ნახვები: 178
საქმის ნომერი: 3ბ/534-17
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
ინსტანციური ისტორია: ბს-1178-1172(კ-17), 3/9303-15
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №3ბ/534-17 (2017-09-18), www.temida.ge
საქმის № 330310015001173454
საქმის № 3ბ/534-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       18 სექტემბერი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გიორგი ტყავაძე

სხდომის მდივანი: ნათია ზანდუკელი

აპელანტი
- ბ. ხ.
წარმომადგენელი - ე. ქ.

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
წარმომადგენელი: მ. ბ.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება

1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბ. ხ.-ს სარჩელი, მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1. 2008 წლის 25 დეკემბერს ბ. ხ. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს NXXXXX განცხადებით მიმართა, რომლითაც დევნილად ცნობა და დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა.

2.2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბ. ხ.-ს მიერ 2008 წლის 25 დეკემბერს წარდგენილ განცხადებაზე კანონით დადგენილ ერთი თვის ვადაში არ უმსჯელია, რის გამოც ბ. ხ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ხ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოსარჩელის დევნილად ცნობისა და მისთვის დევნილად სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხის განხილვა და ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტის გამოცემა დაევალა. გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბ. ხ.-ს მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებები არ გამოუკვლევია.

2.4. 2009 წლის 21 ოქტომბერს ბ. ხ. -მ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს NXXXXX განცხადებით მიმართა, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა.

2.5. ბ. ხ.-ს 2009 წლის 21 ოქტომბრის NXXXXX განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა 2010 წლის 10 მაისის წერილით ე.-ს მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა ბ. ხ.-ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით.

2.6. 2010 წლის 10 მაისის წერილის პასუხად ე.-ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2010 წლის 15 მაისის წერილით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აცნობა, რომ ბ. ხ. გორის რაიონის სოფელ ს.-ში ფლობდა სახლს, თუმცა ცხოვრობდა თბილისში და არ იყო სოფელ ს.-ს მუდმივი მაცხოვრებელი.

2.7. ე.-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 15 მაისის წერილის, ბ. ხ.-თან გასაუბრების შედეგებისა და სხვა მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველომ მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვით არ დასტურდებოდა 2008 წლის ომამდე ბ. ხ.-ს გორის რაიონის სოფელ ს.-ში ცხოვრების ფაქტი. მითითებული დასკვნის შესაბამისად, 2010 წლის 20 მაისს ბ. ხ.-ს გაეგზავნა წერილი, რომლითაც უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

2.8. 2014 წლის აპრილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გდაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ბ. ხ. -ს მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე კვლავ დაიწყო წარმოება მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. წარმოების ფარგლებში გამოკითხულ იქნა ბ. ხ. , გამოკვლეულ იქნა ადგილობრივი ორგანოს მიერ გაცემული ცნობები, შსს-ს წერილი, რის შემდეგაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ბ. ხ. სათვის დევნილის სტატუსის მინიჭება.

2.9. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 1 მაისის N05/01-XX-XXXX მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 30 მაისის NXXX ბრძანებით ბ. ხ.-ს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი მიენიჭა.

2.10. ე.-ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2014 წლის 29 დეკემბრის დასკვნით დადგინდა, რომ ბ. ხ. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ- საქართველოს ომამდე მუდმივად ე.-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს.-ში მეუღლესთან - რ. მ.-თან ერთად, მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობდა. მათ ჰქონდათ საკუთარი მეურნეობა და იშვიათად უხდებოდათ სოფლის დატოვება. 2014 წლის დეკემბრამდე ადგილობრივი ორგანო უარყოფდა ბ. ხ.-ს გორის რაიონის სოფელ ს.-ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

2.11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 30 ოქტომბრის N01-XX/XX/XXXXX წერილით ბ. ხ.-ს მიუღებელი შემწეობის თანხის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა.


დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.12. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 30 ოქტომბრის N01-XX/XX/XXXXX წერილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა.

გასაჩივრებული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერების შემოწმების მიზნით უნდა იქნეს დადგენილი, გააჩნდა თუ არა მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 2009 წლის თებერვლიდან 2014 წლის ივნისამდე მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების ვალდებულება.

მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების მოთხოვნა თავისი არსით მოპასუხის მიერ აღნიშნული შემწეობის დანიშვნაზე უარის თქმით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს.

2.13. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.

მითითებული ნორმებიდან გამოდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, თუ იგი მიყენებულია ამ ორგანოს სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად. ამასთან, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა წარმოეშობა მოსამსახურის ბრალის მიუხედავად, თუ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, ამ მუხლში მითითებული ბრალის ფორმების არსებობის შემთხვევაში კი, მოსამსახურეს, ასევე, ეკისრება პასუხისმგებლობა დამდგარი ზიანისათვის.

2.14. მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა დამოკიდებულია იმ გარემოების დადასტურებაზე, რომ შემწეობის გაუცემლობა კანონის დარღვევით განხორციელდა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და შემწეობის გაცემის საფუძველი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებით მიზნით მოპასუხემ ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა და ვერ დაადგინა რა ბ. ხ.-ს მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების ფაქტი (ე.-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობები უარყოფდა 2008 წლის ომამდე ბ. ხ.-ს გორის რაიონის სოფელ ს.-ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს და არც ამ ცნობების საწინააღმდეგო მტკიცებულების სამინისტროში წარდგენა დასტურდება), არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაც გასაჩივრებული არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ბ. ხ-ს სამინისტროს მიერ დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე აქტის ჩაუბარებლობის პირობებშიც შეეძლო, მიემართა სასამართლოსთვის და სამინისტროსათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უმოქმედებით ნათქვამი უარი გაესაჩივრებინა, რამეთუ წარდგენილი მოთხოვნის განხილვის ვადაში პასუხის მიუღებლობა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად მიიჩნევა და საჩივრდება კანონით დადგენილი წესით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს არ გაჩნია ბ. ხ.- სათვის მიუღებელი შემწეობის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.


3.1. ბ. ხ.- ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები


აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სამართლებრივი პროცედურების უხეში დარღვევით. სასამართლოს არ შეუსწავლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე არ დაკმაყოფილდადა და აღნიშნული არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილი წესით. აპელანტი აღნიშნავს, რომ 2008 წლის 25 დეკემბერს მან განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რითაც მოითხოვა დევნილად ცნობა და შესაბამისი სტსტუსის მინიჭება, რაზედაც სამინისტროს რეაგირება არ მოახდინა. ამის შემდგომ, 2009 წლის 24 თებერვალს ბ. ხ.-მ კვლავ მიმართა სამინისტროს განცხადებით, თუმცა პასუხი კვლავაც ვერ მიიღო. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ბ. ხ.-ს სასარჩელო მოთხოვნა და დაევალა მოპასუხე მხარეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, გამოეცა ადმინისტრაცილ სამართლებრივი აქტი მოსარჩელის დევნილად ცნობის და დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2009 წელს, მაგრამ სამინისტროს მიერ არ ხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება. სამინისტრომ 2009 წლის გადაწყვეტილება აღასრულა მხოლოდ 2014 წლის 30 მაისს მიღებული ბრძანებულებით. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნულით დასტურდება, რომ სასამართლო არ იცნობდა საქმის მასალებს და არ გასცნობია თანდართულ მტკიცებულებებს.

სასამართლო ასევე არ გასცნობია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის კ. პ.-ს სამსახურებრივ ბარათს სადაც აღნიშნულია შემდეგი: ,,სასამართლო დავალებისა და ბ. ხ.-ს მზაობის გათვალისწინებით შესაძლოა მოცემული დავა დასრულდეს მორიგებით. კერძოდ, მოსარჩელე გამოთქვამს მზაობას უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე თუ აუნაზღაურდება სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხის ნაწილი - 1000 ლარი. ნაცვლად 1843 ლარისა. მიგვაჩნია, რომ მოხსენებული გარემოებების პირობებში, შესაძლოა, სასამართლოს მიერ მიღებული იქნეს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესახებ, შესაბამისად მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოცემულ საქმეზე მორიგება მოსარჩელე მხარესთან“. აპელანტის მოსაზრებით აღნიშნული წერილით მოპასუხე მხარე აღიარებს ვალდებულების არსებობას. დასახელებული დოკუმენტს სასამართლო გაეცნო საქმის არსებით განხილვაზე, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა.

სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მნიშვნელოვან განმარტებაზე იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქმე Nბს-348-345 (კ-11). აღნიშნული გადაწყვეტილებით მოქალაქე გ.ც-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონით დადგენილ ვადაში კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა შემწეობის სახით კანონით დადგენილ თანხას, ყოველთვიურად 28 ლარს. რის საფუძველზეც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გ.ც-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანი - მიუღებელი შემწეობის სახით - 28 ლარის ოდენობით 2010 წლის ივნისიდან.

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი. სასამართლომ მიუთითა, რომ მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა დამოკიდებულია იმ გარემოებების დადასტურებაზე, რომ შემწოების გაუცემლობა კანონის დარღვევით განხორციელდა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება. არადა აღნიშნული ფაქტი დგინდება კანონიერ ძალაში შესული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ. ხ. სათვის იძუილებით გადაადგილებულ პირის დევნილის სტატუსისი მინიჭების საქმეზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

ამავე 22-ე მუხლის თანახმად, აქტი უშუალო და პირდაპირ ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში სამინისტროს უარი ზიანს აყენებს ბ. ხ.-ს რადგან სამინისტროს უმოქმედობის შედეგად მოსარჩელემ ვერ მიიღო კანონით განსაზღვრული ფულადი შემწეობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში კი სამინისტროს პასუხი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას თუ რის საფუძველზე ეთქვა უარი მოსარჩელეს მიეღო მიუღებელი შემწეობის თანხა.

გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

აპელანტის აზრით სასამართლომ ასევე დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აპელანტის მოსაზრებით დასახელებული მუხლით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემთხევვაში მოპაუხე განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

4.6. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრების ფარგლებში აფასებს, რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები ასაბუთებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას; კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას არ იზიარებს.

ფაქტობრივი დასაბუთება:

4.7. 2008 წლის 25 დეკემბერს ბეგლარ ხადურმა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს NXXXXX განცხადებით მიმართა, რომლითაც დევნილად ცნობა და დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა.

4.8. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბ. ხ. ს მიერ 2008 წლის 25 დეკემბერს წარდგენილ განცხადებაზე კანონით დადგენილ ერთი თვის ვადაში არ უმსჯელია, რის გამოც ბ. ხ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

4.9 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის დევნილად ცნობისა და მისთვის დევნილად სტატუსის მინიჭების თაობაზე.

4.10. 2009 წლის 21 ოქტომბერს ბ. ხ. -მ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს NXXXXX განცხადებით მიმართა, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა.

4.11. ბ. ხ.-ს 2009 წლის 21 ოქტომბრის NXXXXX განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა 2010 წლის 10 მაისის წერილით ე.-ს მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა ბ. ხ.-ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით.

4.12. 2010 წლის 10 მაისის წერილის პასუხად ე.-ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2010 წლის 15 მაისის წერილით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აცნობა, რომ ბ. ხ. გორის რაიონის სოფელ ს.-ში ფლობდა სახლს, თუმცა ცხოვრობდა თბილისში და არ იყო სოფელ ს.-ს მუდმივი მაცხოვრებელი.

4.13. ე.-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 15 მაისის წერილის, ბ. ხ.- თან გასაუბრების შედეგებისა და სხვა მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველომ მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვით არ დასტურდებოდა 2008 წლის ომამდე ბ. ხ. -ს გორის რაიონის სოფელ ს.-ში ცხოვრების ფაქტი. მითითებული დასკვნის შესაბამისად, 2010 წლის 20 მაისს ბ. ხ.- ს გაეგზავნა წერილი, რომლითაც უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

4.14. 2014 წლის აპრილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გდაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ბ. ხ.- ს მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე კვლავ დაიწყო წარმოება მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. წარმოების ფარგლებში გამოკითხულ იქნა ბ. ხ. , გამოკვლეულ იქნა ადგილობრივი ორგანოს მიერ გაცემული ცნობები, შსს-ს წერილი, რის შემდეგაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ბ. ხ. -სათვის დევნილის სტატუსის მინიჭება.

4.15. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 1 მაისის N05/01-XX-XXXX მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 30 მაისის NXXX ბრძანებით ბ. ხ.-ს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი მიენიჭა.

4.16. ე.-ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2014 წლის 29 დეკემბრის დასკვნით დადგინდა, რომ ბ. ხ. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე მუდმივად ე.-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს.-ში მეუღლესთან - რ. მ.-თან ერთად, მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობდა. მათ ჰქონდათ საკუთარი მეურნეობა და იშვიათად უხდებოდათ სოფლის დატოვება. 2014 წლის დეკემბრამდე ადგილობრივი ორგანო უარყოფდა ბეგლარ ხადურის გორის რაიონის სოფელ ს.-ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

4.17. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 30 ოქტომბრის N01-XX/XX/XXXXX წერილით ბ. ხ. ს მიუღებელი შემწეობის თანხის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა.


სამართლებრივი დასაბუთება

4.18. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. ხ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება ბ. ხ.-ს სარჩელი.

4.19. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, საქართველოს კონსტიტუციით.

აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

4.20. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.".

4.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.

მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს მოპასუხის მოქმედებამ დაარღვია თუ არა მოსარჩელის უფლებები და მიადგა თუ არა მას მატერიალური ზიანი.

4.22. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ,,სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე”. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, სასამართლოს აქტი სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტი, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის. აღნიშნული გადაწყვეტილებით ერთმნიშვნელოვნად დაევალა მოპასუხე მხარეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, გამოეცა ადმინისტრაცილ სამართლებრივი აქტი მოსარჩელის დევნილად ცნობის და დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

4.23. აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უკანონოდ უთხრა უარი ბ. ხ.- ს, დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე 2008 წლის 25 დეკემბერს წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამასთან მიუხედავად კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მხოლოდ 2014 წლის 30 მაისის NXXX ბრძანებით მიანიჭა ბ. ხ. -ს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, რითაც მოსარჩელეს წაერთვა შემწეობის მიღების უფლება 2009 წლის თებერვლიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდში. შესაბამისად უკანონოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 01-XX/XXXX წერლი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მიუღებელი შემწეობის თანხის ანაზღაურებაზე.

4.24. სააპელაციო პალატა მიუთითებს მხარეებს, რომ 2009 წლის თებერვლიდან 2014 წლის 1 მარტამდე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი წლის კანონით დევნილის ყოველთვიური შემწეობა შეადგენდა 28 ლარს, ხოლო 2014 წლის 01 მარტს ამოქმედებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დევნილის ყოველთვიური შემწეობა განისაზღვრა 45 ლარით.

ამდენად, 2009 წლის თებერვლიდან 2014 წლის მარტამდე 61 თვის განმავლობაში მოსარჩელეს უნდა მიეღო 1708 ლარი (61x28), ხოლო 2014 წლის მარტიდან ივნისამდე პერიოდში 3 თვის განმავლობაში მოსარჩელეს უნდა მიეღო 135 ლარი (3x45), რაც ჯამში შეადგენს 1843 ლარს. აღნიშნული თანხა გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

4.25. ამდენად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 30 ოქტომბრის N01-XX/XXXX წერლი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაეკისროს 2009 წლის თებერვლიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდში მიუღებელი შემწეობის 1843 ლარის გადახდა ბ. ხ. -ს სასარგებლოდ.


6. საპროცესო ხარჯები:

6.1. აპელანტი - ბ. ხ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

6.2. მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:


1. ბ. ხ.- ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ბ. ხ.- ს სარჩელი დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 30 ოქტომბრის 01-XX/XXXX წერლი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაეკისროს 2009 წლის თებერვლიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდში მიუღებელი შემწეობის 1843 ლარის გადახდა ბ. ხ.-ს სასარგებლოდ;

4. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან ოცდაერთი 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს (მდებარე, თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მეშვეობით.