ნახვები: 73
საქმის ნომერი: 2ბ/5676-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ას-1532-1452-2017
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/5676-17 (2017-10-31), www.temida.ge
საქმის № 2ბ/5676-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       31 ოქტომბერი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - შ. ქ.
წარმომადგენელი - ლ. ქ.
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს. ბ.“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად
დაბრუნება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ვალდებულებისგან გათავისუფლება,
გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, სალომბარდე სესხზე ვალდებულებისა

აღწერილობითი ნაწილი

1. შ. ქ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და სს „ს. ბ.-სა“ და შ. ქ.-ს შორის 2015 წლის 11 აგვისტოს დადებული სესხის ხელშეკრულების და მისგან გამომდინარე დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს ბათილად ცნობა, ასევე 2015 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებულ სალომბარდე სესხზე N xxxxxx/xxxxxxxxx; N xxxxxx/xxxxxxxxx, N xxxxxx/xxxxxxxxx პროცენტის და ჯარიმის დარიცხვისა და ნივთების რეალიზაციის 2016 წლის 29 სექტემბრის შემდგომ პერიოდზე სასამართლო დავის დასრულებამდე შეჩერება და შ. ქ.-სთვის გადახდილი თანხის 600 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილი იქნა 2015 წლის 11 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უკან დაბრუნება მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ქ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს ,,ს. ბ.-ს’’ აეკრძალა: სასამართლოს დავის დასრულებამდე სავაჭრო წარმომადგენელს სარეალიზაციოდ გადასცეს 2015 წლის 08 ოქტომბრის # xxxxxx/xxxxxxxxx ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთები: 1. ბეჭედი 3 ცალი -ოქრო 585 სინჯით - 9.200 გრამი. 2. ბეჭედი 1 ცალი - ოქრო 750 სინჯით - 3.300 გრამი. 3. საყურე წყვილი 1 ცალი - ოქრო 500 სინჯით - 1.700 გრამი. 4. ბრილიანტი 1 ცალი - კპ57 სინჯით - 0.157 გრამი და აღნიშნულ ნივთებს დაედოს ყადაღა. სასამართლოს დავის დასრულებამდე სავაჭრო წარმომადგენელს სარეალიზაციოდ გადასცეს 2015 წლის 08 ოქტომბრის # xxxxxx/xxxxxxxxx ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთები: 1. საქორწინო ბეჭედი 2 ცალი - ოქრო 958 სინჯით - 9.900 გრამი და აღნიშნულ ნივთებს დაედოს ყადაღა. სასამართლოს დავის დასრულებამდე სავაჭრო წარმომადგენელს სარეალიზაციოდ გადასცეს 2015 წლის 08 ოქტომბრის # xxxxxx/xxxxxxxxx ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთები: 1. საქორწინო ბეჭედი 1 ცალი - ოქრო 916 სინჯით - 7.300 გრამი. 2. ბეჭედი 3 ცალი - ოქრო 500 სინჯით - 13.500 გრამი. 3. ბეჭედი 3 ცალი - ოქრო 585 სინჯით - 9.500 გრამი და აღნიშნულ ნივთებს დაედოს ყადაღა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შ. ქ.-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. 2015 წლის 8 ოქტომბერს სს „ს. ბ.-სა“ და შ. ქ.-ს შორის გაფორმდა სალომბარდე ხელშეკრულება N xxxxxx/xxxxxxxxx, რომლის თანახმად, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 300 აშშ დოლარის ოდენობით (ს.ფ 22; ს.ფ 23; ს.ფ 26-27; ს.ფ 28).

6. 2015 წლის 8 ოქტომბერს სს „ს. ბ.-სა“ და შ. ქ.-ს შორის გაფორმდა სალომბარდე ხელშეკრულება N xxxxxx/xxxxxxxxx, რომლის თანახმად, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 300 აშშ დოლარის ოდენობით (ს.ფ 29); (ს.ფ 30); (ს.ფ 33-34); (ს.ფ 35).

7. 2015 წლის 8 ოქტომბერს სს „ს. ბ.-სა“ და შ. ქ.-ს შორის გაფორმდა სალომბარდე ხელშეკრულება N xxxxxx/xxxxxxxxx, რომლის თანახმად, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 600 აშშ დოლარის ოდენობით (ს.ფ 36); (ს.ფ 37); (ს.ფ 40-41); (ს.ფ 42).

8. ზემოაღნიშნული სალომბარდე ხელშეკრულებების დარღვევის გამო, 2017 წლის 23 მარტის მდგომარეობით შ. ქ.-ს დავალიანება, საერთო ჯამში, 4 541.90 ლარს შეადგენს (ს.ფ 86).
8. შ. ქ.-ს სს „პ. ბ.-თან“ არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2015 წლის 1 მაისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 2 177.06 ლარის ოდენობით (ს.ფ 191-199).

9. 2015 წლის 11 აგვისტოს სს „ს. ბ.-სა“ და შ. ქ.-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა განისაზღვრა 2530 ლარით, კრედიტის ვადა შეადგენდა 24 თვეს, ხოლო პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის 0% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ 43-45); (ს.ფ 78); (ს.ფ 79).

10. 2015 წლის 11 აგვისტოს სს „ს. ბ.-სა“ და შ. ქ.-ს შორის შედგა ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება 2 530 ლარზე, რომელიც წარმოშობილია სს „პ. ბ.-თან“ არსებული დავალიანებიდან. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია სს „ს. ბ.-ის“ მიერ გაცემული საბანკო ამონაწერიდან, სადაც ცალსახადაა მითითებული, რომ მოპასუხეს სადავო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ რამდენიმეჯერ გადახდილი აქვს სესხზე (2 530 ლარზე) დარიცხული სარგებელი, რითაც თავისი კონკლუდენტური მოქმედებით სესხის ხელშეკრულებას დაეთანხმა (ს.ფ 43-45); (ს.ფ 135-136)

11. აპელანტი სადავოდ ხდის, ფაქტს მასზედ, რომ შ. ქ.-ს 2015 წლის 11 აგვისტოს ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების დადებამდე ვალდებულება არ გააჩნდა. აღნიშნულ მტკიცებას სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შ. ქ.-ის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების შედეგად ვალდებულების შეწყვეტის ფაქტი. აღნიშნული მტკიცების საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 11 აგვისტოს რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება 2 530 ლარზე (ს.ფ. 43-45). საქმეში წარმოდგენილია ასევე შ. ქ.-ს მიერ რესტრუქტურიზებული სესხის პერიოდულად დაფარვის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, ამონაწერი შ. ქ.-ის საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 135-136).

12. რაც შეეხება აპელანტის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მას რესტრუქტურიზებული სესხის თანხა არ აუღია, პალატა განმარტავს, რომ ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების დადების შედეგად, მოვალის მიერ დავალიანების აღიარება და ბანკის მიერ მოვალის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ხდება, თუმცა, აღნიშნული თანხა მოვალის მიერ შეხედულებისამებრ კი არ განიკარგება, არამედ არსებული დავალიანების დაფარვას ემსახურება. განსახილველ შემთხვევაში შ. ქ.-ის ანგარიშზე 2 530 ლარის ოდენობით სესხის თანხა განთავსდა, რომელიც, ამონაწერის მიხედვით, არსებული დავალიანების დაფარვას მოემსახურა (ს.ფ. 135-136).

13. აპელანტის განმარტებით, ვალის რესტრუქტურიზაციის ეტაპზე მას ეგონა, რომ მისი დავალიანება 530 ლარს შეადგენდა და არა 2 530 ლარს. აღნიშნული შეცდომა კი განპირობებული იყო იმით, რომ მან რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება არ წაიკითხა (იხ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმი 14:41:20; 14:41:21; 14:41:42).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

სასამართლო განმარტავს, რომ მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღსანიშნავია, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული დაკავშირებულია არამხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, ძილში, ჰიპნოზურ მდგომარეობაში გამოხატული ნება და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება (ძილი, ჰიპნოზის მდგომარეობა, სულიერი ავადმყოფობა და ა.შ.) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან.

14. აპელანტ შ. ქ.-ის მითითებით, მას ეგონა, რომ მისი დავალიანება 530 ლარი იყო და არა 2 530 ლარი. შესაბამისად, ბანკის თანამშრომლებმა იგი განზრახ შეცდომაში შეიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლში მოცემულია „თვალსაჩინოების სტანდარტი“, რაც გამოხატულებას პოულობს ფრაზაში „აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.“ ამდენად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოცემულ შემთხვევაში, იმ დოკუმენტში, რომელსაც შ. ქ.-მა ხელი მოაწერა, დეტალურად, გარკვევით, თანმიმდევრულად აღწერილი იყო გარიგების შინაარსი. შესაბამისად, შ. ქ.-ს ჰქონდა დოკუმენტში აღწერილი და მის მიერ გამოსავლენი ნების შეცნობის ობიექტური შესაძლებლობა. რაც შეეხება მოტყუებას და მოტყუების საფუძველზე არანამდვილი ნების გამოვლენას, პალატა მიიჩნევს, რომ მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი. განსახილველ შემთხვევაში, შ. ქ.-ის წარმომადგენლის განმარტებით, შ. ქ.მ ისე მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომ იგი მის შინაარსს არ გაცნობია (იხ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმი 14:41:20; 14:41:21; 14:41:42), შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოტყუებად ვერ დაკვალიფიცირდება. უფრო მეტიც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს უხეშ დაუდევრობას, რაც არც შეცდომის საფუძველზე გამოვლენილი ნების ბათილობას იწვევს, ვინაიდან ასეთ ვითარებაში დაცულია მეორე მხარის ინტერესი, რომელსაც გამოვლენილი ნების მიმართ დაცვის ღირსი მოლოდინი ჰქონდა.

პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვის მიზნებისათვის იმგვარი პრეცედენტის დაშვება, რომ შინაარსის გაცნობის გარეშე ხელმოწერილი დოკუმენტების ბათილობა მოითხოვონ პირებმა, გამოიწვევს სამოქალაქო ბრუნვის შეფერხებას, კერძო სამართალში მოქმედ კეთილსინდისიერების პრინციპის ბოროტად გამოყენებას. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობები პირველ რიგში, კეთილსინდისიერების პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. კეთილსინდისიერება ეს ის კატეგორიაა, რომლითაც ხდება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა თავისუფალი ქცევის შეზღუდვა, გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა, იმ განზრახვით, რომ არ მოხდეს საკუთარი უფლებების რეალიზაცია სხვისი უფლებების დაუშვებლად ხელყოფის ხარჯზე.

15. პალატა განმარტავს, რომ ვალის რესტრუქტურიზციის ხელშეკრულება წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 341-ე მუხლისა, რომელიც, თავისი არსით, ახალი გარიგებაა, რომლითაც, როგორც წესი, ძველი დავალიანების აღიარება ხდება. შესაბამისად, ახალი ხელშეკრულების დადებით ძველი ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულების ძალით შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, ძველი დავალიანება ნამდვილად არსებობდა, თუ არა; ხანდაზმული იყო თუ არა იგი; წინმსწრები გარიგება ნამდვილი იყო, თუ არა; ან კიდევ ადრინდელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შესრულებული იყო თუ არა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საფუძველს მოკლებულია აპელანტის მოთხოვნა იმ წინმსწრები განჩინებების გაუქმების თაობაზე, რომლითაც იგი ძველი, კერძოდ, „ტ. პ. ბ.-თან“ დადებული ხელშეკრულებისა და ამონაწერების გამოთხოვას ითხოვდა, ვინაიდან სახეზეა ვალის რესტრუქტურუზაციის ხელშეკრულება, რომლის ბათილობის წინაპირობები სახეზე არ არის, შესაბამისად, დავალიანება შ. ქ.-ს სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხება.

12. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

ამასთან, სააპელაციო საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ზედმეტად გადახდილია 150 ლარი, რაც აპელანტს უკან უნდა დაუბრუნდეს.

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და დაადგინა


1. შ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. შ. ქ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფისათვის ლ. ქ.-ის მიერ 2017 წლის 21 სექტემბერს სს „საქართველოს ბანკში“ 50-50 ლარად სამჯერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჯამში 150 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალებები # xxx, რეფერენსი xxxxxxxxxx; xxxxxxxxxx; xxxxxxxxxx), როგორც ზედმეტად გადახდილი;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.




I შეჯამება:

ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგის წარმოშობისაკენაა მიმართული, პირს აღჭურვავს როგორც უფლებებით, ასევე მას აკისრებს თანამდევ მოვალეობებს. ივარაუდება, რომ გამოვლენილი ნება შეესაბამება პირის ნამდვილ ნებას, ვიდრე აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო ფაქტი არ დადასტურდება, ვინაიდან გამოვლენილი ნება შებოჭილია კონტრაჰენტის მხრიდან გამჟღავნებული ნდობის დაცვის ღირსი ინტერესით.

განმარტებული ნორმები:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლი

თეგები:

გამოვლენილი ნების ნამდვილობა

განმარტების სრული ტექსტი:

„მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღსანიშნავია, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა.“

II შეჯამება:

მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი ობიექტური განსჯის შედეგად მოკლებული იყოს თავისი ნამდვილი ნების გამოხატვის შესაძლებლობას და მოტყუების გზით გამოწვეული უნდა იქნეს ისეთი შეცდომა, რამაც განაპირობა სწორედ ასეთი ნების გამოვლენა, ურომლისოდაც კონკრეტული გარიგება არ დაიდებოდა. მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი.

განმარტებული ნორმები:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის 1 ნაწილი

თეგები:

მოტყუებით დადებული გარიგების ბათილობა

განმარტების სრული ტექსტი:

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლში მოცემულია „თვალსაჩინოების სტანდარტი“, რაც გამოხატულებას პოულობს ფრაზაში „აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.“ ამდენად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება.“

„რაც შეეხება მოტყუებას და მოტყუების საფუძველზე არანამდვილი ნების გამოვლენას, პალატა მიიჩნევს, რომ მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი.“

III შეჯამება:

ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება თავისი არსით, არის ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ახალ ხელშეკრულებას და რომლის საფუძველზეც, როგორც წესი ხდება ძველი დავალიანების აღიარება.

განმარტებული ნორმები:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი

თეგები:

ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას

განმარტების სრული ტექსტი:

„პალატა განმარტავს, რომ ვალის რესტრუქტურიზციის ხელშეკრულება წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 341-ე მუხლისა, რომელიც, თავისი არსით, ახალი გარიგებაა, რომლითაც, როგორც წესი, ძველი დავალიანების აღიარება ხდება. შესაბამისად, ახალი ხელშეკრულების დადებით ძველი ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულების ძალით შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, ძველი დავალიანება ნამდვილად არსებობდა, თუ არა; ხანდაზმული იყო თუ არა იგი; წინმსწრები გარიგება ნამდვილი იყო, თუ არა; ან კიდევ ადრინდელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შესრულებული იყო თუ არა.“