ნახვები: 223
საქმის ნომერი: 1/ბ-818-17
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-818-17 (2017-12-18), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-818-17

განაჩენი
საქართველოს სახელით
       18 დეკემბერი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ვახტანგ ლობჟანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ. ო.

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - გ. ჯ.-ს ძე კ. - დაბადებული XXXX წლის XX მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №XXXXXXXXXX, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ზ., დ. ჩ.-ს ქუჩა NX, ბინა NX, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ., კ.-ს ქუჩა NXX;

ადვოკატი - გ. ლ.

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილი (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღება).

სასჯელი:

დანაშაულთა ერთობლიობით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

მსჯავრდებულ გ. კ.-ს ადვოკატის გ. ლ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნული მსჯავრდების ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უკანონო, წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპოვებულია სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან კანონის უხეში დარღვევით, მსჯავრდებულზე იძულების განხორციელებით. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმებში დაფიქსირებულია არასწორი ინფორმაცია, რითაც დარღვეულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. გ. კ.-ს ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება, შესაბამისად არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

ბრალდების მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, იგი ეყრდნობა სასამართლოში წარდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა კი არის უსაფუძვლო (იხ. სხდომის ოქმი).

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის განაჩენით, გ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის; მანვე ჩაიდინა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. თ.-ში, რ.-ს გამზ. NXX-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი გ. კ., გ. გ. და მათი თანამზრახველი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით, აშკარად დაეუფლნენ გ. ბ.-ს კუთვნილ ,,აიფონ 5“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 250 ლარად, რის შემდეგაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

2016 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თ.-ში, რ.-ს გამზირის NXX-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვანი ო. ბ. მოტყუებით დაეუფლა ნ. მ.-ს კუთვნილ ,,ინტექსის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 279 ლარად, რის შესახებაც ცნობილი გახდა გ. კ.-სთვის, რომელმაც, ო. ბ.-ს მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნ. მ.-ს კუთვნილი ტელეფონი, 2016 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ.-ში, პ.-ს ქუჩა NX-ში მდებარე შპს ,,ტ. კ.-ში“ თავისი პირადობის მოწმობით ჩააბარა 60 ლარად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის განაჩენით, გ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. კ. ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ. კ.-ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

გ. კ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 26 ნოემბრიდან.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ძარცვა ესე, იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის

დაზარალებულმა გ. ბ.-მ, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 25 ნოემბერს, რ.-ს გამზირზე, მ. ა.-ს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეხვდნენ მისთვის უცნობი პირები, როგორც შემდგომში გაირკვა გ. კ. და გ. გ., რომლებმაც სთხოვეს მობილური ტელეფონი იმ მიზნით, რომ ნაცნობისთვის უნდა გაეგზავნათ მოკლეტექსტური შეტყობინება. მან გ. კ.-ს გადასცა მობილური ტელეფონი, ამ უკანასკნელმა კი ვერ გაიხსენა ნაცნობის მობილური ტელეფონის ნომერი და ტელეფონის ნომრის გასაგებად გ. ბ. შეიყვანეს თავის ნაცნობებთან, ,,მ. ა.-ს’’ შენობასთან მდებარე ე.წ. ,,არკაში“. მოწმის განმარტებით, გ. კ.-მ და გ. გ.-მ ნახეს მათი ნაცნობები, რომლებთან ერთადაც მიიწევდნენ ე.წ. ,,არკის“ მარჯვენა კუთხეში, სადაც იყო სიბნელე. კ. და გ. იდგენენ გ. ბ.-ს წინ და ითხოვდნენ, რომ მობილური ტელეფონი მიეცა მათთვის, რაზეც ბ.-მ უარი განაცხადა. გ. კ.-ს და გ. გ.-ს თანხმლები პირები იმყოფებოდნენ გ. ბ.-ს უკან და ერთ-ერთმა მათგანმა უკანა მხრიდან ჩაარტყა ლურსმნიანი ჯოხი, რის შემდეგაც გ. ბ.-ს მიმართ განახორციელეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმემ აღნიშნა, რომ შეეშინდა და თავდამსხმელებს განუცხადა წაეღოთ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. ამის შემდეგ გ. კ. და გ. გ. თანხმლებ პირებთან ერთად გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან, ხოლო გ. ბ.-მ მიმართა სამართალდამცველებს.

2016 წლის 26 ნოემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა გ. ბ.-ს მიერ წარმოდგენილი მოყავისფრო ფერის დაახლოებით 30 სმ სიგრძის ოთხკუთხედი ხის ჯოხი, რომელშიც ჩაჭედებულია ორი ცალი მუქი ფერის ლურსმანი.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ მ. წ.-ს ჩვენებით, 2016 წლის 26 ნოემბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, გ. ბ.-ს მიმართ ძარცვა ჩადენილი უნდა ჰქონოდათ გ. კ.-ს და გ. გ.-ს, რომლებმაც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მობილური ტელეფონი ჩააბარეს თ.-ში, პ.-ს გამზირის NX-ში მდებარე ლომბარდ „ნ.კ-ში“. მიღებული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას და შეადგინა პატაკი.

2016 წლის 26 ნოემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, გ. ბ.-მ წარდგენილი 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო გ. კ., რომელზეც მიუთითა, რომ მის მიერ ამოცნობილი პირი სწორედ ის იყო, რომელმაც 2016 წლის 25 ნოემბერს წაართვა კუთვნილი „აიფონ 5“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა თანმხლებ პირებთან ერთად.

მოწე ნ. გ.-ს ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს თ.-ში, პ.-ს ქუჩაზე მდებარე ლომბარდში. 2016 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, როდესაც მასთან მივიდა გ. კ. ორ თანმხლებ პირთან ერთად და მიაწოდა მობილური ტელეფონი ,,აიფონ 5“, რომლის ჩაბარებაც სურდა. მოწმემ შეამოწმა მობილური ტელეფონის მდგომარეობა, რომელიც აღმოჩნდა მუშა მდგომარეობაში და გ. კ.-სთან, მისი პირადობის მოწმობის საფუძველზე, დადო სალომბარდე ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მას გადასცა 150 ლარი.

სალომბარდო ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ნ. კ.-ში“ გ. კ.-ს მიერ 150 ლარად ლომბარდში ჩაბარებულ იქნა მობილური ტელეფონო ,,აიფონ 5’’.

2016 წლის 26 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, თ.-ში, პ.-ს ქუჩა NX-ში მდებარე შპს ,,ნ. კ.-ს“ კუთვნილი ლომბარდიდან, ოპერატორ ნ. გ.-სგან ამოღებული იქნა ,,აიფონ 5“-ის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით: XXXXXXXXXXXXXXX, თავის გამჭვირვალე ჩასადებ ბუდესთან ერთად. ასევე ამოღებული იქნა სალომბარდე ხელშეკრულება N395, რომელიც დადებულია გ. კ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) და შპს ,,ნ. კ.-ს“ შორის.

დაკავების ოქმის თანახმად, გ. კ. დაკავებული იქნა 2016 წლის 26 ნოემბერს.

2016 წლის 26 ნოემბერს, პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, გ. ბ.-მ წარდგენილი სამი ამოსაცნობი პირიდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ მესამე ადგილზე მდგომი პირი, რომელიც იყო გ. კ.

2016 წლის 17 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ გ. ბ.-ს მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ,,აიფონ 5’’-ის ყუთი, იმეი კოდით XXXXXXXXXXXXXXX, რაც სრულ შესაბამისობაშია 2016 წლის 26 ნოემბერს, შპს ,,ნ. კ.-დან“ ამოღებული ტელეფონი იმეი კოდთან.

სასაქონლო ექსპერტიზის N2429/ს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის, ,,iPhone 5”, IMEI კოდით: XXXXXXXXXXXXXXX, 16GB-იანი, საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით შეადგენს 250 ლარს. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ. მ.-მ.

2016 წლის 17 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 13:25-13:50 საათზე შემთხვევის ადგილზე შემოწმდა დაზარალებულ გ. ბ.-ს მოწმის სახით მიცემული ჩვენება, რა დროსაც გ. ბ.-მ მიუთითა თ.-ში, რ.-ს გამზირი №XX-ში მდებარე ,,მ. ა.-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 2016 წლის 25 ნოემბერს შეხვდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც იგი შეიყვანეს ,,მ. ა.-ს“ ეზოში. იქ დახვდა კიდევ ორი უცნობი. დაზარალებულმა აგრეთვე მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ამ ოთხმა პირმა გაიყვანა და ძალის გამოყენებით წაართვა ,,აიფონ 5“ მოდელის ტელეფონი, ასევე - ეზოს გასასვლელზე, საიდანაც თავდამსხმელებმა დატოვეს ტერიტორია და მიიმალნენ.

საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე დაადასტურეს ოქმის შემდგენმა გამომძიებლებმა გ. პ.-მ, ვ. დ.-მ და დ. ტ.-მ.

2016 წლის 21 დეკემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ბრალდებულ გ. კ.-ს მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შპს ,,ნ. კ.-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები. N1 ვიდეოჩანაწერის გახსნისას ეკრანზე ჩანს მარცხენა ზედა კუთხეში თარიღი 11-26-2016 00:08:13 საათი. ეკრანზე გამოსახულია სამანქანო და საფეხმავლო გზა. 00:10:03 კადრში ჩნდება სამი ახალგაზრდა ბიჭი, გზის სავალი ნაწილიდან. გ. კ.-ს განმარტებით, კადრში ჩანს თავად, ასევე კადრში ჩანს მისი ახალგაცნობილი პიროვნება, რომელსაც ერქვა ნ. N2 ვიდეო ფაილის გახსნისას ეკრანზე შუა ნაწილში ჩანს თარიღი 26-11-2016 00:02:03 სთ. გ. კ.-ს განმარტებით, ვიდეოჩანაწერში გამოსახულია ლომბარდის ოთახი, სადაც მან, გ. გ.-მ და ახლად გაცნობილმა ,,ნ.-მ“ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დაალომბარდეს ,,აიფონ 5“, ფირმის მობილური ტელეფონი. 00:03:23 სთ-ზე კადრში ჩნდება სამი ახალგაზრდა პიროვნება, რომლებიც გ. კ.-ს განმარტებით, არიან თვითონ, გ. გ. და ახლად გაცნობილი ,,ნ.“. შემდეგ ოპერატორის ფანჯარას უახლოვდება ,,ნ.“, რომელიც ჯიბიდან იღებს გ. კ.-ს განმარტებით ,,აიფონ 5“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს და 00:03:31 საათზე აწვდის მას ლომბარდის თანამშრომელს. ამ დროს ,,ნ.-ს“ გვერდით დგას გ. კ. და გ. გ. ვიდეოჩანაწერი სრულდება 00:07 სთ-ზე. მეოთხე ვიდეო ჩანაწერი იწყება 00:12:02 საათზე, რა დროსაც ლომბარდის ოპერატორის ფანჯარასთან ინაცვლებს გ. კ., რომელიც ხელს აწერს ხელშეკრულებას, რის შემდეგაც იღებს ოთხ ცალ ფულის კუპიურას, მისივე განმარტებით 150 ლარს, რის შემდეგაც სამივე პირი ტოვებს ლომბარდის ტერიტორიას.

გ. კ.-მ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ზუსტად არ ახსოვს თუ სად იმყოფებოდა 2016 წლის 25 ნოემბერს, თუმცა დაზარალებულ გ. ბ.-ს რომ არ შეხვედრია, ეს ფაქტი დაადასტურა. რაც შეეხება მის მიერ ლომბარდში მობილური ტელეფონის ჩაბარებას, მან განაცხადა, რომ იმყოფებოდა საბურთალოს ტერიტორიაზე, რა დროსაც მასთან მივიდა ორი უცნობი ბიჭი, რომლებმაც სთხოვეს პირადობის მოწმობა, მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩასაბარებლად. გ. კ.-ს არ უკითხავს მობილური ტელეფონი წარმომავლობა, ისე გაჰყვა მათ და ლომბარდში თავისი პირადობის მოწმობით ჩააბარა მობილური ტელეფონი.

პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. თავდაპირველად, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები და ასევე დამატებითი ობიექტია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა, ვინაიდან ძარცვას შეიძლება ახლდეს ისეთი ძალადობა, რაც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ძარცვის შემადგენლობაა სახეზე, როდესაც ხდება მოძრავი ნივთის დაუფლება აშკარად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. დანაშაულის აშკარა ხასიათი გულისხმობს, რომ ნივთის მფლობელი და ასევე სხვა პირებიც ხედავენ და აღიქვამენ ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტს, ამასთან, დამნაშავესაც გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ სხვა პირებს გააზრებული აქვთ მისი მოქმედების დანაშაულებრივი ხასიათი.

წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და მათი საპროცესო დამაგრებისას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებთან შეუსაბამობა არ გამოვლენილა და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას. საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზეც იქნა დადასტურებული მისი შემდგენი პირების მიერ და პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მათ სისწორესა და გამომძიებელთა ჩვენებებში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, ვერ იქნება გაზიარებული, შემდეგ გარემოებათა გამო: თვითმხილველ მოწმეთა არარსებობა უპირობოდ არ მიუთითებს დანაშაულის არარსებობაზე. დაზარალებულმა დეტალურად აღწერა განვითარებული მოვლენები, გ. კ. ამოიცნო როგორც ფოტოსურათით, ასევე მოგვიანებით პიროვნულადაც. თუმცა, მხოლოდ აღნიშნული ჩვენება საფუძვლად არ დადებია გამამტყუნებელ განაჩენს. დაზარალებულის ჩვენებას ადასტურებს ლომბარდის ვიდეოჩანაწერი, ხელშეკრულება და მოწმე ნ. გ.-ს ჩვენება. ამ მხრივ, პალატა ვერ გაიზიარებს გ. კ.-ს ჩვენებას, რომლის განმარტებითაც, მას შეხვდა ორი მისთვის უცნობი პირი, რომლებმაც თხოვეს მობილური ტელეფონის ჩაბარება, რაშიც დაეხმარა. მსჯავრდებულის განმარტება საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა გ. ბ.-მ, ლომბარდის ჩანაწერის მოპოვებამდე, ფოტოსურათით ამოიცნო ძარცვაში მონაწილე პირები და ერთ-ერთ ასეთ პირად მიუთითა გ. კ. გარდა აღნიშნულისა, სხდომაზე არ დადასტურებულა თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდა დაზარალებულს, რომ არასწორად მიეთითებინა მსჯავრდებულზე. ამოცნობის ოქმის მიხედვით, მან კვლავ მიუთითა გ. კ.-ზე, რაც ასევე დაადასტურა სხდომაზე, რითაც გამორიცხა შეცდომის არსებობა.

დაცვის მხარის არგუმენტი, რომ საქმეში წარმოდგენილი არაა სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა გ. კ.-ს ბრალეულობას, ასევე ვერ იქნება გაზიარებული. ჩანაწერის არარსებობა არ ადასტურებს გ. კ.-ს უდანაშაულობას, ხოლო მისი ბრალეულობა, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატას მიაჩნია დადასტურებულად.

ამასთან, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. თუ დაცვის მხარემ თავად ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, საქმის მასალების მიხედვით ასევე არ დგინდება, რომ მიმართეს გამოძიებას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ან სხვა მტკიცებულებების მოპოვების მოთხოვნით.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა.

რაც შეეხება ძარცვის მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, რომელიც წარდგენილი აქვს გ. კ.-ს, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით.

ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე.

მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა დეტალურად მიუთითა თითოეული პირის ქმედებებზე და გ. კ.-ს და მასთან მყოფი პირების კავშირზე. დაზარალებულის მიერ გადმოცემული ინფორმაცია კი მიუთითებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის არსებობაზე, რაც ასევე დაადასტურა ლომბარდის ჩანაწერმა. ასევე საგულისხმოა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, დამნაშავედ იქნა ცნობილი ერთ-ერთი თანაამსრულებელიც.

სასამართლო განმარტავს, რომ ძარცვის დროს დამნაშავის მხრიდან გამოყენებულო ძალადობა, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, არის ძალადობის ისეთი ფორმა, რომელიც არ აღწევს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანების ხარისხს, რაც გვაძლევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა დანაშაულთა შემადგენლობას. ძალადობა შეიძლება იყოს ფიზიკურიც და ფსიქიკურიც და იგი ცალკე კვალიფიკაციას არ საჭიროებს, ვინაიდან ძარცვის დროს გამოყენებული ძალადობა ყოველთვის სხვისი ქონების დაუფლების საშუალებას წარმოადგენს.

პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ. კ.-მ თანმხლებ პირებთან ერთად გ. ბ.-ს მიმართ გამოიყენა ძალადობა, რომელიც საშიში არაა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის და ამ ხერხით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის კუთვნილ 250 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დაუსაბუთებელია არგუმენტი, რომ პოლიციელთა მხრიდან იყო ზეწოლა გ. კ.-ზე, რადგან საქმის მასალებით აღნიშნული გარემოების დადასტურება შეუძლებელია. ამასთან, მხოლოდ სასამართლოზე მიცემული განმარტება ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღება:

პირველი ინსტანციით საქმის არსებითი განხილვისას გ. კ.-მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და უდავოდ გახადა აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ. კ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ. კ.-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ გ. კ.-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

სამართლებრივი შეფასება:

პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს .

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენებაში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მასში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, აღნიშნული ჩვენების სისწორე გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი არაერთი საგამოძიებო მოქმედების ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით, ხოლო მტკიცებულებები, რაც საკმარისი იქნებოდა ყოველივე აღნიშნულის გაუზიარებლობისთვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის განაჩენი გ. კ.-ს მიმართ როგორც კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. კ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ლ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის განაჩენი.

გ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ. კ.-ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. კ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 26 ნოემბრიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები:

ნ. მ.-სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას და ო. ბ.-სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

,,ს. რ.-დან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით არსებული ჩანაწერები ერთ ცალ დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

სასტუმრო ,,ბ. თ.-დან“ გამოთხოვილი ჩანაწერები ერთ ცალ დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

დათვალიერების ოქმით ამოღებული მობილური ტელეფონი, დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე