ნახვები: 27
საქმის ნომერი: №3ბ/1083-17
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №№3ბ/1083-17 (2017-07-25), www.temida.ge
საქმის № №3ბ/1083-17
საქმის № №3ბ/1083-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       25 ივლისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გიორგი ტყავაძე

აპელანტი _ ზ. მ.
წარმომადგენელი: გ. ა.

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება


1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ზ. მ. -ის სარჩელი, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა 2015 წლის 27 აგვისტოს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ბათილად ცნობის დღიდან ბათილად ცნო, მათ შორის მოსარჩელე ზ. მ.-ის ოჯახის მიმართ 2014 წლის 14 მარტს შედგენილი ოჯახის დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ ოჯახს მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი სარეიტინგო ქულა და იღებდა საარსებო შემწეობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე ზ. მ.-ის ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება და ოჯახის ხელახალი გადამოწმება დადგინდა.

მოსარჩელე ზ. მ. -ის ოჯახის ხელახალი სოციალურ-ეკონომიკური შემოწმება და ოჯახის დეკლარაციის შევსება განხორციელდა 2015 წლის 7 სექტემბერს, აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე ოჯახს მიენიჭა შესაბამისი სარეიტინგო ქულა და 2015 წლის დეკემბრიდან აღუდგა საარსებო შემწეობის მიღება.

2015 წლის 4 სექტემბერს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წერილობით აცნობა მოსარჩელე ზ. მ.-ს, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ზოგიერთი ოჯახის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 27 აგვისტოს № XX-XXX/X ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი მისი ოჯახის მიმართ 2014 წლის 24 მარტს შედგენილი ოჯახის დეკლარაცია და ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება.


2015 წლის 27 ნოემბერს, მოსარჩელე ზ. მ.-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა განმარტება საარსებო შემწეობის შეწყვეტის თაობაზე, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14 დეკემბრის წერილობითი მიმართვით მას განემარტა, რომ მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდოდა 2015 წლის 15 დეკემბრიდან.

2016 წლის 22 იანვარს, მოსარჩელე ზ. მ.-მა კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა განმარტება საარსებო შემწეობის შეწყვეტის თაობაზე და მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 4 მაისის წერილობითი მიმართვით მას კვლავ განემარტა, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ზოგიერთი ოჯახის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 27 აგვისტოს № XX-XXX/X ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი მისი ოჯახის მიმართ 2014 წლის 24 მარტს შედგენილი ოჯახის დეკლარაცია და ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა 2015 წლის 15 დეკემბრიდან.


2016 წლის 28 ივნისს, მოსარჩელე ზ. მ.-მა კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა განმარტება საარსებო შემწეობის შეწყვეტის თაობაზე და მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 ივლისის წერილობითი მიმართვით მას კვლავ განემარტა, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ზოგიერთი ოჯახის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 27 აგვისტოს № XX-XXX/X ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი მისი ოჯახის მიმართ 2014 წლის 24 მარტს შედგენილი ოჯახის დეკლარაცია და ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა 2015 წლის 15 დეკემბრიდან, რის გამოც მისი მოთხოვნა 2015 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვის მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურების თაობაზე ვერ დაკმაყოფილდებოდა.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გარანტირებულია უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 ივლისის №XX/XXXX წერილობითი მიმართვა ზ. მ.-ის ოჯახისათვის მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას შემოწმდა მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ამრიგად, სასამართლომ ასევე იმსჯელა გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე ზ. მ.-ის მოთხოვნა 2015 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვის მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურების თაობაზე.

2.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა საარსებო შემწეობის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელე ზ. მ.-ის მოთხოვნა ეფუძნებოდა, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი შეესაბამებოდა, თუ არა საქართველოს კანონმდებლობას.

2.4. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

მითითებული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მიხედვით, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.

აღნიშნული წესის მე-12 მუხლის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა, რომელიც მყარი ერთეულია და მისი შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ოჯახის გადამოწმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ცვლილება წევრთა რაოდენობაში (დემოგრაფიული ცვლილება), შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დასაქმდა, მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო ადგილი.

„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში (შემდგომში - „მონაცემთა ბაზა“) და მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში - „ღატაკი ოჯახი“).

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის გაცემა ჩერდება ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში. გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულაზე, მაშინ ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან. საარსებო შემწეობის შეჩერების შემთხვევაში, სააგენტო, შეჩერებიდან ერთი თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემის გაგრძელების (აღდგენის) ან შეწყვეტის თაობაზე. საარსებო შემწეობის აღდგენის შემთხვევაში ოჯახი დახმარებას იღებს შეჩერების თვიდან.


ამრიგად, ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გადამოწმების შემთხვევაში მითითებული ნორმა ითვალისწინებს საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებას და გადამოწმების შედეგად, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა, შესაბამისი ნორმატიული აქტის მიხედვით ითვალისწინებს საარსებო შემწეობის მიღებას, ოჯახს შემწეობის მიღება აღუდგება შეჩერების დღიდან. შესაბამისად, ასეთ პირობებში ოჯახს აუნაზღაურდება შეჩერების გამო მიუღებელი შემწეობა.


მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა 2015 წლის 27 აგვისტოს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ბათილად ცნობის დღიდან ბათილად ცნო, მათ შორის მოსარჩელე ზ. მ.-ის ოჯახის მიმართ 2014 წლის 14 მარტს შედგენილი ოჯახის დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ ოჯახს მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი სარეიტინგო ქულა და იღებდა საარსებო შემწეობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე ზ. მ.-ის ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება საარსებო შემწეობის შეჩერების თვიდან და ოჯახის ხელახალი გადამოწმება დადგინდა.

მოსარჩელე ზ. მ.-ის ოჯახის ხელახალი სოციალურ-ეკონომიკური შემოწმება და ოჯახის დეკლარაციის შევსება განხორციელდა 2015 წლის 7 სექტემბერს, აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე ოჯახს მიენიჭა შესაბამისი სარეიტინგო ქულა და 2015 წლის დეკემბრიდან აღუდგა საარსებო შემწეობის მიღება.


„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.

ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გადამოწმების გამო, საარსებო შემწეობის მიღების შეჩერება და საარსებო შემწეობის მიღების (რეგისტრაციის) შეწყვეტა, ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისად, სხვადასხვა სამართლებრივ შედეგებს იწვევს, კერძოდ საარსებო შემწეობის შეჩერების შემთხვევაში, სააგენტო, შეჩერებიდან ერთი თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემის გაგრძელების (აღდგენის) ან შეწყვეტის თაობაზე. საარსებო შემწეობის აღდგენის შემთხვევაში ოჯახი დახმარებას იღებს შეჩერების თვიდან, ხოლო რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ზ. მ.-ს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ზოგიერთი ოჯახის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 27 აგვისტოს № XX-XXX/X ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც მის ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების დღიდან - 2015 წლის სექტემბრიდან შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება. შესაბამისად, ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც დადგა სამართლებრივი შედეგი მოსარჩელე ზ. მ.-ის ოჯახისათვის 2015 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეში საარსებო შემწეობის მიღების შეწყვეტის სახით სადავოდ არ გამხდარა და იგი ძალაშია.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.


ამრიგად, მოსარჩელე ზ. მ.-ს ზემოთ აღნიშნული აქტებით, გარანტირებული ჰქონდა უფლება, კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიემართა სასამართლოსათვის და იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოეთხოვა, რომლითაც მის ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების დღიდან - 2015 წლის სექტემბრიდან შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე და იგი ბათილად არ არის ცნობილი, არ არსებობს სამართლებრივი წინაპირობა, მის საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები სასამართლომ, მოცემული დავის განხილვის ფარგლებში ცნოს უკანონოდ და დაავალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს 2015 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეში მიუღებელი საარსებო შემწეობის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება, რამდენადაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ზ. მ.-სთვის 2015 წლის სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბერში მიუღებელი საარსებო შემწეობის, როგორც ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობა არის იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონსაწინააღმდეგოდ ცნობა, რომლითაც მოსარჩელე ზ. მ.-ის ოჯახს შეუწყდა მოცემულ პერიოდში საარსებო შემწეობის მიღება და მიადგა ზიანი, რაც განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული არ არის. შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი, 2015 წლის სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბერში მიუღებელი საარსებო შემწეობის - ზიანის ანაზღაურებაზე უარი, მოცემულ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება კანონს.

2.5. სასამართლო განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

მითითებული კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 ივლისის №XX/XXXX წერილობითი მიმართვა ზ. მ.-ის ოჯახისათვის მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

3.1. ზ. მ.-ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

ფაქტობრივი უსწოროებები:

აპელანტი ზ. მ. განმარტავს, რომ მისი ოჯახი იმყოფება უკიდურეს სიღატაკეში, არ აქვთ საკუთარი ბინა და ღამეს ნაქირავებში ათევენ, ოჯახის წევრები არიან აივ ინფიცირებულნი და ყოველი დილა იწყება ელემენტარული საკვების მოძიებაზე ფიქრით. სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ პოულობენ ვერანაირ სამუშოს რათა მცირეწლოვნებს ღირსეული მომავალი შეუქმნან.

2014 წელს ოჯახმა უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე მიმართა სოციალური მომსახურების სააგაენტოს საარსებო შემწეობის დანიშვნის თხოვნით.

ამავე წელს დადგენილი წესით სოციალური მომსახურების სააგენტს თანამშრომლის მიერ განხორციელდა ვიზიტი, აპელანტის მიერ მიწოდებული იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად. დეკლარაციაში აღიწერა ოჯახის უმძიმესი სოციალური ყოფა, რის საფუძველზეც 2014 წლის 14 მარტს, ოჯახს მიენიჭ მინიმალური ქულა და დაენიშნა სოაციალური შემწეობა.

2015 წლის 20 აგვისტოს სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის NXX-XXXX მოხსენებითი ბარათით აპელანტმა შეიტყო, რომ დეპარტამენტის მიერ მოხდა ძველი თბილისის, ისანი-სამგორის და დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური ცენტრების მიერ შევსებული დეკლარაციების გადამოწმება. რის შედეგადაც 22 შემთხვევაში გამოვლინდა ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის მიერ ბენეფიციარის ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ცნობების იმგვარი სახით დართვა, რომელიც არ შეესაბამებოდა 2010 წლის 23 მაისის N141/ნ მინისტრის ბრძანებას.

2015 წლის 27 აგვისტოს გამოიცა ბრძანება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ, რომლითაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური ცენტრის თანამშრომლების მიერ არასწორად შედგენილი დეკლარაციის გამო ბათილად ცნობის დღიდან, ბათილად იქნა ცნობილი აპელანტის ოჯახის მიმართ 2014 წლის 14 მარტს შედგენილი დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც იქნა სარეიტინგო ქულა მინიჭებული.

სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2015 წლის 27 აგვისტოს გამოცემული ბრძანებაში ნათლადაა მითითებული, რომ ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა სააგენტოს თანამშრომლების მიერ დეკლარაციის დადგენილი წესის დარღვევით შევსება.

2015 წლის 7 სექტემბერს საააგენტოს მხრიდან კვლავ განხორციელდა ვიზიტი და ოჯახის უკიდურესი სიღატაკისა და ჯანმრთელობის უმძიემსი მდგომარეობის გათვალისწინებით კვალავ მინიმალური ქულის მინიჭება მოხდა. პროცედურებმა გარკვეული დრო წაიღო და საარსებო შემწეობის დანიშვნა მხოლოდ 2015 წლის დეკემბრის თვიდან გახდა შესაძლებელი.

სააგენტოს თანამშრომლების დაუდევარმა და არამართლზომიერმა ქმედებებმა კი გამოიწვია, ის რომ ზ. მ.-ის ოჯახს ღამეების გათენება ნაქირავებ სახლში მუდმივად იმის შიშში უწევდა, რომ ბინის მესაკუთრე ღია ცის ქვეშ გაუშვებდა მათ.

ზ. მ. -ს 2016 წლის 04 მაისს სააგენტოდან ეცნობა, რომ გასული პერიოდის თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დამატებითი მოკვლევა. 2016 წლის 19 ივლისს კი აპელანტმა შეიტყო, რომ სააგენტო არ აპირებდა მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

აპელანტი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაში იგნორირებულია, როგორც 2015 წლის 20 აგვისტოს სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის NXX-XXXX მოხსენებითი ბარათი, ასევე 2015 წლის 27 აგვისტოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების შინაარსი და შემწეობის შეწყვეტის დასაბუთება სადაც ხაზგასმულია ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლების მიერ არამართლზომიერი ქმედებების განხორციელება. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან არ მოხდა დირექტორის ბრძანების გასაჩივრება 1 თვის ვადაში, რომელიც შესაძლოა კანონიერიც იყო სააგენტოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, აპელანტი მოკლებულია შესაძლებლობას იდაოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.

ხსენებულიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, თბილისის საქლაქო სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია ზიანის მიყენების ფაქტი დადგენილად და დაუსაბუთებლად თქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სამართლებრივი უსწოროებები:

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორცილებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისატრციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებლი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალ რომლიც არ მიუღია პირს და რომლესაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

სამოქალაქო კოდექის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი და გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზიანის ანაზღაურების პასუხსიმგებლობის დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის.

ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის მიხედვით კი დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, რაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლების მიერ ადგილი ჰქონდა ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. კერძოდ მათ არ დაიცვეს მინისტრის 2010 წლის 20 მაისი N141/ნ ბრძანება, რომლითაც განსაზღვრულია სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ ეკენომიკური მდგომარეობის შეფასების წესი.

ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლების მიერ ვალდებულება არაჯეროვანმა შერულებამ კი გამოიწვია შედეგი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში აპელანტის ოჯახის რეგიტრაციის შეწყვეტა. პროცედურული დარღვევების გამოსწორებამ კი ოჯახს ჯამში 1560 ლარი ზიანი მიაყენა.

სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისატრციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობა, სარჩელი დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ემყარება იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 27 აგვისტოს გამოცემული ბრძანება აპელანტის ოჯახს არ გაუხდია სადავოდ, რაც უაკანონო და უსაფუძვლოა.

აპელანტისათვის გაუგებარია, იმ პირობებში, როდესაც შესაძლოა სააგენტოს თანამშრომელთა გადაცდომიდან გამომდინარე, მართლაც არსებობდა დეკლარაციის ბათილად ცნობის საფუძველი, რატომ ეზღუდება მათ თანამშროემლთა მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე დავის შესაძლებლობა. თანაც ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა ამ პირობებში დაუსაბუთებლად 1 თვემდე მცირდება.

აღნიშნული მსჯელობიდან გამომიდანრე აპელანტი მიიჩნევს, რომ არსებობს თბილისი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლი, ზ. მ.–ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მიყენებული ზიანის 1560 ლარის ანაზღაურების თაობაზე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება

4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

4.6. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აფასებს, რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ასაბუთებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს; კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას არ იზიარებს.

ფაქტობრივი დასაბუთება:

4.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა 2015 წლის 27 აგვისტოს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ბათილად ცნობის დღიდან ბათილად ცნო, მათ შორის მოსარჩელე ზ. მ.-ის ოჯახის მიმართ 2014 წლის 14 მარტს შედგენილი ოჯახის დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ ოჯახს მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი სარეიტინგო ქულა და იღებდა საარსებო შემწეობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე ზ. მ.-ის ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება და ოჯახის ხელახალი გადამოწმება დადგინდა.


4.8. 2015 წლის 4 სექტემბერს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წერილობით აცნობა მოსარჩელე ზ. მ.-ს, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ზოგიერთი ოჯახის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 27 აგვისტოს № XX-XXX/X ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი მისი ოჯახის მიმართ 2014 წლის 24 მარტს შედგენილი ოჯახის დეკლარაცია და ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება.

4.9. 2015 წლის 27 ნოემბერს, მოსარჩელე ზ. მ.-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა განმარტება საარსებო შემწეობის შეწყვეტის თაობაზე, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14 დეკემბრის წერილობითი მიმართვით მას განემარტა, რომ მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდოდა 2015 წლის 15 დეკემბრიდან.

4.10. მოსარჩელე ზ. მ.-ის ოჯახის ხელახალი სოციალურ-ეკონომიკური შემოწმება და ოჯახის დეკლარაციის შევსება განხორციელდა 2015 წლის 7 სექტემბერს, აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე ოჯახს მიენიჭა შესაბამისი სარეიტინგო ქულა და 2015 წლის დეკემბრიდან აღუდგა საარსებო შემწეობის მიღება.

4.11. 2016 წლის 22 იანვარს, მოსარჩელე ზ. მ.-მა კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა განმარტება საარსებო შემწეობის შეწყვეტის თაობაზე და მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 4 მაისის წერილობითი მიმართვით მას კვლავ განემარტა, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ზოგიერთი ოჯახის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 27 აგვისტოს № XX-XXX/X ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი მისი ოჯახის მიმართ 2014 წლის 24 მარტს შედგენილი ოჯახის დეკლარაცია და ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა 2015 წლის 15 დეკემბრიდან.


4.12. 2016 წლის 28 ივნისს, მოსარჩელე ზ. მ.-მა კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა განმარტება საარსებო შემწეობის შეწყვეტის თაობაზე და მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 ივლისის წერილობითი მიმართვით მას კვლავ განემარტა, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ზოგიერთი ოჯახის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 27 აგვისტოს № XX-XXX/X ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი მისი ოჯახის მიმართ 2014 წლის 24 მარტს შედგენილი ოჯახის დეკლარაცია და ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა 2015 წლის 15 დეკემბრიდან, რის გამოც მისი მოთხოვნა 2015 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვის მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურების თაობაზე ვერ დაკმაყოფილდებოდა.

სამართლებრივი დასაბუთება

4.13. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.


4.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 ივლისის №XX/XXXXX წერილით ზ. მ.-ს უარი ეთქვა ქმედების განხორციელებაზე კერძოდ ოჯახისათვის მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურებაზე. მოსარჩელე ზ. მ. მოითხოვს 2015 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვის მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურებას 1560 ლარის ოდენობით.

4.15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

4.16. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

4.17. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მიხედვით, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.

აღნიშნული წესის მე-12 მუხლის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა, რომელიც მყარი ერთეულია და მისი შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ოჯახის გადამოწმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ცვლილება წევრთა რაოდენობაში (დემოგრაფიული ცვლილება), შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დასაქმდა, მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო ადგილი.

4.18. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

აღნიშნული ნორმა ანიჭებს მოპასუხეს უფლებას შესაბამისი საფუძვლის არსებობს შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე.

4.19. „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში და მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე.

ამავე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის გაცემა ჩერდება ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში. გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულაზე, მაშინ ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან. საარსებო შემწეობის შეჩერების შემთხვევაში, სააგენტო, შეჩერებიდან ერთი თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემის გაგრძელების (აღდგენის) ან შეწყვეტის თაობაზე. საარსებო შემწეობის აღდგენის შემთხვევაში ოჯახი დახმარებას იღებს შეჩერების თვიდან.

ზემოაღნიშნული ნორმები სამართლიანად ადგენს, რომ საარსებო შემწეობის აღდგენის შემთხვევაში ოჯახი დახმარებას იღებს შეჩერების თვიდან.

4.20. დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა 2015 წლის 27 აგვისტოს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ბათილად ცნობის დღიდან ბათილად ცნო, მათ შორის მოსარჩელე ზ. მ.-ის ოჯახის მიმართ 2014 წლის 14 მარტს შედგენილი ოჯახის დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ ოჯახს მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი სარეიტინგო ქულა და იღებდა საარსებო შემწეობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე ზ. მ.-ის ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება და ოჯახის ხელახალი გადამოწმება დადგინდა.

მოსარჩელე ზ. მ.-ის ოჯახის ხელახალი სოციალურ-ეკონომიკური შემოწმება და ოჯახის დეკლარაციის შევსება განხორციელდა 2015 წლის 7 სექტემბერს, აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე ოჯახს მიენიჭა შესაბამისი სარეიტინგო ქულა და 2015 წლის დეკემბრიდან აღუდგა საარსებო შემწეობის მიღება.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს საარსებო შემწეობის აღდგენამ წარმოშვა თუ არა მოპასუხის ვალდებულება გასცეს 2015 წლის სექტემბრის ოქტომბრისა და ნოემბრის საარსებო შემწეობა.

4.21. სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ზ. მ. -ს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ზოგიერთი ოჯახის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 27 აგვისტოს №XX-XXX/X ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც მის ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების დღიდან - 2015 წლის სექტემბრიდან შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს მხარეებს, რომ 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანების საფუძველი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი აპელანტის ოჯახის მიმართ 2014 წლის 14 მარტს შედგენილი დეკლარაცია და შეწყდა საარსებო შემწეობის გაცემა, იყო 2015 წლის 20 აგვისტოს სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის NXX-XXXXX მოხსენებითი ბარათი. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მოხდა ძველი თბილისის, ისანი-სამგორის და დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური ცენტრების მიერ შევსებული დეკლარაციების გადამოწმება. რის შედეგადაც 22 შემთხვევაში გამოვლინდა ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის მიერ ბენეფიციარის ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ცნობების იმგვარი სახით დართვა, რომელიც არ შეესაბამებოდა 2010 წლის 23 მაისის N141/ნ მინისტრის ბრძანებას.

მითითებული დოკუმენტი ადასტურებ, რომ საარსებო შემწეობის გაცემა გამოიწვია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელთა მოქმედებამ, რომელიც არ შეესაბამებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 მაისის N141/ნ ნორმატიული აქტის მოთხოვნებს.

4.22. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

4.23. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

4.24. სამოქალაქო კოდექის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი და გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზიანის ანაზღაურების პასუხსიმგებლობის დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის.

ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი.

4.25. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 მაისის N141/ნ ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი რამაც მოსარჩელეს მიაყენა მატერიალური ზიანი 2015 წლის სექტემბერის ოქტომბრისა და ნოემბრის საარსებო შემწეობის მიუღებლობით.

ამასთან ის გარემოება, რომ მოსარჩელეს აღნიშნულ თვეებში საარსებო შემწეობა ეკუთვნოდა დადასტურებულია იმ გარემოებით, რომ ზ. მ.-ის ოჯახის ხელახალი სოციალურ-ეკონომიკური შემოწმება და ოჯახის დეკლარაციის შევსება განხორციელდა 2015 წლის 7 სექტემბერს, აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე ოჯახს მიენიჭა შესაბამისი სარეიტინგო ქულა და 2015 წლის დეკემბრიდან აღუდგა საარსებო შემწეობის მიღება.

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და 2015 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვის საარსებო შემწეობის მიუღებლობით მიყენებული ზიანის 1560 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.


5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო საჩივრით გაბათილებული იქნა სასამართლოს დასკვნები სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.


6. საპროცესო ხარჯები:

6.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო. ამდენად, მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ზ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ზ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 ივლისის №XX/XXXX წერილობითი მიმართვა ზ. მ.-ის ოჯახისათვის მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ;
5. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზ.მ.-ის ოჯახს აუნაზღაუროს 2015 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვის საარსებო შემწეობის მიუღებლობით მიყენებული ზიანის 1560 (ართასხუთასსამოცი) ლარის ოდენობით;
6. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.




4.21. სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ზ. მ. -ს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ზოგიერთი ოჯახის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 27 აგვისტოს №XX-XXX/X ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც მის ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების დღიდან - 2015 წლის სექტემბრიდან შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს მხარეებს, რომ 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანების საფუძველი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი აპელანტის ოჯახის მიმართ 2014 წლის 14 მარტს შედგენილი დეკლარაცია და შეწყდა საარსებო შემწეობის გაცემა, იყო 2015 წლის 20 აგვისტოს სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის NXX-XXXXX მოხსენებითი ბარათი. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მოხდა ძველი თბილისის, ისანი-სამგორის და დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური ცენტრების მიერ შევსებული დეკლარაციების გადამოწმება. რის შედეგადაც 22 შემთხვევაში გამოვლინდა ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის მიერ ბენეფიციარის ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ცნობების იმგვარი სახით დართვა, რომელიც არ შეესაბამებოდა 2010 წლის 23 მაისის N141/ნ მინისტრის ბრძანებას.

მითითებული დოკუმენტი ადასტურებ, რომ საარსებო შემწეობის გაცემა გამოიწვია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელთა მოქმედებამ, რომელიც არ შეესაბამებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 მაისის N141/ნ ნორმატიული აქტის მოთხოვნებს.