საქმის ნომერი: N2ბ/5763-2018
საქმეთა კატეგორიები: საოჯახო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გელა ქირია,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/13443-18, 2ბ/5763-2018, ას-332-2019
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ მოპასუხისთვის, ბავშვების მამისთვის, საალიმენტო ვალდებულების დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების შედეგად სარჩელი დააკმაყოფილა და მოპასუხეს თითოეული ბავშვისთვის (ორი ბავშვი) დააკისრა 180-180 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ ალიმენტის თანხის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის მისი ეკონომიკური მდგომაორება და ის ფაქტი, რომ მეორე ქორწინებიდან ყავდა კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ალიმენტის თანხის განსაზღვრის კრიტერიუმებზე და ნაწილობრივ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, აპელანტს დააკისრა თითოეულ ბავშვზე ალიმენტის სახით 150-150 ლარის გადახდა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №N2ბ/5763-2018 (2018-11-29), www.temida.ge
საქმის № № 330210018002436231
საქმის № N2ბ/5763-2018

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       29 ნოემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გელა ქირია

აპელანტი (მოსარჩელე) – თ. გ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – მ. მ.

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ,-ის სარჩელი თ. გ.-ის მიმართ დაკმაყოფილდა. თ. გ.-ს დაეკისრა არასრულწლოვანი ლ. გ.-ის (დაბადებული 2004 წლის 02 სექტემბერს) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 08 მაისიდან) ყოველთვიურად 180 (ას ოთხმოცი) ლარის გადახდა, ხოლო, არასრულწლოვანი ნ. გ.-ის (დაბადებული 2010 წლის 27 იანვარს) რჩენა-აღზრდისთვის - ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 08 მაისიდან) ყოველთვიურად 180 (ას ოთხმოცი) ლარის გადახდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე მ. მ. და მოპასუხე თ. გ. 2012 წლიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

2.2. მ. მ. ქორწინებაში იმყოფება ზ. პ.-სთან. მოსარჩელე მეუღლესთან, არასრულწლოვან ლ. გ.-სთან და ნ. გ.-სთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ვ.-ის მე-X მკ/რ, მე-X კვ. კორპ. NXX, ბინა NX;

2.3. არასრულწლოვანი ლ. გ. და ნ. გ. სწავლობენ სსიპ თბილისის XX-ე საჯარო სკოლაში. არასრულწლოვანი ნ. გ. დადის მუსიკის (ფორტეპიანოს) შემსწავლელ წრეზე, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტი) ლარს;

2.4. მოპასუხე თ. გ. შ. გ.-სთან, არასრულწლოვან გ. გ,-სთან და გ. გ.-სთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ვ. X-ის დასახლება, მე-X მკ/რ, კორპ. NXა, ბინა NXX; მოპასუხე აღნიშნულ საცხოვრებელ მისამართზე იხდის კომუნალურ გადასახადებს;

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.5. მ. მ.-ს და თ. გ.-ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2004 წლის 02 სექტემბერს ლ. გ. და 2010 წლის 27 იანვარს ნ. გ.;

2.6. თ. გ. და შ. ტ. (ქორწინების შემდგომ ,,გ.“) დაქორწინდნენ 2015 წლის 4 მარტს. მათ შეეძინათ ორი შვილი: 2014 წლის 14 ნოემბერს გ. გ. და 2016 წლის 24 მაისს გ. გ.;

2.7. მოსარჩელე მ მ. დასაქმებულია სადაზღვევო კომპანიაში ,,პ.“ და მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს;

სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, მ. მ.-ის მიერ 2017 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის მაისის თვის ჩათლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 13 043.75 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 2608.75 ლარს;

სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, მ. მ.-ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 775 ლარს, თებერვლის თვეში - 775 ლარს, მარტის თვეში - 775 ლარს, აპრილის თვეში - 431.3 ლარს, მაისის თვეში - 775 ლარს, ივნისის თვეში - 1 143.8 ლარს, ივლისის თვეში - 406.3 ლარს, აგვისტოს თვეში - 1143.8 ლარს, სექტემბრის თვეში - 406.3 ლარს, ოქტომბრის თვეში - 775 ლარს, ნოემბრის თვეში - 750 ლარს, დეკემბრის თვეში - 1143.8 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 650 ლარს, თებერვლის თვეში - 650 ლარს, მარტის თვეში - 1143.8 ლარს, აპრილის თვეში - 650 ლარს, მაისის თვეში - 650 ლარს;

2.8. თ. გ. დასაქმებულია შპს ,,ო. X.X.X“ -ში მცველის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს;

სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათლით, თ. გ.-ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 92.5 ლარს, თებერვლის თვეში - 625 ლარს, მარტის თვეში - 623.5 ლარს, აპრილის თვეში - 623.5 ლარს, ივნისის თვეში - 623.5 ლარს, ივლისის თვეში - 623.13 ლარს, აგვისტოს თვეში - 641.88 ლარს, სექტემბრის თვეში - 61.88 ლარს, დეკემბრის თვეში - 1110.4 ლარს, 2018 წლის თებერვლის თვეში - 1812.5 ლარს, მარტის თვეში - 1835.4 ლარს, აპრილის თვეში - 1875 ლარს, მაისის თვეში - 1877.13 ლარს;

სათანადო მტკიცებულების წარმოუდგენლობის გამო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება მოპასუხე თ. გ.-ის მიერ ე.წ. ,,ტაქსის“ მომსახურებით დამატებითი შემოსავლის მიღების თაობაზე. მოპასუხე მხარე აღნიშნულ გარემოებას არ დაეთანხმა.

2.9. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, 2018 წლის 21 მაისის მდგომარეობით, შ. გ.-ის მიერ 2017 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის აპრილის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება;

2.10. შ. გ.-ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, მისი დიაგნოზია მუცლის წინა კედლის თიაქარი. მას ესაჭიროება სასწრაფო ოპერაციული მკურნალობა თიაქარკვეთა თიაქარპლასტიკა ბადის გამოყენებით; შ. გ.-სათვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების (ოპერაციული ჩარევა, მედიკამენტები, მკურნალობა) ღირებულება შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარს;

2.11. არასრულწლოვან გ. გ.-ის დიაგნოზია - განვითარების ეტაპების დაყოვნება. რეკომენდირებულია ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა, განვითარების მასტიმულირებელი ინდივიდუალური პროგრამით ნეიროფსოქლოგიური რეაბილიტაცია, სურდოლოგის კონსულტაცია - სმენის სკრინინგი და ბ/ნევროლოგის კონსუტლაცია დინამიკაში. მისთვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების, მკურნალობის კურსის ღირებულება შეადგენს 795 (შვიდას ოთხმოდათხუთმეტი) ლარს;

2.12. თ. გ.-ს სს ,,თ. ბ.-ის“ წინაშე 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 2 156.68 (ორი ათას ას ორმცოდათექვსმეტი ლარი და სამოცდარვა თეთრი) ლარის ოდენობით;

შ. გ.-ს სს ,,თ. ბ.-ის“ წინაშე 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით აქვს საკრედიტო დავალიანება 1 664.63 (ათას ექვსას სამოცდაოთხი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარის ოდენობით;

2.13. მოპასუხე თ. გ. მატერიალურად არ ეხმარება არასრულწლოვან ლ. გ.-ს და ნ. გ.-ს;

მოსარჩელე მ. მ.-ის განმარტებით, მოპასუხე ბოლოს არასრულწლოვან შვილებს, ლ. გ.-ს და ნ. გ.-ს მატერიალურად დაეხმარა 2016 წლის ზაფხულის თვეში მინიმალური თანხით, ხოლო მოპასუხის განმარტებით, მას არ ახსოვს, როდის გაუწია ფინანსური დახმარება არასრულწლოვან ბავშვებს;

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.14. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მ. მ.-მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები: ლ. გ. (დაბადებული 2004 წლის 02 სექტემბერს) და ნ. გ. (დაბადებული 2010 წლის 27 იანვარს).

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1198-ე მუხლებზე და განმარტა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაsქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე მ. მ. და მოპასუხე თ. გ. რამდენიმე წელია არ ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და არ ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე მ. მ. ქორწინებაში იმყოფებოდა ზ. პ.-სთან. მოსარჩელე მეუღლესთან, არასრულწლოვან შვილებთან, ლ. გ.-სნთან და ნ. გ.-სნთან ერთად ცხოვრობდა მისამართზე, ქ. თბილისი, ვ.-ის მე-X მკ/რ, მე-X კვ. კორპ. NX, ბინა NX. არასრულწლოვანი ბავშვები სწავლობდნენ სსიპ თბილისის XX-ე საჯარო სკოლაში. არასრულწლოვანი ნ. გ. დადიოდა მუსიკის (ფორტეპიანოს) შემსწავლელ წრეზე, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენდა 35 (ოცდათხუთმეტ) ლარს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი მეუღლესთან, ზ. პ.-სთან და არასრულწლოვან შვილებთან, ნ. გ.-სნთან და ლ. გ.-სნთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. მოპასუხის განმარტებით კი, საცხოვრებელი ბინა, სადაც მოსარჩელე ცხოვრობდა შვილებთან ერთად, წარმოადგენდა მეუღლის, ზ. პ.-ის საკუთრებას.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი, შესაბამისად, სასამართლო არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება, ვინაიდან საქმეზე არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ფაქტს დაადასტურებდა.

სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მ. მ. დასაქმებული იყო სადაზღვევო კომპანიაში ,,პ.“ და მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენდა 500 (ხუთასი) ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, მ. მ.-ის მიერ 2017 წლის იანვრის თვიდან - 2018 წლის მაისის თვის ჩათლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 13 043.75 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 2608.75 ლარს.

სასამართლოს განმარტებით, საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვა.

სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ თ. გ. და შ. ტ. (ქორწინების შემდგომ ,,გ.“) დაქორწინდნენ 2015 წლის 4 მარტს. მათ შეეძინათ ორი შვილი: 2014 წლის 14 ნოემბერს გ. გ. და 2016 წლის 24 მაისს გ. გ.. მოპასუხე თ. გ. შ. გ.-სთან, არასრულწლოვან გ. გ.-სნთან და გ. გ.-ნთან ერთად ცხოვრობდა მისამართზე, თბილისი, ვ. X-ის დასახლება, მე-X მკ/რ, კორპ. NX, ბინა NXX. საქმეში არსებული მასალებით, მოპასუხე აღნიშნულ საცხოვრებელ მისამართზე იხდიდა კომუნალურ გადასახადებს.მოპასუხის მეუღლე შ. გ. არ იყო დასაქმებული. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, 2018 წლის 21 მაისის მდგომარეობით, შ. გ.-ის მიერ 2017 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის აპრილის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდებოდა.

მოპასუხე თ. გ. დასაქმებული იყო შპს ,,ო. X.X.X“-ში მცველის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 700 (შვიდასი) ლარს. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, მოპასუხეს 2017 წლის 1 იანვრიდან - 2018 წლის 31 მაისის ჩათლით უფიქსირდებოდა დასაბეგრი შემოსავლები.

სასამართლოს მითითებით, მოპასუხის მატერიალურ შემოსავალთან ერთად გასათვალისწინებელი იყო ასევე ის გარემოებაც, რომ როგორც უკვე აღინიშნა, თ. გ.-ს გარდა არასრულწლოვანი ლ. გ.-სა და ნ. გ.-სა, ჰყავდა, კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილი: გ. გ. და გ. გ., რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ მოპასუხის კმაყოფაზე და მათი რჩენის ვალდებულება ეკისრებოდა მოპასუხეს.

სასამართლოს განმარტებით, არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი იყოს მისი საუკეთესო ინტერესები. ამდენად, ყურადსაღები იყო არამხოლოდ ლ. გ.-ის და ნ. გ.-ის ინტერესები, არამედ მოპასუხესთან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილების კანონით დაცული უფლებებიც - მიეღოთ მშობლისაგან რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებდა საბანკო ვალდებულებებზე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ სესხის აღების დრო და მისი მიზნობრიობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მინიჭებოდა. მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ბანკიდან არასრულწლოვანის ლ. და ნ. გ.-ის ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა. ის გარემოება, რომ მოპასუხე ყოველთვიურად ფარავდა კრედიტს, მეტყველებდა მის ქონებრივ შესაძლებლობაზე და არა გადახდისუუნარობაზე, რაც ვერ გახდებოდა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებდა. მხარე უფლებამოსილი იყო, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განეკარგა შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების (ამ შემთხვევაში საალიმენტო ვალდებულების) შესრულების შემდეგ დარჩებოდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდეგნილი მასალებით, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ მოპასუხის მეუღლეს შ. გ.-ს და მათ საერთო შვილს, გ. გ.-ს.

სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოპასუხეს ოთხივე არასრულწლოვანი შვილის მიმართ თანაბრად გააჩნდა რჩენის და მათზე ზრუნვის ვალდებულება. შ. გ. წარმოადგენდა შრომისუნარიან პირს და მას მოპასუხე თ. გ.-სთან ერთად ჰქონდა თანაბარი ვალდებულება საერთო შვილის არასრულწლოვან გ. გ.-ის რჩენისა და ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების გაღებისა.

სასამართლოს განმარტებით, შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლომ მხარეთა ყურადღება მიაქცია „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე თ. გ. თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმა იყო, არასრულწლოვანი ლ. გ.-ის და ნ. გ.-ის ალიმენტის სახით გადაეხადა თითოეულისათვის 100 (ასი) ლარი.

სასამართლომ განუმარტა ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა ჰქონდათ ეზრუნათ შვილზე. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდებოდა ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. დადგენილი იყო, რომ მოპასუხე თ. გ. მატერიალურად არ ეხმარებოდა არასრულწლოვან ლ. გ.-ს და ნ. გ.-ს. მოსარჩელე მ. მ.-ის განმარტებით, მოპასუხე ბოლოს არასრულწლოვან შვილებს, ლ. გ.-ს და ნ. გ.-ს მატერიალურად დაეხმარა 2016 წლის ზაფხულის თვეში მინიმალური თანხით, ხოლო მოპასუხის განმარტებით, მას არ ახსოვდა, როდის გაუწია ფინანსური დახმარება არასრულწლოვან ბავშვებს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს მხრიდან დადგებილიყო არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში მიიღო (კვების, სამოსის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 10.07.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შრომისუნარიანი მამაკაცისათვის შეადგენდა 2018 წლის მაისის თვისათვის - 177.8 ლარს და ივნისის თვისათვის - 173.0 ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება კი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივი იყო ადამიანის არსებობისთვის, ბავშვების რჩენის თანხაც მისივე შესაბამისი უნდა ყოფილიყო.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, მოპასუხემ თავისი შვილები რჩენა-აღზრდისათვის უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში დადგენილი მინიმალური თანხით მაინც. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანია ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, რომელთაც თანაბარი უფლებები და ვალდებულებები აკისრიათ არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხის დასაქმებისა და მის მიერ სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტი და ასევე ის გარემოება, რომ დადგენილი ალიმენტით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხით, უზრუნველყოფილ უნდა ყოფილიყო ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვების ასაკის და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა თითოეული არასრულწლოვანისათვის უნდა განსაზღვრულიყო 180 (ას ოთხმოცი) ლარით.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. აპელანტის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლებით კანონი ადგენს მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ არასრულწლოვნის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.

აპელანტის განმარტებით, მართალია მოპასუხე თ. გ. დასაქმებულია, თუმცა მისი შემოსავალი არ არის იმ ოდენობის, რომ აპელანტმა (მოპასუხემ) ალიმენტის სახით გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა იხადოს ყოველთვიურად.

აპელანტის მითითებით, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობა, რაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2018 წლის აპრილის თვისთვის შეადგენდა 176,9 ლარს. შესაბამსიად, ბავშვებისათვის ეს მინიმუმი შედარებით დაბალი უნდა იყოს, დაახლოებით 75.00 ლარის ოდენობით, რაც ნიშნავს იმას, რომ თოთოეულმა მშობელმა ამ ოდენობის თანხით უნდა უზრუნველეყოს არასრულწლოვანი შვილი. ამდენად, მშობლებმა სულ მცირე საარსებო მინიმუმით უნდა უზრუნველყონ არასრულწლოვნები, და მშობლის ეს ვალდებულება თანაბრი უნდა იყოს ყველა საალიმენტო ვალდებულების მიმღები პირის მიმართ.

აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მოპასუხე თ. გ.-ის შემოსავალი არათანაბრად გაყო, კერძოდ, 700 ლარიდან 360 ლარი გაუნაწილა 2 შვილს - ლ. და ნ. გ.-ებს. დარჩენილი 340 ლარით კი განსაზღვრა 4 ადამიანის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის, მოსახმარებელი თანხა.

არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა - აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა რეალური მატერიალური, ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ლ. გ.-ის და ნ. გ.-ის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 200 (ორასი) ლარის (თითოეულზე 100 ლარის) ოდენობით.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს (მოცემული განჩინების 2.1. – 2.13.), რასაც არც აპელანტი სადაოდ არ ხდის, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

4.2. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, თ. გ. მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილების, ლ. გ.-ის და ნ. გ.-სათვის დაკისრებული ალიმენტის თანხის, თითოეულ ბავშვზე 180-180 ლარის, 100-100 ლარამდე, ჯამში, 200 ლარამდე შემცირებას.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) ნაწილობრივ ცნო სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, 30 ლარის ნაწილში, და მოითხოვა მოპასუხისათვის თითოეულ ბავშვზე 150-150 ლარის ოდენობით, ჯამში, 300 ლარის ოდენობი, ალიმენტის განსაზღვრა.

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის, ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208.3. მუხლის საფუძველზე, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია.

როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, მხარემ რომელიც ითხოვდა მოპასუხისათვის ალიმენტის სახით 180-180 ლარის დაკისრებას, 30-30 ლარის ნაწილში, ცნო სააპელაციო საჩივარი, ანუ დაეთანხმა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას. ამდენად, ამ ნაწილში (30-30 ლარის, ჯამში, 60 ლარის ნაწილში) უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4.4. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ მუშაობს და მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, პალატა ერთის მხრივ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ: არასრულწლოვან ლ. გ. და ნ. გ. ცხოვრობენ დედასთან - მ. მ.-სთან, რომელიც დასაქმებულია სადაზღვევო კომპანიაში ,,პ.“ და მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. ამასთან, ლ. გ. და ნ. გ. სწავლობენ სსიპ თბილისის XX-ე საჯარო სკოლაში. არასრულწლოვანი ნ. გ. დადის მუსიკის (ფორტეპიანოს) შემსწავლელ წრეზე, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტი) ლარს, ხოლო, მეორეს მხრივ, ყურადრებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე თ. გ.-ს მეორე ქორწინებიდან (ქორწინებაში იმყოფება შ. გ.-სთან), ასევე ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი: 2014 წლის 14 ნოემბერს გ. გ. და 2016 წლის 24 მაისს გ. გ.. თ. გ. დასაქმებულია შპს ,,ო. X.X.X“ -ში მცველის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს. ამასთან, შ. გ.-ს და მის არასრულწლოვან შვილს, გ. გ.-ს აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც დაკავშირებულია გარკვეული ფინანსურ ხარჯებთან და მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების ასაკიდან გამომდინარე, მათი მზარდი საჭიროებებისა და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა, ალიმენტის სახით 150-150 ლარის განსაზღვრის თაობაზე, საფუძვლიანია.

4.5. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ აპელანტს და მის მის მეუღლეს გააჩნიათ სასესხო-საკრედიტო ვალდებულებები, კერძოდ, თ. გ.-ს სს ,,თ. ბ.-ის“ წინაშე 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 2 156.68 (ორი ათას ას ორმცოდათექვსმეტი ლარი და სამოცდარვა თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო, შ. გ.-ს სს ,,თ. ბ.-ის“ წინაშე 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით აქვს საკრედიტო დავალიანება 1 664.63 (ათას ექვსა სამოცდაოთხი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარის ოდენობით, 19.09.2018 წელს, შ. გ.-სა და შ. თ.-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ბინით სარგებლობის უფლებით..., პალატა ამ გარემოებებს ვერ მიიჩნევს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად. პალატა განმარტავს, რომ ბავშვების აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა წარმოადგენს მშობლის ძირითად ვალდებულებას, რასაც არ ამცირებს მშობლების სხვა ფინანსური ვალდებულებების არსებობა. მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ბანკიდან სესხის არასრულწლოვნების ლ. და ნ. გ.-ის ინტერესებისათვის აღების ფაქტი.

4.6. რაც შეეხება აპელირებას მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯის პროპორციულად განაწილებაზე, პალატა განმარტავს, რომ ქართული კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით ბავშვის მოვლისთვის გაწეული ხარჯის გადანაწილების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ბავშვი დედასთან ცხოვრობს მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯი პროპორციულად არ უნდა გადანაწილდეს. ეს დასკვნა სიტუაციის ობიექტური და სამართლიანი შეფასებიდან გამომდინარეობს. ზოგადი პრინციპის თანახმად, ივარაუდება, რომ დედას, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, მისი აღზრდისთვის მეტი ხარჯის გაწევა უწევს ვიდრე მამას, რომელიც მხოლოდ ალიმენტს იხდის. შესაბამისად, მიუხედავად საკანონმდებლო დანაწესისა, რომლის თანახმად ბავშვის რჩენის ვალდებულება მშობლებს თანაბრად ეკისრებათ, ალიმენტის განსაზღვრისას სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნის ასაკიდან გამომდინარე, მისი საჭიროებებისა და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციასა“ და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლების თანახმად, ალიმენტის ოდენობა თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე უნდა განისაზღვროს 150-150 ლარით, სარჩელის აღძვრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამ ოდენობით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, პალატა ასევე მხედველობაში იღებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 10.07.2018წ.), რომლის თანახმად, სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შრომისუნარიანი მამაკაცისათვის შეადგენდა 2018 წლის მაისის თვისათვის - 177.8 ლარს და ივნისის თვისათვის - 173.0 ლარს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატას მიაჩნია, რომ თ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხე თ. გ.-ს არასრულწლოვანი ლ. გ.-ის და ნ. გ.-ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 08 მაისიდან) ყოველთვიურად 150-150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო საჩივარზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. 2. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

გამომდინარე იქიდან, რომ მ. მ.-მა ცნო სააპელაციო საჩივარი 30-30 ლარის, ჯამში, 60 ლარის ნაწილში, ზემოაღნიშნული მუხლებისა, და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე, თ. გ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (სააპელაციო საჩივარზე სახბაჟის სახით გადასახდელი მინიმალური ოდენობის (150 ლარი) მხედველობაში მიღებით), რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 22.80 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და 1.2. პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

2.1. დაეკისროს მოპასუხე თ. გ.-ს (პირადი №01013022410) არასრულწლოვანი ლ. გ.-ის (დაბადებული 2004 წლის 02 სექტემბერს) რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 08 მაისიდან) ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

2.2. დაეკისროს მოპასუხე თ. გ.-ს (პირადი №01013022410) არასრულწლოვანი ნ. გ.-ის (დაბადებული 2010 წლის 27 იანვარს) რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 08 მაისიდან) ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

4. თ. გ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, 22.80 ლარი;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.