ნახვები: 104
საქმის ნომერი: 2ბ/3350-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი განუხილველი დარჩა, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ას-1366-1286-2017, 2/6-167
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/3350-17 (2017-09-18), www.temida.ge
საქმის № 2ბ/3350-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       18 სექტემბერი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია გუჯაბიძე

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტები - მ. პ., ვ. პ., ა. პ., ს. ნ.
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ქ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სარჩელის მოთხოვნა:

მოპასუხეები - მ. პ., ვ. პ., ა. პ. და ს. ნ. მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად გამოსახლებულნი იქნენ მოსარჩელე ლ. ქ.-ის (პ/ნ XXX XXXXXXXX) საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან, მდებარე: ქ. ახალქალაქი, სამხედრო ქალაქი, კორპუსი NXXX, ბინა NXX, საკადასტრო კოდი: XXXX.XX.XXX.XX/XXX.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ლ. ქ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეები - მ. პ. (პ/ნ XXXXXXXXXXX), ვ. პ., ა. პ. და ს. ნ. (პ/ნ XXXXXXXXXXX) მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად გამოსახლებულნი იქნენ, ქ. ა.-ში, სამხედრო ქალაქი, კორპუსი NXXX, ბინა NXX, მდებარე (საკადასტრო კოდი: XX.XX.XX.XXX.XX/XXX.), მოსარჩელე ლ. ქ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. მოსარჩელე ლ. ქ.-ს, ქ. ა.-ში, სამხედრო ქალაქი, კორპუსი NXXX, ბინა NXX, საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი სახლი, რომლის საკადასტრო კოდია XX. XX.XX.XX.XXX.XX/XXX..

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 13 იანვრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, (ს.ფ. 15; ტ.1);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2.2. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე - ს. ნ.-მ აღიარა, რომ სადავო ბინაში მართლაც არის მისი ნივთები და რომ იგი აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი).

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი - მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

2.5. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, მოპასუხე - ს. ნ.-მა აღიარა, რომ სადავო ბინაში მართლაც არის მისი ნივთები და რომ იგი აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს.

2.6. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი აღიარებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებასა და მის ხელშეუვალობას, რომლის თანახმადაც დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების, ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება; 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხდვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

განსახილველ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. ა., სამხედრო ქალაქი, კორპუსი NXXX, ბინა NXX, საკადასტრო კოდით: XX.XX.XX.XXX.XX/XXX., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე - ლ. ქ.-ს სახელზე. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე და მოპასუხეები - მ. პ., ვ. პ., ა. პ. ს. ნ. მოსარჩელეს სრულიად უკანონოდ უშლიან ხელს თავისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინით სარგებლობაში, მიუხედავად ლ. ქ.-ს არაერთი გააფრთხილებისა მოპასუხეები არ ათავისუფლებენ ბინას, რის გამოც მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები ვერ შედიან მათ საკუთრებაში არსებულ ბინაში და იძულებულნი არიან იცხოვრონ სხვაგან. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა ამგვარი ქმედება საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე მხარე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაზე კანონით გარანტირებული უფლებები. რაც შეეხება მოპასუხეთა პოზიციას იმის თაობაზე, რომ ისინი სადავო ბინის მართლზომიერ და კეთილსინდისიერ მფლობელებს წარმოადგენენ და მათ ეს უფლება წარმოეშვათ კანონისა და ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, სასამართლოს მითითებით, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ უნდა მიეჩნია ის ფაქტი, რომ მ. პ., ვ. პ, ა. პ. და ს. ნ. ცხოვრობენ რუსეთში და არ ფლობენ ბინას.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. მ. პ., ვ. პ., ა. პ. და ს. ნ. ფლობენ სადავო ფართს.

აპელანტების სადავოდ მიიჩნევენ პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტს, მოპასუხეთა მხრიდან სადავო ფართის ფლობის თაობაზე.

აღნიშნულს პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხეთა შესაგებელი ეფუძნებოდა არა იმ გარემოებას, რომ ისინი არ ფლობენ სადავო უძრავ ქონებას, არამედ იმას, რომ ისინი წარმოადგენენ დაკავებული ფართის მართლზომიერ მფლობელებს.

(ს/ფ 35, პირველი ფაქობრივი გარემოების გრაფა)

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო ხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ მ. პ.-ს მუდმივი ბინადრობის უფლება სწორედ სადავო ქონებაზე გააჩნია, ის არის აბონენტად რეგისტრირებული და ის იხდის გადასახადებს.

სადავო არაა ის ფაქტი, რომ ვ. პ., ა. პ. წარმოადგენენ მ. პ.-ს შვილებს, ხოლო ეს უკანასკნელი არის ს. ნ.-ს შვილი.

მაშასადამე, საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დასტურდება მოპასუხეთა (აპელანტების) მხრიდან სადავო ქონების ფლობის ფაქტი.

4.2. მოპასუხეები: მ. პ., ვ. პ., ა. პ. და ს. ნ. არ წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელებს.

მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეები უკანონოდ ფლობდნენ მის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე, ქ. ა., სამხედრო ქალაქი, კორპუსი NXXX, ბინა NXX, საკადასტრო კოდი: XX.XX.XX.XXX.XX/XXX.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული, ამასთან, საკუთრების უფლების თაობაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერი სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, მის მიმართ მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს და დაადასტურებდა მფლობელობის მართლზომიერი საფუძვლის არსებობას.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის განხილვისას უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტების არსებობა: უნდა არსებობდეს ნივთი, რომლის უკან დაბრუნებასაც ითხოვს მოსარჩელე, აღნიშნული ნივთი უნდა ეკუთვნოდეს მოსარჩელეს და მოპასუხე უნდა იყოს მფლობელი ამ ნივთის ფლობის უფლების გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბინის მესაკუთრე საჯარო რეესტრის მონაცემებით არის ლ. ქ., ხოლო, მოპასუხეთა პოზიციას წარმოადგენს იმის მტკიცება, რომ ისინი სადავო ბინის მართლზომიერ და კეთილსინდისიერ მფლობელებს წარმოადგენენ და მათ ეს უფლება წარმოეშვათ კანონისა და ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183 და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამ ეტაპისათვის დადგენილი არ არის რეესტრის ჩანაწერის სიმცდარე, აქედან გამომდინარე, ლ. ქ. არის სადავო ბინის მესაკუთრე და მას უფლება აქვს მოითხოვოს მის საკუთრებაზე უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს მ. პ.-ის, ვ. პ.-ს, ა. პ.-სა და ს. ნ.-ის მიერ ლ. ქ.-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტს.

4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

როგორც აღვნიშნეთ, საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არაა რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია, სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

პალატა ასევე, განმარტავს, რომ კანონი იცავს ნივთზე არა ყოველგვარი ბატონობით განხორციელებულ მფლობელობას, არამედ მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობას, რისი არსებობაც აპელანტებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ვერ დაადასტურეს. ამდენად, აპელანტების მიერ სადავო უძრავი ქონებით სარგებლობა ხორციელდება კანონის დარღვევით. მოსარჩელე - ლ. ქ.-ს სადავო ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება, ხოლო მოპასუხეები არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-ე-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს _ მართლზომიერ მფლობელებს.


5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. პ.-ს, ვ. პ.-ს, ა. პ.-სა და ს. ნ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.