ნახვები: 194
საქმის ნომერი: 2ბ/841-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/1722-15, ას-741-693-2017
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/841-17 (2017-04-04), www.temida.ge
საქმის № 330210115715062
საქმის № 2ბ/841-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       04 აპრილი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მაია სულხანიშვილი

სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი



აპელანტი – შპს ,,ქ. კ. კ.’’

წარმომადგენელი _ ს. ქ.

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი _ ი. უ.

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება


1. აპელანტის მოთხოვნა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.


2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ქ. კ. კ.-ს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა. შპს „ქ. კ. კ.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. 2014 წლის 30 ივნისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ქ. კ. კ.-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება N488, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის შესაბამისად, მოპასუხე უზრუნველყოფდა სამხედრო ნაწილებში სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, 2006 წლის 1 თებერვლის N31, 2007 წლის 26 სექტემბრის N560, 2013 წლის 20 ივნისის N269 ბრძანებებისა და ამ ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 30 ივნისის N488 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს. ფ. 15-21);

2.2. ზემოთ მითითებული ხელშეკრულების 15.1. პუნქტით გათვალისწინებული იქნა, რომ თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (კერძოდ: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯრით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტის გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა), მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრება პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 30 ივნისის N488 სახელმწიფო;
- 2 შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს. ფ. 15-21);

2.3. 2014 წლის 15 აგვისტოს, N488-4 აქტის საფუძველზე შპს „ქ. კ. კ.-ს“ 2014 წლის 30 ივნისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ქ. კ. კ.-ს“ შორის დადებული N488 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო დაეკისრა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით. რაც მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ N488-4 აქტი ( ს.ფ.38);

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ქ. კ. კ.-ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2014 წლის 30 ივნისის #488 ხელშეკრულების პირობები არაჯეროვნად იქნა შესრულებული. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ გამოვლენილი იქნა უხარისხო საკვები პროდუქტების მიწოდების ფაქტები.

აღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტა შემდეგი:

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ შპს „ქ. კ. კ.-ს“ მიერ დარღვეული იქნა შემსყიდველისათვის ხარისხიანი საკვები პროდუქტების მიწოდების ვალდებულება.

ამასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი იყო 2014 წლის 10 ივლისის N139 აქტი, რომელიც ასახავდა სოფელ კრწანისში დისლოცირებული პირველი ქვეითი ბრიგადის სასადილო და სასადილოს საწყობის (მოპასუხის) მომსახურების მიმართ უკმაყოფილების ფაქტს. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეები გამოთქვამდნენ პრეტენზიებს ძეხვის, ყველის, მაწონის, ხაჭოს და არაჟნის საგემოვნო თვისებებზე, რის გამოც აღებული იქნა დასახელებული საკვები პროდუქტების სინჯები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად (ს.ფ. 54).
;2
საქმეში წარმოდგენილი იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 10 ივლისის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი, რომლის მიხედვით დგინდებოდა, რომ სოფ. კრწანისში პირველი ქვითი ბრიგადის სასადილოს საწყობის მაცივრიდან აღებული იქნა ძეხვი და სოსისი. ასევე მეორე მაცივრიდან აღებული იქნა ყველი გაჭრილი და შეფუთული პოლიეთილენის პარკში, არაჟანი, მაწონი ხაჭო, შემწვარი ძეხვი, საუზმე მოთავსებული მინის ქილაში ინახებოდა მაცივარში. ნიმუშები მოთავსდა ჩანთა მაცივარში.

კვლევისათვის აღებულ სინჯებს ჩაუტარდა ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის შედეგი აისახა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 07 აგვისტოს დასკვნაში (ს.ფ. 41-53). წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ნიმუშებიდან ხორცპროდუქტები - ობიექტი 1-2 (ძეხვი, სოსისი) გამოკვლეული პარამეტრების (ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური) მნიშვნელობებით აკმაყოფილებდა მეწარმე სუბიექტის სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

ექსპერტიზაზე წარდგენილი ნიმუშებიდან რძის პროდუქტები - ობიექტი 3; 4; 6; (ყველი, მაწონი, არაჟანი) გამოკვლეული პარამეტრების (ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური) მნიშვნელობებით შეესაბამებოდა პროდუქციის ეტიკეტებზე მითითებულ შემადგენლობას. ობიექტი 5-ში (ხაჭო) ცილის ფაქტობრივი შემცველობა (12 გ) არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებს (16 გ).

ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვები პროდუქტების ნიმუშები: ყველი (ობიექტი 3), მაწონი (ობიექტი 4), არაჟანი (ობიექტი 6) შემწვარი ძეხვი (ობიექტი 7) გამოკვლეული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით არ შეესაბამებოდა სანწდან 2.3.2.000.00-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ნიმუშები უვარგისი იყო საკვებად.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ექსპერტის დასკვნის შემოწმება და შეფასება მტკიცების პროცესის აუცილებელი პირობაა. ექსპერტის დასკვნის უარყოფა ან გამოყენება მტკიცებულებად არ შეიძლება, თუ იგი არ იქნება შემოწმებული და შეფასებული 105- ე მუხლის შესაბამისად. ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში (იხ. სუს გადაწყვეტილება საქმეზე №1ას-633-966-07).

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზემოგანხილული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ იმავე დღეს და იმავე სასადილოდან რძის პროდუქტების (არაჟანი, ხაჭო, მაწონი და ყველი) ნიმუშები მწარმოებელი კომპანიის მიერ (შპს ,,ნატურალ +“) წარმომდგენლების თანდასწრებით აღებულ და გადაგზავნილ იქნა შპს ,,ექსპერტიზა +“-ში, რომელიც წარმოადგენს ლიცენზირებულ საგამოცდო ლაბორატორიას. შპს ,,ექსპერტიზა +“-ის N17/07 საგამოცდო ოქმების მიხედვით ყველის, მაწვნის, არაჟნის და ხაჭოს მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია და მომხმარებლისათვის ვარგისია.

მოპასუხის პოზიციასთან მიმართებაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 2014 წლის 17 ივლისისN17/07 წერილზე (ს.ფ. 97), საიდანაც დგინდება, რომ შპს ,,ექსპერტიზა +“-მა, შპს „ქ. კ. კ.-ს“ მიერ მიწოდებული პრუდუქტები შეამოწმა მის მიერ გაგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე. ამასთან, სასამართლოს მითითებით, საგულისხმო იყო, რომ მოპასუხემ ვერ მიუთითა, თუ რა დოკუმენტები იქნა მიწოდებული და რის საფუძველზე იქნა შემოწმებული პროდუქტები. აღნიშნული წერილით შპს „ქ. კ. კ.-ს“ გაეგზავნა, შემოწმებული პროდუქტების (ყველი, არაჟანი, ხაჭო, მაწონი) ოქმის გეგმები.

საყურადღებო იყო ასევე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 10 ივლისით დათარიღებულიN421-1, 421-2, 421-3, 421-4 გამოცდის ოქმები, სადაც მითითებული იყო, რომ საექსპერტო ნიმუშები აღებული იყო 2014 წლის 10 ივლისის 380 აქტის საფუძველზე. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი არ იყო №380-ე აქტი, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა საკვლევად აღებული პროდუქტების სახეობის დადგენა. შესაბამისად, მოპასუხე უტყუარად ვერ ადასტურებდა კონკრეტულად რომელი პროდუქტების ვარგისიანობა იქნა დადგენილი შპს ,,ექსპერტიზა+“-ის მიერ.

გარდა ამისა, სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დასადასტურებლად არ გაიზიარა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.09.2014 წლის 5004243614 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვები პროდუქტების ნიმუშები, შემწვარი ძეხვი (ობიექტიN1) და ძეხვი ,,საექიმო“(ობიექტიN2) გამოკვლეული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით შეესაბამებოდა სანწდან 2.3.2.000-00-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ შემწვარი ძეხვის საკონტროლო ნიმუში, სინჯი სოფ. კრწანისში, პირველი ქვეითი ბრიგადის სასადილო მაცივრიდან აღებული იყო 2014 წლის 27 აგვისტოს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნა ვერ გააბათილებდა 2014 წლის 7 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 5003602914 ექსპერტიზის დასკვნას, სადაც ექსპერტიზაზე წარდგენილი ნიმუშების სინჯები აღებული იყო 2014 წლის 10 ივლისს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით ერთმნიშნველოვნად არ ირკვევოდა მოპასუხის მეირ იგივე საკვები პროდუქტები იქნა შემოწმებული, რაც მოსარჩელის მიერ იყო მითითებული თუ სხვა. აღნიშნული კი არ გამორიცხავდა ზემოდასახელებული პროდუქტების შემოწმების შედეგად მიღებული ექსპერტიზის დასკვნებს შორის სხვაობას.

სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები - მოპასუხის მიერ უხარისხო საკვები პროდუქტების მიწოდება - დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ი.ხ.10.07.2014 წლის სინჯის აღების აქტი და 07.08.2014 წლის 5003602914 ექსპერტიზის დასკვნა), რაც ვერ იქნა გაბათილებული მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მხარეებს შორის 2014 წლის 30 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N488 ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის (ხელშეკრულების 15.1. პუნქტი). ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს „ქ. კ. კ.-ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2014 წლის 30 ივნისის #488 ხელშეკრულების პირობები არაჯეროვნად იქნა შესრულებული. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ გამოვლენილი იქნა უხარისხო საკვები პროდუქტების მიწოდების ფაქტები.

საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 15 აგვისტოს, 488-4 აქტის საფუძველზე დგინდება, რომ შპს „ქ. კ. კ.-ს“ 2014 წლის 30 ივნისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ქ. კ. კ.-ს“ შორის დადებული #488 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო დაეკისრა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით. რაც მოპუსხის მიერ არ იქნა გადახდილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე იყო საფუძვლიანი და იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება 10 000 ლარის ოდენობით არ იყო შეუსაბამო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებასთან მიმართებაში, რამდენადაც უხარისხო პროდუქტის მიწოდებას შესაძლოა გამოეწვია სამხედრო მოსამსახურეთა მოწამვლა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გამხდარიყო, როგორც მათი ჯანმრთელობისათვის, ასევე სახელმწიფოსათვის.


3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. აპელანტის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ქ. კ. კ.-ს“ შორის გაფორმებული N488 ხელშეკრულების პირობების დარღვევა ზიანის მომტანი არ ყოფილა, შესაბამისად, პირგასამტეხლომ დაკარგა მისი პრევენციის დანიშნულება;

3.2. აპელანტის მითითებით, პირგასამტეხლოს სახით 10 000 ლარის დაკისრება კომპანიისათვის არის არაადეკვატური და შეუსაბამოდ მაღალი, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს მიაყენებს კომპანიას;

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ შპს „ქ. კ. კ.-ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1. 2014 წლის 30 ივნისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „ქ. კ. კ.-ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა) N488 ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ქ. კ. კ.“ უზრუნველყოფდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას;
ხელშეკრულების 15.1. პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯრით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა) მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით;

2014 წლის 15 აგვისტოს N488-4 აქტის საფუძველზე, შპს „ქ. კ. კ.-ს“ 2014 წლის 30 ივნისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ქ. კ. კ.-ს“ შორის დადებული N488 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო დაეკისრა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით;

2014 წლის 15 აგვისტოს N488-4 აქტის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლო, შპს „ქ. კ. კ.-ს“ მიერ გადახდილი არ არის;

4.2. 10.07.2014 წლის N139 აქტის თანახმად, დგინდება, რომ სოფელ კრწანისში დისლოცირებული პირველი ქვეითი ბრიგადის სამხადრო მოსამსახურეები გამოთქვამდნენ პრეტენზიებს ძეხვის, ყველის, მაწონის, ხაჭოს და არაჟნის საგემოვნო თვისებებზე, რის გამოც აღებული იქნა დასახელებული პროდუქტების სინჯები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად;

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 10 ივლისის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტით, დგინდება, რომ სოფ. კრწანისში პირველი ქვითი ბრიგადის სასადილოს საწყობის მაცივრიდან აღებული იქნა ძეხვი და სოსისი. ასევე მეორე მაცივრიდან აღებული იქნა ყველი გაჭრილი და შეფუთული პოლიეთილენის პარკში, არაჟანი, მაწონი ხაჭო, შემწვარი ძეხვი, საუზმე მოთავსებული მინის ქილაში ინახებოდა მაცივარში. ნიმუშები მოთავსდა ჩანთა მაცივარში;

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 07 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ნიმუშებიდან ხორცპროდუქტები - ობიექტი 1-2 (ძეხვი, სოსისი) გამოკვლეული პარამეტრების (ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური) მნიშვნელობებით აკმაყოფილებს მეწარმე სუბიექტის სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

ექსპერტიზაზე წარდგენილი ნიმუშებიდან რძის პროდუქტები - ობიექტი 3; 4; 6; (ყველი, მაწონი, არაჟანი) გამოკვლეული პარამეტრების (ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური) მნიშვნელობებით შეესაბამება პროდუქციის ეტიკეტებზე მითითებულ შემადგენლობას. ობიექტი 5-ში (ხაჭო) ცილის ფაქტობრივი შემცველობა (12 გ) არ შეესაბამება ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებს (16 გ).

ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვები პროდუქტების ნიმუშები: ყველი (ობიექტი 3), მაწონი (ობიექტი 4), არაჟანი (ობიექტი 6) შემწვარი ძეხვი (ობიექტი 7) გამოკვლეული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით არ შეესაბამება სანწდან 2.3.2.000.00-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ნიმუშები უვარგისია საკვებად.

4.3. პალატა ყურადრებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადაოდ არ ხდის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 10 ივლისის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტს და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 07 აგვისტოს დასკვნას, აპელანტი ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე. საქართველოს სსკ-ის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას, სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულობაზე.

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

განსახილველ შემთხვევაში, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ქ. კ. კ.-ს“ რიგ შემთხვევებში ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, თუმცა, არა იმ ხარისხითა და მოცულობით, რაც მითითებული ოდენობით პირგასამტეხლოს სრულად დარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა.


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ დაფიქსირებული დარღვევები, მათი სიმძიმის, სიხშირის, დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობას იძლევა, შემცირებული, კერძოდ, 5000 ლარის ოდენობით.


5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ შპს „ქ. კ. კ.-ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შპს „ქ. კ. კ.-ს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება.


6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, 1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. 2. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. 3. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, შპს „ქ. კ. კ.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 150.00 ლარის გადახდა სარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

იგივე გაანგარიშებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ქ. კ. კ.-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (400 ლარის) ნაწილის - 200.00 ლარის ანაზრაურება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:


1. შპს „ქ. კ. კ.-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს „ქ. კ. კ.-ს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება;

5. შპს „ქ. კ. კ.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 150.00 ლარის გადახდა;

6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ქ. კ. კ.-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 200.00 ლარის ანაზრაურება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.