ნახვები: 160
საქმის ნომერი: №2ბ/678-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, საოჯახო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №№2ბ/678-17 (2017-04-25), www.temida.ge
საქმის № № 330210016001251439
საქმის № №2ბ/678-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       25 აპრილი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მაია სულხანიშვილი

აპელანტი – ი. ჟ.

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ჩ.-ჟ.

დავის საგანი – ალიმენტის გადახდის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნ. ჩ.-ჟ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ი. ჟ.-ს ნ. ჩ.-ჟ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, მ. ჟ.-ის (დაბადებული XX.03.2003 წელს) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 100 (ასი) ლარის გადახდა სარჩელის შემოტანიდან, 2016 წლის 17 თებერვლიდან, ყოველთვიურად, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან გარემოებების შეცვლამდე;

ი. ჟ.-ს ნ. ჩ.-ჟ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, ბ. ჟ.-ის (დაბადებული XX.03.2005 წელს) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 100 (ასი) ლარის გადახდა სარჩელის შემოტანიდან, 2016 წლის 17 თებერვლიდან, ყოველთვიურად, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან გარემოებების შეცვლამდე;

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. ნ. ჩ.-ჟ. და მოპასუხე ი. ჟ. 2001 წლიდან იმყოფებოდნენ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2003 წლის XX მარტს დაბადებული მ. ჟ. და 2005 წლის XX მარტს დაბადებული ბ. ჟ.;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ. ჟ.- ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი ნკ №00XXXXX(ს.ფ. 16);
- ბ. ჟ.-ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი №01XXXXX(ს.ფ. 15);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

2.2. საქმეში წარმოდგენილი განქორწინების მოწმობის მიხედვით, ნ. ჩ.-ჟ. და ი. ჟ. განქორწინდნენ 2014 წლის 19 მაისს. მითითებული პერიოდიდან, მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან ოჯახურ მეურნეობას;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 06 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება №2/2246-14 (ს.ფ. 48-52);
- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი №01144XXXXXX(ს.ფ. 14);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).


2.3. ნ. ჩ.-ჟ. არასრულწლოვან მ. ჟ.-თან და ბ. ჟ.-თან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ ბინაში. მოსარჩელის დედა, დ. ბ. დაავადებულია დიაბეტით, ხოლო მამა, თ. ჩ.-ს გადატანილი ინსულტის გამო, შეზღუდული აქვს მოძრაობისა და გადაადგილების უნარი;
არასრულწლოვანი ბავშვები დადიან სახალხო საკრავი ფანდურის შემსწავლელ და მათემატიკის წრეებზე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- მოწმე მაია მეგრელიშვილის ჩვენება (სხდომის ოქმი).

2.4. მოსარჩელე ნ. ჩ.-ჟ. დასაქმებულია სავაჭრო ცენტრში - ,,კ.-ში” და აქვს ყოველთვიური ანაზღაურება 250-280 ლარის ოდენობით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- მოწმე მაია მეგრელიშვილის ჩვენება (სხდომის ოქმი);

2.5. მოსარჩელე ნ. ჩ.-ჟ.-ს და მოპასუხე ი. ჟ.-ს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.6. შპს ,,ზ. რ. ც. პ.-ის” მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, მოპასუხე ი. ჟ.-ს საყოფაცხოვრებო ტრავმის გამო 2008 წლის 20 ოქტომბერს მიენიჭა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უვადოდ. მას შეზღდული აქვს ფიზიკური დატვირთვა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ზ. რ. ც. პ.-ის” მიერ 2008 წლის 20 ოქტომბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 46, 96-97);

2.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ 2016 წლის 14 მარტს გაცემული ცნობის მიხედვით, ი. ჟ. ნამდვილად ირიცხება სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის განყოფილებაში, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით სოციალური პაკეტის მიმღებად. სოციალური პაკეტი დანიშნული აქვს 2008 წლის 21 ოქტომბრიდან ცვლილებამდე, თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით;

სასამართლო დაეყრდნა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების
მიერ 2016 წლის 14 მარტს გაცემული ცნობა №04-XX-XX/XXX(ს.ფ. 45, 98);


2.8. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, არასრულწლოვან ბ. ჟ.-ს 2015 წლიდან 30 ნოემბრიდან 2015 წლის 05 დეკემბრამდე პერიოდისათვის გადიოდა მკურნალობის კურსს შპს ,,თ. ბ. ი. კ. ს.-ში”. ასევე, ინფექციური დაავადების გამო მკურნალობდა არასრულწლოვანი მ. ჟ.-ც.

სასამართლო დაეყრდნა შემდეგ მტკიცებულებებს :
- შპს ,,თ. ბ. ი. კ. ს.-ს” მიერ გაცემული ცნობა ბ. ჟ.-ის ჯანმრთელობის მდგოამრეობის შესახებ (ს.ფ. 18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

2.9. მოპასუხე ი. ჟ. არ არის სტაბილურად დასაქმებული და არ გააჩნია ყოველთვიური შემოსავალი. იგი გარკვეული პერიოდულობით საკუთრებაში არსებული ავტომანქანით (ე.წ. ,,ტაქსის”) შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანას. აქვს შემოსავალი, თუმცა არასტაბილურად;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი 16.45.56 -დან);
- მოწმე მაია მეგრელიშვილის ჩვენება (სხდომის ოქმი).

2.10. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევა, რომ მოპასუხე ი. ჟ.-ს აქვს სისტემატური და ნორმალური მამა-შვილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან, ბ. ჟ.-ს და მ. ჟ.-ს. ბავშვები გარკვეულ დღეებს ატარებენ მამის ოჯახში.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.11. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები: 2003 წლის XX მარტს დაბადებული მ. ჟ. და 2005 წლის XX მარტს დაბადებული ბ. ჟ..

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლზე, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.


სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. ჩ.-ჟ. და ი. ჟ. განქორწინდნენ 2014 წლის 19 მაისს. მითითებული პერიოდიდან, მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან ოჯახურ მეურნეობას; არასრულწლოვანი მ. ჟ. და ბ. ჟ. ცხოვრობენ მოსარჩელესთან, ნ. ჩ.-ჟ.-თან ერთად. ეს უკანასკნელი დასაქმებულია სავაჭრო ცენტრში - ,,კ.-ში” და აქვს ყოველთვიური ანაზღაურება 250-280 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები დადიან სახალხო საკრავი ფანდურის შემსწავლელ და მათემატიკის წრეებზე, რომლის ყოველთვიურ გადასახადს იხდის მოპასუხე მხარე.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

სასამართლოს განმარტებით, კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

სასამართლოს განმარტებით, არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

სასამართლოს მითითებით, ,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

სასამართლოს განმარტებით, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ შპს ,,ზ. რ. ც. პ.-ის” მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, მოპასუხე ი. ჟ.-ს საყოფაცხოვრებო ტრავმის გამო 2008 წლის 20 ოქტომბერს მიენიჭა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უვადოდ. მას შეზღუდული აქვს ფიზიკური დატვირთვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ 2016 წლის 14 მარტს გაცემული ცნობის მიხედვით, ი. ჟ. ნამდვილად ირიცხება სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის განყოფილებაში, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით სოციალური პაკეტის მიმღებად. სოციალური პაკეტი დანიშნული აქვს 2008 წლის 21 ოქტომბრიდან ცვლილებამდე თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით; ამდენად, მოპასუხე მხარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს პენსიის სახით მიღებული 100 (ასი) ლარი. თუმცა, ამ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა მოწმის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მოპასუხე გარკვეული პერიოდულობით საკუთრებაში არსებული ავტომანქანით (ე.წ. ,,ტაქსის”) შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანას და აქვს შემოსავალი, თუმცა არასტაბილურად; აღნიშნული არც მოპასუხე მხარემ უარყო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მიუხედავად შეზღუდული უნარისა, გააჩნდა გარკვეული შემოსავალი. ასევე, მას ჰქონდა სოფელში უძრავი ქონება და დედის დახმარებით აწარმოებდა სოფლის მეურნეობასაც.

სასამართლომ მიუთითა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა, სასამართლომ აღნიშნა, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებდა. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა ყოფილიყო დადგენილი. ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვების აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელი იყო არა მხოლოდ ბავშვების ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემდა განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობდა შემოსავლის არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას. გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა, მისი თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. მოპასუხე მხარე თავადაც ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ე.წ. ტაქსის მეშვეობით მგზავრების გადაყვანის სანაცვლოდ იღებდა შესაბამის ანაზღაურებას, ასევე, მისივე განმარტებით, „ რაიონიდან ჩამოაქვს, სოფლის ნაწარმი: ყველი, კიტრი და პომიდორი, რომელსაც ჰყიდის“, რაც გულისხმობდა შემოსავლის მიღებას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ იყო დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნდა სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო შვილების რჩენის ვალდებულებისაგან.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოპასუხე მხარეს გარდა არასრულწლოვანი ბ. ჟ.-ისა და მ. ჟ.-ისა, კმაყოფაზე სხვა პირი არ ჰყავდა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში მიიღო არასრულწლოვანი ბავშვების ასაკი და მიუთითა, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდებოდა არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნდათ თანაბარი ვალდებულება ეზრუნათ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობდნენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ი. ჟ. თავისი მატერიალური შემოსავლისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმა იყო, გადაეხადა თითოეული არასრულწლოვანი ბავშვისათვის ალიმენტის სახით 30 (ოცდაათი) ლარი.

სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა- განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელს თანაბრად უნდა მიეღოთ მონაწილეობა. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობდნენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთებოდა მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობდნენ არასრულწლოვნები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესი იყო სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელს, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველეყო არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის უმუშევრობა არ იძლევოდა იმის საფუძველს, რომ სასამართლოს იგი გაეთავისუფლებინა ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვები დაეტოვა საარსებო მინიმუმის გარეშე.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა თითოეული არასრულწლოვანი ბავშვისათვის უნდა განსაზღვრულიყო 100 (ასი) ლარით.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი, როდესაც, ერთის მხრივ დაადგინა, რომ მოპასუხეს პენსიის გარდა სხვა სტაბილური შემოსავალი არ გააჩნდა და ვერც ექნებოდა მძიმე ფიზიკური დაზიანებების გამო, ხოლო, მეორეს მხრივ ,,გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე’’ მიიღო გადაწყვეტილება ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 100-100 ლარის დაკისრების შესახებ. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოპასუხის შემოსავალს შეადგენდა მხოლოდ 100 ლარიანი შემწეობა, ხოლო, მისი ფიზიკური მდგომარეობა (მომხდარი ავარიის გამო მოშლილი აქვს ორივე ქვედა კიდურის ფუნქცია და უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება), მას მუშაობის საშუალებას არ აძლევდა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ი. ჟ.-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- მოდავე ემხარეები: ნ. ჩ.-ჟ. და ი. ჟ. 2001 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში;
- თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2003 წლის XX მარტს დაბადებული მ. ჟ. და 2005 წლის XX მარტს დაბადებული ბ. ჟ.;
- ნ. ჩ.-ჟ. და ი. ჟ. განქორწინდნენ 2014 წლის 19 მაისს; მითითებული პერიოდიდან, მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან ოჯახურ მეურნეობას;
- არასრულწლოვანი მ. ჟ. და ბ. ჟ. ცხოვრობენ დედასთან - ნ. ჩ.-ჟ.-თან ერთად, ამ უკანასკნელის მშობლების საცხოვრებლ ბინაში; მათთან ერთად ასევე ცხოვრობენ ნ. ჩ.-ჟ.-ს მშობლები;
- მოსარჩელის დედა - დ. ბ. დაავადებულია დიაბეტით, ხოლო მამას - თ. ჩ.-ს გადატანილი ინსულტის გამო, შეზღუდული აქვს მოძრაობისა და გადაადგილების უნარი;
- არასრულწლოვანი ბავშვები დადიან სახალხო საკრავი ფანდურის შემსწავლელ და მათემატიკის წრეებზე;
- ნ. ჩ.-ჟ. დასაქმებულია სავაჭრო ცენტრში - ,,კ.-ში” და აქვს ყოველთვიური ანაზღაურება 250-280 ლარის ოდენობით;
- შპს ,,ზ. რ. ც. პ.-ის” მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, მოპასუხე ი. ჟ.-ს საყოფაცხოვრებო ტრავმის გამო 2008 წლის 20 ოქტომბერს მიენიჭა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უვადოდ. მითითებული ცნობით ირკვევა, რომ მოპასუხეს აღენიშნება ორივე ქვედაკიდურის ფუნქციის მკვეთრი მოშლა. მას შეზღდული აქვს ფიზიკური დატვირთვა და მიცემული აქვს რეკომენდაცია გონებრივი მუშაობის თაობაზე;
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ 2016 წლის 14 მარტს გაცემული ცნობის მიხედვით, ი. ჟ. ნამდვილად ირიცხება სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის განყოფილებაში, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით სოციალური პაკეტის მიმღებად. სოციალური პაკეტი დანიშნული აქვს 2008 წლის 21 ოქტომბრიდან ცვლილებამდე, თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით;
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, არასრულწლოვან ბ. ჟ.-ს 2015 წლიდან 30 ნოემბრიდან 2015 წლის 05 დეკემბრამდე პერიოდისათვის გადიოდა მკურნალობის კურსს შპს ,,თ. ბ. ი. კ. ს.-ში”. ასევე, ინფექციური დაავადების გამო მკურნალობდა არასრულწლოვანი მ. ჟ.-ც.
- მოპასუხე ი. ჟ. არ არის სტაბილურად დასაქმებული და არ გააჩნია ყოველთვიური შემოსავალი. იგი გარკვეული პერიოდულობით საკუთრებაში არსებული ავტომანქანით (ე.წ. ,,ტაქსის”) შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანას;

4.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ მუშაობს და მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, პალატა ითვალისწინებს ერთის მხრივ, იმ გარემოებებს, რომ არასრულწლოვანი მ. ჟ. და ბ. ჟ. ცხოვრობენ დედასთან - ნ. ჩ.-ჟ.-თან ერთად, ამ უკანასკნელის მშობლების საცხოვრებლ ბინაში, სადაც ასევე ცხოვრობენ ნ. ჩ.-ჟ.-ს მშობლები, რომლებსაც აღენიშნებათ ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, არასრულწლოვანი ბავშვები დადიან სახალხო საკრავი ფანდურის შემსწავლელ და მათემატიკის წრეებზე, ნ. ჩ.-ჟ. დასაქმებულია სავაჭრო ცენტრში - ,,კ.-ში” და აქვს ყოველთვიური ანაზღაურება 250-280 ლარის ოდენობით, ხოლო, მეორეს მხრივ - იმ გარემოებას, რომ ი. ჟ.-ს საყოფაცხოვრებო ტრავმის გამო 2008 წლის 20 ოქტომბერს მიენიჭა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უვადოდ, მას აღენიშნება ორივე ქვედაკიდურის ფუნქციის მკვეთრი მოშლა, შეზღდული აქვს ფიზიკური დატვირთვა და მიცემული აქვს რეკომენდაცია გონებრივი მუშაობის თაობაზე, ასევე, იმ გარემოებას, რომ ი. ჟ.-ს დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი 2008 წლის 21 ოქტომბრიდან ცვლილებამდე, თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 100-100 ლარი, უნდა შემცირდეს 20-20 ლარით და და საბოლოოდ, ი. ჟ.-ს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა 80-80 ლარის ოდენობით.

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ ალიმენტის გამოანგარიშება ხდება მხარის შემოსავლის მიხედვით. შემოსავალში კი იგულისხმება ის თანხა, რასაც ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირი იღებს ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად. ამდენად, ალიმენტის გამოანგარიშებაც სწორედ შემოსავლის ოდენობიდან უნდა მოხდეს. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ ი. ჟ.-ის შემოსავალი განისაზღვრება მხოლოდ სოციალური პაკეტით, რომელიც 2008 წლის 21 ოქტომბრიდან ცვლილებამდე, შეადგენს თვეში 100 (ასი) ლარს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას პალატა ვერ დაეყრდნობა იმ გარემოებას, რომ მოპასუხე გარკვეული პერიოდულობით საკუთრებაში არსებული ავტომანქანით (ე.წ. ,,ტაქსის”) შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანას და აქვს შემოსავალი, თუმცა არასტაბილურად, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ი. ჟ.-ს საყოფაცხოვრებო ტრავმის გამო 2008 წლის 20 ოქტომბერს მიენიჭა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უვადოდ, მას აღენიშნება ორივე ქვედაკიდურის ფუნქციის მკვეთრი მოშლა, რის გამოც შეზღდული აქვს ფიზიკური დატვირთვა და მიცემული აქვს რეკომენდაცია მხოლოდ გონებრივი მუშაობის თაობაზე. ავტომანქანით (ე.წ. ,,ტაქსის”) შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ მგზავრების გადაყვანა კი დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან, კერძოდ, ავტონანქანის მართვისას ძირიტადად ძალა ადგება ფეხის კიდურებს, საქმის მასალებით კი დგინდება, რომ მოპასუხეს აღენიშნება ორივე ქვედაკიდურის ფუნქციის მკვეთრი მოშლა. ამდენად, სასამართლო შემოსავლის ოდენობად ვერ მიიჩნევს და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრას ვერ დაუდებს საფუძვლად შემოსავლის ისეთ წყაროს, რომელიც მოპასუხისათვის აკრძალულად მიიჩნევა და ნეგატიურად იმოქმედებს მის ჯანმრთელობაზე.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს სოფელში აქვს უძრავი ქონება და დედის დახმარებით აწარმოებს სოფლის მეურნეობას, პალატა ამ გარემოებებს ასევე ვერ მიიჩნევს ალიმენტის ოდენობის შემცირებაზე უარის თქმის საფუძვლად, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც აღინიშნა, ალიმენტის გამოანგარიშება ხდება მხარის შემოსავლის მიხედვით.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ი. ჟ.-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

6. საპროცესო ხარჯები

მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:


1. ი. ჟ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. ჩ.-ჟ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3.1. მოპასუხე ი. ჟ.-ს (პ/ნ. XXXXXXXXXXX) მოსარჩელე ნ. ჩ.-ჟ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, მ. ჟ.-ს (დაბადებული XX.03.2003 წელს) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდა სარჩელის შემოტანიდან, 2016 წლის 17 თებერვლიდან, ყოველთვიურად, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან გარემოებების შეცვლამდე;
3.2. მოპასუხე ი. ჟ.-ს (პ/ნ. XXXXXXXXXXX) მოსარჩელე ნ. ჩ.-ჟ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, ბ. ჟ.-ის (დაბადებული XX.03.2005 წელს) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდა სარჩელის შემოტანიდან, 2016 წლის 17 თებერვლიდან, ყოველთვიურად, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან გარემოებების შეცვლამდე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.




მოსამართლე მაია სულხანიშვილი