ნახვები: 175
საქმის ნომერი: 2ბ/2762-16
საქმეთა კატეგორიები:
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/2762-16 (2018-01-23), www.temida.ge
საქმის № 2ბ/2762-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       23 იანვარი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - ი/მ ი.ჭ., ი/მ შ. ხ., ი/მ გ. ც.

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს. პ. ჯ.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

1. შპს „ს. პ. ჯ.-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში და შესყიდული საქონლის ღირებულების სახით ი/მ ი.ჭ.-სთვის 2010 (ორი ათას ათი) ლარის, ი/მ შ. ხ.-სთვის 1980 (ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარის, ხოლო ი/მ გ. ც.-სთვის 3120 (სამი ათას ას ოცი) ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ს. პ. ჯ.-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; დაეკისრა მოპასუხე ი/მ ი.ჭ.-ს შესყიდული საქონლის ღირებულების გადახდა 2010 (ორი ათას ათი) ლარის ოდენობით მოსარჩელის შპს „ს. პ. ჯ.-ს“ სასარგებლოდ; დაეკისრა მოპასუხე ი/მ შ. ხ.-ს შესყიდული საქონლის ღირებულების გადახდა 1980 (ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარის ოდენობით მოსარჩელის შპს „ს. პ. ჯ.-ს“ სასარგებლოდ; დაეკისრა მოპასუხე ი/მ გ. ც.-ს შესყიდული საქონლის ღირებულების გადახდა 3120 (სამი ათას ას ოცი) ლარის ოდენობით მოსარჩელის შპს „ს. პ. ჯ.-ს“ სასარგებლოდ.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ი/მ ი.ჭ.-მა, ი/მ შ. ხ.-მა და ი/მ გ. ც.-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. 2012 წლის 17 აპრილიდან ი.ჭ., პ/ნXXXXXXXXXXX, რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, საიდენტიფიკაციო კოდით XXXXXXXXXXX . 2012 წლის 17 აპრილიდან შ. ხ., პ/ნXXXXXXXXXXX, რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, საიდენტიფიკაციო კოდით XXXXXXXXXXX. 2012 წლის 10 თებერვლიდან გ. ც., პ/ნXXXXXXXXXXX, რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, საიდენტიფიკაციო კოდით XXXXXXXXXXX.

6. 2014 წლის 20 სექტემბერს მოპასუხე ი.ჭ.-ს სახელით განხორციელდა ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება შპს „ს. პ. ჯ.-ს“ მიერ მოპასუხისათვის 2010 ლარის ღირებულების საწვავის ტალონების მიწოდებაზე. 2014 წლის 20 სექტემბერს საქონლის მიღება-ჩაბარების აქტზე მოპასუხე ი.ჭ.-ს სახელით ხელი მოაწერა დ. მ.-მა.

2014 წლის 25 სექტემბერს მოპასუხე შ. ხ.-ს სახელით განხორციელდა ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება შპს „ს. პ. ჯ.-ს“ მიერ მოპასუხისათვის 1980 ლარის ღირებულების საწვავის ტალონების მიწოდებაზე. 2014 წლის 25 სექტემბერს საქონლის მიღება-ჩაბარების აქტზე მოპასუხე ი.ჭ.-ს სახელით ხელი მოაწერა შ. ხ.-მა.

2014 წლის 18 ოქტომბერს და 6 ნოემბერს მოპასუხე გ. ც.-ს სახელით განხორციელდა ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება შპს „ს. პ. ჯ.-ს“ მიერ მოპასუხისათვის 3120 ლარის ღირებულების საწვავის ტალონების მიწოდებაზე. 2014 წლის 18 ოქტომბერს და 6 ნოემბერს საქონლის მიღება-ჩაბარების აქტზე მოპასუხე გ. ც.-ს სახელით ხელი მოაწერა დ. მ.-მა.

7. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ს. პ. ჯ.-ს“ და მოპასუხეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დ. მ.-ს მეშვეობით დაიდო. საქონლის მიწოდებაც დ. მ.-ს სახელზე მოხდა. საქმეში წარმოდგენილია როგორც დადასტურებული ანგარიშფაქტურები, ასევე მიღება-ჩაბარების აქტები (ტ.1, ს.ფ.15, 69; ტ.2, ს.ფ.14,42; ტ.3,ს.ფ.14,45). მოპასუხეები სადავოდ ხდიან ფაქტს მასზედ, რომ მათ ანგარიშფაქტურები არ დაუდასტურებიათ და არც შესაბამისი საწვავი მიუღიათ. დ. მ. კი, მოცემულ შემთხვევაში, შპს „ს. პ. ჯ.-სთან“ ურთიერთობაში მათი რწმუნებითა და დავალებით არ მოქმედებდა. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხეების საქმიანობის საგანი სამარშრუტო ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანა იყო. მათ საწვავის შესყიდვის მიზნით მომსახურებას შპს „მ.“ უწევდა. აღნიშნული კომპანიის დირექტორი ი. თ. იყო, ხოლო ამავე კომპანიის პარტნიორები 2011-2012 წლებში ი. თ. და დ. მ. იყვნენ. აპელანტების განმარტებით, მათი მონაცემები შპს „მ.-ში“ იყო დაცული. 2012 წლიდან მათ პირადად ი. თ. ემსახურება. ამ უკანასკნელის განმარტებით, „დ. მ. იყო როგორც შპს „მ.-ს“ დამფუძნებელი, ასევე თანამშრომელი. იგი ინტერესდებოდა მძოლებისათვის საწვავის მიწოდების დეტალებით, რამაც ჩვენს შორის კონფლიქტი წარმოშვა... დ. მ.-ს დაცულ მონაცემებზე ხელი მიუწვდებოდა... მას შეეძლო ოთახში შესვლა და დაკეტილი უჯრიდან მასალების აღება, სურათის გადაღება... მე მძღოლების თაობაზე ინფორმაცია ჟურნალში მქონდა შენახული, მათ შორის იყო, სახელი, გვარი და პაროლი“ (იხ.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის სხდომის ოქმი, მოწმე - ირაკლი თედიაშვილი, 11:25:51 – 11:26:27).

8. სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტს, რომლის მიხედვითაც, ერთსა და იმავე დროს მიღება-ჩაბარების აქტები ხელმოწერილი იქნა დ. მ.-ს მიერ და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიც დადასტურებული იქნა მის მიერვე. შესაბამისად, გამყიდველისათვის, მოცემულ შემთხვევაში შპს „ს. პ. ჯ.-სათვის“, არსებობდა პრეზუმფცია იმისა, რომ დ. მ.-მა იცოდა რა მოპასუხეების პირადი მონაცემები, რაც საჭირო იყო ელექტრონული ანგარიშფაქტურების დასადასტურებლად, იგი (დ. მ.) მოპასუხეების (ი/მ ი.ჭ.-ს, ი/მ შ. ხ.-ს, ი/მ გ. ც.-ს) სახელითა და რწმუნებით მოქმედებდა, მით უფრო, რომ დავალების ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით ის შეიძლებდა დაიდოს როგორც ზეპირად, ასევე წერილობით.

9. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დადასტურებულია ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დასადასტურებლად საჭიროა პირი იყოს ავტორიზებული შემოსავლების სამსახურების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ანუ პირს უნდა ჰქონდეს ელექტრონულ სისტემაში შესასვლელად საჭირო ინფორმაცია: პირადი ნომერი და პაროლი. ამასთან, მითითებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლისთვის.

ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ინდივიდუალურ მტკიცებულებად შეფასების პირობებში საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნებს და განმარტავს, რომ „ნსაფ-ი“ საჯარო სამართლის სფეროს მიკუთვნებულ, კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სპეციალური დანიშნულების მქონე დოკუმენტს წარმოადგენს და ემსახურება საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებულ მიზანს - გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივი მდგომარეობის, ასევე, საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების განსაზღვრას. მიუხედავად ამისა, პალატა ამ მტკიცებულების ღირებულებით ძალას სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის არ უარყოფს, რადგანაც მისი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებით შესაძლებელია დადასტურებულ იქნას სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი. უშუალოდ „ნსაფ-ის“ თაობაზე აპელანტების პოზიციის შემოწმების მიზნით, სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლით, რომლის პირველი და 11 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. ამავე კოდექსის 1751 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია შემოიღოს ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც შეიცავს როგორც სასაქონლო ზედნადებით, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით) გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, და განსაზღვროს მისი გამოწერისა და წარდგენის წესი. განსახილველ შემთხვევაში, „ნსაფ-ი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში ავტორიზებული მომხმარებლების მიერ (ამ შემთხვევაში მოპასუხეები), მათი პირადი საგადასახადო რეკვიზიტების გამოყენებით იქნა დადასტურებული, რაც შეფასებულ უნდა იქნეს მოპასუხეთა თანხმობათ და შესაბამისი ნების გამოვლენით განხორციელებულ ქმედებად.

10. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დადასტურებულია მოპასუხეთა სახელით, ანუ პირმა (ამ შემთხვევაში დ. მ.-მა), ვინც დაადასტურა ანგარიშ-ფაქტურა, იცოდა მოპასუხეების საიდენტიფიკაციო მონაცემები: პირადი ნომერი და პაროლი. აღნიშნული მონაცემების სხვა პირის მიერ ცოდნა ქმნის წარმოდგენას, რომ აღნიშნული ინფორმაცია მას აქვს მომხმარებლისგან და მას აქვს მომხმარებლის სახელით მოქმედების უფლება. მართალია, საქმეში წარმოდგენილი არ არის ი/მ ი.ჭ.-ს, ი/მ შ. ხ.-ს და ი/მ გ. ც.-ს მხრიდან დ. მ.-სათვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი, თუმცა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის კონკრეტული თავისებურების გათვალისწინებით, ეს გარემოება ვერ გახდება ნასყიდობის საგნის მიწოდების ფაქტის დადასტურებულად მიჩნევაზე უარის თქმის საფუძველი.

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 107-ე და 709-ე მუხლების დისპოზიციებიდან გამომდინარე, დავალების ხელშეკრულება შეიძლება როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით დაიდოს და მისი არსებობის მტკიცება, მოცემულ შემთხვევაში, ევალებოდა გამყიდველს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). წერილობითი ფორმა, ბუნებრივია, ამარტივებს მტკიცების ტვირთს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები შემდეგი უდავო გარემოებათა ერთობლიობა: შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის გამოყენებით ავტორიზებულმა მომხმარებელმა დაადასტურა „ნსაფ-ი“ (რაც, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, უდავოდ უქმნიდა გამყიდველს რწმენას, რომ შემძენი დაეთანხმა ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებს); „ნსაფ-ში“ მითითებული პირობების შესაბამისად, ნასყიდობის საგნის მიღებაზე ხელი მოაწერა პირმა, რომელმაც განაცხადა, რომ მოქმედებს შემძენის დავალების ფარგლებში. ამ გარემოებათა ერთობლივი ანალიზი იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების წინაპირობას, რომ დ. მ. შემძენის დავალების ფარგლებში მოქმედებდა, რომლის მიმართაც განხორციელებული შესრულებით გამყიდველის ვალდებულება შეწყდა, ხოლო შემძენს საპასუხო შესრულების ვალდებულება წარმოეშვა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის Nას-793-760-2016 განჩინება). იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელმა წარმოდგენილი პირის უფლებამოსილებით ბოროტად ისარგებლა, ხელშეკრულების მეორე მხარე, რომელიც წარმოდგენილი პირის ნების არსებობას კეთილსინდისიერად ვარაუდობდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი სუბიექტია, ხოლო წარმოდგენილ პირს, რომელსაც წარმომადგენლის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ზიანი მიადგა, ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის უფლება წარმომადგენლის მიმართ წარმოეშობა.

12. საგულისხმოა, რომ მსგავსი კატეგორიის დავებზე სასამართლო პრაქტიკა ერთგვაროვანია და წარმოდგენილ საქმეზე განვითარებული მსჯელობა შეესაბამება დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის Nას-793-760-2016 განჩინება; 2016 წლის 28 ივნისის Nას-389-373-2016 განჩინება).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრისათვის თითოეული აპელანტის მიერ გადახდილია 150-150 ლარი. სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟები სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს. ამასთან, ვინაიდან, შ. ხ.-ს სააპელაციო საჩივრის ფასი არ აღემატება 2000 ლარს, მისი სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბაჟი 75 ლარი, ნაცვლად 150 ლარისა. შესაბამისად, მას ზედმეტად გადახდილი ბაჟი უკან უნდა დაუბრუნდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი/მ ი.ჭ.-ს, ი/მ შ. ხ.-ს, ი/მ გ. ც.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება;

3. შ. ხ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გ. ხ.-ს მიერ 2016 წლის 16 მაისს სს „ბანკი რესპუბლიკას“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ნახევარი, 75 ლარის ოდენობით (საკრედიტო საგადახდო დავალება #2);

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.




შეჯამება 1
ნორმა ხშირ შემთხვევაში გაგებული უნდა იქნეს არა ცალკეული სიტყვებით, არამედ მთლიანად ერთობლიობაში.
განმარტებული ნორმა:
სსსკ-ის 55-ე მუხლი
თეგები:
სახელმწიფო ბაჟი, სარელზე უარის თქმა, სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები
განმარტების სრული ტექსტი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.