საქმის ნომერი: №2ბ/6590-16
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ანა გოგიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 1163-1083-2017, 2/19018-16
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: აპელანტს და ოზურგეთის რაიონულ გამგეობას (უფლებამონაცვლე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) 2006 წლელს დაიდო იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით და ქირა წელიწადში განისაზღვრა 350 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულებით გადახდილ იქნა მხოლოდ ერთი წლის საიჯარო ქირა. მას შემდეგ რაც უფლებამონაცვლე გახდა ქონების ეროვნული სააგენტო, მათ რამდენჯერმე მოსთხოვეს იჯარის ქირის დავალიანების გადახდა, საბოლოოდ კი 2016 წელს სააგენტომ შეიტანა სარჩელი მოიჯარის წინააღმდეგ , რომელსაც მოთხოვნილი ჰქონდა 1 წლის გამოკლებით საიჯარო ქირა. პირველმა ინსტანციამ ვინაიდან 2013 წლამდე საიჯარო ქირის მოთხოვნა იყო ხანდაზმული მხოლოდ 2013 წლის შემდგომი პერიოდის ქირის ნაწილში დაუკმაყოფილა მოთხოვნა. ამის შემდეგ მოიჯარემ სააპელაციო წესით გაასაჩვრა გადაწყვეტილება, ვინაიდან მას იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილი ჰქონდა 2008 წლიდან და ამის ამსახველი წერილებიც არსებობდა. ამასთან ერთად როგორც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული სხვა მოჯარეც ჰყავდა მოძებნილი, რომელიც პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ არ იქნა დაკითხული. ასევე პირველ ინსტანციას არ ჰქონდა გამოკვლეული, რომ 2008 წლიდან მოიჯარე აღარ სარგებლობდა საიჯარო ქონებით. ამ და სხვა ფაქტების გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და გააუქმა გადაწყვეტილება.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №№2ბ/6590-16 (2017-06-15), www.temida.ge
საქმის № №2ბ/6590-16

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       15 ივნისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ანა გოგიშვილი

სხდომის მდივანი – ოთარ ბუკია

აპელანტი – ი/მ ი.მ.;
წარმომადგენელი – თ.გ.;

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - ს.ა.;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

დავის საგანი – თანხის დაკისრება

1. აპელანტის მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი.მ.-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 1050 ლარის გადახდა. ი.მ.-ს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი 31.5 ლარის ოდენობით;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:


2.1. 2006 წლის 14 აგვისტოს, ოზურგეთის რაიონულმა გამგეობამ (უფლებამონაცვლე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) ი.მ.-ს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე იჯარით გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 000 კვ.მ (ს/კ 26.28.13.245) 10 წლის ვადით.


2.2. 2006 წლის 14 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულებით განისაზღვრა ქირის გადახდის წესი, აღნიშული ხელშეკრულების 4.4. და 4.5 პუნქტების მიხედვით მიწის იჯარის ქირის მთლიანი ოდენობა შეადგენს 350 (სამასორმოცდაათი) ლარს წელიწადში.
უშუალოდ მიწის იჯარის ოდენობა შეადგენს 0.35 ლარს წლიურად ერთ კვ.მ-ზე.


2.3. 2006 წლის 14 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების 6.3. მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით მოჯარე ვალდებულია მუდმივად, საკურორტო სეზონის განმავლობაში, დაასუფთავოს და კეთილმოაწყოს მიწის ნაკვეთი.

2.4. 2006 წლის 14 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების 8.1. მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით ხელშეკრულება შეიძლება გაუქმდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგად. ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით კი მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულების გაუქმება თუ მოიჯარე სამი თვის განმავლობაში არ გადაიხდის ქირას.

2.5 2006 წლის 14 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების 8.4. მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით თუკი მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას აბრუნებს, მან ერთი თვით უნდა გააფრთხილოს მეიჯარე და იგი საიჯარო ქირის გადახდიდან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება თუ კი ის თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს მიიღოს იჯარის ხელშეკრულება იმავე პირობებით თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მაშინ მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობის დასრულებამდე. ამავე ხელშეკრულების 8.5 პუნქტის მიხედვით ვადამდე ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის ბოლოსათვის, საიჯარო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

2.6. მოპასუხის მიერ გადახდილია ერთი თვის საიჯარო ქირა 350 ლარის ოდენობით.


დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.7. ი.მ.-მ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა 2006 წლის 14 აგვისტოს
ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება. 2006 წლის 14 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულება 2016 წლის 4 აპრილს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ცალმხრივად შეწყდა.

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესის ამოსავალი პრინციპია შეჯიბრობითობის პრინციპი. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლის მიხედვით, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.


საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სსიპ სახელმწიფოს ეროვნული სააგენტოს
2013 წლის 4 ოქტომბრის N12/30621 მიმართვით სსიპ სახელმწიფოს ეროვნული სააგენტომ ი.მ.-ს აცნობა, რომ ოზურგეთის რაიონულ გამგეობასა და ი.მ.-ს შორის არსებული საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე გაუქმების თაობაზე მიეჯარის მიერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. შესაბამისად, მას ევალებოდა ყოველწლიურად საიჯარო ქირის 350 ლარის გადახდა. ამავე მიმართვით მოიჯარეს განესაზღვრა შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღე, რომლის განმავლობაშიც სააგენტოს მიერ მითითებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო განიხილავდა საკითხს საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად ვადამდე გაუქმების შესახებ.


ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სსიპ სახელმწიფო ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 16 მაისის N2/12360, 2013 წლის 18 ოქტომბრის N2/32449 მიმართვებით მოიჯარეს ეცნობა საიჯარო დავალიანების გადახდევინების შესახებ. სსიპ სახელმწიფო ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 6 დეკემბრის N12/38072 მიმართვით მოიჯარე - ი.მ.-ს საიჯარო ქირის დავალიანების - 2553.5 ლარის გადახდის და საკადასტრო აზომვითი ელექტრონული ნახაზის ელექტრონული ვერსიის წარსადგენად განესაზღვრა 30 დღე, რომლის შეუსრულებლობაც ჩაითვლებოდა იჯარის ხელშეკრულების პირობების დარღვევად. 2014 წლის 21 მარტის N12/10391 სააგენტოს მიმართვით მოიჯარეს აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად გაუგრძელდა შეტყობინების მიღებიდან ერთი თვე, რომლის გასვლის შემდგომ განიხილებოდა საკითხი ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. 2015 წლის 6 მარტის N12/12324 მიმართვით ი.მ.-ს დაევალა საიჯარო ქირის შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა, რაც შესაბამისად ი.მ.-ის მიერ არ შესრულებულა (2015 წლის 22 ივნისის N12/37193 მომართვა).


სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2014 წლის 22 დეკემბრის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართვაზე, რომლის მიხედვითაც მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 9 დეკემბრის განცხადების პასუხად აცნობა, რომ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესაბამისი დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ მოიპოვება. აღნიშნულის საწინააღმდეგო გამაბათილებელი მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მოპასუხე აპელირებს,რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 22 ივლისის N707 მიმართვით მოიჯარეს აცნობა საიჯარო ხელშეკრულების პირობების დარღვევა და განუსაზღვრა 1 დღის ვადა საიჯარო ქონების დასუფთავებისათვის წინააღმდეგ შემთხვევაში გააუქმებდა საიჯარო ხელშეკრულებას. მოპასუხის მითითებით 2008 წლის 24 ივლისის N1/07 განცხადებით იგი დაეთანხმა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებას, შესაბამისად თვლის რომ შეწყდა მხარეთა შორის არსებული საიჯარო ურთიერთობა.


სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას. სასამართლომ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც უნდა შეაფასოს მათი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ 2008 წლის 24 ივლისის N1/07 განცხადების მიღების უარყოფის, მოპასუხის მიერ 2008 წლის 24 ივლისის N1/07 განცხადების შესაბამისი რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარუდგენლობის პირობებში, მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ
2008 წლის 24 ივლისს მოიჯარემ აცნობა მეიჯარეს საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. იურიდიულ დამაჯერებლობას მოკლებულია ასევე მოპასუხის განმარტება იჯარის ხელშეკრულების გაუქმების ზეპირსიტყვიერად ცნობის თაობაზე. მხარეთა შორის არსებული იჯარის ხელშეკრულებით მხარეებმა მათივე ნების საფუძველზე განსაზღვრეს ხელშეკრულების ვადამდე მოშლის წესი და პირობები, რომლის მიხედვითაც 2006 წლის 14 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების 8.4. მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით თუკი მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას აბრუნებს, მან ერთი თვით ადრე უნდა გააფრთხილოს მეიჯარე და იგი საიჯარო ქირის გადახდიდან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება თუ კი ის თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს მიიღოს იჯარის ხელშეკრულება იმავე პირობებით თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მაშინ მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობის დასრულებამდე. ამავე ხელშეკრულების 8.5 პუნქტის მიხედვით ვადამდე ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის ბოლოსათვის, საიჯარო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.


საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 4 აპრილის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანება 2006 წლის 14 აგვისტოს, ოზურგეთის რაიონულ გამგეობას (უფლებამონაცვლე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ი.მ.-ს შორის არსებული იჯარის ხელშეკრულების ვადამდე გაუქმების თაობაზე. მოპასუხეს აღნიშნულის საწინააღმდეგო საპირწონე მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მოპასუხემ ასევე ვერ დაადასტურა მისი შემცვლელი ახალი მოიჯარის მეიჯარისათვის წარდგენის ფაქტი. ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტებით. მას მოსარჩელის პოზიციის გასაბათილებლად სათანადო მტკიცებულება არ წარუდგენია.


იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 4 აპრილს და მხარები სადავოდ არ ხდიან 1 წლის საიჯარო ქირის გადახდის ფაქტს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.მ.-მ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა 2006 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, მოპასუხის საიჯარო დავალიანება შეადგენს 3025.55 ლარს.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.8. სასამართლოს მითითებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581.1 მუხლის მიხედვით იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

მხარეები სადავოდ არ ხდიან მათ შორის არსებულ საიჯარო ურთიერთობას, რომლის მიხედვითაც 2006 წლის 14 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ოზურგეთის რაიონულმა გამგეობამ (უფლებამონაცვლე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) ი.მ.-ს იჯარით გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 000 კვ.მ (ს/კ
26.28.13.245). ხელშეკრულება დაიდო 10 წლისვადით.

2006 წლის 14 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების 4.4. და 4.5. პუნქტებით განისაზღვრა საიჯარო ქირა და მისი გადახდის წესი, რომლის მიხედვითაც მიწის იჯარის ქირის მთლიანი ოდენობა შეადგენს 350 (სამასორმოცდაათი) ლარს წელიწადში. უშუალოდ მიწის იჯარის ოდენობა შეადგენს 0.35 ლარს წლიურად ერთ კვ.მ-ზე.


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 588.1-ე მუხლი იმპერატიულად მიუთითებს, რომ თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე.


საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 14 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულება 2016 წლის 4 აპრილს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ცალმხრივად შეწყდა. მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა აღნიშული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოპასუხის მიერ გადახდილია მხოლოდ ერთი წლის საიჯარო ქირა 350 ლარის ოდენობით. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ 2008 წლის 24 ივლისს მოიჯარემ აცნობა მეიჯარეს საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. მოპასუხის მიერ 2008 წლის 24 ივლისის N1/07 განცხადება შესაბამისი რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარუდგენლობის პირობებში, იურიდიულ დამაჯერებლობას მოკლებულია. მოპასუხემ ასევე ვერ დაადასტურა მისი შემცვლელი ახალი მოიჯარის მეიჯარისათვის წარდგენის ფაქტი. რაც იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისას საიჯარო ქირის გადახდისაგან გათავისუფლების ერთ-ერთი უპირობო საფუძველია.


ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ი.მ.-მ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა 2006 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება და მოპასუხის საიჯარო დავალიანება 3025.55 ლარია.


საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა წარმოიშვა 2006 წლის 14 აგვისტოს, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 4 აპრილს.

მოპასუხის მიერ გადახდილია მხოლოდ ერთი წლის საიჯარო ქირა 350 ლარი. საქმის მასალების მიხედვით საიჯარო დავალიანების მოთხოვნით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სარჩელი აღძრულია 2016 წლის 1 ივლისს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე.

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

იმის გათვალისწინებით, რომ საიჯარო ქირის გადახდა წარმოადგენს პერიოდულად (ყოველწლიურად) შესასრულებელ ვალდებულებას. თავის მხრივ, ყოველი (თითოეული) წლის გადასახადის გადაუხდელობა ცალ-ცალკე წარმოშობს მოსარჩელისათვის, როგორც მოთხოვნის, ისე გადაუხდელობის გამო, გარკვეული სახის სანქციის განხორციელების უფლებას. პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე კი ხანდაზმულობის ვადა სამი წელია.


სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია 2016 წლის 1 ივლისს. შესაბამისად, ი.მ.-ის დავალიანება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ 1975.55 ლარის ნაწილში, (დავალიანების წარმოშობიდან 2013 წლის 01 ივლისამდე პერიოდი) არის ხანდაზმული.

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ფულადი ვალდებულების 3025.55 ლარის შესრულების თაობაზე, 1975.55 ლარის ოდენობით დავალიანების დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია. სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 129.2-ე, 130-ე, 316-ე და 317-ე, 581-ე მუხლებისა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლი უფლებას აძლევს მოპასუხეს, უარი თქვას მოთხოვნილი დავალიანების 1975.55 (3025.55 – 3X350) ლარის გადახდაზე, ხოლო 1050 (3X350) ლარის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.


3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი:

3.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა პირველი ინტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მოითხოვა მისი გაუქმება.

აპელანტის მითითებით პირველი დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, ვფიქრობთ ტექნიკური შეცდომაა, რადგან შემდგომში სასამართლოს დადასტურებული აქვს, რომ მოპასუხეს გადახდილი აქვს ერთი წლის საიჯარო ქირა.

მეორე ფაქტობრივი გარემოება დადგენილი არ არის, ეს არის ამონარიდი ხელშეკრულებიდან, რაც ჩვენს მიერ შესრულებული იქნა. ამის თაობაზე როგორც შესაგებელში, ისე არსებით განხილვაზე ჰქონდათ გაკეთებული აქცენტები და შეფასებები, რასაც სასამართლომ გვერდი აუარა.

ფაქტობრივი გარემოების დადგენით, სასამართლომ პრაქტიკულად დაადგინა მოპასუხის მართლზომიერების განმაპირობებელი გარემოება, რადგან, ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად, გამგეობა-მეიჯარე, ვალდებული იყო - თუ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები ირღვეოდა ან თუ მოპასუხის მიერ, სამი თვის განმავლობაში ქირის გადაუხდელობას ქონდა ადგილი, ხელშეკრულება - შეეწყვიტა ვადამდე. შესაბამისად, მოპასუხეს ეჭვი არ შეპარვია, რომ საიჯარო ხელშეკრულება შემიწყვიტეს ვადამდე.
მესამე ფაქტობრივის გარემოების დადგენის პარალელურად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოპასხემ ეს პირობა შეასრულა და წარუდგინა სანაცვლო პირი.

ამის მტკიცების შესაძლებლობა თვითონვე მოსპო სასამართლომ, რადგან არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ამ პიროვნების მოწვევის თაობაზე, ხოლო არც ხელშეკრულება და არც რომელიმე კანონი ჩასანაცვლებელი პირის წერილობითი წარდგენის აუცილებლობას არ ადგენს.

რაც შეეხება მის მიერვე დადგენილ ხელშეკრულების მოშლის ვადებს, გამგეობა, ვალდებული იყო, როგორც მინიმუმ, მოპასუხესთან ხელშეკრულება მოეშალა 2009 წლის იანვრის ბოლოს მაინც. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი შემდგომი მოთხოვნის მიმართ, ვრცელდება ხანდაზმულობა.

გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, დასაბუთება იმდენად არასრულია, იმდენად წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავია, რომ მთლიანობაში, სარჩელის დაკმაყოფილებასთან მიმართებაში, მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

დაუსაბუთებელია, მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპი, დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო ინტერპრეტაციები, რაც საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების იურიდიულ დაუსაბუთებლობას იწვევს.

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად გასაზიარებელია სასამართლოს შეფასებები ხანდაზმულობასთან და მოთხოვნის ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და ამ მხრივ გადაწყვეტილება დასაბუთებულია.

ამასთან, ამავე ინერციით სასამართლოს აბსოლუტური საფუძველი ჰქონდა საერთოდ არ დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპით იხილებოდა, სასამართლო სწორი ბალანსის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების თვალსაზრისით, აშკარად დაინახავდა, რომ ადმინისტრაციული ორგანო, მიუხედავად კომპეტენციისა და ვალდებულებისა, პრაქტიკულად იყო უმოქმედო და ყველა ამის შედეგის მტკიცების ტვირთი, რატომღაც მოპასუხეს დააკისრა.

4.2 გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1 პალატა მოცემული საქმის გაცნობის, განხილვის და შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვის ეტაპზე არაჯეროვნად გამოიყენა საქმის სწორი გადაწყვეტისათვის რელაციის ტექნიკა, მაშინ როცა მოსარჩელის დასახელებული საყრდენი ფაქტობრივი გარემოებები და მოპასუხის შესაგებლით შეპირისპირებული ფაქტები ერთობლიობაში არაჯეროვნად შეაფასა, მისი შინაგანი რწმენა არ დაემყარა შეჯიბრებითობის და საქმის სრულყოფილად გამოკვლევა-შეფასების ბალანსის დაცვას, რის გამოც საქმე არასწორად გადაწყვიტა.

წინამდებარე საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველზე საიჯარო ქირის სახით დავალიანების მოიჯარე მხარეზე დაკისრება. მოსარჩელე მხარის პრეტენზიები ეყრდნობა იმ არგუმენტებს, რომ მოიჯარესთან 10 წლიანი საიჯარო ვალდებულების პერიოდის განმავლობაში ერთი წლის საიჯარო ქირა გადახდილი იქნა მხოლოდ ერთხელ, ამასთან, მოიჯარე მხარე რამდენჯერმე გაფრთხილდა დავალიანების გადახდის ვალდებულების და სხვა პირობის შესრულების შესახებ, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც მეიჯარემ ცალმხრივად შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

4.2 საქმეში უდავოა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2006 წლის 14 აგვისტოს, ოზურგეთის რაიონულმა გამგეობამ (შემდგომში უფლებამონაცვლე გახდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) ი.მ.-ის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე იჯარით გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 000 კვ.მ (ს/კ 26.28.13.245) 10 წლის ვადით, მიწის იჯარის ქირის მთლიანი ოდენობად განისაზღვრა 350 (სამასორმოცდაათი) ლარი წელიწადში.

სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოიჯარემ გადაიხადა 1 წლის საიჯარო ქირა 350 ლარის ოდენობით.

სარჩელის გამართლების ფაქტობრივი საფუძვლები ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებს, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 16 მაისის, 2013 წლის 04 ოქტომბრის, 2013 წლის 18 ოქტომბრის, 2013 წლის 06 დეკემბრის, 2014 წლის 06 და 21 მარტის, 2015 წლის 22 ივნისის წერილების თანახმად, ირკვევა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად ეხმიანებოდა რა ი/მ ი.მ.-ს, მას სთხოვდა დოკუმენტაციების წარდგენას და არსებული საიჯარო დავალიანების გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში ი.მ. ყოველ ჯერზე ფრთხილდებოდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესახებ.

სადავო არ არის ის გარემოება, რომ მეიჯარის მიერ საიჯარო ქირის სახით გამოთვლილი დავალიანება მოიჯარეს არ გადაუხდია.

2014 წლის 22 დეკემბერის N1022 წერილის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპლაიტეტის გამგეობამ სამეგრელო-გურია-ზემო სვნაეთის მომსახურების ცენტრსი უფროსს აცნობა, რომ ი/მ ი.მ.-ზე სარგებლობის უფლებით გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2006 წელს დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი მუნიციპლაიტეტის გამგეობაში არ მოიპოვება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 04 აპრილის N1/4-682 ბრძანებით შეწყდა ოზურგეთის რაიონული გამგეობისა (უფლებამონავლე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ი.მ.-ს შორის 2006 წლის 14 აგვისტოს გაფრომებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ოქნების) საკადასტრო კოდი 26.28.XX.XXX) იჯარის ხელშეკრულება ვადამდე.

4.3 საყურადღებოა, რომ მოპასუხე მხარე სარჩელში მითითებული პოზიციის გაქარწყლებისთვის არგუმენტირებს შემდეგ გარემოებებზე:

კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 22 ივლისის წერილის თანახმად, ი.მ.-ს ეცნობა, რომ თუ იჯარით აღებულ ტერიტორიას 1 დღის ვადაში არ დაასუფთავებდა, საიჯარო ხელშეკრულება ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად გაუქმდებოდა.

2008 წლის 24 ივლისს ი/მ ი.მ.-მ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას აცნობა, რომ გარკვეული მიზეზების გამო მის მიერ ვერ მოხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და მოითხოვა გაეუქმებინათ (შეეწყვიტათ) ხელშეკრულება მე-8 მუხლის თანახმად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 588.1-ე მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით .

მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე .

საყურადღებოა, რომ ხელშეკრულების 8.4. მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმედნენ, რომ თუკი მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას აბრუნებს, მან ერთი თვით უნდა გააფრთხილოს მეიჯარე და იგი საიჯარო ქირის გადახდიდან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება თუ კი ის თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს მიიღოს იჯარის ხელშეკრულება იმავე პირობებით თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მაშინ მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობის დასრულებამდე. ამავე ხელშეკრულების 8.5 პუნქტის მიხედვით ვადამდე ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის ბოლოსათვის, საიჯარო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ა.

ი/მ ი.მ. ამტკიცებს, რომ ხელშეკრულება შეწყვიტა 2008 წელს და ამის შესახებ აცნობა გამგეობას, ამავე დროს მან დაიცვა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის მოიჯარის ვალდებულებები.

ი/მ ი.მ. ხელშეკრულების 2008 წელს შეწყვეტის დადასტურებისთვის მიუთიუთებს პირზე, რომელსაც შეუძლია მოწმის სახით სასამართლოში დაადასტუროს ი/მ ი.მ.-ის მიერ ხელშეკრულების 8.4 პუნქტით გათვალისწინებული პირობის თანახმად სახელშეკრულებო მხარესთან განვითარებული პროცესი.

4.4 სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია მითითებულ საკითხზე მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული პირის მოწმის სახით დაკითხვა და მოწმის ჩვნებებით გამოარკვია შემდეგი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 09 ივნისის სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ს.ფ.-მ აღნიშნა, რომ მას 2008 წელს ი/მ ი.მ.-ის მეუღლემ შესთავაზა ოზურგეთის რაიონული გამგეობის და ი.მ.-ს შორის არსებული 2006 წლის 14 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულებაში მოიჯარე მხარედ ჩანაცვალება, მისთვის ხელსაყრელი იყო საიჯარო ქონების სარგებლობა, დათანხმდა წინადადებას და აღნიშნულ საკითხზე საუბარი ჰქონდა კიდეც გამგეობის უფლებამოსილ პირთან, სადაც თავისი კოორდინატები დაატოვებინეს სამომავლოდ საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. მოწმემ აღნიშნა, რომ 2008 წელს დაიწყო ომი, მას აღარავინ შეხმიანებია. თუმცა დღესაც გააჩნია ინტერსი საიჯარო ურთიერთობაში ჩანაცვლებისა (იხ. სხდომის ოქმი 14:16:09-14:21:42 სთ. 09.06.17).

4.5. პალატა ყურადღებას მიაქცევს 2006 წლის 14 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების 8.1. მუხლის ,,ბ“ პუნქტზე, რის თანახმადაც, ხელშეკრულება შეიძლება გაუქმდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგად. 8.2 მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, კი მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულების გაუქმება თუ მოიჯარე სამი თვის განმავლობაში არ გადაიხდის ქირას.

ამავე დროს საყურადღებოა ის გარემოება, რომ მეიჯარე ი/მ ი.მ.-სთან როგორც მოიჯარე მხარესთან კონტაქტს აქტიურად ცდილობს 2013 წლიდან, მაშინ როცა მოიჯარემ ჯერ კიდევ 2008 წლის 24 ივლისს თავისი წერილით განუცხადა ნება ცალმხრივად შეეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა. 2008 წლის 24 ივლისიდან 2013 წლამდე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ი.მ. აგრძელებდა საიჯარო ურთიერთობას, სარგებლობდა იჯარის საგნით და იღებდა მისგან სარგებელს. მაშინ როცა ხელშეკრულების 8.1 პუნქტით მეიჯარე აღჭურვილი იყო უფლებით სამი თვის განმავლობაში იჯარის ქირის გადაუხდელების გამო შეეწყვიტა ხელშეკრულება. ამდენად პალატას მიაჩნია, რომ 2008 წლის 24 ივლისის წერილის, მოწმის ჩვენების და საქმეში ასახული მოვლენების თანმიმდევრული განვითარების ერთობლიობაში შეფასებით დადასტურებულია, რომ 2006 წლის 14 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2008 წელს.

საყურადღებოა ისიც, რომ 2013 წლის 06 ნოემბერის და 2013 წლის 03 სექტემბრის წერილების თანახმად, ი.მ.-მ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის განუცხდა, რომ არ ეთანხმებოდა 2007 წლის შემდგომ პერიოდში საიჯარო დავალიანების გადახდის მართებულობას. მისი აზრით იჯარის ხელშეკრულება გაუქმებული იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2008 წლის 22 ივლისის წერილისა და თავისი 2008 წლის 24 ივლისის წერილის საფუძველზე. 2013 წლის 29 ივნისის წერილით ი.მ.-მ იგივე შინაარსის წერილით აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ასევე დაამატა, რომ მას 2008 წლიდან იჯარის საგნით არ უსარგებლია. (საქმეში წარმოდგენილია წერილების გაგზავნის საფოსტო ქვითრები).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399.1-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე .

მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. შესაბამისად გამოიყენება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი .

მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილ პირს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოშლის საფუძველი .

ზემოთ მითითებულ მოვლენათა თანმიმდევრული განვითარებით ფაქტების დადგენის და სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად პალატას მიაჩნია, რომ 2008 წელს მეიჯარესა და ი.მ.-ს შორის საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა დადასტურებულია. პალატას არ მიაჩნია, აღნიშნული საკითხის საწინააღმდეგო პრეზუმფცია მხოლოდ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ოზურგეთის რაიონულმა გამგეობამ მის უფლებამონაცვლეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ვერ მიაწოდა დოკუმენტი საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების დადასტურებისთვის ამ ფაქტით არგუმენტირება არ არის ძლიერი პოზიცია, რადგან არ მტკიცდება, რომ ი.მ. აგრძელდებდა ქონებით სარგებლობას და იღებდა შემოსავლს, ასევე არ მტკიცდება, რომ 2008 წლიდან 2013 წლამდე გამგეობა არ ეთანხმებოდა ი.მ.-ს ამ უკანსკნელს ცალხმრივად შეეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სარეგისტრაციო ჩანაწერებში იჯარის უფლება კვლავ ი.მ.-ზე ნარჩუნდებობდა 2016 წლმადე ასევე ვერ იქნება საპირწონე ხელშეკრულების 2008 წელს შეწყვეტის ფაქტისა, რადგან ხელშეკრულებაში არ იყო გაწერილი ასეთი სახის ქმედების მოიჯარის ვალდებულების შესახებ.

ამდენად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების დროს ზედამხედველობს რა საპროცესო ოპონენტთა საკუთარი პოზიციების დასაბუთებულობის სათანადოობას, რაც საკითხის გადაჭრის დროს კანონიერების, გამჭირვალობის, ობიექტურად შეფასების თანაბარზომიერების, შეჯიბრებითობის პრინციპის დაურღვევლად ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არის მიღებული, ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში საიჯარო ქირის მოპასუხისათვის დაკისრებას არ გააჩნია არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. სარჩელის მოტივები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და საქმეში არსებული მასალების ერთობლობაში შეფასების თანახმად შექმნილი შინაგანი რწმენით მოპასუხე სრულყოფილად ავსებს საკუთარი პოზიციის მტკიცების ტვირთის მოცულობას, რომელიც აქარწყლებს სარჩელის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლიანობას.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ი/მ ი.მ.-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია, შესაბამისად უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

დადგენილია, რომ აპელანტ ი/მ ი.მ.-ს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია 150 ლარი, ი/მ ი.მ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოპასუხის ი/მ ი.მ.-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ი/მ ი.მ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ი/მ ი.მ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარი ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.