ნახვები: 152
საქმის ნომერი: 1/ბ-1123-16
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ლევან თევზაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-1123-16 (2017-01-12), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-1123-16

განაჩენი
საქართველოს სახელით
       12 იანვარი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ლევან თევზაძე

ავთანდილ ნასყიდაშვილის მდივნობით,


სახელმწიფო ბრალმდებელ: ნათია კუპრაშვილის;
მსჯავრდებულ: ზ. თ.-ს;
მსჯავრდებული - ზ. თ.-ს ძე თ., დაბადებული 1989 წლის XX იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი NXXXXXXXXXXX, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ს.-ს რაიონი სოფელი წ., ა.-ს პირველი ჩიხი #X, ფაქტობრივად მცხოვრები: ს.-ს რაიონის სოფელი ს., უნივერსიტეტის ქუჩა #X.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ცივი იარაღის ტარება).

სასჯელი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ზ. თ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი საბოლოოდ ზ. თ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

b>აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:
სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ზ. თ.-სთვის უფრო მკაცრი სასჯელი განსაზღვრა, იმ საფუძვლით რომ პირის მიერ ცივი იარაღის ტარება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს საზოგადოებისათვის, მითუმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული უკვე ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიაზაციას.

მსჯავრდებულმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა მისი აღიარება და სინანული. იგი პასუხისგებაში მისცეს წინა საქმისთვის ჯერ კიდევ მაშინ, სანამ 21 წლის გახდებოდა, ერთი თვით ადრე, რის გამოც ეგონა, რომ 21 ასაკიდან უკვე შეეძლო დანის ტარება, ახალი კანონის შესახებ მისთვის უცნობი იყო და აღნიშნულის გამო შევიდა შეცდომაში.

სასამართლომ დაადგინა:
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის განაჩენით ზ. თ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2016 წლის 23 აპრილს, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, ზ. თ. იმყოფებოდა თ.-ში, ჯ.-ს ქუჩა #XX-თან, რა დროსაც ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
2016 წლის 25 აპრილს ცივი იარაღის #1139/ცი ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ზ. თ.-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.


განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ.თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნათია კუპრაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ ზ. თ. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, წარსულში ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულისათვის და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით დამნაშავის დასჯა პირდაპირი მნიშვნელობით არ არის სასჯელის ძირითადი მიზანი, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. თ.-ს მიმართ არ არის აუცილებელი შედარებით მძიმე პასუხიმგებლობის დაკისრება, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის სახით.
პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად არასაკმარისია პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ზ. თ.-ს მიმართ სასჯელის ნაწილში შეუსაბამოა, არ არის გათვალისწინებული მსჯავრდებულის პიროვნება და ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. ასევე ის გარემოება, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართალიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. სასჯელის გამაფრთხილებელი ზემოქმედება მდგომარეობს არა მძიმე სახის სასჯელის დანიშვნის სიმკაცრეში, არამედ მის გარდაუვალობაში. მოცემულ საქმეში, ინდივიდუალიზაციის პრინციპის გამოყენებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად დანიშნა სასჯელი და საქმის სრულყოფილი განხილვის შედეგად უზრუნველყო პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალობაც. ამდენად, სახელმწიფო ბრალდების პოზიცია სასჯელის დამძიმების ნაწილში უსაფუძვლოა.
პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სახელმწიფო ბრალმდებელი ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს და არ უთითებს განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენების არაკანონიერებაზე, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობლობას იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნათია კუპრაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი ზ. თ.-ს მიმართ დარჩეს უცვლელი.



სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ.თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნათია კუპრაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. თ.-ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

ზ. თ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი საბოლოოდ ზ. თ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: დანა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.