საქმის ნომერი: 2ბ/3844-16
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/1-16, ას-42-38-2017
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტის საჩვარი ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხეს დააკისრა გაზრდილი ალიმენტის ოდენობა. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად მშობლის ფინანსური მდგომარეობისა, ალიმენტის თანხა უნდა იყოს ისეთი გონივრული ოდენობის, რაც უზრუნვეყოფს ბავშვის აღზრდისათვის მინიმალურ საჭიროებებს.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/3844-16 (2016-11-16), www.temida.ge
საქმის № 621210016001220802
საქმის № 2ბ/3844-16

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       16 ნოემბერი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლე – ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - რ. მ.
წარმომადგენელი - ო. მ.

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ.
წარმომადგენელი - ე. ლ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლი 23 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი (ძირითადი სარჩელით) – ქორწინების შეწყვეტა და ბავშვის ნახვის დღეები განსაზღვრა

დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - ალიმენტის დაკისრება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა:

მოსარჩელე ნ. მ.-სა და მოპასუხე რ. მ.-ს შორის, 2013 წლის 06 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა, შესარიგებელი ვადის მიცემის გარეშე;

ნ. მ.-სათვის, შვილთან - 2014 წლის X მარტს დაბადებულ რ. მ.-თან ურთიერთობის წესის განსაზღვრა იმგვარად, რომ ნ. მ.-ს მიეცეს ბავშვის ნახვის უფლება თვეში ორჯერ: პარასკევი დღიდან - კვირა დღის საღამომდე, სახლში წაყვანის უფლებით (იხ. 23.05.2016 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 13:12:48-13:20:48);

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

მოპასუხე ნ. მ.-სათვის არასრულწლოვანი შვილის, 2014 წლის X მარტს დაბადებული რ. მ.-ის სასარგებლოდ, ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე (იხ. შეგებებული სარჩელი 52-64).

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლი 23 მაისის გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. მ.-ს, არასრულწლოვან შვილთან - 2014 წლის X მარტს დაბადებულ რ. მ.-თან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი წესით: „პირველი 1 თვის განმავლობაში მამას შვილთან ურთიერთობა განესაზღვროს თვეში ორჯერ შაბათს 11:00 საათიდან - 20:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის რ. მ.-ის წაყვანისა და დედასთან რ. მ.-სთან დაბრუნების უფლებით; ხოლო შემდგომ მამას შვილთან ურთიერთობა განესაზღვროს თვეში ორჯერ (ორ კვირაში ერთხელ) პარასკევს დღის 16:00 საათიდან - კვირა დღის 12 საათამდე; არასრულწლოვანი ბავშვის რ. მ.-ის წაყვანისა და ღამე მასთან დარჩენის უფლებით“; შეწყდა ნ. მ.-სა და რ. მ.-ს შორის 2013 წლის 06 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის №3713300XXXX.

რ. მ.-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. მ.-ს არასრულწლოვანი შვილის - 2014 წლის X მარტს დაბადებული რ. მ.-ის რჩენა-აღზრდისათვის რ. მ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დროიდან - 2016 წლის 24 თებერვლიდან რ. მ.-ს სრულწლოვანების მიღწევამდე;

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. 2013 წლის X აგვისტოდან ნ. მ. და რ. მ. იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 19);

2.2. ამჟამად მხარეები ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ. რ. მ. მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი);

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.3 . ნ. მ.-სა და რ. მ.-ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2014 წლის 18 მარტს დაბადებული რ. მ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 20);

2.4. ამჟამად არასრულწლოვანი რ. მ. აღსაზრდელად იმყოფება დედასთან და ცხოვრობს დმანისის რაიონი, სოფელი ზემო ოროზმანში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სარჩელი)
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 102-110; 151-158).

2.5. რ. მ. არის უმუშევარი და დაკავებულია ბავშვის აღზრდით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სარჩელი)

2.6. ნ. მ. ამჟამად არის უმუშევარი, მათი ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს მისი მშობლების პენსია. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხე დაკავებულია ვაჭრობით და აქვს ყოველთვიური შემოსავალი. მითითებული გარემოება მოპასუხემ უარყო, ხოლო მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

2.7. მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. კერძოდ, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხე რ. მ.-ს მოთხოვნა მეუღლესთან შესარიგებელი ვადის მიცემის თაობაზე დაკმაყოფილდა და მხარეებს მიეცათ ორი თვის ვადა შერიგებისათვის. ამდენად, მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა აღედგინათ ოჯახური ურთიერთობები, მაგრამ მიუხედავად სასამართლოს მიერ მიცემული ვადისა, მხარეთა შერიგება ვერ მოხერხდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 23.05.2016წ. სხდომის ოქმი 13:04:12-13:06:08);

2.8. სოციალური მუშაკის დასკვნის მიხედვით, რ. მ.-ის ფიზიკური და გონებრივი განვითარება შეესაბამება მის ასაკს. ბავშვის ჰიგიენა დაცულია, იგი უზრუნველყოფილია კვებით და ტანსაცმლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 102-110; 151-158).

2.9. სოციალური მუშაკის მიერ შესწავლილი იქნა რ. მ.-ს ოჯახი და გამოიკვეთა, რომ რ. მ. შვილთან, რ. მ.-თან ერთად ცხოვრობს დმანისის რაიონი, სოფელ ზემო ოროზმანში, დედის საცხოვრებელ სახლში. დედა უწევს რ. მ.-ს დახმარებას, ასევე ეხმარება ძმაც. ოჯახი ცხოვრობს ორსართულიან სახლში, საკუთრებაში აქვთ მიწის ნაკვეთი, რომელსაც ამუშავებენ და აქვთ საკვები პროდუქტის მარაგი. ოჯახს ასევე ჰყავს სამი მეწველი ძროხა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 102-110; 151-158).

2.10. სოციალური მუშაკის მიერ შესწავლილი იქნა ნ. მ.-ის ოჯახი და გამოიკვეთა, რომ ნ. მ. მშობლებთან, დასთან და დისშვილთან ერთად ცხოვრობს მარნეულის რაიონი, სოფელ კაჩაგანში. მ.-ის სახლი არის ერთსართულიანი, ოთხი ოთახით. საცხოვრებელ სახლში დაცულია ჰიგიენური ნორმები და უსაფრთხოება. ოჯახს აქვს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი. ნ. მ. არ არის დასაქმებული, იგი ოჯახთან ერთად დაკავებულია სოფლის მეურნეობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 102-110; 151-158).

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია განქორწინება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს მიეცათ ვადა შერიგებისათვის, მაგრამ მიუხედავად სასამართლოს მიერ მიცემული ვადისა მხარეების შერიგება არ მოხერხდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, სასამართლომ ნ. მ.-ის სარჩელი დააკმაყოფილა, შეწყვიტა ნ. მ.-სა და რ. მ-ს შორის, 2013 წლის X აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება.

2.12. სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის წესი. შესაბამისად, შვილებთან ურთიერთობა არა მარტო მშობლის უფლებაა, არამედ კანონი მას ავალდებულებს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან, იზრუნოს მასზე. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

აღნიშნული ნორმებით აღიარებულია მშობლების თანაბარი უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ, თუმცა მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები. ბავშვის ინტერესში კი იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა, მისთვის ჰუმანური და კეთილშობილური პრინციპების შთაგონება. ბავშვის უპირატესი ინტერესია, ჰქონდეს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ.

გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე - დაბადების შემდეგ.

აღნიშნული ნორმის მიხედვით, დამკვიდრებულია ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, რაც გულისხმობს ბავშვისათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას ურთიერთობა ჰქონდეს მშობლებთან, როგორც დედასთან, ისე - მამასთან. მშობლებისა და შვილების ურთიერთობის აუცილებლობის საკანონმდებლო რეგულირება გამომდინარეობს თავად ამ ურთიერთობის ხასიათის თავისებურებიდან; კერძოდ, მშობელსა და შვილს შორის, მითუმეტეს არასრულწლოვან შვილსა და მშობელს შორის, განსაკუთრებული ბუნებრივი სიახლოვეა. ისინი ბუნებრივად ერთმანეთთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანები არიან, რაც თავის მხრივ, გენეტიკური კავშირით არის განპირობებული.

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, „ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად „მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ერთ, ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკის დასკვნისა და ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აუცილებელია ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან, როგორც მამასთან, ისე - დედასთან.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ნ. მ.-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ნ. მ.-ს, არასრულწლოვან შვილთან - 2014 წლის X მარტს დაბადებულ რ. მ.-თან ურთიერთობა უნდა განესაზღვროს შემდეგნაირად: პირველი 1 თვის განმავლობაში მამას შვილთან ურთიერთობა განესაზღვროს თვეში ორჯერ შაბათს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის რ. მ.-ის წაყვანისა და დედასთან რ. მ-სთან დაბრუნების უფლებით; ხოლო შემდგომ მამას შვილთან ურთიერთობა უნდა განესაზღვროს თვეში ორჯერ (ორ კვირაში ერთხელ) პარასკევს დღის 16:00 საათიდან კვირა დღის 12 საათამდე; არასრულწლოვანი ბავშვის რ. მ.-ის წაყვანისა და ღამე მასთან დარჩენის უფლებით.

2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ამასთან, ალიმენტის გადახდის ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილებისა, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვა ცხოვრებისეული მოთხოვნილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე შესაძლოა სასამართლომ ჩათვალოს მნიშვნელოვნად. სასამართლომ მიუთითა, რომ მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის, მცირე შემოსავლის ფაქტის გათვალისწინებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი და შენარჩუნებული. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან და ის ყოველ კონკრეტულ საქმეში შეფასებულ უნდა იქნეს ბავშვის მოთხოვნილებებსა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე. მშობლის მაღალი შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომლებიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს.

საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ ნ. მ. ამჟამად არის უმუშევარი. მათი ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს მშობლების პენსია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლომ ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად 80 ლარი მიიჩნია.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. მ.-მ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც გადასახდელი ალიმენტის ოდენობა თვეში 200 ლარით განისაზღვრება.

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა ბავშვის ელემენტარულ მოთხოვნილებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მსუბუქი ავტომობილით (ტაქსით) მგზავრების გადაყვანა, რაც ყოველთვიურად დაახლობით 1000 ლარს შეადგენს. მოპასუხის სტაბილურ მატერიალურ მდგომარეობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ მან 2014 წელს აღებული სესხი, 7000 ლარის ოდენობით, 2016 წლის თებერვლის თვეში დაფარა ყოველგვარი ვადაგადაცილებების გარეშე. შესაბამისად, მოპასუხის განმარტება, რომ იგი მატერიალურად პენსიონერ მშობლებზეა დამოკიდებული, სინამდვილეს არ შეესაბამება.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

განსახილველ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1.- 3.2.3. პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1.-2.5. პუნქტები) სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი. შესაბამისად, მათ სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი, მხოლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და ამ ნაწილში გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება. შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.

4.3. აპელანტის განმარტებით, მოპასუხეს საკუთრებაში ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა, რომლითაც მგზავრების გადაყვანის მომსახურეობას ეწევა და ყოველთვიურად სტაბილური და მნიშვნელოვანი შემოსავალი გააჩნია, რაც დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ 2014 წელს აღებული სესხი - 7000 ლარის ოდენობით, მოპასუხემ 2016 წლის თებერვლის თვეში ვადაგადაცილებების გარეშე დაფარა. პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის აღნიშნული ახსნა-განმარტება მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია (იხ: სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი), რაც სააპელაციო პალატას საფუძველს აძლევს დასკვნისათვის, რომ მოსარჩელის მტკიცება, მოპასუხის მიერ მსუბუქი ავტომობილის სარგებლობით მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით, საფუძვლიანია.

პალატა განმარტავს, რომ საოჯახო დავათა განხილვას სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის სპეციალური - XLIII თავი ეთმობა. კერძოდ, სამართალწარმოების პროცესში შემოდის ინკვიზიციურობის ელემენტი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, დასადგენ გარემოებათა წრე თავად განსაზღვროს და შეკრიბოს მტკიცებულებები. რაც შეეხება მტკიცებულებათა შეგროვებას ამ ტიპის დავებზე, მოსამართლე არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია, თავად შეკრიბოს მტკიცებულებები, ასეთის საჭიროების შემთხვევაში. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლი მოსამართლის შესაძლებლობაზე მიუთითებს, თუმცა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. შესაბამისად, სასამართლოს თავად შეუძლია განსაზღვროს გარემოებათა წრე და მოიპოვოს მტკიცებულებები, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნიდან გამომდინარე.

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სადავოა ალიმენტის ოდენობა, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით მოიძია სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობა. კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდზე (http://www.geostat.ge/) განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საარსებო მინიმუმი, 2016 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით, შეადგენს 160.1.ლარს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. ამიტომ, სამართლიანი და გონივრული შეფასება ალიმენტის განსაზღვრისას სწორედ, ამ პოზიციიდან - ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

1198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ასევე შვილის რეალურ მატერიალურ შესაძლებლობას.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ არის დიდი მატერიალური შემოსავლების მქონე, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

აღნიშნულის შესაბამისად, იკვეთება რა ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულების სოციალური მნიშვნელობა, ალიმენტის გადახდისაგან თავის არიდება არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად. იმის გათვალისწინებით, რომ მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა, უფლების რეალიზაცია არ არის დამოკიდებული რაიმე სახის სამართლებრივ აქტსა თუ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. ალიმენტის გადახდისაგან თავის არიდება გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებისაგან თავის არიდებას, არამედ ბავშვის რჩენაზე უარის თქმას საამისო საჭიროებაზე ცნობების მიღების პირობებში.

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. აღნიშნული ვალდებულება ასევე გამომდინარეობს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2-ე მუხლიდან (საქართველო მიუერთდა 1994 წელს), რომლის თანახმადაც მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

პალატა აღნიშნავს, რომ ალიმენტის გადამხდელი იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი რ. მ.-ს დედა უმუშევარია, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვი მთლიანად დედის რჩენა-კმაყოფაზე იმყოფება, პალატას მიაჩნია, რომ ალიმენტი - 150 ლარი წარმოადგენს იმ გონივრულ ოდენობას, რაც აუცილებელია მცირეწლოვანი ბავშვებისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი სასამართლოს განსჯად საქმეებზე სახელწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციაში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილება სადავოდ გახადა ალიმენტის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, სსსკ-ის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსახილველი საქმე მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება და სააპელაციო საჩივრისათვის გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობა 75 ლარს შეადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. მ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 75 ლარის ოდენობით;

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა


1. რ. მ.-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შეიცვალოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში (მე-5 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. რ. მ.-ას შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. ნ. მ.-ს არასრულწლოვანი შვილის - 2014 წლის X მარტს დაბადებული რ. მ.-ის რჩენა-აღზრდისათვის რ. მ.ს სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დროიდან - 2016 წლის 24 თებერვლიდან რ. მ.-ის სრულწლოვანების მიღწევამდე;

5. დანარჩენ ნაწილში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

6. ნ. მ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 75 ლარის ოდენობით;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.