ნახვები: 141
საქმის ნომერი: 2ბ/1190-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/1190-17 (2017-12-15), www.temida.ge
საქმის № 2ბ/1190-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       15 დეკემბერი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - სს „სადაზღვევო კომპანია …“

მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ნ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 იანვრის საოქმო განჩინება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება; გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

1. სს „სადაზღვევო კომპანია …-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხე ბ. ნ.-სთვის სს „სადაზღვევო კომპანია ...-ის“ სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების მიზნით 1 196,42 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტის ლარში გადახდის დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხემ სადავოდ გახადა ზიანის მოცულობა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით, სს „სადაზღვევო კომპანია ...-ის“ სარჩელი ბ. ნ.-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბ. ნ.-ს სს „სადაზღვევო კომპანია ...-ის“ სასარგებლოდ 310 ლარის გადახდა დაეკისრა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „სადაზღვევო კომპანია ...-მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. 2016 წლის 19 ივნისს ქ. თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას, დაზიანდა ავტომანქანა NISSANI, სახ. ნორმით: A.-XXX-A., რომელიც სს „სადაზღვევო კომპანია …-ის“ მიერ იყო დაზღვეული.

6. ბ. ნ.-ის მიმართ შედგენილი იქნა საჯარიმო ქვითარი eiXXXXXX, რომლის საფუძველზე მოპასუხე 250 ლარით დაჯარიმდა.

7. სს „სადაზღვევო კომპანია …-ის“ სადაზღვევო ანაზღაურების კომიტეტის მიერ 2016 წლის 24 ივნისს შედგენილი ოქმით ავტომანქანა NISSANI-სათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 1 196,42 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრა. კომიტეტი შპს „გ. ა. X“-ს ინვოის #XXX დაეყრდნო.

8. 2016 წლის 28 ივნისს სს „სადაზღვევო კომპანია …-მ“ შპს „გ. ა. X“ -ის ანგარიშზე 2 680 ლარი გადარიცხა, რომელიც ავტომანქანა NISSANI-ის შეკეთების საზღაურს წარმოადგენს.

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდწილად განაპირობებს სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

4. ან მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი;

10. განსახილველ შემთხვევაში ბ. ნ. არ უარყოფს ფაქტს მასზედ, რომ 2016 წლის 19 ივნისს მან ქ. თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას, ავტომანქანა NISSANI (სახ. ნორმით: A.-XXX-A.) დააზიანა. ბ. ნ. არც იმას უარყოფს, რომ აღნიშნული ავტომანქანის დაზიანება მისი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (გაუფრთხილებლობა) ქმედებამ გამოიწვია, თუმცა, ბ. ნ. მიყენებული ზიანის ფარგლებსა და ოდენობას არ ეთანხმება, რისი დადასტურებაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების მიზნებისათვის შპს „ჯ. ა. X“-ს აუნაზღაურდა: უკანა ბამპერის ქვედა პლასმასის ღირებულება - 400 ლარი; უკანა ბამპერის ღირებულება - 595 ლარი; უკანა ბამპერის შიდა პლასმასის ღირებულება - 105 ლარი; 20 კნოპკის ღირებულება - 40 ლარი; მაყუჩის ღირებულება - 430 ლარი; შუა მაყუჩის ღირებულება - 460 ლარი; მომსახურების ღირებულება - 650 ლარი; სულ - 2680 ლარი. საქმის მასალებით, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მანქანის ყველა დასახელებული ნაწილის დაზიანება ხსენებული ავტო-საგზაო შემთხვევით იყო განპირობებული, კერძოდ, საქმის მასალებით არ დგინდება მიზეზშედეგობრივი კავშირი ბ. ნ.-ის ქმედებასა და 2680 ლარიან ზიანს შორის. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე ბ. ნ.-ის მიერ წარმოდგენილია დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ფოტოები, სადაც მხარეთა განმარტებითაც, ნათლად ჩანს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მხოლოდ უკანა ბამპერი აქვს დაზიანებული. უკანა ბამპერის ღირებულება კი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით 595 ლარია (იხ. ს.ფ. 44-45, 21, ასევე თბილისის სააპელაციო პალატის 2017 წლის 30 ნოემბერი სხდომის ოქმი). საქმის მასალებით არ დგინდება უკანა ბამპერის ქვედა და შიდა პლასმასებისა და მაყუჩის დაზიანება. ასეთის არსებობის შემთხვევაშიც არ დგინდება მიზეზშედეგობრივი კავშირი ბ. ნ.-ის მიერ მათი დაზიანების თაობაზე.

11. სასამართლო არ იზიარებს ბ. ნ.-ის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას მასზედ, რომ უკანა ბამპერის აღდგენა და სამღებრო სამუშაოს ღირებულება 270 ლარია. აღნიშნული მტკიცებულების გაუზიარებლობის საფუძველია მოპასუხის მხრიდან განხორციელებული ნაკლიანი მტკიცება, კერძოდ, მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით ვერ დაადასტურა უკანა ბამპერის აღდგენის შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა, ნაცვლად მისი ახლით შეცვლისა. ამ მიმართებით, გასათვალისწინებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ინტერესიც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგების აღმოფხვრის მიზნით მან ახალი ბამპერი მიიღოს და არა შეკეთებული. ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვერ დაეყრდნობა ბ. ნ.-ის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას უკანა ბამპერის გამოცვლის ნაცვლად მისი აღდგენის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე.

12. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ განახორციელა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, სრულად, მიზეზობრივი კავშირის სარწმუნოდ დადასტურების თაობაზე. ამ მიმართებით არარელევანტური იქნებოდა იმ პირის დაკითხვა, რომელიც მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ინვოისს აწერს ხელს. შესაბამისად, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 იანვრის საოქმო განჩინების გაუქმების წინაპირობა, რომლითაც მოსარჩელეს შპს „ა. მ.-ის“ დირექტორის, ა. კ.-ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვაზე ეთქვა უარი. სარჩელი კი დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს ნაწილობრივ, კერძოდ, ბ. ნ.-ს სს „სადაზღვევო კომპანია ...-ის“ სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით, 635 ლარი უნდა დაეკისროს, საიდანაც 595 ლარი უკანა ბამპერის ღირებულებაა (მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით, ს.ფ. 21), ხოლო 40 ლარი უკანა ბამპერის მოხსნა-დაყენების ღირებულება (მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით, ს.ფ. 43). საგულისხმოა, რომ მხოლოდ უკანა ბამპერის მოხსნა-დაყენების ღირებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დაანგარიშებული არ არის, ამიტომ აღნიშნულ ნაწილში სასამართლომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით იხელმძღვანელა (ს.ფ. 43).

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი 1078.42 აშშ დოლარის დაკისრებას ითხოვდა. აღნიშნული 2836 ლარს შეადგენს (კურსი 2,63). აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით არის გადახდილი. ვინაიდან, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ, კერძოდ, 635 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება აპელანტის სასარგებლოდ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „სადაზღვევო კომპანია ...-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება;

3. ბ. ნ.-ს სს „სადაზღვევო კომპანია ...-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 635 ლარის გადახდა;

4. სს „სადაზღვევო კომპანია ...-ის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ნაცნობი მოთხოვნის პროპორციულად, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 11 ლარი და 10 თეთრი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე სს „თიბისი ბანკი“, ანგარიში 3000773150;

5. ბ. ნ.-ს სს „სადაზღვევო კომპანია ...-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 57,5 ლარის ანაზღაურება;

6. სს „სადაზღვევო კომპანია ...-ს“ უარი ეთქვას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 იანვრის საოქმო განჩინების გაუქმება, მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.




შეჯამება 1:
სამოქალაქო პროცესში მხარეებს აწევთ მტკიცების ტვირთი, რომელიც გადანაწილებულია იმგვარად, რომ მათ უწევთ ისეთი ფაქტების მტკიცება, რომელიც ობიექტურად შეუძლიათ. დელიქტურ სამართალში მტკიცების ტვირთი შემდეგნაირადაა გადანაწილებული: 1. მოსარჩელე ამტკიცებს ზიანის ფაქტს და ოდენობას, ასევე მიზეზობრივ კავშირს მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; 2. მოპასუხე ამტკიცებს ქმედების მართლზომიერებას ან ბრალის გამომრიცხველ გარემოებებს.
განმარტებული ნორმა:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხ. 102.1
საკვანძო სიტყვა:
მტკიცების ტვირთი; მტკიცების ტვირთის გადანაწილება; მტკიცების ტვირთი დელიქტურ სამართალში
განმარტების ტექსტი:
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

4. ან მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი;