საქმის ნომერი: 2ბ/385-19
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე,
გადაწყვეტილების სახე:
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/532-17, ას-1090-2019
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელე მოპასუხეებისგან მოითხოვდა გაზსადენი მილის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. სასამართლომ დაადგინა, რომ გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის ვალდებულება გააჩნდა მოსარჩელეს, მას უნდა დაემონტაჟებინა ამკრძალავი ფირნიშები გაზსადენ მილთან და მიეთითებინა მოპასუხეებისთვის, რომ შეეწყვიტათ გაზსადენის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის დამუშავება. აღნიშნული ვალდებულებების მოსარჩელის მიერ დარღვევის შედეგად დადგინდა მოპასუხეთა არაბრალეულობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას დაედო საფუძვლად.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, , საქმე №2ბ/385-19 (2019-05-24), www.temida.ge
საქმის № 340210017002020136
საქმის № 2ბ/385-19


საქართველოს სახელით
       24 მაისი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია გუჯაბიძე

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი


I აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე – ს.კ., თ.კ.
წარმომადგენელი – ნ.ს.

II აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.გ.ტ.კ.“
წარმომადგენელი – ნ.დ.

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი ადაკმაყოფილდება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა

1. ს.კ.-სა და თ.კ.-სთვის, შპს „ს.გ.ტ.კ.-ს“ სასარგებლოდ, გაზსადენი მილის დაზიანებით მიყენებული 12 583,08 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ს.გ.ტ.კ.-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ს.კ.-ს და თ.კ.-ს სოლიდარულად დაეკისრათ 6291,54 ლარის გადახდა შპს „ს.გ.ტ.კ.-ს“ სასარგებლოდ;

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 412-ე, 408-ე, 409-ე, მე-1000, 415-ე, 998-ე მუხლების საფუძველზე.

4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

5. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ასევე, მოსარჩელე მხარემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.

შპს „ს.გ.ტ.კ.-ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

5.1. მოსარჩელის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით აშკარად დგინდება, რომ მაგისტრალური გაზსადენის დაზიანება და მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება მოპასუხე მხარის გაუფრთხილებელი მოქმედებით მოხდა, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ ზიანი მხარეთა მიერ გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის, ასევე, გაზსადენიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილების წესების დარღვევამ გამოიწვია, რის გამოც ზიანზე პასუხისმგებლობა ზიანის მიმყენებელსა და დაზარალებულს თანაბრად უნდა დაკისრებოდა.

5.2. სასამართლომ არასწორად მიუთითა მოსარჩელის მხრიდან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებით დამტკიცებული „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების“ მე-4 მუხლის 19 პუნქტის დარღვევაზე, რადგან დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებების მე-11 აბზაცში აღნიშნულია, რომ მიმანიშნებელი ბოძი, სადაც დატანილია უსაფრთხოების ნიშნები, განთავსებულია მოპასუხეთა მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე.

5.3. აპელანტის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია, ასევე სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული წესების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე მითითება, რადგან მოპასუხეებს იმის დასამტკიცებლად, რომ დაცვის პირველ ზონაში შემავალ მიწის ნაკვეთზე ისინი წლების განმავლობაში ეწეოდნენ სასოფლო სამეურნეო საქმიანობას, არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ამასთან, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ მოპასუხეთა ახნა-განმარტება სარწმუნოდ არ შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან მათ მიერ ზიანის მიყენებამდე მილსადენის დაცვის პირველ ზონაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში, უფრო ადრე დადგებოდა მილსადენის დაზიანების ფაქტი. რაც შეეხება, მოწმეთა ჩვენებებს, მათ საფუძველზე არ დასტურდება მოპასუხეთა მიწის ნაკვეთში ზიანის დადგომამდე განხორციელებული სამუშაოების ფაქტი.

5.4. გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებით დამტკიცებული „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების“ მე-6 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად: „ფიზიკური და/ან იურიდიული პირი ვალდებულია აანაზღაუროს მის მიერ დაცვის ზონებში წარმოებული საქმიანობის შედეგად მიყენებული ზიანი“. შესაბამისად, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

ს.კ.-ს და თ.კ.-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

5.5. მოპასუხეთა განმარტებით, მათ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში აქვთ 1993 წლიდან, ხოლო მოსარჩელეს შპს „ს.გ.ტ.კ.-ს“ როგორც მოიჯარეს, მისლადენი სარგებლობაში აქვს 2011 წლიდან, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მას მოპასუხეები არ გაუფრთხილებია იმის შესახებ, თუ სად გადიოდა მილსადენები და რა სიღრმეზე. ამასთან, არც გამაფრთხილბელი ფირნიშები დაუყენებია. გაზის მატარებელი მილი აშენებულია 50 წლის უკან, არ არის სათანადოდ ღრმად ჩამარხული და ამასთან არის ამორტიზირებული. სპეციალისტთა განმარტებით, გაზის მილი მინიმუმ ერთი მეტრის სიღრმეზე უნდა გადიოდეს და არა 40 სმ სიღრმეზე, როგორც მოცემულ შემთხვევაშია.

5.6. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ მოსარჩელემ ხაზოვანი ნახაზები საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა 2016 წლის 9 დეკემბერს, შემთხვევა კი, მოხდა 2016 წლის 10 ნოემბერს, რაც დამატებით ადასტურებს იმ გარემეობას, რომ მოპასუხეები არ იყვნენ ინფორმირებული გაზის მილსადენის ადგილმდებარეობის შესახებ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

9. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

9.1. სს „ს.ნ.დ.გ.კ.-ის“ კუთვნილი 276111.3 მეტრი სიგრძის მაგისტრალური გაზსადენის, საკადასტრო კოდი - XX.XX.XXX, ექსპლუატაციას ახორციელებს შპს „ს.გ.ტ.კ.“, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.

9.2. გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ.-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 5399,00 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი - YY.YY.YY.YYY, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია ს.კ.-ს სახელზე, ხოლო მიწის ნაკვეთის მოვლა-დამუშავებას მისი შვილი - თ.კ. -ახორციელებს.

9.3. ს.კ.-ს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში გადის შპს „ს.გ.ტ.კ.-ის“ მფლობელობაში არსებული მაგისტრალური მილსადენი.

9.4. 2016 წლის 10 ნოემბერს ს.კ.-ს შვილი-თ.კ. ტრაქტორით ამუშავებდა მაგისტრალური მილსადენის დაცვის პირველ ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთს, რა დროსაც მილსადენი დაზიანდა და გაზი ჰაერში გაიფრქვა.

10. 2017 წლის 21 ივლისს შპს „ს.გ.ტ.კ.-მ“ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით, 12 583,08 ლარის დაკისრება მოითხოვა.

11. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნის თანახმად, მაგისტრალური გაზსადენის დაზიანება გამოიწვია მხარეთა მიერ როგორც გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის, ასევე, გაზსადენიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილების წესების დარღვევამ, რის გამოც ზიანზე პასუხისმგებლობა ზიანის მიმყენებელსა და დაზარალებულს შორის თანაბრად უნდა განაწილებულიყო.

12. სააპელაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზემოაღნიშნულ დასკვნას და მიაჩნია, რომ 2016 წლის 10 ნოემბერს მაგისტრალური მილსადენის დაზიანების მიმართ მოპასუხე მხარის ბრალეულობა საქმის მასალებით არ დასტურდება. კერძოდ:

12.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში მოცემულია დელიქტურ ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლები. ასეთი სახის ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის აბსოლუტურად სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად და მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებისაკენ.

12.2. კონკრეტულ შემთხვევაში, შესაფასებელია ის, თუ რამდენად მიუთითებენ სარჩელით განსაზღვრული წინაპირობები მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობაზე. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის შესამოწმებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ბრალეულობა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს (ზიანს) შორის.

12.3. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა.

12.4. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები მათ ქმედებაში ბრალის არარსებობაზე მიუთითებენ.

12.5. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მართლწინააღმდეგობად მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა, რომელიც მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მართლწინააღმდეგობის არსი ისაა, რომ ქმედება არღვევს სამართლის ნორმით გამოხატული მოქმედების ან უმოქმედობის ვალდებულებას (კანონის ან ხელშეკრულების ძალით პირი ვალდებული იყო და შეეძლო ემოქმედა, თუმცა არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა განსაზღვრული მოქმედება). მართლწინააღმდეგობა სამართალდარღვევის ობიექტური ნიშანია და მისი არსებობა არ არის დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე, ანუ იმაზე, აცნობიერებდა თუ არა ის თავისი მოქმედების სამართლებრივ ხასიათს. დოქტრინისეული ცნებიდან გამომდინარე, მართლწინააღმდეგობის შეცნობას უკავშირდება ბრალი. ანუ პირი ბრალეულად მოქმედებს თუ მას გააზრებული აქვს ის, რომ მისი ქმედებით ილახება სხვისი უფლება და ხელყოფას არ გააჩნია კანონიერი საფუძველი.

12.6. განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოპასუხეთა ბრალეულობის საკითხი. კერძოდ, მოპასუხეთა განმარტებით, მათ არ იცოდნენ, რომ მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთში (კერძოდ, იქ სადაც მიწას ამუშავებდნენ), გაზის მილსადენი გადიოდა, რადგან მოსარჩელეს აღნიშნულის თაობაზე არ გაუფრთხილებია ისინი და არც რაიმე მინიშნება არსებობს მილსადენის გასწვრივ. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთის დამუშავების დროს მილსადენის დაზიანება განაპირობა იმ გარემოებამაც, რომ მილი არ არის მიწაში სათანადო სიღრმეში განთავსებული, რაც მოსარჩელის პასუხისმგებლობის საკითხია.

12.7. სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო ერთობლივად აანალიზებს მტკიცებულებებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.

12.8. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გაზსადენის, როგორც მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტის, დაცვის წესები და დაცვის ზონების რეგულირების პირობები შესაბამისი ნორმატიული აქტითაა განსაზღვრული. ამ ნორმების მიზანი გაზსადენიდან მომდინარე, ასევე, მის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების თავიდან აცილებაა და ამ მიზანს ემსახურება დაცვის ზონების განსაზღვრა და რეგულირების განსხვავებული პირობების დადგენა. შპს „ს.გ.ტ.კ.“ ოპერატორ კომპანიას წარმოადგენს, მას მინიჭებული აქვს მაგისტრალური მილსადენის ექსპლუტაციის უფლება და იმავდროულად ევალება გაზსადენის ექსპლუატაციის უსაფრთხო პირობების შექმნა, მაგისტრალური მილსადენის მართვა, მომსახურებისა და უსაფრთხო მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის.

12.9. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებით დამტკიცებული „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესი და მათი დაცვის ზონების შესახებ“ ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის 15 პუნქტის თანახმად, მაგისტრალური მილსადენების გასწვრივ აუცილებელია მოეწყოს მიმანიშნებელი ბოძები, ხოლო მაღალი საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე აგრეთვე ფირნიშიანი ბოძები, რომლებზეც დაიტანება დაცვის ზონის პარამეტრები, მაგისტრალური მილსადენების ოპერატორის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია.

12.10. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მაგისტრალური მილსადენის მაღალი საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე არ ყოფილა განთავსებული ფირნიშიანი ბოძები, რომლებზეც დატანილი იქნებოდა დაცვის ზონის პარამეტრები, მაგისტრალური მილსადენების ოპერატორის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოების საპირისპირო მტკიცებად არ გამოდგება მოსარჩელის მითითება გაზსადენი მილიდან 100 მეტრის დაშორებით ფირნიშის არსებობაზე, ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის დანაწესიდან გამომდინარე, მაგისტრალური მილსადენიდან 100 მეტრის დაშორებით ფირნიშის დადგმა გაზსადენის ექსპლუატაციის უსაფრთხოების დაცვისათვის საკმარის პირობას არ წარმოადგენს. აღნიშნული ნორმატიული აქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, მილსადენების გასწვრივ აუცილებელია მიმანიშნებელი ბოძების მოწყობა, რაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ ყოფილა მოწყობილი. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს მოპასუხეთა ინფორმირებულობას ამ საშუალებით (ფირნიშით). ამავე გარემოებასთან დაკავშირებით საგულისხმოა მოპასუხეთა განმარტება იმის შესახებ, რომ 100 მეტრის მანძილზე ფირნიში მილის დაზიანების შემდეგ დაიდგა. მოწმე ა.მ.-ს განმარტებით კი, ფირნიშზე შესაბამისი ინფორმაცია დატანილი არ არის („არაფერი არ წერია“ იხ: სხდომის ოქმი 12:53:06). მოსარჩელე მხარეს აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით საპირისპირო მტკიცება არ განუხორციელებია (იხ: სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).

12.11. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ამ წესით დადგენილი პირობების დარღვევით აწარმოებს საქმიანობას, მაგისტრალური მილსადენის ოპერატორმა უნდა მოითხოვოს აღნიშნული საქმიანობის დაუყოვნებლივ შეჩერება და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ აცნობოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, ასევე მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს. აღნიშნული წარმოადგენს ოპერატორის ვალდებულებას, რაც დაცვის ზონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.

12.13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეები მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთს წლების განმავლობაში ამუშავებდნენ, რაც თავად მოპასუხის ახსნა-განმარტების გარდა, მოწმედ დაკითხული გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გურჯაანის სამსახურის თანამშრომლების-ა.მ.-ს და ე.გ.-ს ჩვენებითაც დასტურდება. მოპასუხეთა განმარტებით, მათთან ოპერატორი კომპანიის წარემომადგენლები არასოდეს არ მისულან და არ გაუფრთხილებიათ არსებული საფრთხის შესახებ და არ აუკრძალავთ აღნიშნულ ნაწილზე მიწის დამუშავება. მოპასუხის აღნიშნული განმარტების საპირისპიროდ, მოსარჩელე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მათი მხრიდან ნორმატიული აქტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოქმედებების განხორციელების ფაქტს (საქმიანობის დაუყოვნებლივ შეჩერება, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს ინფორმირება).

12.14. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმასთან დაკავშირებით რომ მოპასუხეები, ფლობდნენ რა ზოგად ინფორმაციას მათ ნაკვეთში მაგისტრალური გაზსადენი მილის არსებობის შესახებ, გაზსადენი მილის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლოთ საჯარო რეესტრიდან, სადაც მოსარჩელის მიერ მილსადენი ხაზობრივი ნაგებობის სახით არის რეგისტრირებული. აღნიშნულის საპირისპიროდ სააპელაციო პალატას საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ გაზსადენი მილის ხაზოვანი ნახაზები მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის 9 დეკემბერს (სადავო შემთხვევა კი მოხდა 2018 წლის 10 ნოემბერს), რაც გამორიცხავს მოსარჩელეთა ინფორმირების შესაძლებლობას მითითებული საშუალებით.

12.15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელე კომპანიას, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებით დამტკიცებული „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესი და მათი დაცვის ზონების შესახებ“ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, შესრულებული ჰქონდა ყველა ის მოქმედება, რაც სავალდებულო იყო მილსადენის ადგილმდებარეობის (კოორდინატების) შესახებ მოპასუხეთა ინფორმირებისათვის, თუმცა მან ასეთი მტკიცება სასამართლოს ვერ წარუდგინა.

აღნიშნული გარემოება კი დამდგარი ზიანის მიმართ მოპასუხეთა ქმედების ბრალეულობას, ანუ საკუთარი ქმედების (დაცვის ზონაში მიწის ნაკვეთის დამუშავების მიმართ) მართლწინააღმდეგობის შეცნობას გამორიცხავს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, მოპასუხეთა ქმედებაში ბრალის არარსებობის გამო.

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

13. სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

საპროცესო ხარჯები

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

15. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელთა მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 251.70 ლარის ოდენობით. შპს „ს.გ.ტ.კ.-ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა



1. შპს „ს.გ.ტ.კ.-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ს.კ.-ს და თ.კ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

4. შპს „ს.გ.ტ.კ.-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. შპს „ს.გ.ტ.კ.-ს“ ს.კ.-ს და თ.კ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 251.70 ლარის ოდენობით.

6. შპს „ს.გ.ტ.კ.-ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.