ნახვები: 144
საქმის ნომერი: 2ბ/1036-16
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: (თავმჯდომარე), ამირან ძაბუნიძე, გელა ქირია,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/1036-16 (2017-03-02), www.temida.ge
საქმის № 2ბ/1036-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       02 მარტი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:

მოსამართლეები:
ამირან ძაბუნიძე, გელა ქირია,

02 მარტი, 2017 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ანა გოგიშვილი
მოსამართლეები - გელა ქირია,ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია

პირველი აპელანტი- დ. კ.;
წარმომადგენელი - ვ. გ.;

მეორე აპელანტი - გ. ლ., ა. ჰ. კ.;
წარმომადგენელი - ა. ი.;


დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება (ძირითადი სარჩელი) ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა (შეგებებული სარჩელი);

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტ დ. კ.-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 დეკეკბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკამყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტ გ. ლ.-ის და ა. ჰ. კ.-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გ. ლ.-ისა და ა. ჰ. კ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეეგიის 2014 წლის 30 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეებს: ა. ჰ. კ.-სა და გ. ლ.-ს აეკრძალათ, მათ საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი., ი. ჭ.-ის გამზირი №XX, ბ №XX ა, სადაკასტრო კოდი №XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXXა გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1 2008 წლის 08 ივლისს მხარეებს შორის წერილობით, სანოტარო წესით დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, კერძოდ, ნასყიდობის საგანი იყო დ. კ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი., ი. ჭ.-ის გამზ. NXX, ბ. XXა (ს/კოდი: XX. XX. XX. XXX. XXX. XX. XXXა), რომელიც საკუთრებაში გადაეცა მოპასუხეებს გ. ლ.-ს და ა. ჰ. კ.-ს , რომლებიც მესაკუთრედ აღირიცხნენ საჯარო რეესტრში. ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენდა 100 000 (ასი ათასი) ლარს.

2.2. მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის საგანი - ბინა მდებარე: თბილისი., ი. ჭ.-ის გამზ. NXX, ბ. XXა (ს/კოდი: XX. XX. XX. XXX. XXX. XX. XXXა) საკუთრების უფლებით გადაეცათ გ. ლ.-ს და ა. ჰ. კ.-ს, ხოლო დ. კ. სადაო ბინაში დარჩა სარგებლობის უფლებით სიცოცხლის ბოლომდე, სადაც დღემდე განაგრძობს ცხოვრებას.


2.3. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:


2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე დ. კ.-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების ნასყიდობის თანხა სრულად აქვს მიღებული;

მოსარჩელე ხელშეკრულებიდან გასვლას მოითხოვს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხეებს უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური სრულად არ გადაუხდიათ. მოსარჩელისათვის მოპასუხეების მხრიდან რაიმე სახის ვალდებულების შესრულებამ დაკარგა აზრი, რადგან უშედეგოდ გავიდა 5 წელზე მეტი დრო. აღნიშნულზე სასამართლო განმარტავს:


საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

იმავე კოდექსის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით მოცემული გარემოებების დამტკიცებისათვის ამა თუ იმ მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას ზოგ შემთხვევაში კარნახობს ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, ასე მაგალითად, სასესხო ვალდებულების დროს, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პირობებში, რაც უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს, დასახელებული მატერიალური ნორმა არ ითვალისწინებს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმს, თუმცა, რადგან საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა, სადავოობის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის მიმღების ხელწერილი, თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. კონკრეტულ შემთხვევაში მხარის ახსნა-განმარტების, მოწმეთა ჩვენებებით და საბანკო ამონაწერების თანახმად დადგინდა, რომ მოპასუხე გ. ლ.-ის მიერ 2008 წლის 18 ივნისს დ. კ.-სთვის გადაცემული იქნა 35 000 აშშ დოლარი, 2008 წლის 02 ივლისს გადაცემული იქნა 22 000 აშშ დოლარი, ხოლო 2008 წლის 08 ივლისს გადაცემული იქნა 8 000 აშშ დოლარი, რასაც ესწრებოდა მოწმე მ. ბ. მოსარჩელის ბინაში.

2008 წლის 08 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, ”მყიდველი ვალდებულია გამყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად გადაუხადოს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე.” ამდენად, დავას იწვევს ნასყი- დობის ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე გადახდილ იქნა თუ არა მყიდველის მიერ 100 000 ლარი. ამ თანხის გადახდის საკმაოდ მაღალი ალბათობის არსებობას აძლიერებს მოპასუხის ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ გადახდილი თანხებიდან 20 000 აშშ დოლარი დ. კ.-ის თხოვნით მათ ერთობლივად განათავსეს სს ”ს. ბ.-ში”;


საქმეში არსებული საბანკო ამონაწერების თანახმად, საბანკო ანგარიშებზე 2008 წლის 08 ივლისიდან - 2009 წლის 01 იანვრამდე პერიოდით, დ. კ.-ის ანგარიშზე 07.08.2008 წელს ”ბ. რ.-ში” განთავსებულია 1 680 ლარი და 1100 ლარი, 17.12.2008 წელს 500 ლარი, სს. ”ლ. ბ.-ში” ერიცხება პენსია, სს ”ს. ბ.-ში” 2008 წლის 08 ივლისს ჩარიცხულია 20 000 აშშ დოლარი, სს ”თ. ბ.-ში” 05.07.2008 წელს ჩაირიცხა 20 000 აშშ დოლარი, 10.08.2009 წელს - 2000 აშშ დოლარი, ხოლო სს ”ბ.-ში” დ. კ.-ს საბანკო ანგარიშები არ ჰქონია, სს ”პ. ბ.-ში” კი მის მიერ საბანკო ოპერაციები არ განხორციელებულა.

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ამონაწერს სს ”ლ. ბ.-დან”, აღნიშნულით დგინდება, რომ თანხის შეტანა ხდებოდა დ. კ.-ის ანგარიშზე პერიოდი მოიცავს 13.01.2010 წლიდან - 2014 წლის პერიოდს. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით დგინდება, რომ დ. კ.-ის სახელზე გახსნილ ანგარიშებზე ძირითადად ხდებოდა დეპოზიტზე თანხის შეტანა, პროცენტების გადმოტანა მიმდინარე ანგარიშზე და დეპოზიტზე თანხის გადმოტანა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ახსნა - განმარტებას იმის შესახებ, რომ დ. კ.-ის სახელზე საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხა წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების გასხვისების შედეგად მიღებულ თანხებს და საზღვარგარეთ მყოფი ნათესავების მიერ გადმორიცხულ თანხებს, რადგან წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით აღნიშნული არ დასტურდება. ამასთან აღნიშნულ გარემოებებს ამყარებს მოწმეთა ჩვენებებიც, რომლებმაც განმარტეს, რომ მათ მიერ მოხდა ნივთების შეძენა თუმცა თანხა გადაცემული იქნა დ. კ.-სთვის პირადად, მაგრამ საგულისხმოა ის გარემოება, რომ ვერცერთი მოწმის მიერ ვერ იქნა დასახელებული თუ რა პერიოდში იქნა მათ მიერ ნივთები შეძენილი, რაც საეჭვოს ხდის იმ გარემოებას, რომ ანგარიშზე არსებული თანხები წარმოადგენს სწორედ ნივთების საფასურს. ამასთან მოწმე მ. ა.-ის ჩვენებით დასტურდება, რომ დ. კ.-ის მიერ გაყიდული ნივთების ღირებულების ერთობლიობას ბევრად აღემატება დ. კ.-ის სახელზე განთავსებული თანხები. ამასთან საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ როგორც თავად მოსარჩელე აღნიშნავს არის პენსიონერი, არატრანსპარტაბელური და მისი ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმეთა ჩვენებებს იმის შესახებ, რომ მოსარჩელის ფინანსური პრობლემის გამო არ მომხდარა ნივთების გასხვისება და სწორედ ამ ნივთების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ჩარიცხვა განხორციელდა მის ანგარიშზე, რომლის შედეგადაც მოსარჩელე იღებდა საპროცენტო სარგებელს.

იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რომ მყიდველმა გადაიხადა ნასყიდობის ფასი, ე.ი. ამ ვალდებულების უკვე შესრულების ფაქტი, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ყველა მასალის ერთობლივად შეფასებით შესაძლებელია დადასტურდეს, თუ რამდენად შესრულდა მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასის გადახდის ვალდებულება ”...ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე”. იმავე მტკიცებულებების ერთობლიობაზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის ფულადი ვალდებულება რეალურად შეადგენდა 100 000 ლარს და არა 100 000 აშშ დოლარს, რაზეც აპელირებს მოსარჩელე, ამასთან სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მიერ ფულადი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ მოპასუხეთა მიერ თანხის გადახდა არ მოხდებოდა სრულად ეს გარემოება საფუძვლად ვერ დაედება სარჩელის დაკმაყოფილებას, რადგან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს გარიგების გაბათილების შესაძლებლობას და ასევე ხელშეკრულებიდან გასვლას, რაზეც მიუთითებს მოსარჩელე. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორი აღიჭურვება სხვა უფლებებითა და გარანტიებით, ვიდრე ეს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნაა. სახელშეკრულებო ურთიერთობის უმთავრესი და უპირველესი პრინციპი არის ის, რომ ნაკისრი ვალდებულება უნდა შესრულდეს, რაც გამოიხატება უძველეს ლათინურ ფორმულაში ”Pacta sunt servanda”.


რაც შეეხება მოპასუხის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლებაა და მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი სახის ხელყოფისაგან. აქედან გამომდინარე, მესაკუთრეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელმყოფებისაგან მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრული იქნა 30.04.2014 წელს ამდენად, არ არსებობს სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.


2.5. სასამართლო ადგენს, რომ დ. კ.-ს უძრავი ქონების მდებარე: თ., ი. ჭ.-ის გამზ. NXX, ბ. XXა-ზე (ს/კოდი: XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXXა) სარგებლობის უფლება მოპოვებული აქვს სიცოცხლის ბოლომდე;


სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებას იმის შესახებ, რომ არაკეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე უნდა მოხდეს დ. კ.-ის მიერ ნივთის მფლობელობის შეწყვეტა და მისი გამოსახლება გ. ლ.-ის და ა. ჰ. კ.-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან, რადგან მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში) მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ნივთს. დ. კ.-ის მართლზომიერი მფლობელობა დგინდება იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ 2008 წლის 08 ივლისის სანოტარო წესით დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად ნასყიდობის საგანი - ბინა მდებარე: თ., ი. ჭ.-ის გამზ. NXX, ბ. XXა-ზე (ს/კოდი: XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXXა) საკუთრების უფლებით გადაეცათ გ. ლ.-ს და ა. ჰ. კ.-ს, ხოლო დ. კ. სადაო ბინაში დარჩა სარგებლობის უფლებით სიცოცხლის ბოლომდე. სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. განსახილველი ნორმის თანახმად, მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. კეთილსინდისიერება და არაკეთილსინდისიერება მიუთითებს სუბიექტურ კრიტერიუმებზე, რაც განისაზღვრება პირის დამოკიდებულებით ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების მიმართ. მართლზომიერი და არამართლზომიერი მფლობელობა მიგვითითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში, ამრიგად, მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდანაა ნაწარმოები. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერი ფლობის საფუძველი. კონკრეტული სადავო ურთიერთობის შემთხვევაში, მოპასუხე წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მართლზომიერი ფლობის უფლება გამორიცხავს მესაკუთრის შესაძლებლობას, განახორციელოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობანი, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.6. სასამართლოს მითითებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.


იმავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი და მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

სასამართლომ განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულება, კერძოდ, ამ ხელშეკრულებით ორივე მხარეს გააჩნია როგორც უფლებები, ისე მოვალეობები ერთმანეთის მიმართ და მისი დადებულად მიჩნევისათვის აუცილებელი არაა ნივთის გადაცემა მეორე მხარისათვის, არამედ საკმარისია მხარეთა შეთანხმება ამის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2008 წლის 08 ივლისის სანოტარო წესით დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად ნასყიდობის საგანი - ბინა მდებარე: თბილისი, ი. ჭ.-ის გამზ. NXX, ბ. XXა-ზე (ს/კოდი: XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXXა) საკუთრების უფლებით გადაეცათ გ. ლ.-ს და ა. ჰ. კ.-ს, ხოლო დ. კ. სადაო ბინაში დარჩა სარგებლობის უფლებით სიცოცხლის ბოლომდე. მოპასუხეები დღეისათვის აღრიცხული არიან აღნიშნული ქონების მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში.


როგორც სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 361-ე მუხლების ციტირებული ნორმა მიუთითებს, თუკი მხარეებს შორის არსებობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კრედიტორის უპირველესი უფლებაა, მოითხოვოს მოვალისაგან ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულება, ხოლო ასეთი შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალის მხრიდან, მოითხოვის მისი იძულებითი წესით შესრულება.


სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.


სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკ- რულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მიხედვით თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ.


სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მიერ ფულადი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ მოპასუხეთა მიერ თანხის გადახდა არ მოხდებოდა სრულად ეს გარემოება საფუძვლად ვერ დაედება სარჩელის დაკმაყოფილებას, რადგან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს არც ხელშეკრულებიდან გასვლას და არც გარიგების გაბათილების შესაძლებლობას, რაზეც მიუთითებს მოსარჩელე. (3.2.1.)


აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის და უძრავი ქონების დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;

2.7. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან არ დაკმაყოფილდა ძირითადი სარჩელი ხელშეკრულებიდან გასვლისა და უძრავი ქონების ნატურით დაბრუნებასთან დაკავშირებით, შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს გ. ლ.-ის და ა. ჰ. კ.-ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე დ. კ.-ის მიერ ნივთის მფლობელობის შეწყვეტასა და საცხოვრებელი ბინიდან მისი გამოსახლების შესახებ.


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხდვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ი. ჭ.-ის გამზ. NXX, ბ. XXა-ზე (ს/კოდი: XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXXა) რეგისტრირებულია გ. ლ.-ის და ა. ჰ. კ.-ის საკუთრებად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები (შეგებებულ სარჩელში) არიან მესაკუთრეები ზემოაღნიშნული უძრავი ქონების, ხოლო მოპასუხე დ. კ. სადავო ბინას ფლობს კანონიერად. კერძოდ, 2008 წლის 08 ივლისის სანოტარო წესით დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად ნასყიდობის საგანი - ბინა მდებარე: თბილისი, ი.ჭ.-ის გამზ. NXX, ბ. XXა-ზე (ს/კოდი: XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXXა) საკუთრების უფლებით გადაეცათ გ. ლ.-ს და ა. ჰ. კ.-ის, ხოლო დ. კ. სადაო ბინაში დარჩა სარგებლობის უფლებით სიცოცხლის ბოლომდე. შესაბამისად, დ. კ.-მა აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებაზე მფლობელობა მოიპოვა სიცოცხლის ბოლომდე.

ამდენად მხარეთა შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეზღუდულია მოპასუხესთან მიმართებაში სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას, ხოლო ამავე კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.

განსახილველი ნორმის თანახმად, მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. კონკრეტული სადავო ურთიერთობის შემთხვევაში, მოპასუხე წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მართლზომიერი ფლობის უფლება გამორიცხავს მესაკუთრის შესაძლებლობას, განახორციელოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობანი, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ლ.-ს და ა. ჰ. კ.-ს უარი უნდა ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. (3.2.2.)

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

აპელანტი დ. კ.
3.1 აპელანტის მითითებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დ. კ.-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების ნასყიდობის თანხა სრულად აქვს მიღებული.

სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობასთვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმა. ხოლო 323-ე მუხლი განსაზღვრავს უძრავი ნივთის გასხვისებს წესს, რაც მოითხოვს წერილობით ფორმას. სადავო ხელშეკრულება დაიდო წერილობით კანონით დადგენილი წესით. ხელშეკრულებით განისაზღვრა ფასის გადახდის წესი, კერძოდ, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე. სსკ-ის 317 -მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, ამდენად ხელშეკრულება სახეზეა, რომელშიც მკაფიოდ არის გაწერილი მყიდველი მხარის ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმის თანახმად, ხელშეკრულებაში დათქმული დრო განისაზღვრა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების შემდგომ დამდგარ დროდ. ხოლო ამ კონკერტულ შემთხვევაში კი ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება გულისხმობს ნასყიდობის თანახის გადახდას. სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ვინაიდან მყიდველებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დასრულების შემდგომ არ გადაუხდიათ ნასყიდობის თანახა, მათ როგორც ვალდებულ მხარეებს ვალდებულება არ აქვთ შესრულებული, ბუნებაში არ არსებობს დოკუმენტი ან კანონით გათვალისწინებული სხვა სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მყიდველი მხარისგან ნასყიდობის თანხის გადახდას, ხოლო გამყიდველის მიერ თანხის მიღებას. სსკ-ის 68-ე მუხლი მოითხოვს გარიგების ნამდვილობისთვის საჭირო კანონით დადგენილი ფორმის დაცვას ვინაიდან უძრავი ქონების ნასყიდობა მოითხოვს წერლობით ფორმას და ამ ფორმაში გამყიდველისათვის ნასყიდობის თანხის გადაცემის ფაქტის დადასტურებას, თანხის გადაცემის დადასტურებაც უნდა მომხდარიყო წერილობითი ფორმით. რაც არც ხელშეკრულების შინაასრით არც სხვა რაიმე წერილობითი დოკუმენტით აბსოლუტურად არ დასტურდება.

უძრავი ქონების შემძენ მხარეს მესაკუთრისაგან უნდა მოეთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაცემის დადასტურება დოკუმენტურად რაც უდავო მტკიცებულება გახდებოდა თანხის გადაცემის ვალდებულების შესრულებისა.

სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრდიტორმა მოვალის თხოვნით შესრულების მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ანუ დოკუმენტი რომლითაც დასტუდრება, რომ მოვალემ გადასცა დათქმული თანხა-ნივთის ფასი გამყიდველს. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი კი მყიდველს ავალდებულებს შეთანხმებული ფასის გადახდას. მოსარჩელის მძიმე ცხოვრების გამო მიუხედავად არაერთგიზს ზეპირსიტყვიერი თხოვნისა მოპასუხეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა მდგომარეობის გამოყენებას და ვალდებულების შეუსრულებლობას.

სასამართლომ შეფასებისას არ გაითვალისწინა ის, რომ არ არსებოს კანონის იმპერატიული დანაწესი წერილობითი მტკიცებულების წარდგენის ვადლებულება თანხის გადაცემის შესახებ. სასამართლო არასწორად დაეყრდნო მოწმე ბ.-ის ჩვენებას მასზე, რომ თითქოს გ. ლ. გაჰყვა დ. კ.-ს რათა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხის ნაწილის დაახლოებით 20000 აშშ დოლარი შეეტანა ს. ბ.-ში. დ. კ.-ის მიერ ანაბარზე თანხების განთავსება განხორციელდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე და ეს სწორედ მოსარჩელის ძვირფასი ნივთების გაყიდვიდან დაგროვილი თანხები იყო.

აპელანტი- გ. ლ., ა. ჰ. კ.

3.2. აპელანტების მითითებით სასამართლომ მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოიყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, სსკ-ის 162-ე მუხლი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, ისევე როგორც სამოქალაქო კოდექსის არც ერთი მუხლის და ის როგორც სხვა მუხლები, გარკვეული გარემოებების და სიტუაციების არსებობის შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება შეიზღუდოს. სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის შემთხვევაში, აღნიშნული ვითარება გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლში.

სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთზე მფლობელობა წყდება თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. აღნიშნული მუხლიდან ჩანს, რომ საუბარია მართლზომიერ მფლობელობაზე და მის შეწყვეტაზე, რადგან არამართლზომიერი პრეტენზიის წარდგენა და მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხს ვინდიკაციური სარჩელიდან გამომდინარე არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი. რაც შეეხება დასაბუთებულ პრტენზიას აღნიშნული სასამართლოს განსჯის საკითხს წარმოადგენს. სასამართლოს დავის განხილვის დროს დამტკიცებული იქნა, რომ დ. კ.-სათვის გადახდილი იქნა სრულად ნასყიდობის თანხა, აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს, რომ დ. კ.-ის მიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე, მოქმედი კანონდმებლობის უხეშ დარღვევაზე.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ირკვევა, რომ 2008 წლის 10 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულების (08.07.2008წ) საფუძველზე მესაკუთრეებად უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ი. ჭ.-ის გამზ. NXX, ბ.XXა (ს/კოდი: XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXXა), ირიცხებიან გ. ლ. და ა. ჰ.კ..

დადგენილია, რომ 2008 წლის 08 ივლისს მოსარჩელე დ. კ.-სა და მოპასუხე მხარეებს გ. ლ.-ს და ა. ჰ. კ.-ს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დ. კ.-ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე- მდებარე: თბილისი, ი. ჭ.-ის გამზ. NXX, ბ.XXა (ს/კოდი: XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXXა)
მოცემულ ეტაპზე დ. კ.-ის სარჩელის ინტერსს წარმოადგენს 2008 წლის 08 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა - უარი ხელშეკრულებაზე და საკუთრების დაბრუნება.

4.2. პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობათა სამართლებრივი მდგომარეობის განვითარებები დროში, რომელიც ახალ უფლებას წარმოშობს არ არის თვითნებური და მათი თავისუფალი რელიაზაცია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე იფარგლება. რაც იმას ნიშნავს, რომ კონტრაჰენტთა სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულებების ცალმხრივად ცვლა თუ ტრანსფორმაცია (ხელშეკრულებიდან გასვლა - უარი ხელშეკურულებაზე თუ ხელშეკრულების მოშლა იგივე- ხელშეკრულების შეწყვეტა,) უპირობოდ ვერ რეალიზდება. მართალია, მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ან შეწყვიტოს ის, მაგრამ მხოლოდ გარკვეული პირობებით და წესით.

ჩვენს შემთხვეაში როგორც ზემოთ აღინიშნა სარჩელის ინტერესი ეფუძნება ხელშეკრულებიდან გასვლას, უარს ხელშეკრულებაზე იმ მოტივით, რომ სახელშეკრულებო მხარემ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამოდმინარე მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს გადაეცა ნასყიდობის საგანი, სყიდვის ფასი მის მიერ გადახდილი არ იქნა, შესაბამისად, მყიდველს გააჩნია ინტერესი თავდაპირველი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენისა.

4.3. პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა იგივე, უარი ხელშეკრულებაზე გამართლებულია, მხლოდ იმ პირობებით თუ სახეზე გვაქვს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, რის გამოც ხელშეკრულების ერთი მხარის სარგებლის მოლოდინი გაუმართლებელი აღმოჩნდება. ამიტომ ხელშეკრულებიდან გასვლის გზით უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა.

4.4. პალატის აზრით, სანამ ვიმსჯელებდეთ იმაზე, რომ ნასყიდობიდან გამომდინარე სყიდვის ფასის გადაუხდელობა, რამდენად წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომელიც საფუძველი გახდება ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებისა, მართებულია, დადგინდეს, ჰქონდა თუ არა რეალურდ ადგილი მყიდველის მიერ სყიდვის ფასის გადაუხდელობას.

მოცემული საქმიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარე არგუმენტირებს მასზე, რომ სყიდვის ფასის გადაუხდელობა დასტურდება მყიდველის მიერ იმ დოკუმენტის არ ქონით, რომელიც ამ უკანსკნელს უნდა მოეთხოვა გამყიდველისაგან სყიდვის ფასის გადახდის ასაღიარებლად. მართალია, რომ ასეთი დოკუმენტის ქონის პასუხისმგებლობა მყიდველის ტვირთია, ამავე დროს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით მისი დადასტურება შეუძლებელია, მაგრამ გამყიდველს მტკიცების ტვირთისთვის თავის გართმევა არ ეზღუდება სხვა ისეთი დოკუმენტური მტკიცებულბებით, რომელიც გამყიდველის აღიარების და დადასტურების საბუთის არ ქონას პრიორიტეტს უკარგავს.

ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეში მართებულად შეაფასა წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის მოსარჩელის ანგარიშების შევსების შესახებ.
4.5. უპირველესად ყურადღება მისაქცევია ის გარემოება, რომ 2008 წლის 08 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-5 პუნქტში არსებული მითითებით, მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგანი გაიყიდა 100.000 ლარად. მე-6 პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია გამყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად გადაუხადოს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე.

საქმეში არსებული საბანკო ამონაწერების თანახმად, საბანკო ანგარიშებზე 2008 წლის 08 ივლისიდან - 2009 წლის 01 იანვრამდე პერიოდით, დ. კ.-ის ანგარიშზე 07.08.2008 წელს ”ბ. რ.-ში” განთავსებულია 1 680 ლარი და 1100 ლარი, 17.12.2008 წელს 500 ლარი, სს. ”ლ. ბ.-ში” ერიცხება პენსია, სს ”ს. ბ.-ში” 2008 წლის 08 ივლისს ჩარიცხულია 20 000 აშშ დოლარი, სს ”თ. ბ.-ში” 05.07.2008 წელს ჩაირიცხა 20 000 აშშ დოლარი, 10.08.2009 წელს - 2000 აშშ დოლარი, ხოლო სს ”ბ.-ში” დ. კ.-ს საბანკო ანგარიშები არ ქონია, სს ”პ. ბ.-ში” კი მის მიერ საბანკო ოპერაციები არ განხორციელებულა.


რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ამონაწერს სს ”ლ. ბ.-დან”, აღნიშნულით დგინდება, რომ თანხის შეტანა ხდებოდა დ. კ.-ის ანგარიშზე პერიოდი მოიცავს 13.01.2010 წლიდან - 2014 წლის პერიოდს. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით დგინდება, რომ დ. კ.-ის სახელზე გახსნილ ანგარიშებზე ძირითადად ხდებოდა დეპოზიტზე თანხის შეტანა, პროცენტების გადმოტანა მიმდინარე ანგარიშზე და დეპოზიტზე თანხის გადმოტანა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ დ. კ.-ის სახელზე საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხა წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების გასხვისების შედეგად მიღებულ თანხებს და საზღვარგარეთ მყოფი ნათესავების მიერ გადმორიცხულ თანხებს. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით ხელშეკრულების დადების პერიოდისათვის დ. კ.-ის მიერ საბანკო ანგარიშების შევსება სწორედ გაყიდული მოძრავი ნივთების საფუძველზე მოხდა. ამასთან აღნიშნულ გარემოებებს ამყარებს მოწმეთა ჩვენებებიც, რომლებმაც განმარტეს, რომ მათ მიერ მოხდა ნივთების შეძენა, თუმცა თანხა გადაცემული იქნა დ. კ.-სთვის პირადად, ამასთან ვერცერთი მოწმის მიერ ვერ იქნა დასახელებული თუ რა პერიოდში იქნა მათ მიერ ნივთები შეძენილი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მოწმე მ. ა.-ის ჩვენებით დ. კ.-ის მიერ გაყიდული ნივთების ღირებულების ერთობლიობას ბევრად აღემატება დ. კ.-ის სახელზე განთავსებული თანხები. ამასთან მოწმედ დაკითხულმა მ. ბ.-მ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ის ესწრებოდა იმ ფაქტს, რომ გ. ლ.-მა მას გადასცა ნასყიდობის თანხა 65000 აშშ დოლარი, აღნიშნული თანხიდან 60000 აშშ დოლარი მის ანგარიშზე გადარიცხა ა. ჰ. კ.-მა..

ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად დასკვნას მასზე, რომ მოსარჩელე მხარისათვის ნასყიდობის ფასის გადახდის გარემოება მყიდველი მხარის მიერ დადასტურებულია, შესაბამისად, არ არსებობს ვალდებულების დარღვევა.

4.6. პალატა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ განმარტებას, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა, ხელშეკრულებაზე უარი უკავშირდება პირვანდელი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას ორმხრივი რესტუტიციის გზით.

სამოქალაქო კოდექსის 352.1- ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

ჩვენს შემთხვევაში თუნდაც რომ დადასტურდეს სყიდვის ფასის გამყიდველისათვის გადაუხდელობის ფაქტი, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების წარმოშობა ვერ მოხდება ამ უკანასკნელის სამართლებრივი ბუნების გამო, რომელიც თავისი შინაარსით გულსხმობს პირვანდელი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას, ანუ მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ ის, რაც ხელშეკრულების საფუძველზე მიიღეს ერთმანეთისგან პირვანდელი მდგომარეობის სახით და მოცულობით, ჩვენს შემთხვევაში ორმხივი რესტიტუცია ვერ შედგება და მოსარჩელის მიერ არგუმენტირებული ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის დადასტურების შემთხვევაშიც, გამყიდველს წარმოეშობა უფლება მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ან ზიანის ანაზღაურება და არა ხელშეკრულების ანულირება.

მიუხედავად იმისა, რომ პალატა არ იზიარებს სადავო ურთიერთობის ხანდაზმულად მიჩნევას, ვინაიდან ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებებზე მოთხოვნების უფლებისგან განსხავებით ხანდაზმულობა არ ვრცელდება, პალატს მიაჩნია, რომ სახეზეა არ არის ხელშეკრულებიდან გასვლის კანონისმიერი წინამძღვრები, შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის და საკუთრების უფლების დაბრუნების თაობაზე დაუსაბუთებელია.

4.7. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნის საფუძლიანობას პალატა მიუთითებს შემდეგზე.

დადგენილია, რომ 2008 წლის 08 ივლისის ხელშეკრულებით, რითაც მოსარჩელე დ. კ.-სა და მოპასუხე მხარეებს გ. ლ.-ს და ა. ჰ. კ.-ს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დ. კ.-ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე- მდებარე: თბილისი, ი. ჭ.-ის გამზ. NXX, ბ.XXა (ს/კოდი: XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXXა). მე-7 პუნქტით განისაზღვრა, რომ მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის საგანი საკუთრების უფლებით გადაეცემა მყიდველებს, ხოლო გამყიდველს რჩება სარგებლობის უფლებით სიცოცხლის ბოლომდე.

როგორც ნათელი ხდება, წინამდებარე ხელშეკრულება შერეული ტიპის ხელშეკრულებაა. ერთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო მეორე შემთხვევაში ნასყიდობის საგნის სარგებლობის უფლების მინიჭება უსასყიდლოდ მოსარგებლის სიცოცხლის მანძილზე პერიოდით.

აღნიშნული დათქმა სამართლებრივი სტრუქტუირებით შესაბამისობაშია თხოვების ხელშეკრულებასთან. შეგებებული სარჩელის ინტერესია ხელშეკრულების მოშლა, სხვა პირის მიერ ამ ნივთით სარგებლობის უფლების გაუქმება.

სამოქალაქო კოდექსის 615-ე მუხლის თანახმად, თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის.

საყურადღებოა, რომ თხოვება წარმოადგენს ორმხრივ და უსასყიდლო ვალდებულებით სამართლებრივ ხელშეკრულებას, რის თანახმადაც გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას, მონათხოვრეს გადასცეს ქონება უსასყიდლო სარგებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით ან უვადოდ. თავის მხრივ, მონათხოვრეს ეკისრება ვალდებულება, უკან დააბრუნოს ნათხოვარი ნივთი.

4.8. ჩვენს შემთხვევაში როგორც აღინიშნა მოპასუხე მხარემ იკისრა ვალდებულება მის საკუთრებაში არსებული ნივთი უსასყიდლოდ სარგებლობისათვის გადაეცა მოსარჩელე მხარისათვის ამ უკანსკნელის მთელი სიცოცხლის პერიოდის ვადით.

საინტერესოა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ დავაში ადგილი ქონდა ქონების თხოვებას, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ აპელანტს სახლი დაუთმო უსასყიდლოდ სარგებლობისათვის. ( იხ. სუსგ 27.05.2010წ საქმე №ას-197-188-10 )

თხოვების ხელშეკრულების ძირითადი ნიშანი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის გარდა არის გამნათხოვრებლის უფლება ნათხოვარის უკან დაბრუნების გამო და ასევე მონათხოვრის უფლება ნებისმიერ დროს თავისი ინიციატივით დაუბრუნოს ნივთი გამნათხოვრებელს.

ჩვენს შემთხვევაში უნდა ვიმსჯელოთ გამნათხოვრებლის უფლების გამოყენების მართებულობაზე ნათხოვარის უკან დაბრუნების შესახებ, რომელი უფლებაც დგება:
1) ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო;
2) ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის არ არსებობისას სარგებლობისათვის საჭირო ვადის გასვლის გამო (სსკ-ის 621-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები);
3) მონათხოვრის გარდაცვალების გამო ან იმ შემთხვევაში, თუ გამნათხოვრებელი გაუთვალისწინებელი გარემოების გამო თავად საჭიროებს ნივთს (სსკ-ის 622მ)
ნათელია, რომ თხოვების, როგორც გრძელვადიანი ხელშეკრულების მოშლა/შეწყვეტა გარკვეულ პირობებს უკავშირდება. ჩვენს შემთხვევაში სარგებლობისათვის გადაცემული ვადა განსაზღვულია მოსარგებლის მთელი სიცოცხლის პერიოდით.

4.9. სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე.

სპეციალური ნორმის - სამოქალაქო კოდექსის 622-ე მუხლის თანახმად, თუ მონათხოვრე გარდაიცვალა, ან გამნათხოვრებელი გაუთვალისწინებელი გარემოების გამო საჭიროებს ნივთს, მას შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება.

აღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე შეგებებული სარჩელის ავტორმა/ გამნათხოვრებელმა უნდა ასაბუთოს და ამტკიცოს ხელშეკრულების შეწყვეტის პატივსადები საფუძველი - გაუთვალისწინებლი გარემოების გამო ნივთის საჭიროების აუცილებლობა. ჩვენს შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორის ხელშეკრულების მოშლის მოტივი არის მონათხოვრესთან ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოქმნილი უთანხმოება, რაც კატეგორიულად არ შეესაბამება კანონით დადგენილ ნორმატიულ მოტივს, საწინააღმდეგო განმარტება დაარღვევს ,,ორმხრივი ინტერესების გათვალისწინების“ (სსკ-ის 398მ) იმპერატიულ პირობას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის მოშლის მართლზომიერი საფუძველი და შეგებებული სარჩელის ინტერსი გაუმართლებელია.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც გ. ლ.-ის და ა. ჰ. კ.-ის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის (160 ლარის ოდენობით) სახით.

რაც შეეხება აპელანტ დ. კ.-ს, იგი ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 პირველი ნაწილის ”მ” პუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გ. ლ.-სა და ა. ჰ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.




I შეჯამება:
ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულება.
განმარტებული ნორმები:
საქართვლოს სამოქალაქო კოდექსი, 477.1; 477.2
თეგები:
ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება
განმარტების სრული ტექსტი:
„ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულება, კერძოდ, ამ ხელშეკრულებით ორივე მხარეს გააჩნია როგორც უფლებები, ისე მოვალეობები ერთმანეთის მიმართ და მისი დადებულად მიჩნევისათვის აუცილებელი არაა ნივთის გადაცემა მეორე მხარისათვის, არამედ საკმარისია მხარეთა შეთანხმება ამის თაობაზე.“


II შეჯამება:
კრედიტორის უპირველესი უფლებაა, მოითხოვოს მოვალისაგან ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულება.
განმარტებული ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 316, 361
თეგები:
კრედიტორის უფლებები
განმარტების სრული ტექსტი:
„თუკი მხარეებს შორის არსებობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კრედიტორის უპირველესი უფლებაა, მოითხოვოს მოვალისაგან ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულება, ხოლო ასეთი შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალის მხრიდან, მოითხოვის მისი იძულებითი წესით შესრულება.“

III შეჯამება:
არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვის მართლზომიერებისათვის მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
განმარტებული ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 172.1.
თეგები:
არამფლობლი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
განმარტების სრული ტექსტი:
„აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.“



IV შეჯამება:
მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას.
განმარტებული ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 168, 162.1.
თეგები:
ნივთის მართლზომიერი მფლობელი
განმარტების სრული ტექსტი:
„მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი.“

V შეჯამება:
კონტრაჰენტთა სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულებების ცალმხრივად ცვლა თუ ტრანსფორმაცია (ხელშეკრულებიდან გასვლა - უარი ხელშეკურულებაზე თუ ხელშეკრულების მოშლა იგივე- ხელშეკრულების შეწყვეტა,) უპირობოდ ვერ რეალიზდება
განმარტებული ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352, 405.
თეგები:
სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულება
განმარტების სრული ტექსტი:
„სახელშეკრულებო ურთიერთობათა სამართლებრივი მდგომარეობის განვითარებები დროში, რომელიც ახალ უფლებას წარმოშობს არ არის თვითნებური და მათი თავისუფალი რელიაზაცია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე იფარგლება. რაც იმას ნიშნავს, რომ კონტრაჰენტთა სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულებების ცალმხრივად ცვლა თუ ტრანსფორმაცია (ხელშეკრულებიდან გასვლა - უარი ხელშეკურულებაზე თუ ხელშეკრულების მოშლა იგივე- ხელშეკრულების შეწყვეტა,) უპირობოდ ვერ რეალიზდება. მართალია, მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ან შეწყვიტოს ის, მაგრამ მხოლოდ გარკვეული პირობებით და წესით.
პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა იგივე, უარი ხელშეკრულებაზე გამართლებულია, მხლოდ იმ პირობებით თუ სახეზე გვაქვს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, რის გამოც ხელშეკრულების ერთი მხარის სარგებლის მოლოდინი გაუმართლებელი აღმოჩნდება. ამიტომ ხელშეკრულებიდან გასვლის გზით უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა.
ჩვენს შემთხვევაში თუნდაც რომ დადასტურდეს სყიდვის ფასის გამყიდველისათვის გადაუხდელობის ფაქტი, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების წარმოშობა ვერ მოხდება ამ უკანასკნელის სამართლებრივი ბუნების გამო, რომელიც თავისი შინაარსით გულსხმობს პირვანდელი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას, ანუ მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ ის, რაც ხელშეკრულების საფუძველზე მიიღეს ერთმანეთისგან პირვანდელი მდგომარეობის სახით და მოცულობით, ჩვენს შემთხვევაში ორმხივი რესტიტუცია ვერ შედგება და მოსარჩელის მიერ არგუმენტირებული ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის დადასტურების შემთხვევაშიც, გამყიდველს წარმოეშობა უფლება მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ან ზიანის ანაზღაურება და არა ხელშეკრულების ანულირება.“


VI შეჯამება:
თხოვება წარმოადგენს ორმხრივ და უსასყიდლო ვალდებულებით სამართლებრივ ხელშეკრულებას
განმარტებული ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 615.
თეგები:
თხოვების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება
განმარტების სრული ტექსტი:
„თხოვება წარმოადგენს ორმხრივ და უსასყიდლო ვალდებულებით სამართლებრივ ხელშეკრულებას, რის თანახმადაც გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას, მონათხოვრეს გადასცეს ქონება უსასყიდლო სარგებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით ან უვადოდ. თავის მხრივ, მონათხოვრეს ეკისრება ვალდებულება, უკან დააბრუნოს ნათხოვარი ნივთი.“