საქმის ნომერი: 1ბ/305-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნინო სანდოძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაცი წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა და მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ბრალდების მხარემ წარადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის ძალაში დატოვება. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სამსახურეობრივი გულგრიობის ობიექტურ და სუბიექტურ შემადგნელობაზე,ასვე გაუფრთხილებლობით დანაშაულზე და სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/305-18 (2018-10-18), www.temida.ge
საქმის № 330100116001505459
საქმის № 1ბ/305-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       18 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზ. ქ..

დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: მ. ა., დაბადების თარიღი: XXXX წლის XX ივნისი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: XXXXXXXXXXX, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ. ვ.-ფ.-ს გამზირი, მე-X კვარტალი, NXX-ე კორპუსი, ბინა NXX.

ადვოკატები - ლ. ჯ., ტ. კ. და თ. ს..

კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).

სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

აღწერილობითი ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. ა.-მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ლ. ჯ.-მ და ტ. კ.-მ. აპრელანტებმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. პირველი ინსტანციის სასმართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოს მტკიცებულებათა შეფასებისას უნდა დაედგინა ის გარემოება, რომ მ. ა.-მ, როგორც ნოტარიუსმა, არაჯეროვნად და გულგრილად შეასრულა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა. კერძოდ, უნდა დადასტურებულიყო, რომ მ. ა.-ს პიროვნების იდენტიფიცირებისას ეჭვი შეეპარა მის ვინაობაში და მიუხედავად ამისა მაინც შეასრულა სანოტარო მოქმედება. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ. ა. ისე იყო დარწმუნებული თავისი მოქმედების კანონიერებაში, რომ იმავე პიროვნებაზე მეორედაც განახორციელა სანოტარო მოქმედება. ბრალდების მხარე თვლის რომ, ლ. ს.-ს ვინაობის დადგენის დროს, ნოტარიუსმა ჯეროვნად არ შეასრულა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მოთხოვნები, რადგან ეჭვის შეტანის შემთხვევაში იგი ვალდებული იყო უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე. შესაბამისად სასამართლოს უტყუარად უნდა დაედგინა, რომ მ. ა.-ს სანოტარო მოქმედების განხორციელების მომთხოვნი პირის მიმართ მართლაც შეეპარა ეჭვი. 2015 წლის 24 სექტემბერს, მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში მყოფმა იმ მოწმეებმა, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ კონკრეტული იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებით დაადასტურეს, რომ ნოტარიუსმა ყველა მათგანს სთხოვა შეეხედათ ბაზაში განთავსებული ფოტოსურათისთვის. მათ შეხედეს ფოტოს და ერთხმად დაადასტურეს, რომ მათ წინაშე ნამდვილად იჯდა ქ. ს.-ს ძმა - ლ. ს.. ამასთან მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ნოტარიუსი ამას თითოეული სანოტარო მოქმედების ჩატარების დროს აკეთებდა. მათვე განმარტეს, რომ იქ მყოფთაგან არცერთს არ შეპარვია ეჭვი ლ. ს.-ს პიროვნებაში. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, მოწმე ზვიად ს.-მ განმარტა, რომ როგორც მას ისე ნოტარიუსს ეჭვი შეეპარათ წარმოდგენილ და დასადგენ პიროვნებას შორის მსგავსებაში, თუმცა მანვე გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მათ შორის ნამდვილად იყო მსგავსება, რომლის შინაარსიც დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას. დაცვის მხარემ უდავოდ გახადა რ. ღ.-ს და ქ. ს.-ს დაკითხვის ოქმები, სადაც რ. ღ. ადასტურებდა, რომ ნოტარიუსმა მ. ა.-მ თავის ბაზაში გადაამოწმა ლ. ს., შემდეგ კი ეკრანზე გამოსახული ლ. ს.-ს ფოტო აჩვენა იპოთეკარ ზ. ს.-ს და იქ მყოფ შუამავლებს. მათ შეხედეს ფოტოს და რ. ღ.-ს და თქვეს რომ იყო ერთი და იგივე პიროვნება. ამავე ჩვენებაში მითითებულია, რომ მ. ა.-მ არ იცოდა რომ იგი არ იყო ლ. ს.. ნოტარიუსი შეცდომაში შეიყვანეს რ. ღ.-მ და ქ. ს.-მ. ხოლო ქ. ს.-ს დაკითხვის ოქმში მითითებულია, რომ მან ნოტარიუსს წარუდგინა ძმის - ლ. ს.-ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რა დროსაც რ. ღ.-მ თავი გაასაღა ლ. ს.-დ, რომლის ნაცვლადაც მოაწერა ხელი ნოტარიუსის მიერ შედგენილ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაზე. აღნიშნულის შესახებ კი მ. ა.-მ არაფერი იცოდა. აპელანტს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება, რომ ნოტარიუსმა მ. ა.-მ, არაჯეროვნად და გულგრილად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა ან ეჭვი შეიტანა დასადგენ პიროვნებაში. აპელანტების განმარტებით, მართალია 2015 წლის 28 ოქტომბერს ხელშეკრულების გაფორმებისას, ნოტარიუს მ. ა.-ს არ ჩაუტარებია პიროვნების იდენტიფიკაცია, რადგან მას აღნიშნულის უფლება ჰქონდა სანოტარო მოქმედებათა შესახებ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვინაიდან პირველი იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს მას დადგენილი ჰყავდა პიროვნება კანონით დადგენილი და ხელშეკრულებაში გაწერილი წესის შესაბამისად. სანოტარო მოქმედებათა შესახებ ინსტრუქციის თანახმად: „იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი პირადად იცნობს სანოტარო აქტის მონაწილეს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის. ნოტარიუსისთვის ცნობილად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე პირი, რომლის პირადობაც მას უკვე დადგენილი აქვს სხვა სანოტარო მოქმედების შესრულებისას“. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ადასტურებს, რომ თითქოსდა ნოტარიუსს ორჯერ შეეპარა ეჭვი და ორჯერ არ შეასრულა ჯეროვნად მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აღსანიშნავია ის გარემეობაც, რომ სასამართლომ არ გაიაზიარა უმნიშვნელოვანესი მოწმის - ლ. მ.-ს ჩვენება მხოლოდ იმ მოტივით, რომ იგი დასაქმებული იყო მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში და მასთან აკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა და მოტივირებული იყო დახმარება აღმოეჩინა მ. ა.-სთვის. მოსამართლეს მოწმის ჩვენების სანდოობა უნდა შეემოწმებინა იმის მიხედვით თუ რამდენად დამაჯერებელი, ლოგიკური და შინაარსობრივად თავსებადი იყო მ. ა.-ს ჩვენებასთან. დაცვის მხარის განმარტებით, სწორედ ის გარემოება, რომ იგი იყო მ. ა.-ს ყოფილი თანამშრომელი, ხაზს უსვამს მოწმის ჩვენების დამაჯერებლობას, რადგან სწორედ ყოფილ თანამშრომელს შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მ. ა.-ს მუშაობის სტილის და იმ წესების შესახებ, რითაც მუშაობის დროს ხელმძღვანელობდა ნოტარიუსი. მოსამართლე ახდენს მოწმეთა ჩვენებების არასწორ ინტერპრეტაციას და განაჩენში ასახავს მათი ჩვენების ნაწილს. კერძოდ, მან დადასტურებულად მიიჩნია, ის გარემეობა, რომ მ. ა.-ს ეჭვი შეეპარა პიროვნებაში, რის გამოც მას მოთხოვა ახალი პირადობის მოწმობის აღება, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა მაინც გააფორმა ხელშეკრულება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მ. ა.-მ და ლ. მ.-მ განმარატეს, რომ ნოტარიუსებს აქვთ რეკომენდაცია, ურჩიონ კლიენტს ძველი პირადობების ახლით შეცვლა და სწორედ ამ რეკომენდაციით მოქმედებდა მ. ა.. ბრალდების მხარეს ამ ჩვენებების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება კი სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, აპელანტებს მიაჩნიათ, რომ სანოტარო მოქმედების განხორციელების შემდეგ გაჩენილი ეჭვი და ეჭვის გაჩენისთანავე ოჯახისთვის შეტყობინება გამორიცხავს მ. ა.-ს მიერ დანაშაულის ჩადენას. იგი არის პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი და მის ადგილას მყოფი სხვა პირიც ასე უნდა მოქცეულიყო. ის ფაქტი, რომ პიროვნების იდენტიფიცირებისას ეჭვი შეეპარა ნოტარიუს ი. ფ.-ს, არ ნიშნავს იმას, რომ მ. ა.-საც აუცილებლად უნდა შეპარვოდა ეჭვი. ეჭვი არის ადამიანის ინდივიდუალური რეაქცია კონკრეტულ ფაქტზე თუ საგანზე და ყველა ადამიანი ამ რეაქციას სხვადასხვაგვარად ავლენს. პიროვნების იდენტიფიცირებისას არა თუ ადამიანებს, მაღალტექნოლოგიურ კომპიუტერულ პროგრამებსაც კი არა აქვთ ერთნაირი შესაძლებლობები. ნოტარიუსმა გამოიყენა ყველა შესაძლო ბერკეტი, რათა შეემოწმებინა პირის იდენტურობა. მას სანოტარო მოქმედებაში მონაწილე პირებმა დაუდასტურეს, რომ მათ წინაშე მყოფი პირი და მონაცემთა ბაზაში არსებულ ფოტოზე გამოსახული პირი იყო ერთი და იგივე. ნოტარიუსმა შეამოწმა ბაზაში არსებული მონაცემები, დაუსვა ჩამჭრელი შეკითხვა, რაზეც მიიღო სწორი პასუხი. პირები იქცეოდნენ დამაჯერებლად და არ ეტყობოდათ, რომ თამაშობდნენ. ნოტარიუსი კი არის ჩვეულებრივი ადამიანი და მას არ აქვს ვალდებულება ფლობდეს ზებუნებრივ ძალებს ან ატარებდეს ექსპერტიზებს პირის იდენტიფიცირებისთვის. რაც შეეხება პირებს, რომლებმაც დაუდასტურეს პირის იდენტურობა, ის პირები თავად ამბობენ, რომ თვითონაც დაინტერესებულნი იყვნენ, რომ ხელშეკრულების შედგენის დროს პრობლემა არ ყოფილიყო, შესაბამისად მოსამართლის მცდელობა თითქოს ამ პირების მხრიდან რაიმე საეჭვოს ვერ შემჩნევა არ შეიძლება შეფასდეს ნოტარიუს მ. ა.-ს სასარგებლოდ, არის სრულ.დ დაუსაბუთებელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტებმა მოითხოვეს მ. ა.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსმა პროკურორმა ზ. ქ.-მ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემეოებები და არგუმენტაცია არ გამომდინარეობს მ. ა.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, გამოძიების ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დადასტურდა მ. ა.-ს მიერ დანაშაულის ჩადენა. მ. ა.-ს, როგორც ნოტარიუსის, ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება იყო სანოტარო მოქმედების მონაწილის ვინაობის დადგენა. მის მიერ აღნიშნული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება გამოიხატა იმაში, რომ მან ვერ უზრუნველყო სანოტარო მოქმედების მონაწილე პირის იდენტიფიცირება და მისი ვინაობის დადგენა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგად. გარდა ამისა, ეჭვის შეტანის გამო, ნოტარიუსის მიერ მოთხოვილი იქნა პირადობის დამადასტურებელი სხვა მოწმობა, ასევე უთხრა რომ შეეცვალა პირადობის მოწმობა. სანოტარო ბიუროში ასევე მსჯელობა იყო ფოტოსურათზე გამოსახულ და სანოტარო ბიუროში მყოფ პიროვნებებს შორის მსგავსებაზე, რის გამოც ნოტარიუსი მ. ა. ვალდებული იყო უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე. მიუხედავად დაცვის მხარის მიერ მოწმეთა ჩვენებების ინტერპრეტირებისა, ამ ჩვენებებით დასტურდება, რომ ხსენებული გარემოებების გამო მ. ა.-ს ეჭვი შეეპარა პიროვნებაში, მოითხოვა პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რაც არ წარუდგინეს, თუმცა მან მაინც გააფორმა სანოტარო აქტი. განაჩენში მითითებულ., რომ ნოტარიუსის ფუნქცია-ვალდებულებების გათვალისწინებით, მას ევალება პიროვნების განსაკუთრებული სიფრთხილით იდენტიფიცირება, აღნიშნული ვალდებულება კი რიგით მოქალაქეს არ გააჩნია. შესაბამისად პასუხისმგებლობის იმ მოქალაქეებზე დაკისრება, რომლებიც ნოტარიუსს ნდობის მაღალი ხარისხის არსებობის გამო მიმართავენ, არ არის სწორი. ამ შემთხვევაში რიგითი მოქალაქის შეცდომა არ ისჯება, ხოლო ნოტარიუსის შეცდომა, რომელსაც გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვა არის დასჯადი. ის მოსაზრება, რომ მ. ა.-ს მეორე ეპიზოდთან მიმართებაში აღარ ევალებოდა პიროვნების გადამოწმება არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ნოტარიუს მ. ა.-ს ბრალი წარედგინა სწორედ იმის გამო, რომ მან ვერ მოახდინა პიროვნების დადგენა და იდენტიფიცირება და ამით მან არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა. ვინაიდან მას პირველ ეპიზოდში პიროვნება დადგენილი და იდენტიფიცირებული არ ჰყავდა, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, კანონი აძლევდა თუ არა უფლებას, რომ მეორე ეპიზოდში დამატებით აღარ მოეხდინა პროცედურული საკითხების სრულყოფილად შესრულება. ამასთან, ნამდვილ ლ. ს.-ს მ. ა. პირადად არ იცნობდა, ხოლო სანოტარო მოქმედებაში მონაწილე პიროვნება სინამდვილეში არ იყო ის პირი, რომელიც თითქოსდა დადგენილი ჰყავდა პირველი აქტის გაფორმების დროს. ნოტარიუს მ. ა.-ს ნამდვილად რომ ჰქონდა ეჭვი ლ. ს.-ს პიროვნებასთან დაკავშირებით, დასტურდება მისი პოსტდანაშაულებრივი ქმედებით, კერძოდ, საკუთარი ქმედებების მართლზომიერებაში დარწმუნებული პირისათვის შეუსაბამო ქცევით. ალოგიკურია ნოტარიუსის მიერ მისი კლიენტის ოჯახის წევრების საკონტაქტო მონაცემების გარკვევა და მათთან კომუნიკაციის გზით იმის გადამოწმება, ნამდვილად მიიტანა თუ არა კლიენტმა ფული სახლში. აღნიშნული ქცევა ნათელს ხდის ეჭვის არსებობას. მ. ა.-მ ვერ გასცა დამაჯერებელი პასუხი, თუ რატომ დაინტერესდა ამ გარემოებით და თუ დაინტერესდა ეს ინტერესი ხელშეკრულების გაფორმებამდე ან გაფორმების პროცესში რატომ არ გამოამჟღავნა. გარდა ამისა ბრალდების მხარეს არ უთქვამს, რომ რადგან ერთ ნოტარიუსს შეეპარა ეჭვი, მეორესაც უნდა შეპარვოდა. ი. ფ.-ს და მ. ა.-ს შემთხვევები შედარებული იქნა მხოლოდ იმის დემონსტრირებისთვის, თუ რა განსხვავებაა სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვან შესრულებასა და არაჯეროვან შესრულებას შორის, რომ ანალოგიურ შემთხვევებში ერთი ნოტარიუსი იქცევა სწორად და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო მეორე ნოტარიუსი - პირიქით არღვევს იმავე მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში პიროვნების იდენტიფიცირებისას არსებობდა ეჭვის შეტანის საფუძვლები, რადგან პირადობის მოწმობაში ჩაკრული იყო წლების წინ გადაღებული ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახული პიროვნება პირადობის მოწმობის წარმდგენი პიროვნებისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა, როგორც ვიზუალურად, ისე ასაკობრივად. ორივე ნოტარიუსს შეეპარა ეჭვი, მაგრამ ისინი მოიქცნენ სხვადასხვანაირად. კერძოდ, მ. ა.-მ, მიუხედავად იმისა, რომ დასვა პირადობის მოწმობის შეცვლის საკითხი, იმავე პირადობის მოწმობის საფუძველზე მაინც გააფორმა სანოტარო აქტები, ხოლო ი. ფ.-მ, პირადობის მოწმობის გამოცვლამდე და ახალი პირადობის მოწმობის წარმოდგენამდე უარი თქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე. შესაბამისად, მ. ა.-ს ქმედებას მოჰყვა გამოუსწორებელი და მავნე შედეგი, ხოლო ი. ფ.-მ თავიდან აიცილა ხსენებული შედეგი. სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ ნოტარიუსი არ არის განსაკუთრებული ადამიანი და მას არ აქვს რაიმე განსაკუთრებული უნარჩვევები, თუმცაღა ნოტარიუსი არის განსაკუთრებული უფლებებით და ვალდებულებებით აღჭურვილი პირი და მათი განხორციელებისას იმაზე მეტი ხარისხით ევალება განსაკუთრებული სიფრთხილე, ვიდრე ეს შეიძლება ევალებოდეს რიგით მოქალაქეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარე თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა მ. ა.-მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
5. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ა.-ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

6. 1999 წლის 15 ივლისიდან დღემდე მ. ა. მუშაობდა ნოტარიუსად და შესაბამისად ითვლებოდა მოხელესთან გათანაბრებულ პირად. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. ნოტარიატის სახელმწიფო რეგულირებას კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულების დროს ნოტარიუსი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით ადგენს იმ პირების ან მათი წარმომადგენლების ვინაობას, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას. კანონით დადგენილ შემთხვევაში ან მხარეთა შეთანხმებით, გარიგების დადასტურების დროს ნოტარიუსი ამოწმებს გარიგების მონაწილე პირთა უფლებამოსილებას და ქმედუნარიანობას. აღნიშნული კანონის 49-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულ. სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები განუმარტოს იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას.

7. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულ. დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგის შესახებ. ამავე ინსტრუქციის მე-19 მუხლის 1-3 პუნქტების თანახმად, ნოტარიუსი ადგენს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. დასაშვებია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან შესაბამისი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების გამოყენებით. ამასთან, თუ ნოტარიუსს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, ნოტარიუსი ვალდებულ. უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.

8. 2014 წლის 18 მარტს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლ. ს.-ს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იქნა 86.80 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: თ., მ.-ს ქ. №XX, ბინა №XX (ს/კ XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX).

9. 2015 წლის სექტემბერში, ლ. ს.-ს დამ - ქ. ს.-მ პირადი პრობლემების მოგვარების მიზნით განიზრახა, ყალბი სანოტარო აქტის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მიეღო ქონებრივი უფლება ძმის - ლ. ს.-ს კუთვნილ ზემოხსენებულ ბინაზე, შემდეგ კი ამ უკანასკნელის ნებართვის გარეშე და მისგან ფარულად იპოთეკით დაეტვირთა აღნიშნული ბინა და სესხის სახით მიღებული თანხა გამოეყენებინა პირადი საჭიროებისათვის. ამ მიზნით, ქ. ს. დანაშაულებრივად დაუკავშირდა მეგობარს - ნ. კ.-ს და მის დის ქმარს რ. ღ.-ს, რომლებმაც თანხმობა განუცხადეს აღნიშნულის განხორციელებაზე. იმავე მიზნით, ქ. ს. ფარულად დაეუფლა ლ. ს.-ს პირადობის მოწმობას და 2015 წლის 24 სექტემბერს, XXXX წლის XX სექტემბერს დაბადებულ რ. ღ.-სთან ერთად მივიდა გ.-ში, მ/ს „ა. თ.-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში. რ. ღ.-მ ნოტარიუს მ. ა.-ს თავი წარუდგინა ლ. ს.-დ, განუცხადა, რომ სურდა იპოთეკური სესხის მიღება და გამოხატა თანხმობა ზემოთ მითითებული ბინის იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებით. მანვე ნოტარიუსს გადასცა XXXX წლის XX მაისს დაბადებული ლ. ს.-ს პირადობის მოწმობა, რომელიც გაცემული იყო 2007 წლის 02 თებერვალს და მასში ჩაკრული იყო ამ უკანასკნელის იმავე პერიოდში გადაღებული ფოტოსურათი. ნოტარიუსმა მ. ა.-მ აღნიშნული სანოტარო მოქმედების შესრულებაზე თანხმობა განაცხადა.

10. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად, ნოტარიუსი მ. ა. ვალდებული იყო დაედგინა სანოტარო მოქმედების მონაწილის - ლ. ს.-ს ვინაობა, რა მიზნითაც შეეძლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ამ უკანასკნელის პირადი მონაცემების, მათ შორის ფოტოსურათების გადამოწმება. ამასთან, თუ მას ლ. ს.-ს პიროვნებაში ეჭვი შეეპარებოდა, ვალდებული იყო უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე. მითუმეტეს ლ. ს.-ს პირადობის მოწმობაში ჩაკრული ფოტოსურათი გადაღებული იყო თექვსმეტი წლის ასაკში, შესაბამისად აღნიშნულ ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნებიდან არა მარტო ვიზუალურად, ასაკობრივადაც მკვეთრად განსხვავდებოდა რ. ღ.. ამასთან, ნოტარიუს მ. ა.-ს შეეძლო სანოტარო მოქმედების მონაწილისაგან მოეთხოვა ახალი პირადობის მოწმობის წარმოდგენა, რაც სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმას არ ნიშნავდა. აღნიშნულის მიუხედავად, ნოტარიუსმა მ. ა.-მ კანონით დაკისრებული მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ვერ უზრუნველყო სანოტარო მოქმედების მონაწილე პირის იდენტიფიცირება და მისი ვინაობის დადგენა, რის შედეგადაც ნოტარიუსმა მ. ა.-მ იმავე დღეს, 2015 წლის 24 სექტემბერს, ისე, რომ ლ. ს. მის სანოტარო ბიუროში არ ყოფილა, სათანადო ნება არ გამოუხატავს და არც ხელი მოუწერია დოკუმენტებზე, შეადგინა და რ. ღ.-ს მიერ ლ. ს.-ს სახელით ხელმოწერის შესრულების შემდეგ გასცა ყალბი სანოტარო აქტი სესხისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება (ლ. ს.-სა და ზ. ს.ს შორის), რეესტრში რეგისტრაციის ნომრით №XXXXXXXX, რომლის მიხედვითაც იპოთეკით დატვირთული იქნა ლ. ს.-ს კუთვნილი ზემოთ დასახელებული ბინა. მ. ა.-ს მიერ გაცემული ხსენებული ყალბი სანოტარო აქტის გამოყენების საფუძველზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ იპოთეკარ ზ. ს.-საგან სესხის სახით გაცემულ 10000 აშშ დოლარს (24075 ლარი), რომელიც ურთიერთშორის გაინაწილეს. ქ. ს.-ს, რ. ღ.-ს და ნ. კ.-ს ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებით ლ. ს.-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

11. ნოტარიუს მ. ა.-ს, როგორც სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის ქმედებას შედეგად მოჰყვა ის, რომ ლ. ს.-ს ნების გამოვლენის გარეშე იპოთეკით დატვირთული იქნა მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, რითაც ამ უკანასკნელს შეეზღუდა საკუთრების უფლება მითითებულ უძრავ ქონებაზე და რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

12. 2015 წლის ოქტომბერში, ქ. ს.-მ, ნ. კ.მ და რ. ღ.-მ კვლავ განიზრახეს ლ. ს.-ს ნებართვის გარეშე და მისგან ფარულად იპოთეკით დაეტვირთათ ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ზემოთხსენებული ბინა, მდებარე მისამართზე: თ., მ.-ს ქუჩა №XX, ბინა №XX (ს/კ XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX) და სესხის სახით მიღებული თანხა გამოეყენებინათ პირადი საჭიროებისათვის. ამ მიზნით, ქ. ს. კვლავ ფარულად დაეუფლა ლ. ს.-ს პირადობის მოწმობას და 2015 წლის 28 ოქტომბერს, რ. ღ.-სთან ერთად კვლავ მივიდა ნოტარიუს მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში. რ. ღ.-მ ნოტარიუს მ. ა.-ს კვლავ თავი წარუდგინა ლ. ს.-დ და განუცხადა, რომ სურდა ქ. ს.-სათვის მიეცა მინდობილობა, მის საკუთრებაში არსებული ზემოხსენებული ბინის განკარგვის უფლებით. მანვე ნოტარიუსს გადასცა ლ. ს.-ს ზემოთ მითითებული, 2007 წლის 02 თებერვალს გაცემული პირადობის მოწმობა, იმავე ფოტოსურათით. ნოტარიუსმა მ. ა.-მ აღნიშნული სანოტარო მოქმედების შესრულებაზე კვლავ თანხმობა განაცხადა.

13. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად, ნოტარიუსი მ. ა. ვალდებული იყო დაედგინა სანოტარო მოქმედების მონაწილის - ლ. ს.-ს ვინაობა, რა მიზნითაც შეეძლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ამ უკანასკნელის პირადი მონაცემების, მათ შორის ფოტოსურათების გადამოწმება. ამასთან, თუ მას ლ. ს.-ს პიროვნებაში ეჭვი შეეპარებოდა, ვალდებული იყო უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე. მითუმეტეს ლ. ს.-ს პირადობის მოწმობაში ჩაკრული ფოტოსურათი გადაღებული იყო თექვსმეტი წლის ასაკში, შესაბამისად აღნიშნულ ფოტოსურათზე გამოსახულ პიროვნებისაგან არა მარტო ვიზუალურად, ასაკობრივადაც მკვეთრად განსხვავდებოდა რ. ღ.. ამასთან, ნოტარიუს მ. ა.-ს შეეძლო სანოტარო მოქმედების მონაწილისაგან მოეთხოვა ახალი პირადობის მოწმობის წარმოდგენა, რაც სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმას არ ნიშნავდა. აღნიშნულის მიუხედავად, ნოტარიუსმა მ. ა.-მ კანონით დაკისრებული მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგად, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ვერ უზრუნველყო სანოტარო მოქმედების მონაწილე პირის იდენტიფიცირება და მისი ვინაობის დადგენა, რის შედეგადაც ნოტარიუსმა მ. ა.-მ იმავე დღეს, 2015 წლის 28 ოქტომბერს, ისე, რომ ლ. ს. მის სანოტარო ბიუროში არ ყოფილა, სათანადო ნება არ გამოუხატავს, არც ხელი მოუწერია დოკუმენტებზე, შეადგინა და რ. ღ.-ს მიერ ლ. ს.-ს სახელით ხელმოწერის შესრულების შემდეგ გასცა ყალბი სანოტარო აქტი - მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის ნომრით №XXXXXXXXX. აღნიშნული მინდობილობის მიხედვით, თითქოსდა ლ. ს. თ.-ში, მ.-ს ქუჩა №XX, ბინა №XX-ში მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის განკარგვის უფლებამოსილებას ქ. ს.-ს აძლევდა. ხსენებული ყალბი სანოტარო აქტის გამოყენების საფუძველზე, 2015 წლის 28 ოქტომბერს, მ. ა.-ს სანოტარო ბიუროშივე ქ. ს.-ს და იპოთეკარებს: მ. ღ.-ს, ლ. მ.-ს და ზ. ქ.-ს შორის გაფორმებულ იქნა სესხის და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება, რის შემდეგაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ დასახელებული იპოთეკარებისგან სესხის სახით გაცემულ 20500 აშშ დოლარს (48863 ლარი), საიდანაც ქ. ს.-მ გაისტუმრა წინა ოპოთეკარი, ხოლო დარჩენილი თანხა ურთიერთშორის გაინაწილეს. ქ. ს.-ს, რ. ღ.-ს და ნ. კ.-ს ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებით ლ. ს.-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

14. ნოტარიუს მ. ა.-ს, როგორც სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის ქმედებას შედეგად მოჰყვა ის, რომ ლ. ს.-ს ნების გამოვლენის გარეშე იპოთეკით დატვირთული იქნა მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, რითაც ამ უკანასკნელს შეეზღუდა საკუთრების უფლება მითითებულ უძრავ ქონებაზე და რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით მ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 (სამი თასი) ლარის ოდენობით.


17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 (ოთხი თასი) ლარის ოდენობით.


18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ა.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი თასი) ლარის ოდენობით.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

19. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

20. მ. ა.-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 24 სექტემბერს შუამავალმა ვ. მ.-მ მასთან სანოტარო ბიუროში ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიყვანა ქ. ს. და რ. ღ., რომელიც გაეცნო ლ. ს.-ს სახელით. მათთან ერთად ასევე იმყოფებოდა გამსესხებელი ზ. ს.. მან ხელშეკრულების გაფორმებამდე შეამოწმა ბინის მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, გახსნა ელექტრონული ბაზა, შეატრიალა კომპიუტერი რათა გამსესხებელი და შუამავალი თავადაც დარწმუნებულიყვნენ პირის იდენტურობაში. იქ მყოფმა ყველა პი. შეხედა მონიტორს, თუმცა ეჭვი არავის გამოუთქვამს. ამასთან განმარტა, რომ პირადობის მოწმობის ფოტოსურათზე გამოსახულ პიროვნებასა და სანოტარო ბიუროში გამოცხადებულ პირს შორის იყო ისეთი მსგავსება, რომ მათ იდენტურობაში ეჭვი არ შეპარვია. ამ ყველაფრის გადამოწმების შემდეგ მან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ამ ფაქტიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, მასთან ოფისში კვლავ მივიდნენ ქ. ს. და რ. ღ. (ლ. ს.-ს სახელით) და უთხრეს, რომ სურდათ მინდობილობის გაკეთება. რ. ღ.-მ მას მიაწოდა ლ. ს.-ს სახელზე გაცემული ძველი პირადობის მოწმობა და იმის დასადასტურებლად, რომ მას ახალი პირადობის მოწმობის აღების მოთხოვნით ნამდვილად მიმართული ჰქონდა იუსტიციის სახლისთვის წარუდგინა ასევე იუსტიციის სახლის მიერ გაცემული სამახსოვრო ბარათი. ვინაიდან მას, 2015 წლის 24 სექტემბერს, დადგენილი ჰყავდა პიროვნება, შესაბამისად არ განუხორციელებია პირის დადგენის პროცედურები და ისე შეადგინა მინდობილობა, რომლის საფუძველზე ქ. ს.-ს და სამ იპოთეკარს შორის იმავე დღეს გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. როდესაც ქ. ს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ტოვებდა სანოტარო ბიუროს იყო გვიანი. კრიმინოგენული სიტუაციის გამო იგი დაინტერსდა, რომ ამ ოდენობის თანხას სახლში მარტო როგორ წაიღებდა ქ. ს. და ჰკითხა, იცოდა თუ არა მისმა ძმამ, რომ ამ ოდენობის თანხა მიჰქონდა სანოტარო ბიუროდან. რაზეც ქ. ს.-მ ჩაილაპარაკა, რომ მის ძმას არავინ ეკითხებოდა და რასაც უნდოდა იმას უზამდა ბინას. ქ. ს.-ს განცხადებამ იგი დააეჭვა, ამიტომ მან დაადგინა ქ. ს.-ს მამის საკონტაქტო მონაცემები და მეორე დღეს დაუკავშირდა ამ უკანასკნელს. მან ქ. ს.-ს მამისგან შეიტყო, რომ ლ. ს. წინა დღეს მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში და არსად გასულა, ხოლო ქ. ს. იყო თაღლითი. ამის შემდეგ იგი გაესაუბრა ლ. ს.-ს, რომელმაც უთხრა, რომ იგი მის ოფისში არ ყოფილა და არც რაიმე სახის ხელშეკრულება გაუფორმებია. მ. ა.-მ ასევე განმარტა, რომ მან მომხდარის შესახებ განაცხადა საგამოძიებო ორგანოში და დაეხმარა მათ დამნაშავე პირების დადგენასა და დაკავებაში.

21. დაზარალებულ ლ. ს.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ თ., მ.-ს ქუჩა №XX-ში მდებარე ბინა №XX არის მისი საკუთრება, რომელიც ფარულად და მისი ნების საწინააღმდეგოდ, ორჯერ დაიტვირთა იპოთეკით ნოტარიუს მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში. მისთვის ცნობილ., რომ მისმა დამ - ქ. ს.-მ სახლიდან ფარულად აიღო მისი პირადობის მოწმობა, რომელიც რ. ღ.-სთან ერთად 2015 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში წარადგინა ნოტარიუს მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში. მის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით, ნოტარიუს მ. ა.-ს ოფისში გააფორმეს ჯერ იპოთეკის ხელშეკრულება, შემდეგ კი მინდობილობა, რომლის საფუძველზეც დადეს იპოთეკის ხელშეკრულება. დაზარალებულის განმარტებით, იგი მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში არ ყოფილა და კუთვნილი უძრავი ქონება იპოთეკით არ დაუტვირთავს, ასევე არ გაუცია მინდობილობა ქ. ს.-ს სახელზე. მანვე განმარტა, რომ სანოტარო ბიუროში მისი სახელით შედგენილ არცერთ დოკუმენტზე მას ხელი არ მოუწერია. ხელშეკრულების დადებიდან მეორე დღეს, მას დაუკავშირდა მ. ა. და ჰკითხა იყო თუ არა წინა დღეებში მასთან მისული ხელშეკრულების დასადებად და იცნობდა თუ არა ქ. ს.-ს, რა დროსაც გაიგო მომხდარის შესახებ. დაზარალებულმა განმარტა, რომ მ. ა.-ს შეეძლო ხელშეკრულების დადებამდეც გადამოწმებინა აღნიშნული თუმცა არ გადაამოწმა, რამაც მისი ინტერესების დარღვევა გამოიწვია, კერძოდ მიადგა მატერიალური ზიანი.

22. მოწმე ქ. ს.-ს დაკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ირკვევა, რომ მან ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვიტა ძმის - ლ. ს.-ს კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: თ., მ.-ს ქუჩა №XX, ბინა №XX-ში ამ უკანასკნელის ნებართვის გარეშე დაეტვირთა იპოთეკით და ამ გზით გაესტუმრებინა ვალები. ამ მიზნით მან ლ. ს.-ს ნებართვის გარეშე აიღო ამ უკანასკნელის პირადობის მოწმობა და 2015 წლის 24 სექტემბერს, რ. ღ.-სთან ერთად მივიდა მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში. რ. ღ. ნოტარიუს მ. ა.-ს გაეცნო, როგორც ლ. ს. და უთხრა, რომ სურდა იპოთეკური სესხის მიღება და მის საკუთრებაში არსებული თ., მ.-ს ქუჩა №XX, №XX-ში მდებარე ბინის იპოთეკით დატვირთვა. მათ ნოტარიუს მ. ა.-ს წარუდგინეს ლ. ს.-ს პირადობის მოწმობა, რის შემდეგაც ნოტარიუსმა მ. ა.-მ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე განუცხადათ თანხმობა. ამის შემდეგ რ. ღ.-მ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა ლ. ს.-ს სახელით. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ლ. ს.-ს ქონება 10000 აშშ დოლარად დაიტვირთა იპოთეკით. მან ამ თანხის ნაწილით დაფარა ვალი, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი გაინაწილეს მან, ნ. კ.-მ და რ. ღ.-მ. ამის შემდეგ იგი კვლავ ფარულად დაეუფლა მისი ძმის პირადობის მოწმობას და 2015 წლის 28 ოქტომბერს, რ. ღ.-სთან ერთად ისევ მივიდა ნოტარიუს მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში. რ. ღ.-მ ნოტარიუსს თავი კვლავ ლ. ს.-დ წარუდგინა და უთხრა, რომ სურდა მის საკუთრებაში არსებული ბინის განკარგვის უფლება მინდობილობით მიეცა დისთვის - ქ. ს.-სთვის. ამის შემდეგ, რ. ღ.-მ ნოტარიუს მ. ა.-ს გადასცა ლ. ს.-ს პირადობის მოწმობა და ნოტარიუსმა შეასრულა სანოტარო მოქმედება. ამ მინდობილობის საფუძველზე, იმავე დღეს, მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში, ქ. ს.-სა და იპოთეკარებს: მ. ღ.-ს, ლ. მ.-ს და ზ. ქ.-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქ. ს.-მ სესხის სახით აიღო 20500 აშშ დოლარი (48863 ლარი), საიდანაც გაისტუმრა წინა ოპოთეკარი, ხოლო დარჩენილი თანხა გაინაწილა ნ. კ.-სთან და რ. ღ.-სთან ერთად.

23. ანალოგიური დასტურდება მოწმე რ. ღ.-ს დაკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. დაკითხვის ოქმში ასევე მითითებულ., რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებამდე მასსა და ნოტარიუს მ. ა.-ს შორის მოხდა კომუნიკაცია იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ნოტარიუსმა მ. ა.-მ ჰკითხა, თუ რატომ ჰქონდა ძველი პირადობის მოწმობა, რაზეც უპასუხა, რომ ვერ მოახერხა შეცვლა. ასევე დაუდასტურა, რომ ნამდვილად იყო ლ. ს.. ამის შემდეგ ნოტარიუსმა ურჩია შეეცვალა პირადობის მოწმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გააფორმებდა არანაირ დოკუმენტს.

24. მოწმე ლ. დ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის სექტემბერში იგი, როგორც შუამავალი იმყოფებოდა მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში შუამავალ ვ. მ.-სთან, გამსესხებელ ზ. ს.-სთან, ქ. ს.-სთან და რ. ღ.-სთან ერთად. რ. ღ. მათ გაეცნოთ ლ. ს.-ს სახელით. ნოტარიუსმა მ. ა.-მ გააფორმა სანოტარო აქტი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულების გაფორმების პროცესში შეიქმნა პრობლემა, რადგან ლ. ს.-ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა იყო ძველი და ფოტოზე გამოსახული პირი იყო დაახლოებით ჩვიდმეტი წლის. ნოტარიუსს ეჭვი შეეპარა პირის იდენტურობაში, ორჭოფობდა და არ სურდა ხელშეკრულების შედგენა, ამიტომ მათკენ მიატრიალა კომპიუტერის მონიტორი და ოფისში მყოფებს ჰკითხა, ჰგავდა თუ არა ფოტოზე გამოსახული პირი ოფისში მყოფ მამაკაცს, რომელიც აცხადებდა, რომ იყო ლ. ს.. ნოტარიუსმა ასევე განიხილა პირის ფიზიკური მახასიათებლები, კერძოდ თქვა, რომ ფოტოზე გამოსახულ პირს ჰქონდა განსხვავებული ცხვირი, რაზეც ქ. ს.-მ უთხრა, რომ მის ძმას გაკეთებული ჰქონდა ცხვირის ოპერაცია. ნოტარიუსმა ზემოხსენებულ მამაკაცს უთხრა, რომ შეეცვალა პირადობის მოწმობა, რადგან ძველი პირადობის მოწმობით იგი ხელშეკრულებას არ გააფორმებდა, თუმცა მაინც გააფორმა. მოწმემ განმარტა, რომ იგი არ დაკვირვებია ფოტოზე გამოსახულ პირს, თუმცა ვინაიდან იქ მყოფებს საწინააღმდეგო მოსაზრება არ დაუფიქსირებიათ, ნოტარიუსმა მ. ა.-მ გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ბინა 10000 აშშ დოლარად დაიტვირთა იპოთეკით. ამის შემდეგ, 2015 წლის 28 ოქტომბრამდე, მას კვლავ დაუკავშირდა ქ. ს., რომელმაც უთხრა, რომ მის ძმას - ლ. ს.-ს სჭირდებოდა იპოთეკის თანხის გაზრდა დაახლოებით 20000 ან 25000-მდე. იგი დაუკავშირდა სხვა შუამავლებს, რომლებმაც მოიძიეს გამსესხებლები და მათთან ერთად მივიდა ნოტარიუს ი. ფ.-ს ოფისში, სადაც ნოტარიუსი დაეჭვდა ლ. ს.-ს სახელზე გაცემულ პირადობის მოწმობის ფოტოსურათზე გამოსახული პირის და ნოტარიუსში ლ. ს.-ს სახელით მყოფი მამაკაცის (სინამდვილეში რ. ღ.-ს) იდენტურობაში და უარი განაცხადა ამ პირადობის მოწმობით ხელშეკრულების გაფორმებაზე. ნოტარიუსმა მოითხოვა ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. ქ. ს. და ხსენებული მამაკაცი იმავე დღეს წავიდნენ იუსტიციის სახლში პირადობის მოწმობის ასაღებად და ვინაიდან ამ პროცედურას სჭირდებოდა 10 დღე, იუსტიციის სახლიდან წამოღებული სამახსოვრო ფურცელი 2015 წლის 28 ოქტომბერს წარუდგინეს ნოტარიუს მ. ა.-ს, რომელმაც იმავე დღეს, მის სანოტარო ბიუროში შედგენილი მინდობილობის საფუძველზე, გააფორმა გაზრდილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ გამსესხებელს გაუჩნდა კითხვები თუ რატომ ფორმდებოდა ხელშეკრულება მინდობილობის საფუძველზე და რატომ არ იყო მესაკუთრე ბიუროში, ნოტარიუსმა მ. ა.-მ უპასუხა, რომ სესხის პირველი ხელშეკრულებაც მის მიერ იყო გაფორმებული, მანვე გააფორმა მინდობილობა და შესაბამისად არ არსებობდა არანაირი პრობლემა.

25. მოწმე ვ. მ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მას აქვს უძრავი ქონების კომპანია შპს „კ.“ და ეწევა საშუამავლო საქმიანობას. 2015 წლის სექტემბერში იგი ქ. ს.-სთან, რ. ღ.-სთან, რომელიც გაეცნო როგორც ლ. ს., გამსესხებელ ზ. ს.-სთან და შუამავალ ლ. დ.-სთან ერთად მივიდა მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში, სადაც უნდა გაეფორმებინათ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. საბუთების გაფორმებამდე ნოტარიუსმა მ. ა.-მ მათკენ მიაბრუნა მონიტორი და იქ მყოფებს თხოვა დაედასტურებინათ ფოტოზე გამოსახულ პირს და ლ. ს.-დ გაცნობილ მამაკაცს შორის მსგავსება. მათ ამ პირებს შორის რაღაც მსგავსება დაინახეს და დაუდასტურეს ნოტარიუსს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იგი კარგად დააკვირდა მონიტორს და ბაზაში გახსნილ ფოტოზე გამოსახულ პირს (რა ფოტოც პირადობაშიც იყო ჩაკრული) და ნოტარიუსში მყოფ ლ. ს.-დ გაცნობილ პირს შორის, გასული წლების გათვალისწინებით რაღაც მსგავსებები იპოვა. იქ მყოფი პირებიდან კი არავის უთქვამს არ გვანან ერთმანეთსო, ყველამ ერთხმად დაადასტურა, რომ მათ წინ ნამდვილად იჯდა ქ. ს.-ს ძმა - ლ. ს.. ამასთან, განმარტა, რომ ვინმეს ეჭვი რომ გასჩენოდა ხსენებული ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა. თუმცა მიაჩნია, რომ უფრო მეტად კომპეტენტური იყო ნოტარიუსი და მისი თანაშემწე და რომ ეთქვათ არ გავს ლ. ს.-სო არ გააფორმებდა ხელშეკრულებას. ნოტარიუსმა ლ. ს.-ს სახელით წარმოდგენილ მამაკაცს უთხრა, რომ შეეცვალა პირადობის მოწმობა. ამის შემდეგ ნოტარიუსმა გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მანვე განმარტა, რომ მას ადრეც უსარგებლ. მ. ა.-ს სანოტარო ბიუროს მომსახურებით და იცის, რომ ქალბატონ მ.-ს პრაქტიკა ჰქონდა, რომ ყოველთვის აჩვენებდა მათ ფოტოებს, ამიტომ მისი ეს ქმედება არ გაკვირვებია. გარდა ამისა ქ. ს. და თითქოსდა მისი ძმა, ხელშეკრულების გაფორმებისას, იმდენად დამაჯერებლად იქცეოდნენ, რომ არცერთ მათგანს მათ პიროვნებაში ეჭვი არ შეპარვიათ. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საშუამავლო ფი.ს და იპოთეკარს უთქვამთ, რომ წარდგენილი პირი ნამდვილად იყო ის პირი, ვისთანაც ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, თუმცა ქალბატონ მ.-ს ეჭვი შეპარვია და უარი უთქვამს ხელშეკრულების დამოწმებაზე.

26. მოწმე ზ. ს.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის სექტემბერში ნოტარიუს მ. ა.-ს ოფისში გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების თანახმად, მან თ.-ში, მ.-ს ქუჩა №XX, ბინა №XX-ში მდებარე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაასესხა თანხა 10000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების გაფორმებისას, კერძოდ, ბინის მესაკუთრის იდენტიფიკაციისას წარმოიშვა პრობლემა, ვინაიდან ლ. ს.-ს სახელზე გაცემულ პირადობის მოწმობის ფოტოსურათზე გამოსახულ პირს და ბინის მესაკუთრედ წარმოდგენილ მამაკაცს შორის არ იყო მსგავსება. ამ პირთა იდენტობაში ეჭვი შეეპარა როგორც მას, ასევე ნოტარიუს მ. ა.-საც. ნოტარიუსმა მამაკაცს, რომელიც ლ. ს.-დ ასაღებდა თავს, მისცა შენიშვნა და უთხრა, რომ პირადობის მოწმობა იყო ძალ.ნ ძველი, თუმცა ვადიანი და ურჩია მისი ახლით შეცვლა, სადაც იქნებოდა ახალი ფოტოსურათი. ასევე მოსთხოვა ვინაობის დამადასტურებელი სხვა რაიმე დოკუმენტი, თუნდაც მართვის მოწმობა. აღნიშნულზე იქ მყოფმა მამაკაცმა განუცხადა, რომ სხვა საბუთები არ ჰქონდა. მ. ა.-მ მონაცემები გადაამოწმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში და ნახა, რომ ბინა ამ პირადობის მოწმობით იყო შეძენილი და დარეგისტრირებული. ქალბატონმა მ.-მ მათკენ მიატრიალა კომპიუტერის მონიტორი და ოფისში მყოფ პირებს სთხოვა ფოტოზე გამოსახული და იქ მყოფი მამაკაცის შედარება. მათ შეხედეს და ნახეს, რომ ხსენებულ პირებს შორის ნამდვილად იყო მსგავსება და ჩათვალეს, რომ მათ წინ ნამდვილად ლ. ს. იმყოფებოდა. რაიმე საეჭვო რომ შეენიშნა, თანხას არ გაასესხებდა. აღნიშნულის შემდეგ გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მან მსესხებელს გადასცა თანხა 10000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მას დაუკავშირდა ქ. ს. და უთხრა, რომ სურდა იპოთეკის თანხის გაზრდა, რაზეც მან უარი განუცხადა. ამის შემდეგ იგი შუამავლებმა და გამსესხებელმა დაიბარეს ნოტარიუსის ოფისში, სადაც უნდა გაეუქმებინათ მასთან გაფორმებული ხელშეკრულება და გაზრდილ თანხაზე უნდა დაედოთ სესხისა და იპოთეკის ახალი ხელშეკრულება. ისინი მივიდნენ ი. ფ.-ს სანოტარო ბიუროში, თუმცა ნოტარიუსმა უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე იმ მოტივით, რომ პირადობის მოწმობა იყო ძველი და უნდა გამოეცვალათ. ამის შემდეგ ქ. ს. რ. ღ.-სთან ერთად, რომელიც ყველას გაეცნო ლ. ს.-ს სახელით, წავიდნენ იუსტიციის სახლში ახალი პირადობის მოწმობის ასაღებად. მოწმემ განმარტა, რომ რამდენიმე დღეში იგი დაიბარეს ნოტარიუს მ. ა.-ს ბიუროში, სადაც მას დახვდნენ ქ. ს., გამსესხებლები და რამდენიმე შუამავალი. ნოტარისუმა მ. ა.-მ მინდობილობის საფუძველზე გააფორმა სესხისა და იპოთეკის ახალი ხელშეკრულება გაზრდილი თანხით. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მას დაუბრუნეს კუთვნილი თანხა. აღნიშნულიდან მეორე დღეს კი შეიტყო, რომ ადგილი ჰქონია თაღლითობას.

27. მოწმე ი. ვ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის ოქტომბერში იგი როგორც თანხის სესხება-გასესხების შუამავალი ქ. ს.-ს ინიციატივით იმყოფებოდა ნოტარიუს მ. ა.-ს სანოტრო ბიუროში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მ. თ., ქ. ს., რომელსაც ახლდნენ ქალბატონი და ბავშვი, შუამავალი ლ. დ., წინა გამსესხებელი ზ. ს. და ახალი გამსესხებლები: ზ. ქ., ლ. მ. და მ. ღ.. მოწმემ განმარტა, რომ ქ. ს.-ს დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ ხელშეკრულება გაფორმებულიყო მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში. მან სანოტარო ბიუროში შეიტყო, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო ლ. ს.-ს მიერ ქ. ს.-ს სახელზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე, რაც მან გააპროტესტა და მოითხოვა იპოთეკით დასატვირთი უძრავი ქონების მესაკუთრის ნახვა, მაგრამ იგი დაარწმუნა ნოტარიუსმა მ. ა.-მ, რომელმაც უთხრა, რომ მინდობილობა შეადგინა მან, რა დროსაც თავად ნახა ლ. ს.. ამასთან, უთხრა, რომ დოკუმენტებთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა არ არსებობდა. ნოტარიუსმა სანოტარო ბიუროში მყოფ შუამავლებს და გამსესხებლებს ასევე განუცხადა, რომ იგი თავად იყო პასუხისმგებელი მის მიერ გაცემულ ყველა სანოტარო აქტზე. ხელშეკრულების მინდობილობით გაფორმებაზე თავიდან უარი განაცხადა ერთ-ერთმა გამსესხებელმა - ზ. ქ.-მ, რომელსაც იგივე განუმარტა ნოტარიუსმა მ. ა.-მ. ამის შემდეგ გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რა დროსაც ქ. ს.-ს ნოტარიუსის თანდასწრებით გადაეცა ფულადი თანხა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იგი ნოტარიუსის ინსტიტუტისადმი ნდობის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით დათანხმდა მინდობილობით ხელშეკრულების გაფორმებას, ვინაიდან იცის, რომ სანოტარო მოქმედების განხორციელებისას ნოტარიუსს აქვს წვდომა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან და ვალდებულ. მოახდინოს პირის იდენტიფიცირება. მას ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე დღეს პოლიციიდან შეატყობინეს, რომ ადგილი ჰქონდა სიყალბეს.

28. მოწმე ლ. მ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის ოქტომბერში, იგი როგორც თანხის გამსესხებელი დანარჩენ გამსესხებლებთან და შუამავლებთან ერთად იმყოფებოდა ნოტარიუს მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში, სადაც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა ნოტარიუს მ. ა.-ს მიერ შედგენილი მინდობილობის საფუძველზე. აღნიშნულზე უკმაყოფილება გამოთქვეს ჯერ ი. ვ.-მ, შემდეგ კი ზ. ქ.-მ, თუმცა მათ ნოტარიუსმა უთხრა, რომ დოკუმენტაცია მის მიერ იყო მომზადებული და არ არსებობდა არანაირი პრობლემა. მოწმემ განმარტა, რომ იგი ენდობა ნოტარიუსის ინსტიტუტს, ამიტომ არ უცდია რაიმეს გადამოწმება. რომ არ ჰქონოდა ნდობა არც თავად დათანხმდებოდა ფულადი თანხის მინდობილობის საფუძველზე გასესხებას. ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში მას დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ადგილი ჰქონდა სიყალბეს.

29. მოწმე მ. ღ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის ოქტომბერში იგი სხვა გამსესხებლებთან ერთად იმყოფებოდა ნოტარიუს მ. ა.-ს ოფისში, სადაც მათ ქისტინე ს.-სთან მინდობილობის საფუძველზე გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. თავიდან ერთ-ერთ გამსესხებელს - ზ. ქ.-ს და შუამავალს - ი. ვ.-ს არ სურდათ ხელშეკრულების მინდობილობის საფუძველზე გაფორმება. მათ ნოტარიუსმა განუმარტა, რომ მინდობილობა იყო მის მიერ მომზადებული და თავად იყო პასუხისმგებელი. მოწმემ განმარტა, რომ ფულის ამ ფორმით გასესხებისას მისი დაზღვევა არის ის, რომ იგი მიმართავს კომპეტენტურ პირს - ნოტარიუსს. რომ არ ყოფილიყო ნდობა ნოტარიუსის მიმართ იგი თანხას ქ. ს.-ს მინდობილობის საფუძველზე არ გადასცემდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მან მ. თ.-სგან შეიტყო, რომ ადგილი ჰქონდა სიყალბეს.

30. მოწმე ზ. ქ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის 28 ოქტომბერს, იგი ნოტარიუს მ. ა.-ს ბიუროში იმყოფებოდა სხვა გამსესხებლებთან, შუამავლებთან და ქ. ს.-სთან ერთად, რომელსაც ახლდა ქალბატონი. სანოტარო ბიუროში უნდა მომხდარიყო ძველი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება და ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რა დროსაც შეიტყო, რომ ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო მინდობილობის საფუძველზე, რაზეც განაცხადა პროტესტი. აღნიშნულზე მას მ. ა.-მ განუმარტა, რომ მინდობილობა მისი მიერ იყო გაცემული და არანაირი პრობლემა არ შეიქმნებოდა. ნოტარიუსის ამ განმარტებამ მასში გააჩინა ნდობა. ამ განმარტების გარეშე იგი თანხას მინდობილობის საფუძველზე არ გაასესხებდა.

31. მოწმე მ. თ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 2015 წლის 28 ოქტომბერს იმყოფებოდა ნოტარიუს მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში, რა დროსაც მისი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორებისას სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა იპოთეკით დასატვირთი ქონების მესაკუთრე - ლ. ს.. მან ნოტარიუს მ.ა.-სგან შეიტყო, რომ ხელშეკრულება ფორმდებოდა მინდობილობის საფუძველზე. ასევე განუმარტა, რომ რამდენიმე წუთის წინ ოფისში იმყოფებოდა ბინის მესაკუთრე - ლ. ს., რომელმაც დის - ქ. ს.-ს სახელზე გააფორმა მინდობილობა და რადგან ეჩქარობდა მალევე დატოვა ბიურო. მან მოგვიანებით ერთ-ერთი შუამავლისგან შეიტყო, რომ ხსენებული მინდობილობა იყო გაყალბებული. იგი ვითარებაში გასარკვევად მივიდა ნოტარიუს მ. ა.-სთან, რომელმაც უთხრა, რომ მას შემდეგ რაც გააფორმა ხელშეკრულება, გაუჩნდა გარკვეული ეჭვი, რის შემდეგაც დაადგინა ქ. ს.-ს მამის საკონტაქტო ინფორმაცია და გაარკვია, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა სიყალბეს. მოწმემ განმარტა, რომ სწორედ ნოტარიუსის თავდაჯერებულმა საუბარმა განაპირობა ის ფაქტი, რომ იგი დათანხმდა ხელშეკრულების მინდობილობით გაფორმებას.

32. მოწმე ქ. ც.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს კომპანიაში, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს თანხის სესხება და გასესხება. 2015 წლის ოქტომბერში კომპანიაში მივიდა შუამავალი - ზ. ხ., რომელმაც უთხრა, რომ მოქალაქე ლ. ს.-ს სურდა დაახლოებით 20000 აშშ დოლარის ოდენობით სესხი და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთავდნენ მსესხებლის უძრავ ქონებას. 2015 წლის 26 ოქტომბერს ისინი მივიდნენ ნოტარიუს ი. ფ.-ს სანოტარო ბიუროში, რა დროსაც ქ. ს.-სთან ერთად იმყოფებოდა რ. ღ., რომელიც მათ და ნოტარიუსს გაეცნო, როგორც ბინის მესაკუთრე - ლ. ს. ნოტარიუსმა ი. ფ.-მ ეჭვი შეიტანა ლ. ს.-ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობის კუთვნილებაში და პირის იდენტიფიკაციისთვის შევიდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, გადაამოწმა მონაცემები და განაცხადა, რომ პირადობის მოწმობაზე გამოსახული ლ. ს.-ს თვალის ჭრილი განსხვავდებოდა იქ მყოფი მამაკაცის თვალის ჭრილისგან და შეუძლებელი იყო თუნდაც ამდენი წლის შემდგომ ადამიანი ასე რადიკალურად შეცვლ.ყო. ნოტარიუსმა ი. ფ.-მ უარი განაცხადა წარდგენილი პირადობის მოწმობით ხელშეკრულების გაფორმებაზე და მამაკაცს მოთხოვა წარედგინა სხვა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც მოახდენდა მისი პიროვნების იდენტიფიცირებას. მამაკაცმა სხვა დოკუმენტი ვერ წარუდგინა, ამიტომ ნოტარიუსმა ი. ფ.-მ უარი განაცხადა სანოტარო აქტის გაცემაზე და განმარტა, რომ ხელშეკრულებას გააფორმებდა მხოლოდ ახალი პირადობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. მოწმემ განმარტა, რომ ამის შემდეგ მას ქ. ს.-მ და მისმა თანმხლებმა მამაკაცმა შესთავაზეს ხელშეკრულების გასაფორმებლად ნოტარიუს მ. ა.-სთან წასვლა, რაზეც მან განუცხადა უარი, იმის გამო, რომ ნოტარისუმა ი. ფ.-მ პიროვნების იდენტიფიცირებისას შეიტანა ეჭვი და არ გააფორმა ხელშეკრულება.

33. მოწმე ლ. მ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობდა ნოტარიუს მ. ა.-ს თანაშემწედ. 2015 წლის 24 სექტემბერს, სანოტარო ბიუროში თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა რ. ღ., რომელმაც თქვა რომ იყო ლ. ს. და წარადგინა ლ. ს.-ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა. ნოტარიუსმა მ. ა.-მ რეესტრის ბაზაში გადაამოწმა პირის მონაცემები, რის შემდეგაც ბიუროში მყოფ პირებს აჩვენა მონიტორზე გამოსახული პირის ფოტო და უთხრა შეეხედათ, რათა დარწმუნებულიყვნენ ფოტოზე გამოსახულ და იმ პირს შორის მსგავსებაში, რომელმაც თავი წარადგინდა, როგორც ლ. ს.. ვინაიდან იქ მყოფ პირებს არ გასჩენიათ ეჭვი ხსენებულ პირთა იდენტობაში, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ამის შემდეგ, 2015 წლის 28 ოქტომბერს, მათ ოფისში მივიდნენ ქ. ს. და რ. ღ., რომელიც ისევ ლ. ს.-დ ასაღებდა თავს. ვინაიდან ნოტარიუსმა მ. ა.-მ ამ პირის იდენტიფიცირება მოახდინა 2015 წლის 24 სექტემბერს, არც ამჯერად შეპარვია ეჭვი იმაში, რომ რ. ღ. არ იყო ლ. ს. და გააფორმა მინდობილობა. ხსენებული მინდობილობის საფუძველზე, მოგვიანებით მათ სანოტარო ბიუროში ქ. ს.-ს და გამსესხებლებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. იმ დროს როცა გამსესხებლებმა ქ. ს.-ს გადასცეს თანხა და ეს უკანასკნელი ტოვებდა ბიუროს, იყო უკვე გვიანი და სიბნელე. ამიტომ მ. ა.-მ ჰკითხა ქ. ს.-ს, თუ როგორ უნდა წაეღო მარტო ასე გვიან ამდენი ფული. ასევე ჰკითხა, იცოდა თუ არა მისმა ძმამ სესხის სახით ამხელა თანხის აღების შესახებ, რაზეც ქ. ს.-მ უპასუხა, რომ მისი ძმა არაფერ შუაში იყო. ამ პასუხმა ეჭვი გაუჩინა ნოტარიუსს, რადგან შესაძლო იყო ლ. ს.-ს არ სცოდნოდა, რომ ქ. ს.-მ იპოთეკით დატვირთა მისი ძმის ქონება. ამის შემდეგ ნოტარიუსმა მ. ა.-მ დაადგინა ქ. ს.-ს ოჯახის წევრების საკონტაქტო მონაცემები და დაუკავშირდა მამას, რომელმაც უთხრა, რომ 2015 წლის 28 ოქტომბერს, ლ. ს. მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ პიროვნების იდენტიფიცირებისას მ. ა.-ს მხოლოდ ვიზუალურად შემოწმება შეეძლო, რადგან ბაზაში ის პირადობის მოწმობა იყო ატვირთული რაც ნოტარიუსს ედო წინ. ბაზაში მითითებული არ არის ადამიანის სიმაღლე, თვალის ფერი და ა.შ. მ. ა.-ს პირადობის შეცვლის მოთხოვნა არ ჰქონია, უბრალოდ ურჩია ძველი პირადობის მოწმობა შეეცვალა ახლით. სახელმწიფოს მოთხოვნაა ესეთი და ნოტარიუსებსაც აქვთ ვალდებულება, რომ რჩევის სახით ყველას უთხრან, რომ გამოცვალონ ძველი პირადობის მოწმობა. თუ პირადობა არის ვადიანი, არის ვარგისი და არ არის გაუქმებული ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსს არ აქვს უარის თქმის უფლება, რადგან შეიძლება შეიტანონ საჩივარი, რომ ნოტარიუსი ავალდებილებს ვადიანი პირადობის მოწმობის გამოცვლას. მანვე განმარტა, რომ სანოტარო მოქმედების განხორციელებამდე ისინი ყველას ეკითხებიან მამის სახელს, დაბადების თარიღს და ადგილს, რათა დარწმუნდნენ პირის იდენტიფიკაციაში. მოცემულ შემთხვევაში პასუხების გაცემისას, რ. ღ. არ ყოყმანობდა, შესაბამისად მას ეჭვი არ გასჩენია, თუმცა ეჭვი რომ შეპარვოდა აუცილებლად ეტყოდა ამის შესახებ ქალბატონ მ.-ს. მოწმის განმარტებით, ყოფილა შემთხვევა როდესაც ეჭვი შეპარვიათ და არ დაუდასტურებიათ ხელშეკრულება. ქალბატონი მ. ყოველთვის ეუბნება მათთან მისულ პირებს „თქვენც ორი თვალი გაქვთ, მეც და მოდით ერთად შევხედოთო“, ასე აკეთებდა ყოველთვის, როცა ფორმდებოდა ორმხრივი გარიგება.

34. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 15 ივლისის №57 ბრძანებით დასტურდება, რომ მ. ა., საკონკურსო კომისიის დასკვნის საფუძველზე, დაინიშნა ქ.თ.-ს ნ.-ს რაიონის ნოტარიუსად.

35. 2015 წლის 18 მარტის №XXXXXXXXX ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ თ., მ.-ს ქუჩა №XX, ბინა №XX-ის (საკადასტრო კოდით: XX.XX.XX.XXX.XXX.XX..0XX) მესაკუთრე არის ლ. ს. პირადი NXXXXXXXXXXX.

36. სანოტარო აქტით - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ 2015 წლის 24 სექტემბერს ნოტარიუს მ. ა.-ს მიერ მსესხებელ ლ. ს.-ს და გასესხებელ ზ. ს.-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის - 10000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის უძრავი ქონება, მდებარე: თ., მ.-ს ქუჩა №XX, ბინა №XX-ში (საკადასტრო კოდით: XX.XX.XX.XXX.XXX.XX..0XX).

37. სანოტარო აქტით - მინდობილობით ირკვევა, რომ მინდობილობა გაცემულ. 2015 წლის 28 ოქტომბერს ნოტარიუს მ. ა.-ს მიერ. მინდობილობის თანახამდ, ლ. ს. კუთვნილი საცხოვრებელი ბინის, მდებარე: თ., მ.-ს ქუჩა №XX, ბინა №XX-ში (საკადასტრო კოდით: XX.XX.XX.XXX.XXX.XX..0XX) განკარგვის უფლებამოსილებას ანიჭებს ქ. ს.-ს.

38. სანოტარო აქტით - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ 2015 წლის 28 ოქტომბერს ნოტარიუს მ. ა.-ს მიერ ლ. ს.-ს წარმომადგენელს - ქ. ს.-ს და იპოთეკარებს: მ. ღ.-ს, ლ. მ.-ს და ზ. ქ.-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ.-ში, მ.-ს ქუჩა №XX, ბინა №XX-ში (საკადასტრო კოდით: XX.XX.XX.XXX.XXX.XX..0XX) მდებარე უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით 20500 აშშ დოლარის სანაცვლოდ.

39. 2015 წლის 24 სექტემბრის №XXXXXXXXXXXX ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ლ. ს.-ს, პირადი NXXXXXXXXXXX საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თ., მ.-ს ქუჩა №XX, ბინა №XX-ში (საკადასტრო კოდით: XX.XX.XX.XXX.XXX.XX..0XX) რეგისტრირებულ. იპოთეკა. ასევე ირკვევა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (რეესტრის ნომრით №XXXXXXXX, დამოწმებული 2015 წლის 24 სექტემბერს ნოტარიუს მ. ა.-ს მიერ) საფუძველზე, იპოთეკარია ზ. ს., პირადი NXXXXXXXXXXX.

40. 2015 წლის 28 ოქტომბრის №XXXXXXXXXXXX ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ლ. ს.-ს პირადი NXXXXXXXXXXX საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: თ., მ.-ს ქუჩა №XX, ბინა №XX-ში (საკადასტრო კოდით: XX.XX.XX.XXX.XXX.XX..0XX) რეგისტრირებულ. იპოთეკა. ასევე ირკვევა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (რეესტრის ნომრით №XXXXXXXX, დამოწმებული 2015 წლის 28 ოქტომბერს ნოტარიუს მ. ა.-ს მიერ) საფუძველზე, იპოთეკარები არიან: ლ. მ. პირადი NXXXXXXXXXXX, ზ. ქ. პირადი NXXXXXXXXXXX და მ. ღ. პირადი NXXXXXXXXXXX.

41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20XX წლის XX ივნისის NXXXაპ-XX განაჩენით ქ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს.-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ.-ს, ლ. მ.-ს და ზ. ქ.-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს.-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ.-ს, ლ. მ.-ს და ზ. ქ.-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) – 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) – 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ.-ს, ლ. მ.-ს და ზ. ქ.-ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ქ. ს.-ს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს.-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ.-ს, ლ. მ.-ს და ზ. ქ.-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს.-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ.-ს, ლ. მ.-ს და ზ. ქ.-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ.-ს, ლ. მ.-ს და ზ. ქ.-ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ. ღ.-ს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ განაჩენით სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად ასევე დადგენილად არის მიჩნეული, რომ ზ. ღ. ნოტარიუს მ. ა.-ს წინაშე წარსდგა, როგორც ლ. ს., ამ უკანასკნელის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა წარუდგინა და გამოხატა თანხმობა ლ. ს.-ს ბინის იპოთეკით დატვირთვაზე. ნოტარიუსი ფიზიკური მსგავსების გამო ვერ მიხვდა, რომ მის წინაშე ლ. ს.-ს სახელით ნებას გამოხატავდა რ. ღ., შესაბამისად 2015 წლის 24 სექტემბერს გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო 2015 წლის 28 ოქტომბერს - მინდობილობა, ამ უკანასკნელის საფუძველზე კი იმავე დღეს - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

42. ნივთიერი მტკიცებულებით, კერძოდ 2015 წლის 26 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერით, დასტურდება შემდეგი: კადრში ჩანს, რომ ნოტარიუსმა ი. ფ.-მ ქ. ს.-სა და რ. ღ.-ს მიერ წარდგენილი ლ. ს.-ს პირადობის მოწმობით ვერ მოახდინა პირადობის მოწმობის კუთვნილების დადგენა და პირის იდენტიფიცირება, რის გამოც უარი განაცხადა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაზე. ნოტარიუსმა ი. ფ.-მ რ. ღ.-ს განუცხადა, რომ ხელშეკრულებას გააფორმებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წარადგენდა ახალ პირადობის მოწმობას ან პიროვნების დამადასტურებელ სხვა რაიმე დოკუმენტს.

სამართლებრივი შეფასება:
43. სააპელაციო პალატა იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ. ა.-ს გამართლების თაობაზე. შემდეგ გარემოებათა გამო:

44. პალატა განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლებისა და მმართველობის ორგან.ბის ნორმალურ საქმიანობას. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება სახელმწიფო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობასა ან არაჯეროვნად შესრულებაში, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. ხსენებული დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელ. ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების ან სხვა კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. შესაბამისად პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი შედეგობრივი კავშირი.

45. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. უმოქმედობითაა დანაშაული ჩადენილი, როდესაც მოხელე არ ასრულებს მასზე სამსახურებრივად დაკისრებულ მოვალეობას, არ იღებს იმ ზომას, რაც უნდა მიეღო თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე. მოხელის გულგრილ მოქმედებასთან გვაქვს საქმე მაშინაც, როდესაც იგი არაჯეროვნად ასრულებს სამსახურებრივი მდგომარეობით გათვალისწინებულ საქმიანობას.

46. სამსახურებრივი გულგრილობის დასადგენად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოხელის უფლება-მოვალეობათა სამართლებრივ რეგლამენტაციას. მოხელის ვალდებულება განისაზღვრება კანონით, კანონქვემდებარე აქტით, შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) ან ზემდგომი მოხელის ბრძანებით. ამიტომ, ყველა შემთხვევაში, კონკრეტულად უნდა დადგინდეს, თუ მოხელემ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რა არ შეასრულა ან შეასრულა არაჯეროვნად.

47. სამსახურებრივი გულგრილობა გამოიხატება მხოლოდ გაუფრთხილებლობაში. ამ დროს პირს გაცნობიერებული აქვს წინდახედულების ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებს, რომ არასასურველ შედეგს თავიდან აიცილებს ან არ ითვალისწინებს ამ შედეგის დადგომის შესაძლებლობას. თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც. შესაბამისად, სამსახურებრივი გულგრილობა შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც თვითიმედოვნებით, ისე დაუდევრობით.

48. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილ. თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახამდ, ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა. მე-3 ნაწილი კი, განმარტავს, რომ ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც. ასეთ შემთხვევაში პირი თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის გარდაუვალობას არ ითვალისწინებს იმის გამო, რომ იგი უპასუხისმგებლოდ მოეკიდა წინდახედულების ნორმის მოთხოვნებს. შესაბამისად თვითიმედვნებისას პირი არ ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგების დადგომის გარდაუვალობას, ხოლო დაუდევრობისას ამ შედეგის დადგომის შესაძლებლობას. გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენისას სუბიექტი სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდება საზოგადოებრივ ღირებულებებს, უგულვებელყოფს წინდახედულების ნორმებისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულების აუცილებლობას, ქარაფშუტულად, ან უყურადღებოდ ეკიდება მათ მოთხოვნებს, რის გამოც დგება მისთვის არასასურველი და მოულოდნელი შედეგი.

49. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულ., რომ მ. ა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 15 ივლისის №57 ბრძანებით დაინიშნა ქ.თ.-ს ნ.-ს რაიონის ნოტარიუსად. შესაბამისად, იგი ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად არის საჯარო მოხელე.

50. ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა ფუნქციებთან ერთად ნოტარიუსის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს ა) იმ აქტის (გარიგების, მოწმობის და სხვა.) შედგენა და დამოწმება/გაცემა, რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ. გარიგების სანოტარო ფორმის დაცვა (სავალდებულო სანოტარო წესით დამოწმება) და ბ) იმ აქტის (გარიგება, მოწმობა და სხვა.) შედგენა და დამოწმება/გაცემა, რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო არ არის გარიგების სანოტარო ფორმის დაცვა, მაგრამ პირს სურს გარიგების დადება სანოტარო ფორმის დაცვით.

51. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 24 სექტემბერს, მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში გაიცა სესხისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება (ლ. ს.-სა და ზ. ს.-ს შორის), რეესტრში რეგისტრაციის ნომრით №XXXXXXXX, რომლის მიხედვით 10000 აშშ დოლარის (24075 ლარი) სანაცვლოდ, იპოთეკით დაიტვირთა თ., მ.-ს ქუჩა №XX, ბინა №XX-ში (საკადასტრო კოდით: XX.XX.XX.XXX.XXX.XX..0XX) მდებარე ბინა, რომლის მესაკუთრეც 20XX წლის 18 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად იყო ლ. ს..

52. ასევე სადავო არ არის ფაქტი, რომ 2015 წლის 28 ოქტომბერს, მ. ა.-მ შეადგინა და გასცა სანოტარო აქტი - მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის ნომრით №XXXXXXXXX, რომლის თანახმად თითქოსდა ლ. ს. თ.-ში, მ.-ს ქუჩა №XX, ბინა №XX-ში მდებარე კუთვნილი საცხოვრებელი ბინის განკარგვის უფლებამოსილებას აძლევდა ქ. ს.-ს.

53. პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ხსენებული მინდობილობის გამოყენებით, 2015 წლის 28 ოქტომბერს, მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში ქ. ს.-ს და იპოთეკარებს: მ. ღ.-ს, ლ. მ.-ს და ზ. ქ.-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც სესხის სახით გაცემული იქნა 20500 აშშ დოლარი.

54. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ზემოხსენებული სანოტარო მოქმედებების შესრულებისას, არცერთ შემთხვევაში ლ. ს., მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში არ ყოფილა, არ გამოუხატავს სათანადო ნება და ხელი არ მოუწერია დოკუმენტებზე.

55. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით და პრეიუდიციულად ცნობილი ფაქტებით - განაჩენებით, დადასტურებულ., რომ ქ. ს., ფარულად დაეუფლა ძმის - ლ. ს.-ს პირადობის მოწმობას და რ. ღ.-სთან ერთად გამოცხადდა მ. ა.-ს სანოტარო ბიუროში, რომელსაც რ. ღ. წარუდგა, როგორც ლ. ს.. მათ მიერ მ. ა.-სთვის წარდგენილი ლ. ს.-ს პირადობის მოწმობის საფუძველზე გაფორმდა ყველა ზემოთჩამოთვლ. დოკუმენტი და მათზე ლ. ს.-ს სახელით ხელმოწერა განახორციელა სწორედ რ. ღ.-მ.

56. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სანოტარო მოქმედების შესრულების დროს ნოტარიუსი და სხვა თანამდებობის პირი, რომლებიც სანოტარო მოქმედებას ასრულებენ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით ადგენენ იმ პირების ან მათი წარმომადგენლების ვინაობას, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით დადგენილ შემთხვევაში ან მხარეთა შეთანხმებით, გარიგების დადასტურების დროს ნოტარიუსი ამოწმებს გარიგების მონაწილე პირთა უფლებამოსილებას და ქმედუნარიანობას.

57. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედებათა შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულ. იყოს მიუკერძოებელი და ვალდებულ. სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგის შესახებ.

58. ამავე ინსტრუქციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნოტარიუსი ადგენს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაშვებია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან შესაბამისი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების გამოყენებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ ნოტარიუსს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, ნოტარიუსი ვალდებულ. უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.

59. პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა მ. ა.-მ სათანადოდ არ დაადგინა სანოტარო მოქმედების მონაწილის - ლ. ს.-ს ვინაობა, რომლის პიროვნებაშიც ეჭვის შეპარვის შემთხვევაში ვალდებული იყო უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე. თითქოსდა ნოტარიუსმა კანონით დაკისრებული მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად და დაუდევარი დამოკიდებულებით, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ვერ უზრუნველყო სანოტარო მოქმედების მონაწილე პირის იდენტიფიცირება და მისი ვინაობის დადგენა და ისე გააფორმა სანოტარო აქტები, შემდეგ გარემოებათა გამო:

60. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ სანოტარო აქტის გაფორმებამდე მ. ა.-მ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, კერძოდ: მოწმე ზ. ს.-მ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც რ. ღ.-მ მ. ა.-ს წარუდგინა ლ. ს.-ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, რომელშიც ჩაკრული იყო ბავშვობის დროინდელი ფოტოსურათი, ნოტარიუსმა მას მოთხოვა წარედგინა პირადობის დამდასტურებელი სხვა რაიმე დოკუმენტი, ასეთის არ ქონის გამო კი მან, ლ. ს.-ს სახელით წარდგენილ პირს ურჩია შეეცვალა პირადობის მოწმობა, სადაც იქნებოდა ახალი ფოტოსურათი. ამის შემდეგ, მ. ა.-მ მონაცემები გადაამოწმა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში და ნახა, რომ იპოთეკით დასატვირთი ბინა სწორედ ამ პირადობის მოწმობით იყო შეძენილი და დარეგისტრირებული, რის შემდეგაც მათკენ მიატრიალა კომპიუტერის მონიტორი და ოფისში მყოფ პირებს თხოვა შეედარებინათ ფოტოზე გამოსახული და იქ მყოფი მამაკაცი. მათ შეხედეს და ნახეს, რომ ხსენებულ პირებს შორის ნამდვილად იყო მსგავსება და ჩათვალეს, რომ მათ წინ იდგა ლ. ს.. თუმცა რაიმე საეჭვოს არსებობის შემთხვევაში, იგი თანხას არ გაასესხებდა. ზ. ს.-ს ჩვენება, ასევე თანხვედრაშია მოწმე ვ. მ.-ს ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ნოტარიუსმა მათკენ მიატრიალა მონიტორი და თხოვა დაკვირვებოდნენ ფოტოს და სანოტარო ბიუროში მყოფ პირს, მათ ხსენებულ პირებს შორის დაინახეს რაღაც მსგავსება, რაც დაუდასტურეს ნოტარიუსს და მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება. ვ. მ.-მ ასევე განმარტა, რომ იგი კარგად დააკვირდა მონიტორზე, ბაზაში გახსნილ ფოტოზე გამოსახულ პირს (ანალოგიური ფოტო იყო ჩაკრული პირადობის მოწმობაშიც) და დააკვირდა ნოტარიუსში მყოფ ლ. ს.-დ გაცნობილ პირს, მათ გასული წლების გათვალისწინებით ხსენებულ პირებს შორის რაღაც მსგავსებები იპოვეს და სანოტარო ბიუროში მყოფმა პირებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ მათ წინ ნამდვილად იჯდა ქ. ს.-ს ძმა - ლ. ს.. ამასთან, განმარტა, რომ ვინმეს რომ იქ მყოფი პირის ვინაობაში შეეტანა ეჭვი ხსენებული ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა. ამასთან მოწმემ დაადასტურა, რომ ქ. ს. და რ. ღ. ხელშეკრულების გაფორმებისას, იმდენად დამაჯერებლად იქცეოდნენ, რომ არცერთ მათგანს მის პიროვნებაში ეჭვი არ შეპარვია. აღნიშნული გარემოებები ასევე დაადასტურა მოწმე ლ. მ.-მ.

61. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ მ. ა.-მ სანოტარო მოქმედების განხორციელებისას, დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა და ჯეროვნად შეასრულა მისთვის დაკისრებული მოვალეობა. კერძოდ, მან კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე ლ. ს.-ს სახელით გამოცხადებულ პირს ვინაობის დასადგენად მოთხოვა პირადობის მოწმობა, რომელიც წარუდგინეს. მართალ. ხსენებული პირადობის მოწმობა გაცემული იყო იმ დროს, როდესაც ლ. ს. იყო 17 წლის, თუმცა წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი იყო ნამდვილი, გაცემული იყო ლ. ს.-ს სახელზე და მოწმობის მოქმედების ვადა გასული არ იყო. ამასთან, იმის გამო, რომ პირადობის მოწმობაში ჩაკრული იყო დიდი ხნის წინანდელი ფოტო, იმ მიზნით, რომ არ დაეშვა შეცდომა ნოტარიუსმა მოითხოვა ვინაობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელიც ლ. ს.-ს სახელით გამოცხადებულ პირს არ ჰქონდა. აღნიშნულის შემდეგ მ. ა.-მ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარდგენილი პირადობის მოწმობის მონაცემების გამოყენებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან მოახდინა პირადობის დადასტურება. გადამოწმებისას მან დაადგინა, რომ სწორედ აღნიშნული პირადობის მოწმობით იყო ბინა შეძენილი და გაფორმებული. შესაბამისად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობას ეჭვი არ გამოუწვევია, რაც ნოტარიუსს დაავალდებულებდა ზემოხსენებული ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე. ამასთან, მ. ა.-მ კვლავ გამოიჩინა სიფრთხილე და პირის იდენტიფიკაციისთვის მონიტორი მიატრიალა სანოტარო მოქმედებაში მონაწილე პირებისკენ, რომლებიც თავადაც იყვნენ დაინტერესებულნი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არ წარმოშობილიყო რაიმე პრობლემა და თხოვა კარგად დაკვირვებოდნენ ფოტოს და მათთან ლ. ს.-ს სახელით გამოცხადებულ პირს. იქ მყოფმა პირებმა ერთხმად დაუდასტურეს, რომ ხსენებულ პირებს შორის იყო მსგავსება, რის შემდეგაც გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია ბრალდების მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მ. ა.-მ აღნიშნული გააკეთა იმიტომ, რომ მას ეჭვი შეეპარა ლ. ს.-ს პიროვნებაში, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვა სანოტარო მოქმედების განხორციელებაზე. ბრალდების მხარის მოსაზრება წინააღმდეგობაშია, ლ. მ.-ს ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა რომ ნოტარიუსი წარმოდგენილი პირის გადასამოწმებლად სანოტარო მოქმედების განხორციელებამდე ყველას ეკითხება მამის სახელს, დაბადების თარიღს და ადგილს, რათა დარწმუნდნენ პირის ვინაობაში. ამასთან, მ. ა. ყოველთვის, როცა ფორმდებოდა ორმხრივი გარიგება, მათთან მისულ პირებს ეუბნებოდა „თქვენც ორი თვალი გაქვთ, მეც და მოდით ერთად შევხედოთო“. აღნიშნული კი თანხვედრაშია მოწმე ვ. მ.-ს ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა, რომ მას ადრეც უსარგებლ. მ. ა.-ს სანოტარო ბიუროს მომსახურებით, რომელიც ყოველთვის აჩვენებდა სანოტარო მოქმედებაში მონაწილე პირებს მონაცემთა ბაზაში განთავსებულ ფოტოს. მან იცოდა, რომ ქალბატონ მ.-ს ჰქონდა ასეთი პრაქტიკა, შესაბამისად არც ამ შემთხვევაში გაკვირვებია მისი ეს მოქმედება და არ გასჩენია ეჭვი. ხსენებულმა მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ ყოფილა შემთხვევა როდესაც მ. ა.-ს ეჭვი შეპარვია პიროვნებაში და მიუხედავად იმისა, რომ საშუამავლო ფ.-ს და იპოთეკარს უთქვამთ, რომ წარდგენილი პირი ნამვილად ის პირი იყო, ვისთანაც უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, მ. ა.-ს უარი უთქვამს ხელშეკრულების დამოწმებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი პალატა თვლის, ის გარემოება, რომ მ. ა.-მ სანოტარო მოქმედების მონაწილეებს მონიტორი მიუტრიალა, რათა მათ მოეხდინათ ბაზაში განთავსებულ ფოტოზე გამოსახული პირის და ლ. ს.-ს სახელით გამოცხადებული პირის შედარება, წარმოადგენს ნოტარიუს მ. ა.-ს სამუშაო პრაქტიკას - ჩვევას და არ ადასტურებს ბრალდების მხარის ვერსიას, რომ მისი ამგვარი ქცევა შეფასდეს, როგორც გარემოება, რომ ნოტარიუსს წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში შეეპარა ეჭვი, რის გამოც ვალდებული იყო უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.

62. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის განმარტებას იმასთან დაკავშრებით, რომ ნოტარიუს მ. ა.-ს შეეძლო სანოტარო მოქმედების მონაწილისაგან მოეთხოვა ახალი პირადობის მოწმობის წარდგენა, რაც არ ნიშნავდა სანოტარო მოქმედებაზე უარის თქმას. მოცემულ შემთხვევაში პალატას სარწმუნოდ მიაჩნია მოწმე ლ. მ.-ს ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ სახელმწიფოს მოთხოვნა და ნოტარიუსების ვალდებულებაა ის, რომ კონსულტაციის სახით ყველა პირს ურჩიონ გამოცვალონ ძველი პირადობის მოწმობა, რაც გააკეთა კიდეც მ. ა.-მ.

63. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი პირადად იცნობს სანოტარო აქტის მონაწილეს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის. ნოტარიუსისათვის ცნობილად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე პირი, რომლის პირადობაც მას უკვე დადგენილი აქვს სხვა სანოტარო მოქმედების შესრულებისას“. მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა 2015 წლის 24 სექტემბერს სანოტარო მოქმედების შესრულების დროს მ. ა.-ს მიერ სამსახურეუბრივი მოვალეობის არაჯეროვნად შერულება, ასევე ის ფაქტი რომ ნოტარიუსს ეჭვი შეეპარა წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ზემოხსენებული ნორმის თანახმად, ნოტარიუსს შეეძლო 2015 წლის 28 ოქტომბერს, სანოტარო მოქმედების განხორციელებისას არ მოეთხოვა პირის პირადობის მოწმობის წარდგენა, რადგან ხსნებეული პირის პირადობა მას უკვე დადგენილი ჰქონდა სხვა სანოტარო მოქმედების შესრულებისას. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს, ქ. ს.-მ და რ. ღ.-მ ნოტარიუსს წარუდგინეს სამოქალაქო რეესტრიდან გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ლ. ს.-ს სახელით რ. ღ.-ს მიმართული ჰქონდა პირადობის მოწმობის გამოცვლის მოთხოვნით.

64. პალატა თვლის, რომ ნოტარიუს ი. ფ.-ს სანოტარო ბიუროში განვითარებული მოვლენები არ შეიძლება განხილულ იქნეს მ. ა.-ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან როგორც გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულებით, ისე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულ., რომ ნოტარიუს ი. ფ.-ს ეჭვი შეეპარა წარდგენილი პირადობის მოწმობის წარმდგენისადმი კუთვნილებაში და შესაბამისად არ გააფორმა სანოტარო მოქმედება, ხოლო მ. ა.-ს, როგორც ზემოთ აღინიშნა ასეთი ეჭვი არ გასჩენია.

65. პალატა ითვალისწინებს ქ. ს.-ს და რ. ღ.-ს მიმართ გამოტანილ განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომლითაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა. ფიზიკური მსგავსების გამო ვერ მიხვდა, რომ მის წინაშე ლ. ს.-ს სახელით ნებას გამოხატავდა რ. ღ. და გააფორმა სანოტარო აქტები. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულის საწინააღმდეგო არ დადგენილა მოცემულ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

66. პალატა ყურადღებას ამახვილებს ნოტარიუს მ. ა.-ს ქმედებაზე მას შემდეგ რაც 2015 წლის 28 ოქტომბერს გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. კერძოდ, სანოტარო მოქმედების დასრულების შემდეგ, ქ. ს.-ს განმარტებამ რომ მის ძმას არაფერი ეკითხებოდა ნოტარიუსი დააეჭვა, რასაც მისი მხრიდან მოჰყვა ადეკვატური და კანონშესაბამისი ქმედებები, რაც გამოიხატა გაჩენილი ეჭვის გადამოწმებასა და სამართალდამცავი ორგან.ბისთვის ინფორმაციის მიწოდებაში.

67. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელ. პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

68. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილ. საქმის სამართლ.ნი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

69. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

70. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

71. ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ.ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ა. ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. პალატა თვლის, რომ მის ქმედებაში შესაძლოა იყოს ,,ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების“ მე-2 მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, რაზეც უნდა იმსჯელოს შესაბამისმა უწყებამ.

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
72. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

73. ელექტრონული დისკები - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

სარეზოლუციო ნაწილი:

74. პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

75. მსჯავრდებულ მ. ა.-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ლ. ჯ.-ს და ტ. კ.-ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

76. თ.-ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

77. მ. ა. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

78. მ. ა.-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულ..

79. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

80. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

81. ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

82. მ. ა.-ს უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

83. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

84. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თ.-ს სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.