, რომ მ. ზ.-მ შიდა სამსახურებრივ პორტალზე ე. მ.-ს, მ. ჩ. -ს და ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით XXX-XXX მონაცემები შეამოწმა და თ. კ.-ს გადასცა. შესაბამისად, მ. ზ.-მ დაარღვია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 212 წლის 24 აგვისტოს №709 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყების საფუძველია.

,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტრესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში მისთვის დაბრკოლების შექმნა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება მანუჩარ ზოიძისათვის სახდელის სახით სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცული პერსონალური ინფორმაციის არასამსახურებრივად მოპოვების და გავრცელებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ადეკვატური სახდელი გამოიყენა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას. მ. ზ.-ს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონს, შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურებისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა მოპასუხის პოზიცია, როდესაც მიუთითა, რომ შს სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელის მიმართ დაცული იყო საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული 29-ე და 44-ე მუხლის მოთხოვნები, მაშინ როდესაც მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა არამარტო ამ მუხლების, არამედ კონსტიტუციის სხვა მუხლებით გარანტირებული მისი უფლებების დარღვევას.

აპელანტის განმარტებით, თ. კ.-ს მიერ მოთხრობილი ინფორმაცია საერთოდ არ მოიძიება პორტალზე და შესაბამისად, ამ ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობა მას არ ჰქონდა და არ არსებობდა. შს სამინისტროს მიერ მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების მიზანი იყო მხოლოდ არარსებული ფაქტების გამოგონებით სადამსჯელო, რეპრესიული ღონისძიების გამოყენება, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და კანონიერების პრინციპებს.

თ. კ.-ს ახსნა-განმარტებაში მითითებული ინფორმაცია შეეხება ინფორმაციას კავშირგაბმულობის არხებიდან (მაგთი, ჯეოსელი ან ბილაინის ქსელები) და მას იგი ვერ მოიპოვებდა არასამსახურებრივად.

აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ფაქტობრივი გარემოებები არასრულყოფილად იქნა გამოკვლეული და არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათ. მის მიერ „აგენტობაზე“ უარის გაცხადების შემდეგ დარეგისტრირდა ფრიდონ კუტალაძის პატაკი მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის შესახებ.

აპელანტის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც აწარმოებდა ადმინისტრაციულ წარმოებას ინდივიდუალური აქტის გამოსაცემად, პერსონალურად ადმინისტრაციულ წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს (რომელიც გაურკვეველია) და სასამართლოს, რომელმაც განიხილა დავა, ვალდებული იყო მიუკერძოებლად გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეული უნდა ყოფილიყო ინფორმაცია, რომელიც ფრიდონ კუტალაძემ პატაკით მოახსენა გენერალური ინსპექციის უფროსს, რა წყაროზე დაყრდნობით (კანონიერი თუ უკანონო) მიიღო, საიდან იყო მისთვის ცნობილი ეს ინფორმაცია, ის ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე მტკიცებითი ფორმითაა წარმოდგენილი, როგორ განსაზღვრა (მოკვლევის გარეშე) პატაკში აღნიშნული ინფორმაცია მოსარჩელემ მოიძია არასამსახურებრივად თუ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, იყო თუ არა ეს მის მიერ გამოვლენილი ნება თავისუფლად, შეუზღუდავად, იყო თუ არა არაკეთილსინდისიერი ზეგავლენისაგან დაცული და ა.შ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ წარმოებაში ფრიდონ კუტალაძის არ მიწვევა წარმოადგენს არსებით პროცედურულ დარღვევას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განსაზღვროს გამოსაცემი აქტის მიმართ შესაძლო დაინტერესებულ პირთა წრე და ჩააბას ისინი ადმინისტრაციულ წარმოებაში.

აპელანტის მოსაზრებით, სადავო აქტები გამოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და ფაქტების გამოკვლევის გარეშე. იმგვარი გარემოებები იქნა გაზიარებული, რომელთა ნამდვილობაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება. არასწორი შეფასება მიეცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელსაც არ ჰქონდა მტკიცებულების ძალა.

სამსახურებრივი შემოწმებისას თ. კ.-ს წერილობით ახსნა-განმარტებას მოპასუხემ და სასამართლომ მტკიცებულების მნიშვნელობა მიანიჭა, მაშინ, როდესაც წინამდებარე ახსნა-განმარტება ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. ის ვერ განიხილება საქმესთან დაკავშირებული გარემოების დამტკიცების საშუალებად. გაურკვეველია ახსნა-განმარტება რომელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა (ხელნაწერი ტექსტი შესრულებულია ბლანკზე) და ეს ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული წარმოებისას იყო თუ არა უფლებამოსილი. ახსნა-განმარტებას ვერ განასხვავებ წარმოადგენს ის ადამიანის შეფასებას, განცხადებას თუ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად მოკვლეულ მტკიცებულებას. მას არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა, არც რაიმე სახის რეგისტრაციის ნომერი და ჯამში მას არ აქვს სამართლებრივი ვარგისიანობა. აღნიშნული მტკიცებულება ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც წარსულში მომხდარი ფაქტის აღდგენა და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა იქნებოდა შესაძლებელი. კიდევ უფრო ბუნდოვანია თ. კ.-ს წერილობით ახსნა-განმარტებაში აღწერილი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მთელი ამ საქმის ძირითად, საკვანძო საკითხზე შეუსაბამობას.

აპელანტის მითითებით, იგი ვერ გასცემდა თ. კ.-ს მიერ მითითებულ ინფორმაციას იმის გამო, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ არის დამუშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა საინფორმაციო სისტემაში. საქმეში წარმოდგენილია საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურიდან შიდა სამსახურეობრივ პორტალზე მოსარჩელის სახელზე რიცხული „დიჯიპასი“-ს საშუალებით მოსარჩელის მიერ მოძიებული ინფორმაციები, რომელშიც სულ სხვა კატეგორიის მონაცემებია მითითებული - ე. მ.-ს დემოგრაფიული (სახელი, გვარი, დაბ,. თარიღი, პირადი ნომერი, ავტომანქანის XXX-XXX-ის სერია, გამოშვების წელი, მფლობელის მონაცემები და სხვა). გამომდინარე აქედან, ახსნა-განმარტებაში აღნიშნული ინფორმაციების (სატელეფონო ზარების, შემავალი გამავალი ზარების დეტალური ნუსხის, დროისა და ა.შ) მოძიება, გავრცელება და ა.შ ვერცერთ შემთხვევაში ვერ განხორციელდებოდა მოსარჩელის მიერ. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას პოლიციის სამსახურის განსაკუთრებული სპეციფიკა, დისციპლინის მოთხოვნები, მორალური მხარე ამ „ბრალდების“ და ამ სახის ინფორმაციებზე რომც ჰქონოდა მას წვდომა, არ უნდა ყოფილიყო ამით დაკავებული.

აპელანტის მოსაზრებით, გაურკვეველია, მაგრამ საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებლად მაინც მიიჩნია, რომ თ. კ.-ს ახსნა-განმარტება შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აწარმოა. მოსარჩელემ არასამსახურეობრივად მოიძია და გადასცა ამ პიროვნებას შიდა სამსახურებრივ პორტალზე არსებული ინფორმაცია. აპელანტი განმარტავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან ხდება ამ ინფორმაციის მოპოვება და შეუძლებელია პოლიციის შიდა საინფორმაციო სისტემაში მისი მოძიება.

აპელანტის მითითებით, თ. კ.-ს ახსნა-განმარტებაში იკვეთება მოსარჩელის, როგორც პოლიციის თანამშრომლის მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის „პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის“ დანაშაულის აშკარა ნიშნები. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების თანახმად, გენერალური ინსპექციის კომპეტენციაში შედიოდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. შესაბამისად, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის, როგორც გამოძიების უფლებით აღჭურვილი ორგანოსათვის, პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის (დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება) გათვალისწინებული წესით დაეწყო გამოძიება, მოეხდინა მყისიერი რეაგირება და არ უნდა განეხილა დისციპლინარულ დარღვევად. ასეთი ფაქტი რომ ყოფილიყო, გენერალური ინსპექცია დიდი ალბათობით დაუყოვნებლივ დაიწყებდა გამოძიებას.

აპელანტის მითითებით, თ. კ.-ს ახსნა-განმარტება ასევე შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას. ის მიუთითებს, რომ მ. ზ.-მ მისი თხოვნით მოძიებული ინფორმაცია გადასცა სოციალურ ქსელ FACEBOOK-ის საშუალებით (საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წერილობითი ინფორმაციით ნანახი ინფორმაცია 06/06/2014 წლის 7 14 0107595 ამობეჭდილი არ არის). ახსნა-განმარტების მიღების დროს თ. კ.-ს ფეისბუქის გვერდზე შესაძლებელია ინახებოდეს/ინახებოდა (უნდა გაერკვიათ მაინც) მოსარჩელის მიერ გადაცემული ინფორმაცია, რომლის მოპოვების შემთხვევაში საქმეზე დადგინდებოდა ჭეშმარიტება, ასევე ახსნა-განმარტება მიეღოთ როგორც მ. მ.-ს, ისე ახსნა-განმარტებაში მოყვანილი სხვა პირებისაგან. გამოკვლეული უნდა ყოფილიყო ავტომანქანის ნომრის XXX-XXX-ის მფლობელის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც არ სჭირდება არანაირი შსს შიდა საინფორმაციო სისტემა და ხელმისაწვდომი საჯარო ინფორმაციაა, ხომ არ არის მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიღების გზით და სხვა. ყოველივე ეს შექმნიდა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიღებულიყო სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება. აპელანტი კატეგორიულად აცხადებს, რომ არასდროს არანაირი ინფორმაცია არავისთვის გადაუცია არასამსახურებრივად და იგი სამსახურიდან გამოაგდეს მხოლოდ იმის გამო, რომ არ გახდა მათი საიდუმლო თანამშრომელი (აგენტი).

აპელანტის მითითებით, თ. კ. სასამართლოს არაერთი შეტყობინებისა და გაფრთხილების მიუხედავად არ ცხადდებოდა სასამართლოში.

აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლი, რომლითაც ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობის კონკრეტული გარემოებებია გაწერილი. აპელანტის მოსაზრებით ფ. კ.-ს პატაკი სპეციალურად არ იქნა წარმოდგენილი მოპასუხის მიერ. ეს ფაქტი და სხვა გარემოებები პირდაპირ მიუთითებს მიკერძოებულობაზე. ფ. კ. უნდა ჩათვლილიყო თანამდებობის პირად, რომელსაც არ უნდა მიეღო მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რის გამოც სადავო საკითხი განხილული და გადაწყვეტილი იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დარღვევით.

აპელანტის მითითებით კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შემოწმებულიყო სადავო აქტის შესაბამისობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (სხვა საკანონმდებლო აქტებით) დადგენილ მოთხოვნებთან. სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნა. სადავო აქტში მოცემული უნდა ყოფილიყო ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რის საფუძველზეც გამოიცა იგი. სადავო აქტში მითითებულია მხოლოდ სამართლებრივი გარემოებები, რითაც დარღვეული იქნა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

დადგენილია, რომ მ. ზ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. (იხ. ს.ფ. 20-21)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს, ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს II სამსახურის გმს ინსპექტორმა 2014 წლის 26 მაისს MIA 0 14 00986656 პატაკით მიმართა გენერალური ინსპექციის უფროსს. პატაკის თანახმად, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა მ. ზ.-მ 2014 წლის მაისში, მასზე განპიროვნებული პაროლის გენერირების მოწყობილობის ,,დიჯიპასის’’ გამოყენებით, შსს შიდა საინფორმაციო პორტალიდან არასამსახურებრივად მოიძია ინფორმაცია: მოქალაქე ე. მ.-ს დემოგრაფიული მონაცემებისა და ფოტოსურათის შესახებ, ამ უკანასკნელის მეუღლის საცხოვრებელი მისამართისა და ტელეფონის ნომრის შესახებ, მონაცემები BMW X5 მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით XXX-XXX მფლობელის მ. ჩ. -ს შესახებ და აღნიშნული მონაცემები გადასცა თ. კ.-ს. (იხ. ს.ფ. 163)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 06 ივნისს გაცემული წერილობითი ინფორმაციით დასტურდება, რომ INFO.MIA.GE 01/04/2014-02/05/2014 პერიოდში ე. მ.-ს, მ. ჩ. -ს და ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით XXX-XXX მფლობელის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმა მ. ზ.-მ(იხ.ს.ფ. 73-93).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებისას, თ. კ.-მ წერილობით ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ მ. ზ. მეგობრისგან გაიცნო და სთხოვა გადაემოწმებინა ინფორმაცია, მის მეუღლეს მ. ა.-ს ურეკავდა თუ არა ე. მ., რადგან თ. კ-ს ეჭვი ჰქონდა, რომ მეუღლე ღალატობდა. მ. ზ.-მ აცნობა, რომ ნამდვილად ურეკავდა მ. ა. ე. მ.-ს და მათ ჰქონდათ ხანგრძლივი საუბრები.

თ. კ.-ს განმარტებით მ. ზ.-ს სთხოვა ასევე დაედგინა ე. მ.-ს მეუღლის ტელეფონის ნომერი და ინფორმაცია მისი სამუშაო ადგილის შესახებ. მ. ზ.-მ უთხრა, რომ ე. მ.-ს მეუღლე ეწეოდა კომერციულ და სამეწარმეო საქმიანობას, ჰქონდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, აგრეთვე უთხრა მისამართი.

თ. კ.-ს განმარტებით, მის მეგობარ მ. მ.-ს მოსწონდა ერთი პიროვნება, რომელიც მოძრაობდა ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით XXX-XXX. მან ავტომანქანის ნომერი ფეისბუქის საშუალებით მ. ზ.-ს გადაუგზავნა და სთხოვა დახმარება. რამოდენიმე წუთში მ. ზ.-მ მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომანქანა რეგისტრირებული იყო კერძო ფირმაზე, ასევე გაუგზავნა მას იმ პირის ფოტოსურათი, რომელიც ამ ფირმის წარმომადგენელი იყო. აღნიშნულის შემდგომ ჰკითხა შეეძლო თუ არა ხსენებული პიროვნების სახელისა და გვარის გაგება. მ. ზ.-მ დაუდგინა, რომ ეს პიროვნება იყო მ. ჩ.. (იხ. ს.ფ. 100-103)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2014 წლის 09 ივლისის MIA 5 14 01536444 დასკვნის თანახმად, 2014 წლის 01-02 მაისს, შს მოსამსახურე მ. ზ.-მ სამსახურში ყოფნისას, მასზე განპიროვნებული შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობის მეშვეობით, შს სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში, თვითნებურად, არასამსახურებრივად, მოიძია ინფორმაცია მოქალაქეებზე ე. მ.-სა და ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით XXX-XXX მფლობელის შესახებ, რაც შემდეგ სოციალური ქსელი ,,ფეისბუქის’’ საშუალებით შეატყობინა თ. კ.-ს.

,,შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების’’ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ (სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) და ,,ვ’’ ქვეპუნქტით (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისთვის, რაც მოსარჩელის მხრიდან გამოიხატა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობის ,,DIGIPASS’’-ის არასამსახურებრივად გამოყენებაში, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პოლიციის მაიორ მ. ზ.-ს ათვის ,,შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების’’ მე-2 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან დათხოვნის შეფარდება. (იხ. ს.ფ. 33-35)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №1367557 ბრძანებით შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი, პოლიციის მაიორი მ. ზ. გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. (იხ. ს.ფ. 36-37)

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აფასებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მართებულია, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის N1367557 ბრძანება მ. ზ.-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის თაობაზე და დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მ. ზ.-ს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №1367557 ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2014 წლის 09 ივლისის MIA 5 14 01536444 დასკვნა, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე დაისვა საკითხი სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისა და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედების გამო, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, დისციპლინური სახდელის სახით მ. ზ.-ს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. თავის მხრივ გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველი გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს, ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს II სამსახურის გმს ინსპექტორის 2014 წლის 26 მაისს MIA 0 14 00986656 პატაკი, რომლის თანახმადაც, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა მ. ზ.-მ 2014 წლის მაისში, მასზე განპიროვნებული პაროლის გენერირების მოწყობილობის ,,დიჯიპასის’’ გამოყენებით, შსს შიდა საინფორმაციო პორტალიდან არასამსახურებრივად მოიძია ინფორმაცია: მოქალაქე ე. მ.-ს დემოგრაფიული მონაცემებისა და ფოტოსურათის შესახებ, ამ უკანასკნელის მეუღლის საცხოვრებელი მისამართისა და ტელეფონის ნომრის შესახებ, მონაცემები BMW X5 მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით XXX-XXX მფლობელის მ. ჩ. -ს შესახებ და აღნიშნული მონაცემები გადასცა თ. კ.-ს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს №709 ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ეკრძალებათ შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების” პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში–სამინისტრო) მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. ამავე წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ„ და ,,ვ” ქვეპუნქტების თანახმად, დისციპლინური გადაცდომის სახეებია: სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.

სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტზე და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 35-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილი იქნეს - დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო.

სააპელაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. ზ.-ს სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო გენერალური ინსპექციის დასკვნა. აღნიშნული დასკვნის საფუძველი გახდა შსს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს ინსპექტორის პატაკი, რომელიც შედგენილია თ. კ.-ს ახსნა-განმარტების საფუძველზე. საქმის მასალებით ის გარემოება, რომ მ. ზ.-ს მიერ იქნა მასზე განპიროვნებული შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობის მეშვეობით, ე. მ.-სა და ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით XXX-XXX მფლობელის შესახებ ინფორმაცია, დასტურდება, თუმცა ერთადერთი მტკიცებულება, რითაც დასტურდება მ. ზ.-ს მიერ სამსახურში ყოფნისას, მასზე განპიროვნებული შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობის მეშვეობით, შს სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში, არასამსახურებრივად მოძიება და ამ ინფორმაციის (მოქალაქეებზე ე. მ.-სა და ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით XXX-XXX მფლობელის შესახებ) სოციალური ქსელი ,,ფეისბუქის’’ საშუალებით სხვა პირზე(თ. კ.-ზე) გადაცემა, არის თ. კ.-ს ახსნა-განმარტება. აღნიშნულ ახსნა-განმარტებასა და გენერალური ინსპექციის დასკვნაში მითითებულ გარემოებებს შორის კი - შეუსაბამობებია.

თ. კ.-ს ახსნა-განმარტების შესაბამისად, იგი სოციალურ ქსელ FACEBOOK-ის საშუალებით დაუკავშირდა მ. ზ.-ს და სთხოვა მას გადაემოწმებინა ურეკავდა თუ არა მის მეუღლეს ე. მ., რა სიხშირით და რა ხანგრძლივობით. მ. ზ.-მ სთხოვა დალოდებოდა „ფეისბუქზე“ და ცოტა ხანში მიაწოდა ინფორმაცია, რომ თ. კ.-ს მიერ მიწოდებულ ტელეფონის ნომერზე მისი მეუღლე აგზავნიდა მესიჯს და შემდგომ იმ ტელეფონიდან ხდებოდა ზარის განხორციელება მისი მეუღლის ტელეფონის ნომერზე რამოდენიმეჯერ დღის განმავლობაში და თითოეული სატელეფონო ზარი გრძელდებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

თ. კ.-ს განმარტებით, მან მ. ზ.-ს სთხოვა ე. მ.-ს მეუღლის ტელეფონის ნომერი და ინფორმაცია მისი სამუშაო ადგილის შესახებ. მ. ზ.-მ დაუდგინა აღნიშნული პიროვნების ტელეფონის ნომერი, შეატყობინა, რომ ის ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, აქვს შპს და ასევე ორგანიზაციის მისამართი.

თ. კ.-ს განმარტებით, მის მეგობარს, მ. მ.-ს მოსწონდა ერთი პიროვნება, რომელიც მოძრაობდა ავტომობილით სახელმწიფო ნომრით XXX-XXX და სთხოვა ავტომობილის გადამოწმების გზით დახმარებოდა აღნიშნული პიროვნების ვინაობის დადგენაში. აღნიშნული ავტომობილის ნომერი ფეისბუქის საშუალებით თ. კ.-მ გადასცა მ. ზ.-ს და სთხოვა დახმარება. რამოდენიმე წუთში მ. ზ.-მ მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომობილი არის კერძო ფირმაზე რეგისტრირებული, ასევე გამოუგზავნა იმ პიროვნების ფოტოსურათი, რომელიც იყო ამ ფირმის წარმომადგენელი. შემდეგ მან დაუდგინა, რომ ეს იყო მ. ჩ..

პალატა აღნიშნავს, რომ თინათინ კონცელიძე ახსნა-განმარტებაში საუბრობს ე. მ.-სა და მისი მეუღლის სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის სიხშირისა და ხანგრძლივობის თაობაზე მ. ზ.-ს მიერ მისთვის ინფორმაციის გადაცემაზე. პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ უარყოფს, რომ მ. ზ.-ზე განპიროვნებული პაროლის გენერირების მოწყობილობა ,,დიჯიპასი’’ არ შეიცავს ინფორმაციას სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის სიხშირისა და ხანგრძლივობის თაობაზე. გენერალური ინსპექციის დასკვნა კი შედგენილია, რომ მ. ზ.-მ არასამსახურებრივად მოიძია და გადასცა თ. კ.-ს მოქალაქე ე. მ.-ს დემოგრაფიული მონაცემები და ფოტოსურათი (და არა სატელეფონო ზარების და მიმოწერის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია).

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გენ. ინსპექციის დასკვნის შესაბამისად, მ. ზ.-მ მოიძია ინფორმაცია ე. მ.-ს მეუღლის საცხოვრებელი მისამართისა და ტელეფონის ნომრის შესახებ, მაშინ, როდესაც თ. კ.-ს ახსნა-განმარტების თანახმად, მან მ. ზ.-ს სთხოვა ე. მ.-ს მეუღლის ტელეფონის ნომერი და ინფორმაცია მისი სამუშაო ადგილის შესახებ. მ. ზ.-მ დაუდგინა აღნიშნული პიროვნების ტელეფონის ნომერი, შეატყობინა, რომ ის ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, აქვს შპს და ასევე ორგანიზაციის მისამართი. პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაშიც ადგილი აქვს თ. კ.-ს ახსნა-განმარტებასა და გენერალური ინსპექციის დასკვნით სადავო გარემოებას შორის შეუსაბამობას, კერძოდ, თ. კ. განმარტავს, რომ მ. ზ.-მ მას მიაწოდა ე. მ.-ს მეუღლის შპს-ს მისამართი, ხოლო გენ. ინსპექციის დასკვნის შესაბამისად, მ. ზ.-მ მოიძია ინფორმაცია ე. მ.-ს მეუღლის საცხოვრებელი მისამართის შესახებ.

გარდა ამისა, გენ. ინსპექციის დასკვნის შესაბამისად, მ. ზ.-მ მოიძია მონაცემები BMW X5 მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით XXX-XXX მფლობელის მ. ჩ. -ს შესახებ, ხოლო თ. კ.-ს განმარტებით, მ. ზ.-მ მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომობილი არის კერძო ფირმაზე რეგისტრირებული, ასევე გამოუგზავნა იმ პიროვნების ფოტოსურათი, რომელიც იყო ამ ფირმის წარმომადგენელი. შემდეგ მან დაუდგინა, რომ ეს იყო მ. ჩ.. აქაც სახეზეა ახსნა-განმარტებასა და გენ. ინსპექციის დასკვნით სადავოდ გამხდარ გარემოებას შორის შეუსაბამობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ავტომანქანა რეგისტრირებულია არა კერძო ფირმაზე, არამედ მურთაზ ჩოფლიანზე.

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თვით ახსნა-განმარტების ოქმით არ ირკვევა, თუ ვინ ჩამოართვა თ. კ.-ს ახსნა-განმარტება, იყო თუ არა იგი უფლებამოსილი აღნიშნულზე, ახსნა-განმარტებას არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, თ. კ. სასამართლოს მიერ დაბარების მიუხედავად არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო წესით საქმის განხილვისას (ორჯერ დაბარების მიუხედავად) არ გამოცხადდა.

პალატა ასევე მიუთითებს, რომ თ. კ.-ს ახსნა-განმარტება შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, კერძოდ, ის მიუთითებს, რომ მ. ზ.-მ მისი თხოვნით მოძიებული ინფორმაცია გადასცა სოციალურ ქსელ FACEBOOK-ის საშუალებით, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული არ ყოფილა.

ამასთან, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შეფასების საგნად უნდა იქცეს მ. ზ.-ს მიმართ გამოყენებული ,,შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით’’ გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი დისციპლინული პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან დათხოვნის შესაბამისობა პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპთან.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების” მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.

პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, მ. ზ.-ს ათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად; დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ერთერთ საქმეში მიუთითებს, რომ ,,თუ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას“ ( სუს საქმე №ბს-525-512(კ-14) 19.02.2015წ გადაწყვეტილება) .

პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას მ. ზ.-ს მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე. კანონით დადგენილი სანქციების ალტერნატივის არსებობა კი სწორედ ასეთ დასაბუთებას საჭიროებდა. ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში ასევე დაუსაბუთებელია მ. ზ.-ს მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომისთვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, პალატის აზრით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნები უგულებელყოფილ იქნა სადავო აქტის გამოცემისას.

პალატა თვლის, რომ სახეზეა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ზემოთდასახელებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სახეზეა.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს და უდავოდ დაადგინოს, მოიძია არასამსახურეობრივად და გასცა თუ არა მ. ზ.-მ გენ. ინსპექციის დასკვნაში მითითებული ინფორმაცია; ამასთან, დაადგინოს, თ. კ.-ს მიერ განმარტებული ინფორმაცია საერთოდ მოიძიება თუ არა შსს შიდა პორტალზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია არ არის დამუშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა საინფორმაციო სისტემაში. ამასთან, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, ის გარემოება, რომ მ. ზ.-მ არასამსახურებრივად ნამდვილად მოიძია და გადასცა სადავო ინფორმაცია თ. კ.-ს სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით, შესაძლებელია დადასტურებული იქნას მითითებული ფეისბუქის კედლიდან ან სერვერიდან ინფორმაციის მოძიებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გარკვევისა და იმ ფაქტის უტყუარად დადგენის შემდეგ, რომ მ. ზ.-მ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა - არასამსახურებრივად მოიძია და გასცა ინფორმაცია, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს რამდენად პროპორციული და თანაზომიერი იყო მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის ყველაზე მკაცრი ზომა - სამსახურიდან დათხოვნა.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის და ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, მ. ზ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. მ. ზ.-ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის N1367557 ბრძანება მ. ზ.-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის თაობაზე და დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ. ზ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ზ.-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის N1367557 ბრძანება მ. ზ.-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის თაობაზე და დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);


მოსამართლე: მანანა ჩოხელი




შეჯამება:
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე

განმარტებული ნორმები:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი

თეგები:
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასება

განმარტების სრული ტექსტი:

ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ზემოთდასახელებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სახეზეა.

შეჯამება:
დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული და დასაბუთებული.

განმარტებული ნორმები:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების” მე-3 მუხლი.
თეგები:
დისკრეციული უფლებამოსილება, გადაწყვეტილების კანონიერება.
განმარტების სრული ტექსტი:
,,თუ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას“ ( სუს საქმე №ბს-525-512(კ-14) 19.02.2015წ გადაწყვეტილება)